close

ისტორია

ბიზნეს პერსონაგამოგონება - ინოვაციაისტორიასაქართველო

ჯორჯ კობი – პირველი ქართველი მილიონერი ამერიკაში, რომელიც ახალი წლის ერთ– ერთი სიმბოლოა ამერიკელთათვის

ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა.  ჯამში, 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტია დაკავშირებული მის სახელთან. მათ შორის არის წყალგამძლე ცემენტი და მინა-ბლოკი, რის გამოც ცათამბჯენების მშენებლობაში მის განსაკუთრებულ წვლილს ხაზგასმით აღნიშნავენ. ასევე, მისი შექმნილია ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები მეხანძრეთათვის, ნაძვის ხის მინის ფერადი სანთლები და ნაძვის ხის სათამაშოები.

გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.

1903 წელს გრიგოლი პოლონეთის გავლით გერმანიაში  ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და იქ შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა.

1909 წელს კი მეუღლესთან ერთად  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც რაჭველ მეპურეებს შეაფარა თავი და მათი დახმარებით ნიუ-იორკში მოეწყო, სადაც პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად მუშაობდა ”ჯენერალ ელექტრონიქსის” ფირმაში, ამავე პერიოდებში გამომგონებლური ნიჭის მქონე გრიგოლმა საკუთარი ხელით შექმნა საწერკალამი.

1919 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkts Company-მ აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში სახელი გაითქვა. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი  4 მილიონს,  რითიც  ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სტატუსი მოიპოვა.  მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.

1925 წელს სამშობლოში ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. 4 წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა რაჭას. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად, არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ – ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა, რომ დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინექციებისათვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე, მოკავშირეებსაც.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

“კობი ეს შობაა”, რაჭველი გრიგოლ კობხიძე დიდხანს რჩებოდა ახალი წლის ერთ– ერთ სიმბოლოდ ამერიკელთათვის.

აღსანიშნავია, რომ 1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოზე ყვითელი ფერით იყო შესრულებული ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”.

გრიგოლ კობახიძე რამდენჯერმე მოხვდა უმდიდრეს ამერიკელთა ათეულში, სადაც ხშირად წამყვან ადგილებსაც იკავებდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

მასალა მოამზადა : ლალი  კიკვაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

ქართველი მეცნიერი ვლადიმერ პაპიტაშვილი – საბჭოთა კავშირიდან აშშ-მდე

ქართველი მეცნიერი ვლადიმერ პაპიტაშვილი აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გეოკოსმოსური კვლევებისა და ასტროფიზიკის პროგრამის დირექტორია. ქართველ მეცნიერზეა დღეს დამოკიდებული დედამიწის სამხრეთ თუ ჩრდილოეთ პოლუსებზე მიმდინარე გეოკოსმოსური კვლევები თუ ასტროფიზიკის პროგრამები.

გეოფიზიკის დარგში მაგისტრის ხარისხის შემდეგ სწავლა გააგრძელა იაკუტსკში, ციმბირში, სადაც პერმაფროსტის ელექტრომაგნიტურ თვისებებს სწავლობდა.  1975 წელს მოსკოვის დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტში მოხვდა, სადაც მიხვდა, რომ ანტარქტიდის მონახულება სურდა.

1983 წელს პირველად აღმოჩნდა ანტაქრტიდაზე, სადაც 5 დღე გაატარა რუსულ სადგურებზე. ანტარქტიდაზე, ვიქტორიას მიწის ტრანსანტარქტიკულ მთიანეთში მდებარე ველს ბატონი ვლადიმერის სახელიც კი უწოდეს.

როგორც ვლადიმერ პაპიტაშვილი ამბობს, საერთო ჯამში არქტიკასა და ანტარქტიდაზე 30-ჯერ არის ნამყოფი. 1991 წელს ამერიკელმა კოლეგებმა NASA-ს გოდარის კოსმოსური ფრენების ცენტრში მიიწვიეს 1 წლით, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და მიჩიგანის უნივერსიტეტში გადავიდა სამუშაოდ.  NSF-ში ყოფნის დროს ვლადიმერი ანტარქტიდის ასტროფიზიკისა და გეოკოსმოსური მეცნიერებების პროგრამის დირექტორი გახდა, სადაც 2002 წლიდან დღემდე მუშაობს.

როგორც ქართველი მეცნიერი აღნიშნავს, ამჟამად სამხრეთ პოლუსზე გეოკოსმოსური ინსტრუმენტები აქვთ, რომელთა საშუალებით ატარებენ დაკვირვებეს ატმოსფეროზე, სეისმურ პროცესებზე, თოვლსა და ყინულზე. პანდემიის პერიოდმა მეცნიერის საქმიანობაზეც იქონია გავლენა, კერძოდ, როდესაც ანტარქტიდაზე თითქმის ყოვეწლიურად უწევდათ ჩასვლა, წელს საზაფხულო სეზონის საერთოდ გაუქმება მოუწიათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაისტორიამანქანათმშენებლობასაქართველოტრანსპორტი

ალექსანდრე ქართველიშვილი – მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც ამერიკულ საჰაერო ტექნიკას დაუდო სათავე

“ჩვენ მოვაღწიეთ იმ ეტაპამდე, როცა მეცნირებითა და კვლევებით გამყარებული წარმოსახვა ყველაზე ღირებული სიმდიდრეა”  – ალექსანდრე ქართველიშვილი, 1960 წ.

 აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, ამერიკული საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელსაც მსოფლიო ალექსანდრე ქართველის სახელით იცნობს, ცნობილი იურისტის – მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში, 1896 წელს დაიბადა და ჯერ გიმნაზიის, შემდეგ კი, იუნკერთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ის პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს არტილერისად, რამაც ახალგაზრდას ინტერესი ავიაციისადმი გააღრმავა.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალექსანდრე 1919 წელს  სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს თან დედაც გაჰყვა, მამა და და კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა, რადგან საბჭოთა ოკუპაციის გამო, ქართველიშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა და 1922 წელს,  პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტის დასრულებისთანავე,  ლეგენდალური ფრანგი ავიატორის – ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების “Bernard”-ისა და “Ferbois”-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

სამწუხაროდ, ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას მან სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას.

1927 წელს ალექსანდრეს მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა –  “Bernar-Ferbua V-2” დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. ქართველი თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ–იორკის რეისებისთვის, თუმცა ამისთვის დიდი თანხები იყო საჭირო და უაამრავი რჩევის გათვალისწინებით ქართველიშვილი ამერიკაში ჩავიდა, სადაც ნიჭის განსავითარებლად მეტი რესურსი ეგულებოდა.

1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ ნიუ–იორკში მიიწვია და მათ ერთობლვად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც “Uncle Sam”-ი უწოდეს.

თუმცა ემიგრაცია ქართველიშვილისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, ლევინის კომპანიის გაკოტრების შემდეგ ქართველი გამომგონებელი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა და ლუკმა-პურის საშოვნელად ჭურჭლისა თუ მანქანებს მრეცხავადაც ხშირად უწევდა მუშაობა.

თუმცა, მოგვიანებით, 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს, რომლის კორპორაციაში შექმნილი მოდელებიც ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედებად იქცა. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviacorporation”, რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო.

თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 “Thunderbolt” (“მეხთამფრქვევი”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. პრეზიდენტ რუზველტის მოთხოვნების სრულიად დაკმაყოფილება სწორედ ქართველმა ავიატორმა შეძლო.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდე ქართველიშვილი  1974 წელს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ  მისი დისშვილი ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი გახლავთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ქართველი ექიმი, რომელიც მენდელეევის გვერდით დაკრძალეს

ვინ იყო და რით დაიმსახურა ქართველმა ექიმმა მენდელეევის გვერდით დაკრძალვა? 1913 წლის 27
ოქტომბერს პირველად გადარჩა გულში ტყვიით დაჭრილი ადამიანი, რომელიც ქართველმა
კარდიოქირურგმა იუსტინე ჯანელიძემ გადაარჩინა. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერაცია
მუშა გულზე წარმატებით გააკეთა, 50-მდე სამედიცინო მანიპულაცია დაამკვიდრა, სტალინის
ქალიშვილს რთულად გამოსაცნობი დიაგნოზი დაუსვა და გადაარჩინა.
იუსტინე ჯანელიძემ დააარსა ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც დღეს მის
სახელს ატარებს. აღსანიშნავია, რომ სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში დღესაც გაიცემა
მისი სახელობის ორი სტიპენდია.
რკინის ფარდის ჩამოშვების მიუხედავად, ქართველი ექიმი აირჩიეს საფრანგეთის ქირურგთა
საზოგადოების საპატიო და ევროპის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილ წევრად, რაც
კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანის ღვაწლზე მსოფლიო კარდიოქირურგიის ისტორიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ნუცა ღოღობერიძე – პირველი ქართველი ქალი რეჟისორი

ნუცა ღოღობერიძე გახლდათ პირველი ქართველი ქალი რეჟისორი, ხოლო საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი ქალი რეჟისორი, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო. იგი 1902 წელს საინგილოს სოფელ კახში დაიბადა. თბილისის გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის განხრით განაგრძო. 1923-25 წლები კი გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში იგივე ფაკულტეტზე სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მალევე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ლევან ღოღობერიძე, რომელიც ბოლშევიკური იდეებით იყო შთაგონებული. ეს კი ნუცასა და მის მეუღლეს შორის იდეოლოგიურ დაპირისპირებას იწვევდა, რამაც საბოლოოდ ურთიერთობა კრახით დაასრულა.
პირველმა ქართველმა ქალმა რეჟისორმა მოასწრო და დაპატიმრებამდე 3 ფილმის გადაიღო: “მათი სამეფო”, “ბუბა” და ბოლოს “უჟმური”, რომელიც 1932-33 წლებში გადაიღეს და რომლის სცენარიც “ცეკამ” თავის სასარგებლოდ შეცვალა. ნელ-ნელა რეჟიმმა დაიწყო ნუცას შევიწროება, რისი მიზეზით მისი მეუღლე, საბჭოთა პარტიის ცნობილი მუშაკი გახლდათ. ლევან ღოღობერიძე ბერიას მოწინააღმდეგე ბანაკში იყო და 1937 წელს დახვრეტა მიუსაჯეს. ნუცა კინოდან გააძევეს. მეუღლემ სიკვდილამდე 1 წლით ადრე ნუცას მიწერა, რომ დაპატიმრებისაგან თავის არიდების მიზნით, დაეწერა მათი განშორების შესახებ. თუმცა, ნუცამ ეს უღირს საქციელად მიიჩნია და 1937 წლის მიწურულს იგი 10 წლით დააპატიმრეს. ნუცა მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც “ხალხის მტრებად” წოდებულთა ცოლები იყვნენ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნუცას კინორეჟისორობა აღარ გაუგრძელებია, წერდა ბანაკში გატარებულ წლებზე და ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა. ნუცა ღოღობერიძე 1966 წელს გარდაიცვალა. 2011 წელს გამოიცა ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული – “ბედნიერების მატარებელი”, რომელიც მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის წინათქმით იწყება. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილი ქართველი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაისტორიასაქართველო

მედეა ღამბაშიძე – პირველი ქართველი სტუდენტი

მედეა ღამბაშიძე იყო პირველი, ვინც 1918 წელს დაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან 19 წლის ასაკში პირველმა შეიტანა განცხადება თსუ-ში და პირველი სტუდენტური ბარათიც მისცეს. მედეა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა.

მედეას მშობლები სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს უსასყიდლოდ კითხულობდნენ. მამა –  ვახტანგ ღამბაშიძე, ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა. დედა – ვანდა ღამბაშიძე, ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ინგლისურ ენას ასწავლიდა სტუდენტებს.

მედეა ღამბაშიძეს პირად მოგონებებში აღწერილი აქვს უნივერსიტეტის გახსნის დღე, სადაც ამ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პირველ საათზე, დიდი ზეიმით გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. აუარებელ საზოგადოებას ვეღარ იტევდა ქართული უნივერსიტეტის შენობის კედლები. პარაკლისის შემდეგ, უნივერსიტეტი გახსნა ქუთაისის მკვიდრმა და შემდგომ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა: „ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და ძვირფასი ჩვენთვის სამეცნიერო ტაძარი, როგორც დღეს – ამ ძველის დანგრევისა და ახალის წარმოშობის ჟამს – როდესაც ქართველმა ერმა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება, არამედ უნდა განახლდეს მისი სულიც და ფართოდ გაშალოს ფრთები მისი შემოქმედების გენიამ…“

“ჩავეწერე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ.ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ”. – წერდა მედეა ღამბაშიძე დღიურში.

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციის გამო, მედეა ღამბაშიძეს უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა. სამი წლის შემდეგ მთელი ოჯახით ემიგრაციაში მოუწია წასვლა. თავდაპირველად ოჯახი კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც მედეამ და მისმა მშობლებმა  წითელ ჯვარში დაიწყეს მუშაობა. შემდეგ  ქართველი ინტელიგენციის სხვა წევრებთან და პირველი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პარიზში გაექცნენ საბჭოთა რეპრესიებს. როგორც მათი მოგონებებიდან ჩანს, ოჯახს პარიზში ძალიან უჭირდა და სამშობლოში დაბრუნებაზე ყოველდღე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება ვერასდროს აიხდინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ქართული ტაძრები საქართველოს ისტორიულ კუთხე დვალეთში

საქართველოს ისტორიულ კუთხეში, დვალეთში ძალიან ბევრი ეკლესიაა შემორჩენილი, რომელიც დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ ერთეულში შედის. დვალეთი შედიოდა ნიქოზის ეპარქიაში. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკლესიების აგება იმავე ისტორიული პროცესის გამოხატულებაა, რომლის შედეგიცაა საქართველოს მთიანეთსა და აგრეთვე იმიერკავკასიაში IX-XI საუკუნეებში ქართული ქრისტიანული ძეგლების წარმოქმნა.

სოფელ ნარის მახლობლად, აღმოსავლეთისაკენ არის ტუფის ქვით ყორულად ნაგები წმინდა გიორგის სახელობის დანგრეული სამლოცველო ,,ნარ-ჯუარი”, ტაძარს გარს ევლება ფიქლით ასევე ყორულად ნაგები ოთხკუთხა ზღუდის ნანგრევები. მის სიახლოვეს შეინიშნება სამარხთა კვალი. ნარ-ჯუარის თავდაპირველი ნაგებობის აშენების დრო ემთხვევა დვალეთის ტერიტორიაზე ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აგების თარიღს X-XI საუკუნეებს.

სოფელ ალღაგ-ქომისა და რეგახის სიახლოვეს, ფერდობზე, არის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები,,ხუცაუ-ჯუარი”. მას გარს ევლება ფიქლით ნაგები ოთხკუთხა ზღუდე. აქვე შეინიშნება სამარხთა კვალი. ხუცაუ-ჯუარის ზუსტად დათარიღება ხელოვნებათმცოდნეებს უჭირთ, სავარაუდოდ ეკლესია XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

იქვე სოფელთან არის რიყის ქვითა და ტუფით ყორულად ნაგები დანგრეული სამლოცველო ,,ძილეს-ჯუარი”, შემორჩენლია მისი აღმოსავლეთი კედლის ნაწილი. აღიარებულია, რომ ძილეს-ჯუარი ქართული ,,ძლევის-ჯვარი”-საგან უნდა მომდინარეობდეს.

სალოცავის წინა კედელში ჩატანებულია ორი ქვა ქართული წარწერით, უკანა მხრიდან კედელშივე ჩატანებული აქვს ერთი ქვის მონაპობი, რამდენიმე ქართული ასობგერით, ტაძრის წინ მიწაზე იყო დადებული გრძელი ქვა ასევე ქართული წარწერით.

პირველი წარწერა ასე იკითხება: ,,ქრისტე შეიწყალე იოანე, დიდებაი ძლევის ჯვრის წმინდაო ძე”. ეს წარწერა ჩვეულებრივი ქართული შემავედრებელი წარწერაა.

მეორე წარწერაც შეიცავს შეწყალების ტექსტს: ,,ბჯ დაბის ძლევის ჯვრისა წმიდაო გიორგი ამისი მწერალი ბაშარული გიორგი შეიწყალე”.

მესამე წარწერა ორ სტრიქონიანია და იკითხება: ,,დიდება ძლევის ჯვარს დიდება წმინდა გიორგი, გოგაÁ შეიწყალე ძლების ჯვარო”.

რაც შეეხება მეოთხე წარწერას, ის მესამე წარწერის ანალოგიური უნდა იყოს და დიდ სიახლოვეს ავლენს მასთან.

ამრიგად, ძლევის-ჯვარის ეკლესიასთან აღმოჩენილი ქართული წარწერები კიდევ ერთხელ ნათლად მოწმობს ქართული ენის გავრცელების ინტენსივობაზე მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, დვალეთი იყო მაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის.

კედლის მხატვრობითა და ლეგენდებით არის ცნობილი არდონის ხეობაში სოფელ ,,ნუზალის სამლოცველო”, რომელიც ნუზალ-არღუნის სახელითაა ცნობილი. გამოთქმული იყო მოსაზრება, თითქოს ამ სამლოცველოში თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი იყო დაკრძალული, თუმცა ივანე ლოლაშვლის გამოკვლევებით საფუძვლიანად იქნა უარყოფილი ეს მოსაზრება.

სოფელ ნუზალის სამლოცველოს ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია ქტიტორთა ჯგუფი, ოჯახური პორტრეტი, რომელთა შორის სამი ფიგურა მამაკაცის, ორი ქალის და ერთიც-ბავშვისაა. ტაძარში გამოსახულ არცერთ ქტიტორს ხელთ ეკლესიის მოდელი არ უპყრია, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არა სამლოცველოს ამგებელნი, არამედ მომხატველნი არიან.

ნუზალის ეკლესია მიქელ-გაბრიელის სახელს ატარებს. იგი მოხატულია წმინდანთა ფრესკებით, ოსები სათაყვანებელ წმინდანებად თვლიდნენ იოანე ნათლისმცემელს, წმინდა გიორგის, მარამ ღვთისმშობელს, მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს.

XIII საუკუნეში მოხდა ნუზალის ეკლესიის რესტავრაცია, ამის შემდეგ ეკლესია ერთ-ერთ ძირითად სამლოცველოდ ქცეულა, პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი არის მიქელ-გაბრიელის სახელობის, ნუზალის ეკლესიაში წირვა-ლოცვა 1930 წლამდე მიმდინარეობდა.

მდინარე არდონის ხეობაში არის ,,ხოზიტა-მაირამის” სახელწოდების ეკლესია, რომელიც თავისი გეგმის გადაწყვეტით, ასვე ფორმებით, პროპორციებით, შემკულობითა და სამშენებლო ხერხებით აშკარად ამჟღავნებს საქართველოს შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ნიშანდობლივ თვისებებს. ძეგლის შესახებ ძველი წყაროები არ მოგვეპოვება. ტაძრის სახელი მარიამ ღვთისმშობელს უკავშირდება.

ღვთისმშობლის სახელთან არსებული ქართული სამლოცველო უცხო არაა საქართველოს ისტორიისათვის, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია-მონასტრები.

ხოზიტა-მაირამი წარმოადგენს ცალნავან ბაზილიკას, გეგმის გადაწყვეტის მიხედვით ხოზიტა-მაირამი ქართული ხუროთმოძღვრების X და XI საუკუნის ისეთ დარბაზულ ძეგლთა შორის პოულობს ადგილს, როგორიცაა ოთხთა ეკლესია, დისევი, ეხვევი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხოზიტა-მაირამის ნაგებობაში, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის კარგად ცნობილი სამშენებლო წესები და ფორმებია გამოყენებული, ისევე როგორც სხვა ძეგლებზე აქაც სამშენებლო ქვა საქართველოდან არის წაღებული. ძეგლს არ აქვს არავითარი წარწერა. მისი დათარიღება ხდება ქართულ არქიტექტურულ ძეგლებთან სიახლოვის დადგენით, კერძოდ X_XI საუკუნეებით.

ძეგლის ცუდად დაცულობის გამო ხოზიტა-მაირამის კედლის მხატვრობა წარმოდგენილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით. ძირითადად შემონახულია მხოლოდ მონახაზი მღვდელმთავართა გამოსახულებებისა საკურთხეველში და ჯვარცმის სცენა სამხრეთის კედელზე. ჯვარცმის სცენა სხვა კომპოზიციებისაგან განსხვავებით თითქმის მთლიანად არის შემონახული. ანალოგიურად აგებული კომპოზიცია გვხვდება ბოჭორმის მოხატულობაში, რომელიც XII საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება.

ხოზიტა-მაირამის მხატვრობა შესრულებული უნდა იყოს XII საუკუნის მეორე ნახევარში. ხოზიტა-მაირამთან დიდ მსგავსებას ავლენს სოფელ თლის ეკლესია. ეს ძეგლი მკვეთრად განსხვავდება ჩრდილოეთ ოსეთის ყველა ძველ ხუროთმოძღვრულ ნაგებობისგან, სამაგიეროდ დიდ მსგავსებას ავლენს ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან.

თლის ეკლესია წარმოადგენს ცალნავიან ბაზილიკას, მინაშენის კვალით სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე. ეკლესიას მოხერხებული მისადგომები აქვს ყველა მხრიდან. ძეგლის შესწავლამ ცხადყო, რომ ის დიდ სიახლოვეს ავლენს ხოზიტა-მაირამთან, შესაბამისად თლის ეკლესიაც XI საუკუნის I ნახევრით შეიძლება რომ დათარიღდეს.

ხოზიტა-მაირამი და სოფელ თლის ეკლესია, წარმოადგენს აშკარად ქართული კულტურის გავლენას ჩრდილოეთ კავკასიაზე, დვალეთი კი იყო დამაკავშირებელ ხიდად ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობასთან, საეკლესიო არქიტექტურა კი ამ ურთიერთობების ნათელი გამოვლინებაა.

 

ლიტერატურა: 1. ღამბაშიძე გ., ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში, საბჭოთა ხელოვნება, #3, თბ. 1976

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ

მუსლიმანურ სამყაროში გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება დღემდე ლეგენდებისა და მითების საბურველშია გახვეული. სილამაზითა და გონიერებით გამორჩეულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სელჯუკთა იმპერიის მმართველი გახდა, სახელოვან ბებიას – თამარ მეფეს ადარებდნენ და ეთაყვანებოდნენ,  დიდ თამარზე საქართველოში დადის ლეგენდები, მის შვილიშვილზე კი – აღმოსავლეთში. მას უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს, ყაისედინ (ყიას ედ-დინ) ქეი ხუსვე მეორეს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით “გურჯი-ხათუნი” შეარქვა.
დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა “გურჯი-ხათუნის” მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა.
თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად შეყვარებულმა ყაისედინმა 1236 წელს გამოცემულ ახალ სახელმწიფო მონეტაზე ფაფარაყრილ ლომთან ერთად სხივოსანი მზე ამოატვიფრინა, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა “მზე და ლომი” (“შირ-უ-ხურში”).

imageგონიერებით, მტკიცე ხასიათით, დიდსულოვნებით, უბიწოებითა და ქველმოქმედებით გამორჩეულმა ქრისტიანმა ქართველმა ქალმა ისლამურ სამყაროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო. ამბობენ, რომ ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინიც უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა.

გასაკვირია, რომ ასეთი ღირსებებით შემკული ადამიანი იყო მზაკვარი რუსუდანის ქალიშვილი…
რუსუდან თავისი ვაჟის – დავით ნარინის გამეფება იმდენად უნდოდა, რომ ძმიშვილის, დავით-ულუს (ლაშა-გიორგის შვილის) მოკვლა განიზრახა და ამაში ქალიშვილსა და სიძეს სთხოვა დახმარება, რომლებიც იმ დროს დავით ულუს მასპინძლობდნენ. აღშფოთებულმა თამარმა და სულთანმა ყაისედინმა რუსუდანს მტკიცე უარი შეუთვალეს. უარმა ისე გაამწარა რუსუდანი, რომ საკუტარ ქალიშვილს ცილი დასწამა და სიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თამარსა და დავით ულუს შორის ვითომდა არსებულ სასიყვარულო ურტერთობაზე ლაპარაკობდა. ამ ამბავმა სულთანი იმდენად გააშმაგა, რომ საყვარელი ცოლი ცემით დაასისხლიანა, ხატები დაულეწა და სიკვდილით დაემუქრა, თუ ისლამს არ მიიღებდა.
ამგვარად, თამარი იძულებული გახდა გაშმაგებული, თუმცა მაინც საყვარელი მეუღლის მოთხოვნა შეესრულებინა და ქრისტიანობაზე უარი ეთქვა. როგორც ამბობენ, მან ორთოდოქსული ისლამის მაგივრად იწამა ქრისტიანობასთან შედარებით ახლოს მდგომი ისლამური მიმდინარეობა, – სუფიზმი, რომელსაც აზიარა აღმოსავლეთის უდიდესმა პოეტმა, ჯალალედ-დინ რუმიმ.

image

სუფიზმის მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი არის სწორედ სამყაროს ის ეტაპი, სადაც მთავრდება ხილვადი სამყარო და იწყება ღვთიური სულის ამაღლება. აქედან გამომდინარე, უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯალალედ-დინ რუმიმ პირველმა აღიარა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.

 

მალე თამარს კიდევ ერთი დიდი დარტყმის გადატანა მოუხდა: სულთანი ყაისედინი მოკლეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, სულთანი თამარზე შეყვარებულმა ვეზირმა, სულეიმან ფერვანამ მოკლა. ასეა თუ ისე, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის განმგებელი სწორედ ფერვანა გახდა და დედოფალი თამარიც ცოლად შეირთო.
პირველის მსგავსად მეორე ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა თამარ დედოფალი და მის ყველა სურვილს ასრულებდა. ასევე დიდ პატივს სცემდა დედოფლის სულიერ მამას – ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელსაც გურჯი ხათუნი დიდ პატივს სცემდა და მფარველობდა. სწორედ თამარის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა ჯალალედ-დინ რუმის სურათი და გრანდიოზული აკლდამა, რომელიც დღესაც კი ქალაქ კონიის არქიტექტურული მშვენებაა.

როცა რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ, თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა, თუმცა ლტოლვილობაში ბედი თამარს ყველაზე დიდ უბედურებას უმზადებდა…

მისი და ყაისედინის შვილი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ჭაბუკის სიკვდილი ნახევარძმების შეკვეთილი იყო, რადგან სიკვდილამდე ყაისედინმა თავის მემკვიდრედ სწორედ თამართან შეძენილი შვილი აღიარა.

ამის შემდეგ გურჯი ხათუნის კვალი ისტორიაში იკარგება და ბებიის მსგავსად მისი საფლავიც კი უცნობი რჩება…

ბევრი ლეგენდა დადის აღმოსავლეთში თამარ დედოფლის შესახებ. ერთერთი მათგანის მიხედვით, სახელოვანი, მაგრამ უბედური გურჯი ხათუნი ზღვის ტალღებს სამშობლოსკენ გაჰყოლია…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

გიორგი III – მესიის მახვილის ბრძოლები

XII საუკუნე საქართველოს ისტორიაში ძლიერების და კეთილდღეობის ხანაა, მას საფუძველი დავით აღმაშენებლმა ჩაუყარა და მისმა მემკვიდრეებმა ეს საფუძველი კიდევ უფრო განამტკიცეს, გიორგი III მამაზე მეტად მტკიცე და თავისი პოლიტიკის თანმიმდევრულად გამტარებელი გამოდგა, თავის მონეტებზე გიორგი III მესიის მახვილად იწოდებოდა, რაც მიგვანიშნებს, რომ სახელოვანი პაპის დაწყებული საქმე უნდა გააგრძელოს _ ამიერკავკასიიდან მტრის განდევნა დაუსახავს მიზნად.

            სამხრეთით სომხეთისა და რანის საზღვრების გასწვრივ, ისევ მძლავრობდნენ თურქული სასულთნოები და საამიროები, სწორედ იქ სამხრეთით, ძირითადად არმენიის ტერიტორიაზე ხდებოდა მტრის ძალების კონცენტრირება, იქედან მეტი საშიშროება ემუქრებოდა ქვეყანას და გიორგი მესამემაც სწორედ აქედან დაიწყო, პირველად კაღზევანი და აშორნი დაიპყრო. კაღზევანიცა და აშორნიც არმენიის ტერიტორია იყო, შაჰ-არმენი ამ ტერიტორიის ძლიერი და გავლენიანი გამგებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო, გიორგი მეფის მთავარ სამიზნეს დიდი და სახელოვანი ანისი წარმოადგენდა, ყოველი თვალსაზრისით პოლიტიკურით, სავაჭრო-ეკონომიკურით, სამხედრო-სტრატეგიულობით, ფსიქოლოგიურით, მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, საქართველოსთვის. მაჰმადიანთა გაერთიანებული ძალის იერიშების მოგერიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ თუ იმ გზების შეკვრას მოახერხებდნენ, რითაც მათ საქართველოში შემოჭრის საშუალება ჰქონდათ.

            1161 წლის აგვისტოში სამდღიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ გიორგი III-მ ანისი აიღო, ქალაქი მეფემ თავის მანდატურთთუხუცესს და ამირსპასალარს ივანე ორბელს ჩააბარა თანაშემწედ სარგის მხარგძელი დაუნიშნა, ქალაქში ორი ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი გარნიზონი ჩააყენა და უკანვე გამობრუნდა.

            ანისის დაკარგვამ ძალიან შეაწუხა და ფეხზე დააყენა მაჰმადიანი მმართველები და 80 ათასიანი მეომრით წამოემართნენ რევანშისათვის, გიორგიც სასწრაფოდ გაემართა მტერთან შესახვედრად 9 ათასი მეომრით. ისევ გაიმართა ანისის კედლებთან უმძიმესი ბრძოლა, შეტაკებებს თვითიონ მეფე წარუძღვა, მტრის შუაგულში შეიჭრა და საკუთარი ხელით დასცა მუსლიმთა მთავარი დროშა, აირივნენ და უწესრიგოდ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან მაჰმადიანი მეომრები, ამრიგად გიორგი III-მ ანისთან მრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მუსლიმთა კოალიციაზე, შაჰ-არმენ, სუქმან II-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალებზე, ბრძოლის ველიდან გაქცეულ შაჰ-არმენს 400 მხედარი ახლდა თან, ნაწილი მისი მხედრებისა დაიღუპა, ნაწილიც ტყვედ ჩავარდა. ტყვეთა რაოდენობაზე სხვადასხვა მონაცემებია: 2-3 ათასიდან 9 ათასამდე, დატყვევებულთა შორის იყვნენ 6 სპასალარი და 7 დიდი ამირა.

            ანისთან გამარჯვება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო, მაჰმადიანთა სამხედრო მარცხის შემდეგ ამოქმედდა საქართველოს მეზობელი მუსლიმანური სახელმწიფოების დიპლომატია, რაც ქართველთა მიერ დატყვევებულ მუსლიმთა განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ხლათის დედოფალი, სუქმან-II-ის მეუღლე და მოსულის ზანგიანთა საათაბაგოს ვეზირი ჯამალ ად დინ ალ-ისფაჰანი. XII საუკუნის ისტორიკოსი, იაკობიტთა პატრიარქი, მიხეილ სირიელი წერს, რომ 1161 წელს იბერიელთა მეფე გიორგიმ თურქებს წაართვა დიდი ქალაქი ანისი, ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი და მრავალი არაბი ტყვე, ამირა ჯამალ ად-დინმა, მოსულში ყველაზე მოწყალე ადამიანმა, ტყვეების გასათავისუფლებლად გიორგისთან ელჩად გაგზავნა იაკობიტთა პარტიარქის მოადგილე მაფრანი იგნატიუსი, მიხეილ სირიელის თანახმად, იგნატიუსი საქართველოში პატივით მიიღეს და მრავალი ტყვე უსასყიდლოდ გადასცეს, ქართველთა მეფე ნამოქმედარით არ დაკმაყოფილდა და იგნატიუსს მოსულის გამგებელთან საჩუქარი გაატანა, მასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად მეფემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მოსულში იგნატიუსს, თავის მხრივ, იბერიელთა ელჩი გააყოლა. უაღრესად შთამბეჭდავი იყო ელჩობის მსვლელობა მოსულში  მაფრანი და იბერიელი ელჩი შევიდნენ ქალაქში ამხედრებულები ჯვრებით, რომლებიც დამაგრებული იყო შუბების წვერებზე და ამით საჯაროდ მოახდინეს ქრისტიანული სიმბოლოს დემონსტრირება, რაც მაჰმადიანური კანონმდებლობით მუსლიმთა იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე იკრძალებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტობრივად პირველი ცნობაა იმის თაობაზე თუ როგორ იღებდნენ ქრისტიანული საქართველოს ელჩს იმდროინდელ ისლამურ სამყაროში, მის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ცენტრში.

            მალე ანისის ამბების შემდეგ გიორგი III-მ კარნუ-ქალაქი ანუ არზრუმი აიღო, მომდევნო 1162 წელს გიორგიმ მაჰმადიანთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა ძველი ქალაქი დვინი. 1167 წელს შირვანისკენ ილაშქრა გიორგი მეფემ, იქ გიორგის მამიდაშვილი აღსართანი მეფობდა, მას ყივჩაღები და ხაზარები შემოესივნენ, გიორგიმ აიღო შაბურანი და დარუბანდი, დაამარცხა და უკუაქცია ხაზარები და ყივჩაღები. კიდევ რამდენჯერმე, ზედიზედ დაამარცხა გიორგი მეფემ მაჰმადიანური მხედრობანი და ბოლოს და ბოლოს, ამდენმა გამარჯვებამ ქართველ მეფეს დაუმკვიდრა უპირველესი გვირგვინოსნის სახელი. მაჰმადიანი მმართველები, ,,შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნენ და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისა უშიშად ჰქონდეს”.

            1178 წელს გიორგი მეფემ თავის თანამოსაყდრე თანამეფედ და საქართველოს მომავალ ხელმწიფედ გამოაცხადა თამარი, მაგრამ მანმადე 1177 წელს გიორგი მეფის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო, შეთქმულებს გიორგი მეფის გადაყენება და მეფედ გიორგის ძმის დავითის ვაჟის დემეტრეს იგივე დემნას დასმა სურდათ, სათავეში მათ ამირსპასალარი ივანე ორბელი ედგა; თუ დაკვირვებით გადავავლებთ თვალს შეთქმულების წინა და მომდევნო პერიოდში მეფის მოღვაწეობას დავრწმუნდებით, რომ ამ შეთქმულებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველი და უმთავრესი ალბათ გოირგი მესამის მიერ (როგორც დავით აღმაშენებლის დროს) საქართველოს დარბაზის კარის მოხელეთა დემოკრატიზაცია იყო, ანუ პირად ღირსებას ამ შემთხვევაში წოდებრიობის წინაშე უპირატესობა მიანიჭა გიორგი მეფემ, ამასთანავე გიორგი მეფეს ძე არ ყავდა და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა საქართველოში სამეფო ტახტზე ქალის ასვლისა, რაც შეიძლება ზოგი დიდგვაროვანისათვის მოუღებელი გამხდარიყო, ამიტომაც სჭირდებოდა მეფეს დარბაზში ერთგული და პირადი ღირსებითY გამორჩეული მოხელეების დანიშვნა, რომლებიც როგორც გიორგი მეფეს ასევე, თამარ მეფის ერთგულები იქნებოდნენ. მართლაც შეთქმულების ჩახშობის შემდეგ გიორგიმ თავისი ერთგული პირები მიუხედავად წარმომავლობისა დანიშნა დიდმოხელეებად და 1178 წელს თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ამის შემდეგ კიდევ ექვსი წელი იცოცხლა გიორგი მეფემ და 1184 წლის გაზაფხულზე მარტის თვეში, ვნების კვირას გარდაიცვალა დაკრძალეს გელათში, ხოლო დავით აღმაშენებლის შექმნილი უბრწყინვალესი ნამუშევარი სრულიად კავკასიური სახელმწიფო გიორგი III-ის ძალისხმევითა და მოღვაწეობით კვლავ პირველობდა აზია-ევროპის შესაყარში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიასაქართველო

,,აფრიკელი აფხაზების” ისტორია

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ აფრიკელი აფხაზების ფოტოები, რომლებიც ჩოხებში არიან გამოწყობილი და ამაყი აფხაზური იერიც დაჰკრავთ – ხშირადაც გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ საიდან გაჩდნენ ისინი საქართველოში და თუ მოახერხეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია.

საინტერესოა, რო სოფელ აძუბჟაში დასახლებული აფრიკელების ყოფა, კულტურა, ენა იმდენად ფორმირდა – დროთა განმავლობაში, რომ აფხაზურისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა. მათი უმეტესობა მუსლიმი იყო, ეწეოდნენ მიწათმოქმედებას, იცვამდნენ ჩოხებს, ჰქონდათ მეურნეობა.

,,აფროაფხაზების” აქ დასახლების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ვერსიის თანახმად კი, ისინი მე-17 საუკუნეში აფხაზმა თავადებმა მონათა ბაზრობიდან წამოიყვანეს და ადგილობრივ ციტრუსების პლანტაციებში დაასაქმეს.

კიდევ ერთი ვერსიით,  ისინი მე-19 საუკუნეში თავად ჩამოვიდნენ ამ ტერიტორიაზე. არსებობს ვარაუდიც, რომ, შესაძლოა, ისინი ოსმალეთის სანაპიროსკენ მიმავალ გემში იყვნენ, როდესაც ხომალდი ჩაიძირა –  მათმა ნაწილმა კი, გამოცურა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდა.

როგორც მკვლევართა ნაწილი ამბობს, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ, ამიტომაც, დღეს აფხაზეთში აღარ გვხვდებიან მკვეთრად გამოხატული აფრიკული გარეგნობის ადამიანები, თუმცა, სავარაუდოდ, ცხოვრობენ მათი შთამომავლები.

ბიბლიოგრაფია:

  1. ,,ვინ იყვნენ შავკანიანი აფხაზები”, Livepress.com (23/07/2018)
  2. ,,ამბავი შავკანიანი აფხაზებისა” , კვირის პალიტრა (23/07/2018)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 33
Page 9 of 33