close

ეს საინტერესოა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ვიტამინი, რომელიც სიზმრების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, იცით, რომ სიზმარი ნახეთ, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტები გახსოვთ, ან საერთოდ ვერ იხსენებთ, რა დაგესიზმრათ.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Perceptual and Motor Skills-ში” გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის წინ B6 ვიტამინის აბების დიდი დოზით მიღება ადამიანებს სიზმრის დამახსოვრებაში ეხმარება.
ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 100 ადამიანზე ცდა ჩაატარეს. მათგან ნახევარს 5 დღის განმავლობაში 240 მგ B6 ვიტამინის აბს ასმევდნენ, მეორე ნახევარს კი – პლაცებოს.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც B6 ვიტამინს ასმევდნენ, სიზმრები კარგად ამახსოვრდებოდათ იმათთან შედარებით, ვინც პლაცებოს სვამდა. აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ადამიანების არცერთმა ჯგუფმა არ იცოდა, რა მედიკამენტს ღებულობდა.
მონაწილეთა განცხადებით, მათი სიზმრები „ნათელი და ადვილად დასამახსოვრებელი“ იყო და „ფრაგმენტებს“ არ კარგავდნენ.

„ჩემი სიზმრები იმდენად რეალური იყო, ერთი სული მქონდა, დამეძინა და სიზმარი დამსიზმრებოდა,“ – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ნაყოფიერი სიზმარი
,,Scientific American-ში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სიზმარი რთულად გასახსენებელია, ვინაიდან პროცესები, რომელიც გრძელვადიან მახსოვრობას უწყობს ხელს, ძილის დროს შეჩერებულია. მაგალითად, ძალიან დაბალია ნეიროტრანსმიტრის ნორიპინეფრინის დონე, რომელიც აუცილებელია რაიმეს დასამახსოვრებლად.
ადამიანი ცხოვრების მანძილზე სიზმარში საშუალოდ 6 საათს ატარებს. ასე რომ, თუკი სიზმრების მართვას ვისწავლით, მათ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ. მაგალითად, როცა სიზმარში ვიცით, რომ სიზმარში ვართ, ეს ღამის კოშმარებისა ფობიების დამარცხებაში დაგვეხმარება.

წყარო
: sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეს საინტერესოარობოტექნიკა

როგორი იქნება რობოტების ზეგავლენა ჩვენს მომავალზე

რობოტების სიმრავლე რომ პრობლემაა  – უკვე აღარავინ დავობს, მაგრამ მათი დადებითი მხარეების არდანახვა დანაშაულია.

მთელ  მსოფლიოში, რობოტები დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ართმევენ. ,,BBC-ის” ცნობით, 2030 წლისთვის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.

მაღაზიებს, საწყობებს, ადმინისტრაციას  –  ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება ადამიანებს ახალი უნარების ათვისებაში ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ქვეყანაში ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ქრება და მას რობოტი ანაცვლებს.

სამსახურის დაკარგვა, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ პირებს შეეხებათ, საცალო ვაჭრობის ქსელში დასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ძირითადად მექანიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ სფეროში სამსახურს ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი დაკარგავს.

წყარო: BBC.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსამართალი

ყოფილი პრეზიდენტის ყალბი წამალი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა 

ადამიანის უფლებების დარღვევის უდიდესი სკანდალი – ასე აფასებს ორგანიზაცია ,,Aids-Free World-ი” დანაშაულს, რომელშიც ბრალს გამბიის ყოფილ პრეზიდენტს, იაჰია ჯამეჰს დებენ.

ჯამეჰი, რომელმაც ქვეყანა ოცწლიანი მმართველობის შემდეგ ორი წლის წინ დატოვა, უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი უცნაური ბრალდება ისაა, რომ ჯამეჰი აივ-ინფეცირებულ ათასობით ადამიანს აიძულებდა, თავის მიერ შექმნილი მცენარეული ნაყენით ემკურნალათ.

„მკურნალობის“  შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

2007 წელს ჯამეჰმა განაცხადა, რომ მან მცენარეული მედიცინისა და სულიერი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგიის გამოყენებით შიდსის სამკურნალო მიქსტურა შექმნა, რომელსაც შედეგი მხოლოდ ორშაბათობით და ხუთშაბათობით ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ „გამოგონება“ მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერებმა სახიფათოდ აღიარეს, თუმცა გამბიაში იმის გაბედვა, რომ პრეზიდენტის სამკურნალო მიქსტურა სისულელე იყო, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა.

სამკურნალო ცდებს პრეზიდენტის კლინიკაში ატარებდნენ, ყოველ დილით პრეზიდენტი პაციენტებს სხეულზე მწვანე პასტას უსვამდა, პარალელურად ყურანიდან ლოცვებს კითხულობდა. პაციენტებს დღეში ორჯერ ბოთლიდან მწვანე ფერის გაურკვეველი სითხე უნდა დაელიათ.  ჯამეჰი არავის ეუბნებოდა, რა სითხე იყო ეს. მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ თუკი შიდსის განკურნებას რეალურად შეძლებდა, გამბიას მდიდარ ქვეყნად აქცევდა.

პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი „პაციენტი“ – ლამის სიზი იხსენებს, რომ მას კლინიკაში დიარეა დაემართა, გარდა ამისა, სხვა პაციენტისგან ტუბერკულოზი შეეყარა და ისე დასუსტდა, რომ მისი შესაბამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ტესტებმა აჩვენა, რომ შიდსის ვირუსული დატვირთვა მომატებული იყო და ის კვლავ პრეზიდენტის კლინიკაში „სამკურნალოდ“ დააბრუნეს.

სიზი იმ იღბლიანთა შორის იყო, რომლებიც გადარჩნენ. მისი მეუღლე, რომელიც ასევე აივ-დადებითი იყო და რომელიც გაურკვეველი მცენარეული პროგრამის მონაწილე იყო, გარდაიცვალა. ლამის სიზი აცხადებს, რომ პაციენტთა უმრავლესობა პროგრამის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

პაციენტებს აიძულებდნენ, სახელმწფო ტელევიზიით პროგრამის წარმატებულობაზე ესაუბრათ. მათ შორის იყო ოსმან სოუ. მას სამედიცინო განათლება ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული. იმისათვის რომ პროგრამისთვის მეტი სერიოზულობა მიენიჭებინა, ჯამეჰმა სოუ პრეს სპიკერად დანიშნა. ის უცხოურ პრესასთან პროგრამის ეფექტურობაზე საუბრობდა.

„როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირმა, კარგად ვიცოდი, რა ნაგავიც იყო, თუმცა საწინააღმდეგოს თქმის უფლება არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ,“ – აცხადებს სოუ BBC-თან საუბარში.

როგორც ცნობილია, პროგრამაში სულ 9,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კლინიკის ყველა ჩანაწერი და ანკეტა გასაიდუმლოებული იყო.   

სოუ და სხვა გადარჩენილი პაციენტები Aids-Free World-ში მუშაობენ, ეს გახლავთ აშშ-ის კამპანიის ჯგუფი, რომელსაც სურს ჯამეჰისთვის ბრალის წაყენება. Aids-Free World-ი აცხადებს, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის უფლებების დარღვევის სკანდალი, რომელიც გამბიის ყოფილი ლიდერთანაა დაკავშირებული.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

დეპრესანტი, როგორც აგრესიისა და თვითმკვლელობის მაპროვოცირებელი

საჭიროების  შემთხვევაში, ექიმები ავადმყოფებს უნიშავენ ტრანკვილიზატორებს (დამამშვიდებელ საშუალებებს). ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი მიღება უსაფრთხოა და თვითნებურადაა შესაძლებელი. ექიმი გარკვეული ვადით ნიშნავს ამა თუ იმ დამამშვიდებელ საშუალებას, ვინაიდან ხანგრძლივი გამოყენება მათზე მიჯაჭვულობას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულ პირებს გამოხატული აქვთ: უმძიმესი ,,აღკვეთის” სინდრომი ( ,,ლომკა”) გაუსაძლისი ტკივილებით; გულყრები, მეხსიერებისა და ყურადღების მკვეთრი დეფექტი, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ძლიერი დეპრესია – ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობით, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა, მეტყველების შენელება და გაღარიბება, აზროვნების დაქვეითება, რაც შესაძლოა ჭკუასუსტობით დამთავრდეს.

საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერების მაღალი დოზები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც კი ძალიან სახიფათოა, მათ შესაძლოა გამოიწვიონ სუნთქვისა და გულის მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა, კომა და სიკვდილი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რა არის IQ, რა მნიშვნელობა აქვს მას და ვინაა ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე

 IQ– ადამიანის ინტელექტის დონის შეფასებას, ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა, დასაბუთებული მსჯელობის უნარს და თვითკრიტიკას ითვალისწინებს.

ალფრედ ბინემ შექმნა ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტი. ბინემ და მისმა კოლეგამ – თეოდორ საიმონმა დაიწყეს ისეთი კითხვების შემუშავება, რომლებიც სკოლის პროგრამასთან კავშირში არ იყო, მაგალითად, ყურადღება და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ამ კითხვების საშუალებით ბინემ შეძლო გამოეცალკევებინა მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში წარმატებას მარტივად მიაღწევდნენ. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მოსწავლე გაცილებით უფრო რთულ და მაღალი დონის შეკითხვას სცემდა პასუხს, ვიდრე ისინი, რომლებსაც ასაკის მიხედვით ეს უნდა შესძლებოდათ.

ახლა კი შემოგთავაზებთ დღესდღეობით ყველაზე მაღალი IQ–ს მქონე ადამიანების ხუთეულს:

 

  1. სტეფან ჰოუკინგი
  2. ედგარ ვიტენი
  3. ენდრიუ ვილსი
  4. გრეგორი პელერმანი
  5. რუთ ლოვრენსი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ჰალუცინოგენი – უკუჩვენების მქონე მოჩვენებების გამომწვევი ნივთიერება

 ჰალუცინოგენი  ( LSD, ექსტაზი და ა.შ.) ნიშნავს მოჩვენებების გამომწვევს ნივთიერებას. მოჩვენებები გარემოს პათოლოგიურად აღქმაა. ადამიანი ,,ხედავს”, ,,ისმენს”, ,შეიგრძნობს” ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ ხდება. ეს ნივთიერებები აღვევს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას. მათ მიღებას მოჩვენებებთან ერთად თან ახლავს უძილობა, კანკალი, მომატებული მაჯისცემა, არტერიული წნევის ცვლილება, გამძაფრებული სმენა, ყნოსვა და მხედველობა, ეიფორია, უღონობა, თვალის გუგების გაფართოება, კოორდინაციის (წონასწორობის) დარღვევა.

ფართოდ გავრცელებულია მითი, რომ ექსტაზი არ არის ნარკოტიკული ნივთიერება და არ ვნებს ორგანიზმს. ექსტაზი არის ნარკოტიკი, რომლის მოხმარებაც ისევე სახიფათოა, როგორც ყველა დანარჩენის.

LSD-ს, ექსტაზისა და სხვა ჰალუცინოგენების გამოყენება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების დაზიანებას, კიდურების პარალიზებას, ქრონიკულ ფსიქოზებს.

შეუძლებელია, ზუსტი წინასწარმეტყველება იმისა, თუ რომელ ადამიანზე როგორ იმოქმედებს ეს ნივთიერებები: ზოგი პანიკაში ვარდება, სხვები აგრესიული ხდებიან და მათგან ნებისმერი ქცევაა მოსალოდნელი – ძლიერი აგზნება, უკონტროლო აგრესია, თავის მოკვლის მცდელობა და ა.შ.

ნარკოტული ნივთიერებების ერთჯერადმა მოხმარებამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

რა არის ცუნამი – სად და როგორ წარმოიქმნება?

ცუნამი  – ეს არის ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღების ნაკადი, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.
ცუნამი უმეტესწილად ოკეანეებში წარმოიქმნება.   ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან.  ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან.

ყველაზე დიდი ცუნამის გამომწვევი აღმოჩნდა მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში, 2004 წელს. ინდოეთის ოკეანეში დაახლოებით 9-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი და სხვა ქვეყნები ტალღებში ,,ჩაიძირა”, ტალღების სიმაღლე 49 მეტრს აღწევდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოაქიმია

როგორ და რატომ იფიტება ქანები?

ფიზიკური გამოფიტვის დროს ქანი იცვლის ფიზიკურ ფორმას – თანდათანობით იმსხვევა და იშლება, მაგრამ არ იცვლება ქანის ქიმიური შედგენილობა. ფიზიკური გამოფიტვის მიზეზია დღისით ქანების გათბობა-გაფართოება, ღამით კი – გაცივება-შეკუმშვა. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქანები იბზარება და იმსხვრევა. 

ფიზიკურ გამოფიტვას ადგილი აქვს მთიან რაიონებში, უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში.

ქანების შედგენილობა ხშირად წყალსა და ჰაერში არსებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად იცვლება. ამ პროცესს ქიმიური გამოფიტვა ჰქვია. იგი ძირითადად ცხელი და ნოტიო ჰავის პირობებში მიმდინარეობს.

ორგანული გამოფიტვა ცოცხალი ორგანიზმების, ცხოველებისა და მცენარეების, აგრეთვე, ადამიანის ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა დაადგინეს, რას უწყობს ხელს დღეში 1 ჭიქა რძის მიღება

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა რძე სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის. როგორც Express-ი წერს, ასეთ დასკვნამდე რიდინგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

სპეციალისტებმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 2 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეაგროვეს და გაარკვიეს, რომ რძე გულის იშემიური დაავადებების რისკს 14%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ის ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.

ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს, რომლებიც რძეს მიირთმევენ, როგორც წესი, უფრო მაღალი სხეულის მასის ინდექსი აქვთ, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რძის მიღება დიაბეტის განვითარების რისკთან არის დაკავშირებული.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

Facebook-სა და Instagram-ზე ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვის ფუნქცია ამოქმედდება

კორპორაცია Meta მის სოციალურ ქსელებში Facebook და Instagram ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქციის ტესტირებას დაიწყებს. ამის შესახებ The Verge-ი Meta-ს ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ამ კვირაში Meta Verified-ის დანერგვას ვიწყებთ – ეს სერვისი შესაძლებლობას მოგცემთ დაადასტუროთ თქვენი ანგარიში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, მიიღოთ ლურჯი ნიშანი და დამატებით დაცვა იმ ანგარიშებისგან, რომლებიც ცდილობენ თავი თქვენად გაასაღონ“, – დაწერა ცუკერბერგმა Instagram-ზე.

ფასიანი ვერიფიკაცია 18 წელზე უფროსი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში თვეში 11,99 დოლარი იქნება, აპლიკაციის მეშვეობით შეძენისას კი 14,99 დოლარი. ამ კვირაში ფუნქცია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ამოქმედდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში.

Meta Verified იმ ფასიან ვერიფიკაციას ჰგავს, რომელიც 2022 წლის ნოემბერში Twitter-ზე გაჩნდა, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა იყიდა. Twitter-ზე ვერიფიკაციის ნიშანი 8 დოლარი ღირდა, თუმცა კომპანიამ გაყიდვები მალევე შეაჩერა, რადგან მათი ყიდვა ფეიკ-ანგარიშების მფლობელებმა დაიწყეს. დეკემბერში ფუნქცია ხელახლა ამუშავდა.

The Verge- წერს, რომ Meta-ს მიდგომა უფრო სერიოზულად გამოიყურება, რადგან კორპორაცია მომხმარებლებს ანგარიშის დასადასტურებლად საბუთებს მოსთხოვს (Twitter-ზე ამისთვის მხოლოდ ტელეფონის ნომერი იყო საჭირო) და ფეიკ-ანგარიშებისგან დაცვის დამატებით ზომებს შესთავაზებს.

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 98
Page 14 of 98