close

ისტორია

ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

საქართველოს ეროვნული გმირი – ქაქუცა ჩოლოყაშვილი

26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეა

დამოუკიდებლობა გამოცხადდა კვირა დღეს, თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე, საღამო ჟამს, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, საქართვლოსა და კავკსიისთვის არეულ დროს და ეს იყო ახალი ცხოვრების, ახალი ქვეყნის დასაწყისი.

დასაწყისი რთული იყო, მაგრამ – იმედიანი.

აწეწილი, სულმოუთქმელი წლები იდგა, მაგრამ პასუხისმგებლობით – სავსე და ადამიანები თავდაუზოგავად უკეთესს ცდილობდნენ.

ამ ახალი ქვეყნის დაცვა ძნელი იყო. შენებას, მოწესრიგებასა და ფეხზე წამოდგომას ულმობელი წამზომის წიკწიკი ჩაესმოდა. გარდატეხა, სამშვიდობოს გასვლა, დინჯად მიმოხედვა არ მოხერხდა: პირველმა რესპუბლიკამ იარსება, მხოლოდ, ორ წელიწადსა და ცხრა თვეს, და მოისპო ბოლშევიკების მიერ – წითელმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო.

ამ დროის გმირია პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი ახალგაზრდა კავალერისტი, რომელმაც უარი თქვა ოკუპაციას შერიგებოდა და პატარა რაზმთან ერთად დაიწყო ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ.

მაშინდელი საქართველო სავსე იყო ტყის რაზმებით, მამაცი და შეურიგებელი ადამიანებით, მაგრამ ხალხის მეხსიერებამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ,მაინც , გამორჩეულად შემოინახა.

იქნებ იმიტომ, რომ ის განასახიერებდა რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ტყის მაშინდელი მებრძოლები იყვნენ. ან, იქნებ, იმიტომაც, რომ ის უბადლოდ ხსნიდა თავის შეურიგებლობას:

არ მაინტერესებს, რომელი მთავრობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ აქ რუსის ჯარი არ იდგეს და საქართველო თავისუფალი იყოსო

და, ან ,იქნებ, იმიტომაც, რომ იერით, ქცევით, ფიქრით ის რაღაც ტიპს- დროსგან დამოუკიდებელ ერთხასიათიან ქართველს განასახიერებდა და მტერიცა და მოყვარეც ამას ცხადლივ გრძნობდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი იმ დროის გმირი იყო და საუკუნო გმირად იქცა თავისი პირშეუკრავი ჭრილობებით, ჭლექით, ნატანჯი და ამოწყვეტის პირად მიყვანილი ოჯახითა და ნათესაობით; იმ სევდიანი გამონთქვამითაც, ხუმრობასავით რომ ისროლა პარიზში, როცა სთხოვეს,რომ ეცეკვა : ჩემი ფეხები მხოლოდ საქართველოში ცეკვავენო.

აკა მორჩილაძე

მწერალი

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფოტო არქივიდან: საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, თბილისი1918 / Wikipedia

წყარო : helloblog.ge

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ილია ჭავჭავაძის მიმართვა 1897 წელს: ,,ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე”

,,დოქტრინა” გთავაზობთ საგაზეთო შენიშვნებს ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე – კერძოდ, ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო მიმართვას 1897 წელს:

ივერია # 94, გვ. 1-2. 16 მაისი, 1897 .

ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ, ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ახლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედაქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულდადებით არ ვექცევით, სიყვარულით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო? იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია.

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იეფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულდაუდებლობით და უთავდარიგობითა.

ერთის სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა, და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.

ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავის თავს, თავის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ

კვლევა ორმა იტალიელმა არქეოლოგმა ჩაატარა, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებს, ებრაულ ხელნაწერებს, ძველრომაულ ლიტერატურულ ძეგლებსა და არქეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობოდნენ.

 

„ბიბლიაში წერია, რაზე საუბრობდნენ სადილის დროს იესო და მისი მოციქულები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რას მიირთმევდნენ“, – ამბობს არქეოლოგი ჯენეროზო ურჩიოლე.

 

კვლევის ამოსავალ წერტილად ურჩიოლესა და მისი დამხმარე მარტა ბერონგოსთვის იესოს ებრაელობა იქცა. მათ ივარაუდეს, რომ იესო ქრისტე და მოციქულები იცავდნენ ტრადიციებს, რომლებიც თორაში იყო დაფიქსირებული და რელიგიურ გასტრონომიულ შეზღუდვებს ეხებოდა.

 

მარკოზის სახარების მიხედვით, სადილი პასექის დღესასწაულზე გაიმართა, მაშინ როცა საპასექო ბატკანს სწირავდნენ, ამიტომაც, მეცნიერთა აზრით, სუფრაზე ცხვრის ხორცი აუცილებლად იქნებოდა.

 

და, რაღა თქმა უნდა, მენიუში შევიდოდა ხმიადი (უსაფუარო პური) და ღვინო, რომლებიც (პროდუქტებიდან ერთადერთი) პირდაპირ არის ნახსენები ბიბლიაში (შეგახსენებთ, სწორედ საიდუმლო სერობის დროს დაედო სათავე ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მთავარი საიდუმლოს – ზიარებას).

 

ამას გარდა, ტრაპეზის მენიუში შეიძლება ყოფილიყო ჩოლენთი – ტრადიციული ებრაული კერძი მოთუშული ხორცით, ბოსტნეულით, ბურღულეულითა და ლობიოთი, ზეთისხილი, ბალახეული, ფინიკი, ასევე, ხილი და ნიგვზის პასტა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ტრაპეზის მონაწილეები მაგიდასთან ისე არ ისხდნენ, როგორც ეს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრზეა გამოსახული. ისინი ნახევრად წამოწოლილები იყვნენ იატაკზე გაშლილ ნოხებსა და ბალიშებზე, როგორც ამას რომაელები აკეთებდნენ. კერძები დაბალფეხიან მაგიდებზე თიხისა და ქვის ჭურჭლით ეწყო.

წყარო : funtime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურასაქართველოტურიზმი

პირველი თბილისელი გიდი და თითქმის 130 წლის მერე გაცოცხლებული ტური

„როსტომი, ჩვენი გიდი, თავის ჩერქეზულ სამოსში გამოწყობილი დაიარება სასტუმროს ფოიეში, ხანჯალასხმული და საომარი ჯილდოებით აკაზმული. გერმანელი ფილოლოგის ნათქვამი რომ გადამემოწმებინა, როსტომს ვკითხე, რამდენ ენაზე საუბრობდა. ზუსტი რაოდენობა თვითონაც არ იცის, თუმცა მაინც სცადა თითებზე ჩამოეთვალა: რუსული, მეგრული – მისი მშობლიური ენაა, ქართული, სომხური, სპარსული, ლეზგინური, გრუზინული, ყველა ვერც დავიმახსოვრე“, – ეს ბოლო შეცდომა (გრუზინულიო) შევუნდოთ ავტორს, რომელმაც ერთ-ერთი პირველი თბილისელი გიდის შესახებ დაგვიტოვა ცნობები…

თუმცა სჯობს, მოვლენებს მივყვეთ.

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა და, ბოლო წლების ტრადიციისამებრ, ქართველმა გიდებმა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს: დილიდან საქართველოს ქალაქებში ტურისტებისთვის, დამწყები თუ უკვე გამოცდილი კოლეგებისთვის სხვადასხვა მიმართულებისა და თემატიკის ტურები ჩაატარეს.

თბილისის მერიამ შეხვედრაც მოუწყო გიდებს, ასოციაციებმა საქმიანობა შეაჯამეს და გამორჩეული წევრები დააჯილდოვეს. საღამოს კი, დატვირთული დღის მიუხედავად, ბევრი გიდი წავიდა ყოფილ სასტუმრო „ლონდონისკენ“, სადაც  გავრცელებული ინფორმაციით, პირველი თბილისელი გიდის ამბავი უნდა გაეცოცხლებინათ.

ინგლისელი სტუმრის ამბავი

სანამ ამ წარმოდგენა-ტურისა და გიდი როსტომის  შესახებ ვიტყოდეთ რამეს, ერთი ადამიანი უნდა ვახსენოთ: ჰენრი ნორმანი – ინგლისელი ჟურნალისტი და მოგზაური, პოლიტიკოსი, ლიბერალური პარტიის წევრი.  ის მუშაობდა გაზეთებში „Pall Mall Gazette”,  „News Chronicle”, „New York Times”. მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი ცნობილი და გახმაურებული სტატია. შემდეგ იგი, როგორც პოლიტიკოსი, იბრძოდა ქალთა უფლებების დაცვისა და ქალებისთვის საარჩევნო ხმის მიცემისთვის, თუმცა მთავარ თემას დავუბრუნდეთ…

1892 წელს ჰენრი ნორმანმა იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში და საქართველოსაც ესტუმრა.  ამ მოგზაურობას შემდეგ ორტომეული მიუძღვნა „All The Russians“ („სრულიად რუსეთი (თუ რუსები“), რომლიც 1902 წელს გამოვიდა ძალიან საინტერესო ილუსტრაციებით. ამ წიგნის ნაწილი,  ქართულ ენაზე, „ჰენრი ნორმანის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ,”ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა 2019 წელს ( მთარგმნელი ნათია მეჩითიშვილი. რედაქტორი გიორგი სორდია). სტატიის ციტატები სწორედ ამ ნაშრომიდან არის აღებული.

„ამუდარიიდან მოყოლებული ჩრდილოეთის პოლარულ წრემდე და ყარსიდან კამჩატკამდე რუსეთის მეფეს ბევრი უცნაური ხალხი და ქვეყანა ჰყავდა თავისი მმართველობის ქვეშ, მაგრამ კავკასიისა და მისი ხალხების მსგავსი ძნელად თუ მოიძებნება მთელს მსოფლიოში. მართლაც, თუ ვინმე კავკასიაში მოხვედრილა, უთქვამს კიდეც: ამისთანა დედამიწის ზურგზე არაფერი მინახავსო“, – ასე იწყება ნაშრომი, რომელიც ნორმანის მოგზაურობის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, კავკასიისა და საქართველოს ნაწილს აღწერს.

ტურზეც ტურის ავტორი, გიდი ვლასი ვაწაძე სწორედ იმ ნორმანს ასახიერებდა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში პოპულარულ სასტუმრო „ლონდონს“ „ესტუმრა“.

„ყველა თვალსაზრისით ეს საინტერესო სავანე მაინც უცნობი რჩება გარე სამყაროსათვის. ადვილი და კომფორტულია აქ ჩამოსვლა. მისი მთავარი სატრანსპორტო გზები მოწესრიგებულია. ხოლო მთელს რუსეთშიც კი არ მოიძებნება ისეთი ფეშენებელური და კეთილმოწყობილი სასტუმრო, როგორც სასტუმრო ლონდონია, რომელსაც ყველა მისი ფრანგული სახელწოდებით Hotel de Londre იცნობს“, – წერს ნორმანი.

„ლონდონის“ „მიმღებში“ სტუმარსა და ტურის მონაწილეებს სასტუმროს ისტორია გააცნეს  და გამორჩეული  სტუმრების – ჰამსუნგისა თუ ჩაიკოვსკის შესახებაც უამბეს. ის დღეც გაიხსენეს ერთი ვაგონი შროშანები რომ დაახვედრეს თბილისელებმა რუს კომპოზიტორს. აკი ამიტომაც  უყვარდა მუსიკოსს გამორჩეულად თბილისსა და ბორჯომში სტუმრობა.

სანამ სასტუმროში ინგლისელი სტუმარისთვის ნომერს „ამზადებდნენ“,  გოლოვინზე გაჩერებულ მის კარეტას „ჩამოიყვანდნენ“ და ბარგს „ჩამოტვირთავდნენ“,  ინგლისელმა ჟურნალისტმა ვერ მოითმინა, მეგობარი გერმანელი ეგვიპტოლოგის რეკომენდაციისამებრ, იპოვა ქართველი გიდი და როსტომს ქალაქის გაცნობა სთხოვა. გიდის როლი ჩოხასთან და მეგრულ კილოსთან ერთად მშვენივრად მოირგო გიდმა დავით ნასარიძემ.

ლალი აფციაურმა (რომელსაც ტურის ჩატარების იდეა ეკუთვნის), გზად ორბელიანების სასახლისა და ორბელიანების უბნის, ორბელიანების კუნძულის  შესახებ ისაუბრა. „ინგლისელმა სტუმარმა“ გიდებთან ერთად სომხური ვანქის ტაძარიც (დღეს მის ადგილას 104 საჯარო სკოლაა) „მოინახულა“ და თბილისელი სომხური თემის ამბებსაც გაეცნო.

თბილისი და თბილისური ამბები

„თბილისი რუსეთისთვის კავკასიის მარგალიტია, რეგიონის დედაქალაქი და, შესაბამისად, უვლის და უფრთხილდება. ქუჩები სუფთაა, ლამპიონებით განათებული, მაღაზიები დიდი და ლამაზი, მოწესრიგებული ტრამვაი, ეტლები…

თავისი მასიური მომწვანო-მოწითალო თუნუქის სახურავებით თბილისის ნახევარი პატარა პარიზს მოგაგონებთ ან კოხტა ბუქარესტს… თბილისის ერთი ნახევარი თუ ევროპას მოგაგონეთ, მეორე წმინდაწყლის აზიურია…   ევროპასა და აზიას შორის მდებარე თბილისი ყველაზე მეტად იქ მცხოვრები ხალხების სიჭრელით მოგაჯადოებთ, რომლებიც არა მარტო უამრავ გასაოცარ ენებს ფლობენ, არამედ თავიანთი სახასიათო გარეგნობითაც გამოირჩევიან“, – წერს ნორმანი.

გარეთუბნიდან, ორბელიანების უბნიდან ამჯერად ტურის მონაწილეებმა  მუხრანთუბნის კარით ძველ ქალაქში გადაინაცვლეს. პირველი გაჩერება „ზარის ეკლესია“ იყო, მერე  უჯებირო მტკვარს „გადახედეს“, წისქვილებიან, უბრალო თბილისელებით დასახლებულ  რიყეს, რომლის თავზეც უკვე გადიოდა ციციანოვის (ციციშვილის) აღმართი, მერე როსტომის სასახლესთან და სიონთან გაჩერდნენ.

„სასტუმროდან ტრამვაით ათ წუთის სავალზე თავი ბაღდადში ან თეირანში გეგონებათ. აზიური ბაზრებიდან მხოლოდ ცოტა თუ შეგხვდებათ ისეთი, უცხოელ მუშტარზე ხარბი თვალი რომ არ ეჭიროთ…. მთელს ბაზარში ისე გეპყრობიან, როგორც ადგილობრივ მკვიდრს“… ასეთ ადგილას გიდი როსტომი შეუცვლელი ადამიანია, „ქალაქის მთავარ ბაზარზე ერთი საათით გასვლაც კი კმარა, რომ მან ყველა ენაზე დაილაპარაკოს“ (თბილისელი გიდი ბევრ ენას რომ ფლობს, ეს ხომ თავშივე ვთქვით).

სტუმარი განსაკუთრებით ღვინით ინტერესდება:

„ბაზრის ყველაზე დიდ უცნაურობას ღვინო წარმოადგენს. კახეთის რეგიონში, რომელიც თბილისიდან არც ისე შორსაა, წითელ და თეთრ ღვინოს აყენებენ, ასევე აყენებენ ღვინოს, რომელიც არც წითელია და არც თეთრი, არამედ მოწითალო-მოყავისფრო პორტვეინის ფერი და ყავისფერი ხერესის გემო დაჰკრავს.  ეს უბრალო ხალხის ღვინოა, გროშის ფასი აქვს“.

აბა, ისე როგორ იქნება, თან ღვინის დაჭაშნიკების მერე, გიდმა და ინგლისელმა სტუმარმა ქალებზე არ ისაუბრონ?

„ქართველი ქალები, მართლაც, ისეთი ლამაზები არიან, როგორც მათზე ჰყვებიან? გათხოვებისას, რაც საკმაოდ ადრეულ ასაკში, ისინი ზომაზე მეტად განივრები და მსუქნები არიან, მოწიფულობის ასაკში კი მშვენდებიან. სახის სწორი და დახვეწილი ნაკვთები აქვთ,  დიდი მშვიდი მუქი ფერის თვალები, სავსე ტუჩ-კბილი, თეთრი პირისახე, შავი თმა – რაც ჩვენთან, ევროპაში მიღებული და აღიარებული სილამაზისგან საკმაოდ შორსაა. მათ ტუჩებს ვნებიანი ჩურჩულიც შეუძლიათ და გამამხნევებელი სიმღერითაც აცილებენ ქმრებს ომში, როცა ამისი დრო დგება“…

ისტორიასა და ქალებზე საუბრისას მეფე თამარიც ახსენდებათ: „იმის ნახევარიც თუ მართალია, რასაც თამარ მეფეზე ყვებიან, მაშინ ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დედოფალი…. მისი წყალობით საქართველო გაბრწყინდა და მისი დიდების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო“, – დაუწერია ნორმანს თავის წიგნში.

საუბრობენ პოლიტიკაზეც, ხალხთა შორის ურთიერთობაზეც, თუმცა სტუმარს მეფეები და პოლიტიკა ავიწყდება, როცა თბილისურ აბანოში ხვდება. გოგორდის აბანოები ხომ ამ ქალაქის კიდევ ერთი „ფასდაუდებელი სიმდიდრეა“, თბილისელი მექისე  და მასთან ურთიერთობა კი – ცალკე თავგადასავალი.

ნორმანი ერთ მტკივნეულ თემასაც ეხება: „ოლივერ უორდროპი წიგნში „საქართველოს სამეფო“ (1888 წ.) წერს: რუსეთი სამომავალოდ რომ ომში ჩაებას, ამით საქართველო მაშინვე ისარგებლებს, დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და დარიალის ხეობაზე კონტროლს დააწესებს… ჩემი პირადი აზრით კი, რუსეთის მტრებს იმედგაცრუება მოელით, რადგან საქართველოს პოლიტიკური და ეროვნული დამოუკიდებლობა წარსულს ჩაბარდა და მიუხედავად მათი მედიდურობისა, წარმოსადეგი აღნაგობისა და სამხედრო სამოსისა, მე სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ რუსეთთან დაპირისპირებისა და წარმატების რეალური ძალა და უნარი შესწევდეთ“.

ასე ფიქრობდა საქართველოს მომავალზე 130 წლის წინ ორი ინგლისელი…  წინ იყო 1905, 1917, 1918, 1921 წლები, 1921 წლის მძიმე თებერვალიც, ზუსტად ეს დღეები…  უორდროპი მაინც უკეთ იცნობდა საქართველოს, თუმცა საუკუნე დასჭირდებოდა მისი სიტყვების ახდენას, მაინც დადგა დამოუკიდებლობა! ევროპისა და უცხოელი ტურისტებისკენ გზაც მხოლოდ დამოუკიდებლობამ გახსნა.

„არ მესმის, რატომ არ ჩამოდიან შეძლებული ევროპელი ტურისტები კავკასიისკენ. იქნებ ჩემმა წიგნმა მაინც წააქეზოს ისინი ამისკენ. როგორც ბატონი ფრეშფილდი ამბობს, „კავკასიის აღსაწერად ყველა სიტყვა უძლურია“  და ისევ კლინტონ დენტის დავესესხოთ: თუ ეთაყვანებით მთებს და თუ გსიამოვნებთ ბუნების ჭვრეტა და მისი თოვლით, ნისლით, ტყეებითა და სილამაზით ტკბობა, სადაც სრულიად კონტრასტული სილამაზე სრულ ჰარმონიაში მოდის, მაშინ წადით კავკასიაში, წადით ქალაქში, სადაც 70 ენაზე საუბრობენ…“, – წერდა 130 წლის წინ ჰენრი ნორმანი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია გითხრათ, რომ დღეს ქალაქში, სადაც ოდესღაც ერთი გიდი იყო (ყოველ შემთხვევაში, ვინც გიდად მოიხსენიება და შემორჩა ისტორიას), დღეს ალბათ სამოცდაათამდე ენაზე მაინც ლაპარაკობენ გიდები… თბილისელი გიდების რაოდენობას კი ვერავინ გეტყვით: არც ტურიზმის ადმინისტრაციას, არც გიდების ასოციაციებს, არავის აქვს ასეთი სტატისტიკა დედამიწის ზურგზე…  თბილისში თურმე ყველაფერი როსტომიდან დაიწყო… ყოველ შემთხვევაში ტურის ავტორები – ვლასი ვაწაძე და ლალი აფციაური ასე ფიქრობენ და  ამბობენ, რომ არქივში შემორჩენილი მწირი ცნობებით, როსტომი (ნორმანსაც უნდა ვენდოთ ალბათ) მეგრელი იყო,  სასტუმროებთან „კავკაზთან“ და „ლონდონთან“ ელოდა სტუმრებს, თავადაც აქირავებდა ოთახებს,  ყიდდა იარაღს… მოკლედ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სიტყვების „ტურიზმის“ და „გიდის“ მნიშვნელობა ეცოდინებოდათ, ჩვენი როსტომი თბილისში მრავალმხრივ ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა. უფრო ძველი თბილისელი გიდის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ გვაქვს, თუმცა ალბათ ჯერჯერობით…

წყარო : publika.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევები

გაანადგურეს თუ არა ნეანდერტალები თანამდეროვე ადაიანებმა?

ნეანდერტალები დედამიწიდან 40,000 წლის წინ გაქრნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მდიდარი კულტურა, ძლიერი ანატომია და ადამიანთან უამრავი საერთო ჰქონდათ.
წლებია მეცნიერები ამ გაქრობის მიზეზებს იკვლევენ. უამრავ ჰოპოთეზას შორის ერთ-ერთი გავრცელებული აზრი ის გახლავთ, რომ ნეანდერტალები უფრო ძლიერ, ანატომიურად თანამედროვე ადამიანთან კონკურენციას შეეწირნენ. თუმცა, ჰოლადნიელმა მეცნიერებმა ახლახანს ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს ასე არაა.
„ვართ თუ არა ჩვენ ნეანდერტალების გაქრობის მიზეზი? არა, ჩვენი კვლევის თანახმად, მოსახლეობის ისეთი მცირე ჯგუფის გადასაშენებლად, როგორიც ნეანდერტალები იყვნენ, მხოლოდ დემოგრაფიული ფაქტორიც საკმარისია,“ – განაცხადა ეინჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ბიომეცნიერების ინჟინერმა და ფილოსიფოსმა კრისტ ვაესენმა და დასძინა, რომ მათი შეფასებით ნეანდერტალების რაოდენობა 5,000-დან 70,000 -მდე იყო.
ვაესენი და მისი გუნდი განმარტავს, რომ ნეანდერტალების გაქრობაში ანატომიურად თანამედროვე ადამიანმა არა რესურსების მოპოვებაზე კონკურენციის გზით ითამაშა, არამედ სექსუალური დისტრაქციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეანდერტალების გადაშენებაში გარკვეულწილად „ბრალი“ მათსა და თანამედროვე ადამიანის წინაპარს შორის მომხდარ შეჯვარების ფაქტებს მიუძღვის.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაისტორიასამხედრო

ვინ იყო მსოფლიოს ყველაზე სასიკვდილო იარაღის შემქმნელი მიხაილ კალაშნიკოვი და რა მისწერა მან რუსეთის პატრიარქს

„ჩემი სული აუტანელ ტკივილს ატარებს, სულ ვეკითხები საკუთარ თავს : თუკი ჩემმა შექმნილმა იარაღმა ადამიანებს სიცოცხლე მოუსპო, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ სიკვდილზე პასუხისმგებელი მე ვარ. რა კლავს, იარაღი, თუ ისინი, ვინც მას ატარებენ?“- ამის შესახებ ავტომატ „კალაშნიკოვის“ შემქმნელი მიხეილ კალაშნიკოვი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერილ წერილში წერდა, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს გაუგზავნა.
მიხაილ კალაშნიკოვი დაიბადა 1919 წლის 10 ნოემბერს. კალაშნიკოვმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარში ტანკის მექანიკოსად მუშაობდა, იარაღი AK-47-ი, ანუ „ავტომატ კალაშნიკოვა 1947“, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შექმნა. 1949 წელს „კალაშნიკოვი“ საბჭოთა არმიის თავდასხმითი იარაღი გახდა და მოგვიანებით ის „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებმაც მიიღეს. იარაღი სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში. კალაშნიკოვი ავტომატის კლასიკურ დიზაინს მთელი სიცოცხლის მანძილზე ნელ-ნელა ცვლიდა, 1959 წელს AK-47-ი AKM-მა ჩაანაცვლა, რომელიც გაცილებით მსუბუქი იყო და მისი წარმოება გაცილებით იაფიც ჯდებოდა. მოდიფიცირებული AK-47-ს წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესაც ხდება.
ბოლო მონაცემებით, დღემდე 100 მილიონამდე ერთეული AK-47-ი და მისი ვარიანტია შექმნილი.
რა არის AK-47-ის უპირატესობა და რატომ იყო ის რევოლუციური იარაღი? ჯერ ერთი, მისი წარმოება გაცილებით იაფია, მსუბუქია სატარებლად და იოლი გამოსაყენებელია, აქვს მცირე უკუცემა. გარდა ამისა, ის სანდო და უტყუარია მკაცრ გარემო პირობებში – როგორც უკიდურეს სიცივეში, ასევე სიცხეში :დაწყებული ჭაობიანი ჯუნგლებიდან დამთავრებული ქვიშიანი შორეული აღმოსავლეთით.
AK-47-ის ფასი ზოგერ ასეულობით აშშ დოლარს აღწევს, თუმცა, მისი შოვნა ზოგჯერ 50 დოლარადაც შეიძლება, ფასების დაწევას ავტომატის იმ ქვეყნებში წარმოება იწვევს, სადაც მუშახელი იაფია.
მიხაილ კალაშნიკოვს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „სტალინის პრიზი“, „წითელი ვარსკვლავი“ და „ლენინის ორდერი.“ მას ეროვნული გმირის წოდებაც ჰქონდა მინიჭებული.
მიხაილ კალაშნიკოვი 2013 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

უძველესი ქართული სახარება, რომელსაც მაჰმადიანები მაგიურ ძალას მიაწერდნენ

უძველესი ქართული სახარებებიდან ბევრი აღარ არის შემორჩენილი, მაგრამ რამდენიმე მაინც გადარჩა და ყველას თავისი ისტორია აქვს. მათ შორის ყველაზე ძველი არის ადიშის ოთხთავი, რომელიც 897 წელს არის გადაწერლი და დღეს სვანეთში, მესტიის ისტორიულ-ეთნგორაფიულ მუზეუმში ინახება.

ადიშის ოთხთავს დღესაც დიდი ინტერესით იკვლევენ უცხოელი მკვლევარები ამერიკაში, ბელგიასა თუ  გერმანიაში. ოთხთავის შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნა 1901 წელს ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ხახანაშვილმა. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ექსპედიცია მოაწო სვანეთში და თავისი თვალით ნახა ეს წიგნი. ცნობილმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე ერმაკოვმა გადაიღო ადიშის ხელნაწერის ფოტოსურათები, რომელიც გამოსცა მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოებამ 1916 წელს. 1926-1955 წლებში პარიზში ცალკე წიგნად გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა ბლეიკმა, რომელსაც თან ახლავს ტექსტის ლათინური თარგმანი.

ადიშის ოთხთავი გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში 897 წელს. ტექსტი შესრულებულია ეტრატზე. დაცულია ორი ანდერძი, პირველი ეკუთვნის გადამწერს მიქაელს, მეორე ოთხთავის დამკვეთს სოფრონს. აკადემიკოს აკაკი შანიძის ცნობით, ხელნაწერის შემკვეთი არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე სოფრონი – „დიდი სოფრონი, სანატრელი მამაი შატბერდისა, ეკლესიის განახლების აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“.

მე-16 საუკუნეში, ადიშის ოთხთავი შატბერდიდან წამოუღია ნიკოლაოსს, ჯუმათის მონასტრის მამასახლისს.

ოთხავი მდიდრულად შემკული ხელნაწერია და ჩასმულია ტყავის ყრდაში. შემორჩენილი აქვს სამი შრე. პირველი შრე თარიღდება მე-9 საუკუნით, მეორე მე-10 საუკუნით, მაზე ამოკვეთილია ვერცხლის დიდი ჯვარი და ყვავილოვანი ორნამენტები, მესამე შრე კი – მე-16 საუკუნით თარღდება.

ხელნაწერი შემკულია უნიკალური მინიატურებით.

ბევრჯერ გადაურჩა განადგურებას ადიშის ოთხთავი. უხუცესთა  გადმოცემით ერთხელ ოთხთავი ეკლესიიდან გაუტაცია სამ მაჰმადიანს, რომლებიც მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ, მაგრამ მდევარი მალევე დაეწია და უკან დააბრუნეს. ერთხელ ხანძარი გაჩენია იმ სახლს, სადაც ოთხთავი ინახებოდა. მთელი სოფელი ფეხზე დადგა და სიციცხლის ფასად ალმოდებული სახლიდან გამოიტანიათ, თუმცა რამდენიმე ფურცელი დამწვარა.

სვანები დღესაც ამბობენ – ერთი სვანიც რომ დარჩეს, მაშინაც კი ვერავინ შეძლებს ამ საგანძურის სვანეთიდან წაღებასო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ეგვიპტეში ფარაონ ჯოსერის პირამიდა ვიზიტორებისთვის 90 წლის შემდეგ გახსნეს

ეგვიპტეში ტურისტები ფარაონ ჯოსერის პირამიდაში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ეს პირამიდა ქაიროსთან ახლოს სოფელ საკარაში მდებარეობს. პირამიდის რესტავრაცია 14 წელი მიმდინარეობდა.კოლმპლექსშია ფარაონ ჯოსერის სარკოფაგი. მისი ნახვას ტურისტები 90 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლებენ. 1930 წელს სარკოფაგი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაიხურა.

პირამიდის აღდგენითი სამუშაოები 2006 წელს დაიწყო, თუმცა 2011 წელს ქვეყანაში რევოლუციის დაწყების გამო შეჩერდა. ხელისუფლებამ პირამიდის რესტავრაციაზე $6,5 მილიონი დახარჯა. ჯოსერის პირამიდა 4,7 ათასი წლისაა. მისი ციმაღლე 60 მეტრია. პირამიდა ზოდჩი იმხოტეპმა ააგო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

ნაქალაქარ ნეკრესზე აღმოაჩინეს V საუკუნის კატაკომბური ტიპის კრიპტა, მიწისქვეშა კატაკომბებით

ნაქალაქარ ნეკრესზე აღმოაჩინეს V საუკუნის კატაკომბური ტიპის კრიპტა, მიწისქვეშა კატაკომბებით, რომელშიც დაკრძალულია ადგილობრივი დიდგვაროვნების ნაშთები, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.

მუზეუმის ინფორმაციით, განვლილ სეზონებში, უღრანი ტყით დაფარული გორაკის სიღრმიდან თანდათან გამოვლინდა უაღრესად მასშტაბური ქრისტიანული ბაზილიკა, რომლის მხოლოდ ცენტრალური, სამნავიანი დარბაზის ზომებიც კი (36 მ X 18.5 მ) გაცილებით აღემატება აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე ცნობილ ბაზილიკურ ტაძრებს.

„აღსანიშნავია, რომ პასტოფორიუმებს შორის ჩაწერილი საკურთხევლის ნალისებრი აფსიდის, მრავალსაფეხუროვანი სინთრონონის და ავანსცენური ამბიონის ქვეშ,  სარდაფისებრი კრიპტაც აღმოჩდა წმინდა ნაწილების მოსათავსებელი ლუსკუმითურთ. მსგავსი რელიქვარიუმი ადრეულ ქართულ ქრისტიანულ ეკლესიებში დღემდე არ ყოფილა დადასტურებული, რომაულ-ადრებიზანტიური ბაზილიკებში კი ასეთი კომპონენტი ფრიად გავრცელებული იყო.

გარდა ამისა, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაგვანახა, რომ ტაძარს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, იმთავითვე მთელ სიგრძეზე გაუყვებოდა ეკვდერებისა და გალერეების სისტემა. შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტების, მიკვლეული ნივთიერი მასალისა და ორგანული ნაშთების რადიოკარბონული ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ ეს ბაზილიკა IV -V საუკუნეთა მიჯნაზე ყოფილა აგებული IV საუკუნის მოზრდილი (25 მ X 15 მ), ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის, მართკუთხა საკურთხევლიანი ტაძრის ნანგრევებზე. ამრიგად, ნათელი გახდა, რომ დოლოჭოპის კომპლექსის სახით საქმე გვაქვს თავდაპირველი გეგმარებით თითქმის სრულად შემორჩენილ, საქართველოში ჯერჯერობით უდიდეს და უძველეს ქრისტიანულ სატაძრო ცენტრთან, რომელიც თავისი მასშტაბით არ ჩამოუვარდება რომის იმპერიისა თუ ადრებიზანტიური სამყაროს პირველ, საყოველთაოდ ცნობილ, თითქმის ანალოგიური გეგმარების ნაგებობებს.

2019 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულმა ექსპედიციამ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების – ნოდარ ბახტაძის, ვაჟა მამიაშვილის, ბაჩანა გაბეხაძის და ჯიმშერ ჩხვიმიანის შემადგენლობით, ამ კომპლექსის ისტორიასა და გეგმარებით თავისებურებებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა. გამოირკვა, რომ ანსამბლის ამჟამინდელი დომინანტი ნაგებობა – კავკასიის მასშტაბით ისედაც გიგანტური ბაზილიკა, ქრისტიანული ეპარქიის კათედრალური ცენტრის შემადგენელი მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობა ყოფილა. IV საუკუნის მე-2 ნახევარში ეს კომპლექსი მოიცავდა თავდაცვითი ზღუდებით და სხვადასხვა დამხმარე შენობებით გარშემორტყმულ,  მინიმუმ 2500  კვ.მ. ფართობის შიდა ეზოს, რომლის ცენტრში განლაგებული იყო თავდაპირველი, მართკუთხა საკურთხევლიანი „მცირე” ტაძარი  და მასზე დასავლეთიდან მიმდებარე ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. როგორც ჩანს, ამავე საუკუნის მიწურულს ტაძარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულა. თითქმის მაშინვე, მის მოსწორებულ საფუძველზე და მეზობელ ღია სივრცეებში, გაცილებით დიდი და დღემდე გაცილებით სრულად შემორჩენილი, აღწერილი გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკა ჩაუშენებიათ (ეპისკოპოსის სასახლეზე მიჯრით, თუმცა აღმოსავლეთისკენ ზუსტი ორიენტირების გამო, მისი კედლიდან ცერად აცდენილი). ახალ ტაძარს პრაქტიკულად სრულად შეუვსია შიდა ეზო, თანაც მას კომპლექსის ირგვლივ მდებარე დამხმარე ნაგებობები იმგვარად გადაუფარავს, რომ ისინი 18 მ-მდე სიმაღლის ტაძრის მოცულობაში თითქოსდა დაქვემდებარებულ  ფორმებადღა აღიქმებოდნენ და, ალბათ, მისი დიდებული ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრიც ეს იქნებოდა.

გარდა აღნიშნული ფაქტის დადასტურებისა, მიმდინარე სეზონის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ხაზგასასმელი, დიდი ბაზილიკის სამხრეთის გალერეის სარდაფის სართულში დადასტურდა 30 მ-მდე სიგრძისა და 3 მ სიგანის კატაკომბური ტიპის კრიპტა მისივე იატაკის დონეზე მოწყობილი შესასვლელით.  ამ ღია სივრცეში, იატაკიდან ოდნავ შემაღლებით ჩამწკრივებულ 10 ქვაყუთის ტიპის სამარხში საერო პირები, სავარაუდოდ ამ ქალაქის დიდგვაროვანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ დაკრძალულნი. ზოგი სამარხი ინდივიდუალურია, უმრავლესობა კი წყვილადი – მეუღლეების განსასვენებლად. სამარხები, მიცვალებულთათვის ჩაყოლებული სამკაულით და ძვლოვანი ნაშთების რადიოკარბონული ანალიზით V საუკუნით თარიღდება. მსგავსი ღია სივრციანი, სარდაფისებრი კრიპტა-გალერეები ჩვეულებრივი მოვლენაა რომაულ-ადრებიზანტიური სამყაროს ადრექრისტიანულ ტაძრებში, საქართველოში კი ეს ელემენტიც პირველად დოლოჭოპის ბაზილიკაში დადასტურდა“, – იტყობინება ეროვნული მუზეუმი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია 2006 წლიდან მოყოლებული იკვლევს ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროსთან აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის დიდ სატაძრო კომპლექსს. ეს მიდამოები ანტიკურ ეპოქასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ქალაქ ნეკრესის უბანს წარმოადგენდა, ამჟამად კი მას ნასოფლარ დოლოჭოპს უწოდებენ.

2012 წლიდან ამ ძეგლზე მონაცვლეობით მიმდინარე არქეოლოგიურ და საკონსერვაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. ამ პერიოდიდანვე, კომპლექსის არქეოლოგიურ კვლევაში აქტიურად არიან ჩაბმულნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ისტორია

ქართველ ისტორიკოსს საფრანგეთში “შატობრიანის სახელობის პრემია” გადასცეს

ქართველ ისტორიკოსს, ლაშა ოთხმეზურს  წიგნისთვის “ბარბაროსა 1941 აბსოლუტური ომი” საფრანგეთში  “შატობრიანის სახელობის პრემია” გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკა სირაძე-დელონე ავრცელებს.

“განსაკუთრებულად კარგი და მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა გუშინ, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც ნამდვილად არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ჩვენი მედია ამ ამბით ჯერ არ დაინტერესებულა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთში, ისტორიის დარგში ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნებისათვის 1987 წლიდან გაიცემა “შატობრიანის სახელობის პრემია”. მიუხედავად იმისა, ამ პრემიის ძირითადი სამიზნე განმანათლებლების პერიოდის ისტორიის წიგნებია, ლაურეატებში გვყავს გამონაკლისებიც.

საამაყო და სასიხარულოა, რომ ეს მნიშვნელოვანი აღიარება წელს, გადაეცა ქართველ ისტორიკოსს ლაშა ოთხმეზურს და მის კოლეგას ხუან ლოპეზს მათი განსაკუთრებულად კარგი წიგნისთვის “ბარბაროსა 1941 აბსოლუტური ომი” (თარგმანი ჩემია). აღსანიშნავია, რომ ლაშა პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც ეს პრემია მიიღო.
ცერემონიალი ამ პრიზის გადაცემისთვის, როგორც წესი საფრანგეთის აკადემიაში იმართება ხოლმე. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ამ ძალზედ სასიხარულო, საამაყო და მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან. ლაშას და ხუანს კი ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას და ბევრ საინტერესო წიგნს ! ლაშა, ვამაყობთ შენით !”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 33
Page 21 of 33