close

ისტორია

ისტორია

ჯაშუში მტრედების გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის

ვიცით, რომ ცხოველებსა და ფრინველებს ადამიანები ომსა და სხვა სამხედრო მიზნებისთვის ხშირად იყენებდნენ. არსებობს ფოტომასალა ცხენების, სპილოებისა და დათვების სამხედრო ტვირთმზიდებად გამოყენების, ასევე დელფინის გამოყენების ფაქტებიც წყალქვეშა ოპერაციებისთვის,  საფოსტო მტრედებს კი აქტიურად იყენებდნენ უძველესი დროიდან საიდუმლო წერილების დანიშნულების ადგილზე მისატანად.

ხშირი იყო ომის პერიოდში ჯაშუში მტრედების გამოყენების ფაქტები. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში განსაკუთრებით გაცხოველდა ჯაშუში მტრედების საჰაერო სადაზვერვო მისიებისთვის გამოყენება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (CIA) პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურად გაწვრთნილ მტრედებს იყენებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების გადასაღებად. ჯაშუში მტრედების გამოყენება აქტიურად გაგრძელდა ცივი ომის პერიოდში. ისინი პატარა, მინიატურული კამერებით იყვნენ აღჭურვილნი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ საჰაერო ფოტოგრაფებად იყენებდნენ.

აშკარაა, რომ ყველაზე ეფექტური, ჯაშუში საომარი მოქმედებების დროს, მტრედი გამოდგა. ასევე ცნობილია მტრედი CHER-AMI-ს ისტორია პირველი მსოფლიო ომის დროს. საფრანგეთის ჩრდილოეთით ამერიკელი სამხედროები გერმანიის ალყაში მოექცნენ, დამხმარე ჯარმა კი არ იცოდა გერმანელი და ამერიკელი სამხედროების ზუსტი ადგილმდებარეობა და ცეცხლი ამერიკელებს გაუხსნეს. მაიორმა 3 მტრედი გააგზავნა, უკანასკნელმა კი მიაღწია დანიშნულების ადგილს და შეტყობინება მიიტანა, რომლის წყალობით 197 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადარჩა და ამ გმირობისთვის მტრედს საფრანგეთის არმიის მედალი გადაეცა, მისი ფიტული კი ვაშინგტონის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ვინ იყო ქართველი, რომელიც რუსეთის მეფემ ბულგარეთის სამეფო ტახტზე წარადგინა?!

ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი-მინგრელსკი (1847-1903), ფორმალურად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, ვიდრე ამ მხარეს რუსეთის იმპერია შთანთქავდა, თუმცა აღმასრულებელი ძალაუფლება მას არც არასოდეს ჰქონია. მამამისი, დავით დადიანი (1813-1853), რეგიონის ბოლო რეალური მმართველი იყო. ნიკოლოზის დედა ეკატერინე ჭავჭავაძე გახლდათ (1816-1882).

დადიანების მმართველობის დასასრული

ნიკო მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. შედეგად, იგი საქართველოს უკანასკნელი დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი გახდა. მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო მმართველობა მეურვის სტატუსით ეკატერინემ გადაიბარა, მთავარ მრჩევლად კი პლატონ იოსელიანი დაინიშნა.

ეკატერინეს რეგენტობის წლები მღელვარებისა და ძალადობის ხანას დაემთხვა. 1854 წელს, ყირიმის ომის დროს, ოსმალოთა ძალები სამეგრელოში შეიჭრნენ და ერთხანს ზუგდიდიც კი დაიპყრეს. მას შემდგომ, რაც 1856 წელს რუსეთის დახმარებით თურქები სამეგრელოდან გარეკეს, სამეგრელო სახალხო აჯანყებამ მოიცვა, რომელიც დადიანების მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე II-ის, ზეწოლის შედეგად ეკატერინე გადადგა და 1857 წელს სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა.

შემდგომ ათწლეულში ნიკო და მისი ოჯახი ჯერ სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკოს დის, თამარის, გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ ევროპაში გადასახლდნენ. 1866 წელს რუსთხელმწიფემ ნიკო კვლავ სანკტ-პეტერბურგში აუდენციაზე გამოიძახა და ახალგაზრდა მემკვიდრეს დაჟინებით მოსთხოვა, რომ სამეგრელოს ტახტზე უარი ეთქვა. სანაცვლოდ, იმპერიის არისტოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი და “მისი ბრწყინვალება სამეგრელოს პრინცის” ტიტული შესთავაზა. ნიკო მიხვდა, რომ უკეთესს უკვე აღარაფერს შესთავაზებდნენ, და ამ წინადადების მიღებისთანავე ოფიციალურად გადადგა. 1867 წელს სამეგრელოს სამთავრო როგორც დამოუკიდებელი რეგიონი გაუქმდა და რუსეთის იმპერიას მიუერთდა. ამით დადიანების ოჯახის მმართველობის ხანა დასრულდა.

გადადგომის შემდეგ

მაგრამ ახალგაზრდა ნიკოს წინ კიდევ ბევრი რამ ელოდა. 1874 წელს იგი მერი ალდერბერგზე, რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილზე დაქორწინდა. მათი ქორწინება საქართველოში სახალხო ზეიმად იქცა . [1] ევროპაში ქორწილის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მათ უამრავი ხალხი მხიარული შეძახილებით ხვდებოდა და ყოველ გაჩერებაზე ქეიფი იმართებოდა.

1877-1878 წლებში ნიკომ რუსეთის არმიის ოფიცრის სტატუსით კიდევ ერთ რუსეთ-თურქეთის ომში მიიღო მონაწილეობა. მან ცენტრალურ ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში იომა, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკას გადასასვლელი იქნა მოპოვებული; ნიკო სოფიას დაპყრობაშიც იყო ჩართული. შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის ნიკომ რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზე იქნა წარდგენილი. დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით “ნიკო-პოლკა” (თხზ. 228), რომელიც ნიკოს გმირულ სამსახურს მიეძღვნა.

1882 წელს ეკატერინე გარდაიცვალა და ნიკომ მისი მამული მემკვიდრეობით მიიღო, რითაც ერთი ხელის მოსმით მთელ კავკასიაში უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პერიოდში იგი ქველმოქმედებით დაინტერესდა. 1885 წელს მან თავისი პირადი ბიბლიოთეკა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” გადასცა; მოგვიანებით ეს კოლექცია საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა (რომელიც დღეისათვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებით არის ცნობილი). ნიკომ რამდენიმე სკოლა და კლინიკა გახსნა, რომლებიც სამეგრელოს უქონელ მოსახლეობას ემსახურებოდა და ქართული ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რადგან რეგიონში რუსული ენა როგორც საერთო სალაპარაკო ენა სულ უფრო დომინირებდა. ამასთანავე, ტარდებოდა პოლიტიკა, რომელიც საქართველოს რუსეთთან კულტურულ ინტეგრაციას უწყობდა ხელს.

1886 წელს რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე III-ის, ზეწოლის შედეგად ბულგარეთის მმართველი პრინცი ალექსანდერ ფონ ბატენბერგი გადადგა; გადადგომის მიზეზს შიდა პრორუსული ფრაქციების შეტევაც წარმოადგენდა. გაირკვა, რომ რუსეთის ხელმწიფემ არჩევანი ნიკოზე შეაჩერა და რომ იგი ბატენბერგის შემცვლელი უნდა გამხდარიყო. ამან ნიკო მთელ ევროპაში ცნობილი, თანაც საკამათო პოლიტიკური ფიგურა გახადა და საზოგადოებაში მისი მეგრული წარმომავლობისადმი ინტერესი აღძრა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელიც ბატენბერგის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანაც ევროპულ ქვეყნებს არ სურდათ, ბულგარეთის ტახტზე რუსეთის პროტეჟე ასულიყო; საბოლოოდ, ტახტი ფერდინად I-ს, საქს-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელს, ხვდა წილად.

ნიკო 1903 წელს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი მარტვილის ეკლესიაში გადაიტანეს, სადაც იგი დღესაც განისვენებს. მის სიკვდილს სამეგრელო დიდი გლოვითა და მწუხარებით შეხვდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ნიკო ხალხში პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად სამეგრელოს მრავალ დაბასა თუ სოფელში სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა.

 

წყარო:  nplg.gov.ge

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები

საომარ მოქმედებებს შეწირული ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ეთნიკური წმენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ასეულობით ათასი ოჯახი… ასეთია აფხაზეთის ომის 13 თვისა და 13 დღის შედეგები…

ამ ომს შეწირული რამდენიმე ახალგაზრდა მებრძოლის ისტორიას გაგახსენებთ…

ღიმილის ბიჭები იყვნენ. სიცოცხლეზე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულებმა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს.

იცოდნენ სად მიდიოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ უთანასწორო ბრძოლიდან შეიძლება ცოცხლები ვეღარ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ. მერე ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს და ისტორიას თანამედროვე ღიმილის ბიჭებად შემორჩნენ…

გიორგი 18 წლის იყო, დათო 24-ის, საშა 41 წლის, ლევანი ნიკა და ირაკლი 29 წლისები… აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.

ლევან აბაშიძე

 

როცა ომი დაიწყო, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ლევან აბაშიძეს სიგიჟემდე უყვარდა თავის პროფესია, მაგრამ მაინც წავიდა. 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა.

გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოხვდა. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა, მხოლოდ ერთი სპექტაკლი ითამაშა.

სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. „არა, მეგობარო“ ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.

ირაკლი ამირეჯიბი

 

ლევან აბაშიძე და ირაკლი ამირეჯიბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ის ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გარეგნობის გამო მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და… ‘

29 წლის იყო, აფხაზეთის ომში, რომ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­დააფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბრუნ­დატე­ლე­ვი­ზი­ით შეიტყო, რომ ომში მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძე დაიღუპა და იმ დღეს­ვე წა­ვი­და საბრძოლ­ვე­ლად.

„ომის ყვე­ლას ეში­ნიამაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო“- ამ სიტყვებით გამომეშვიდობა დედას და წავიდა. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში.

მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე დაურე­კეს და შვი­ლის სიკ­ვდი­ლით „მი­უ­ლო­ცეს“ იუბილე… როგორც შემდეგ გაირკვა, 17 ნო­ემ­ბერსტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს.

ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ესროლა ლიტველმა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა.

გიორგი რაზმაძე

 

 

გიორგი რაზმაძე 18 წლის იყო… სახლში მოიტყუა რაჭაში მივდივარო.

მესამე დღეს სოხუმში, ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით იპოვეს  დაღუპული…

ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა საშკა იოსელიანმა ოჯახს კადრები ჩამოუტანა… ასე დასრულდა მწვანეთვალება ბიჭის მოკლე ისტორია, რომელსაც დიდი გეგმები და მომავალი ჰქონდა.

საშკა იოსელიანი

 

 

1993 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი, საშა იოსელიანი. არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა თეატრსა და კინოში.

მის უკვდავსაყოფად ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 2009 წელს მისი ძეგლი გაიხსნა.

დავით ბოლქვაძე

 

 

23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს.

ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკისა და რუსის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა. მხოლოდ იმის გამო, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, დათოსთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს.

ნიკა თხელიძე

 

ნიკა თხელიძე 29 წლის იყო, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდა. როცა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სხვა მგზავრებთან ერთად ისიც დაიღუპა…

რვა წლის განმავლობაში, ოჯახმა არ იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. აფხაზეთის ომში წასვლიდან მთელი რვა წელი, სახლში ყოველდღე ელოდებოდნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერებმა „ტიტანიკის“ პირველი სრული ზომის ციფრული გამოსახულება შექმნეს

მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი ტოპოგრაფიული გადაღების მეშვეობით ჩაძირული „ტიტანიკის“ პირველი სრული ზომის ციფრული გამოსახულება შექმნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ტექნოლოგიამ მეცნიერებს მთლიანი ხომალდის სამგანზომილებიანი რუკის მიღების საშუალება მისცა. „ტიტანიკის“ ნარჩენების სკანირების ოპერაცია 2022 წლის ზაფხულში, კომპანიებმა Magellan Ltd და Atlantic Productions-მა განახორციელეს. ჩაძირვისას გემი ორ ნაწილად გაიყო. ფსკერზე მათ შორის 800-მეტრიანი მანძილია. წყალქვეშა აპარატებმა, რომლებსაც დისტანციურად მართავდნენ, წყალქვეშ 200-ზე მეტი საათი გაატარეს – ისინი ჩაძირული ხომალდის ნარჩენებს იკვლევდნენ და ფოტოებს უღებდნენ. მიღებული 70 ათასი სურათებიდან კი ზუსტი სამგანზომილებიან რეკონსტრუქცია მიიღეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიამედიცინასაქართველო

სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა

პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრს თუ გაივლით, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან სოფელ ანატორში აღმოჩნდებით. სოფელი კლდეებშია ნაკვეთი და ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს, ოდესღაც აქ ჩვეულებრივი ხევსურული სოფელი იყო, მანამ, სანამ გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ,,ჟამმა“ არ გაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, რა დაავადებამ იმსხვერპლა ანატორელები, ხევსურებისთვის ეს ლეგენდა უბრალოდ ,,ჟამს“ უკავშირდება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ჟამი“ შავ ჭირს ნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც შავი ჭირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ სოფელ ანატორში ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები კვეთდა ერთმანეთს და შესაძლოა მიმოსვლამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

დასნეულებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. ფიქრობდნენ, რომ ასე სხვებს დაავადებას არ გადასდებდნენ და სოფელს გადაარჩენდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, აკლდამაში ფანდურიც მიჰქონდათ და სიკვდილის სიმღერებს მღეროდნენ. მიდიოდნენ დედები ჩვილებით, მოხუცები, ახალგაზრდები, თეთრი ფიქალის თაროებზე წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. ეგონათ თავგანწირვით სოფელს გადაარჩენდნენ. მაინც ვერ გადარჩა. ყველა დაიხოცა და მათი ძვლები დღემდე ნასოფლარის აკლდამაში ინახება.

ლეგენდის მიხედვით ,,ჟამიანობისას“ სოფელი ჩაკეტეს. კოშკიდან  შეიარაღებულები დარაჯობდნენ ანატორს, გადაწყდა ესროლათ ყველასთვის, ვინც გაქცევას დააპირებდა და „ჟამის“ გავრცელების საფრთხეს შეუქმნიდა სხვა სოფლებსაც. ხევსურეთში სიამაყით გიამბობენ, რომ ანატორში ტყვია არავისთვის უსვრიათ. არავინ გაქცეულა და სოფელმა დანარჩენი საქართველო ,,ჟამისგან” იხსნა.

აკლდამაში მონეტები, ლითონის სამკაულები, ისრისპირები და ხის ჭურჭელია აღმოჩენილი. აკლდამებში დამარხვა წესად მთელ ხევსურეთში ჰქონიათ XX საუკუნემდე. აკლდამებს ნახავთ მუცოშიც.

აკლდამა მუცოში/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

,,ჟამისგან“ ამოწყვეტილ ანატორში სისაურებს და ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების შთამომავლებად მიიჩნევენ.

ღია მუზეუმი – ანატორის აკლდამები ყველა მნახველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ იდუმალ, დაცარიელებულ სოფელში აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, IX-X საუკუნეებში აგებული მარიამწმიდის ეკლესიაც დგას. შენობა ძალიან დაზიანებულია, სარკმლიდან ჩანს, რომ საკურთხევლის იატაკი თეთრი ფიქალითაა ნაგები. ხევსურებს ეს ადგილი „მკვრივ“, ანუ შეუვალ ადგილად აქვთ გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიას ტაბუ ადევს და შესვლა თემის წესებით ყველასთვის აკრძალულია.

ანატორის თვითდამარხვის ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. სოფელში აღმოჩენილია ბანურსახურავიანი, ოთხკუთხა და სამაროვანი ნაგებობები, ზემოხსენებული აკლდამა და მარიამწმიდის ეკლესია. ანატორის აკლდამა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

უდიები – მცირე ეთნიკური ჯგუფი საქართველოში საკუთარი ენითა და დამწერლობით

უდიები კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. საქართველოში ისინი ყვარლის რაიონში, სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ. 1920 წელს ამ ტერიტორიაზე ალბანეთიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებელი უდიები დასახლდნენ. სოფლის სახელი მათი ლიდერის სახელს უკავშირდება და ის ერთადერთი სოფელია, სადაც ამ ეთნიკური ჯგუფის შთამომავლები ცხოვრობენ.
სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ უდიებს მშობლიურ მიწაზე და შემდეგ უკვე საქართველოშიც მოჰყავდათ ვენახი, აკეთებდნენ ღვინოს და პირველი, რაც საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ დაიწყეს ვენახის გაშენება, მარანი და ღვინის ქვევრში დაყენება ყოფილა. ქართველებსა დ უდიებს საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ: სარწმუნოება, ღვინის დაყენების ტრადიცია, რიტუალები და ა.შ. უდიებს საკუთარი ენა და დამწერლობაც აქვთ, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი.
უდიები აბრეშუმისა და აგურ-კრამიტის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. დღეისათვის საქართველოში 300-მდე უდია რეგისტრირებული, მათი სურვილია საზოგადოებამ დაკარგვის პირას მყოფი ერის შესახებ მეტი გაიგოს და უდიური ენა არ გაქრეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

ახალი აღთქმის, ნუსხურად შესრულებული, აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა

მეცნიერთა განცხადებით, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ.

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალNew Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება. New Testament Studiesწარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს.

კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე მაღლიდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი.

პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა.

კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უნახავ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველსირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა.

აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტუალური ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც.

მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“.

ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“.

პალიმფსესტზე შესრულებული ხელნაწერი, რომლის ქვეშაც ძველსირიულად თარგმანი აღმოაჩინეს, ძველქართულად, ნუსხურად არის შესრულებული და ვატიკანის ბიბლიოთეკაში ის მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხვდა. ქართველი მკვლევრის, მიხეილ თარხნიშვილისმოკლე ჩანაწერის წყალობით, მეცნიერებმა მის შესახებ უკვე 1953 წელს იცოდნენ. ამ წლის შემდეგ, ხელნაწერი დაიკარგა. 2010 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს, 2020 წელს კი გააციფრულეს და ვატიკანის ციფრულ ბიბლიოთეკაში განათავსეს.

ვატიკანში დაცული ეს ხელნაწერი თავდაპირველად სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა (სახელით Sin. geo. 49), რომელიც შეიცავდა იადგარსაც. ეს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს და შედგენილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული თავდაპირველად დამოუკიდებელი ხელნაწერების მრავალი ნაწილისგან.

ქართული ხელნაწერი არასრულყოფილია და მრავალი ნაწილი აკლია, მათ შორის, კოლოფონიც (წიგნის ბოლოს დართული მხატვრის ან გამომცემლის გვარები და სხვა ცნობები). მიუხედავად ამისა, ხელნაწერის ანალიზების საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მე-10 საუკუნის ცნობილი ქართველი მწიგნობრის, იოანე-ზოსიმეს მიერ არის შესრულებული. იოანე-ზოსიმე თავდაპირველად მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

პლატონ გიგინეიშვილი – ბათუმელი ექიმი, რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს

ვტორი: შოთა გუჯაბიძე 

ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი

___________________________

ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ.

პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში.

უფროსი შვილი იყო გიორგი გიგინეიშვილის შეძლებულ ოჯახში.

სამი ძმა და ორი და ჰყავდა.

როიალი ჰქონდა გიორგის ჯურუყვეთში და პლატონმა ბავშვობაშივე ისწავლა დაკვრა.

შეძლების გარდა გიორგი ჭკუასაკითხავი კაცი იყო და თურქებთან მოლაპარაკებაშიც მიუღია მონაწილეობა ბათუმის მორიგი ოკუპაციისას. მოლაპარაკება სამეგრელოში გამართულა დადიანის სასახლეში და იმდენად მოხიბლულა კნეინა დადიანი გიორგით რომ, მიბრძანდით საჯინიბოში და ნებისმიერი ცხენი ამოირჩიეთო, უთხოვია. ადგა გიორგი და ერთ თეთრ ცხენს დაადგა თვალი. არადა ქალბატონის საყვარელი ცხენი ყოფილა მაინცდამაინც ის, მაგრამ თავის სიტყვას ხომ აღარ გადავიდოდა ქალბატონი.

პლატონმა განჯის პრესტიჟული გიმნაზია დაამთავრა და ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. სტუდენტობის დროს უკვე ცოლი ჰყავდა. ნატა მამულაიშვილიც მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ პლატონი სწავლისას ექიმ-ინტერნად მუშაობდა და თავად არჩენდა ოჯახს. პირველი ქალიშვილიც ოდესაში გაუჩნდათ, რომელიც მერე გერმანიაში დაამთავრებს კონსერვატორიას.

სწავლა რომ დაამთავრა, პროფესორი ივანოვსკი კათედრაზე ტოვებდა ოდესაში, მაგრამ არ დარჩა და ხერსონის ოლქში იმუშავა 1904 წლიდან და იქვე მოუსწრო ცხრაასხუთმაც. 1905 წლის რევოლუციის დღეებში “რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს” ხელმძღვანელობდა და დაჭრილ მეომრებს შველოდა შუაგულ ომში, ზედ ბარიკადებზე.

1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდა. მაშინვე დანიშნეს შტატგარეშე ორგანიზატორად სტაციონარში, ახლანდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

ბავშვთა სახლები გახსნა მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში.

1922 წლიდან თერაპიულ განყოფილებას განაგებდა, იყო ტუბერკულოზური, ბავშვთა და ინფექციური განყოფილებების გამგე. თერაპიული განყოფილება მანვე დააარსა და 1942 წელს თამარ ბეთანელმა გადაიბარა. თამარი ძალიან სახელიანი ექიმი იყო ქალაქში, პლატონის კარის მეზობელი და მერი მონათლა, პლატონის უმცროსი ქალიშვილი, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე.

პლატონის ოჯახი ჯერ ფოსტასთან ცხოვრობდა მარიას პროსპექტზე, მერე იმდენი შემოსავალი გაუჩნდა თავისივე საქმიანობით, რომ ორსართულიანი სახლი შეიძინა 1913 წელს იმავე ქუჩის 41-ში, რომელიც ებრაელმა კომერსანტმა ააშენებინა იტალიელ არქიტექტორს 1898-ში.

ფერიის მთაზე შვიდი ჰექტარი მიწა იყიდა და ბაღი გააშენა მთლად უცხო ჯიშის ხეხილით და სხვა ნარგავებით. მათ შორის ციტრუსით, რომელიც უცხო ხილი იყო მაშინ საქართველოში. გასაყიდადაც კი გაჰქონდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში 9 ვაგონი მანდარინი, სანამ კომუნისტებმა არ მოუსწრეს და არ ჩამოართვეს. შენობა ახლაც დგას ბაღში, რომელიც პლატონმა საწყობად ააშენა. ხელვაჩაურის მეურნეობას გადასცეს მერე.

კეჩხობში ჰქონდა აგარაკი.

იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე უფლისწული ალექსანდრე ჰემოფილიით იყო ავად და საქართველოს ჰაერი ურჩიეს ექიმებმა დიდი განსჯის მერე. დიდხანს ეძებდნენ ადგილი აგარაკისთვის. დაიწუნეს ბორჯომი და ბოლოს კეჩხობის ჰავა მოეწონათ. რომ აღარ გაამართლა ჰავამ, ხელი ჩაიქნიეს და 1916 წელს იყიდა ეს აგარაკი პლატონმა ნიკოლოზის ძმისგან.

იყო ბათუმის თვითმართველობის წევრი 1902-1910 წლებში. აქტიურად მონაწილეობდა ჭაობის დაშრობაში და ტიფის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

მერე მოვიდნენ კომუნისტები. ჩამოართვეს ფერია, ჯურუყვეთი, კეჩხობი.  ბათუმის სახლს არავინ გაკარებია, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის კი არა, გასაბჭოებისთანავე იხმეს რევკომში და სამკურნალო დაწესებულებების და თავშესაფრების შენობები და მთელი ქონება ჩააბარეს.

ამ სახლიდან გაასვენეს პლატონის დედა და მამა, რომლებიც ჯურუყვეთიდან წამოიყვანა პლატონმა გასაბჭოების მერე. არც იცოდნენ მოხუცმა მშობლებმა გაკულაკებულები რომ იყვნენ და ლამაზ სახლში კანტორა რომ გაუხსნეს ბოლშევიკებმა. იწევდნენ სოფლისკენ და არ უშვებდა შვილი, საშიშია იქო. სტუმარს კარებშივე ახვედრებდნენ ბავშვებს, სახლზე რომ არაფერი წამოსცდენოდათ.

ისე მიაწიეს 1930-ანებამდე, სიმართლე არ გაუგიათ და მშვიდად ჩაესვენნენ სოუქსუზე.

აკადემიკოსმა ვირსალაძემ ერთხელ 12 წლის ბიჭი გამოუგზავნა თბილისიდან, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორმა, იქნებ შეიფაროო და მოუაროო. პლატონი თანაშემწედ ამუშავებდა პაციენტების მიღების დროს. კარს აღებდა და შემდეგიო, იძახდა. შემდეგ გაიზარდა მიშა და პლატონმა ფაიტონზე დასვა. კიდევ გაიზარდა და დააოჯახა. პლატონმა ხელფასი დაუნიშნა და სტაჟიც ემატებოდა სობესის წყალობით. გაუჩნდა შვილები, ოჯახის წევრებად იქცნენ.

ერთხელაც პლატონმა ფაიტონით ჩაიარა პარკთან მიშასთან ერთად. კულტურის და დასვენების პარკი ერქვა მაშინ. კარვები იყო გაშლილი ტბის პირას. რაღაც უცნაური ხმა მოესმა. ფაიტონი გააჩერებინა მიშას და მიაყურადა. ტირილის ხმა იყო. მიჰყვა ხმას და ერთ კარავში მომაკვდავ ახალგაზრდა ქალს დასტიროდა მეორე ახალგაზრდა ქალი. დები აღმოჩნდნენ ცოცხალიც და ცოცხალ-მკვდარიც. მსახიობები ყოფილან დაბანაკებულები და ერთი ძალიან ცუდად გამხდარა მოულოდნელად. გასინჯა პლატონმა. ავადმყოფს ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა და გონებაც დაეკარგა. აშკარად ტიფის სიმპტომები იყო სახეზე. მიშა დაიხმარა, ფაიტონში ჩაისვა ავადმყოფი და მისი და და სახლში წაიყვანა სასწრაფოდ. ინფექციური ავადმყოფის სახლში მიყვანა პატარა რისკი არ იყო, როცა ტიფი სიკვდილს უდრიდა იმ დროს.

რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ დები პლატონისას. პაციენტი გადარჩა და აღმოჩნდა ვერიკო ანჯაფარიძე, მისი და კი მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელიას დედა. მერე პლატონსაც შეეყარა ტიფი, ტიფთან მებრძოლი საზოგადოების თავმჯდომარეს და ისიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ქალი მიადგა ერთხელ სახლს პატარა ბავშვით, ღამე გაგვათევინეთო. 1933 წელი იყო. გაიზარდა ეს პატარა გოგონა, გათხოვდა, გამრავლდა და ამ სახლშივე გარდაიცვალა სიბერეში.

ოჯახს თუ შეატყობდა, რომ უჭირდა სხვა ფერის რეცეპტს უწერდა პაციენტს. რეცეპტს აფთიაქში ცნობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. თავად იხდიდა მერე პლატონი, მისი ჯიბიდან. ხანდახან ფულიც რჩებოდა შემთხვევით პაციენტის ოჯახში, რეცეპტის ქვეშ.

წუხდა ხშირად, რომ არ ჰქონდა საშუალება ყველა ავადმყოფს დახმარებოდა ჯერ საქართველოს და მერე აჭარის დამსახურებული ექიმი.

სერგო ჩამოვიდა ერთხელ ბათუმში, ორჯონიკიძე და ავად გახდა. მიიწვიეს პლატონი სასტუმრო “ინტერნაციონალში”. წარმოსადეგი კაცი იყო პლატონი და ნომერში რომ შევიდა მის დანახვაზე გადაუარა სერგოს ავადმყოფობამ და მოვრჩიო, განაცხადა. მერე პლატონი გახდა ავად ფილტვების ანთებით და პენიცილინის შოვნა რომ წარმოუდგენელი იყო, ძმამ დეპეშა გაუგზავნა სერგოს კრემლში, ძმა რესპუბლიკის დამსახურებული იურისტი იყო, ნიკოლოზ გიგინეიშვილი. სერგომ გამოგზავნა პენიცილინი თუ სტრეპტომიცინი და გადარჩა პლატონი.

ფრანგულს და ფორტეპიანოს ასწავლიდა ბავშვებს ოჯახში და მასწავლებლებიც აქვე ცხოვრობდნენ. განსაკუთრებით მკაცრი ფორტეპიანოს პედაგოგი იყო. ინსტრუმენტთან არ დასვამდა მერის, თუკი ფეხსაცმლის ზონარი შეხსნილი ჰქონდა.

სულ სტუმრიანობა და მიღებები იმართებოდა აწ უკვე ინტერნაციონალის 41-ში.

დიდი ჯაზმენი ედი როზნერი ჩერდებოდა გასტროლების დროს, მაგრამ ჯანმრთელი კაცი იყო და პლატონი მხოლოდ მასპინძელი იყო მისი. ზურაბ ანჯაფარიძე, ნადეჟდა ხარაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი და კიდევ ბევრი სხვა ცხოვრობდა ამ სახლში. არკადი რაიკინმა სახელი დაარქვა პლატონის შვილიშვილს, როცა პლატონი დიდ ძებნაში იყო სახელის. არკადი გასტროლებზე იყო მაშინ ბათუმში და პლატონთან ცხოვრობდა, რაღათქმაუნდა.

1949 წელს ავად გახდა. ექიმები მორიგეობდნენ და ყოველდღე კარზე აკრავდნენ განცხადებას სათაურით – “ჯანის სისაღე”. მოდიოდნენ ახლოდან და შორიდან. რიგები იდგა კართან და ხმამაღლა კითხულობდნენ განცხადებას წერა-კითხვის უცოდინართათვის.

როცა უკვე ძალიან დამძიმდა პლატონის ჯანმრთელობა, ის იყო რიგს რომ ერთი კაცი გამოეყო, მალევე დაბრუნდა და ერთი კონა თივა მოიტანა. სხვებმაც მიბაძეს და მთელს ქუჩაზე დააფინეს თივა, მომაკვდავი ექიმი ქუჩის ხმაურს რომ არ შეეწუხებინა.

იმ განცხადების ადგილას ახლა მემორიალური დაფაა გაკრული, – ამა და ამ წლიდან ამა და ამ წლამდე აქ პლატონ გიგინეიშვილი ცხოვრობდაო.

პლატონის უმცროსი ქალიშვილი მერი დღესაც ამ სახლში ცხოვრობს, ახსოვს ეს ყველაფერი. ის 2014 წლის 13 ივლისს ას ერთი წლის გახდა.

_____________________

მთავარ ფოტოზე: პლატონ გიგინეიშვილი, ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ოლდენბურგის სასახლე -„ერთი ღამის სასახლის“ საიდუმლო და სასახლის უცნაური ლეგენდები

სასახლე, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, მე-19 საუკუნეში, 1895 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის გულის მოსაგებად აშენდა. ეს ქალი თავადი ტარიელ დადიანის მეუღლე გახლდათ – აგრაფინა ჯაფარიძე.

ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში, საქართველოში მოხდა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა საქართველოში გერმანელი პრინცი, გენერალი კონსტანტინე ოლდენბურგი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I–ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი. რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა.

1885 წელს, კონსტანტინე “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ბარბარე ბარათაშვილის სალონში, სადაც იმ დროს მიხაი ზიჩი მუშაობდა თავის ცნობილ ილუსტრაციებზე.

წარმოდგენაში დასავლეთ საქართველოს ნაღები საზოგადოება მონაწილეობდა, მათ შორის იყო ნესტან-დარეჯანის კოსტიუმში გამოწყობილი, მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე – სამეგრელოს თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე.

პრინცი ოლდენბურგი იმდენად მოიხიბლა ქალის სილამაზით, რომ მის მეუღლეს ცოლთან ერთი ღამის სანაცვლოდ მილიონი ოქრო შესთავაზა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავადმა დადიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და დათანხმდა! თანხმობის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძესთან მისული ოლდენბურგისთვის ულამაზეს და საკმაოდ ჭკვიან ქალბატონს უთქვამს: “ფული ჩემს მეუღლეს გადაუხადე და მას მიაკითხე”. მაშინ გერმანელმა პრინცმა იკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა აგრაფინას გულის მოსაგებად. მან კი სასახლის აშენება სთხოვა.

გადმოცემის თანახმად, სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ. მის პირველ სტუმრებს მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.

სასახლის არქიტექტორი პ. შტერნი იმ დროს ძალიან სახელგანთქმული ყოფილა. ნაგებობის სტილი, ერთი მხრივ, “აგურის გოთიკას” ენათესავება, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს იმეორებს.

ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციულ არქიტექტურასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოთური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის.

გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული. ამ სიმბოლოს მაგიური დამცავი ძალა აქვს თურმე. ასევე – საათი, რომელიც ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს აქ დრო გაჩერდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სასახლეში ბროლის იატაკი აყარეს, მოხატული კედლები შეღებეს, უნიკალური ჭაღები ჩამოხსნეს და შენობაში ყრუ-მუნჯთა სკოლა გახსნეს. სასახლის აშენებიდან საუკუნის შემდეგ იქ მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი განთავსდა და ამჟამად 150 ათასზე მეტ ექსპონატს ინახავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხელნაწერთა ფონდია, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ქართველი ხელოვანისა და მწერლის არქივია დაცული.

პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძემ მიატოვა ქმარი, ოლდენბურგთან ერთად ამ სასახლეში დასახლდა და გრაფინია ზარნიკაუს სახელი მოიპოვა. ხალხს ამ ამბავზე პატარა ლექსიც შეუთხზავს: – გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო!

ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს: გადმოცემის თანახმად, პრინცესა აგრაფინა ბოლშევიკებმა სიყვარულის კოშკში დაახრჩვეს. იმდროინდელი თბილისის მკვიდრებს არაერთხელ მოუყოლიათ, რომ სასახლეში ქალის აჩრდილი დადიოდა.

მუზეუმის თანამშრომლებს დღესაც სჯერათ, რომ სასახლეში აჩრდილები დადიან. სიუჟეტი ტელევიზიითაც გავიდა. ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება: ,,მუშაობას შევყევი, როცა ქალის სიმღერის ხმა გავიგონე. ვიცოდი, რომ შენობაში არავინ იყო. ქალის ხმას ბავშვების სიცილი მოჰყვა. რკინის კარი გასაღებით იყო ჩაკეტილი. მივხვდი, რომ მოჩვენებები დადიოდნენ. ძალიან შემეშინდა”.

ამჟამად შენობა გარედან მთლიანად რესტავრირებულია. პირვანდელი სახის დასაბრუნებლად მხოლოდ შიდა სამუშაოებია შესასრულებელი.

ამ თემის ირგვლივ სხვა მოსაზრებებიც არსებობს, თუმცა ისტორიამ, ლეგენდის სახით, ეს
ვერსია შემოინახა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ელენე დარიანი – პაოლო იაშვილის ნიღაბი თუ რეალური პოეტი ქალი?

იდი ხანია მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ იყო საიდუმლოებით მოცული ელენე დარიანი – პაოლო იაშვილის ნიღაბი თუ რეალური ქალი? ამ მსჯელობის მიზეზად შეიძლება ისიც მივიჩნიოთ, რომ პაოლო ყოველთვის საკმაოდ ექსცენტრიკული და არაორდინალური პიროვნება იყო.

იქნებ სწორად ამის ბრალია, რომ 1937 წლის  22 ივლისს, ზუსტად იმ დროს, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მისი საბოლოო გაწირვის განაჩენი გამოჰქონდათ, „პირში ჩადებული ლულიდან გამოტყორცნილმა ტყვიამ თავის ქალა ახადა პოეტს, სისხლითა და დათხეული ტვინით შეიღება თეთრი კედლები…“ – მან თავი მოიკლა.  მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: ,,ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო”. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო.

მისი და მისი პიროვნების შესახებ მსჯელობა კი დღემდე არ წყდება, ეს განსაკუთრებით კი, ელენე დარიანი-ბაქრაძის სახელს უკავშირდება, რომელსაც, უმეტესად, პაოლოს ნიღბად აღიქვამენ.

ამბობენ, „ცისფერყანწელებს“ ჯგუფში ქალი არ ჰყავდათ და დარიანის არსებობით ეს პრობლემა იხსნებოდაო – ეს მსჯელობა ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს.

ელენე დარიანის სახელი ქუთაისის პრესის ფურცლებზე 1915 წელს ჩნდება, გალაკტიონის პოეზიის საღამოს სხვებთან ერთად დაესწრება პოეტი ქალი – ელენე დარიანი. შემდგომ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოდის „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერი, სადაც თანამშრომელთა შორის მოიხსენება ელენე დარიანიც. რედაქცია შენიშვნაში მიუთითებს, რომ დარიანი პაოლოს ფსევდონიმია, მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვი მისი პიროვნების შესაძლო არსებობის შესახებ.

დარიანის „პოეტური დღიურები“ 1915-24 წლებშია დაწერილი. იგი 14 ლექსისაგან შედგება და მას შემთხვევით არ უნდა ერქვას „დღიურები“. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თითოეული ლექსი დღიურის ნაწყვეტია. სწორედ იმიტომ, რომ ლექსები ზედმეტად მგრძნობიარე და ქალური ნიუანსებითაა გაჯერებული, რთულ წარმოსადგენად მიაჩნდათ, იგი მამაკაცს დაეწერა. ეს კონტრარგუმენტების მეორე მხარე იყო.

მიუხედავად ამდენი მსჯელობისა, მოწინააღმდეგე მხარე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა, რადგანაც პაოლოს ისედაც კარგად ახასიატებდა გარდასახვა და ამის უბადლო ოსტატი იყო. შესაბამისად, მას ელენე დარიანობაც არ უნდა გასჭირვებოდა.

პოეტი ქალი ელენე რომ რეალურად არსებობდა 20-იანი წლების ქუთაისის სინამდვილეში, ეს უკვე გამოცანას არ წარმოადგენს, იგი ლექსებსაც წერდა, ამას პაოლო იაშვილიც ადასტურებს: „არსებობს პოეტი ქალი, რომელიც ლექსებს წერს, მაგრამ საზოგადოებაში გამოჩენა არ სურს, მან ლექსების გამოტანა მე დამავალაო.“

ეს იდუმალებით მოცული პოეტი ქალი ყოფილა ელენე ბაქრაძე, რომელიც სიყმაწვილეში თავდავიწყებით ყვარებია პაოლოს, მას ეძღვნება სონეტი „ელლი“, რომელსაც სახელის და გვარის ნაცვლად ფსევდონიმი აქვს მიწერილი.

„…ე.ი…“ (სავარაუდოდ, ელენე დარიანი) ელენეს რომ ელლის ეძახდა პაოლო, ეს წერილებიდანაც ჩანს: „ელლ! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოთქვამს.“

ცნობილია ისიც, რომ პაოლოს სიყვარული არათუ უპასუხო არ იყო, არამედ ელენეც თავდავიწყებით ეტრფოდა მას.

მიუხედავად ორმხრივი მგზნებარე სიყვარულისა, მათი დაქორწინება, რატომღაც, ვერ შედგა. ელენე მშობლებს გოგი ბერიშვილზე გაუთხოვებიათ. ამის შემდეგ პრესაში მისი ლექსები ელენე ბერიშვილის სახელით იბეჭდება. ბერიშვილთან თანაცხოვრების პერიოდში ელენეს პაოლოსთან იდუმალი მეგობრობა არ შეუწყვეტია. გოგი ბერიშვილს დიდხანს არ უცოცხლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერიშვილის მეუღლეობის პერიოდშია შექმნილი ცეცხლოვანი დარიანული ლექსები. უსიყვარულოდ გათხოვილი ელენეს უყვარდა პაოლო და მზად იყო, ამ სიყვარულისთვის ყველაფერი შეეწირა.

მალე ელენე ბაქრაძე მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე იყო შალვა ქართველიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. შალვაზე გათხოვების შემდეგ ელენეს პაოლოსთან მეგობრობა, როგორც ჩანს, არ გაგრძელებულა და არც „ცეცხლოვანი დარიანულები“ შექმნილა, თუმცა დროდადრო ლექსები კვლავ იქმნებოდა…

რაც შეეხება ფსევდონიმ ,,დარიანს” – დღიურებიდან ირკვევა, რომ მას სატრფოსთვის (ანუ პაოლოსთვის) მეტისმეტი სილამაზის გამო, ოსკარ უაილდის დემონური სილამაზის გმირის, დორიანის სახელი უწოდებია. პაოლოს არ მოსწონებია ელენეს მიერ დარქმეული სახელი და უთქვამს, შენ თვითონ ხარ დორიანი, უფრო სწორად, დარიანიო. როგორც ჩანს, პაოლო დაფიქრდა და ინგლისურ გვარში ქართული ელემენტები იპოვა. ამის შემდეგ უწოდა მან საყვარელ ქალს დარიანი.

სხვათა შორის,  დარიანს ქართული ეროტიკული ლექსების ავტორსაც კი უწოდებენ.

და მაინც –  დღემდე საიდუმლოებით მოცულია, თუ ვინ იყო ელენე დარიანი – რეალური პიროვნება თუ პაოლო იაშვილის ,,გამოგონება”?

გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს – ,,პირამიდებს”:

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები,
შენი მკლავები,
შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი
როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი
ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 33
Page 4 of 33