რა საოცარი დრო-ხანა ჩამოდგა დედამიწაზე! რა საინტერესო ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ! აისბერგების მხოლოდ წვეროებს რომ ვხედავდით და იმდენად გვაფრთხობდა ყინულოვანი წყლების სიღრმეში ჩაძირული მათი გიგანტური სხეულები, ხმამაღლა საუბარს რომ ვერ ვბედავდით და მხოლოდ უიმედოდ ვჩურჩულებდით მათი დამანგრეველი უძლეველობის შესახებ.
„არ არის საიდუმლო, რომელი არა გაცხადდეს“, ორი ათასი წლის წინ მაცხოვრის ბაგეებით წარმოთქმულ ამ ფრაზას ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანთა წინაშე, მათ გულ-გონებაში აღმოცენებული, ახალი, იმედის ფრთებგამობმული ფრაზა დაემატა: „არ არის მთა, რომლის გაცამტვერებას ადამიანი ვერ შეძლებს, თუნდაც ეს მთა ყინულად ქცეული იყოს“.
შეიძლება სიგიჟედ ჩამითვალოთ ეს ოპტიმიზმი, მაგრამ,დარწმუნებული ვარ, ყველას დაემართება ეს ბედნიერი სიგიჟე, ვინც სულ მცირე _ სახურავს ახდის აქამდე უჩინარ სიბრძნის კიდობანს (ამ დრომდე ის უჩინარი უნდა ყოფილიყო!), რომელსაც ძირი არ გააჩნია და ზერელე დათვალიერებითაც, სწორედ რომ სიგიჟემდე მისული ოპტიმიზმით ავსებს ადამიანს. ამ კიდობნის საგანძურს პირობითად შეიძლება კოლხ-იბერიულ სიბრძნეს დამატებული ქრისტეს მოძღვრება ვუწოდოთ, ოღონდ იმ საიდუმლო ენაზე წაკითხული, რომელსაც ალეგორიის ენას უწოდებდა საღვთო სიბრძნეს მოწყურებული სააზროვნო სივრცე, ჩვენ კი, თიბერიონელებმა, სიმარტივისთვის კოდებისა და ფესვების ენა ვუწოდეთ, თუმცა ამ სიბრძნის დღის სინათლეზე გამოსვლას ჰემატრიაც დასჭირდა და დაფარვის ხერხების სხვა მეთოდების გამოყენებაც.
გახსოვთ, რა აქვს მეორე სათაურად ლურსმულ ენაზე შესრულებულ უძველეს შუმერულ ნაწარმოებს _ „გილგამეშს“? შეგახსენებთ: „რომელმან სიღრმე იხილა“! დიახ! ბიბლიის პირველი ხუთწიგნეულის დაწერამდე დიდი ხნით ადრე იბერიულმა გონმა მიაგნო მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს, მაგრამ ეს საიდუმლო მას გველმა მოჰპარა. ამ ალეგორიის საიდუმლოს ჩვენს პირველსავე შეხვედრაზე გაგიხსნით, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება მისთვის, ვინც სიღრმეს იხილავს, სიღრმე კი… სიღრმე ისეთი უნდა, როგორიც იმ დიდებულ სიბრძნის კიდობანსა აქვს, რომელზეც ესესაა გიამბეთ და რომელსაც შემდგომში იბერიულ სიბრძნედ მოვიხსენიებ.
მოგეხსენებათ, ერს თუ მაღალზნეობრივი, წარმატებული და ბედნიერი მომავლის აშენება სურს, თავის წარსულთან კავშირი არ უნდა გაწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ასეთ მომავალს აშენება არ უწერია. ეს რომ კარგად გაიაზრა ქართულმა კოლექტიურმა გონმა, იქიდან ჩანს, რომ ლაიბნიცის გენიალური ფრაზა – „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“, ილიასგან სა-ჭირ-ოდ აქცენტირებული, ერთი წუთით არ გაუნაპირებიასამოქმედო ასპარეზიდან. ჩვენც, მოდით, ასეთი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისშივე წარსულიდან გზავნილებს მივუგდოთ ყური:
1. იოანე ზოსიმე: „ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა“
შეგინიშნავთ, რომ წმინდა ტექსტების წინასწარმეტყველებებს მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ და უტყუარობის სტატუსს ვანიჭებთ, როცა ის თვალდათვალ ხდება. განა სულ ახლო წარსულში, რომელსაც, პირობითად, „გუშინ“ შეიძლება ვუწოდოთ, საკუთარი ყურით არ მოვისმინეთ ქართულ ენაზე ამეტყველებული მხილება ღვთის გზას აცდენილი სამყაროსი, რასაც ფეხდაფეხ იმ სამყაროში მორჭმულად ადაპტირებული ქვეყნების საუკეთესო შვილთაგან თვითმხილება მოჰყვა, რასაც ღვთიური სმენის ადამიანთათვის აღსარების ელფერი დაჰკრავდა?! ამით დაიწყო სრულიად ახალი ერა კაცობრიობის სულიერი განვითარების ისტორიაში, რამაც წმინდა წიგნის ჯერ გაუხსნელ-ჩაბნელებულ ნიშებში სინათლის სუსტი, მაგრამ საიმედო სხივი ააციმციმა.
2. ილია: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი!“
„მყობადი“ ანუ აწმყო – ხიდი, წარსულიდან მომავლისკენ გადებული. კვლავ ქართულ ენას მივმართოთ, რომელშიც „ყოველივე საიდუმლო დამარხულ არს“ (ისვ იოანე-ზოსიმე!), რათა „მყობადის“ ფესვს ანუ ამ სიტყვაში ჩასაიდუმლოებულ ღვთაებრივ არსს მივაგნოთ. მყო-ბადი! „მყო“ იგივეა, რაც „შემქმნა“ (ვინ შემქმნა, ამას განმარტება არ სჭირდება, რადგან ეს ყოველმა სულიერი გენეტიკის მქონე ქართველმა იცის). „ბადის“ საწყისი ფორმა აუცილებლად „მბადი“ ანუ დამბადებელი იქნებოდა, ისე გარკვევით ისმის მასში ფუძე სიტყვისა „და-ბად-ება“, უბრალოდ, ბგერა „მ“, უთუოდ, ლინგვისტიკის ისტორიული ლაბირინთის რომელიღაც ნიშაში გაიჭედა. ნახეთ, რა გვიკარნახა ამ უმოკლესი ფრაზით ილია მართალმა: – ჩვენი მომავალი თვითონვე უნდა გამოვჭედოთ!
3. რუსთაველი: „რასაცა გასცე, შენია!“, რაც პირდაპირ გვკარნახობს, რომ მომავლის „გამოჭედვის“ საიდუმლო, რომელსაც მივაგნებთ (…და ეს საიდუმლო ფაქტობრივად მიგნებულია!), მთელ სამყაროს უნდა გავუნაწილოთ ანუ გადავცეთ და ამით „მივცეთ მომავალი ხალხს“ – ფართო პერსპექტივით – მთელ მსოფლიო სოციუმს. ამით მოვიპოვებთ ყველაზე დიდ სიმდიდრეს – ღვთის წყალობას, რომლის ამოქმედების მეშვეობითაც კოლექტიური ქართული სულიერი სხეული სრულად განათდება.
4. ამ გზავნილებს არ შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება არ დავუმატოთ, თვით მამაზეციერისგან გაცხადებული: ჩვენი გეო-მდგომარეობა, მდებარეობა ევროპა-აზიის შუა ხაზზე, რაც ქართველ ერს რწმუნებას აძლევს, რომ მას შეუძლია და ევალება კიდეც, ჩაწვდეს სამყაროს ყველაზე იდუმალი ფენომენის – ჯვრის მისტერიას და ამ რთულსა და ეგზისტენციალურად სახიფათო დროში იპოვოს მხსნელი შუა ხაზი – გზა, რომელიც ძე -ღმერთმა ამ ჯვრის ვერტიკალურ, მიწისა და ცის შემაერთებელ ვერტიკალზე საკუთარი ჯვარცმული სხეულით მონიშნა.
5. ყველა ამ გზავნილს კი აერთიანებს წინაპართა დიდებულ სულებს სულ ახლახან შეერთებული მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ნაანდერძები ფრაზა: „საქართველოს მისია სულიერშია!“
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: ამდენის მცოდნე ჩვენმა წინაპრებმა თვითონ რატომ არ გააკეთეს ეს მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი? გიპასუხებთ: ეს დრო მხოლოდ ახლა დადგა! რატომ? – ამ შეკითხვაზეც პირველსავე შეხვედრაზე გიპასუხებთ. მანამდე კი ერთი თემა უნდა დავამუშაოთ, როგორც საწყისი წერტილი, საიდანაც ჩვენი ურთიერთობა უნდა დაიწყოს.
მოსეს ხუთწიგნეულის ე. წ. სოდომის ეპიზოდში (დაბადება 18. 20-18) ერთი საოცარი პარადიგმა იღებს სათავეს, რომელსაც, პირობითად, შეიძლება ათი მართლის პარადიგმა ეწოდოს და რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი ღვთაებრივი (შემდგომში ფილოსოფოსების მიერ აღმოჩენილი) კანონის – რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის დედამიწურპროექციად განიხილება. ამ კანონის მარტივად ჩამოყალიბება ასეთი სახით შეიძლება: სოდომში ათი მართალი რომ აღმოჩენილიყო, უფალი ამ ქალაქს არ გაანადგურებდა. ათი იყო ის უმცირესი რიცხვი, რომელსაც ქალაქისთვის ეგზისტენციალური საფრთხის არიდება შეეძლო. ეს ბიბლიური პარადიგმა ყველა სივრცესა და დროში, ყველა ინდივიდში მუშაობდა და მუშაობს. ის აუცილებელი მდგომარეობაა ყველა ქვეყნის ყოველგვარ განვითარებაში. როგორც კი მართალთა ეს რიცხვი დგება (მართალი ღვთისკენ აღმავალი ვირტუალური კიბის მაღალი მესაფეხურეობის აღმნიშვნელი სიტყვაა), ამ ერთობის ჯამური სულიერი მდგომარეობა საზოგადოების ფენებში სწრაფად განიტოტება და პროცესი ავტომატურ, თვითმართვად რეჟიმში გადადის. მერე ხდება ის, რასაც ჩვენი ერი ღვთის შეწევნას ეძახის ანუ ღმერთი – უმაღლესი წმინდა შესაძლებლობა, რომელიც მანამდე ერში თვლემდა, იღვიძებს და მოქმედებას იწყებს. ამ მოქმედების შედეგს კი, რამდენი ხანია, ქართველმა გაბრწყინებული საქართველო დაარქვა.
…და კიდევ ერთი! არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი და გონიერი სიტყვა „საზრისი“. ეს არის პასუხების კრებული კითხვებზე: ვინ ვარ? რატომ და რისთვის ვარ აქ, დედამიწაზე და ჩემი ყოველდღიურობით საით მივდივარ?როდესაც პიროვნება საზრისის სულისკვეთებით ცხოვრობს, ის ჭეშმარიტად თავისუფალი, წარმატებული და ბედნიერი ხდება, ხოლო ქვეყანა, რომელშიც ასეთი ადამიანების კრიტიკული რიცხვი იკრიბება, იწყებს თავისი სულიერი მისიის აღსრულებას, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ქვეყნის უძლიერესი პოტენციალის ამოქმედებისა, რაც მხოლოდ ამ ქვეყანას კი არა, მთელ დედამიწურ სამყაროს სჭირდება.
თუ თქვენს გულსა და გონებაში ამ ჩემმა გზავნილმა ძალუმი იმპულსები აღძრა, რომლებიც ერთ ფრაზაში გაერთიანდნენ: „სწორედ ამას ვეძებდი, ეს მე ძალიან მჭირდება!“, აუცილებლად შეგვეხმიანეთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენც სწორედ თქვენ გეძებდით. გამოგვეხმაურეთ, რათა გავერთიანდეთ. გარწმუნებთ, ასეთი ერთობის დრომ დარეკა!
ასე რომ… ვიწყებთ უღალატო ბიბლიური და იბერიული პარადიგმებით მოქმედებას – უპირველეს ყოვლისა, კრიტიკული რიცხვის შექმნით! „დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!“ (ეს კი ბარათაშვილია!).
ცნობილი ბრიტანელი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და ბრწყინვალე ქართველოლოგი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინზე“, ასეთ რამეს წერს: პატარა ქვეყნების ისტორია ყველაზე რთულია. როგორც ასტეროიდი გამუდმებით იცვლის გეზს და იმსხვრევა დიდი პლანეტების მიზიდულობით, ასევე პატარა სახელმწიფოს ბედ-იღბალი მუდამ იცვლება დიდი იმპერიების ზეგავლენით. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სირთულეს ეს ფაქტორიც განაპირობებს“.
კრიტიკული რიცხვი ის სულიერი სიმძლავრეა, დედამიწურგანზომილებაში ღვთიურ ძალებს რომ აღძრავს. მხოლოდ ამ ძალებს შეუძლიათ ეს პატარა, მაგრამ კაშკაშა ასტეროიდი, დიდი პლანეტების მიზიდულობის ველში, აღმავალი სიყვარულისა და სიკეთის სვლა-გეზის ორიენტირით აღჭურვოს. ვინც საკუთარ თავს ასეთი რიცხვის შექმნაში მოიაზრებს, შემოგვეხმიანეთ შევარჩიოთ საუბრისთვის მოსახერხებელი სივრცე.
გამარჯვების რწმენით და თქვენი გამოხმაურების იმედით – ელდინო საღარაძე,
21 იანვარი. 2025 წელი.
ელდინო საღარაძე
მსახიობი, პოეტი, პედაგოგი
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი,,დოქტრინა“