close

განათლება

განათლებასაქართველო

გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებს 2019 წლიდან დაუბრუნდება

მომავალი სასწავლო წლიდან, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდება.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კომისია შეიქმნება, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედაენის შინაარსობრივი ნაწილის შეჯერებასა და დამტკიცებაზე იმუშავებს.

ამ სიახლის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა. 

განათლების “სამინისტროში იქმნება ეროვნული კომისია, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედა ენის შინაარსობრივი ნაწილის შეჯერებაზე იმუშავებს. შემდეგ კი მისი დამტკიცება მოხდება. ეს გახდება ერთიანი სახელმძღვანელო, რომელიც სკოლებში დაინერგება როგორც საანბანო სახელმძღვანელო. გარდა აღნიშნულისა, არსებობს მზაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც განათლების სამინისტოში გამოიყენება, კანონმდებლობით დაცული იყოს. უკვე დავარეგისტრირეთ ინიციატივა, რომ ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი სახელმძღვანელოს მომზადება და გრიფირება სპეციალური წესით ხდებოდეს. – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სრულად ნახვა
განათლება

ბირმინგემის უნივერსიტეტში ლექტორს 400 სტუდენტიდან აუდიტორიაში არცერთი არ დახვდა

ბირმინგემის უნივერსიტეტის ლექტორი შოკირებული დარჩა, როცა მის ლექციაზე 400 სტუდენტიდან არცერთი არ მივიდა.

დოქტორმა დებორა ლონგვერსმა, რომელიც ინგლისური ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი გახლავთ, კლასს ელექტრონული წერილი მიწერა, სადაც ის შეშფოთებას გამოთქვამდა ლექციის მიმართ გამოჩენილი „სრული უინტერესობის  გამო.“ გარდა ამისა დებორა ლონგვერსმა ცარიელი აუდიტორიის ფოტო მთელ დეპარტამენტს გადაუგზავნა.

“ეს გახლავთ აუდიტორიის ფოტო, სადაც მეორე კურსელი სტუდენტები უნდა დასწრებოდნენ ლექციას თემაზე – “შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და დადგენა.“ შოკირებული დავრჩი, როდესაც 400 სტუდენტიდან არც ერთი არ ესწრებოდა ლექციას, მიუხედავად იმისა, რომ დასწრება სავალდებულო იყო,“  აღნიშნავს ლონგვერსი ელექტრონულ ფოსტაში.

ლექტორი ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლექცია უნივერსიტეტის „კითხვის კვირის“ პერიოდში ჩატარდა, დასწრება სავალდებულო იყო.

„გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტის წესების თანახმად, დაგეგმილი საათები სავალდებულოა და ასეთ ლექციებზე დასწრებას მკაცრად ვაკონტროლებთ,“ აცხადებს დებორა ლონგვერსი.

ლექტორის პასუხად სტუდენტმა ანაბელაპენჰალიგონმა განაცხადა, რომ მან, სხვა სტუდენტების მსგავსად არ იცოდა, თუ ლექცია ჩანიშნული იყო, ვინაიდან ეს მხოლოდ დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაში იყო ნახსენები. გარდა ამისა, სტუდენტებს „კითხვის კვირის“ გამო სახლებში წასვლა ქონდათ დაგეგმილი და ბილეთების დაბრუნება დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო ლექციის გაცდენა პრობლემებთანაა დაკავშირებული. ორი ან მეტი გაცდენის შემთხვევაში სტუდენტს სოციალურ ჯგუფთან უწევს შეხვედრა.

„ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, ჩვენც რუტინულად ვამოწმებთ სტუდენტთა დასწრებას სავალდებულო ლექციებსა და სემინარებზე,“ აცხადებს უნივერსიტეტის პრეს-სპიკერი, თუმცა განმარტავს, რომ ლექცია  „კითხვის კვირის“ დროს ჩატარდა, ამიტომ სტუდენტები არ იყვნენ ვალდებული, მას დასწრებოდნენ.

სტუდენტების უნივერსიტეტს ამ დღეებში დაუბრუნდებიან, ვინაიდან „კითხვის კვირა“ დასასრულს უახლოვდება.

წყარო : birminghammail.co.uk

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“

2019 წლის 10-20 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლუვენის უნივერსიტეტის (UCL) მონაწილეობით, ატარებს საზაფხულო სკოლას და კონფერენციას – „ქართული ხელნაწერი“. ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი ექვსი წლის მანძილზე წარმატებულად ატარებდა ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლებს.
საერთაშორისო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ პროგრამა უნიკალურია.
სასწავლო მოდულების შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, საისტორიო დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები.
საზაფხულო სკოლის ლოგიკური გაგრძელებას წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, რომელზეც თავისი კვლევების პრეზენტაციებით წარდგებიან სკოლის შერჩეული მონაწილეები და ლექტორები. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას. სამეცნიერო კონფერენციაზე დაგეგმილია ერთი პლენარული სხდომა  და სამი სექცია შემდეგი მიმართულებების შესაბამისად:

  • აღმოსავლური ქრისტიანული ხელნაწერების კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, წიგნის ხელოვნება;
  • ხელნაწერი მემკვიდრეობის კატალოგიზაცია, ბაზები და დიგიტალიზაცია;
  • სამეცნიერო პროექტების პრეზენტაციები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები  იწვევენ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს და დოქტორებს), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).
შერჩეულ კანდიდატებს სკოლასა და კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ეცნობებათ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა.
სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 10 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დეტალები და სკოლის სააპლიკაციო ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.manuscript.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ

პირველკლასელის სასკოლო ასაკი შესაძლოა, გადაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი განმარტებით, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

„სასკოლო მზაობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც რიცხვითი მონაცემი გავაჩეროთ, ეს იყოს დაბადების ასაკი ან 31 დეკემბერამდე პერიოდი, ან თუნდაც 16 სექტემბრამდე შევისწავლოთ ბავშვის მომზადება იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს. ამ მიმართულებით თუ ცვლილება დაიგეგმება, ეს ალბათ, იქნება პირდაპირ მიბმული იმ კანონებთანაც, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ეხება. შეიძლება იყოს 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი და ამის შემდეგ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომით გადაწყდეს პირველ კლასში რა ასაკის შევა – ეს არის ჩემი მოსაზრება. არ არის გამორიცხული ეს საკითხი გადაიხედოს, მაგრამ ამას სერიოზულად დაჯდომა და მოფიქრება სჭირდება.

თუკი ბავშვი ვუნდერკინდია, რაღაც ტიპის განსაკუთრებულობა არსებობს, ამ შემთხვევაში მინისტრის პრეროგატივაა, რომ დაუშვას 6-წლამდე ასაკის ბავშვის პირველ კლასში მიღება. რამდენადაც მახსოვს იყო ასეთი მიდგომა, შეიძლებოდა მინისტრისთვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე განსაკუთრებული მონაცემი ჰქონდა. სასკოლო ასაკის მზაობა არ არის მაინცდამაინც 6 წელი, შეიძლება იყოს 7 წელი ან 5 წელი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაგანათლებაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

გიორგი კონტუაძე – 28 წლის ლექტორი და ,,Giffer-ის” დამფუძნებელი

28 წლის გიორგი კონტუაძე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გახლავთ, რომელიც ასევე  არის ერთ-ერთი წარმატებული ქართული ინოვატორული სტარტაპის – ,,Giffer-ის” დამფუძნებელი და სათავეში უდგას ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო ,,Kraken-საც”. გავიცნოთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ისტორიას თავად გვიამბობს.

-ციფრული მარკეტინგი 21-ე საუკუნის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ყოველთვის უჭირთ ხოლმე მისი ზუსტი განმარტების შემოთავაზება, შენ, პირადად, როგორ აუხსნიდი მის მიზნებსა და დანიშნულებას მკითხველს?

რთულია, განსაზღვრო ის რაც დღევანდელ დღეს შეიძლება ყველაფერი იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა დოზით არის ტექნოლოგიები და ციფრული კომუნიკაცია ჩვენს ცხოვრებაში. ეს იმდენად სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომ რთულია განისაზღვროს სად ვიქნებით ხვალ და რასთან ადაპტირება მოგვიწევს უახლოეს მომავალში, ტექნოლოგიები ხომ მუდმივად ვითარდება. ხშირად მითქვამს, რომ ხანდახან რთულია მიხვდე რომელია რეალური სამყარო, ის სადაც ვცხოვრობთ თუ მეორე, ჩვენი მოწყობილობების მიღმა არსებული, ალბათ უკვე მეორე, რადგან იქ გაცილებით მეტ დროს ვატარებთ. მეგობრები აღარ გვენატრებიან, რადგან უკვე ყოველდღიურად შეგვიძლია ვადევნოთ მათ თვალი. ეს ძალიან ვრცელი თემაა, საინტერესო და ამოუწურავი და მასზე საუბარიც ძალიან დიდხანს შეიძლება.

-საინტერესოა, როდის დაინტერესდი ციფრული მარკეტინგით და რა მიგაჩნია საქმიანობაში მთავარ ფაქტორად, რამაც შენი წარმატება განაპირობა?

– ამ მიმართულებით სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი, პირველ კურსზე რომ ვიყავი, მუდმივად ვეცნობოდი მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობდი არასდროს ჩამოვრჩენილიყავი ციფრულ სამყაროში დანერგილ სიახლეებს. ჩემი მიზანი დღესაც უცვლელია, კომპანია რომელიც უკვე 60-ზე მეტ კომპანიას ემსახურება, სრულ სერვისს სთავაზობს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აქამდე მოსვლა კი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა დაუღალავი შრომა და მაქსიმალური აქცენტი მომსახურებაზე, რადგან საქართველოში კარგი და კომფორტული მომსახურების შეთავაზება არ არის მარტივი.

-სტარტაპი ,,Giffer-ი” უკვე ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, მოგვიყევი მისი შექმნის ისტორია და გზა, რომლის გავლაც დაგჭირდათ სანამ წარმატებას მიაღწევდით?

– მაშინ როდესაც კრაკენი მუშაობდა ერთ-ერთ პროექტზე და რიგითი შეკრება გვქონდა სადაც ვფიქრობდით სხვადასხვა იდეებზე, დაიბადა გიფერის იდეაც, რომ შეგვექმნა მოწყობილობა რომელიც იქნებოდა განსხავებული და ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მომგვრელი. მოგეხსენებათ ფოტოების ბეჭდვა უკვე დიდი ხანია ჩვენთან პოპულარულია ამიტომ გადავწყვიტეთ ყოფილიყო გიფი, განსხავებული, ახალი ხილი ჩვენი ხალხისთვის. საამაყოა ის ფაქტი რომ სამმა მეგობარმა, ფაქტობრივად ნულიდან, ჩვენივე ფინანსებით ავაწყეთ პირველი აპარატი, სტარტაპის წარმატება, ჩემი აზრით, დამოკიდებულია კარგ პროდუქტზე და იმ სტრატეგიაზე თუ როგორ გააკეთებ პროექტის პოზიციონირებას ბაზარზე. ჩვენს შემთხევაში, ეს იყო ,,თბილისი ოფენ ეარი”, სადაც უფასოდ დავდგით ,,გიფერი”, ამ სამი დღის შემდეგ კი – მისი ცნობადობა და პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა, და იზრდება ახლაც, ,,გიფერი” უკვე 5 ქვეყანაში ოპერირებს.

როდესაც გჯერა იდეის, გარისკვას არ უნდა მოერიდო, როდესაც საწყის ეტაპზე ხარ, გაქვს ექსპერიმენტების შესაძლებლობა, გაქვს უფლება დაუშვა შეცდომები, რადგან სტარტაპი ხარ. მერე ამას არავინ გაპატიებს.

დღევანდელ დღეს უკვე ძალიან ბევრი პროექტი არსებობს რომელიც სტარტაპებს ეხმარება განვითარებაში და ეს მისასალმებელია, ჩვენ ყველაფერი ჩვენით გვქონდა მოძიებული, არ ყოფილა არანაირი ფინანსური ან მსგავსი ხელშეწყობა, მიუხედავად იმისა რომ ყველგან გვახსენებდნენ და გვპატიჟებდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპს.

-რა მომსახურება გვთავაზობს თვითონ ,,Kraken-ი”? ასევე, საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ასე დაგერქმიათ მისთვის სახელი.

-,,კრაკენი” საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც კომპანიებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით აუთსორსულ მომსახურებას სთავაზობს. კრაკენი მითიური არსებაა, რომელსაც გაჭირვების დროს უხმობენ ხოლმე, ასე ვართ ჩვენც, კომპანიებს ვშველით, საცეცებით უამრავ საქმეს ვასრულებთ და თან ყოველთვის აქვთ ჩვენი იმედი. კომპანია მეხუთე წელია აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულადაც, ის რომ უკვე 60 კომპანიაზე მეტი სარგებლობს ჩვენი მომსახურებით,  ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ გვენდობიან და ჩვენი ხარისიხი მათთვის მისაღებია, ჩვენ კი მუდმივად ვიზრდებით.

-პარალელურად ლექტორის საქმიანობასაც ითავსებ, როგორია ახალგაზრდა ასაკში ამ სტატუსის მორგება?

-22 წლის ვიყავი როცა ილიას უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად დავიწყე მუშაობა, ცოტა არ იყოს ამ დროს რთულია რადგან ასაკოობრივი განსხვავება არ არის, სტუდენტები თანატოლად აღგიქვამენ, თუმცა ჩემს ლექციებზე ყოველთვის კარგი დასწრება და დისციპლინა იყო, სტუდენტებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, არასდროს არ მინდოდა სტანდარტული ლექტორი ვყოფილიყავი, ამიტომ სულ ვცდილობდი ლექციები სახალისო და მეგობრული მქონოდა.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოქიმია

90 წლის მეცნიერი და ქიმიის პედაგოგი 65 წლის სტაჟით

მე-11 კლასში ვიყავი, ვენერა ბებოსთან რომ მიმიყვანეს, ქიმიასთან დიდად ვერ ვმეგობრობდი და – იქნებ რამე ,,გეშველოსო”. მეგონა, ტიპური ქიმიკოსი დამხვდებოდა, მხოლოდ რეაქციები და ნივთიერებები რომ აინტერესებს – შევცდი. ვენერა მასწავლებელმა ქიმია შემაყვარა – ისე, რომ რეაქციების ამოხსნა ჩემი ჰობიც კი გახდა, მაგრამ ჩვენ, ქიმიის გარდა, ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, მედიცინაზე, მაძლევდა საუკეთესო რჩევებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, 4 საათი ისე გადიოდა, ვერც ვხვდებოდით. ვენერა ბებო მაშინ 84 წლის იყო, ახლა კი – მალე 91-ის გახდება.

რომ ვუთხარი, თქვენთან ინტერვიუ უნდა ჩავწერო-მეთქი, ,,აღშფოთდა”- მე რა ჩასაწერი ვარო. არადა, ნამდვილად სჭირდებათ ახალგაზრდებს ისეთი მოტივატორი, რომელიც 90 წლის ასაკშიც კი მზადაა, საკუთარი ცოდნა უანგაროდ გასცეს, მუდმივად ისწავლოს რაღაც ახალი და განვითარდეს.

-მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენ შესახებ.

-ვარ ვენერა ლაზარაშვილი-ნათიძე, 1927 წელს დავიბადე ბორჯომში. ბაღში, სკოლაში – ხშირად მაქებდნენ, 4 წლიდან  გამოვდიოდი სცენაზე. არასდროს არ მიყვარდა თავის გამოჩენა, მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ მამჩნევდნენ, სკოლაში კლასკომის თავმჯდომარე, უნივერსიტეტში ჯგუფხელიც ვიყავი. სკოლაში ფრიადებზე ვსწავლობდი. მახსოვს, მასწავლებელმა ერთი სუსტი მოწაფეც კი მომაბარა, რომ მემეცადინებინა.

ეს იშვიათად ხდებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში პროტექციის გარეშე შევძელი, რომ დაუსწრებელიდან დასწრებულ სწავლებაზე გადავეყვანე. სასწავლებელში წლების განმავლობაში იყო ჩემი სურათი ფრიადოსნების დაფაზე გამოკრული.  პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მქონდა. ტყუილი არასდროს არ შემეძლო და ვცდილობდი, ჩემი ყველა საქმე პატიოსნად შემესრულებინა.

-ქიმიისადმი ინტერესი როდის გაგიჩნდათ?

-თავდაპირველად, ვაბარებდი სამედიცინოზე, ომი იყო… პირველ წელს ვერ წამოვედი ბორჯომიდან, რადგან მამა ომში დაიჭრა.  1945-ში მოვემზადე და წამოვედი თბილისში. ქართულში 4-იანი მივიღე. მაშინ შენით კი არ უნდა მოგეფიქრებინა ტექსტი, არსებული ტექსტები უნდა დაგეზეპირებინა.მე დაზეპირება არასდროს არ მიყვარდა.  ჩემ წინ ვინც იჯდა, იმას თემა ვუკარნახე – 5-იანი აიღო და ფაკულტეტზეც მოხვდა. მათემატიკასა და რუსულში კი მქონდა 5-ები, მაგრამ ამ ოთხიანის გამო, ვერ მოვხვდი. შემდეგ 1-თვიანი მოსამზადებელი კურსები გავიარე, რათა სამედიცინოზე ჩამებარებინა პედიატრიის გახრით. მომდევნო ცდაზე ყველა საგანი ჩავაბარე, ქიმია მართლა კარგად დავწერე, იმდენად კარგად, რომ კომისიის თავმჯდომარეც შემოიყვანეს. მიუხედავად ამისა, 4 ქულა დამიწერეს. თავმჯდომარეს ვთხოვე, შემამოწმეთ-მეთქი, მითხრა – გეყოფაო. არ მეყო. იმავე ქულების მქონეები კი მოხვდნენ, როგორც შემდეგ განმიმარტეს – ისინი გვჭირდებოდა და იმიტომ მოხვდნენო.  შემდეგ, ბედია ალბათ ყველაფერი – ინდუსტრიალური ინსტუტიტის (ე.წ. გეპეი) სილიკატურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. იქაც ბევრი წვალება მომიწია, რთული იყო პროტექციის გარეშე. ასე მოვხვდი ამ სფეროში.

-როგორ გაგრძელდა თქვენი საქმიანობა უნივერსიტეტის შემდეგ?

-უნივერსიტეტის შემდეგ კათედრაზე დავიწყე მუშაობა. სტუდენტებთან ვმუშაობდი ლაბორატორიაში – ცდებს ვატარებდი. ერთი წლის შემდეგ, ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემომთავაზა მისაღები გამოცდებისთვის მემეცადინებინა ერთ-ერთი მოსწავლე. თავიდან უარზე ვიყავი, მითხრა – შეძლებო. მოვამზადე, ალღო ავუღე.  

45 სამეცნიერო შრომა მაქვს. რაც შეეხება აღმოჩენებს – მივიღე რკინის ნაერთი, რომელიც მაგნიტით მიიზიდება. ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა – უცხოეთიდანაც კი მოვიდა წერილი, მთელი ნაშრომი გადმოგვიგზავნეთო.  კათედრიდან 7 წელიწადში წამოვედი, მივხვდი, რომ იქ მომავალი არ მელოდა. პროტექციის გარეშე წინ წასვლა რთული იყო. შემდეგ – მეცნიერებათა აკადემიის ანალიზური ქიმიის ლაბორატორიაში გადმოვედი.

-თითქმის 65  წელი ასწავლიდით – სულ რამდენი მოსწავლე გყავდათ?

– რვეულები მქონდა, სადაც ვიწერდი ყველა მოსწავლის საკონტაქტოს. რამდენიმე ასეული მოწაფე მეყოლება მომზადებული, ძალიან ბევრი, ზუსტად ვერც ვიტყვი რაოდენობას. ვამზადებდი მოსწავლეებსაც და სტუდენტებსაც. ძალიან ბევრი მათგანი დღემდე მახსოვს (რვეულებსა და სიას მაჩვენებს).

-რას ნიშნავს ქიმია თქვენთვის?

-ქიმია ისეთი მეცნიერებაა, რომლის ცოდნაც აუცილებელია. ჩვენ გარშემო რაცაა, ყველაფერი ქიმია. სიყვარულიც კი ქიმიაა – მიმზიდველობა! რატომ უერთდება ერთი ელემენტი მეორეს? იმიტომ რომ ერთი გასცემს ელექტრონს და მეორე იძენს. თუ მის მიერ გაცემული ელექტრონის შეძენა არ შეუძლია, არანაირი რეაქცია არ მოხდება. რა საინტერესოა, არა?! – ელემენტები,  რომლებიც მხოლოდ გასცემენ, მაგალითად, მეტალები, ერთმანეთს არ უერთდებიან.

-რას გვეტყვით დღევანდელ სწავლების მეთოდებზე?

-ქიმია სკოლებში არ ისწავლება. ჩემს დროს პატარა წიგნები იყო, მაგრამ ძალიან ღირებული და ისეთი, ცოდნის შეძენას რომ შეძლებდი.  ახლა უზარმაზარი წიგნებია – ძალიან პრიმიტიული და სისულელეებით გაჯერებული. ეს იმის ბრალია, რომ სკოლა გონებასუსტი ადამიანების სასწავლო ადგილად გადაიქცა.   საგანმანათლებლო სისტემა ძალიან სუსტია.

მე შევიმუშავე აბიტურიენტთათვის ქიმიის სწავლების უნიკალური მეთოდი – თავდაპირველად, მათ ატომის ელექტრონულ აღნაგობას ვუხსნი (რეზერფორდის მეთოდი), შემდეგ – ნაერთთა კლასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიაში ,,წერა-კითხვას” ვასწავლი. მხოლოდ ამის მერე ვიწყებ პროგრამით მუშაობს. მიდა ვთქვა. რომ, ამ მეთოდის წყალობით, აბიტურიენტები 10 დღეში მიმეცადინებია (ბუნებრივია, ამაში არ შედის ამოცანების ნაწილი).

-მომავალ თაობას რას ურჩევთ?

-ბევრი იკითხონ და ისწავლონ. ჩემი პირვლი წიგნი იყო  რომანი ,,როგორ იწრთობოდა ფოლადი”. როცა მამაჩემმა მოიტანა სახლში, მალავდა, ეს პატარებისთვის არ არისო და მე ჩუმად წავიკითხე. წიგნი გონებას ავითარებს.

-როგორც ვიცი, არასდროს არ ჩერდებით, მუდმივად სწავლობთ, რაღაც ახალს ქმნით…

-უკვე 2 წელია სხვადასხვა ჟურნალიდან ვიწერ რჩევებს – მედიცინაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ა.შ. – უკვე 600-გვერდიანი წიგნაკი შევკარი. ძალიან ბევრი დეტალია ისეთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის პროდუქტები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება და ა.შ. ვცდილობ, ვიკითხო – წიგნები, გაზეთები, ჟურნალები. ..

-დაახლოებით, ორი წელია, რაც აქტიურად აღარ მასწავლებლობთ – თუ გაქვთ კვლავ საქმიანობის გაგრძელების სურვილი?

-როგორ არ მინდა?! ძალიან მენატრება სწავლება. მესიზმრება ხოლმე, როგორ ვამეცადინებ. ბოლო ორი წელია, ნაკლებად ვახერხებ მოსწავლეების აყვანას, თუმცა –  სანამ შემიძლია, მინდა და მზად ვარ, ჩემი ცოდნა გავცე.

პ.ს. ესეც ვენერა ბებოს საკონტაქტო: 2 325 222

 

 

მასალა მოამზად:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

თსუ-ს მაუწყებლობის დაწყება სურს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო ტელევიზიის შექმნა სურს და ამ უფლების მოსაპოვებლად მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. 

On.ge-ს ცნობით, შესაბამისი ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და განსახილველად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაეგზავნა.

თსუ-ის მიერ წარდგენილ საკანონდებლო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საუნივერსიტეტო ტელევიზია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

პოპულარიზაციას გაუწევს უნივერსიტეტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
საზოგადოებას გააცნობს იმ სამეცნიერო მიღწევებს, რომელსაც თსუ-ის მეცნიერები და მკვლევარები ახორციელებენ;

პოპულარულ ენაზე გააცნობს საზოგადოებას გამოყენებით სამეცნიერო პროექტებს, წარმატებულ და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო აქტივობებს;

შეძლებს უნივერსიტეტის პროფესორთა ექსპერტული ხედვების პოპულარიზაციას, უნივერსიტეტისა და სახელისუფლებო შტოების დაახლოებას;

მოხდება პროფესორების საჯარო ლექციების ტრანსლირება;

მეტი ინფორმაცია უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობაზე.

ინიციატივის ავტორების თქმით, ტელევიზია დაეყრდნობა ჟურნალისტიკისა და მასობრივი მიმართულებისა თუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტების მიერ მომზადებულ მასალებს და ხელს შეუწყობს სხვა ფაკულტეტების სტუდენტების ჩართულობას.

იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ტელევიზიის შექმნის უფლება ჰქონდეს საჭიროა ცვლილება განხორციელდეს მაუწყებლობის შესახებ კანონსა და ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში.

ინიციატივის მიხედვით, ტელევიზიას რამდენიმე მიზანი ექნება, მათ შორის საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით “უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მრავალფეროვან თემატურ სპექტრს მოიცავს”.

ასევე ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და კოლეჯის სტუდენტების გადამზადებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკვლევები

პრაქტიკის კვლევის მნიშვნელობა თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში

პრაქტიკის კვლევის მეთოდი ერთ-ერთია გამოყენებით კვლევებს შორის, რაც უკვე არსებული თეორიებისა თუ მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებას მოიცავს, უშუალოდ განათლების სფეროში ეს გულისხმობს პროფესიულ სიტუაციებზე დაკვირვებას, რათა ამის მეშვეობით მოხდეს სიტუაციური ანალიზი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

პრაქტიკის კვლევის ტერმინი კურტ ლევინმა (1890-1947 წწ.) დაამკვიდრა და დღეს სწორედ ის მიიჩნევა ამ მეთოდის ფუძემდებლად.  უშუალოდ პროცესი კი, საკმაოდ მრავალშრიანი და საინტერესოა, ვინაიდან მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ლოკალური ცვლილებების გატარება.

ლევინის  მიერ 1946 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი  – Action Research and Minority Problems, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ამერიკის საზოგადოებაში კვებითი ჩვევების ცვლილებასა და ეთნიკური უმცირესობებსადმი მათი დამოკიდებულების უკეთესობისკენ ცვლას ეხებოდა, საბოლოო ჯამში, პრაქტიკული კვლევას პედაგოგიურ სფეროში დამკვიდრების წინაპირობაც გახდა.

განათლების სფეროში, პრაქტიკის კვლევის განხორციელება შეუძლია მასწავლებელს ან მასწავლებლების ჯგუფს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობენ, ამ შემთხვევაში იგულისხმება  – სფეროს  მკვლევარები. მსგავსი კვლევის ჩატარება შესაძლებელია ყველა იმ გარემოში, სადაც ადამიანები და მათთან დაკავშირებული ამოცანები თუ პრობლემები ფიგურირებს, რომელთა შორისაც გარკვეული მახასიათებლების ცვლას  სასურველი, დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია.

ორმოცდაათიან წლებში პრაქტიკა, რითიც ლევინი მოვლენებს აკვირდებოდა, დაუახლოვდა საგანმანათლებლო სფეროს, თუმცა ამ შემთხვევაში პიონერებად დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერები ელიოტი და ედელმანიც გვევლინებიან, რომლებმაც პრაქტიკის კვლევა ფორდის სწავლების პროგრამაში ჩართეს, რომელიც 1973-1976 წლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, მასწავლებელი ერთგვარად დანახული იყო როგორც მკვლევარი, რომელიც მუდმივი დაკვირვების პროცესშია და ცდილობს დასკვნების საფუძველზე პრაქტიკა გააუმჯობესოს, რაც დღევანდელი გადმოსახედიდანაც ნათლად უჩვენებს პრაქტიკის კვლევის არსს, რომელშიც თვითონ პროცესებში ჩართული პიროვნებები ყველაზე უკეთ ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარებას.

თუკი პრაქტიკული კვლევა და ზოგადად მეცნიერებები ევროპისა თუ ამერიკის ქვეყნებში მეოცე საუკუნიდან განხილვის საგანი იყო და მასში ცნობილი ამერიკელი ბიზნესთეორეტიკოსის – კრის არგირით დაწყებული უამრავი ადამიანი იყო ჩართული, საქართველოში ეს ტენდენცია სულ რამდენიმე წელია არსებობს. 2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მიხედვითაც, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამა, მიმდევრობითი და პარალელური პროგრამები სტუდენტებს ავალდებულებს სასკოლო პრაქტიკის მოდულის გავლას, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს პრაქტიკის კვლევის კომპონენტსაც, შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობა შეიძინა პრაქტიკის კვლევის პრინციპების, დანიშნულებისა და შეზღუდვების საფუძვლიანად გაზიარებამაც, რაც ბოლო დროს, კიდევ უფრო აქტუალურია.

პრაქტიკულ კვლევაში ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიდგომა არსებობს –  კლინიკური მიდგომა (შეინი, 1987) და კოლექტიური პრაქტიკული კვლევა (უაიტი, 1989). პირველ შემთხვევაში, შეინისავე აღწერით, კლინიკური მიდგომა პროფესიული დახმარების ფუნქციას გულისხმობს და მკლევარსა და სისტემას შორის არსებულ კავშირს თერაპიულ მოდელს ადარებს, რომელშიც მკვლევარი სვამს დიაგნოზს და ცდილობს სისტემას, როგორც პაციენტს ისე უმკურნალოს, ეს არის გარკვეული ნიშნების მატარებელი მოდელი, რომელშიც ადვილად დასადგენია პირიი, რომელსაც უკავშირდება პრობლემები, მსგავსი ადამიანის ქმედება ნებაყოფლობითია, ახასიათებს ნეიტრალობა ღირებულებითი გამოსახულების მიმართ, ხოლო მიზანი კი საერთოა და მიმართულია გამოჯანმრთელებისკენ, იგულისხმება – უკეთესობისკენ.

რაც შეეხება უაიტს, ის პრაქტიკული კვლევას განმარტავდა, როგორც პროცესს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ან ჯგუფის ზოგიერთ წევრს, პროფესიონალ მკვლევართან ერთად, კვლევის პროცესში მონაწილეობას ასწავლიან და ის მთლიანი პროცესის მანძილზე ჩართულია ყველა მოქმედებაში.

აღსანიშნავია, რომ კვლევის უშუალო მონაწილეები საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული პირები არიან, იქნებიან ისინი მასწავლებლები, დირექტორები, ლექტორები თუ სხვები, შესაბამისად, სავარაუდოა რომ მათ მიერვე საკუთარი დაკვირვებოთ მიღებული დასკვნები კიდევ უფრო გამოადგებათ პროფესიულ საქმიანობაში,  თუმცა ამავდროულად, ესვე შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან დასკვნები შესაძლოა ე.წ. თანამონაწილეებთან სუბიექტური, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე გამომუშავდეს. ამასთანავე, კლევის მკვლევარებს აუცილებლად სჭირდებათ ინტერაქცია სხვა, მათგან დამოუკიდებელ პირებთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ საკითხი, რაც საჭიროებს მათ მზაობასა და თანხმობას თანამშრომლობაზე.

დაბოლოს, დასკვნის სახით ყველაზე შესაფერისი იქნება თუ ლევინის ციტატას მოვიყვანთ – „კვლევა, რომელიც ქმნის მხოლოდ წიგნებს, არაა საკმარისი“,  რაც ნათლად უსვამს ხაზს, რომ პრაქტიკის კვლევა მუდმივი აღმოჩენის პროცესია, რომელიც დასკვნით არ მთავრდება მხოლოდ და ახალი ინიციატივებიც მუდმივი გადახედვის პროცესშია, რაც პრობლემების უფრო სიღრმისეული გადაჭრის წინაპირობაა.

მასალა მოამზადეს: თამარ დევდარიანმა და ლედი კიწმარიშვილმა

სრულად ნახვა
განათლებამათემატიკამსოფლიოსაქართველო

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს

რუმინეთში მათემატიკაში მოსწავლეთა შორის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა. ოლიმპიადაზე სულ 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრების მონაწილეებს სულ ექვსი ამოცანა უნდა ამოეხსნათ, ამოცანათა სირთულის გამო წელს მხოლოდ ორმა მოსწავლემ – ჯეიმს ლინმა აშშ-დან და აგნიჯო ბანერჯიმ დიდი ბრიტანეთიდან შეძლეს ექვსივე ამოცანის სრულყოფილად ამოხსნა. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი აშშ-ის მოსწავლეებმა დაიკავეს.

საქართველო ოლიმპადაზე ექვსი კომაროველი მოსწავლით იყო წარდგენილი.

მათგან საუკეთესომ, საბა ლეფსვერიძემ – 29 ქულით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ნიკა ბირკაძემ (24 ქულა), დიმა კორკოტაშვილმა (23 ქულა), სანდრო ხოხიასვილმა (22 ქულა), თემო თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დაგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა.

წყარო:  imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

რელიგიის სწავლება, სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან დაიწყება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება, სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან, ან მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. 

მისი განცხადებით, ეს იქნება ისტორიის სწავლება, თეოლოგიის ძირითადი პრინციპები.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საბჭოს წევრებთან ერთად. მე ვფიქრობ, სექტემბრისთვის არარეალისტური იქნება იმაზე ფიქრი, რომ ახალი სახელმძღვანელო იქნას შემუშავებული, თუმცა ალბათ,  რომელიც არა ინდოქტრინაციაზე იქნება ორიენტირებული, არამედ ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს. ეს იქნება ისტორიის სწავლება, თეოლოგიის ძირითადი პრინციპები, რათა ის შეცდომები, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო, აღარ მოხდეს. რელიგიის სახელით წარმოშობილი კონფლიქტები არის მიუღებელი და ჯანსაღად უნდა ხდებოდეს სიტუაციის შეფასება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, მთავარია მოხდეს შინაარსზე შეთანხმება, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ.

სკოლებში რელიგიის სწავლებას ეთანხმება სრულიად საქართველოს შეიხი, მუსლიმთა სამმართველო მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად ჩართვას გეგმავს. მათი თქმით, მთავარია, საგანი ობიექტურად ასწავლონ და ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ ყველა ძირითადი რელიგიის შესახებ ინფორმაცია მოისმინონ.

25 იანვარს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც საპატრიარქოს, სხვადასხვა კონფესიების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წყარო: ipn

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 28
Page 12 of 28