close

არქიტექტურა/დიზაინი

არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

Spectrum-ი – გუნდი, რომლის მიზანია, გაალამაზოს ,,ბეტონის უდაბნოები”  გრიფიტის საშუალებით

 Spectrum-ი – ასე ჰქვია გუნდს, რომელმაც კონკურსის, Social Impact Award-ის, ფარგლებში წარმოადგინა პროექტი, რათა ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცეთ განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა, ხოლო ქალაქი – ,,გაფერადდეს”.

გუნდში ოთხი წევრია: ლიზა ქართველიშვილი, ბუბა დავლიანიძე, კრისტი ნაჭყებია და თორნიკე პეტრიაშვილი. პროფესიის მიუხედავად, ოთხივეს დიდი ინტერესი და სიყვარული აკავშირებს ხელოვნებასთან, შესაბამისად, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათი პროექტის წარმატებისა და განვითარების.

,,თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ვხვდებით ბეტონის უდაბნოებივით გარეუბნებს, რომელთაც არანაირი ესთეტიკური ღირებულება არ აქვთ. სახელმწიფოს კი არ გააჩნია რესურსები ამ პრობლების მოსაგვარებლად. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის ცუდი ვიზუალი მოქმედებს ყველა ადამიანზე, ამასთანავე, ქმნის ბიზნესისთვის არამიმზიდველ გარემოს. ამის გამო კონცენტრირება გვხვდება ძირითადად ქალაქის ცენტრზე, გარეუბნები კი არ ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ, ეს პრობლემები დავუკავშიროთ და ერთმანეთის საშუალებით გამოვასწოროთ. კერძოდ, ვიპოვოთ მხატვრები, რომელთაც მოვამარაგებთ საღებავი რესურსებით, ვიშუამდგომლოთ მერიასთან მათი ნამუშევრების ლეგალიზაციასთან მიმართებით, ყველანაირად მივცეთ საშუალება საკუთარი თავის რეალიზებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ. მეორე მხრივ კი, ვიშუამდგომლოთ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასთან, რათა გავითვალისწინოთ მათი აზრი იმისთვის, რომ ოპტიმალურად დავარეგულიროთ ორივე მხარის მოთხოვნები საერთო კეთილდღეობის მისაღწევად” – აღნიშნავს გუნდის წევრი – თორნიკე პეტრიაშვილი.

გუნდმა ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით მიაღწია დასახულ მიზანს და მოხვდა შვიდ ფინალისტს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში არაერთი პრობლემა წარმოიშვა, მათ მოახერხეს მოლაპარაკება სხვადასხვა უწყებასთან კონკურსის ორგანიზატორების – ქეთევან ებანოიძისა და ელენე ჟვანიას – დახმარებით.

,,ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სტარტაპროექტებით. ზამთრის არდადეგებისას ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი Impact Hub-ის workshop-ების სერიას სოციალურ ბიზნესებზე, რამაც დამაინტერესა, რადგან მანამდე დეტალურ ინფორმაციას ვფლობდი მათზე. ვინაიდან უნივერსიტეტისგან ვისვენებდი და დროც მქონდა, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შანსი და სრულიად უფასოდ გამევლო ვორქშოფის სამდღიანი სერია, რამაც ნამდვილად გაამართლა. ბიზნესიდეა სწორედ აქ დამებადა Brainstorming-ის დროს. გამიმართლა, რომ ამავე Workshop-ზე სრულებით შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი მეგობარი -თორნიკე პეტრიაშვილი – რომელსაც მაშინვე გავანდე იდეა და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა მის დახვეწასა და ამუშავებაზე. Workshop-ზე მიღებული რჩევებით და ცოდნით შექმენით ბიზნესმოდელი, მაგრამ მივხვდით, რომ 2 ადამიანის სურვილი და მონდომება ვერ ეყოფოდა პროექტს, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა 2 ახალი წევრი – ცოტნე დავლიანიძე და ქრისტი ნაჭყებია”- აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – ლიზა ქართველიშვილი.

გუნდი ახლო მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელსაც სოციალური სახე ექნება. გუნდის წევრების მიზანია, რაც შეიძლება მეტ გრაფიტისტს დაუკავშირდნენ, მოიპოვონ დაფინანსება და საზოგადოების ინტერესი.

გუნდის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიკულტურამსოფლიოსაქართველო

ქართული და იაპონური საცხოვრისების შედარებითი ანალიზი

ეროვნული არქიტექტურა – ეს არის ის სიმფონია, თანაჰარმონიულობა, თანაჰანგობრიობა, რომელიც არის ხელთქმნილსა და ხელთუქმნელს შორის. სახლი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც განსაკუთრებული სახით არის ორგანიზებული, ყოველი ადამიანი გააზრებულად თუ გაუაზრებლლად ცდილობს ამ სივრცის მოწყობას თავისი ყოფაცხოვრების და ტრადიციიდან გამომდინარე.

ტრადიციული არქიტექტურა – ეს არის ქვეყნისა და მისი კულტურის სახე, რომლიც ძირითადად შექმნილია უცნობი ხუროთმოძღვრის მიერ ხალხური ადათწესების გათვალისწინებით. ყველა ერს აქვს მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული საცხოვრებელი სახლი, მათ შორის არის როგორც განსხვავებები, ასევე – მსგავსებები ფუნქციურ თუ  კონსტრუქციულ გადაწყვეტაში, დეკორსა თუ სხვა მახასიათებლებში.

მხოლოდ საკუთარ სახლში შეუძლია ადამიანს იგრძნოს თავი დაცულად და დაისვენოს გარე სამყაროსგან, აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა – რას წარმოადგენს ტრადიციული იაპონური სახლი: „მინკა“ და  ქართული:„ოდა“ სახლი?

სურათი 1: იატაკის ტიპი იაპონონურ საცხოვრისში. წყარო:  jnto.go.jp

სისტემა: იაპონური საცხოვრებელი სახლის სახე (მინკა), შეიძლება იყო ერთნაირი სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, თუმცაღა, ამ სახლების სტრუქტურული შემადგენლობა იცვლებოდა სოციალურ ფენასთან იდენტიფიცირების კონტექსტში. (იხ. სურათი 1).  როგორც წესი შემოსაზღვრული იყო ღობითა და ჭიშკრით, რომელთა ზომა და მოკაზმულობა მეტყველებდა მათი პატრონის სტატუსზე. ზოგადად, სტრუქტურულად, სახლის გეგმა იყო მართკუთხა, ერთსართულიანი, მისი სტრუქტურა, როგორც თანამედროვეობაში ეს ტერმინი დაფუძნდა, იყო კარკასული და სეისმურად მდგრად სისტემას წარმოადგენდა. იატაკის დონე იყო აწეული 0,6 – 0,7 სმ-ით, რაც გამოწვეულია იაპონიის ბუნების ბიოკლიმატური სტატუსკვოთი – სინესტე, სეისმური ზონა.  (იხ. სურათი 2).

სურათი 2: მინკა – სახლის ჭრილი. წყარო: jnto.go.jp

მოძრავი ტიხრები: რომლებიც მიმართულნი იყო ქუჩისკენ, იყო ყრუ, სტატიკური და უმოძრაო, ხოლო ის კედლები რომლებიც გადაჰყურებდა შიდაეზოს, ყოველთვის იყო მოძრავი. მოძრავი კედლები – ,,ამადო” კეთდებოდა მერქნის მყარი ფურცლებისგან და წელიწადის თბილ დროს ხდებოდა მათი დემონტაჟი. ოთახები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო შიდა მოძრავი კედლებით – ,,ფუსუმათი”. ტრადიციულ იაპონურ სახლში ,,ვაბის” პრინციპის თანახმად, ცოტა ავეჯია. საუკეთესო სახლებში მისაღებ ოთახში ყოველთვის იდგა დაბალი მაგიდა და დამონტაჟებული იყო წიგნების თაროები, აგრეთვე ნიშა – ,,ტოკონომა”, რომელიც მთლიანი სახლის ესთეტიკურ ცენტრს წარმოადგენდა.

სისტემა: ოდა სახლი ფართო გავრცელების არეალს პოულობს დასავლეთ საქართველოში. თავისი გეგმარებითი და მოცლობით-სივრცითი გადაწყვეტილებებით, აღნიშნული საცხოვრისი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შეგვიძლია გამოვყოთ ,,ოდა სახლის” სამი ძირძველი სახეობა.

I – წარმოადგენს მოგრძო ფორმის ერთი ოთახისგან შემდგარ სახლს, რომელსაც ერთ-ერთი გვერდიდან ერწყმის აივანი, გადახურულია ორქანობიანი სახურავით. (იხ. სურათი  3).

სურათი 3: I ტიპი, ოდა სახლი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

II – ხასიათდება ერთი, ორი, სამი და, იშვიათ შემთხვევაში, ოთხი ოთახის ჯაჭვით, რომელთა გასწვრივ მოწყობილია ფართო აივანი.

სურათი 4: II ტიპი, ოდა სახლი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

III – ტიპი შეიცავს ოთახების ორფრთიან განლაგებას, რომელთაც ორივე მხარეს აქვთ აივნები, გეგმარება არის კვადრატული ფორმის და ეს ყოველივე გადახურულია ოთხქანობიანი სახურავით. აქ შეინიშნება სივრცის განვითარების ეტაპები, რთულდება საცხოვრისის შიდაორგანიზება, არსი ცვლილებებისა გამოიხატება იმაში, რომ ოროთახიან საცხოვრებელში სასადილოს გამოეყო მისაღები ოთახი, რომელიც მთავარ ოთახად გადაიქცა, საძინებელს კი გამოეყო მცირე სამეურნეო აივანი.

სურათი 5: III ტიპი, ოდა სახლი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში ასეთ სახლებს თავისებური ხასიათი აქვთ.  ამ მიდამოებში განსაკუთრებულად დიდია ატმოსფერული ნალექები, არის მაღალი ტენიანობა, რის შედეგადაც, კარკასული სისტემა გამოიყენება. ზემოხსენებულ რეგიონებში სახლები შენდებოდა ხის და ქვის ბურჯებზე, რომელთა სიმაღლე 0,5 დან 2,5 მეტრამდე იყო. (იხ. სურათი 6)

სურათი 6: ოდა სახლის ფასადი წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

,,ოდა  სახლის” თითქმის ყველა სახეობაში გვხვდება გეგმის სრული მიბმა ფასადის გადაწყვეტასთან. კარების და ფანჯრების ჭრილი ძალიან ხშირად განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით:

ფანჯარა > კარი > ფანჯარა>კარი >ფანჯარა

       დიდი ოთახი        პატარა ოთახი

მოძრავი ტიხრები: რაც შეეხება ასაკეც ტიხრებს – ისინი, როგორც იაპონიაში, ქართულ სახლშიც გვხვდება, ზოგიერთ ოდა სახლში არის ასაწყობი ტიხრები, რომლებიც   აერთიანებს ორ-სამ მოსაზღვრე ოთახს და იქმნება ერთიანი სივრცე.

აივანი: იაპონურ სახლში გვხვდება ტრადიციული ,,ენგავა”. ეს არის ღია გალერეა, რომელიც მიჰყვება შენობის გარეპერიმეტერს, მას სახლის სახურავი ფარავს.

ენგავა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სირცეს, იგი არის გარედერეფანი, რომელიც აკავშირებს სახლის ყველა ოთახს, (იხ. სურათი  7), ამავე დროს ენგავა იცავს წვიმისგან, თოვლისგან და ზაფხულის სიცხისგან, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სტუმრების მისაღებ ადგილად, თუმცაღა, სამურაების სახლების შემთხვევაში მასში უნდა ემოძრავა დარაჯს, ისე, რომ არ დაერღვია ოჯახის წევრთა მყუდროება.

სურათი 7: მინკა სახლის ფასადი, ენგავათი. წყარო: jnto.go.jp

ენგავას მთავარი დანიშნულება იყო გარდამავალი სივრცის როლი, გარე და შიდა სამყაროს შორის, სახურავი და მოძრავი დარაბები ,,შიჯი” ენგავას ინტერიერის ნაწილად აქცევს. ხოლო ღია სივრცით ის მიეკუთვნება გარესამყაროს.  ოთახებიდან შეიძლებოდა ენგავაზე მოხვედრა, რომელიც ამყარებდა ურთიერთკავშირს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, სწორედ ის მოიაზრება ,,შუალედურ სივრცედ”. (იხ. სურათი  8).

სურათი 8: იაპონური ტრადიციული სახლის ჭრილი. წყარო: jnto.go.jp

აივანი: ზემოთ განხილული იაპონური ტრადიციული საცხოვრისის მახასიათებლების და ე.წ.  შუალედური სივრცის ცნების ფონზე შეგვიძლია დავინახვოთ მსგავსება ქართულ ტრადიციულ არქიტექტურასთან, ოდა სახლის სახით, რომელიც უძველესი დროიდან გვხვდება და დღემდეა შემორჩენილი.  ე.წ. შუალედური სივრცე სხვადასხვა სახით გვხვდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების ოდა სახლებში  (იხ. სურათი 9).

სურათი 9: ოდა სახლის აივანი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ღია აივნები სხვადასხვა პერიმეტრალური დისლოკაციით გარს უვლის სახლს. ამგვარად, აივანი გარდამავალი სივრცეა ოდა სახლის ეზოსა და თვითონ სახლს შორის. ოთახები განლაგებულია საერთო აივნის გასწვრივ. აივნის სვეტებს შორის მანძილი განსაზღვრავს მის იერსახეს, რომელიც გამშვენებულია უნიკალური ხის ორნამენტებით – აჟურით.

სურათი  10იაპონური ბაღის გეგმა. წყარო: jnto.go.jp

აივნის ტიპის სახით ოჯახის ცხოვრებასთან დაკავშირებული მრავალფუნქციონალურობა იკვეთება, სადაც დიდ როლს თამაშობს ქართული ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა, ხდება სტუმართან შეგებება, გამასპინძლება. აივნით იქმნება ქართველი ადამიანის საცხოვრისის არქიტექტურული სახე, სადაც მისთვის დამახასიათებელი ,,შუალედური სივრცე” არსებობს, ამ მხრივ, ქართული ოდას აივანს უდიდესი მხატვრულ-ესთეტიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა აქვს, რაც ახასიათებს იაპონურ გარდამავალ სივრცეს ,,ენგავას”.

ეზო: ეზო, ქვები – ცნობილი ჯუჯა ბაღები – იაპონური ტრადიციიდან და რელიგიდან გამომდინარეობს. ჭიშკრიდან იწყება გახსნილი სივრცე, სიღრმეში მდებარე შენობასთან მისასვლელ გზას ეზო უნდა გაევლო, ეს ეზოები სხვადასხვა ტიპისაა და შუალედური სივრცის ინდივიდუალურ სახეს გვთავაზობს (იხ. სურათი 11).

სურათი 10: იაპონური ბაღი. წყარო: jnto.go.jp

იაპონური ტრადიციული ეზოები – ბაღები, გარდამავალ სივრცედ შეიძლება მოვიაზროთ. ქვის ლოდებისა და ქვიშის ფერდოვანი გამის მეშვეობით ისინი ქმნიან მაღალი ღირებულებების ესთეტიკურ გარემოს (იხ. სურათი 12).

წყარო 11: ქართული ბარის გეგმა. წყარო: ეროვნულ ბიბლიოთეკა

ეზო: „ოდა სახლის” წინ კოინდარით დაფარული ეზოები მისი  წინამოა.  სტუმარი  შემოდის ეზოში, ის უკვე მასპინძლის საცხოვრისშია და ექმნება გარკვეული განწყობილება.

სურათი 12: გადახურული ჭიშკარი

გარდამავალი სივრცის ფუნქციას დასავლეთ საქართველოში ასრულებს ეზო მოლით, რომელშიც მასპინძელი ეგებება სტუმარს. კაკლის ან მუხის ხის ძირში იგი უმასპინძლდება მას ჩირით, თხილით, ხილით, ჭაჭით. ადგილი ჰქონდა ე.წ აპერიტივეს, სანამ დიასახლისი მოამზადებდა სადილს სატრაპეზოდ. (იხ. სურათი 13).

სურათი 13: იაპონური ეზოს ხედი წყარო: jnto.go.jp

ხედი: იაპონური სახლიდან ზემოაღწერილიდან გამომდინარე იყურება შიდა ეზოში ესპლანადით ანუ საკუთარ მიკროსამყაროს პროექციაზე. ყრუ პერიმეტრიალური კედლით იაპონელი ემიჯნება რეალურ გარემოს და იხსნება ექსკლუზიურ – საკუთარ ვირტუალურ სამყაროში.

ხედი: საქართველოში,  უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სახლის ორიენტაციისა, იმერელი კაცი მას აუცილებლად ხედზე ხსნის. ზოგადად ქართველისათვის ხედი გარესამყაროზე – ბუნებაზე პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე, განწყობას უპირველესი მნიშვნელობა აქვს მათთვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ოდა სახლი იხსნება ყველა შესაძლო ხედებზე ოთხივე მიმართულებით. სახლი გარესამყაროსთან კავშირშია, სტუმართმოყვარეა და ამავე დროს ბუნება არის მისი განუყოფელი ნაწილი. მისი ეზო არის მთელი სამყაროს მისტიკური ანარეკლი და იგი სიმფონიაშია მასთან.

სურათი 14: ქართული ეზოს ხედი

მსგავსებები ნამვილად არსებობს ქართულ და იპოონურ საცხოვრისს შორის, ტრადიციული არქიტექტურის ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანთა ცხოვრების წესი და ბუნებრივ-კლიმატური პირობები. ხაზი შეიძლება გაესვას იმ მაგალითს, როდესაც ორივე ტრადიციული საცხოვრისის შემთხევაში სახლის იატაკის ნიშნული აწეულია მიწის ზედაპირიდან, აივნების სისტემის მსგვასებას, ბუხრებს,  მოძრავ ტიხრებსა და სხვა დეტალებს.

მეცნიერულად დადგინდა, რომ ოდა სახლის მიწის ზედაპირიდან ყველაზე ოპტიმალური აწევის დონე რეგიონის ბიოკლიმატური ანალიზიდან გამომდინარე ეს არის 0,8 – 0,9 სმ, რაც აგრეთვე საინტერესო პარალელს ავლებს იაპონური საცხოვრებელი სახლების კონსტრუქციასთან და მათ ზომებთან.

თანამედროვე არქიტექტურის შექმნისას იაპონელი არქიტექტორები დიდ ყურადღებას ანიჭებენ შესასვლელს – ,,გარადამავალ სივრცეს”. მათ ნამუშევრებში კარგად ჩანს იაპონური ტრადიციის შენარჩუნება, მისი გაგრძელება და განვითარება. ცნობილი იაპონელი არქიტექტორის – კიშო კუროკავას მოღვაწეობაში მთავარი ადგილი უჭირავს არქიტექტურის ,,მნიშვნელობას”, რომელიც ბადებდა სივრცის შეგრძნებას, ყოველივე ის კი ეყრდნობოდა იაპონურ  კულტურას. მან თავისი მზერა მიაპყრო ნაციონალური კულტურის შესწავლას, ცდილობდა გამოევლინა ესთეტიკის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის საკვანძო მომენტები, ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არქიტექტურა უნდა პასუხობდეს იაპონური კულტურის ძირითად პრინციპებს.

ყველასათვის ცნობილი მეტამორფოზის არსი – ცვლილება და გარდაქმნა, კიშო კურკავას არქიტექტურულ თეორიაში უკავშირდება გარდამავალ სივრცეს ანუ იგივე შუალედურ სივრცეს და ორაზროვნებას. მას მიაჩნია, რომ არქიტექტურაში მეტამორფოზა შესაძლებელი გახდა, შუალედური ზონების არსებობის წყალობით. თავის ბოლო ნამუშევრებში კუროკავა ცდილობს შექმნას ისეთი არქიტექტურული სივრცე, რომელიც შეესაბამება იაპონურ მსოფლმხედველობას. იაპონური სივრცის კონცეფციას არასდროს ახასიათებდა გამოკვეთილი საზღვრები, აქ არ ხდებოდა  მკვეთრი გამიჯვნა ინტერიერისა და ექსტერიერის სივრცეებს შორის. მასზე მეტყველებს იაპონური სახლის ტიპოლოგია, რომელსაც წინ ღია სივრცე აქვს.

როცა თანამედროვე ქართულ არქიტექტურა იქმნება,  უნდა შენარჩუნდეს სწორედ ის სული და მნიშვნელობა, რომელიც ახასიათებს ტრადიციულ ქართულ  არქიტექტურას – ეს იქნება რომელიმე კონკრეტულ სივრცე, დეტალი თუ  ის მისტიკა , რომელიც არის სივრცეში და სიტყვებით არ გამოითქმის.

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

[[1]] Crouch, D., & Jonhson, G. (2001). Traditions in Architecture, Africa, America, Asia and Oceania. New York: Oxford University Press.

[2] Davitaia, M. (2000). Concept of kisho kurokawa Architecture and Paradigms of Georgian Architecture. Tbilsi: Georgian Technical Univesity.

[3] Garakanidze, M. (1956). Georgian Traditional Wooden Architecture.

[4] Meparishvili, N. (2016). Traditional Homes of Georgia: The Reason to be Proud. Smithsonian Center for Folklife and Cultural Heritage.

[5] Turner, T. (2011). Asian Gardens, History, Beliefs and Design. New York: Routiedge.

 

 

 

 

 

 

 

დავით ასანიძე

ურბანული და სივრცითი დაგეგმარების მაგისტრი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიკვლევებიკულტურამსოფლიო

რატომაა 2,000 წლის რომაული ბეტონი თანამედროვეზე ბევრად უკეთესი?

უძველესი რომის ერთ-ერთი  საიდუმლოებაა ბეტონის ნავსადგურის ნაგებობები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ 2,000 წელია ზღვის ტალღები ეცემა, კიდევ შენარჩუნებულია მაშინ, როცა თანამედროვე ქმნილებები მხოლოდ ათწლეულებს უძლებს.

მეცნიერებმა ამ ფენომენის მიღმა დაუჯერებელი ქიმია აღმოაჩინეს და დიდი ხნის დაკარგულ რეცეპტს მიუახლოვდნენ. როგორც აღმოჩნდა, რომაული ბეტონი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მყარდება.

მკვლევარების გუნდმა, რომელსაც იუტას უნივერსიტეტის გეოლოგი მარი ჯექსონი ხელმძღვანელობს, რომაული ბეტონის კრისტალური სტრუქტურა შეისწავლეს.

თანამედროვე ბეტონი, როგორც წესი,  დამზადებულია პორტლანდ ცემენტის, სილიკის ქვიშის, კირქვის, თიხის, ცარცის და სხვა ინგრედიენტების ნარევის დუღილის ტემპერატურაზე გაცხელებით. ეს პასტა აერთიანებს ,,აგრეგატს” – ქანებსა და ქვიშას.

რაც შეეხება რომაულ ბეტონს. ის შექმნილია ვულკანური ნაცრის, კირისა და ზღვის წყლის შედეგად წარმოშობილი ქიმიური რეაქციისგან.

ვულკანურ ნაცართან შერეული კირდუღაბი იყო ვულკანური კლდე, როგორც აგრეგატი, რომელიც შემდეგ ისეთ მასალასთან შედიოდა რეაქციაში, რომელიც რომაულ ბეტონს ბევრად უფრო გამძლედ აქცევდა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მკვლევარებმა ნიმუშები ელექტრონული მიკროსკოპის, რენტგენის მიკრობიფორაციისა და რამაული სპექტროსკოპიის გამოყენებით მიიღეს. ამ განვითარებული ტექნიკით მათ შეძლეს უძველეს ბეტონში ყველა მინერალური კომპონენტის იდენტიფიცირება.

მეცნიერები განსაკუთრებით ალუმინის შემცველი ტუბერმორიტით დაინტერესდნენ, მძიმე სილიკონზე დაფუძნებული მინერალი, რომლის მიღება საკმაოდ იშვიათი და რთულია ლაბორატორიაშია, უძველეს ბეტონში უხვადაა წარმოდგენილი.

როგორც ირკვევა, ალუმინის ტუბერმორიტი და ფსოლიფსიტი ზღვის წყალთან შეხების შედეგად იზრდება, ნელ-ნელა შლის ვულკანურ ნაცარს და ქმნის სივრცეს ამ რკინაბეტონური კრისტალებიდან ძლიერი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.

ეს საკმაოდ უცნაურია და იმის საწინააღმდეგოა, რაც თანამედროვე ბეტონში ხდება. ის  იფიტება, ვინაიდან მარილწყალი ჩამორეცხავს რკინის არმატურასა და იმ ნაერთებს, რომლებიც მასალის ერთიანობას განაპირობებს.

სამწუხაროდ, რომაელების ბეტონის დამზადებიოს რეცეპტი დაიკარგა. ამ ბეტონის გამოყენება საუკეთესო იქნებოდა თანამედროვე ნაგებობებშიც, განსაკუთრებით სანაპირო ნაგებობებში. ასე რომ, ამ რეცეპტის აღდგენით მკვლევარების ზემოთხსენებული გუნდი დიდ სამსახურს გაუწევს საზღვაო ინჟინრებს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა:

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინი

როგორი იქნება მანჰეტენზე აშენებული U–ს ფორმის ცათამბჯენი?

 

უახლოეს მომავალში მანჰეტენზე კიდევ ერთი ცათამბჯენი აღიმართება, რომელიც თავისი აგებულებით მსოფლიოში უნიკალური იქნება. ბერძენმა არქიტექტორმა – იოანის ოიკონომუმ – უცნაური, ამობრუნებული U- ფორმის შენობის პროექტი შეიმუშავა, რომლის ორივე ტოტის ჯამური სიმაღლეც 1 200 მეტრზე მეტი იქნება.

პროექტის სახელია „ბიგ ბენდი“ და მასში განლაგდება ლიფტები, რომლებიც ვერტიკალურის გარდა, ჰორიზონტალური მიმართულებითაც იმოძრავებს. ამ ეტაპზე პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის სახით არსებობს და მას ინვესტორი არ ჰყავს. შესაბამისად, ნიუ-იორკში მისი მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილი არ არის.

დღესდღეობით ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი შენობაა სავაჭრო ცენტრი „ვან უორლდი“ (მისი მშენებლობა 2014 წელს დასრულდა), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპების ადგილზე აშენდა. ცათამბჯენის სიმაღლე 541 მეტრია. ეს არის შეერთებულ შტატებში უმაღლესი ცათამბჯენი. მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენია „პარკ ავენიუ“ (2015 წელი), რომლის უმაღლესი წერტილიც 432 მეტრის სიმაღლეზეა. იმავდროულად, ეს არის მსოფლიოში უმაღლესი საცხოვრებელი შენობა. 2019 წელს უნდა დასრულდეს „სენტრალ პარკ ტაუერის“ მშენებლობა, რომლის საპროექტო სიმაღლეც 472 მეტრია.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინისაქართველო

ორი ქართული ბენზინგასამართი სადგური მსოფლიო ათეულში მოხვდა

 ბენზინგასამართი სადგურები, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებ ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ძეგლებად მიიჩნევა, მიუხედავად ამისა, ლონდონში დაფუძნებული არქიტექტურული საიტის – ,,DesignCurial-ისრედაქტორები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბენზინგასამართ სადგურებზე და  რჩეულთა სიაც გამოაქვეყნეს, რომელთა შორის ორი ქართული სადგურიც დასახელდა.

ათასობით კვლევის ობიექტი შეფასდა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა  დიზაინი, ინოვაცია და  ნაგებობის შესაბამისობა მის შემოგარენთან, უშუალოდ ათეული კი ასე გამოიყურება:

1)“Rest Area Niemenharju” ფინეთში, ჰელსინკიდან მოწვეული არქიტექტორების პროექტი. ბენზინგასამართი სადგური აერთიანებს რესტორანს, სავაჭრო სივრცეს, ღამის გასათევ ადგილსა და საუნასაც კი.

 

2)“POPS Arcadia Route 66″ ოკლაჰომაში, რომელიც ერთგვარი გზისპირა გასართობი ცენტრია დაღლილი მგზავრებისთვის.

 

3) ბათუმის ბენზინგასამართი სადგური – მსოფლიოს მესამე ულამაზესი სადგური, რომელიც ,,მაკდონალდსის” შენობას ერთვის. მისი დიზაინი 2013 წელს, არიქტექტორ – გიორგი ხმალაძის მიერაა შექმნილი.

 

4) ,,NP” გაზსადგური ესპანეთში.

 

 

5) ,,Orival-ის” ბენზინგასამართი სადგური ბელგიაში, რომელიც 16 წელია ფუნქციონირებს.

 

6),,Esso Mobil Station” დიდ ბრიტანეთში, რომელიც 1964 წელსაა აგებული.

 

7) ,,365-Fina Europe Service Station” – ნიდერლანდებში.

8) “Helios House” აშშ-ში, რომელსაც მომავლის ბენზინგასამართ სადგურსაც უწოდებენ, რადგან კონსტრუქცია შედგება უჟანგავი მეტალისა და 90 მზის პანელისაგან, რათა სადგურმა აანაზღაუროს დახარჯული ენერგია.

9) ,,ვისოლის” ბენზინგასამართი სადგური საქართველოში, რომლის დიზაინიც გერმანელ არქიტექტორს ჯ. მეიერს ეკუთვნის.

10) ‘’Jack Colker Union 76″ აშშ-ში, აშენდა 1965 წელს.

 

წყარო:  qz.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგია

ინოვაციური თვითმწმენდი 3Dცათამბჯენი  გარემომცველ ჰაერს ასუფთავებს

მატერიალურ მეცნიერებათა კომპანია ,,Arconic-მა” ცათამბჯენი დააპროექტა, რომელიც თვითმწმენდი 3D ნაბეჭდი მასალისგანაა დამზადებული. მასალას ცათამბჯენის გარემომცველი ჰაერის სმოგისგან გაწმენდაც შეუძლია.

,,Arconic-ის” მეცნიერები ფუტურისტებტან ერთად მუშაობენ იმის დასადგენად, თუ როგორი არქიტექტურა და ტექნოლოგია იქნება საჭირო მომავალი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. 3D-ნაბეჭდი კონსტრუქციის მასალის შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს შენობები ორგანული კონფიგურაციებისგან შექმნან.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცათამბჯენი, რომელიც დაახლოებით 5 კილომეტრის სიმაღლის სტრუქტურაა, 2062 წლისთვის შესაფერი ნაგებობა იქნება. მის შესაქმნელად საჭირო მასალების ნაწილი ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია, ნაწილი კი – განვითარების ეტაპზეა. მაგალითად, არსებული ტექნოლოგია, რომელიც თვითგამწმენდის საშუალებას იძლევა და რომელსაც ეკოქლინს უწოდებენ,  ჩვეულებრივი მინიანი ფანჯრის ალტერნატივას წარმოადგენს.

როგორც კომპანია ,,Arconic-ის” ერთ-ერთმა მეცნიერმა, შერი მაკქლეარმა, ,,Business Insider-ს” განუცხადა, „ფუნქციური საფარი ესთეტიკურია, სასარგებლოა საექსპლუატაციო შეღავათის თვალსაზრისით და ხელს უწყობს გარემოში დამაბინძურებლების დონის შემცირებას.“

ბუნებრივი სინათლისა და წყლის ორთქლის ნაზავი ეკოქლინის საფართან ერთად თავისუფალი რადიკალების გავრცელებას იწვევს, რომელიც ჰაერისგან დამბინძურებლებს დევნის და შენობის გარეთ არსებულ ჰაერსაც ასუფთავებს.

,,Arconic-ის” მეცნიერების თანახმად, 3Dბეჭდვა იმ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, რომლებიც ცათამბჯენებზე მუშაობენ, ბევრად უფრო მეტ ვარიანტს სთავაზობს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა შესაძლებელი და საშუალებას აძლევს ისეთი ნაგებობები შექმნან, რომლებიც ძლიერ ქარსა და ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს უძლებს.

გარდა მაღალი, თვითგამწმენდი და ჰაერის გამწმენდი ცათამბჯენებისა, კომპანია მფრინავ მანქანებსა და აეროდინამიკური თვითმფრინავის ფრთებზეც მუშაობს.

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორია

ბორჯღალას წარმოშობა, ეტიმოლოგია და მნიშვნელობა

ბორჯღალა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. ვედური ,,სვასტიკა” კუთხოვანი სიმბოლოა, ქართული კი მრგვალმკლავა და უფრო წრიულია. ამ ნიშანს ქართულად ,,ბორჯღალო” ეწოდება.

ბორჯღალა თავისი წარმოშობით პროტოქართულ ძირებს უკავშირდება. სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება. იმავე პერიოდით თარიღდება შუამდინარეთში (შუმერი) აღმოჩენილი უძველესი ნიმუშიც.
სვასტიკის ნიმუშები მოიპოვება თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი). კერძოდ, კოხლეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ცულებს პირზე ამოტვიფრული აქვთ სვასტიკის ნიშანი.
ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად მიიჩნეოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე, დედაბოძზე, სამეფო ბეჭდებზე (მცხეთა), შენობებზე, საკულტო ნაგებობებსა და ჭურჭელზე.
ეს სიმბოლო გამოსახულია ქრისტიანულ ტაძრებზეც (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, მარტყოფის ეკლესია და ა.შ.)
სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ,,ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐).

სვასტიკა იაფეტიდური მოდგმის უპირველესი სათაყვანო ნიშანი იყო. ამას მოწმობს კუნძულ კრეტასა და ტროაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები.
შემდეგ, კი, როცა მოხვდა პროტოქართული მოდგმის ინდოევროპულით ჩანაცვლება და აღმოსავლეთში გავრცელდა არიული ტომები, მოხდა ამ სიმბოლოს მითვისება და მიკუთვნება.

,,ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული ,,ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში ,,ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.
ზოგი მკვლევარი ,,ბორჯღალის” განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: ,,ბორჯ” მეგრულად ..დროს”, ..ჟამს” აღნიშნავს, ხოლო ,,ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ,,ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია…

ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ,,ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა ,,ბურჯი”. სიტყვა ,,ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.
ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.

ბორჯღალი თავად არის მარადისობის სიმბოლო, ეს არის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ნიშანი. იგი მზის კულტთანაა დაკავშირებული. ბორჯღალი ღვთაებრივი ბორბალია, რომლის ენერგია კონცნეტრირებულია ერთ წერტილში, ცენტრში, ხოლო მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ მზის მუდმივ მოძრაობას ცაზე, „მოძრაობის მარადისობას“, ბრუნვადობას, ჟამთაღრიცხვას, უკვდავებას.
მზე წარმოადგენს “ღიაობას”, ანუ ემანაციის პროცესს… იგი ასხივებს სიცოცხლეს, ქმნის ამინდის, ჰარმონიაში მოყავს წელიწადის ოთხივე დრო და პლანეტების მოძრაობა, ის არის ჩვენი გალაკტიკის წონასწორობის ცენტრი!

ქართულ სტანდარტულ ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება). არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი, ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: “არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა”. ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი:
მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე

7-ქიმიანი ბორჯღალა სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა. ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს და სწორედ ამიტომ დაყო გაერთიანებული საქართველო ფარნავაზ მეფემ 7 სამთავროდ, მაშინ თითოეული კუთხის მფარველი ერთი გარკვეული მნათობი იყო.
აქედან წამოვიდა ქართულ ენაში სიტყვები ,,მ-შვიდი”, ანუ ,,მე-შვიდი”, ,,მ-შვიდ-ობა” და ისტორიამაც ცხადყო, რომ, როცა ეს ერთობა ურყევი იყო, ღირსეული მშვიდობა სუფევდა საქართველოში, ცა და მიწა ერთად იყო და ქართველობისთვის ყველა ქართული სამთავროს ერთად ყოფნა მ-შვიდ-ობის უზრუნველყოფად აღიქმებოდა.
გაერთიანებული საქართველოს და ქართველის ერის ოფიციალური და არაოფიციალური სიმბოლო ყოველთვის ბორჯღალო იყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგანათლებასაქართველო

რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულთათვის პროექტი იწყება

მერია და თბილისის განვითარების ფონდი, ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად, აცხადებს კონკურსს საველე სკოლის პროექტში მონაწილეობისთვის.
საველე სკოლის პროექტი, რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ და „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით, იწვევს 17-დან 40 წლამდე რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის სფეროში გადამზადების მიზნით.
პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია.
აღნიშნული პროექტი მოიცავს, ფრანგი რესტავრატორი/ინსტრუქტორის მიერ თეორიული და პრაქტიკული კურსის საფუძველზე, პროექტში მონაწილე პირთა გადამზადებას.
კურსის სამუშაო ენას წარმოადგენს ფრანგული, რომელიც ითარგმნება ქართულ ენაზე თარჯიმნის საშუალებით.
პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული ნაწილი მოიცავს, ქალაქ თბილისში, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას.
პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილის წაკითხვა მოხდება, როგორც ფრანგი ინსტრუქტორის, ასევე, ქართველი ლექტორების მიერ.
პროექტში მონაწილე პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციისთვის საჭირო სხვადასხვა სამუშაოები: ძველი შენობის შეფასება, მასალის ხელახალი გამოყენება, გამაგრება და აღდგენა, ქვის თლის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შესწავლა, ტექნიკური ნახაზის შედგენა ძველი თბილისის ზოგიერთი ქუჩის მაგალითზე, სამუშაოებისა და ხელსაწყოების, ქვის თლის აღმნიშვნელი ტერმინების დამუშავება ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ ენებზე.
აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე. ყოველდღიური დასწრება სავალდებულოა. განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი.
პროექტისათვის შერჩეულ პირებს დაენიშნებათ სტიპენდია.
პროექტში მონაწილეობისათვის საჭირო სავალდებულო მოთხოვნები:
ა) საქართველოს მოქალაქე, 17-დან 40 წლამდე;
ბ) ფიზიკურად მუშაობის უნარი;
გ)პროექტის მიმდინარეობისას ყოველდღიურ რეჟიმში სრულად დასწრების შესაძლებლობა;
დ)ინტერესი და მიზანსწრაფვა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების მიმართ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა მიმდინარე წლის 17 მარტის ჩათვლით, ელ-ფოსტაზე chantier-ecole@tbilisi.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) სამოტივაციო წერილი;
პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7.
კონკურსანტის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე, გათვალისწინებული იქნება ასევე კონკურსანტის შესაბამისობა პროექტით წინასწარ დასახულ მიზანთან.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინისაქართველო

საბჭოთა არქიტექტურა საქართველოში ,,Expat Photoghraphers-ის” ობიექტივში მოხვდა

 ორი წელია, რაც ,,Facebook-ის” სოციალური ქსელის მეშვეობით, შეიქმნა ერთგვარი  ონლაინთანამეგობრობა სახელწოდებით  – “Georgia Expat Photoghraphers”. ჯგუფის წევრებმა დაიწყეს სხვადასხვა ტურის შედგენა თბილისსა და საერთოდ საქართველოში, რითიც ისინი ეხმარებიან  ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ უცხოელ ფოტოგრაფებს მარტივად მოიძიონ ინფორმაცია საინტერესო ადგილების შესახებ, რაც მთავარია, მინიმალური დანახარჯებით.

გაერთიანება, როგორც წესი, ისეთ ადგილებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ტიპური ტურისტული კომპანიების მარშრუტში არ შედის. ამჯერად მათი ყურადღება საბჭოთა პერიოდის ქართულ არქიტექტურაზე შეჩერდა, ,,დოქტრინა“ გთავაზობთ მათ მიერ მოძიებულ მასალებს:

მეტრო ,,დელისის“ მიმდებარე ტერიტორია –  გასულ თვეში, ფოტოგრაფებმა გადაწყვიტეს ქალაქის დათვალიერება თბილისის მეტროთი დაეწყოთ, ,,მე მჯერა, რომ ტურისტებმა თბილისში, უპირველეს ყოვლისა, მეტროთი უნდა იმგზავრონ, ეს აუცილებელიც კია, ,,არ შეგეშინდეთ აქაური სამარშრუტო ტაქსებისაც, ეს ქალაქის შესწავლის ყველაზე სახალისო მეთოდებია,”-წერს ფიშერი, გაერთიანების იდეის ავტორი. მათი ფოტოსესია დაიწყო სწორედ დელისის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ფოტოგრაფების ყურადღება სამმა ერთმანეთთან დაკავშირებულმა კორპუსმა მიიქცია, იხილეთ კომპლექსის პანორამული ხედი:

ყოფილი არქეოლოგიური მუზეუმი – მდებარეობს დიღმის მასივში, თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე.  მუზეუმი დაარსდა 1988 წელს, ცნობილი ქართველი არქეოლოგის – როსტომ აბრამიშვილის მიერ. აქ დაცულია თანამედროვე  თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის უმეტესობა, ჯამში 200-ზე მეტი ძეგლი, რომელიც 6000-წლოვანი დასახლების ისტორიას ასახავს.

 

რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ძეგლი –  მდებარეობს  საქართველოს სამხედრო გზაზე,  გუდაურის სათხილამურო კურორტსა და ჯვრის უღელტეხილს შორის. არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ქართველებსაც, ხშირად ეს ადგილი უბრალო პლატფორმად მიაჩნიათ, რომლიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. სინამდვილეში კი, ის რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ძეგლია, რომელიც 1983 წელს აშენდა  გეორგიევსკის ტრაქტატის აღსანიშნავად.

ძეგლის შიდანაწილი მოიცავს მთელს კედელზე გამოსახულ ფილით დამუშავებულ სცენებს საქართველოსა და რუსეთის ისტორიიდან.

 

წყარო:  www.reinisfischer.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინი

ყველაზე მყარი და მსუბუქი სამშენებლო ბლოკი

პოლისტიროლ-ბეტონის (სომპროლიტის) ბლოკი ერთ-ერთ  ყველაზე მყარ და მსუბუქ სამშენებლო მასალად არის მიჩნეული.
იქ სადაც წონა გადამწყვეტია,  გამოიყენება პოლისტიროლ-ბეტონის (სიმპროლიტის) მსუბუქი სამშენებლო ბლოკი; ეს ბლოკის ფორმა საშუალებას იძლევა დაწყობის დროს ,,ჩაიკეტოს” ბლოკები დამატებითი შრომითი დანახარჯებისა და ზედმეტი დუღაბის გამოყენების გარეშე.
10 მიზეზი, რის გამოც  უპირატესობას ენიჭება პოლისტიროლ-ბეტონის ბლოკს:
• გამოიყენება როგორც შემავსებელი, ასევე მზიდი კედლისათვის;
• თბოიზოლაციის მაღალი დონე; თბოგამტარობის კოეფიციენტი 0.06-0.08 Wt/(m°C) და არ არის დამოკიდებული მასში ნესტის შემცველობაზე;
• მცირე მოცულობითი წონა 450-750კგ/მ3;
• ნესტმდგრადობის მაღალი დონე; მისი ორთქლგამტარობის თვისების შედეგად არ წარმოიქმნება კონდენსატი;
• მაღალი ყინვამდგრადობა; ცდების შედეგად დადგენილია, რომ 100გაყინვა-გალღობის ციკლის შემდეგ, სიმტკიცის შემცირებამ შეადგინა მხოლოდ 1.5-1.8 ;
• ეკოლოგიურად სუფთა; არ გააჩნია რადიაციული ფონი;
• პოლისტიროლბეტონი არის ცეცხლმდგრადი მასალა, რომელიც ცეცხლში არ იწვის;
• სუნთქვის უნარი – სიმპროლიტის ორთქლგამტარობის კოეფიციენტი 0,110-0.135 mg/(m*h*Pa);
• ბგერაიზოლაციის მაღალი დონე;
• ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი -არა ნაკლებ 100 წლის;

საშუალო ფასები და მონაცემები:
ბლოკის ზომა / ფასი / წონა / სიმტკიცე
10 * 20 * 40 – 1.35ლ / 4.5კგ / M25
20 * 20 * 40 – 2.2ლ / 10კგ / M30
20 * 30 * 40 – 2.8ლ / 14კგ / M32

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6
Page 5 of 6