close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

„ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილის დეტალური რუკის შესადგენად ახალი მისია იწყება

ექსპერტების, მეცნიერებისა და ისტორიკოსების ჯგუფი დღეს ტიტანიკის ჩაძირვის ადგილის ყველაზე დეტალური ფოტო-რუკის შედგენას შეუდგება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპედიციას ამერიკული კომპანია RMS Titanic Inc ატარებს. სპეციალისტები ოკეანეში ლოგისტიკურ გემზე Dino Chouest, რომელიც მათთვის ერთგვარი ოპერაციული შტაბი გახდება. სწორედ იქიდან ჩაუშვებენ ფსკერზე ორ რობოტიზებულ აპარატს, რომლებიც „ტიტანიკს“ მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაუღებენ და ლეგენდარული ლაინერის ნანგრევების დეტალურ 3D მოდელს შეადგენენ.

სპეციალისტები ამისთვის სკანირების ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ხელოვნების ნიმუშების ანალიზში. მათი მიზანი კი გემის ჩაძირვის ახალი დეტალების დადგენაა.

ეს პირველი კომერციული მისიაა „ტიტანიკთან“ 2023 წლის OceanGate-ის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სუბმარინის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ტიტანიკი 1912 წლის აპრილში ჩაიძირა. შედეგად დაახლოებით 1500 ადამიანი დაიღუპა. ლაინერის ნანგრევები ატლანტის ოკეანეში, 3 750 მეტრის სიღრმეზე 1985 წელს აღმოაჩინეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

საბინადრო არეალის შემცირებამ, ხელოვნური განათების და სასუქების ზრდამ პესტიციდებთან ერთად, არა მხოლოდ ჩვენთვის საყვარელი მანათობელი ხოჭოების, არამედ სხვა მწერების გადაშენების მთავარი მიზეზი იქნება.

ექსპერტები შიშობენ, რომ მალე დედამიწაზე არსებული მწერების 40% შეიძლება საერთოდ გაქრეს, რაც ეკოსისტემას უზარმაზარ ზიანს მიაყენებს.
”ჩვენ მიმოვიხედეთ და …. ჰმ, როგორც ჩანს, გარშემო იმდენი ციცინათელას ვეღარ ვხედავთ, როგორც ეს ადრე იყო, – ამბობს კვლევის ავტორი სარა ლუისი Popular Science-სთან ინტერვიუში. ბევრი მწერი გადაშენების პირასაა, მაგრამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სწორედ ციცინათელა გამოეკვლიათ. ”ციცინათელა – არის მწერი, რომლის გარშემოც შეგვიძლია შემოვიკრიბოთ საერთო მხარდაჭერა, ” – აღნიშნავს სარა ლუისი.

გასულ ორშაბათს BioScience- ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს კვლევა მსოფლიოში 2, 000 სახეობის ციცინათელას შესახებ.ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) 350 სპეციალისტის გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მანათობელი ხოჭოს-ციცინათელას გადაშენების სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: ბინადრობის არეალის შეცირება, ხელოვნური განათება და პესტიციდები.

ციცინათელას შეუძლია საკუთარი სურვილით გაზარდოს ან შეამციროს ნათების ინტენსივობა, “ჩართოს” წყვეტილი შუქი ან სულაც გამორთოს.
ტროპიკულ აფრიკაში ციცინათელების ერთ სახეობას ფანრის მაგივრად იყენებენ. ამისათვის რამდენიმე მანათობელ ციცინათელას მარლის ტომარაში ათავსებენ და ასე ინათებენ გზას.ადგილობრივი გოგონები სილამაზისთვის ციცინათელებს თმაშიც იმაგრებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა არის მეწყერი და ღვარცოფი და რა უნდა ვიღონოთ ექსტრემალურ პირობებში

მეწყერი მოვლენაა, როდესაც ქვების, მიწისა და ქანების მყარი მასა ფერდობზე იწყებს ჩამოწოლას.

ღვარცოფი სწრაფად მოძრავი მეწყერია, რომელიც თხევადი მასისაგან შედგება და ძირითადად არხებში გადაადგილდება.

პრევენცია

  • შეამოწმეთ, რამდენადაა ადგილი მეწყრის/ღვარცოფის რისკის ქვეშ — ტყის ხანძრები, ხეების მასობრივი ჭრა და აქამდე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა რამდენიმე ასეთი რისკფაქტორია.
  • დააკვირდით წყლის დონეს — შესაძლოა, უცაბედი კლება ან მატება მეწყერზე/ღვარცოფზე მიანიშნებდეს; მცირეოდენ ტალახიან დინებას ზოგჯერ უფრო დიდი ნაკადი მოსდევს;
  • ყურადღებით დააკვირდით გარემოს — საფრთხეზე შეიძლება მეტყველებდეს: გადახრილი ხეები, სატელეფონო ბოძები და ღობეები; ასევე გორაკებზე ხვრელების ან შიშველი ადგილების გაჩენა;
  • ყური მიუგდეთ ნებისმიერ ხმაურს — ასე მეწყრის ან ღვარცოფის მოახლოებას გაიგებთ; ყურადღებით იყავით მანქანის მართვის დროსაც, რადგან ამ დროს გზის ჩახერგვის საშიშროება არსებობს.

როგორ მოვიქცეთ მეწყრის/ღვარცოფის დროს

  • შეძლებისდაგვარად მოშორდით ნაკადს — თუკი მეწყრის/ღვარცოფის მოახლოება გარდაუვალია, სწრაფად გადადით ნაკადის საპირისპირო მიმართულებით — უკეთესი გამოსავალი არ არსებობს;
  • იპოვეთ შემაღლებული ადგილი — იგი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით უნდა იყოს;
  • რაიმეს შეეფარეთ — თუკი ქვები და სხვა მასა ახლოვდება, უახლოესი თავშესაფრისკენ გაიქეცით და რაიმეს ამოეფარეთ (მაგიდას ან რომელიმე სხვა მყარ ავეჯს, თუ შესაძლებელია).

 

მეწყრის ან ღვარცოფის შემდეგ

  • შეძლებისდაგვარად მოშორდით სტიქიის ადგილს — შესაძლოა, მეწყრის/ღვარცოფის შემდეგ დატბორვამ ან განმეორებითმა ნაკადებმა იჩინოს თავი;
  • შეამოწმეთ, გარშემო ვინმე ხომ არაა დაზიანებული/გაჭედილი — შეძლებისდაგვარად ეცადეთ მათი შველა ისე, რომ მეწყრის/ღვარცოფის ნაკადში არ მოგიწიოთ შესვლა;
  • ეცადეთ დარჩეთ ხაზზე, რათა რადიოდან, ტელევიზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან საჭირო ინფორმაცია შეიტყოთ;
  • ზარალის შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეთ.

ჩამოთვლილ პუნქტთა უმრავლესობა გამოუსადეგარია მათთვის, ვისაც ამ მასშტაბის სტიქიისას არც კი მიეცა მოქმედების შანსი. მეორე მხრივ, ზოგადი პრინციპების გათვალისწინება ის მნიშვნელოვანი მინიმუმია, რომლის გაკეთებაც სხვა დროს შესაძლო ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად შეგვიძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რამდენს იწონის ჰაერი თქვენს ოთახში? – მეცნიერების მიერ დადგენილი, მაგრამ აუხსნელი ფაქტები, რომელთა დაჯერებაც ძნელია

თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგია არასოდეს წყვეტს ჩვენს გაოცებას ინოვაციებით. უმართავი მანქანები, ადამიანის თავის გადანერგვა და კიდევ ბევრი სხვა რამ – ეს ყველაფერი შესაძლოა რეალობად იქცეს უახლოეს მომავალში.

მიუხედავად ამისა, ჩვენს სამყაროში არის საოცარი და ერთი შეხედვით აუხსნელი ფაქტები.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.

• ადამიანის ნერწყვი შეიცავს მორფინზე ექვსჯერ უფრო ძლიერ საანესთეზიო საშუალებას.

• ყველაზე ძლიერი არსებები გონორეის ბაქტერიებია. მათ შეუძლიათ საკუთარი წონზე 100 000-ჯერ მეტი ტვირთის გაწევა.

• გორილებსა და კარტოფილს ადამიანებზე ორი ქრომოსომით მეტი აქვთ.

• ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100 000 კილომეტრია.
• ერთი ელვა შეიცავს 100 000 ბურგერის მოსამზადებლად  საკმარის ენერგიას.

• პოლარული დათვის ინფრაწითელი კამერებით დაფიქსირება შეუძლებელია, მათი სითბოგაუმტარი ბეწვის გამო.

• ოკეანეები შეიცავს იმდენ მარილს, რომ შეუძლია, ყველა კონტინენტი დაფაროს მარილის ფენით 152 მეტრის სიმაღლეზე.

• ფინური ფიჭვის ფესვების საერთო სიგრძე 48 კილომეტრზე მეტია.

• ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი მთლიანად 900-ჯერ განახლდება.

• საშუალო ზომის ოთახში ჰაერი დაახლოებით 45 კგ-ს იწონის.
• ვარსკვლავთშორისი გაზის ღრუბელი Sagittarius B შეიცავს მილიარდობით ლიტრ ალკოჰოლს (C2H5OH).

• ერითროციტს შეუძლია თქვენი სხეულის გარშემო წრე 20 წამში გაიაროს.

• 2000 კილომეტრზე გადაჭიმული დიდი ბარიერული რიფი ყველაზე დიდი ცოცხალი სტრუქტურაა დედამიწაზე.

• ლაზერული გამოსხივება მილიონჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მზე.

• 60-65 მილიონი წლის წინ დელფინებსა და ადამიანებს საერთო წინაპარი ჰყავდათ.

• მუხა ან წიფელი დღეში ათიდან ოცდახუთ ლიტრამდე ტენს აორთქლებს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქალი, რომლის უკვდავმა უჯრედებმა მედიცინა სამუდამოდ შეცვალა

ჰენრიეტა ლაკსის უკვდავი უჯრედები მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენეს პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნაში, კლონირებაში, გენეტიკურ კვლევებში და ა. შ.

თუმცა, ეს უჯრედები მისი ნებართვის გარეშე შეაგროვეს და ამით მის ოჯახს არასოდეს უსარგებლია.

რამდენიმე დღის წინ, ლაკსის ოჯახმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას მასაჩუსეტსში ბაზირებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Thermo Fisher Scientific-თან ამ უჯრედების კომერციული გამოყენების შესახებ. მათ HeLa უჯრედებს უწოდებენ, ლაკსის გვარ-სახელის პირველი ასოების მიხედვით.

რატომ არის ეს შემთხვევა ასეთი გახმაურებული? ვინც არ იცით, სტატიაში მოგიყვებით ტრაგიკულ ამბავს, რომელიც ამ საოცარი მემკვიდრეობის მიღმა იმალება.

ჰენრიეტა ლაქსი ხუთი შვილის დედა იყო; 1951 წლის 4 ოქტომბერს, ის საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაიცვალა 31 წლის ასაკში.

ლაკსი აფროამერიკელი თამბაქოს ფერმერი იყო. მკურნალობას ის ჯონ-ჰოპკინსის ჰოსპიტალში გადიოდა, სადაც მას საშვილოსნოს ყელის ორი ნიმუში ამოუღეს — ჯანმრთელი და სიმსივნური ნაწილი; როგორც მაშინ ხშირად ხდებოდა, ამის შესახებ მან არაფერი იცოდა და შესაბამისად, ექიმებს არც ნებართვა ჰქონდათ.

ეს უჯრედები დოქტორ ჯორჯ ოტო გეის გადაეცა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათ ისეთი რაღაც შეეძლოთ, რაც იქამდე არასოდეს ჰქონდათ ნანახი ადამიანის უჯრედებში — ცოცხლად შენარჩუნება და მათი განუსაზღვრელი დროით ზრდა.

იქამდე, კულტივირებული უჯრედები ლაბორატორიაში მხოლოდ რამდენიმე დღეს ძლებდა.

გეიმ ერთი კონკრეტული უჯრედის იზოლირება შეძლო და სათავე დაუდო უჯრედების პირველ უკვდავ ხაზს, რომელსაც მან HeLa უწოდა.

მას შემდეგ, ამ უჯრედებზე ცდიან ტოქსინებს, ვირუსებსა და რადიაციას, გზავნიან კოსმოსში და ამრავლებენ უთვალავჯერ. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნიანგებში მამრის გარეშე გამრავლების შემთხვევა დააფიქსირეს

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ მდედრ ნიანგებს კვერცხების დადება შეჯვარების გარეშე შეუძლიათ, რისთვისაც იყენებს უცნაურ რეპროდუქციულ სტრატეგიას, რომლის ევოლუციური ფესვები შეიძლება დინოზავრების ხანაში იმალებოდეს.

2018 წელს, 16 წლის განმავლობაში ტყვეობაში მყოფმა მდედრმა ამერიკულმა ნიანგმა (Crocodylus acutus) კვერცხები დადო, რომელთაგან ერთში ნაყოფიც განვითარდა, დედის მსგავსად მდედრი ნიანგის.

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ მდედრმა კვერცხები მამრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე დადო; ამ პროცესს პართენოგენეზს უწოდებენ, ყოველდღიურობაში კი „ქალწულებრივ დაბადებას“.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხები არ გამოიჩეკა, ნამდვილად გასაოცარი აღმოჩენაა ცხოველთა სამეფოს ახალ შტოში, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორეულ წარსულში იღებს სათავეს რეპროდუქციის ეს უცნაური სტრატეგია.

ახლა, როდესაც ქალწულებრივი დაბადება დაფიქსირებულია ნიანგებსა და ფრინველებში, შედეგები მიუთითებს, რომ გამრავლების ეს სასწაულებრივი უნარი შეიძლება მათ უძველეს წინაპრებს, დინოზავრებსაც ჰქონდათ. წაიკითხეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქს ააშენებენ

სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქი გაშენდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომავლის ქალაქის წყალზე გაშენების ინიციატივას გაერომ მხარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუჭირა, თუმცა პროექტის რეალიზაციის ვადებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა.

ახლა კი გაირკვა, რომ ქალაქი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანის ნაპირებთან განლაგდება. ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა – როგორც ბევრ სანაპირო ქალაქს, პუსანსაც ზღვის დონის აწევა ემუქრება.

მოტივტივე ქალაქის პროექტი კომპანია Oceanix-მა დანიელ არქიტექტორ ბიარკე ინგლსთან ერთად შექმნა. გეგმის მიხედვით, ქალაქი წყალზე განლაგებული ექვსკუთხედი პლატფორმების გაერთიანებას წარმოადგენს. თითოეულ პლატფორმაზე 300 ადამიანი შეძლებს კომფორტულად ცხოვრებას.

ექვსკუთხედი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან არქიტექტურულ ფორმად ითვლება – ის მშენებლებს სივრცისა და მასალებს ეკონომიის საშუალებას აძლევს. პროექტის მიზანია წყალდიდობებისგან დაცული ქალაქის შექმნა, რომელიც კვების პროდუქტებს, ენერგიასა და დასალევ წყალს თავად აწარმოებს. ამისთვის პლატფორმების ქვეშ გალიები განთავსდება, რომლებშიც ქალაქის მოსახლეობა ზღვის პროდუქტების წარმოებას შეძლებს. ქალაქის გაშენება 2025 წლისთვის იგეგმება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

საშიში ნივთიერებები ჩვენს სახლებში, რომლებიც ორგანიზმში ხვდება

თანამედროვე სამყარო ქიმიკატებითაა გაჯერებული, რომლებსაც ჩვენი გარემომცველი ნივთებიც შეიცავენ. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ფტალატები: კოსმეტიკა, ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები და სხვა
ფტალატები თანამედროვე ადამიანს ყველგან თან ახლავს. ისინი გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების, საპნების, შამპუნების, რეზინის და გასაბერი სათამაშოების, მედიკამენტების, აბაზანის ფარდების, სარეცხი საშუალებების დასამზადებლად. ახალი მანქანის ინტერიერში „გემრიელი“ სუნი ასევე დიდწილად ფტალატების დამსახურებაა. მათ შეუძლიათ შეაღწიონ ბავშვის ორგანიზმში შეფუთვასთან შეხებაში შემავალი საკვებით, ჰაერიდან ან მტვრიდან.

ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს ფტალატებთან კონტაქტმა მათი რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა გამოიწვია. განგაშის გამოცხადება ჯერ ადრეა, რადგან პროდუქტებში, რომლებსაც ადამიანები იყენებენ, ამ ნაერთების კონცენტრაცია ძალიან დაბალია. ყოველ შემთხვევაში, სანამ მათი ზიანი არ დამტკიცდება.

თუმცა, „ზიანი არ არის დადასტურებული” და “უსაფრთხოება დადასტურებულია” განსხვავებული ცნებებია. შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევები, რომლის დროსაც ფტალატები მრავალი ადამიანის შარდში აღმოაჩინეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით. მათგან თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია, თუ ცივილიზაციისგან შორს არ ცხოვრობ.

ანტიპირენი: გარემო, ცხიმიანი თევზის ზოგიერთი სახეობა
ანტიპირენი ნივთიერებებია, რომელიც ორგანული წარმოშობის მასალებს აალებისგან დაცვის მიზნით ემატება. ისინი სხვადასხვა ტიპისაა, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშია პოლიბრომირებული დიფენილეთერები. ადრე მათ ხშირად იყენებდნენ ლეიბების და რბილი ავეჯის, ტელევიზორისა და კომპიუტერის ნაწილების დასაცავად.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, პოლიბრომირებული დიფენილეთერების მოქმედებას განიცდიან. მცირე რაოდენობით ისინი ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის დარღვევებს იწვევენ, ხოლო მაღალი კონცენტრაცია ნერვულ და იმუნურ სისტემებზე მოქმედებს.

ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმში ცხიმიანი თევზის ზოგიერთის ახეობიდან, დაბინძურებული ჰაერიდან ხვდება. ისინი შეიძლება დედის რძეშიც დაგროვდეს.

ბისფენოლ-A: პლასტმასის ბოთლები და კონტეინერები
1960-იანი წლებიდან ბისფენოლ-A პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების წარმოებაში, აგრეთვე ლითონის ქილების და ხუფების შიდა საფარებში გამოიყენებოდა. ადრე ეს ნივთიერება ჩვილების კვების ბოთლებშიც კი იყო და ჩვილის ფორმულის შეფუთვაშიც.

ამ ნივთიერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვები ექსპერტებს ჯერ 2010 წელს გაუჩნდათ. მალე ბისფენოლ-A-ს გამოყენება ბავშვებისთვის პროდუქტების წარმოებაში აიკრძალა.

არსებობს მტკიცებულება, რომ ქიმიური ნაერთი უარყოფითად მოქმედებს მოზარდებისა და ბავშვების ტვინზე და ქცევაზე. ამჟამად, მეცნიერები თვლიან, რომ BPA უსაფრთხოა დაბალი დოზებით, მაგრამ კვლევა გრძელდება.

Bisphenol-A არ არის ყველა სახის პლასტმასსა და პოლიეთილენში. ხშირად შეუძლებელია ზუსტად იცოდე, შეიცავს თუ არა მას კონკრეტული შეფუთვა. თუ გსურთ დაიცვათ თქვენი შვილი ამ ნივთიერების ზემოქმედებისგან, შეეცადეთ ნაკლებად იყიდოთ კონსერვები, ნუ გაათბობთ საკვებს პლასტმასის ჭურჭელში, მის ნაცვლად კერამიკული და მინის ჭურჭელი გამოიყენეთ.

 

ტყვია: რამდენიმე საღებავი
ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელსაც შეუძლია ტვინის დაზიანება, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. უფრო მეტიც, ბავშვის ორგანიზმი მის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. ნივთების გარდა, ტოქსიკური ლითონი ხვდება მტვერში და მისი მეშვეობით ადამიანის სხეულში.

საქართველოშიც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში სათამაშოებში, საბავშვო ჭურჭელშიც კი აღმოჩენილია ტყვიის კვალი. ამიტომ ეცადეთ, ისეთი წარმოების სათამაშოები შეიძინოთ, რომლებსაც აწერია, რომ არ შეიცავს ტყვიას.

საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები
საყოფაცხოვრებო ქიმიკატები შეიძლება საშიში იყოს ბავშვის ორგანიზმისთვის მაშინაც კი, თუ ისინი გონივრულად ინახება ზედა თაროზე ან უსაფრთხოდ დახურულ კარადაში.

ბევრი ჰაერის გამაგრილებელი და სარეცხი საშუალება ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს: ეთილენგლიკოლის ეთერებს და ტერპენებს. ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები ასევე შეიძლება შეიცავდეს აზოტის დიოქსიდს და პარადიქლორბენზოლს, რომელიც კანცეროგენია.

საყოფაცხოვრებო ქიმიკატები საშიში ხდება, როდესაც ისინი პატარა, ცუდად განიავებად ადგილებში გამოიყენება. მაგალითად, ტუალეტებსა და აბაზანაში. თუ სახლში ბავშვია, უმჯობესია ჰაერის გამაგრილებელი საშუალებების გარეშე იცხოვროთ.

მავნე წებოები და საღებავები: ხალიჩები
ხალიჩაში წებოვანი ნივთიერებები და საღებავები გამოიყენება, რომელთაგან ზოგიერთი ჰაერში აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs) გამოყოფს. ისინი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. ყურადღება მიაქციეთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (ცხვირი და ხველა), თავის ტკივილი, თავბრუდახვევა.

ამიტომ, ახალი ხალიჩა კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით და სახლიც გაანიავეთ.

ფორმალდეჰიდი: ავეჯი
ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ იაფ. ე.წ. დეესპეს ავეჯს, ყველაზე მეტად ემუქრებათ სახლში ტოქსინების წყაროს შეტანა. დაბალფასიანი მწარმოებლები ასეთ მასალებს ფულის დაზოგვის მიზნით იყენებენ.

ნაფთალინი: წამალი ჩრჩილის წინააღმდეგ
ნაფტალინის ტაბლეტები თითქმის ყველა კარადაშია, სადაც ტანსაცმელი ინახება. ეს ხელს უწყობს ძვირადღირებული ნივთების გადარჩენას მავნე ჩრჩილისგან, მაგრამ ზოგჯერ ის ხდება პატარა ბავშვის ხელში ხვდება

ნაფტალინით მოწამვლა თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, ლორწოვანი გარსების გაღიზიანების სახით ვლინდება. ქრონიკული მოწამვლისას ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები, ირღვევა ღვიძლისა და პანკრეასის მუშაობა.

მცირეწლოვანი ბავშვები ასევე ხშირად ხდებიან ტარაკნების, თაგვების, ვირთხებისა და სხვა ცხოველებისთვის განკუთვნილი შხამის მსხვერპლი. ამერიკელი ექსპერტები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყოველწლიურად ათიათასობით ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ. ამიტომ ასეთი ნივთიერებები ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილებში უნდა ინახებოდეს. სამწუხაროდ, მოზრდილებს ეს ხშირად ავიწყდებათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რატომ ესევიან მწერები ნათურებს?

შესაძლოა, ხელოვნური განათება მათთვის მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ მას მაინც ესევიან.

შებინდების შემდეგ თქვენც ხშირად შენიშნავდით, რომ მწერები ნათურებს, ხელოვნური წარმოშობის სინათლეს, ეხვევიან ხოლმე. შესაძლოა, ამან მათ სიცოცხლეს საფრთხეც კი შეუქმნას. მაგალითად, აბაჟურის შიგნით გაჭედვის შემთხვევაში ისინი ხოჭოების, ობობების, ღამურებისა თუ ჩიტების მსხვერპლები ხდებიან.

ასევე იხილეთ: ციცინათელებს გადაშენება ემუქრებათ — ჩვენ მათ ადგილს აღარ ვუტოვებთ

მომაკვდინებელი მიზიდულობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მის ასახსნელად რამდენიმე თეორია მაინც არსებობს.

ერთ-ერთი ახსნით, ჩრჩილები მთვარეს ნავიგაციისთვის იყენებენ და ხელოვნური განათება სწორედ ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრში ერევათ. შესაძლოა, ისინი სულაც სინათლისკენ გადაადგილებას ცდილობენ ანდა სიბნელეს ეძებენ — ოპტიკური ილუზიის (Mach bands) გამო განათებული არეალის კიდე გარემომცველ სიბნელეზე მუქი ჩანს.

bioRxiv-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ფარგლებში, რომელიც სფეროს ექსპერტებს ჯერ არ მიმოუხილავთ, მეცნიერები სინათლის გარშემო ჩრჩილებისა და ნემსიყლაპიების ქცევას ჩქარული ფოტოკამერებით დააკვირდნენ.

შენიშნეს, რომ მწერები მაქსიმალურად ცდილობდნენ, სინათლის წყაროსათვის ზურგი მიეშვირათ. ამრიგად, შესაძლოა, ისინი სინათლეს თავიანთი თავების ორიენტირებისათვის იყენებდნენ: გრავიტაციის მეშვეობით ვერ ადგენენ ჰაერში საკუთარ მდებარეობას, ამიტომ სინათლე ზემოთ მიმართულებაზე მეტყველებს, სიბნელე კი — ქვემოთაზე.

მეორე მხრივ, ამით ვერ ავხსნით, როგორ პოულობს ზოგიერთი მწერი სინათლეს შორი მანძილიდან, ასევე რატომ იჭედება ზოგი, როცა სხვები — არა.

ჩრჩილი

ფოტო: Jasius/Getty Images

დადგინდა ისიც, რომ ნემსიყლაპიები, რომლებიც ექსპერიმენტის მიმდინარეობისას სინათლეს ზურგებს უშვერდნენ, ბუნებრივ გარემოში, ჩვეულებრივ, სინათლეს გარს არ უვლიან — ამას ჩრჩილები აკეთებენ. ეს დამატებით აღრმავეს ინტერესს იმის შესახებ, თუ რატომ იზიდავთ ჩრჩილებს სინათლე. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ისინი მთვარეს კომპასის დანიშნულებით იყენებენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პასუხების მოძიებაში სამომავლოდ კამერების დახვეწა და ანალიზური მეთოდების განვითარება დაგვეხმარება.

ამასობაში, სანამ რაიმეს დაზუსტებით თქმას შევძლებდეთ, უმჯობესია, მწერების დასაცავად (ანდა სულაც კოღოების თავიდან ასარიდებლად…) განათება შევამციროთ. რეკომენდებულია შედარებით მოწითალო, არა მოლურჯო, განათების გამოყენებაც, რადგან ეს არსებები სინათლეს სხვაგვარად აღიქვამენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

გიზის პირამიდის მახლობლად უჩვეულო “ანომალიას” მიაგნეს

მეცნიერებმა ეგვიპტეში მდებარე გიზის დიდი პირამიდის მახლობლად მიწისქვეშა გარემო სპეციალური რადარითა და ელექტროტომოგრაფით შეისწავლეს. შედეგად, მათ ორი ნაწილისგან შედგენილი სტრუქტურა გამოავლინეს, რომელიც უკვე 4 000 წელზე მეტია, ძველი სასაფლაოს მიმდებარედაა დამარხული.

კერძოდ, ერთი მათგანი პირამიდის დასავლეთითაა განლაგებული და L-ის ფორმა აქვს. ის 0.5-დან 2 მეტრამდე სიღრმეშია, მისი სიგრძე-სიგანე კი 10 და 15 მეტრია. უფრო ქვემოთ, 3.5-დან 10 მეტრამდე სიღრმეში, ბევრად დიდი სტრუქტურაა, რომლის სიგრძე-სიგანეც 10-10 მეტრია. სპეციალისტებმა ჯერჯერობით არ იციან, რასთან აქვთ საქმე, მაგრამ ამან შესაძლოა, გიზის პირამიდის კომპლექსის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

ფოტო: Archaeol. Prospect., 2024

აღსანიშნავია, რომ დასავლეთით მდებარე ეს სასაფლაო არქეოლოგებისთვის ისედაც საინტერესო იყო, რადგან სამარხებით სავსე ამ ტერიტორიაზე მართკუთხა ფორმის ცარიელი და მოსწორებული არეალია. მასზე მეტის გასაგებად მკვლევრებმა თანამედროვე სარადარო ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც ხმელეთისკენ რადიოტალღების გაშვებას გულისხმობს. ისინი მიწისქვეშ აღწევს და იქ არსებული გარემოს შესწავლის საშუალებას იძლევა. თითქმის იმავე მეთოდით მუშაობს ელექტროტომოგრაფიც, რომელიც მიწისქვეშა მატერიების ელექტრულ კუთრ წინააღმდეგობას აფიქსირებს.

ამ ორი ტექნოლოგიის მეშვეობით არქეოლოგებმა სასაფლაოს ზემოხსენებულ არეალში, სიღრმეში, სხვადასხვა სიმკვრივის მქონე რეგიონებს მიაგნეს. მათი ფორმა იმგვარია, რომ, დიდი ალბათობით, ბუნებრივი არ უნდა უყოს, არამედ ადამიანის მიერ შექმნილი, მაგრამ მათი დანიშნულება გაურკვეველია.

უფრო ზემოთ განლაგებული სტრუქტურა ერთგვაროვანი ქვიშითაა სავსე, რაც მიანიშნებს, რომ მისი აგების შემდეგ ის მიზანმიმართულად “ჩაფლეს”. მეორე სტრუქტურაც საკმაო კუთრი წინააღმდეგობით ხასიათდება, ამიტომ შესაძლოა, ისიც ქვიშით დაეფარათ, ან, სულაც, ღრუიანი, ანუ ცარიელი, იყოს.

იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მათგანის იდენტიფიცირება რთულია, მეცნიერები მათ “ანომალიას” უწოდებენ. არ გამორიცხავენ, რომ, თუ ეს მართლაც ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობებია, ზედაპირთან ახლოს მდებარე სტრუქტურა ქვედაში შესასვლელის ფუნქციას ასრულებდეს. შესაძლოა, ეს კირქვის ვერტიკალური კედლები იყოს ან ერთგვარი გვირაბები, რომლებიც სამარხს უერთდება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Archaeological Prospection გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 98
Page 5 of 98