close

არქეოლოგია

არქეოლოგიადედამიწა

თურქეთში აღმოჩენილი ნამარხი ადამიანის წარმოშობის თეორიას ეწინააღმდეგება

თურქეთში ადამიანის მსგავსი მაიმუნის გაქვავებული ნამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 8,7 მილიონი წლით დაათარიღეს და ის ბევრ საინტერესო შეკითხვას აჩენს. პირველ რიგში, ეს ადამიანის ევოლუციასა და შესაბამის თეორიებს ეხება.

Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ აფრიკელი მაიმუნებისა და ადამიანების წინაპრები ევროპაში განვითარდნენ. ეს მანამ, სანამ აფრიკაში გადავიდოდნენ.

დიახ, ევროპიდან აფრიკაში და არა პირიქით!

Anadoluvius turkae — ახალი ნამარხი

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰომინინები 5 მილიონი წლის განმავლობაში ევროპაში ვითარდებოდნენ”, — თქვა პროფესორმა დევიდ ბეგანმა ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტიდან.

ვინ არიან ჰომინინები? მარტივად რომ ავხსნათ, ჰომინინებში შედის აფრიკული მაიმუნები (შიმპანზეები, ბონობოები და გორილები), ადამიანების წინაპრები და მათი ნამარხები (მათ შორის ნეანდერტალელი და ჰომო ერექტუსი).

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰომინინებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გაიარეს და უკვე მოგვიანებით აფრიკაში მოხვდნენ. ბეგანი მიიჩნევს, რომ ეს გარემოს ცვალებადობითა და ჰაბიტატით იყო გამოწვეული.

ბეგანის ჯგუფმა Anadoluvius turkae კომპლექსურად გაანალიზა. ჰომინინის თავის ქალა კარგად იყო შემონახული, რომელიც შეიცავდა სახის სტრუქტურასა და თავის ტვინის შუბლის ნაწილს.

ფოტო: Ayla Sevim-Erol

“ნამარხის სისრულემ საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა უფრო ფართო და დეტალური ანალიზი, ვიდრე აქამდე”, — თქვა ბეგანმა.

Anadoluvius turkae, რომელიც დიდ შიმპანზესა და საშუალო ზომის გორილას ჰგავს, მშრალ ტყეში ბინადრობდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძირითად დროს ის სწორედ აქ ატარებდა.

მტკიცე ყბები და სქელი კბილები მიანიშნებს იმაზე, რომ არსება აფრიკაში მცხოვრები ადრეული ადამიანების მსგავსად იკვებებოდა.

ლომისმაგვარ მტაცებლებთან თანაარსებობა

კვლევა მიანიშნებს, რომ ჰომინინი თანამედროვე აფრიკის ბალახებსა და მშრალ ტყეებში ნაცნობ ცხოველებთან თანაარსებობდა. ესენი იყვნენ: ჟირაფები, გარეული ღორები, მარტორქები, ანტილოპები, ზებრები, სპილოები, გოჭები, ჰიენები და ლომისმაგვარი მტაცებლები.

ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის ეს ფორმები აფრიკაში დაახლოებით რვა მილიონი წლის წინ გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაიმუნები ამჟამად აფრიკასთან ასოცირდებიან, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი საერთო წინაპრები ევროპის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ.

მთლიანობაში, თურქეთში აღმოჩენილი ეს ნამარხი და მისი ბოლო კვლევა ადრეული ჰომინინების შესახებ ახალ შეკითხვებს აჩენს. ეს ადრეული ჰომინინებისა და მათი წარმოშობის შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას ითხოვს.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

კვლევა – 6 000 წლის წინანდელი სანდლები, რომლებიც ესპანეთში აღმოაჩინეს, ევროპის უძველესი ფეხსაცმელია

ახალი კვლევის თანახმად, ესპანეთში აღმოჩენილი 22 ნაქსოვი სანდალი, რომელიც 6000 წლით თარიღდება, დღემდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ფეხსაცმელია ევროპაში.
კვლევა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის მკვლევარებმა რადიოკარბონის ანალიზის მეთოდით ჩაატარეს. აღნიშნული სანდლები 1857 წელს სამხრეთ ესპანეთში, ერთ-ერთ მღვიმეში მეზოლითურ კალათებთან და სხვა იარაღებთან ერთად აღმოაჩინეს. მღვიმეში არსებული ძალიან მშრალი პირობები იდეალური იყო მალფუჭებადი მასალების შესანახად. მღვიმეში აღმოჩენილი ნივთები მადრიდისა და გრანადას მუზეუმებს გადასცეს, სადაც ისინი მეცნიერებმა შეისწავლეს.
სანდლები დამზადებულია ბალახისგან, ისევე როგორც სხვა მასალებისგან, მათ შორის ტყავისგამ, ცაცხვისა და რამის ჭილოფისგან.
მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს კოლექციაში არსებული რამდენიმე კალათა და ხის სხვა ნივთები. ისინი აცხადებენ, რომ ეს ობიექტები „გახსნის ინოვაციურ პერსპექტივებს ევროპაში ადრეული და ჰოლოცენის ეპოქის შუა პერიოდის პოპულაციების სირთულესთან დაკავშირებით”. ჰოლოცენი არის ამჟამინდელი გეოლოგიური ეპოქა, რომელიც 11 700 წლის წინ დაიწყო. მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ როგორც კალათები, ასევე სანდლები მიანიშნებენ, რომ მწარმოებლებს ჰქონდათ ფართო ცოდნა ადგილობრივ გარემოში მცენარეული რესურსების შესახებ და ასევე ჰქონდათ მაღალი დონის ექსპერტული ცოდნა.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ობიექტები ადგილზე ორ ძალიან განსხვავებულ დროს იყო განთავსებული, ადრეულ და შუა პერიოდის ჰოლოცენის ეპოქაში. მკვლევარების თქმით, პირველი ფაზა დაკავშირებულია ადრეული ჰოლოცენის მონადირე-შემგროვებელ პოპულაციებთან, ხოლო მეორე ფაზა – შუა პერიოდის ჰოლოცენის ეპოქის ფერმერებთან.

წყარო : CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მიცვალებული ფეხზე ბოქლომით და კისერზე რკინის ნამგალით იყო დამარხული… – მეცნიერებმა 400 წლის პოლონელი “ვამპირის” სახის აღდგენა შეძლეს

მეცნიერებმა, დნმ-ის, 3D ბეჭდვის აპარატის და სახის მოდელირებისთვის საჭირო სპეციალური თიხის გამოყენებით, პოლონეთში, 400 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სახის აღდენა შეძლეს. რომელიც ცრურწმენების შესაბამისად იყო დაკრძალული. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მიცვალებულ ფეხზე ბოქლომით და კისერზე რკინის ნამგალით იყო დამარხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვამპირი ეგონათ და მიცვალებულის დაკრძალვის ამ მეთოდს, მისი მკვდრეთიდან აღდგომა უნდა აღეკვეთა.

“ზოსია”, როგორც მას ადგილობრივებმა უწოდეს, 2022 წელს ტორუნის ნიკოლაუს კოპერნიკის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა იპოვა.

”ეს გარკვეულწილად ირონიულია. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის დამარხეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის არ დაბრუნებულიყო, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იგი გაცოცხლებულიყო”, – განაცხადა შვედმა არქეოლოგმა ოსკარ ნილსონმა.

ნილსონის განმარტებით, ზოსია გარდაცვალების დროს 18–20 წლის იყო. მისი თქმით, ქალის თავის ქალას ანალიზმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა დაავადება, რომელის გულის წასვლას და ძლიერ თავის ტკივილს იწვევდა. ამასთან, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იპოვა იშვიათი ბიზანტიური მონეტა, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იშვიათი ბიზანტიური მონეტა იპოვა, რომელიც 977-დან 1025 წლამდე პერიოდში არის ჩამოსხმული.

მონეტის ერთ მხარეს იესო ქრისტეა გამოსახული, წარწერით „იესო ქრისტე, მეფეთა მეფე“. მონეტის მეორე მხარეს იმპერატორი ძმები – ბასილ II და კონსტანტინე VIII არიან გამოსახულები.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, როგორ აღმოჩნდა არტეფაქტი ნორვეგიაში, ერთ-ერთი მთის ფერდობზე. არაა გამორიცხული, რომ მონეტა ნორვეგიის მეფეს, ხარალდ III-ს ეკუთვნოდა, რომელიც სამეფო ტახტზე ასვლამდე ბიზანტიის იმპერატორის მცველი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

აღმოჩენილია ისტორიაში უძველესი, 290 მილიონი წლის წინანდელი კანის ნამარხი

ის სულ ერთი ციცქნაა, თითის ფრჩხილზე პატარა. თუმცა, ოკლაჰომაში, ქვიშაქვის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ქვა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას პრეისტორიული კანის შესახებ.

პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მასში შემორჩენილი ტექსტურა წარმოადგენს განმარხებული კანის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ნიმუშს; კანის ნარჩენი ცხოველთა ძალიან მრავალფეროვან კლასიფიკაციას, ამნიონიანებს ეკუთვნის.

ის 290 მილიონი წლისაა, წინა რეკორდსმენ ნიმუშზე მთელი 21 მილიონი წლით ძველი; როგორც ჩანს, ქვეწარმავალს ეკუთვნის, რადგან ძალიან წააგავს თანამედროვე ნიანგის კანს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანი, რომელიც სხეულის დამცავი ბარიერის როლს ასრულებს, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება სრული ევოლუციური სურათის აღდგენაში.

„ნიმუში ძალიან შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას გვაძლევს. ამ ტიპის აღმოჩენები ნამდვილად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენასა და გაგებას ამ ადრეულ ცხოველთა შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ეთან მუნი.

ნამარხები შეიძლება მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სხეულის ზოგიერთი ნაწილი ძალიან ძნელად, იშვიათად ინახება. ასეთია ნებისმიერი რბილი ქსოვილი — კანი, ორგანოები და შემაერთებელი ქსოვილები ძვლებზე გაცილებით ადვილად იშლება და ხშირად იქამდე ქრება, ვიდრე ქანებში განმარხება მოხდება.

თუმცა, ზოგიერთი გარემო სწორედაც რომ შესაფერისია რბილი ქსოვილების შესანახად. ერთ-ერთი ასეთია რიჩარდ-სპურის მღვიმეთა სისტემა აშშ-ის ოკლაჰომის შტატში. დანალექი ძირითადად რბილი და დაწმენდილია, ჟანგბადის ნაკლებობა კი რბილ ქსოვილთა ხრწნას აჭიანურებს. ამას გარდა, პერმიულ ხანაში, ამ მღვიმეში აქტიურად ჟონავდა ნავთობი; ნავთობში შემავალი ნახშირწყალბადებით გაჟღენთილი დანალექები ასევე უწყობდა ხელს რბილ ქსოვილთა შენახვას.

ეს პერიოდი ცნობილია ტეტრაპოდების (ოთხფეხა ცხოველები) სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. რიჩარდ-სპურის მღვიმეში აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ამნიონიანები — ხმელეთის ხერხემლიანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები.

თუმცა, ახლად აღმოჩენილი კანის ნამარხი რაღაც მართლა გამორჩეულია. კანი 3D-შია კარბონიზებული — ჩვენთვის პირველი ამ ფორმის ნამარხი პალეოზოური ეპოქიდან. ამავე დროს, ის ყველაზე ადრეული შემონახული კანის ნამარხია, რომელსაც არა მხოლოდ გარეთა ფენა აქვს, არამედ უფრო ღრმა, დერმის ფენასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც.

„შოკში ვიყავით იმით, რასაც ვხედავდით, რადგან სრულიად არ ჰგავდა იმას, რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონოდა“, — ამბობს მუნი.

მისი განცხადებით, ასე ძველი კანის ნამარხის აღმოჩენა განსაკუთრებული შესაძლებლობაა წარსულში ჩასახედად და იმის სანახავად, როგორ გამოიყურებოდა ზოგიერთი ყველაზე ადრეული ცხოველის კანი.

სამწუხაროდ, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნოდა ეს კანი ერთ დროს. არ არის აღმოჩენილი მასთან დაკავშირებული ჩონჩხი. თუმცა, სწორი, კენჭების მსგავსი ფორმის კანის ზედაპირით ის თანამედროვე ნიანგების კანს ჰგავს, ქერცლებს შორის ზოგიერთი რეგიონი კი გველებისა და ჭია-ხვლიკებისას წააგავს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა აჩვენებს, რომ ძალიან ადრეც კი, როცა ამნიონიანებმა პირველად დაიწყეს დაყოფა, კანი უკვე ჰქონდათ და თანაც მნიშვნელოვანი.

„კერძოდ, ეპიდერმისის არსებობა მიუთითებს, რომ მათი კანი მნიშვნელოვანი ბარიერის როლს ასრულებდა ხმელეთის გარემოს წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

ნამარხი კანი ასევე გვთავაზობს ახალ ხელსაწყოს ძუძუმწოვართა თმის ფოლიკულებისა და ფრინველთა ფრთების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესასწავლად. ნამარხებში პირველი ძუძუმწოვრები დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ ჩნდებიან, ფრინველები კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ. შესაბამისად, ეს იდუმალი ცხოველი შეიძლება გასაღები იყოს ჩვენი რბილი კანის ჩამოყალიბებაში.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, როგორ განსხვავდებოდა და ვითარდებოდა ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფის სხვადასხვა თვისებები. ასეთ თვისებათა ადრეული ნიმუშის ამოჩენა იშვიათი და განსაკუთრებული ფანჯარაა, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის ამ უცნაურ და საოცარ ფორმათა ისტორიაში იხსნება.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

საბოლოოდ დადგინდა, რას წარმოადგენს უძველესი ნამარხი, რომელიც ათწლეულებია, მეცნიერებს საგონებელში აგდებდა

90 წლის წინ, იტალიის ალპებში ადრეული პერმული ეპოქის უძველესი ნამარხი აღმოაჩინეს და მას შემდეგ, მეცნიერებას მსგავსი აღარაფერი უპოვია.

ის 1931 წელს აღმოაჩინეს, Tridentinosaurus antiquus-ი უწოდეს და ნამდვილად გამორჩეული აღმოჩენაა. არის 280 მილიონი წლის წინანდელი, დინოზავრებზე უფრო ძველი და მიიჩნეოდა, რომ წარმოადგენდა ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთ ყველაზე ძველ ხვლიკის ნამარხს.

კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ ის განსაკუთრებით კარგადაა შენახული — ცხოველის სხეულის ანაბეჭდი ქვაზე, თავის რბილი ქსოვილით.

თუმცა, ახლა უკვე ვიცით, რატომ აღარ გვიპოვია მას შემდეგ მსგავსი ნამარხი: ახალი საგულდაგულო ანალიზების მიხედვით, ეს რბილი ქსოვილი სინამდვილეში სულაც არაა რბილი ქსოვილი, უბრალოდ, საღებავია.

აღმოჩენა კორკის უნივერსიტეტის კოლეჯის პალეობიოლოგის, ვალენტინა როსის ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც ამ უჩვეულო ნამარხის შესწავლისას, შეცდომაში შემყვან დეტალს მიაგნო.

„ერთი შეხედვით, ნამარხი ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა. კოლეგებმა მითხრეს, რომ მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ. თუმცა, ნამარხები ყოველთვის ასე თუ ისე უცნაურია და ამიტომ, კვლევა ჩავატარე. მიკრონიმუშების მოლეკულური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენ წინაშე იყო არა კარბონიზებული რბილი ქსოვილი, არამედ შავი საღებავი“, — ამბობს როსი.

დიდი ხანია, Tridentinosaurus-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამარხია. რბილი ქსოვილი იშვიათად ინახება, რადგან როგორც წესი, განმარხების ხანგრძლივი პროცესის დაწყებამდევე იხრწნება.

თუმცა, როცა ის შემონახულია, ბევრ რამეს გვეუბნება იმ ცხოველის შესახებ, რომელსაც თავის დროზე ეკუთვნოდა — მაგალითად, კანის ფერსა და ტექსტურას, ანატომიისა და შინაგანი ორგანოების განლაგებას.

მეცნიერებს გარკვეული თეორიებიც ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ შემოინახა Tridentinosaurus-ის რბილი ქსოვილი, მაგრამ კანი დეტალებში არავის ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ამიტომ აიღეს ეს საქმე თავის თავზე როსიმ და მისმა კოლეგებმა.

პირველადმა ულტრაიისფერმა სკანირებამ მთლიანი ნამარხის გარშემო საფარი გამოავლინა, რაც ნამარხებისთვის სრულიად ნორმალურია. თუმცა, უფრო დეტალური ანალიზები იყო იმის დასადგენად, თუ რა იმალებოდა ამ საფარის ქვეშ.

კარბონიზებულ კანად მიჩნეული შავი მასალის ანალიზისთვის ჯგუფმა სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. მათ შორის — ელექტრონული მიკროსკოპი, ენერგიის დისპერსიული სპექტროსკოპი, მიკრო რენტგენული დიფრაქცია, რამანის სპექტროსკოპია და Atr-Ftir სპექტროსკოპია.

შედეგები რამდენიმე სხვადასხვა მასალას შეადარეს. ნიმუშები შეესაბამებოდა არა ორგანულ მასალას, არამედ ძვლისგან დამზადებულ შავ პიგმენტს, რომელიც ხშირად გვხვდება ისტორიულ ნახატებში.

აღმოჩენა უკიდურესად მოულოდნელი იყო.

„შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა არ იყოს, შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ. დღეს უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ უმძლავრესი ტექნოლოგიები, რომლებიც ნამარხების მოლეკულურ დონეზე შესწავლის საშუალებას გვაძლევს, რაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი იყო“, — ამბობს როსი.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ „კანი“ ყალბია, ნამარხის ზოგიერთი ნაწილი ნამდვილია. უკანა ფეხების ძვლები, რომლებზეც კანია დახატული, რეალურია. საღებავის ქვეშ ამ ძვლების შესწავლა უდავოდ რთული იქნება, მაგრამ ამაში შეიძლება 3D ვიზუალიზაცია დაგვეხმაროს.

შედეგად, მკვლევრებს რეალური Tridentinosaurus-ის შესწავლა შეეძლებათ. შეადარებენ იმ სხვა ნამარხებსაც, რომლებიც წარსულში ზედმეტად განსხვავებულად მიაჩნდათ, რათა ამავე სახეობის ან გვარისთვის მიეკუთვნებინათ.

პალეონტოლოგებმა შეიძლება ის ადგილიც მოინახულონ ხელახლა, სადაც ნამარხი აღმოაჩინეს, იმის იმედით, რომ იქნებ სხვა უფრო უკეთ შენახული ნიმუშებიც იპოვონ.

ამ კვლევამ შესაძლოა Tridentinosaurus-ის მთავარი საიდუმლო გამოავლინა, მაგრამ ერთი თვალსაჩინო მაინც რჩება.

„არ ვიცით, ვინ მოხატა ის და რატომ. გამომდინარე იქიდან, რომ ძვლების ნაწილი და წვრილი ძვლოვანი ქერცლები აშკარად ჩანს, აღმოჩენის ადგილის გათხრა ცდად ღირს, რადგან შეიძლება, იქ სხვა ძვლებიც ვიპოვოთ. ნამარხი სავარაუდოდ მის გასალამაზებლად მოხატეს“, — ამბობს როსი.

თუმცა, ალბათ მაინც ვერასოდეს გავიგებთ, ვინ და რატომ მოხატა ის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პრეისტორიული სახლის ნაშთები აღმოაჩინეს და ის დაახლოებით 8000 წლით დაათარიღეს.

მართკუთხა საცხოვრებელი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის (Ö A W) მკვლევრებმა სერბეთში, სვინიარიჩკა ჩუკაში აღმოაჩინეს.

ექსპერტების თქმით, აღმოჩენა კონტინენტის ადრეულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებზე ბევრს ამბობს.

“ეს აღმოჩენა იძლევა არსებითად ახალ შეხედულებებსა და მონაცემებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შეცვლის წინა მოდელებს”, — თქვა ბარბარა ჰორეჯსმა, არქეოლოგმა და Ö A W-ის ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

ფოტო: OeAW

ახლად აღმოჩენილი ნაგებობა დაახლოებით 8000 წლის წინ ხის ბოძებისგან ააშენეს. მისი ასე დიდი ხნით უვნებლად შემონახვის ფენომენი ხანძრით იხსნება.

“ჩამონგრეულმა და დამწვარმა მასალამ დაფარა სახლის იატაკი, არტეფაქტები, ხელსაწყოები და ჭურჭელი”, — თქვა ჰორეჯსმა.

საცხოვრებელი სახლი შეიცავს მტკიცებულებებს, რომ მისი მაცხოვრებლები ინახავდნენ საკვებს, როგორიცაა მარცვლეული და თესლები.

ნეოლითური პერიოდი ბალკანეთში დაახლოებით 8500 წლის წინ დაიწყო და 3500 წელი გაგრძელდა. დაახლოებით ამ პერიოდში ხდებოდა მონადირე-შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადასვლა. სწორედ ასე წარმოიშვა ევროპის კონტინენტზე მუდმივი დასახლებები.

ეს უახლესი აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს არსებულ შეხედულებას, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი მომთაბარე იყო.

ფოტო: newsweek

“ფაქტია, ამ პერიოდში დღევანდელი ბალკანეთის ტერიტორიაზე ადამიანებს მუდმივი დასახლებები უკვე გააჩნდათ”, — თქვა ჰორეჯსმა.

გათხრები სვინჯარიჩკა ჩუკაში 2018 წლიდან მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში არქეოლოგებმა ადრეული ნეოლითური პერიოდიდან დასახლებების მრავალი კვალი აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენები მიეკუთვნება სტარჩევოს კულტურას, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნეოლითური კულტურაა ბალკანეთის ტერიტორიაზე. სტარჩევოს კულტურა ცნობილია რეგიონში სოფლის მეურნეობის გაჩენითა და ცხოველების მოშინაურებით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

აღმოჩენილია 99 მილიონი წლის წინანდელი ციცინათელა

ზაფხულის ბინდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა ციცინათელების მბჟუტავი ნათება მწუხრის სიბნელეში.

ეს მოციმციმე მწერები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მანათობელი (ბიოლუმინესცენციური) ხეშეშფრთიანები არიან; ცნობილია მათი დაახლოებით 2500 სახეობა. მათ მანათობელ მუცელს რამდენიმე დანიშნულება აქვს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცით, როგორ გამოუმუშავდათ ეს თვისება.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრის, პალეონტოლოგ ჩენიანგ კაის ჯგუფის განცხადებით, ამ კითხვაზე გარკვეული პასუხები შეიძლება მოგვცენ ქარვაში განმარხებულმა მილიონობით წლის წინანდელმა ციცინათელებმა.

99 მილიონი წლის წინ, სახეობა Flammarionella hehaikuni წყვდიადში უკვე ანათებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის წინაპრებს ჯერ კიდევ მეზოზოურ ხანაში ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული მანათობელი მუცელი.

მიანმარში აღმოჩენილ ქარვის ნამტვრევში ასეთი მეზოზოური ციცინათელა უკვე მეორედ აღმოაჩინეს. პირველი მათგანი არის Protoluciola albertalleni და მასაც ბრწყინვალედ აქვს შემონახული მანათობელი ორგანოები. ქარვის ამავე ნატეხში ასევე აღმოაჩინეს სხვა ოჯახის წარმომადგენელი კიდევ ერთი მანათობელი ხოჭო.

ახალი აღმოჩენა იმითაა ასე ამაღელვებელი, რომ ეგზემპლარის ფარანი (მანათობელი ორგანო) განსხვავდება ქარვაში განმარხებული სხვა ხოჭოების ასეთი ორგანოებისგან; აჩვენებს, რომ 99 მილიონი წლის წინ, მწერის ბიოლუმინესცენცია (ნათება) უკვე კარგად ჩამოყალიბებული და მრავალფეროვანი იყო.

როგორც ჩანს, ბიოლუმინესცენცია ციცინათელებში ორ მთავარ ფუნქციას ემსახურება — სხვა ციცინათელათა მოზიდვას შესაწყვილებლად და მტაცებელთა გაფრთხილება ლუციბუფაგინი ტოქსინების შესახებ, რომლებმაც მათ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მეცნიერები ბოლო პერიოდში ირწმუნებიან, რომ ბიოლუმინესცენცია ციცინათელებში ლუციბუფაგინებამდე ჩამოყალიბდა. ეს კი გარკვეულ კითხვებს აჩენს მწერების ბიოლუმინესცენციის ადრეულ სარგებელთა შესახებ.

კაიმ და მისმა კოლეგებმა ქარვაში განმარხებული ციცინათელა ჩრდილოეთ მიანმარში აღმოაჩინეს, იმავე რეგიონში, სადაც მეზოზოური პერიოდის სხვა მანათობელი მწერების ნამარხებია აღმოჩენილი.

თავად ქარვა გამორჩეულად სუფთაა და მასში ჩაჭედილი მწერი საოცარ დეტალებში მოჩანს. მის ფიზიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ეს ეგზემპლარი მდედრია და ლუციოლინებს ეკუთვნის — ციცინათელების ერთ-ერთ უდიდეს ქვეოჯახს, რომელთა წევრებსაც მუცელში მანათობელი მონაკვეთები აქვთ.

თუმცა, არის გარკვეული სხვაობები. Flammarionella-ს (სახელი უწოდეს ფრანგი ასტრონომის, კამილ ფლამარიონის პატივსაცემად) საცეცები მკვრივადაა დაფარული ბეწვის მსგავსი ჯაგრით და მრავალ სეგმენტში აქვს ღრმა, ოვალური ჩაღრმავებები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი ამჟამინდელ ციცინათელებში არ გვხვდება, მსგავსი მახასიათებლები შეიძლება ვნახოთ სხვა ხოჭოებში. ჩაღრმავებების ზომის მაქსიმუმამდე გაზრდა დაკავშირებულია მწერის ყნოსვის შეგრძნებასთან და ხელს უწყობს სქესის ფერომონების ამოცნობას. მამრებს ხშირად იმავე სახეობის მდედრებზე უფრო არეული საცეცები აქვთ და შესაბამისად, მამრი Flammarionella-ს აღმოჩენა მეცნიერებს ამ მახასიათებლის უკეთესად ამოცნობაში დაეხმარებოდა.

ასევე უტყუარია განმარხებული ნიმუშის „ფარანი“, რომელიც მწერის მიცლის დაბოლოებაზეა განთავსებული და ორი სეგმენტისგან შედგება. სამომავლო კვლევის საგანი შეიძლება იყოს შედარებები მეზოზოური ეპოქის სხვა ბიოლუმინესცენციურ სახეობებთან.

ამასობაში კი გრძელდება ციცინათელებისა და მათი ნათესავი მწერების სხვა ნამარხების ძებნა.

„მომავალში, თუკი მეტ ნამარხს აღმოვაჩენთ, გაფართოვდება ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როდის, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა ნათება (ბიოლუმინესცენცია) ამ მომაჯადოებელ მწერებში მეზოზოურ ეპოქაში“, — წერენ მკვლევრები.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის “მინი კვერცხები” აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის

2021 წელს პალეონტოლოგებმა ჩინეთში ძალიან მცირე ზომის განამარხებულ კვერცხებს მიაგნეს, რომლებიც დინოზავრს ეკუთვნის. ისინი სამშენებლო სამუშაოებისას გამოჩნდა და განადგურებას მხოლოდ ასე გადაურჩა. ნაჭუჭები ქვაშია შემონახული, რომელიც ცარცული პერიოდისაა, დაახლოებით 80 მილიონი წლის წინანდელი.

ყველაზე პატარა “მინი კვერცხის” სიგრძე მხოლოდ 2.9 სანტიმეტრია, რითაც მან პირველობა იაპონიაში მიკვლეულ 4.5-სანტიმეტრიან კვერცხს ჩამოართვა. ეს უკანასკნელი Himeoolithus murakamii-ს სახეობის დინოზავრს ეკუთვნის, რომელიც 110 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

გამოცემა Historical Biology-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში სპეციალისტები წერენ, რომ ჩინეთში ნაპოვნი კვერცხები აქამდე უცნობი სახეობისაა, რომელსაც Minioolithus ganzhouensis ეწოდება. ეს ტირანოზავრის მსგავსი თეროპოდია, მაგრამ უცნობია რამდენად იზრდებოდა მათი სხეული გამოჩეკის შემდეგ.

ჩინეთში აღმოჩენილი განამარხებული ნაჭუჭები.

ფოტო: hina University of Geosciences

მეცნიერები ამბობენ, რომ “მინი კვერცხები” დღემდე ძალიან კარგადაა მოღწეული, მიუხედავად იმისა, რომ 80 მილიონი წლისაა. ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით დადგინდა, რომ მათი შიდა სტრუქტურაც თითქმის მთლიანად დაუზიანებლადაა შემონახული. დამატებითმა კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს, როგორი რეპროდუქციული პროცესები მიმდინარეობდა გვიანი ცარცული პერიოდის თეროპოდებში.

უნდა ითქვას, რომ დინოზავრების კვერცხის ზომა და ფორმა განსხვავებული იყო და ცხოველთა სხეულის სიდიდეს არ განსაზღვრავდა. მაგალითად, ზოგიერთი ორნითოპოდი დაახლოებით 14 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხებს დებდა, გიგანტური ტიტანოზავრები კი — 15 სანტიმეტრისას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

აღმოაჩინეს 237 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელსაც დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია

ბრაზილიელმა მკვლევრებმა 237 მილიონი წლის რეპტილიის ნამარხი აღმოაჩინეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არსება დინოზავრის წინამორბედია, თუმცა ზომაში მხოლოდ პატარა ძაღლის ხელაა.

საუბარია სილეზაურიდების ახალ სახეობაზე, რომელიც გვიანი ტრიასული პერიოდის გადაშენებულთა ოჯახს მიეკუთვნება.

როგორც ჟურნალ Nature-ის წინა კვლევაშია აღნიშნული, ცხოველების ეს ჯგუფი დინოზავრების უძველესი წინაპრებს მოიცავს. თუმცა, უშუალოდ ამ არსებებისა და დინოზავრების გადაკვეთის კვალი ძალიან ბლარია.

და, აი, ახლა მკვლევრებმა დინოზავრების უშუალო წინაპარს მიაკვლიეს.

არიან თუ არა ისინი დინოზავრები, დებატების საგნად რჩება, მაგრამ კვლევის ავტორები თვლიან, რომ ამ ნამარხს დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია. მეტიც, ამას თავად ფრინველების ევოლუციაზეც ბევრის თქმა შეუძლია.

პალეონტოლოგმა როდრიგო ტემპ მიულერმა ბრაზილიის სამხრეთით Gondwanax paraisensi 2015 წელს აღმოაჩინა. ეს არსება მაშინ ცხოვრობდა, როდესაც ძუძუმწოვრები და დინოზავრები ყალიბდებოდნენ. მიუხედავად 2015 წლის აღმოჩენისა, ამ მიმართულებით კვლევა მხოლოდ 2021 წელს დაიწყო.

მკვლევრების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არსება ერთ-ერთი უძველესი დინოზავრია. როგორც ჩანს, მას რამდენიმე შესანიშნავი ანატომიური მახასიათებელი ჰქონდა. სწორედ ამ მახასიათებლების შესწავლა სურთ ახლა მეცნიერებს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ დინოზავრებისა და პტეროზავრების წინამორბედები ბევრად უფრო მრავალფეროვანი არსებები იყვნენ, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. ცნობისთვის, პტეროზავრები ძირითადად მფრინავი ქვეწარმავლები იყვნენ. ეს სახეობა უშუალოდ არქოზავრების ევოლუციაზე მეტყველებს, რადგან კონკრეტული ჯგუფი მოიცავს როგორც ქვეწარმავლებს, ისე ფრინველებს.

კვლევის ავტორების თქმით, გადამწყვეტია ამ არსების ანატომიის, ბიოლოგიისა და ევოლუციის უკეთ გაგება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 19
Page 2 of 19