close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველოფრაზები

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა “სამი მუშკეტერი“, “გრაფი მონტე-კრისტო“, “დედოფალი მარგო” და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი “კავკასია”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება:

“როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.”

“ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.”

“ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თირქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. თითოეული მათგანი გამორჩეულია. აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და განსაკუთრებით ქუდი – საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება.”

დიუმა თბილისის აბანოებზე წერს: “რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს რასაკავირველია სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმვლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი.”

“მე თითქmის ყველაფერი ვნახე თბილისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და “არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან. ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა ამასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! ღმერთო შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა.”

“ევროპაში წაrმოდგენათ კი არ აქვთ კოლხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.

“ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.

– რა აზრის ხართ ქართველებზე? – შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.

– ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, – მიპასუხა მან.

როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს…”

“თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.”

“ისინი სუფრასთან უნდა ნახო – მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე როგორ სვამდე შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხა ლუდს. ისინი (ქართველები) თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ამბობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს მეუბნებოდა.”

“მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან. – ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ქართველ ქალებზე ლამაზებიც კიო, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო. მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან: ქარათმიანები შავი თვალებით და შავთმიანები ცისფერი თვალებით – ეს ხალხი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქმნილებები არიან.”

“როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? თუ ვინც გიყურებს ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები შავი, კბილები – თეთრი, თუ მას მოკლე ბწევიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, მაშინ იგი ქართველია. რასაც ის იტყვის, წმინდა წყლის სიმართლე იქნება”.

“ამბობენ ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ მამაკაცებზე, ქალების მიმართ კი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ გამოიწვია ჩემში.”

“ქართველები უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე ეჭვი აღარავის შესდის, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობდნენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს. მაგალითად გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ მთიელები იცავენო,

– ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ – ბრძანა გრაფმა – ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.

– რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ? – უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა – თვითონ წავალ და ვნახავ.

ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა – ტყეში არავინაა თქვენი უგანათლებულესობავ.”

“თუ თათარმა თავი დაგიქნია – ენდე. თუ მთიელმა პატიოსანი სიტყვა მოგცა – მასაც ენდე. ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილზე უარი არა თქვას.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

200 წლის ,,ცოცხალი” მუმიფიცირებული ბერი

მუმიფიცირებული ბერის სხეული, რომელიც ცენტრალურ მონღოლეთში იპოვეს რამდენიმე წლის წინ, მკვდარი არ არის. ცხადია, 200 წლის მუმიფიცირებული ბერის სიცოცხლეს ტრადიციული განსაზღვრება არ აქვს.

ბუდისტები ამბობენ, რომ ბერი ღრმა მედიტაციურ ტრანსშია დღემდე. ბერი ლოტოსის პოზიციაში იყო, რომელსაც ბუდისტები ხშირად იყენებენ მედიტაციისთვის. ბუდისტური უნივერსიტეტის დამფუძნებელს და პროფესორს თუ დავუჯერებთ, ბერი მკვდარი არ არის და მთელი ამ დროის განმავლობაში მარადიული მედიტაციის პროცესშია.

არსებობს დიდი ეჭვი, რომ ცხედარი ეკუთვნის ცნობილ მონღოლ ბუდისტ ბერს(Dashi-Dorzho Itigilov), რომელიც დაიბადა 1852, ხოლო მითი მისი სიკვდილის შესახებ 1927 წელზე მიგვითითებს. 75 წლის ბერმა მოსწავლეებს დაავალა, რომ 30 წლის განმავლობაში უნდა მიეხედათ მისი სხეულისთვის. როდესაც მოწაფეები რთული 30 წლის შემდეგ საფლავზე მივიდნენ, სხეული ხელუხლებელი იყო და საფლავში დააბრუნეს. 75 წლის შემდეგ, 2002 წელს საფლავი ისევ გახსნეს და სხეული ისევ ისე შემონახულიყო.

იმდენად დიდი იყო ინტერესი ბერის სხეულის მიმართ, რომ ხალხი ცდილობდა კონტრაბანდით გატანას, ბერის სხეულის მოპარვას და შავ ბაზარზე გაყიდვას.

მასალა მოამზა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

ეს 5 მარტივი გამოგონება  თქვენს მანქანას   უფრო მოსახერხებელს გახდის

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მანქანას, იმის გარდა, რომ გადაადგილდება – მრავალი სხვა მოსახერხებელი და გამოსადეგი ფუნქცია აქვს. ძირითადად, ახალი მანქანები ინოვაციებით სავსეა და ტექნოლოგიის განვითარების დიდ წინსვლას გვაგრძნობინებენ.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 საუკეთესო რამ, რაც მანქანას უფრო მოსახერხებელს ხდის:
1. მანქანის უკაბელო სატენი, რომელიც თქვენს სმარტფონს ენერგიით მოამარაგებს.
2. აუდიოსისტემა, რომელიც თქვენს სმარტფონს უკავშირდება და ხმა მთელ მანქანაში ისმის.
3. მოწყობილობა, რომელიც თქვენი მანქანის მდგომარეობას გაცნობებთ, აქვს თუ არა რაიმე პრობლემა მას.
4. კამერა, რომელიც თქვენს მოძრაობას აღბეჭდავს, იგი დაგეხმარებათ ავარიის შემდეგ სიმართლის დამტკიცებაში.
5. აუდიოსისტემა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, სიმღერები მოუსმინოთ კაბელებისა და თქვენი ტელეფონის გამოყენების გარეშე.

წყარო: Businessinsider.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალი

როგორ დავიცვათ საკუთარი გამოგონება

ჩვენ გარშემო ბევრი შემოქმედებითი ნიჭით დაჭიდლოვებული ადამიანი ცხოვრობს . ისინი ქმნიან მნიშვნელოვან გამოგონებებს, გვიზიარებენ მათ და ჩვენ ცხოვრებას ამარტივებენ. თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით არსებობს.

ინტელექტუალური საკუთრება არის ყველაფერი რაც ადამიანის გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული და მოიცავს ლიტერატურას, ხელოვნების დარგებსა და მეცნიერებას. მისი დაცვა მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენს, იმისთვის რომ მეტად ვფლობდეთ ინფორმაციას და მეტად შეგვეძლოს საკუთარი ქმნილების დაცვა, გარკვეული წესებისა და პროცედურების დაცვაა აუცილებელი. სწორედ ამის შესახებ ესაუბრა doctrina-ს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი .

„-რომ განვმარტოთ დამწყები შემოქმედებისთვის რას ნიშნავს დაპატენტება და რა ძირითად პროცედურებს მოიცავს ეს პროცესი ?

ზოგადად ყველა ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში შრომობს ინტელექტუალურად და შესაბამისად ქმნის ინტელექტუალური შრომის შედეგებს, რომელიც გარდაიქმნება მის საკუთრებად, ვინაიდან ის ხარჯავს გარკვეულ გონებრივ თუ ფინანსურ რესურსს ამა თუ იმ ნაწარმოების, გამოგონების, სასქონლო ნიშნის თუ დიზაინის შექმნისთვის. ამიტომ, იმისთვის რომ მას ჰქონდეს სტიმული შექმნას რაღაც ახალი, უნდა იცოდეს რომ მისი შრომის შედეგი იქნება დაცული და მესამე პირი, სხვა ადამიანი, მისგან ნებართვის აღების გარეშე ვერ შეძლებს მის მიერ შექმნილი პროდუქტის გამოყენებას.

ინტელექტუალური საკუთრება იყოფა რამდენიმე ობიექტად: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, საავტორო უფლება, ცხოველის და მცენარის ახალი ჯიში, გეოგრაფიული აღნიშვნა, დიზაინი. ტერმინი – პატენტი გამოიყენება გამოგონებებთან მიმართებით. როდესაც ადამიანი  შექმნის გამოგონებას, ეს გამოგონება შესაძლებელია დააპატენტოს. პატენტი ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა გამოგონებაზე, და გამოგონების მფლობელს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას რომ აკრძალოს მესამე პირების მიერ მის მიერ შექმნილი გამოგონების გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. ტერმინი „დაპატენტება“ გამოიყენება მხოლოდ გამოგონებაზე. დანარჩენ ობიექტებზე გამოვიყენებთ ტერმინებს – რეგისტრაცია ან დაცვა.

რაც შეეხება დაპატენტების პროცედურებს. გამომგონებელმა განაცხადი უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“, სადაც ტარდება ექსპერტიზა გამოგონებაზე, თუ რამდენად შეიძლება გამოგონებაზე გაიცეს პატენტი, ვინაიდან პატენტის მოპოვებასაც თავისი პირობები აქვს. მაგალითად, გამოგონებას უნდა ჰქონდეს სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. ექსპერტიზის შემდეგ, ექსპერტი მიიღებს გადაწყვეტილებას უნდა მოხდეს თუ არა გამოგონების დაპატენტება და პატენტის გაცემა. თუ პატენტი გაიცემა, ეს დოკუმენტი მისცემს გამოგონების მფლობელს საშუალებას, რომ მესამე პირს აეკრძალოს მისი გამოგონების უნებართვოდ გამოყენება.

-რატომ არის მნიშვნელოვანი ნამუშევრის დაცვა ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ნამუშევრის დაცვა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც არ მოხდეს მისი გამოყენება მესამე პირის მიერ არამართლზომიერად. როდესაც შექმნით ნაწარმოებს, დახატავთ ნახატს, გადაიღებთ ფოტოს, ან შექმნით მუსიკალურ კომპოზიციას, თქვენ ამ ნაწამოებებზე საავტორო უფლება წარმოგეშვებათ მისი შექმნის მომენტიდან და ეს ფაქტი არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას. საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს თავისი ნამუშევრის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე, შესაბამისად კი, ნებართვის გაცემაში მიიღოს გარკვეული სახის შემოსავალი.

-რა სირთულეები არსებობს და გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში საავტორო     უფლებების დაცვის კუთხით?

ზოგადად საავტორო უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტის გამოყენებამ კიდევ უფრო მარტივი გახადა უნებართვოდ სხვისი ნაწარმოების – მუსიკალური ნაწარმოების, ფოტო სურათების და ა.შ. გამოყენება. მთავარი გამოწვევა არის ის რომ ხშირად, ადამიანები გაუთვითცნობიერებლად არღვევენ სხვის საავტორო უფლებებს, არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ აუცილებელია მიუთითონ ავტორის სახელი ან ნებართვა აიღონ ავტორისგან ნაწარმოების გამოყენების დროს. თვითონ ავტორებსაც ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, რომ შეუძლიათ თავიანთი შემოქმედება დაიცვან, რომ ეს მათი საკუთრებაა და რომ შეუძლიათ გარკვეული სახის შემოსავლის მიღება მათი უფლებების კომერციალიზაციიდან. შესაბამისად, ძირითადი გამოწვევა მაინც საავტორო უფლებების დარღვევაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის უქონლობით არის გამოწვეული.

 

-თქვენი აზრით, რამდენად მაღალია ინფორმირებულობის დონე ამ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა გაკეთდეს მის გასაუმჯობესებლად ?

მნიშნველოვანია დარგში ცოდნის გადაცემა და ინფორმაციის გავრცელება. საქპატენტის სასწავლო ცენტრი ამ მიმართულების აქტიურად თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან და საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა თუ ტრენინგებს შეიმუშავებს. მნიშვნელოვანია რომ ის წრე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მაგალითად, ფოტოგრაფები, მწერლები, დიზაინერები, მასწავლებლები, სასაქონლო ნიშნის მფლობელები, კომპნიის იურისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლები ინფორმირებულები იყვნენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი „კრექტიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“. „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ EUGIPP-ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო გაკვეთილებში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კონცეფციისა და მთავარი მიმართულებების დანერგვას მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მასალებისა და აქტივობების გამოყენებით, ასევე, მასწავლებლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გაცნობას და ინტელექტუალურ საკუთრებაზე გაკვეთილის გეგმის შედგენას.

გვაქვს ასევე პროექტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიასთან (WIPO) – „IP4Youth&teachers“ – პროექტის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების დარგის სწავლებით დაინტერესებული პირების, მათ შორის, მასწავლებლების, სტუდენტების, დარგის პროფესიონალების გადამზადება.

 

-თქვენი აზრით, რამდენად უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემების ცოდნა მომავალი თაობებისთვის ?

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგის ძირითადი მიმართულებების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, სფეროს განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანი, სკოლის ასაკიდან აანალიზებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მნიშვნელობას და მათი დაცვის შედეგებს, რა თქმა უნდა ის მომართულია კიდევ უფრო კრეატიული აზროვნებისკენ, ვინაიდან იცის, რომ მისი ინტელექტუალური შრომის შედეგი დაცული იქნება და ამით ის შეძლებს მომავალში შემოსავლის მიღებას, რაც განავითარებს მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების სტიმულის ზრდას და კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტის შექმნას. „

როგორც პაბლო პიკასო წერდა „ ყველა ბავშვი მხატვარია. ძნელი ისაა, დიდობაშიც მხატვრად დარჩე „ – ასე რომ  განავითარეთ თქვენში არსებული გამომგონებლები, მეცნიერები, ხელოვანები და ნურც ის დაგავიწყდებათ რომ გონებრივი შრომით შექმნილს გაფრთხილება სჭირდება .

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორია

ქალები, რომელთა მიღწევებიც კაცებს მიაწერეს

პირველი ელექტრონული კომპიუტერის პროგრამა ქალის მიერ იყო შექმნილი. დღევანდელი Wi-Fi და ბლუთუზი ქალი მსახიობის რადიო-ტექნოლოგიების შესწავლის დამსახურებით არსებობს. პირველი კაცის მთვარეზე დაშვება და უსაფრთხოდ დაბრუნება ქალი კოლეგის მეშვეობით მოხდა.

კაცი მეცნიერებისგან მათი კოლეგა ქალების მიღწევების მიწერა იმდენად ხშირია, რომ მას სახელიც დაარქვეს და მატილდას ეფექტი უწოდეს. ამ ყველაფერს ასახავს რიცხვებიც. ყველა კატეგორიაში ქალებმა 51-ჯერ მოიგეს ნობელის ჯილდო, კაცებმა კი 853-ჯერ. აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ქიმიკოსებზე, ბიოლოგებსა და ფიზიკოსებზე, ამას ასევე ვხედავთ ისტორიაში. საქმე რომელიც ბევრმა ქალმა ხელოვანმა, არქიტექტორმა და გამომგონებლებმა შეასრულა, ხშირად მათ კაც კოლეგებს ან თუნდაც ქმრებს მიაკუთვნეს. დროა ასეთ ქალებს და მათ დამსახურებებს გავეცნოთ.

მარგარეტ კინი, ხელოვანი

 

1960-იან წლებში ნახატმა Big Eye ვოლტერ კინს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ის 1964 წლის მსოფლიო გამოფენაზეც გამოიფინა.

 

1970 წელს, ვოლტერ კენის ყოფილმა ცოლმა, მარგარეტმა რადიოში თქვა, რომ ამ სერიების შემქმნელი თვითონ იყო. როდესაც ყოფილმა ცოლ-ქმარმა ამ საქმეზე დავა დაიწყო Union Square-ზე, ვოლტერი არ გამოჩნდა. 1986 წელს მარგარეტმა ვოლტერი სასამართლოში მიიყვანა. ვოლტერმა აქტივობაში მონაწილეობაზე უარი მხრის დაზიანების გამო თქვა, როცა მარგარეტმა 4 მილიონ დოლარიანი ნახატი თითქმის 1 საათში გადახატა. მოგვიანებით კი ინტერვიუში თქვა: ქორწინების შემდეგ ნახატებს ხელს “კინით“ ვაწერდი, რადგან ეს ჩემი გვარიც იყო. მას ჩემი ნამუშევრების მისაკუთრების და ფულის მიღების შესაძლებლობა ამიტომ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მარგარეტმა ეს აღმოაჩინა, ყოფილი ქმრისთვის კითხვების დასმა არ დაუწყია, რადგან მისი რეაქციის ეშინოდა. “ჩემი ცხოვრების გამო მეშინოდა,”- თქვა მან. მაგრამ პირიქით მოხდა, ხალხში მას მხარი დაუჭირა. მარგარეტმა საბოლოოდ მიიღო მისთვის კუთვნილი თანხაც და აღიარებაც. ამ ამბის მიხედვით, ტიმ ბარტონმა 2014 წელს ფილმი Big Eyes გადაიღო.

ელიზაბეთ “ლიზი” მეგი, თამაშების დიზაინერი

 

1900-იან წლებში, ლიზი მეგიმ The Landlord’s Game-ის დიზაინი შექმნა, რაც მისი რწმენის, გეორგიზმის დემონსტრაცია იყო. თამაშს კვადრატის ფორმის დაფა, ყალბი ფული და “ციხეში წადის” ოთხკუთხედი ბარათი ჰქონდა. თამაში ორ რაუნდად იყოფოდა: ანტი-მონოპოლისტურად, სადაც მოთამაშეები მიწას ყიდულობენ და თანასწორად იყოფენ, და მონოპოლისტური, მოთამაშეებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მათი კონკურენტი გააკოტრონ.

 

1903 წელს ეს თამაში ძალიან პოპულარული გახდა მეგის მეგობრების თამაშებთან, პატენტებთან ერთად, რომელთა გაკეთებაზეც მეგი დათანხმდა. როდესაც ჩარლზ დეროუმ, მეგის “მტერმა” ის ითამაშა, იდეა მოიპარა, გააფერადა და მარტივი ილუსტრაციები დაამატა, მას Monopoly დაარქვა. თამაში 1935 წელს Parker Brothers-მა იყიდა და დეროუ პირველი მილიარდერი გახდა, რომელმაც ამას ასეთი თამაშით მიაღწია.

დიდი ხნის მანძილზე, თამაშის შემქმნელად დეროუ მოიაზრებოდა. გასათვალისწინებელია, რომ თამაშს ინსტრუქციების წიგნში მისი შექმნის ისტორიაც იყო დაბეჭდილი, მასში ეწერა: “1934 წელს, ჩარლზ ბი დეროუმ პენსილვანიიდან, Parker Brothers-ისთვის სპეციალურად შექმნა თამაში MONOPOLY.” მეგი თამაშის შემქმნელად მის სიცოცხლეში არ უღიარებიათ და დღეს თამაშის ნამდვილი მოწოდება, მიზანი დაკარგულია.

ქეთრინ ჯონსონი, მათემატიკოსი

 

1950-იანებში, ქეთრინ ჯონსონი (დაბადებული 1918 წელს) სხვა ქალებთან ერთად მუშაობდა, რომლებიც აანალიზებენ მონაცემებს და ასრულებენ კომპლექსურ მათემატიკურ გათვლებს NASA- სთვის. როდესაც ის 1953 წელს ფრენების საკვლევ ჯგუფში დროებით გადავიდა. ჯონსონი გახდა პირველი ქალი და მისი რასის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ჯგუფს შეუერთდა. მისი ცოდნით კი რასისტული და გენდერული ბარიერი მარტივად გადალახა, ისეთ შეხვედრებზე იწყვევდნენ, სადაც ქალებს არ პატიჟებდნენ.

 

მაგრამ მიერ შესრულებული ყველა სამუშაო ვერ დაფასდა, რადგან მაშინ ქალებს ჩანაწერებში თავიანთი სახელების მითითების უფლება არ ჰქონდათ. თუმცა ჯონსონი პირველი ქალი გახდა, ვინც ყველაფერი შეცვალა. “მოხსენება დავასრულე და მასში ჩემი სახელი შევიდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი დანაყოფიდან რამეზე ქალის სახელი ეწერა,”- ამბობდა ის. სწორედ ჯონსონი იყო ის ადამიანი, რომელმაც კოსმოსში პირველი ამერიკელის, აპოლო 11-ის ტრაექტორია შეიმუშავა და კოსმოსური მოგზაურობის ძირითადი პროგნოზები გააკეთა. მისი დამსახურებით ასტონავტი ჯონ გლენი პირველი ამერიკელი გახდა დედამიწის ორბიტაზე. ჯონსონი და მისი შავკანიანი ქალი კოლეგა 2016 წლის ფილმში Hidden Figures-ში არიან ნახსენები, ისევე როგორც იმავე სახელწოდწების წიგნში.

ელენე ბაქრაძე (დარიანი) პოეტი

 

ქართველი პოეტის და ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში “დარიანული ციკლი” ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ეს არის  14 ლექსი, რომელიც ქალურ ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს კარგად აღწერს.

 

1916 წელს შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალი გამოიცა. მალევე, ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი ლექსი “პირამიდებში.”

ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მოსაზრება გამოთქვა, რომ ამ ფსევდონიმის უკან სწორედაც პაულო იაშვილის ახლო მეგობარი, ელენე ბაქრაძე დგას. თავად პაოლო იაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ლექსები თავად ეკუთვნოდა.

მარგარეტ ნაითი, გამომგონებელი

 

არგუმენტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარგარეტ ნაითი მე-19 საუკუნის ყველაზე ცნობილი ქალი გამომგონებელია. ის პატარა ასაკიდანვე ცდილობდა ახალი რაღაცების შექმნას. მისი განსაკუთრებული გამოგონება მაშინ გამოჩნდა, როცა თინეიჯერმა მუშაობა ტექსტილის ქარხანაში დაიწყო. მუშაობისას საქსოვი დაზგის ერთი ნაწილი, რომელიც ძაფს იჭერს, ამოვარდა და ნაითის კოლეგა დააზიანა, ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი, როგორ დაეფარა ეს ნაწილი, რომ აღარავინ დაშავებულიყო. მისი გამოგონება გამოყენებადი გახდა და მისი ასლი ბევრმა ქარხანამ შექმნა. ნაითს კომპენსაციას არ უხდიდნენ.

განსაკუთრებით გვიან 1860-იან წლებში მან მუშაობა Columbia Paper Bag Company-ში დაიწყო, სადაც მან მექანიზმი გამოიგონა, რომელიც ქაღალდის ბრტყელძირიან ჩანთებს აკეთებდა, მას დღესაც იყენებენ. თუმცა, ეს იდეა ჩარლზ ენანმა მოიპარა, ის მექანიზმის აწყობისას ქარხანაში იმყოფებოდა. ნაითმა ენანს სასამართლოში უჩივლა, 1871 წელს სასამართლო ნაითის სასარგებლოდ დასრულდა. მაგრამ ცხოვრების მანძილზე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. მას “ქალ ედისონადაც” მოიხსენიებდნენ.

დენის სკოტ ბრაუნი, არქიტექტორი

 

2018 წელს, არქიტექტორი დენის სკოტ ბრაუნი (1931 წელს დაბადებული) Soane Medal-ზე გლობალური გავლენისთვის დააჯილდოვეს. ეს ინდივიდუალური აღიარება ეწინააღმდეგება 1991 წელს პრიტზკერის არქიტექტურის პრიზს, რომელიც ბრაუნის ქმარს გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ნომინირებულ სამუშაოში ორივე თანასწორად იღებდა მონაწილეობას. სკოტ ბრაუნი დაჯილდოებას ვერ დაესწრო, ხოლო როცა ორგანიზაციას ამ გადაწყვეტილებისთვის დაუპირისპირდნენ, მათ თქვეს, რომ ჯილდოს გაცემა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო შესაძლებელი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ 1988 წელს ჯილდო ერთდროულად ორ კაცს გადაეცა.

არქიტექტურის ფირმის თანაპარტნიორმა, სკოტ ბრაუნმა აღმოაჩინა, რომ საერთო მიღწევებზე მხოლოდ მის ქმარს მოიხსენიებდნენ ხოლმე. ის მთელი კარიერის მანძილზე ღიად იბრძოდა სექსიზმის წინააღმდეგ. არქიტექტორის ესეი “ოთახი ზემოთ? სექსიზმი და ვარსკვლავების სისტემა არქიტექტურაში” (1989) აღწერს სირთულეებს, და როგორ მოიპოვა აღიარება სივრცეში, სადაც მამაკაცი დომინირებს. ბრაუნი აგრძელებს კამპანიებს არქიტექტურაში თანასწორობისთვის. ის ახლა XX საუკუნის ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორად ითვლება.

ჰედი ლამარი, მსახიობი და გამომგონებელი

 

ავსტიელ-ამერიკელ მსახიობ ჰედი ლამარს (1914-2000) ხშრად მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მოიხსენიებენ, შეიძლება ის ჰოლივუდის ფილმებიდან გახსოვდეთ. ჰედი ძალიან ჭკვიანი გამომგონებელიც გახლდათ.

 

ლამარი გადაღებების შესვენებისას ტრაილერში ან სახლში ახალ იდეებზეც მუშაობდა. ის მისი შეყვარებულის, ჰოვარდ ჰიუჯს თვითმფრინავის კვადრატულ ფრთებს ჩიტებსა და თევზებზე წიგნების შესწავლით ეხმარებოდა, მან ასევე შუქნიშნის გაუმჯობესებული ვარიანტი შემოგვთავაზა.

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, ლამარი კონცენტრირებული იყო მისი გამოგონებებით მოკავშირეების დახმარებაზე. მაგრამ წყალქვეშა ხომალდი რადიოტალღებით კონტროლდებოდა, რომელშიც მტერი ამჩნევდა. ლამარმა მოიფიქრა, რომ სიგნალის სხვადასხვა სიხშირეზე გადაყვანით შესაძლებელი იყო მისი დაცვა. თუმცა მას ფორმალური მომზადება გავლილი არ ჰქონდა, ამიტომ გამომგონებელ ჯორჯ ენთეილთან კოლაბორაცია გადაწყვიტა.

”სიხშირის პოტენციალი”, რომელსაც ჰედი გვთავაზობდა, დაცული Wi-Fi-ის, GPS-ის და ბლუთუზის წინამორბედია. ამ გამოგონებას მოგვიანებით სამხედრო სამსახურში იყენებდნენ. მას სიცოცხლეში საკმარისად არ აღიარებდნენ. როდესაც გამომგონებელთა საერო საბჭოში გაერთიანება მოისურვა, მას უპასუხეს, რომ სჯობდა ცხოვრება ომის ობლიგაციების პოსტერების გაყიდვაში გაეტარებინა. :ვფიქრობ,ადამიანების ტვინი ბევრად საინტერესოა, ვიდრე მათი გარეგნობა”, – ამბობდა ლამარი.

ENIAC-ის პროგრამისტები

 

1946 წელს, 6 ქალი პირველი სრულიად ელექტრონული და დაპროგრამებული კომპიუტერის შესაქმნელად მუშაობდა. ქეითლინ ანტონელს, ჯენ ბარტიკს, ფრანცის ბეტი ჰოლბერტონს, მერლინ მელტეზის, ფრანცის სპენსსა და რუთ თეითელბომს პენსილვანიის უნივერსიტეტის მურის ელექტრო ინჟინერიის სკოლის მიერ, ამერიკის არმიისთვის ENIAC-ის (ელექტრონული ინტეგრატორი და კომპიუტერი) დაპროგრამება დაევალათ. კომპიუტერს მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებდნენ, არტილერიის ტრაექტორიაზე სამუშაოდ. პროექტი უდიდესი საიდუმლო იყო და ქალების ვინაობა, რომლებმაც სამუშაო შეასრულეს არ გამჟღავნებულა.

 

1980 წლამდე ქალი პროგრამისტების დამსახურებაზე არავინ იცოდა. 1980 წელს, ჰარვარდის სტუდენტმა, ქესი კლაიმენმა ძველ პროგრამისტებზე თეზისის კვლევისას ფოტო აღმოაჩინა, რომელზეც ქალები კომპიუტერებთან დგანან. კლაიმენს ფოტოზე უთხრეს, რომ ეს ქალები მოდელები იყვნენ, რათა პროდუქტი უფრო მიმზიდველი გაეხადათ. დელვინგ ფასერმა აღმოაჩინა, რომ ქალების სამუშაო დიდი ხანია დაუფასებელია. ახლა, მათ შესახებ ბევრმა იცის და ცდილობენ პროგრამირება მომავალი თაობებისთვის გაამარტივონ.

მერიონ მაჰონი გრიფინი, არქიტექტორი

 

მეორე ქალი, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი დაამთავრა, მერიონ მაჰონი გრიფინი (1871-1961) ილინოისში პირველი ლიცენზირებული ქალი არქიტექტორი გახდა. 1895 წელს ის იყო პირველი თანამშრომელი, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა არქიტექტორმა, ფრანკ ლოიდ ვრაითმა აიყვანა და მასთან ერთად 15 წელი იმუშავა, დაეხმარა არქიტექტურული სტილის American Prairie School-ის განვითარებაში. ის განსაკუთრებით ნიჭიერი იყო არქიტექტურულ ნახატებში. აკვარელით შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც გრიფინმა შექმნა, ფრანკ ლოიდ ვრაითის ცნობილ სიმბოლოდ იქცა.

მაჰონმა წოლტერ ბარლი გრიფინზე იქორწინა. წყვილი ბევრ პროექტში ერთად იღებდა მონაწილეობას. მათ შორსაა ავსტრალიის დედაქალაქის, კანბერას დიზაინი, თუმცა მაჰონის განსაკუთრებული ფერებით შექმნილ დიზაინს ხშირად მის ქმარს მიაწერდნენ. მართალია, გრიფინის ნამუშევრები კაცი კოლეგების გამო ჩრდილში რჩებოდა, მაგრამ ახლა, ავსტრალიურმა არქიტექტურის ინსტიტუტმა შექმნა “მერიონ მაჰონი გრიფინის პრიზი”, რომელიც მხოლოდ ქალ არქიტექტორებს გადაეცემათ.

წყარო : tabula.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

“იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ადამიანებსაც დაწვავენ” – ჰაინრიხ ჰაინე ცარიელი ბიბლიოთეკა ბერლინში

ბერლინის ქუჩებში, ბებელპლაცის მოედანზე სეირნობისას, ადამიანები ხშირად აწყდებიან მიწისქვეშა ცარიელ ბიბლიოთეკას. ქვაფენილში ჩადგმული მიწისქვეშა ოთახი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცარიელია, წიგნების თაროებზე წიგნებს ვერ დავინახავთ.
რეალურად, მიწისქვეშა ბიბლიოთეკა არის მემორიალი. 1933 წლის 10 მაისს, სწორედ ამ მოედანზე ნაცისტმა სტუდენტებმა ებრაელი, კომუნისტი და ლიბერალი ავტორების 20 000 წიგნი დაწვეს. შავ სიაში მოხვდა: ზიგმუნდ ფროიდი, კარლ მარქსი, როზა ლუქსემბურგი, ალბერტ აინშტაინი, შტეფან ცვაიგი და სხვა მრავალი. აქტს სახელად “ლიტერატურული წმენდა” დაარქვეს. 1995 წელს შექმნილი ცარიელი თაროების ოთახი, რომელიც ისრაელ არტისტს ეკუთვნის, არის სიმბოლო 20 000 დამწვარი წიგნისა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწისქვეშა წიგნების თაროები ზუსტად 20 000 წიგნს იტევს.
მიწაში განთავსებულ ბრინჯაოს ფირფიტაზე ამოტვიფრულია ციტატა, რომელიც გერმანელ-ებრაელ ავტორს, ჰაინრიხ ჰაინეს ეკუთვნის – “ეს მხოლოდ პრელუდია იყო; იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ადამიანებსაც დაწვავენ”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კასანდრა დე პეკოლი გახდა პირველი ქალი, რომელმაც იმოგზაურა დედამიწის ყველა ქვეყანაში

27 წლის მოგზაური კონექტიკუტიდან, აშშ-დან ოცნებობდა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც ეწვეოდა 193-ვე სუვერენულ სახელმწიფოს. კასანდრა დე პეკოლიმ მოხსნა გინესის ორი რეკორდი და შეძლო ყველაზე ნაკლებ დროში მსოფლიოს ყველა სუვერენულ სახელმწიფოში ემოგზაურა(ასევე კოსოვოში, ტაივანსა და პალესტინაში).
მოგზაურობა სულ 18 თვე და 26 დღე გაგრძელდა. იგი გაემგზავრა 2015 წლის 24 ივლისს და დაასრულა 2017 წლის 2 თებერვალს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ხიდი, რომელიც შვედეთიდან მოდის, ზღვის ქვეშ გვირაბად იქცევა და დანიაში ჩნდება

ორესუნდის ხიდი შვედეთიდან მოდის, ზღვის ქვეშ უჩინარდება, გვირაბად იქცევა და დანიაში ჩნდება. ხიდის პროექტის იდეა ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ ათწლეულში არსებობდა. თუმცა, უთანხმოებების გამო დანიამ და შვედეთმა ორესუნდის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1991 წელს მოაწერეს. 1999 წელს ხიდის მშენებლობა დასრულდა და პირველმა მანქანამაც გაიარა მასზე. ხიდი ოფიციალურად 2000 წელს გაიხსნა.
ორესუნდის ხიდის საერთო სიგრძე დაახლოებით 16 კილომეტრია, გვირაბი კი ზღვის ფსკერზე 17 მეტრ სიღრმეზე ეშვება. საოცარი საინჟინრო კონსტრუქციის მშენებლობამდე ორი სახელმწიფო ერთმანეთს ბორნით უკავშირდებოდა. საინტერესოა, რომ ხიდი ემსახურება არა მხოლოდ ავტომობილებს, ასევე მატარებლებსაც. ორესუნდის ხიდი ყველაზე გრძელი კომბინირებული საგზაო და სარკინიგზო ხიდია ევროპაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამთავრობო მედიაში აცხადებენ, რომ ომიკრონის პირველი შემთხვევა ფხენიანში 4 დღის წინ დადასტურდა. ამის შემდეგ ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენ შემთხვევაზეა საუბარი.

თუმცა სპეციალისტებს სჯერათ, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ კორეაში უკვე დიდი ხანია არსებობს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ფხენიანმა უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე, რომლის ფარგლებში მათ მილიონობით დოზა „ასტრაზენეკასა“ და „სინოკავის“ ვაქცინებს სთავაზობდნენ. სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსაც.

ჩრდილოეთ კორეის კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი ხერხი საზღვრების ჩაკეტვა იყო, თუმცა ამან ქვეყანაში იმპორტიც შეაჩერა, რამაც საკვების დეფიციტი და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მსოფლიოს უმანქანო ქალაქები და კუნძულები

ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ავტომობილების კოლოსალურად დიდი რაოდენობა ბევრ პრობლემას იწვევს. გარდა იმისა, რომ მოძრაობას ართულებს და საცობებს ქმნის, ასევე გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა. პარიზი, ამსტერდამი, ბარსელონა და სხვა დიდი ქალაქები ცდილობენ შეამცირონ ავტოტრანსპორტით გადაადგილება და წაახალისონ ველოსიპედით მოძრაობა.
თბილისში ავტომობილების სიჭარბე ნამდვილად შესამჩნევია, თუმცა, ყველა ქალაქში ასე არ არის. მეტის თქმაც შეგვიძლია, მსოფლიოში უკვე არსებობს ქალაქები და კუნძულები, სადაც მანქანას ვერ შევხვდებით. ავტომობილების აკრძალვის მიზეზი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და ტურიზმის ხელშეწყობაა, ხოლო სხვა ადგილებში ადგილობრივი გეგმარების გამო.
ბელგიის ქალაქ გენტის ცენტრმა 1996 წელს გააუქმა მანქანები საცობებისა და ჰაერის დაბინძურების გამო. ქალაქი მოიცავდა 86 ჰექტარს, მანქანებისგან თავისუფალ ზონას, სადაც მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
ავტომობილებისგან თავისუფალი მეორე საინტერესო ქალაქი გახლავთ ზერმატი. შვეიცარიის ეს ალპური ქალაქი მანქანებისთვის დაკეტილია, მხოლოდ კერძო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ მივიდნენ 5 კილომეტრის მოშორებით, შემდეგ კი მატარებლით განაგრძონ გზა. გადაადგილება მარტივია ფეხით, ეტლით, ელექტროავტობუსით ან ელექტრონული ტაქსით.
მესამე გახლავთ საბერძნეთის კუნძული ჰიდრა, სადაც ძრავიან მანქანას საერთოდ ვერ შეხვდებით. კუნძულზე ყოფნისას საუკეთესოა ფეხით, ვირით ან წყლის ტაქსით გადაადგილება. ნიდერლანდების ქალაქ გითჰორნს ხშირად ჰოლანდიურ ვენეციას უწოდებენ. ქალაქი სავსეა ველოსიპედის ბილიკებითა და ნავებით სავსე წყლის გზებით. ქალაქი ცნობილია მეთვრამეტე საუკუნის ფერმერული სახლებითა და ულამაზესი 170 პატარა ხის ხიდით.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 98
Page 22 of 98