close

განათლება

განათლებასაქართველო

მშვიდობის კორპუსი საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდასაჭერად

 2001 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მშვიდობის კორპუსი (ინგ. Peace Corps) მუშაობს,  რომლის მიზანიც მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობაა.

მშვიდობის კორპუსმა საქმიანობა საქართველოში პირველად ინგლისური ენის სწავლების პროგრამით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი მოხალისე პედაგოგები რეგიონების საჯარო სკოლებში წყვილში ასწავლიან ინგლისურ ენას. ეს პროგრამა დღესაც წარმატებით მუშაობს და ჯამში 2 000-მდე მოხალისემ შეიტანა წვლილი ქართველი მოზარდებისა და მასწავლებლების საკომუნიკაციო ინგლისური ენისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაში და რესურსების განვითარებაში.

გარდა ამისა, მშვიდობის კორპუსი სხვა ორ პროგრამასაც განახორციელებს საქართველოში. ამ თემებზე სასაუბროდ ,,დოქტრინა“ საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორს – სტეფ სმიტს დაუკავშირდა.

-უპირველეს ყოვლისა, ზოგადად, ორგანიზაციის მიზნებსა და მისიაზე რომ ვისაუბროთ – კონკრეტულად რა მიმართულებებით ხართ დაინტერესებული?

-მშვიდობის კორპუსი 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯონ კენედიმ დაარსა. დღევანდელ დღეს, ჩვენ მსოფლიოს 64 ქვეყანაში ვმუშაობთ მშვიდობის დამყარების, ტექნიკური დახმარების, სწავადასხვა პარტნიორი ქვეყნის კულტურის გაცნობის და ამერიკული კულტურის გაზიარების მიმართულებით, საქართველოში უკვე 16 წელია  ვართ. მშვიდობის კორპუსი ქვეყანაში მთავრობის მოწვევით იწყებს მუშაობას და მის საქმიანობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თავად სახელმწიფოს ნებას. ამ კუთხით, ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან. ჩვენი ერთ-ერთი  მიზანია, ინგლისური ენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, სწავლების გაუმჯობესებული მეთოდებისა და პრაქტიკის  დანერგვა, რესურსების განვითარება და განათლების შესაძლებლობებისადმი ხელმისაწვდომობა. ყველაზე დიდი პროექტიც ესაა – ინგლისური ენის სწავლების პროგრამა. გარდა ამისა, სხვა პროგრამებიც გვაქვს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მოზარდების განვითარებაზე, ორგანიზაციულ განვითარებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და სხვა მიმართულებებზეა ორიენტირებული. მშვიდობის კორპუსის მიზანია დაინტერესებული ქვეყნების კვალიფიკაციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა. საქართველოში ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი და ამერიკელი თანამშრომლებით.

-ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობთ – რომელია ეს მიმართულებები და რა სურათს იძლევა მუშაობის შედეგები?

-ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებ შემაჯამებელ კვლევებს და ვცდილობთ, შევისწავლოთ ჩვენი გავლენა და შედეგი, რათა მეთოდები და მიდგომები გავაუმჯობესოთ. კვლევების შედეგები დადებით სურათს იძლევა. ამჟამად, ,,საქართველოში მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები მუშაობენ სამი მიმართულებით: ინგლისური ენის სწავლება, ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება, მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა. ძირითადი მოხალისეების განთავსება ხდება რეგიონებში. 2001 წლიდან ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ერთად სკოლებში, ორგანიზაციებსა და თემებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

-რაც შეეხებათ უშუალოდ ამერიკელ მასწავლებლებს, როგორია მათ გადამზადებისა და შერჩევის ეტაპები?

-არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები იყვნენ, გვაქვს თითოეული პროგრამის ფარგლებში შერჩევისთვის განსაზღვრული გარკვეული კრიტერიუმები, მაგრამ გარდა ამისა მთავარია, რომ მათ ჰქონდეთ ენთუზიაზმი და დახმარების უანგაროდ გაწევის სურვილი. საინტერესოა, რომ განაცხადის გაკეთების ეტაპზე მოხალისეებმა ზუსტად არ იციან, თუ რომელ ქვეყანაში მოხვდებიან. შერჩევისა და  კონკრეტულ ქვეყანაში გადანაწილების შემდეგ, მათ სამი თვის განმავლობაში უტარდებათ სხვადასხვა სახის ტრენინგი, ეცნობიან ქართულ კულტურას, სწავლების სპეციფიკას, სწავლობენ ქართულ ენას. უფრო მეტად, მოხალისეები გადანაწილებულები არიან პატარა სოფლებში, სადაც ასეთი მხარდაჭერის მეტი საჭიროებაა. ორი წელი რჩებიან და ცხოვრობენ ქართულ ოჯახებში. მოხალისეები შესაძლებელია  ამერიკის ნებისმიერი შტატიდან ჩამოვიდნენ. წლევანდელ ჯგუფში 32 შტატია წარმოდგენილი და ყველაზე მეტად – კალიფორნია. რაც შეეხება ასაკს, ზოგადად, უმეტესობა ახალგაზრდაა – 20-დან 29-წლამდე, თუმცა არიან ხანდაზმული მოხალისეებიც, მაგალითად – 75 წლის. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 10 რეგონში, ჯამში, 179 მოხალისე მსახურობდა.

-რამდენად არიან საქართველოში ყოფნის პერიოდში მოხალისეები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები?

-საქართველოში ყოფნის მანძილზე, მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნაწილი ქართულადაც საუბრობს. ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას, აღნიშნავენ დღესასწაულებს. აქ ყოფნის პერიოდში ისინი საქართველოს კეთილი ნების ელჩები ხდებიან იმით, რომ საქართველოს მიმართ სიყვარულსა და ქართულ კულტურას უზიარებენ ამერიკელებს ელექტრონული ფოსტების, ბლოგებისა და ვებგვერდების საშუალებით.

ჩვენმა ერთ-ერთმა მოხალისემ იმერეთიდან ქართული კულტურის უკეთ გასაცნობად, გალაკტიონის ლექსების შესწავლა დაიწყო.

-უშუალოდ სწავლების მეთოდიკა როგორია და რამდენად ითვისებენ ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები მასალას?

-ინგლისური ენის სწავლების პროგრამის მოხალისეები ქართველ კოლეგებთან ერთად ცდილობენ ახალგაზრდებში კომუნიკაციისთვის საჭირო ინგლისური ენის უნარ-ჩვევების განვითარებას. მოხალისეები და მათი პარტნიორები მოსწავლეებში ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ასევე, ხელს უწყობენ გენდერულ საკითხთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღსანიშნავია რომ, ხშირია კლასგარეშე აქტივობებიც, საზაფხულო ბანაკები, სხვადასხვა შეჯიბრებები, ყალიბდება კლუბებიც.

2016 წელს 7940 მოსწავლე ჩაერთო ინგლისური ენის ფორმალურ გაკვეთილებში, აქედან 5 655-მ-მა გაიუმჯობესა საუბრის, სმენის, წერისა და კითხვის უნარები ინგლისურ ენაში. რაც შეეხება მასწავლებლებს, ამ კუთხით, 189 პედაგოგმა გაიუმჯობესა ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარები.

-ერთ-ერთი მიმართულება ორგანიზაციების მუშაობის ხელშეწყობაა, რას ითვალისწინებს კონკრეტულად ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროექტი?

-ეს პროექტი 2004 წელს დაიწყო და მხარს უჭერს ინდვიდუალური პირებისა და ორგანიზაციების განვითარებას, მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მოხალისეები ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ არაკომერციული, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სათემო ჯგუფების მხარდასაჭერად, მდგრადი პროექტებისა და პროგრამების განვითარების ხელშესაწყობად, ფინანსური ცოდნის გასაუმჯობესებლად და ა.შ.მოხალისეები და მათი კოლეგები, ამ კუთხით, სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარს ატარებენ. 2016 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, 45-მა მოხალისემ იმსახურა საქართველოში.

-რას ითვალისწინებს მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა?

-ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და გამორჩეული ტექნიკური უნარების მქონე მოხალისეები ჩამოდიან და 6-დან 12 თვის განმავლობაში მოხალისეობენ. ძირითადი მიმართულებებია – ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება მენეჯმენტის, ფონდების მოძიების, კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით. ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარება, ინგლისური ენის სწავლება, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესება  და სხვა.  აგრეთვე, გვაქვს მცირე პროექტების მხარდაჭერის პროგრამა – USAID-ისა და ,,მშვიდობის კორპუსის“ თანამშრომლობით ადგილობრივი თემის განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიმართულებით, 2016 წელს დასაფინანსებლად 9 743 დოლარი გამოიყო, 38 პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ,,მშვიდობის კორპუსი“ ხელს უწყობს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგების განვითარებას.

-რამდენად აქტიურად ხართ მეცნიერების განვითარების კუთხით დაინტერესებული?

-მშვიდობის კორპურსის მიზანია ინდივიდუალურ პირებში ტექნოლოგიური ცნობიერების ამაღლება და საკლასო ოთახებში, სკოლებში, ორგანიზაციებსა თუ თემებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება. 2015 წელს საქართველოს მშვიდობის კორპუსი ჩაერთო გოგონათა გაძლიერების ინიციატივის პროექტში, რომელიც გოგონათა განათლების გაძლიერების ხელშეწყობასა და გენდერულ თანასწორობას ემსახურება.ეს პროექტი უკვე 2000-მდე ბენეფიციარს შეეხო. იმართება წერითი კონკურსები და შეჯიბრებებიც, არა მარტო ადგილობრივ ,არამედ საერთაშორისო დონეზე. ამ გზის გაგრძელებას ვაპირებთ. რაც შეეხება საზაფხულო ბანაკებს, მის ფარგლებში, ამ სეზონზე, საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ მოზარდს მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ბანაკი GLOW (girls leading our world),  LIFE (Leadership, Integration, Fitness, through Education), BUILD ( Boys United in Leadership Development), SELF (Self Esteem through Leadership and Fitness).

სამეცნიერო მიმართულებით აღსანიშნავია METS (Math, Engineering, Technology and Science) ბანაკი, რომელშიც გოგონებსა და ბიჭებს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებასთან უშუალო წვდომა აქვთ და აანალიზებენ, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს მათემატიკამ, ინჟინერიამ, ტექნოლოგიებმა მათ ცხოვრებასა და მომავალზე.

 –რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აპირებთ თუ არა ცვლილებებს?

-გვსურს, ის კურსი გავაგრძელოთ, რომელიც აღებული გვაქვს. არ ვაპირებთ ჩვენი პროექტების შეჩერებას. პირიქით, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კვლავ გვექნება ადგილობრივი მხარდაჭერა.

 

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე რეგისტრაცია დაიწყო

  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტოკონკურსი.

სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
  • საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
  • საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.

სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:

  • „სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
  • „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;

კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლებარელიგია და მეცნიერება

ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა მეცნიერების განვითარებისთვის

 საუკუნის პროექტი -ასე უწოდეს 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობის დაწყებას.

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში საფუძველი ჩაეყარა პროექტს, რომლის ავტორიც სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარი – მეუფე სვიმეონია.

„ღმერთმა ინებოს, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, გარდამოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას“, –  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ, ტაძრის საძირკვლის კურთხევისას ეს სიტყვები წამოსთქვა.

როგორც ოფიციალური განცხადებით ითქვა, კომპლექსის აღდგენის ერთ-ერთი მიზანი ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.
ახალი ბანას აღდგომის სახელობის სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება ბანას ტაძრის ორეული.
აქ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებს გამართავენ.
მეცნიერებისა და განათლების უდიდეს  მნიშვნელობას გაესვა ხაზი და ითქვა, რომ, ამ კუთხით, კომპლექსმა პროგრესს უნდა შეუწყოს ხელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოა

უსაფრთხოება ბუნებრივ აირთან

 

გაზი უხილავი და უხმო ნივთიერებაა. იმისთვის, რომ მან თქვენს სიცოცხლესა  და ჯანმრთელობას არ ავნოს, დაიმახსოვრეთ:

  • ყველაზე საშიშია გაზით მოწამვლა.

თუ ოთახში გაზის სუნს იგრძნობთ:

  • გააღეთ ფანჯრები (უმჯობესია, ორპირი, გამჭოლი ქარი);
  • შეამოწმეთ, დაკეტილია თუ არა გაზქურის ონკანი;
  • არ ჩართოთ შუქი;
  • არ აანთოთ ასანთი;
  • არ ჩართოთ ელექტროხელსაწყო, იგი შეიძლება აფეთქდეს;
  • არ ისარგებლოთ გაზქურით;
  • სასწრაფოდ გამოიძახეთ გაზის საავარიო სამსახური ( ტელ: 16 114).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

სტუდენტური კონკურსი „თსუ ინოვაცია“ დაიწყო

მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „თსუ ინოვაცია“, წარმოადგინეთ ინოვაციური ნამუშევრები, მოიგეთ თანხა და აქციეთ იდეები რეალობად. 
კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სტუდენტების აღმოჩენა და მათი ორიგინალური იდეების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის, 7 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსანტების რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩათვლითმიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
კონკურსზე მიიღება ინოვაციურ-ტექნოლოგიური ნამუშევრები, როგორც software-ის, ასევე hardware-ის ტიპის პროექტები. პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად ან ინდივიდუალურად. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 მონაწილეს.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ფინალისტ გუნდებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროექტების პროტოტიპებს და საჩვენებელ პრეზენტაციებს შექმნიან და ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამარჯვებულ სამ გუნდზე კონკურსის საპრიზო ფონდი – 5000 ლარი განაწილდება:
პირველი ადგილი – 2500 ლარი
მეორე ადგილი – 1500 ლარი
მესამე ადგილი – 1000 ლარი
კონკურსის ყველა ფინალისტს პატრნიორი კომპანია ,,მაიკროსოფტი” ქლაუდ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვებული გუნდი სპეციალურ პრიზს – მობილურ ტელეფონს Microsoft Lumia-ს მიიღებს.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პროექტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო გამოფენებსა და სტუდენტურ ღონისძიებებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეკონომიკა

ლექსიკონი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

  ,,დოქტრინა” გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან ტერმინს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:

  1. მიერთება– ურთიერთობის პროცესში პარტნიორის ქცევის ასახვა მისი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით.
  2. სამყაროს მოდელი– ადამიანის პირადი გამოცდილების განზოგადება, მისი მოქმედების პრინციპების ერთიანობა.
  3. პრედიკატები– შეგრძნებებზე დამყარებული სიტყვები, რომლებიც მიუთითებს გარკვეულ რეპრეზენტაციულ სისტემაზე.
  4. რეპრეზენტაციული სისტემა– ადამიანის 5 გრძნობის ორგანო რომელთა საშუალებითაც ხდება, შენახვა და ქცევის განხორციელებისას შესაბამისი მოგონების აქტივირება.
  5. რეპრეზენტაცია– იდეა, აზრი, სენსორული ან შეფასებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი?

 

საკუთარი თავის შეცნობა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყოველნაირი წარმატების საწინდარია, რადგან როცა ზუსტად იცის ადამიანმა, რა უნდა, რომ აკეთოს მთელი ცხოვრების მანძილზე –  უფრო ადვილია ცხოვრების სწორად წარმართვა .

,,დოქტრინა” შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც გაგიადვილებთ საკუთარი თავის შეცნობას:

  • არ იფიქროთ, რომ სულ უფრო მეტი თვითანალიზი უფრო უკეთესი და უკეთესია.
  • საჭიროა საკუთარი პიროვნული სტილის ნათლად ცოდნა.
  • სასარგებლოა საკუთარ სუსტ მხარეებსა და სირთულეებზე ყურადღების მიქცევა შემდგომში მათ გადასალახად.
  • სასარგებლოა საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების რეალისტურად შეფასება, მაგრამ არა იმისთვის, რომ ეს თავის მართლების საბაბად იქცეს.
  • საკუთარი თავის „დაშლა“ სასარგებლო არ არის, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ხელახალი აწყობის შემდეგ უკეთესი გახდებით.

 

წყარო:  Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქუთაისის უნივერსიტეტში საქართველო-გერმანიის ახალი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის  მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა სამშაბათს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის  სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვისა, სამეცნიერო თუ, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება TUM International- ის  ხარისხის მართვის სტანდარტები. ერთობლივი საორგანიზაციო ჯგუფი  ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლებს, მათ შორის  გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის – საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს. ყოველწლიურად, 1000-ზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. უნივერსიტეტის სტუდენტებმა 800–ზე მეტი “სტარტაპ კომპანია” დააფუძნეს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.

 

წყარო:  http://www.mes.gov.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კოლეჯ „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული განათლების უპირატესობები საქართველოში

  საქართველოში არსებობს კოლეჯები, რომლებიც სტუდენტებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პერსპექტიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კოლეჯი -„სპექტრი“. კოლეჯის შესახებაც მის კურსადმთავრებულს – არჩილ გობეჯიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა სწორედ აქ შეესწავლა ხის მხატვრული დამუშავება, სულ მოკლე ხანში კი მისი საგანმანათლებლო პროექტი  ხის „ჭკიანი დაფა“ „პროფესიული განათლების ჰაკათონის“ გამარჯვებული გახდა.

არჩილ, როგორც ვიცი, კოლეჯში მას შემდეგ ჩააბარეთ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრეთ და თან მუშაობდით, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასე რადიკალურად შეგეცვალათ არჩეული საქმიანობა?

-კოლეჯ „სპექტრში“ 2016 წელს ჩავაბარე, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან მინდოდა შემესწავლა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობა – ხის მხატვრული დამუშავება. ეს გადაწყვეტილეება ცოტა უცნაური აღმოჩნდა ჩემი მეგობრებისა და ოჯახისთვის, თუმცა მე მქონდა ამის მიზეზი, ვფიქრობ, რომ ახალი პროფესიის შეძენა არასდროს არის გვიანი და ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც აინტერესებს და რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებს. ამ მხრივ კოლეჯმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა, ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრის სწავლა მოვასწარი, რაშიც უდიდესი წვლილი ჩემს პედაგოგს – ბატონ ილია ჯიხოშვილს მიუძღვის.

თქვენ პირადად როგორ შეაფასებთ იმ პირობებს, რასაც ეს კონკრეტული კოლეჯი უქმნის სტუდენტებს?

-„სპექტრში“ ყველა ის ხელსაწყო და ჩარხ-დანადგარი დამხვდა, რაც საჭიროა ამ საქმის შესასწავლად, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური დანადგარებიც. სიმართლე გითხრათ, დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც მოულოდნელი იყო ასეთი დახვეწილი გარემო. კოლეჯს ჰყავს ძალიან ძლიერი დირექცია და ადმინისტრაცია. „სპექტრის“ დირექტორი – ბატონი მათე ტაკიძე, ძალიან ბევრს აკეთებს პროფესიული განათლების  განვითარებისთვის და დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტებს, მან სწავლის დაწყების პირველივე დღეს გაგვიცნო და ამ დღის შემდეგ ყველა ჩვენს პროექტსა და ინიციატივას უდგას გვერდში, ისევე როგორც მთლიანად კოლეჯის ხელმძღვანელობა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ,,სპექტრი“ ის ადგილია, სადაც დირექტორიდან დაწყებული დაცვის თანამშრომლით დამთავრებული ყველა გულშემატკივრობს სტუდენტებს.

-რით გამოარჩევდი „სპექტრს“  საქართველოში არსებული სხვა კოლეჯებისგან და რა აქტივობებით არიან დაკავებული კოლეჯის სტუდენტები?

-„სპექტრში“ ხშირად იმართება სხვადასხვა სტუდენტური აქტივობა, ნიჭიერი და ხელოვანი სტუდენტებისთვის ტარდება სპეციალური საღამოები, გამოფენები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, აქ სრულად ადაპტირებული გარემოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ყველა სტუდენტის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. კოლეჯი ძალიან ბევრ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და რაც მთავარია, ყველა წარმატებულ სტუდენტს სწავლის დამთავრების შემდეგ ეხმარება სასურველი სამსახურის დაწყებაში. პირადად მე, კოლეჯის შუამდგომლობით, დაახლოებით ათმა სხვადასხვა ორგანიზაციამ შემომთავაზა სამსახური.

-რა პერიოდს მოიცავს კოლეჯში არსებული სასწავლო კურსი და როგორ შეუძლია მსურველს აქ დარეგისტრირება?

-მომავალი სასწავლო წლის რეგისტრაცია ოქტომბრის თვეში დაიწყება და განაცხადის შესატანად ცხრაწლიანი სასკოლო განათლებაც საკმარისია. მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და მარტივი გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეუდგებიან არჩეული პროფესიის დაუფლებას. ყოველწლიურად, კოლეჯში წარმოდგენილ 25 პროფესიული პროგრამის ფარგლებში 1200 სტუდენტზე მეტი იღებს განათლებას. – სასწავლო კურსი რვათვიანია და ამ დროის განმავლობაში მსურველებს შეუძლიათ საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიებიდან (იხ. დანართი) დაეუფლონ ერთ-ერთს.

-საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებელი ვერ უწევს კონკურენციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს,  თქვენ როგორც ორივე ტიპის სასწავლებლის კურსდამთავრებული, როგორ შეაფასებდით  არსებულ მდგომარეობას?

-დღესდღეობით, აბიტურიენტების დიდი ნაწილი უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საკმაოდ დიდ თანხას იხდის კერძო მასწავლებლებთან,  უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული, როცა, რეალურად, კურსის დასრულების შემდეგ, ძალიან რთულია განათლების შესაბამისი სამსახურის შოვნა, რადგან არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ერთგვარად ტრენდულია და შესაბამისად, ამ კუთხით არსებული კადრების გადამეტებული რაოდენობის გამო ახალგაზრდა იძულებულია სხვა პროფესიით იმუშაოს, უკიდურეს შემთხვევაში კი უმუშევარი რჩება. ეს ყველაფერი მე ჩემს თავზე გამოვცადე და ერთი დღეც არ მიმუშავია უმაღლეს სასწავლებელში მიღებული პროფესიით. კოლეჯის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო, მარტივად ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ჩემი სწავლა მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა და  ნაყოფიერი რვათვიანი სწავლის შემდეგ, ჩემი გატაცება და ჰობი გადაიქცა ჩემსავე პროფესიად. სწავლის დამთავრების მეორე დღესვე დავსაქმდი და ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამომავლო გეგმებიც მაქვს.

ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს არჩილს და დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კოლეჯ „სპექტრის“ Facebookმისამართს:

https://www.facebook.com/spectri/

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება

ციფრული უნარების განვითარება და ონლაინდასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამა იწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების საშუალებას მისცემს.

უნიკალური პროექტი კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება.

ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში. ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინსწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე” შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინსივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის – ,,freelancer.com”-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ ,,საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

 

წყარო:  http://www.economy.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 28
Page 23 of 28