close

ისტორია

ისტორიაკულტურა

ცხოვრება სტატუსით – ლევან აბაშიძის მარადიული სიყვარული

წელიწადში 2-ჯერ, 22 მაისსა და 7 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში, დიდუბის პანთეონსა თუ თეატრალურ უნივერსტეტთან მომხიბვლელ, შავგვრემან ქალს შეხვდებით, რომელიც აუცილებლად ქართულად მოგესალმებათ და გაგიღიმებთ…

 


მიკაელა სტრიმბეანუ

ძნელად თუ იცნობთ მას იმ 1980-იანების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში გადაღებული ფოტოებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთი შეხედვით ალბათ ვერც იმ ისტორიებს გაიხსენებთ, როგორ ეზიზღებოდათ თბილისელ გოგონებს ის, მხოლოდ იმის გამო რომ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს უყვარდა. დიახ, ის მიკაელა სტრიმბეანუა, მეგობრებისთვის უბრალოდ მიკა. სამშობლოში ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია, საინტერესო კინო და სცენიური როლებით და პრესტიჟული პრემიებით განებივრებული, მაგრამ აქ, მას სულ სხვა ისტორიით იცნობენ. ის ლევან აბაშიძის მთავარი სიყვარულია. ჩამოსვლის ორი თარიღი კი ლევანის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.

მოლდოვადან თბილისში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტის ამპლუაში ჩამოვიდა, 1988 წლის ერთ მზიან-ღრუბლიან დღეს კი როცა კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ გამოვიდა, სადაც ფილმში იღებდნენ და საერთო საცხოვრებლის გზას დაადგა მანქანა  მისმა ქართველმა კურსელმა გაუჩერა და საცხოვრებლამდე მიყვანა შესთავაზა, მიკამაც უარი არ თქვა, მანქანაში ჩაჯდა, კურსელმა კი უკანა სავარძელში მჯდომი, გადაღებაზე ღამენათევი, დაღლილი ბიჭო გააცნო, სახელმა და გვარმა – ლევან აბაშიძემ, მიკას არაფერი უთხრა. კურსელმა მცირე ინფორმაციას ისიც დაამატა –  ეს ჩვენი კინოვარსკვლავიაო. მიკამ გაიღიმა და როგორც შემდეგ იხსენებდა, ვერ დაიჯერა, რომ ეს თმააჩეჩილი ბიჭი ქართული კინოს ვარსკვლავი იქნებოდა და მით უფრო რომ ის მთელს თბილისს ეყვარებოდა.

უკვე მეორე შეხვედრაზე, რომელიც ლევანის ინიციატივით მოხდა, მიკა პირდაპირი მნიშვნელობით პირღია დარჩა, მის წინ ნამდვილი პრინცი იდგა, რომელიც სანდომიანად უღიმოდა.

დღეს, როცა ამდენი წელი გავიდა და ამბები ლევან აბაშიძის შესახებ კალეიდოსკოპში მყოფ მინის ფერად-ფერად ნამსხვრევებს დაემსგავსა, მას ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით ახსოვს, რა ეცვა ლევანს პირველ შეხვედრაზე, რაზე საუბრობდნენ და ისიც რომ მაშინ მიხვდა რომ რაღაც ძალიან დიდი დაიწყო მის ცხოვრებაში.

სულ მალე ლევანის თხოვნით მიკა მასთან გადადის საცხოვრებლად და ყველგან ერთად ჩნდებიან, როგორც ლევან აბაშიძის ახლო მეგობარი, კინორეჟისორი გიო მგელაძე იხსენებს, ლევანზე, რომელზეც მთელი თბილისის გოგონები იყვნენ შეყვარებული გაწბილებულები დარჩნენ, რადგან ჩამოვიდა გოგონა სხვა ქვეყნიდან, რომელმაც ლევანის გული დაისაკუთრა.

თავად მიკა კი თავიდან ვერ ხვდებოდა რატომ მისდევდა უკან ლექციის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტიდან სახლში მიმავალს გოგონების ჯგუფი, რატომ ათვალიერებდნენ მას განსაკუთრებით, პასუხი მარტივი იყო, მათ აინტერესებდათ ქალი, რომელიც ლევანს შეუყვარდა.

იყო ზარები სახლის ტელეფონზე, რომელზე პასუხის გაცემაც ლევანს არ უნდოდა მას მის ფანებს მიკა პასუხობდა. როგორც თავად წლების შემდეგ იხსენებს, ყველაზე საინტერესო ერთი ისტორია იყო, როცა მის ოთახში შესული ინტუიტურად მიხვდა, ლევანი ქალს ესაუბრებოდა, სასწრაფოდ გაიპარა სახლის მეორე ბოლოში არსებულ ოთახში მდგარ მეორე ტელეფონზე ყურმილი აიღო, წინათგრძნობა გამართლდა, ქალი ლევანს დაბრუნებას სთხოვდა, ლევანი კი უხსნიდა, ხომ უკვე ბევრჯერ გითხარი, მე შეყვარებული ვარ, არ ვარ თავისუფალი, ტყუილად მირეკავო. ერთგულების ამ გამოხატულების შემდეგ მიკამ ლევანის გასახარებლად ტრადიციული მოლდოვური ბირშჩი მოამზადა და შეყვარებულს გაუმასპინძლდა, როგორც თავად ყვება, მაშინ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

სამწელიწადნახევრის შემდეგ მიკას კიდევ ერთხელ მოუწია სამშობლოში დაბრუნება, რადგან როგორც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს თბილისში მომზადებული ნამუშევრები მოლდოვაში უნდა წარმოედგინა, რათა იქ ეღიარებინათ მისი თბილისში გავლილი კურსი, აეროპორტში როგორც წესი ამჯერადაც ლევანმა გააცილა ყვავილებით, დამშვიდობებისას მიკამ რატომღაც ტირილი დაიწყო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, ლევანი ვერ მიხვდა მიზეზს, უთხრა, მალე ისევ ერთად იქნებოდნენ და როცა მიკა დაბრუნდებოდა, ლევანი კვლავ აეროპორტში დახვდებოდა ყვავილების თაიგულით, მაგრამ მიკას ცუდი წინათგრძნობა გამართლდა, ლევანი ფილმის გადაღებიდან აფხაზეთის ომში გაიპარა და ტრაგიკულად დაიღუპა. თბილისში მიკა უკვე თავად დაბრუნდა ყვავილების თაიგულით, რომელიც ლევანის სამძიმარზე ჩამოიტანა.

ლევანი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიკაელა სტრიმბეანუ კი მისი გარდაცვალებიდან მოყოლებული 29 წლის განმავლობაში ყოველ წელს ჩამოდის ქალაქში, რომელშიც მთავარი ადამიანი აღარ ელოდება. კარგად იცის, რომ ლევანი არამხოლოდ ქართული კინოს რომანტიკული პრინცია, არამედ მთელი თაობის და როდესაც საქართველოში დაუვიწყარ სიყვარულის ისტორიებს იხსენებენ, ერთ-ერთი პირველი მისი და ლევანის ამბავი ახსენდებათ.

ავტორი: ზაკ მირიანაშვილი

წყარო : nargismagazine.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

სად ინახება თამარ მეფის სასწაულმოქმედი ჯვარი, რომლითაც ის ომში მიმავალ ჯარს ლოცავდა

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ საქართველოში, ძელი ცხოვლისა ჩაბრძანებული იყო თამარ დედოფლის კუთვნილ სამ ჯვარში. ერთი მათგანი, რომელიც თამარის გულსაკიდი ჯვარი გახლდათ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერაა ქვეყანაში დაბრუნებული და არის მუზეუმში, ერთი დაკარგულია, მესამე კი გურიის ეპარქიაშია დაბრძანებული.

თამარის ჯვარი გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის ოჯახის კუთვნილება გახლდათ, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადაეცათ.

გია სალუქვაძე:

– ეს არის თამარ მეფის ჯვარი, რომელიც ჩემმა დიდმა ბაბუამ, არსენ სალუქვაძემ შემოინახა. ის მსახურობდა აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში, დიაკვნად. 900-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე, როცა გურიას რამდენჯერმე შემოესია თურქეთი, ბაბუამ გაიხადა მღვდლის სამოსელი, სოფელ აჭიდან ჩამოვიდა ბარში და წამოიღო ჯვარიც. მან შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც, ეს ჯვარი უნდა გადასცემოდა მის შთამომავალს. ანდერძში ასევე ეწერა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვფრთხილებოდით ჯვარს, – უცხოს არ შეახედოთო, გვაფრთხილებდა და ასევე, აუცილებლად უნდა დაბრუნებული ეკლესიის წიაღში.

2007 წელს, როდესაც აჭის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ფუნქცონირება დაიწყო დედათა მონასტერმა და ალექსანდრა დედათა მონასტრის წინამძღოლი გახდა, ვაჩვენეთ ჯვარი და მან აღმოაჩინა მასზე წარწერა, რომელიც ჩვენ არ შეგვინიშნავს. ეს გახლავთ ძველქართული წარწერა: „ეს ჯვარი ბეთანიასა შინა შეიქმნა თამარისათვის, ლაშქრის სალოცად“. დედა ალექსანდრა დაინტერესდა და მოიპოვა ინფორმაცია, რომ  დიმიტრი ბაქრაძესა და ექვთიმე თაყაიშვილს ამ ჯვართან დაკავშირებით ჰქონიათ ჩანაწერები. ისინი წერდნენ, რომ რომ ეს ჯვარი, უდიდესი სიწმინდე დაკარგული იყო ეკლესიის წიაღიდან.

ფოტოგრაფ როინიშვილს 1898 წელს აღუბეჭდავს ჯვარი ფოტოზე, აჭის ეკლესიაში და ზუსტად ასეთი ფორმითაა იქაც, როგორც ახლა. შემდგომში ჯვრის ლუსკუმში ჩაბრძანება გადაწყდა. ის 100 წელი ინახებოდა ჩვენს ოჯახში. გურიაში პატრიარქი იყო ჩამობრძანებული ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნაზე. მას მიუბრძანეს ჯვარი და უფრო მეტი სიწმინდე შეიგრძნო. აღმოჩნდა, რომ ჯვარზე მიმსჭვალული იესოს ფეხებთან  ჩატანებულია ძელიცხოვლის ნაწილი, რომელიც თამარ მეფეს ჩამოუტანია იერუსალიმიდან და ჩაუტანებია ჯვარში. ის დღემდე მასში დევს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ ჯვრის აღდგენა და ძვირფასი ქვებით შემკობა არ მომხდარა და ის ისეთივე ფორმითაა დარჩენილი, როგორიც გადმოეცა ჩემს ოჯახს.

სადაც ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაა, თურმე თამარ მეფე სწორედ ამ გზით აცილებდა ჯვაროსნებს იერუსალიმში. მას ტრაპზონში ქართველი ჯვაროსანი მეომრები შეხვედრიან, უცნობებიათ, რომ იერუსალიმი ქრისტიანების მიერ იყო აღებული და არსებობს ვერსია, რომ გახარებულმა თამარმა ეს ჯვარი მაშინ გადასცა გურიელებს. სწორედ იქიდან მოხვდა ის აჭის ეკლესიის წიაღში.

სიწმინდე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქრისტიანოს კუთვნილებაა, ამჟამად დაბრძანებულია გურიის ეპარქიაში. ასე რომ, იმ სამი ჯვრიდან, ეკლესიის წიაღში მხოლოდ ეს ჯვარი დაბრუნდა. აჭიდან 100 მეტრში არის უმოკლესი გზა აჭარის საზღვრამდე, შემდეგ ტრაპზონამდე, იერუსალიმის მიმართულებით. ამ გზაზე დადიოდა თამარ მეფე, გადმოცემის მიხედვით. იმ პერიოდში, როდესაც ეს ჯვარი სახლში იყო დაცული და არავის ვაჩვენებდით, ბავშვები ავად რომ გახდებოდნენ, ჩემი მეუღლე გამოაბრძანებდა ხოლმე ჯვარს, მიუტანდა ბავშვს ახლოს და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბავშვი უმალ გამოკეთდებოდა ხოლმე, რადგან ჯვრისა და ძელიცხოვლის მადლი გადმოდიოდა.აჭის ეკლესია მე-8 საუკუნისაა, მის უკანა კედელში ჩაშენებულია ქვა, რომელიც ჩუქურთმითაა გამორჩეული და გადმოცემის თანახმად, თუ ამ ქვას ხელს დაადებ და სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

წყარო : www.primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ხელოვნებათმცოდნე – გვანცა ბერძენიშვილი უნიკალური თბილისური სადარბაზოებისა და ნაგებობის შესახებ

გვანცა ბერძენიშვილი ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეა, რომლის ნაშრომმაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობების არქიტექტურის შესახებ გამოცდილი მეცნიერების ყურადღება მიიპყო და ცოტა ხნის წინ,  დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციის ფარგლებში ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ მის მიერ ერთიან კომპლექტად შეკრულ ნაშრომს, ამას გარდა, ახალგაზრდა ხელოვანი დიანტერესებულია ზოგადად, თბილისური არქტიტექტურითა და სადარბაზოების მოხატულობებით, რომელთა იდუმალებით მოცულ ისტორიებსა და ახლანდელ მდგომარეობაზე  თავად გვიამბობს.

-გვანცა, გარდა იმისა, რომ ეროვნულ მუზეუმში მუშაობ, აქტიურად სწავლობ ქართული სადარბაზოებსაც, გვესაუბრე ძველი ქართული სადარბაზოების მრავალფეროვნებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული სადარბაზოების განსაკუთრებული ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, პოლიტიკური გარდატეხების ფონზე იწყება, როცა საქართველოში განსაკუთრებით შემოდის ევროპული სტილები, რომლებც იქამდე ჩვენ, ასე ვთვათ, გამოვტოვეთ, იქნება ეს რენესანსი, ბაროკო, კლასიციზმი თუ სხვა. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ თბილისურ შენობებს, რომ დავაკვირდეთ ერთმანეთის გვერდით შევხვდებით სხვადასხვა სტილში შექმნილ ფასადებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ თბილისმა ეს ეკლექტურობა ძალიან მარტივად, ჰარმონიულად მიიღო და მოიხდინა კიდევაც.

ამ პერიოდის მდიდარი მეცენატებისა და ვაჭრების ფენის გააქტიურებამ  თბილისში პარადული სადარბაზოების გავრცელებას შეუწყო ხელი, ვინაიდან მათთვის ნიშვნელოვანი იყო, რომ საცხოვრებელი სახლი მაქსიმალურად ყოფილიყო გაფორმებული, შესაბამისად, იმ დროინდელი სუფთად თბილისური სახლის სტრუქტურა აერთიანებდა ოთხივე მხრიდან კედლებით შემოსაზღვრულ შიდა ეზოს, ხის მოჩუქურთმებულ აივნებს, მოხატულ სადაბაზოსა და ევროპულ სტილში გადაწყვეტილ წინა ფასადს. თუ კი შეუძლებელი იყო მთლიანად აღნიშნული კომპლექტის ქონა, გარკვეული ელემენტი მაინც გააჩნდა ძველ სადარბაზოს, თუნდაც  ეს მხოლოდ მოზაიკური იატაკი ყოფილიყო.

-შენ, პირადად, როგორც ხელოვნებათმცოდნე, რომელ თბილისურ სადარბაზოებს გამოარჩევდი?

-როგორც ვიცით, XX საუკუნის დასაწყისიდან ჩვეულებრივ იმკობოდა მთელი სადარბაზო – კედლები, ჭერი, კიბის ნაწილები.  შესაძლებელია გამოიკვეთოს ერთი სტილი, რომელშიც ოსტატები მუშაობდენ, მაგრამ მდიდარი ოჯახებისთვის, რომლებიც სადარბაზოს მხატვრობას უკვეთავდნენ, სირცხვილი იყო გაემეორებინათ უკვე შესრულებული მოხატულობა, ამიტომ, შესაძლებელია, თემატიკა ზუსტად ერთნაირი იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება განსხვავებული ერთმანეთისგან, თუნდაც დეტალებში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადარბაზოში ერთი და იგივე მხატვარი მუშაობდა, მოხატულობები მაინც განსხვავებულია და ამიტომ, ჩემი აზრით, თითოეულ მათგანი საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა გროტესკის სტილში შესრულებული მოხატულობა. ეს სტილი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მომდინარეობს და უწყვეტად არსებობდა ევროპაში. როგორც ჩანს, ამ პერიოდის თბილისში ის განსაკუთრებით პოპულარული იყო. განსაკუთრებით საინტერესოა მცენარეული, ცხოველური და ადმიანის ფორმების ერთმანეთთან შერწყმა, როგორც ეს გრიბოედოვის 15 ნომერში არსებულ მოხატულობაშია.

(გრიბოედოვის ქ. N:15)

 ხშირად ვხვდებით პუტების გამოსახვაც. ეს გახლავთ პატარა, შიშველი ბავშვები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში ფრთებით არიან შემკული. ისინი უმეტესად  ჭერზე გამოსახულ ილუზორულ ცაში არიან ჩახატულები, თუმცა იშვიათად კედლებზეც გვხვდება.

ახოსპირელის  ქ. 3/7

მოხატულობა სხვადასხვა მასალაში სრულდებოდა. უმეტესად ეს იყო ზეთის საღებავები და ქაღალდი. ისინი როგორც წესი კომბინირებულად გვხვდებიან. ხოლო თვითონ ნაგებობებს რაც შეეხება,  პირდაპირ არის ხოლმე ნახსენები რომ იგებოდა პარიზიდან ჩამოტანილი ქვებით და ირთვებოდა ვენეციური მოსაპირკეთებელი მასალებით, იმ დროს გარკვეულ ფენას ნამდვილად ჰქონდა ამის ფუფუნება.

-ხშირად შემოქმედებაზე არა ნაკლებ საინტერესო თვითონ ხელოვანის ცხოვრების დეტალებია, ხომ არ არის შემორჩენილი იმ პერიოდის მხატვრებისა და არქიტექტორების შესახებ რაიმე ცნობები?

-თბილისში ალბათ ყველას გაუგია რუსთაველის მეტროს მიმდებარედ არსებული ვაჭრის – მელიკ აზარიანცის – სახლი, რომელშიც დღეს პანტომიმის თეატრიც არის განლაგებული, შენობა დაახლოებით 1914 წლისთვის არის აგებული და მას უკავშირდება ლეგენდა, რომ როდესაც მშენებლობის პროცესში მას ქალიშვილი გარდაეცვალა, გადაწყვიტა, რომ შენობა საპანაშვიდე წრიული თაიგულებით მოერთო,  იმავე შენობას უკავშირდება მეორე ისტორიაც, როგორც ამბობენ, მშენებლობისას ვაჭარს იმდენად გაუძვირეს წყლის საფასური, გამომდინარე მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან, რომ მან უარი თქვა საერთოდ წყალზე და ნახევარი შენობა პრინციპულად ღვინით ააშენა.

აზარიანცის სახლი რუსთაველზე

იდუმალებით მოცულია თვითონ აზარიანცის სიკვდილიც, ერთი მოსაზრებით, რეპრესიების დაწყებისთანავე ყველაფერი ჩამოართვეს და სარდაფში დახვრიტეს, მეორე მოსაზრებით კი – მან სეიფს შეაფარა თავი და კარი შიგნიდან ჩაეკეტა, უცნობია მისი საფლავის ადგილმდებარეობაც.

მასკარონებით შემკული შენობა, ტაბიძის ქ.

საინტერესო ისტორია აქვს ტაბიძის ქუჩის ბოლოში, ერთმანეთის პირისპირ მდებარე ორ სახლსაც, ეს სახლები სომეხ ვაჭრებს ეკუთვნოდათ და ერთ-ერთი მათგანი შემკულია ულამაზესი ქალის ფიგურებითა და ულამაზესი აივნით, ხოლო მოპირდაპირე სახლის მფლობელს, არ ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ ასე მოერთო შენობა და საკუთარი სახლი ენაგამოყოფილი მასკარონებით შეამკო, ეს არის ერთგვარად დამახინჯებული კაცის ფორმა,რომელსაც ენა აქვს გადმოყოფილი და ამის შემდეგ, მეზობელ  ვაჭარს შეუთვალა – კი შენი სახლი უფრო მდიდრულია, მაგრამ აივანზე, როცა გადმოდგები, პირველი, რასაც დაინახავ, ჩემი ენაგადმოგდებული მასკარონებიაო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ისტორიარელიგია და მეცნიერებასაქართველო

ლამპრობა – მისტიკური ტრადიცია სვანეთში, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ხალხში არსებული ზეპირი გადმოცემის თანახმად ცხუმარის თემის სოფელ ლაბსყალდის მცხოვრების, ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიის მეკლიტულის, ვარდენ თავას ძე გუგუსიანისაგან (დაბადებული 1924 წელს, განათლება – არასრული საშუალო, შვიდწლედი), ოდესღაც თურქებს ბალს ზემო სვანეთში (მესტიის რ-ნი, უბატონო სვანეთი) ეკლესიები გაუძარცვავთ. ბალს ქვემო სვანეთში (მესტიის რ-ნი, სადადეშქელიანო სვანეთი) ჩამოვიდნენ თუ არა, უცაბედად დიდი თოვლი მოსულა და გზები ჩაკეტილა.

თურქებს მიზნად ჰქონიათ დასახული, შეძლებისდაგვარად ბალს ქვემო სვანეთის ეკლესიებიც გაეძარცვათ, მაგრამ ამ განზრახვაზე დროებით ხელი აუღიათ და მკვიდრი მოსახლეობის წინაშე წარმსდგარან.
მთხრობელის თქმით, ხსენებული თურქები უბრალო მძარცველები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც სვანეთის ეკლესიებიდან განძეულობის (მოოქროვილი ვერცხლის ხატებისა და ჯვრების) მალულად, ზედმეტი აყალმაყალის გარეშე გატაცება ეწადათ მხოლოდ და არა ის, რომ სვანეთი დაეპყროთ, მოსახლეობა აეწიოკებინათ, დაებეგრათ და სხვა. ამრიგად, მთხრობელს უდავოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცოდა თურქ მძარცველთა სვანეთში ყოფნის შესახებ მანამ, სანამ სტიქიით იძულებული მძარცველები თავიანთი ნებით არ ეჩვენნენ ხალხს, ე.ი. ბალს ზემო სვანეთში თურქ მძარცველთა ყოფნისა და მოქმედების შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, რაზეც, მთხრობელისავე აზრით, ის ფაქტი მეტყველებს, რომ გადმოცემა არაფერს ამბობს ბალს ზემო სვანეთის მოსახლეობის მიერ თურქ მძარცველთა მიმართ გაწეულ წინააღმდეგობაზე, მათ შორის რამე დაპირისპირებაზე, რაც თურქ მძარცველთა აშკარა მოქმედების შემთხვევაში გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.
ბალს ქვემო სვანეთში ჩამოსული თურქი მძარცველები დღევანდელი ეცერ-ცხუმარისა და ნაკის (ნაკრის) ტერიტორიებზე იმ დროს არსებულ ხევთა (ხევი, ხევთა) მოსახლეობაში განლაგებულან. მათ ყოველ მოსახლეზე ოთხი-ხუთი მხედრის გამოკვება დაუვალებიათ მანამ, სანამ გზა გაიხსნებოდა, ხოლო გზის გახსნის შემდგომ, გაძარცვავდნენ რა ამ ხევთა ეკლესიებს, თურქი მძარცველები, მთხრობელის თქმით, დაუყვებოდნენ კოლხეთის დაბლობისაკენ და გზადაგზა განაგრძობდნენ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას.
ეცერ ცხუმარისა და ნაკრის მოსახლეობას კი თურქ მძარცველთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა გადაუწყვეტია.
გადმოცემის თანახმად, აჯანყებულები მორიდებიან თურქ მძარცველებთან პირისპირ შებმას და გადაუწყვეტიათ, რომ აჯანყება თურქ მძარცველთათვის მოულოდნელად მოეწყოთ.
ასეც მომხდარა. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცხუმარის ყოველი მოსახლის ეზოს ჭიშკართან მამლის პირველ დაყივლებაზე დაინთო პატარა კოცონი ნიშნად აჯანყებისათვის ცხუმარის მთელი მოსახლეობის მზადყოფნისა და ეს ენიშნათ ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიაში, ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოდან (ცხუმარი) ფხტრერის მთავარანგელოზის ეკლესიაში (ეცერი) და თავრარის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში (ნაკი) კანაფის კონებისაგან დანთებული კოცონით ამცნეს ცხუმარის მოსახლეობის მზადყოფნა აჯანყებისათვის.
ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში დანთებულ კოცონს ფხტრერის მთავარანგელოზისა და თავრარის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიების ეზოებიდანაც კოცონით უპასუხეს, რაც იმას მოწმობდა, რომ ეცერისა და ნაკის მოსახლეობაც მზადყოფნაში იყო.
ეცერ-ცხუმარისა და ნაკის მოსახლეობამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ერთდროულად, მამლის მეორე დაყივლებაზე დაიწყო და თურქი მძარცველები ერთიანად ამოწყვიტა. გადმოცემის თანახმად, თურქ მძარცველთა მცირე ნაწილს გაქცევა უცდია, მაგრამ ამაოდ. ეცერ-ცხუმარისა და ნაკრის მოსახლეობამ არათუ თავიანთი სოფლების ეკლესიებიდან არ გაატანა თურქ მძარცველებს განძეულობა, არამედ მათ მიერ ბალს ზემო სვანეთის ეკლესიებიდან წამოღებული განძიც ხელთ იგდო და თავიანთ ეკლესიებში მიუჩინა ადგილი. მთხრობელის თქმით, იმ სიწმინდეთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიაში ინახება, ის განძია, რომელიც თურქ მძარცველებს ბალს ზემო სვანეთის ეკლესიებიდან გაეტაცებინა და რომელიც შემდგომ ლაბსყალდელებმა თურქ მძარცველთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების წარმატებით დაგვირგვინების შედეგად იგდეს ხელთ. ამ ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად დაწესებულა სახალხო დღესასწაული “ლიჩედურალ”, რომელსაც მეტწილ შემთხვევებში ლამპრობის სახელით მოიხსენიებენ. საინტერესოა, თუ რატომ დაერქვა ამ დღესასწაულს “ლიჩედურალ”. გადმოცემის თანახმად, როდესაც ეცერ-ცხუმარისა და ნაკის მოსახლეობას თურქ მძარცველთა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა ერთდროულად დაუწყია, მძარცველთა მცირე ნაწილს გაქცევა უცდია. მათ მცდელობას, სიბნელით ესარგებლათ და გაქცეულიყვნენ ან დამალულიყვნენ, მართალია, ფუჭად ჩაუვლია, მაგრამ მძარცველთა მცდელობის ფაქტი გაქცევისა და დამალვისა ფაქტად რჩება და, მთხრობელის თქმით, ლიჩედურალ დღესასწაულის სახელიც სწორედ ამ ფაქტიდან უნდა მომდინარეობდეს, რამეთუ სვანურად სიტყვა “ლიჩედ”- გაქცევას ნიშნავს, “ლიჩედურალ” კი სიტყვასიტყვით – გაქცევისა და დამალვის მცდელობას. დღესასწაული ლიჩედურალ ანუ ლამპრობა გარდამავალი დღესასწაულია და საეკლესიო კალენდრის მიხედვით იგი ემთხვევა მეზვერისა და ფარისევლის კვირას.
თავდაპირველად დღესასწაულ ლიჩედურალის ჩატარების ცერემონიალი, მთხრობელის თქმით, უფრო პრიმიტიული ყოფილა. გადმოცემის თანახმად, თურქ მძარცველთა წინააღმდეგ აჯანყების წარმატებით დაგვირგვინების დღიდან რამდენიმე წელიწადს თურმე დღესასწაულ ლიჩედურალს ეკლესიის ეზოში კანაფის კონებისაგან დანთებული კოცონით აღნიშნავდნენ მხოლოდ და თან, რა თქმა უნდა, ლოცვას აღავლენდნენ, რის შემდეგაც იშლებოდა სუფრა და იმართებოდა პურობა, ხოლო შემდგომ, დროთა განმავლობაში ამ დღესასწაულმა, მთხრობელის თქმით, უფრო დახვეწილი სახე მიიღო და კანაფის კონები არყის ხისაგან დამზადებულმა ლამპრებმა შეცვალეს. ლამპრის დასამზადებლად მაინცდამაინც არყის ხის შერჩევა იმით არის განპირობებული, რომ, ხალხის რწმენით, არყის ხე ქრისტეს მიერ დანალოცად, ნაკურთხად ითვლება. ლეგენდის თანახმად, როდესაც ებრაელებს ქრისტეს შეპყრობა ნდომებიათ, არყის ხეს ტოტები დაბლა ჩამოუშვია და ქრისტე დაუმალავს. ამის შემდეგ თითქოს იესო ქრისტეს არყის ხე დაულოცავს ანუ უკურთხებია. ლიჩედურალ დღესასწაულისათვის მეორე სახელის – ლამპრობის – დარქმევა კი, მთხრობელის თქმით, ლიჩედურალის სადღესასწაულო რიტუალში კანაფის კონების არყის ხისაგან დამზადებული ლამპრებით შეცვლამ გამოიწვია.
ბალს ქვემო სვანეთში ყოველ ოჯახში ლამპარი მზადდება ლიჩედურალ დღესასწაულამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე. ლამპრების დასამზადებლად განკუთვნილ დღეს ლალჩა ეწოდება. დღეს ხდიან ხორბლის არაყს, განკუთვნილს ლიჩედურალ დღესასწაულისათვის და ლამპრების დამზადებაც სწორედ მის პარალელურად მიმდინარეობს. ლამპარი ყოველ ოჯახში მზადდება იმაზე ერთით მეტი, რამდენი ქუდისდამხურავიც არის ოჯახში. ერთ ლამპარს განსაკუთრებულს ამზადებენ. მას “ღერთემ ლამპარ”-ს ანუ საღვთო ლამპარს უწოდებენ. ლიჩედურალ დღესასწაულისათვის დასამზადებელი ლამპრების რაოდენობის ოჯახში მყოფ ქუდისდამხურავთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა, მთხრობელის თქმით, სიმბოლურად იმის აღმნიშვნელი უნდა იყოს და იმასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომ თურქ მძარცველთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს ქუდზე კაცი გამოვიდა, ხოლო საღვთო ლამპრის წარმოშობა თურქ მძარცველთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დღეს მამლის პირველი დაყივლებაზე ყოველი აჯანყებული მოსახლის ეზოს ჭიშკართან აჯანყებისათვის მზადყოფნის ნიშნად დანთებულ კოცონთან უნდა იყოს დაკავშირებული. საღვთო ლამპრის წარმოშობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, მთხრობელის თქმით, ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც უთენია ლიჩედურალ დღესასწაული იწყება, ოჯახის უფროსი (მახვში) პირველად საღვთო ლამპარს წაუკიდებს ცეცხლს და ეზოს ჭიშკართან თოვლში ჩაარჭობს, რის შემდეგაც დაილოცება: “ღერმეთ ანფიშირ მლპარი მარე, აშირ ათას ლამპრობოღ ანჰია”, ე.ი. ღმერთო, გვამრავლე მოლამპარე კაცი, ასი ათას ლამპრობას მოგვასწარიო. შემდეგ სხვა დანარჩენ ლამპრებსაც წაუკიდებენ ცეცხლს ოჯახის ქუდისდამხურავები და მიაქვთ სოფლის ცენტრში, სადაც მთელი სოფლის ქუდისდამხურავები იყრიან თავს, ალმოდებული ლამპრებისაგან ანთებენ კოცონს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამენ: “ჯგრაგ ლიჩედურალაშ, მლმპარი მარე ჩუვ ესეროღ ოთფიშრე მინე ქორისგა ი მინე სოფელისგა”, ე.ი. ლიჩედურალის ანუ ლამპრობის წმ.გიორგივ, მოლამპარე კაცი გვიმრავლე ოჯახებში და სოფელშიო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის მცირეწლოვანი ქუდისდამხურავი, თუნდაც ჩვილი და ამიტომ, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ოჯახის რომელიმე ქუდისდამხურავს ლამპრის ტარება ფიზიკურად არ შეუძლია, მის მაგივრად მისი კუთვნილი ლამპარი ოჯახის სხვა ქუდისდამხურავს მიაქვს დანიშნულ ადგილას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოჯახის ქუდისდამხურავთაგან ლამპრის ტარება ფიზიკურად არცერთს არ შეუძლია, მაშინ ამ ოჯახის ქუდისდამხურავთა კუთვნილი ლამპრები მათ უახლოეს ნათესავებს ან მეზობლებს მიაქვთ დანიშნულ ადგილას. რაც შეეხება საღვთო ლამპარს, იგი წესისამებრ უნდა დაიწვას ეზოს ჭიშკართან. გამთენიისას სოფლის ყოველი დიასახლისი კუბდარისა და ხაჭაპურის სახით გამოაცხობს რიტუალურ პურებს (ლემზრალ), რომელთაც ლალჩა დღეს გამოხდილ ხორბლის არაყთან ერთად მამაკაცები წაიღებენ იმ ადგილას, სადაც კოცონი არის დანთებული და სადაც მთელი სოფლის ქუდისდამხურავები იყრიან თავს, იმდენ ერთეულს, რამდენი ლამპარიც იქნა მისი ოჯახიდან გატანილი, ე.ი. რამდენი ქუდისდამხურავიც არის მის ოჯახში. სოფლის ცენტრში შეკრებილ ქუდისდამხურავთაგან სამი გამორჩეული მამაკაცი (შესაძლებელია მეტიც) დაილოცება და ღმერთს (წმ.გიორგის) შესთხოვს, ამრავლოს სოფელში ქუდისდამხურავები, იყოლიოს ისინი მფარველობის ქვეშ და მოასწროს მათ ლამპრობის მრავალი დღესასწაული. ამის შემდგომ სოფლის ყოველი მამაკაცი უკლებლივ შესვამს სამ ჭიქა არაყს, ჩვეულებისამებრ სამი ღმერთის – დიდი ღმერთის, მთავარანგელოზისა და წმ.გიორგის – სადღეგრძელოს, რის შემდეგაც აღავლენენ წმ.გიორგის სადიდებელს – “ჯვარგიშ”-ს. ყოველივე ამის შემდეგ იქვე კოცონის სიახლოვეს იშლება სუფრა და იწყება პურობა, რასაც თან სპორტული შეჯიბრება – თამაშობანიც ახლავს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ, მთხრობელის თქმით, ყოველ ლამპრობის დღესასწაულზე წესად ყოფილა სიმღერის “შგარი ლაშქარ” შესრულება, რომელსაც თურმე ხალხი მეორენაირად ლაშქრულსაც უწოდებდა. ლამპრობის დღესასწაულზე სიმღერის “შგარი ლაშქარ” შესრულების წესი უკვე დავიწყებასაა მიცემული. ფაქტობრივად, ცხუმარის მოსახლეობას დღესდღეობით ეს სიმღერა საერთოდ მივიწყებული აქვს.

©ირაკლი არღვლიანი
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება.

P.S სხვა რიტუალია “სვიმნობ” , (იგივე მირქმის დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში) როცა მიცვალებულთა საფლავებზე კოცონს ანთებენ და რომელსაც ბალს ზემო სვანეთში 14 თებერვალს, საღამოს აღნიშნავენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

ეს ფიროსმანია – უნიკალური კადრები, სადაც ნიკალა ჩანს

ალექსანდრე დიღმელაშვილს სხვა რომ არაფერი გადაეღო, მარტო ამ კადრებით დარჩებოდა ისტორიაში. 1911 წელს მან დავით სარაჯიშვილის დაკრძალვა აღბეჭდა ფირზე. ეკრანიდან ცოცხალი ფიროსმანი, რომელიც მის გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე არის გადაღებული.

„პრაიმტაიმის“ მკითხველმა პირველად იხილა ფოტოები უნიკალური ვიდეო-კადრებიდან.

გოგი სარაჯიშვილი, მკვლევარი: „ეს კადრები 1911 წლის 26 ივნისს, პაპანაქება სიცხეშია გადაღებული. სარაჯიშვილის დაკრძალვა დიღმელაშვილმა, დავითის მეუღლის, ეკატერინეს თხოვნით გადაიღო. დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ფირზე კარგად ჩანან მაშინდელი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, აკაკი და ფიროსმანი. დიდუბის ტაძრის გალავანი ხალხით იყო სავსე, იქვე იმყოფებოდნენ სარაჯიშვილების ახლო ნათესავი ტარსაიძეები ბავშვებით. სწორედ ტარსაიძეების გადმოცემით, გალავანში დამსწრეთა შორის იყო ფიროსმანიც, თუმცა ამ კადრების აღმოჩენა უფრო მოგვიანებით მოხდა. 1917 წლის 3 მარტს, დავითის ცოლისძმამ, ადამ ფორაქიშვილმა ეს ფირი საგანგებოდ დამზადებული ყუთით საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას გადასცა. ამის შემდეგ ფირი მეტეხის მუზეუმში მოხვდა, მისი გაუქმების შემდეგ კი, 1950 წლიდან, ხელოვნების მუზეუმში ინახება. ეს ფირი 1916 წლამდე კინოთეატრ „აპოლოში“ და ბათუმშიც იყო ნაჩვენები. იმის დასადგენად, იყო თუ არა ფირზე აღბეჭდილი მამაკაცი ნამდვილად ნიკო ფიროსმანი, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის თაოსნობით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც კოორდინირებას გურამ აბრამიშვილი უწევდა. კომისიაში იყვნენ სარგის კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი. „გასვენებაზე მოსულა ჩვენი ფიროსმანი, ხალხში გარეულა და თავისთვის ტრიალებს. „საწყალი ნიკალა“, „უბედური მხატვარი“ – თითქოს გაიძახიან აქეთ-იქიდან. ფიროსმანი კი თბილისის ქუჩებში, როგორც მუშამბაში, ისეა გახვეული და ამ მითქმა-მოთქმის არა ესმის რა“, – წერდა შალვა ლომსაძე.

კომისიის აზრი თითქმის ორად გაიყო, საბოლოო სიტყვა ლადო გუდიაშვილზე მიდგა, რომელიც სანამ რამეს იტყოდა, თვალზე ცრემლმომდგარი დუმდა. ბოლოს თქვა: „ის არის, ის… მხოლოდ აქ უფრო მხნე და ვაჟკაცურია, ჯერ კიდევ გაუტეხელი. ფიროსმანი მაშინ სადგურის მახლობლად, ღვინის სარდაფში მუშაობდა. ახლა მე მას მესამედ შევხვდი“. როგორც ჩანს, დიღმელაშვილი კარგად წვდებოდა ფიროსმანის პიროვნების სიდიადეს, ერთხელ გაასწორა მასზე ფოკუსი და ამის შემდეგ კამერა აღარ მოუშორებია.

ფიროსმანი, სავარაუდოდ, 1865 ან 1867 წლებშია დაბადებული, ამ კადრებზე დაახლოებით 44-46 წლისაა. 1918 წელს კი, ნიკო ფიროსმანი გარდაიცვალა.

წყარო : „პრაიმტაიმი”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ენერგეტიკაისტორიაკულტურასაქართველოტექნოლოგიები

სვანი ინჟინერი, რომელმაც მესტია გაანათა

ნათქვამია, ქვეყნის ისტორიას ადამიანები და მათი საგმირო საქციელი ქმნისო. ხოდა ერთ კარგ ქართველზე უნდა გიამბოთ.

აი იმ კაცზე, სვანეთის ისედაც დიდი და საინტერესო ისტორია, რომ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

მშენებელ – ინჟინერმა ილია ფალიანმა გასული საუკუნის 40-იან წლებში, მესტია და მეზობელი სოფლები პირველად გაანათა.

მშენებელ – ინჟინერის ლოტბარის სტატუსსაც ატარებდა. მადლიერმა შთამომავლობამ ის მესტიის ცენტრში, სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელ კართან სვანური ტრადიციით დაკრძალა.

ილია სეტიანი1888 წელს, სვანეთის ქორეპისკოპოსებისსეტილიებისშტოს უკანასკნელ მოძღვრის გიო სეტიელისოჯახში დაიბადა.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში გაუგრძელებია, სადაც იგი სამთო ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა.

სოციალისტური წყობილების დამყარებისთანავე მეფის რუსეთის ოფიცერი გამხდარა. წლების მანძილზე საქართველოს სამხედრო გზის დაცვის უფროსად უმუშავია.

მისი პროექტებით მესტიაში არაერთი შენობა აშენდა, მათ შორის 1934-35 წლებში მესტიის ელექტროსადგური, შემდგომ კი, ქვემო სვანეთის მცირე ელექტროსადგური.

მესტიაში ილიას აშენებული ჰესი დღესაც დგას. მართალია, შენობა ამჟამად კერძო მფლობელობაშია. იმის გამო, რომ სვან ინჟინერს შვილი არ ჰყავდა, მას პირდაპირი შთამომავალი არ დარჩენია.

ილია ფალიანი 1966 წლის 12 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

„ილიას ჰესი“

ილია ფალიანის მიერ აშენებულ ნაგებობას შორის ყველაზე მასშტაბური მესტიის ჰესია, რომლითაც არამხოლოდ მესტია, არამედ ახლო მდებარე სოფლებიც მარაგდებოდა.

შემდეგ ენგურ – ჰესი ააშენეს და ილიას მიერ აგებულმა ჰესმაფუნქცია დაკარგა. ადგილობრივები დღესაც იხსენიებენ, როგორც „ილიას ჰესს“…

ამბობენ, რომ განათლება საფრანგეთსა და პეტერბურგში მიუღია, თუმცა როგორ მოხვდა ევროპაში უცნობია.

ლოტბარი

ქართული სიმღერის თვალსაჩინო ლოტბარი, ხალხურ სიმღერას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაეუფლა და სასწავლებლის საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა.

ილია ქართული ხალხური საგუნდო მოძრაობის პიონერიასაქართველოში.

ათეული წლების მანძილზე იგი აგროვებდა სვანურ თქმულებებს, ლექსებს, აფორიზმებს, სიმღერებს. მის მიერ დამუშავებული სიმღერები შევიდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის საგანძურში.

ორმოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მოღვაწეობდა სვანური სიმღერებისა და საკრავების ინსტრუქტორ – მასწავლებლად, ჯერ კიდევ საქართველოს რადიოს, შემდეგ კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლებში.

ასრულებდა სხვადასხვა საგალობლებს, სახლში კი ხშირად ფოლკლორულ ნაწარმოებებს მღეროდა. სვანური სიმღერა „ბილება“-ს ავტორი სწორედ ილიაა.

ქვემო სვანებს ასწავლიდა ფოლკლორს და ცდილობდა ამგვარად გაევრცელებინა… მისი ერთ-ერთი მოსწავლე პლატონ ბაბლუანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა სვანური სიმღერების უბადლო შესრულებით.

ის დედისერთა იყო. მისი მეუღლე აზა ქებაძე გახლდათ, მათ შვილი არ გაუჩნდათ. კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა მისი საცხოვრებელი სახლი, რომელიც საუბედუროდ, დაწვეს და შემდეგ, მიწით დაფარეს.

ფილმი „სვანი“

ილია ორ გვარს, ფალიანი (სეტიელი) ატარებდა. ფილმი „სვანი“-ს სცენარი, სწორედ სეტიელი-ფალიანის გვარის რეალურ ამბავზე დაყრდნობით შეიქმნა.

კინოში განვითარებული მოვლენების ნაწილი შეცვლილია, თუმცა „სვანი“ სწორედ ამ გვარის ტრაგიკულ ისტორიას ყვება.

მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი როლანდ თოფჩიშვილი იკვლევდა ილიას გვარის ისტორიას. მისი მეცნიერული ნამუშევრის მიხედვით, სეტიანები სვანეთში გაბატონებულან.

შემდეგ სისხლის აღების წესით, ყველა მათი წინაპარი ამოუხოცავთ, გარდა ერთისა…სხვადასხვა ისტორიული ცნობები არსებობს ამ გვარის ამოწყვეტასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ვერსია დემნა ბატონიშვილის პირად მტრობას უკავშირდება, მეორე – დიდგორის ბრძოლის ეპოქას სამეფო კარის ძარცვისთვის.

ილიას ერთ-ერთი წინაპარი იყო გაბრიელი, იმ დროს ჩვილი ყოფილა და აღსაზრდელად ჰყავდათ მიბარებული სვილჩილდ ფალიანსა და მის მეუღლეს დარჯილ სამსიანს, სოფელ ერიშში.

მათაც გაბრიელის ტოლი შვილი ჰყოლიათ. სეტიანებიდან ცოცხალი მხოლოდ გაბრიელი გადარჩა.

„მოწინააღმდეგე გვარს“ გაუგია, რომ ფალიანებში გაძიძებული გაბრიელ სეტიანიიზრდებოდა. ამიტომ რაზმთან ერთად შეიჭრა ფალიანების ოჯახში და მოითხოვა გაბრიელის გადაცემა მოსაკლავად.

ძიძის ოჯახმა, ცოლ-ქმარმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, თავიანთი შვილი გაეწირათ სხვისი გვარის უკანასკნელი ვაჟის გადასარჩენად, ამით სეტიანების გვარი გაგრძელდებოდა.

მოტივი რა თქმა უნდა, გვარის გადარჩენა იყო და არა პიროვნული დამოკიდებულება. გაბრიელის მამა გიორგი სეტიანიიყო, ხოლო დედა – ლეჩხუმელი გელოვანი.

გადარჩენილი გაბრიელი ფალიანებმა სწორედ დედულეთში, გელოვანებს მიუყვანეს და იქ იზრდებოდა. რომ წამოიზარდა, გაბრიელმა ბაბუასგან შეიტყო მისი ოჯახისა და მოგვარეების ტრაგიკული ისტორია.

ბაბუა მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას სთავაზობდა ლეჩხუმში, მაგრამ წინაპართა ხსოვნის უკვდავსაყოფად და საკუთარი ღირსების დასაცავად გადაწყვიტა სვანეთში დაბრუნება და სისხლის აღება.

გადმოცემის თანახმად, მას დიდი ჯარი ჰყოლია. უშგულიდან წამოსულ გაბრიელს გზაში შემოაღამდა და შეყოვნდა ზულმუდთან (სვანურად – სახალხო კრება და ასევე, დაზავება).

სამსიანებისა და ფალიანების სოფელ ერიშში არ შესულა საბრძოლველად აღმზრდელი ძიძის საპატივსაცემოდ. ხოლო დანარჩენ სოფლებში ოჯახიდან თითო მამაკაცი მოუკლავს.

რა თქმა უნდა, მესტიაში ხმა მალევე გავრცელდა გაბრიელის დაბრუნების შესახებ. ხალხმა დასახმარებლად ძიძის ოჯახს მიმართა.

ისინი გაბრიელთან დაზავებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფალიანების ოჯახს ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ამიტომ, ზულმუდში მისი ძიძა ქალბატონი დარჯილი გაემართა.

მათი შეხვედრა ძალიან თბილი და ამაღელვებელი ყოფილა. მადლიერმა გაბრიელმა აღმზრდელს პირობა მისცა, რომ მას დედად მიიღებდა, იცხოვრებდა ფალიანების ოჯახში, როგორც მათი შვილი და მათ გვარს ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე.

ასე გახდა სეტიანების გადარჩენილი ერთადერთი ვაჟი გაბრიელ ფალიანი. სვანებთან დაზავდნენ. მესტიაში ჩამოსული გაბრიელი სეტიანების საგვარეულო სახლში დასახლდა.

ერთადერთი სეტიანის გარაჩენისთვის დღემდე დიდ პატივს ვცემთ ფალიანები სამსიანების გვარს.

წყარო : primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

რუზველტისთვის გაგზავნილი წერილი – ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

საქართველო გასაბჭოების მე-15 წლისთავს ითვლიდა. მთიელები საბჭოთა რეჟიმს ვერ ეგუ­ებოდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ხევ­სურები გამოირჩეოდნენ.  1922 წელს ხევსურეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკების  შეიარაღებულ რაზმებთან შეტაკებები ორწყალთან და ლიქოკის ხეობაში გაიმართა. ბოლშევიკებმა აჯანყება სისხლში­ ჩაახშვეს­ და რამდენიმე სოფელი მთლიანად გადაწვეს.

1936 წლის 13 იანვარს, სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი სოფელს  რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.

მაკგრეგ­ორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა – ამერიკის მთავრობა თქვენს მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.

მთაში ყოფნისას ჟურნალისტს თარჯიმ­ნობას ერთი ხევსური, ღერენა ლიქ­ოკელი უწევდა.

ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური­ წევრი და ქაქუცა­ ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო.

მაკგრეგ­ორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების­ სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. მაკგრეგორი სტუმრებს შეჰპირდა, რომ უახლოეს ხანში მას ამერიკის შეერთებული­ შტატების პირველ პირებს გადასცემდა.

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

“ამირიკის დიდს მთავრობას
ხევსურეთის წარმომადგენლობის
თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრილეის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23/VI – 36წ.

ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბ­ჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი არმია რომის პაპის სამსახურშია

,,ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის” შექმნა უკავშირდება რომის პაპის იულიუს II-ის სახელს. 1506 წელს იულიუს II-მ პირველი ფიცი ჩაიბარა 150 შვეიცარიელი გვარდიელისგან და სწორედ ეს თარიღი ითვლება გვარდიის დაარსების თარიღად.

შვეიცარიულ გვარდიას ევალება ვატიკანისა და პაპის დაცვა. რომის პაპის სიცოცხლე ყოვველთვის საფრთხეში იყო, სწორედ ამან გამოიწვია შვეიცარიული გვარდიის დაარსება. ვატიკანის შვეიცრიელმა გვარდელებმა იხსნეს რომის პაპი კლიმენტი VII სიკვდილს, როდესაც 1527 წლის 6 მაისს რომის იმპერატორმა კარლ V-მ აიღო და გაძარცვა რომი. დღეს კი შვეიცარიელი გვრდიელები ფიცს 6 მაისს დებენ და ეს დღე ვატიანში ,,შვეიცარელ გვარდიელთა დღედ” არის მოხსენიებული.

არსებობს მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდებას ოფიციალური კვალიფიკაციის მისაღებად. დაცვის წევრები სპეციალურ წვრთნას გადიან. გვარდიელი უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკე, შვეიცარიის მოქალაქე, უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური სამხედრო მომზადება შვეიცარიაში. უნდა ფლობდნენ პროფესიულ ან საშუალო სკოლის დიპლომს. მამაკაცი არ უნდა იყოს დაოჯახებული, 19-დან 30 წლამდე ასაკის, მინიმუმ 174 სანტიმეტრი სიმაღლეში. ჰალბერდიერის კონტრაქტის დაწყებისთანავე ისინი ვალდებულნი არიან დაესწრონ იტალიური ენის გაკვეთილებს.

გვარდიელის ოფიციალური სამოსი ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერისაა და როგორც ჩანს, რენესანსის ხანისაა. ერთი გვარდიელის ფორმის შეკერვას 32 საათი სჭირდება და იწონის 3.6 კილოგრამს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ფორმაა, რომელსაც მუდმივი ჯარი იყენებს დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფორმის დამზადებას ამდენი დრო სჭირდება, სამახურის დასრულების შემდეგ პირადი ფორმები ნადგურდება.

წყრო: VATICAN.COM

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკატეგორიის გარეშესაქართველო

სამჯერ დასაფლავებული უკვდავი ქართველი პოეტი!

21 ოქტომბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა. 1845 წლის 21 ოქტომბერს ელიზავეტპოლში (განჯაში), „ავი მალარიით“ თუ „ხურვებად“ მონათლული ფილტვების ანთებით, გარდაიცვალა 28 წლის გენიოსი, რომლის დაუტირებელი სხეული მესამე დღეს, იქვე დაასაფლავეს ციხის ეკლესიის გალავანში. გავა დრო და ნიკოლოზ ბართაშვილის ძვირფას ნეშტს ჯერ დიდუბის, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ;

გავა დრო და მასზე იტყვიან: „არც ერთი ქართველი პოეტი, რუსთაველის შემდეგ, არ ამაღლებულა ბარათაშვილის ლირიკამდე!“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, განჯაში იმყოფებოდა ბარონი ნიკოლაი (ალ. ჭავჭავაძის სიძე), რომელსაც დღიურში ჩაუწერია, ჩამოვხტი თავად მამუკა ორბელიანის სახლში, საშინელ ქოხშიო.

მამუკა ორბელიანი მაზრის უფროსი იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი კი – მისი თანაშემწე. მნიშვნელობა არ აქვს, ერთად ცხოვრობდნენ თუ ცალ-ცალკე, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საცოდაობა იქნებოდა ადგილი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა დალია სული.

„გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა; ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას და იფიქრე ჩვენი ცხოვრებაც“, – ასე შეატყობინა საყვარელი დისშვილის გარდაცვალება ილია ორბელიანმა თავის უფროს ძმას, გრიგოლს. კიდევ უფრო მწარე და გულისმომკვლელი იყო დედის, ეფემია ორბელიანის გოდება: „მე უბედური უბედურად ქმნილი მოვაკლდი ჩემს სიხარულს შვილს და რა შვილს, რომლისგანაც მოველოდი ყოველ სიხარულს. ვუი და ვაი ჩემს მოსწრებას, ჩემს თვალების დაბნელებას.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამი, პოლიციის მოხელის „მუნდირში“ გახვეული, დაკრძალეს ციხის პაწია ეკლესიის გალავანში, მაღლობზე. მიცვალებულს წესი აუგო მღვდელმა, სტეფანე ვერდერევსკიმ, რომელიც, თურმე, პოეტის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს დასწრებია. ახალგაზრდა უფროსისა და თანამოსამსახურის წინაშე უკანასკნელი ჩინოვნიკური ვალი მოიხადეს ელიზავეტპოლის (განჯის) მოხელეებმა, რომლებიც „სამსახურეობრივი მოვალეობისამებ“ გამოცხადნენ მის დასაფლავებაზე. როგორც მიხეილ თუმანიშვილი, მ. ხელთუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაშრომში, „უკანასკნელი წელი ნიკ. ბარათაშვილის ცხოვრებისა“ წერს, „ერთ-ერთმა ამ უსახელო ადამიანთა შორის, ვინმე ბ. პონაროვსკიმ – წვრილფეხა მოხელემ თუ ეკლესიის მსახურმა – უჩვენა შემდგომ პოეტის მახლობლებს ბარათაშვილის თითქმის დაკარგული საფლავი“.

გამწარებული ეფემია 1849 წელს გარდაიცვლება, თუმცა მოასწრებს განჯაში ჩასვლას და შვილის საფლავის მონახულებას.

„აქ მას გადასცეს შვილის შემდეგ დარჩენილი რაღაც საცოდაობის ქონება, რომელიც ისე იყო დამპალი, რომ სახმარლად არ ვარგოდა და მან აქვე დაურიგა იმ პირთ, ვინც განსასვენებელს ემსახურებოდა“, – წერს მიხეილ თუმანიშვილი.

განჯაში მომხდარმა უბედურებამ ნამდვილი სულიერი ბორგვა გამოიწვია ტფილისში – პოეტის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებში, თუმცა ისე მოხდება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მთელი 48 წლის განმავლობაში დარჩება უცხო მიწაში;

გვიან დაფასდება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობაც – ცალკე წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები პირველად 1876 წელს ანუ პოეტის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ დაიბეჭდება.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაისმება პირველად პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი (გაზეთი „დროება“) და აღიძვრება შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა შეუსმენელი დარჩება. …გავა დრო და 1891 წელს გაზეთი “ნოვოე ობოზრენიე” დაბეჭდავს წერილს, რომლის მიხედვითაც ელიზავეტპოლის ადმინისტრაციას მიზნად აქვს დასახული ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტია დასაფლავებული, გაიყვანოს გზა. ცნობას მყისიერად ეხმაურება გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქცია აფუძნებს ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების ფონდს, სადაც შემოწირულობები საქართველოს ყველა კუთხიდან ირიცხება. საქმეში ერთვება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოება, რომლის 1892 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებულ სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

„საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.

განჩინება: ეთხოვოს თავად გ. ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: თ. (ნ.) ორბელიანისა, ი. ჭყონია და დ. კარიჭაშვილი“.

პოეტის ნათესავებს მთელი თვეები მოუწიათ ცდა, ვიდრე მთავრობისგან ნეშტის ჩამოსვენების ნებართვას მიიღებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნებართვა გაიცა. 1893 წლის 23 აპრილს განჯაში გაითხარა პოეტის საფლავი… აი, როგორც აღწერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ტფილისში ჩამოსვენებას 1893 წლის 27 აპრილს გამოსული „ივერია“ (1893 წ. N86):

„კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინის-გზის ვაგზალზე… ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მიედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი …09.30 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასი ნეშტით… აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულს მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით, და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებს, და ისე მიასვენებდნენ… როცა ლიტანია მიუხალოვდა დიდუბეს, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი… საფლავზე სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვებმა“.

1900 წელს გადაწყდა საფლავზე დასადგმელი ძეგლის – დეკორატიული ქანდაკების დადგმის საკითხი. 1905 წლის 10 ოქტომბერს, მიუხედავად წინა დღის კოკისპირული წვიმისა, დიდუბის ეკლესიის ეზოში თავი მოეყარა დიდძალ საზოგადოებრიობას. საზეიმოდ გაიხსნა მგოსნის ძეგლი, რომელიც თბილისში გამოაქანდაკეს იტალიელმა სკულპტორებმა ვილიმ და რიჩიმ. ძეგლი წარმოადგენს ალგეთის ქვის 3,195 მეტრი სიმაღლის ღარებიან სვეტს, რომელიც ეყრდნობა კიდეებჩამოთლილ კვარცხლბეკს და თავდება მარმარილოს ჩანგით. ძეგლის კვარცხლბეკზე ოთხივე მხრიდან მიმაგრებულია ნაცრისფერი მარმარილოს ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია პოეტის ლექსები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი
ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი

35 წელი განისვენებდა დიდი პოეტის ნეშტი დიდუბის მიწაში, ვიდრე 1938 წლის 15 ოქტომბერს, ქართველმა მწერლებმა მთაწმინდაზე არ გადაასვენეს. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახება გადაწყვეტილების ამსახავი დოკუმენტი – „აქტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის მწერალთა პანთეონში“. აქტში ვიკითხულობთ:

„1938 წლის 15 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმომტანი კომისიის წევრების ა. მაშაშვილის, შ. დადიანის, გ. ლეონიძის, ი. მოსაშვილის და პროფესორ ვლადიმერ ჟღენტის თანდასწრებით დიდუბის პანთეონში გათხრილ იქნა პოეტის, ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის საფლავი. საფლავიდან ნეშტის ამოღებას დაესწრო მწერალთა აქტივი.

საფლავში აღმოჩნდა ცინკის კუბო დახურული, კარგად შენახული. კაკლის ხის კუბო დაშლილია. ცინკის კუბო არის სიგრძით 97 სმ, სიმაღლით 25 სმ, სიგანით – 56 სმ.

08.30 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი გადასვენებული იქნა მთაწმინდის მწერალთა პანთეონში. პროფ. ჟღენტმა მოახდინა ნეშტის მეცნიერული დათვალიერება და ჩონჩხის აღდგენა-გაზომვა. ასისტენტობდა დოც. ა. ჯორბენააძე.

მეცნიერული ექსპერტიზის დასკვნა ასეთია: ნ. ბარათაშვილის ნეშტის ჩონჩხი ძირითადად კარგად არის შენახული. ჩონჩხის აღდგენის სურათი ადასტურებს, რომ პოეტი საშუალო ტანის და ძვალმსხვილი კაცი ყოფილა. მარცხენა ქვედა კიდურის წვივკოჭის მიდამოში ძვლებს ეტყობა ოდნავი დაკოჟრება. თავის ქალა და პირისახის ჩონჩხი კარგად შენახულია. თავის ქალა საშუალო ზმოისაა.

12.45 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი ჩასვენებულ იქნა ახალ აკლდამაში.

კომისიის თავმჯდომარე ა. მაშაშავილი. კომისიის წევრები: შ. დადიანი, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ვლ. ჟღენტი. მდივანი: გ. აბზიანიძე”

დიახ, მთაწმინდაზე გაიჭრა ნიკოლოზ ბარათაშვილის მესამე და უკანასკნელი საფლავი, მთაწმინდაზე, რომლის მომნუსხველმა იდუმალებამ ერთით მეტი შედევრი შეაქმნევინა პოეტს:

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ძეგლზეც, რომელიც საფლავზე დგას, ამოკვეთილია ფრაგმენტები პოეტის ნაწარმოებებიდან. სამხრეთის მხრიდან – ნაწყვეტი პოემიდან „ბედი ქართლისა“, დასავლეთიდან – ნაწყვეტი ლექსიდან „ფიქრნი მტკვრის პირას“, სხვა მხრიდან კი ნაწყვეტები „მერანიდან“.

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

ასეთი იყო პოეტის მიერ განჭვრეტილი მომავალი, გარდაუვალი ბედისწერა, რომლის შეცვლა თვითონ ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო მისმა შემოქმედებამ, მისმა დიდებულმა პოეზიამ, რომლის წყალობითაც აწ უკვე დამარხულია თავის მამუმლში, თავის დიდებულ წინაპართა საფლავებს შორის და, ტირილითაც, მის საფლავს სულმუდამ დასტირიან საქართველოს საუკეთესო შვილები…

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი

წყარო : radiotavisupleba.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ბრიტანეთში უძველესი რომაული ჯვარცმის ფიზიკური მტკიცებულება აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კაცის ჩონჩხი, რომელსაც ქუსლში ლურსმანი ჰქონდა. მათი თქმით, ეს არის ევროპის ტერიტორიაზე რომაელთა ჯვარცმის პირველი მტკიცებულება, რომელიც დაახლოებით 1 900 წლის წინანდელია.
ჩონჩხი აღმოაჩინეს ვია დევანას მახლობლად, რომელიც რომაულ დასახლებად ითვლება კემბრიჯში. ჩონჩხის ირგვლივ კი 12 ლურსმანი იპოვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯვარცმისას ძალით მიამაგრეს ხის კონსტრუქციას. არქეოლოგების განცხადებით, ეს ჯვარცმის უტყუარი მტკიცებულება არ არის, მაგრამ ეს მისი ერთადერთი სარწმუნო ახსნაა, რაც მას არქეოლოგიურ მტკიცებულებებში ჯვარცმის მეოთხე მაგალითად აქცევს.
აქამდე არქეოლოგებმა 1968 წელს ჩრდილოეთ იერუსალიმში აღმოაჩინეს ჯვარცმის ლურსმანი, ასევე იტალიასა და ეგვიპტეში ორი ჩონჩხი ქუსლებზე საეჭვო ნახვრეტებით, მაგრამ ლურსმნის პირდაპირი მტკიცებულება არ იყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 33
Page 10 of 33