close

კულტურა

კულტურასაქართველო

ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა

2017 წლის დეკემბერში UNESCO- მსოფლიო მეხსიერების რეესტრში უკვე მესამედ მოხვდა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული  ხელნაწერი, სახარება-პალიმფსესტი, რომლის ნახვაც არქივში მისულ დამთვალიერებელს 11 თებერვლამდე  შეეძლება, აქვე წარმოდგენილია UNESCO-ს მიერ 2013 და 2015 წლებში შესული უძველესი ხელნაწერებიც, რომელთა შესახებაც არქივის წარმომადგენელმა – ლიკა აბრალავამ გვიამბო.

გამოფენაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი სთავაზობს დამთვალიერებელს, წარმოდგენილია  UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტომასალები, რომელთა სიასაც გასული წლის დეკემბერში, კიდევ ერთი  ასეთი ხელნაწერი, სახარება-პალიმფსესტი შეუერთდა.

ხელნაწერის ფურცლების უმეტესობა პალიმფსესტურია, ზოგადად, პალიმფსესტი  წარმოადგენს ხელნაწერს, რომლის ფურცლებიც გადარეცხვის შედეგად ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად, რაც გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეტრატი დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული  და ამ გზით მოიპოვებდნენ საწერ მასალას, მაგრამ ვინაიდან ძველი ტექსტის კვალიც უმეტესწილად არ ქრებოდა, მსგავს ხელნაწერებში ქვედა ფენის ამოკითხვაც არის შესაძლებელი, აღნიშნული სახარება-პალიმფსესტის შემთხვევაში,  ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება, მათ შორის უძველესი ფენა ასომთავრულია და  ჯერჯერობით IX-X სს-ებით დათარიღდა, ნუსხურია  შუა ფენა, რომელსაც XII-XIII სს-ებს მიაკუთვნებენ, ხოლო ზედა ანუ მესამე ფენაც ნუსხურადაა და, სავარაუდოდ, XIV საუკუნეშია დაწერილი.

              სახარება-პალიმფსესტის თავსამკაულები, XIV საუკუნე

ხელნაწერში გხვდება XIII-XVIII სს-ების  ანდერძ-მინაწერებიც, რომლებიც  შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში გვერდიგვერდ ჩნდება ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი, რომელთა კვლევა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ზედა, ნუსხური ფენის გადამწერი, როგორც წყაროდან ირკვევა ვინმე გიორგია, ხოლო მომგებელი – ბერი ესტატე, რაც შეეხება თვითონ ხელნაწერს,  სახარება ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა და მისი შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს.

სახარება – პალიმფსესტის გარდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულია ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და  „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013) და 2015 წელს შესული 8 უძველესი ხელნაწერი, რომელთა ნახვაც ექსპოზიციაზე მისულ ნებისმიერ დამთვალიერებელს ადგილზევე შეუძლია.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

დღეს „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის – „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური ორკესტრი -„პარაორკესტრი“, რომელიც ყველა კატეგორიის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აერთიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა“ 2014 წელს დააფუძნა.

ორგანიზაციის მიზანია არტთერაპიის საშუალებით აღნიშნული სპექტრის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორკესტრის რეპერტუარშია, როგორც კლასიკოსი, ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, მუსიკა კინოფილმებიდან, ჯაზური კომპოზიციები და სხვა.

,პარაორკესტრი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებს – სამინისტრო ყოველწლიურად უწყობს ხელს პარაორკესტის შემოქმედებით საქმიანობას.

საკონცერტო პროგრამა:

  1. მუსიკა კინოფილმიდან „სამი კაკალი კონკიასათვის“ კომპოზიტორი – კარელ სვობოდა; 2. მუსიკა ანიმაციური ფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“-კომპოზიტორი – გია ყანჩელი
  2. პოპური ქართული კინოფილმებიდან;
  3. იპანამა;
  4. მუსიკა ფრანგული კინოფილმიდან – ვლადიმერ კოსმა;
  5. მუსიკა ქართული კინოფილმებიდან- კომპოზიტორი გია ყანჩელი პოპური;
  6. „ ქარავანი“-კომპოზიტორი ჯუან ტიზოლი ლუის ელიგნტონის ცნობილი კომპოზიცია;
  7. მუსიკა ანიმაციური ფილმიდან „მეფე ლომი“ – „ლომებს სძინავთ ღამით“ ; კომპოზიტორი სოლომონ ლინდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

რუსეთის ფილმსაცავში დაცული თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი დაბრუნდა.
ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს გაიმართა.
ქართულ მხარეს 1925-დან 1975-წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:
„ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
„ქოლგა“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
„მუსიკოსები“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
„ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე;
„შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;
„ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
„ვინ არის დამნაშავე?“ – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
„ამოკი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
,,სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
,,ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. 
კინოკომედია „ფრთოსანი მღებავი“, რომელიც 1936 წლით თარიღდება, ერთადერთი ფილმია, რომელზეც პეტრე ოცხელმა იმუშავა და წელს მხატვრის 110 წლის, ხოლო ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 80 წლის იუბილე შეუსრულდა.
კოტე მიქაბერიძის 1936 წელს შექმნილი ფილმი „ქაჯეთი“, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის ეკრანულ ვერსიას და დღემდე კინოში, აღნიშნული ნაწარმოების ეკრანიზების ერთადერთ მცდელობას წარმოადგენს (ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ციხიდან გამოხსნის ეპიზოდი).
ალ. წუწუნავას ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ გადაღებულია 1925 წელს და ის ამერიკაში მყოფი გურული მოჯირითეების ისტორიას ასახავს.
კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, შტეფან ცვაიგის ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს და ის 1927 წლით თარიღდება – საქართველოში მისი არცერთი ასლი არ მოიპოვება.
ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“, 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.
პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი – „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.
„გოსფილმოფონდი“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი) მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში, 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული. ინიციატივა, რომელიც გოსფილმოფონდში დაცული ფილმების ქართული მხარისთვის გადმოცემას გულისხმობს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ძალისხმევისა და მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო, 2016 წლამდე ვერ განხორციელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკულტურასაქართველო

სტარტაპი „Trips-ი“ დამწყები ქართველი დიჯეებისთვის თავისუფალ სივრცეს ქმნის

„British American Tobaco-ს“ მიერ ორგანიზებული სტარტაპში, რომელშიც ჯამში 300-ზე მეტი მსურველი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდს „Trips-ს” ხვდა წილად. გუნდი ქმნის სივრცეს, სადაც დიჯეებს შეუძლიათ ვარჯიში და საკუთარი თავის განვითარება. საკუთარი პროექტის ფარგლებში გუნდმა უკვე ჩაატარა ელექტრონული მუსიკის  რამდენიმე ღონისძიება და სამომავლოდაც უფრო აქტიურად გეგმავს მუშაობას. სტარტაპის შესახებ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი  – ზაქრო ტაბატაძე გვიამბობს.

 სტარტაპი „Trips-ი“  თავისუფალი უნივერსიტეტის 6 მეორეკურსელის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც ქმნის დამწყები დიჯეების განვითარების პროგრამას,  შესაბამისად, ის, რამაც გუნდის თითოეულ წევრი გააერთიანა, სწორედ რომ, ელექტრონული მუსიკის სიყვარულია „როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ კამპუსში სწავლობდა საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ხელოვანი, გადავწყვიტეთ, ჩვენი უნივერსიტეტის ეს მხარე წინა პლანზე წამოგვეწია და უნივერსიტეტის ისეთი წვეულება ჩაგვეტარებინა, სადაც ხარისხიანი მუსიკა და მაქსიმალურად თავისუფალი გარემო იქნებოდა. ამის შემდეგ, თბილისის სხვადასხვა ინდუსტრიულ სივრცეში რამდენიმე ღინისძიების ჩატარებისას მივხვდით, რომ არსებობდა ჩვენი იდეის განხორციელების საჭიროება და რეალური შესაძლებლობა, ხოლო აღნიშნულმა კონკურსმა კი საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენი პირადი სახსრებით თავის დროზე ვერ შევძელით“- აღნიშნავს ზაქრო.

საქართველოში ხშირად დიჯეები ამთავრებენ სასწავლო კურსს, სადაც მათ ასწავლიან მხოლოდ აღნიშნულ პროფესიას, მაგრამ მათ არ აქვთ სისტემატიური ვარჯიშის და პროფესიის მეტად დაუფლების საშუალება, ვინაიდან აპარატურა საკმაოდ დიდ თანხებთანაც ასოცირდება, გამოცდილების არქონის გამო კი, მათ არც სხვადასხვა კლუბში დაკვრის საშუალება ეძლევათ, ამრიგად, აქამდე საქართველოში არ არსებობდა სივრცე, სადაც მომავალი დიჯეი შეძლებდა საკუთარი პროფესიის უკეთესად დაუფლებას და სწორედ ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდა სტარტაპი ,,Trips-იც“ – ,,ჩვენი ვქმნით დამწყები დიჯეების განვითარების პლატფორმას. გვექნება ჩვენი სივრცე და აპარატურა, სადაც დიჯეები, მცირე საწევროს სანაცვლოდ, შეძლებენ თვეში 24-28 საათი ივარჯიშონ თავიანთი სურვილის შესაბამისად, რაც მათ მისცემთ საშუალებას მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება“.

სტარტაპი გეგმავს, 2-3 ყოველკვირეული ღონისძიების ჩატარებას, სადაც მცირე შერჩევის შემდეგ  დაუკრავენ დამწყები ქართველი დიჯეები. ასევე, იგემება ყოველთვიური, უფრო მასშტაბური ღონისძიებების, რომლებშიც რეზიდენტ ხელოვანებთან ერთად სხვა ცნობილი დიჯეებიც დაუკრავენ, ამით დამწყებებს ქართველ დიჯეებს საშუალებას მიეცემათ მიიღონ, როგორც აპარატურასთან ვარჯიშის საშუალება, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება უშუალოდ დიჯეის ამპლუაში.

გუნდი დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით აპირებს ,,სტარტაპ საქართველოსთანაც“ ითანამშრომლოს, რათა მაქსიმალურად ხარისხიანი აპარატურის შეძენა გახდეს შესაძლებელი და დაიხვეწოს სივრცეც, რომელიც მიკროძრავების ქარხნის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, „მიკროძრავების ქარხანა მოიაზრება, როგორც მომავალი ურბანული მულტიფუნქციური სივრცე და ჩვენთან ერთად აქ რამდენიმე სხვა პროექტიც იწყებს მუშაობას. სამომავლოდ, ონლაინჟურნალისა და სავარჯიშო სივრცის ამოქმედებასთან ერთად, ეს ადგილი იფუნქციონირებს როგორც კლუბი. ზაფხულში კი,  ელექტრონული მუსიკის პოპულარიზების მიზნით, ვაპირებთ ღონისძიებების ჩატარებას რეგიონებშიც“ – აღნიშნავს ზაქრო დასასრულს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიკულტურამსოფლიო

,,მონა ლიზას შიშველი ესკიზი საფრანგეთში აღმოაჩინეს” – BBC

,,ნახშირით შესრულებული შიშველი ქალის პორტრეტი, რომელიც 150 წელია საფრანგეთში, კონდეს მუზეუმში ინახება, შესაძლოა, ,,მონა ლიზასესკიზი ყოფილიყო,“ – წერს BBC.

ადრე მიიჩნეოდა, რომ მონა ვანას სახელით ცნობილი ქალის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში იყო შესრულებული. ახლა კი – ექსპერტები ამბობენ, რომ მხატვარს თვითონ შეეძლო ორივე ტილოს შესრულება. ლუვრში ექსპერტიზის შემდეგ, კურატორების თქმით, შიშველი ქალის პორტრეტი ,,სანახევროდ მაინც” და ვინჩიმ შეასრულა.

კონდეს კურატორიმატიე დელდიკი მიიჩნევს, რომ შიშველი ქალის პორტრეტი ,,მონა ლიზასშესასრულებლად გამზადებული ესკიზია. ლუვრის რესტავრატორის თქმით, ტილო ,,საკმაოდ მაღალი ხარისხისაა” და შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს ემთხვევა.

ორივე ნახატზე ხელები და ტანი თითქმის იდენტურია, ასევე, ტილოები ერთი ზომისაა. შიშველი ქალის პორტრეტზე არის პატარა ნახვრეტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ,,მონა ლიზას“ კონტურების გასავლებად იყენებდნენ. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, ნახატის ზედა ნაწილში, თავის გარშემო, კონტურები გაკეთებულია მარჯვენა ხელით, მაშინ, როდესაც ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო.

ექსპერტები საბოლოო დასკვნებს არ აკეთებენ, რადგან გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. მათივე თქმით, წინ საკმაოდ დიდი სამუშაო ელოდებათ.

ლეონარდო და ვინჩის ნახატი – ,,მონა ლიზა“, იგივე ,,ჯოკონდა“, დღემდე რჩება რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მსოფლიო ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრად. მიიჩნევა, რომ პორტრეტზე გამოსახული ქალი არის ფლორენციელი ვაჭრის – ფრანჩესკო ჯოკონდოს ცოლი, ლიზა გერარდინი. და ვინჩიმ „მონა ლიზას“ ხატვა, სავარაუდოდ, 1503 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში დაუსრულებელ ნახატს სულ თან დაატარებდა. ნახატი გამოფენილია ლუვრში.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

,,Saving The soul-ი” – მაყურებელი მალე პირველ ქართულ ანიმაციურ კომიქსს იხილავს

 პირველი ქართული ანიმაციური კომიქსი „Saving the Soul-ი“ სრულიად ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში ამ ჟანრის განვითარების ერთგვარ საწყისად შეგვიძლია აღვიქვათ, სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ანიმაციის პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელმაც ხალხის დიდი ინტერესი და მოლოდინი გამოიწვია. უფრო დაწვრილებით პროექტის შესახებ მისი დამფუძნებელი, რეჟისორ-სცენარისტი  – გიორგი ბადაშვილი გვიამბობს.

-გიორგი, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა როდის გადაწყვიტეთ პირველი ქართული ანიმაციური კომიქსის შექმნა?

-ანიმაციის გაკეთება არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. ზოგადად, ყოველთვის მინდოდა,  რომ ამგვარ ფენტეზიურ სამყაროზე მომეყოლა ისტორრადიები და ხალხისთვის ჯადოსნური, მაგრამ ამავდროულად, ფუტურისტული სამყაროს სიუჟეტები შემეთავაზებინა, ამჯერად, ჩემი მიზნის განსახორციელებლად არჩევანი სწორედ ანიმაციაზე შევაჩერე. თავიდან პროექტში ვიყავით მხოლოდ მე და Art Director-ი – გაგა თურმანიშვილი, შემდეგ, ჩავრთეთ სანდრო ღაღანიძე, რომელიც ახდენდა დახატული სცენების ანიმირებას და მონტაჟს. პროექტზე ასევე მუშაობენ მხატვარი ირაკლი მაისურაძე და Motionგრაფიკოსი – ლევან თურმანაული. ხოლო ხმისა და მუსიკის დამუშავებაზე დათუნა დგებუაძემ და პაპუნა ჯუმბერიძემ იმუშავეს.

-როგორც სარეკლამო ვიდეორგოლიდან ჩანს, კომიქსის შინაარსობრივი თუ ვიზუალური მხარე საკმაოდ უცნაური და საინტერესოა, რატომ აირჩიეთ სწორედ ეს თემატიკა?

-ჩვენ ვცხოვრობთ ფენტეზით და სამეცნიერო ფანტასტიკით, უბრალოდ, ცუდია, რომ ამგვარი რაღაცები ძალიან ცოტა თუა საქართველოში. ჩვენ ჩვენი ფენტეზი სამყარო შევქმენით, რომელსაც თავისი კონტინენტები, ოკეანეები და მისტიკა აქვს, აქ შეხვდებით ბევრ ჯადოქარს, მისტიკურ არსებებს, მონსტრებს, ურჩხულებს, სამყაროს მტრებსა თუ სამყაროს მცველებს. საინტერესო პერსონაჟებით, მათი განცდებით, წარმატებებითა თუ წარუმატებლობებით ვაპირებთ ძალიან გრძელი ისტორიის მოყოლას და ჩვენი საპილოტე ეპიზოდი ამ ისტორიის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.

-კომიქსი ინგლისურადაა და ქართული სუბტიტრები აქვს დართული,  ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა, უცხოურ ბაზარსა და საკონკურსო თემატიკის ფესტივალებზეა გათვლილი? 

-თავდაპირველად ჩვენ გავახმოვანეთ ყველაფერი ინგლისურად, რადგან გვსურდა უცხოენოვან მაყურებელსაც შესძლებოდა ანიმაციის გაგება.  მართალია, იმ დროისთვის როდესაც ეპიზოდი დაიდება, უკვე სამ ენაზე იქნება სუბტიტრები ხელმისაწვდომი, თუმცა, ამჟამად მიმდენარეობს მოლაპარაკება მისი ქართულად გახმოვანების თაობაზეც. ხოლო რაც შეეხება კონკურსებს, ჯერჯერობით არ ვგეგმავთ ანიმაციის მსგავს ღონისძიებებზე წარდგენას.

-დაბოლოს, როდისთვის უნდა ველოდოთ კომიქსის პრეზენტაციას?

-ჩვენი ერთობლივი სურვილია, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შემდეგ ეპიზოდებზე, ან, საუკეთესო შემთხვევაში, უკვე მთლიანად შემდეგ სეზონზე. ამისთვის კი მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა კომპანიასთან და ვეძებთ სპონსორებს. შესაბამისად,  ღია ვართ ყველა შემოთავაზებისა თუ რჩევებისთვის. მუშაობა პირველ ეპიზოდზე დიდი ხანია რაც დასრულდა,  უბრალოდ, წყდება საკითხი თუ სად და როგორ შევთავაზოთ მაყურებელს ეს ანიმაცია, დიდი იმედი მაქვ,ს რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, იქამდე კი, სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენი ანიმაციის Fbგვერდს.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ვიგენ ვართანოვის გამოფენა ,,iArt Gallery-ში” და ხელოვანის ცხოვრების უცნობი დეტალები

 თბილისზე და თბილისელებზე შეყვარებული ხელოვანის – ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების პირველ გამოფენას თბილისში ,,iArt Gallery-ი” მასპინძლობს, სადაც მსურველებს 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ იხილონ მისი 60-მდე ნამუშევარი. ავტორის საინტერესო გატაცებებისა და ცხოვრების შესახებ მისმა შვილმა – ვიგენ ვართანოვმა (უმცროსი) გვიამბო.

თბილისური ყოველდღიურობა, დეტალებში აღბეჭდილი უამრავი ადამიანის ისტორია და საკუთარი ეპოქის სევდისმომგვრელი მოვლენების საოცარი ხედვა, რომელიც დროს უსწრებდა – ასე შეიძლება დავახასიათოთ ვიგენ ვართანოვის ნამუშევრები, რომელთა ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენა მხოლოდ ავტორის გარდაცვალებიდან  ერთი წლის შემდეგ, ოჯახის დიდი სურვილითა და ძალისხმევით მოხერხდა. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენლია ვართანოვისს 60-მდე ნამუშევარი, რაც მხოლოდ მეოთხედი თუ იქნება მის მიერ შექმნილი სხვადასხვა სტილისა თუ ჟანრის ნამუშევრებისა.

ახლობლები იხსენებენ, რომ ვართანოვი კატეგორიულ უარს აცხადებდა გამოფენებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მისი სახლი ყოველთვის ღია ყოფილა დამთვალიერებლისთვის და მსურველს მუდამ შეეძლო  თითოეული დეტალის შესახებ პირადად ავტორისგან გაეგო ისტორია, რომელსაც თბილისის უბნებში ასე გულდასმით  და დაუღალავად ეძიებდა თავად. თავისი ნამუშევრებისთვის დეტალებს ვართანოვი ზოგჯერ პირდაპირ ქუჩაში ეძებდა, იქნებოდა ეს თუნუქის დაჟანგული ფირფიტები, სამშენებლო ბადეები, ყავლგასული ჩემოდნები, გადაგდებულ სკამები თუ  მძიმე კარადები, რომლებსაც  სახლში საკუთარი ხელით ეზიდებოდა და ზოგჯერ ხუმრობითაც აღნიშნავდა – ჩემი სამყარო  ამგვარად მაწვალებსო.

ვართანოვი  1941 წლის 29 ოქტომბერს, პლეხანოვის გამზირის ძველებურ სახლში დაიბადა, რომელშიც მისი შემოქმედებაში ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო იყო და არასდროს მიუტოვებია ის, როგორც ვიგენი იხსნებს, მამისთვის ყველაზე კარგი საგამოფენო დარბაზიც სწორედ ეს სახლი ყოფილა და მიიჩნევდა, რომ ნამუშევრების სრულყოფილად აღქმა აქ, სწორედ იმ განათების ფონზე, იყო შესაძლებელი, რომელზეც ავტორი მუშაობდა.

ხელოვანის უდიდესი შემოქმედებითი მუხტი მეოცე საუკუნის თბილისი და მისი შემოგარენი იყო, რაც ნათლად ჩანს ნამუშევრებშიც, ვართანოვისთვის, ამ მხრივ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი აღმოჩნდა თბილისში ჩატარებული აღდგენითი  სამუშაოები „მან ძალიან ძნელად გადაიტანა ბოლო დროს თბილისში გაკეთებული რეკონსტრუქციები და ეს განსაკუთრებით ეხება ახალ აღმაშენებელს, რადგან თვლიდა რომ დაიკარგა ფაქტურა და ფასადები, რომლებიც მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, მისთვის მაინც უფრო დიდი მხატვრული ღირებულების მქონე იყო“ – აღნიშნავს ვიგენი.

ვართანოვს თურმე ბავშვობიდან იტაცებდა ასევე კინემატოგრაფიაც და თვითნასწავლი ხელოვანი 1967 წლიდან მხატვარ-ფოტოგრაფად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კინოსტუდიაში  30-წლიანი მუშაობის მანძილზე მონაწილეობდა ისეთი ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების შექმნაში, როგორებიც არიან  – ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, ქეთი დოლიძე, ტიტო კალატოზიშვილი და სხვა, თუმცა ოფიციალური სტატუსის არქონიდან გამომდინარე თვითნასწავლი მხატვარი ყოველთვის კულისებს მიღმა რჩებოდა.

ზოგადად, ნამუშევრების უმეტესობა გარკვეულწილად ტრაგიკულია, მაგრამ  ვიგენის აღწერით, ვართანოვი ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური ყოფილა, მიუხედავად ამისა ცხოვრებასა და შემოქმედებას გარკვეულ დამღად დაჰყოლია 90-იან წლებში ქვეყნიდან წასული სამეგობრო, რომელთა შორის ბევრი იყო მხატვარი თუ კინოხელოვანი, რასაც ისიც დაემატა, რომ 1993 წელს დაიხურა კინოსტუდიაც და ვართანოვი სამსახურის გარეშე დარჩა.

70-იანების წლებიდან ვართანოვი შემოქმედებითი თვითგამოხატულების ახალი გზების ძიებამ კოლაჟებსა და ასამბლაჟამდე მიიყვანა. კოლაჟი და ასამბლაჟი შედარებით ახალგაზრდა მიმართულებაა ხელოვნებაში, რომელიც მხატვარს აძლევს შემოქმედებითად შეუზღუდავ თავისუფლებას, თვითონ ვართანოვი ორმოცი წლის მანძილს მუშაობდა ამ ტექნიკით და შექმნა უამრავი უნიკალური ნამუშევარი, რომლებშიც ძირითადად ჭარბობს ფოტომასალა, ჩიტების ფიტულები, საათის ციფერბლატები და სხვა.

ვიგენი აღნიშნავს რომ ჩიტის სიმბოლიკა ვართანოვის ნამუშევრებში შემთხვევითი არ არის, „ჩიტი, რომელსაც ხშირად ვხვდებით მამას შემოქმედებაში სწორედ მისივე გამოხატულებაა, ის თავს სწორედ მასთან აიგივებდა, რადგან ჩიტებს ყოველთვის როდი აქვთ ფრენის თავისუფლება და ხშირად ამბობდა  კიდევაც  – „მე კი ვარ თავისუფალი და ფრენა შემიძლია, მაგრამ მაინც ამ წყობას ვარ მიჯაჭვული“. ამაში გულისხმოდა საბჭოთა კავშირს და იმდროინდელ წყობას, რის ფონზეც გარკვეული ნამუშევრებისს ახლობლებთან დამალვაც კი უწევდა, რადგან მათში ნათლად ჩანდა მისი ნეგატიური დამოკიდებულება სისტემის მიმართ“.

მამის ამგვარი სიყვარულო ხელოვნებისადმი ვიგენსაც გამოჰყვა და ახალგაზრდა კინოხელოვანის პორტფოლიო უკვე აერთიანებს რამდენიმე ფილმს, სარეკლამო რგოლსა თუ სხვადასხვა პროექტს და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, უახლოეს მომავალში აპირებს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს მამის შემოქმედება და რაც მთავარია, გეგმავს, რომ ნამუშევრების ქვეყნის საზღვრებს გარეთაც წარადგენოს.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკულტურამსოფლიოპოლიტიკა

აშშ და ისრაელი UNESCO-ს ტოვებს: პოლიტიკური დაძაბულობა ორგანიზაციაში

 ,,აშშ 2017 წლის ბოლოსთვის UNESCO-ს დატოვებს” – გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თუმცა აშშ-ს სურს ჰქონდეს არაწევრი სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსი, რაც მას საშუალებას მისცეს, რომ კვლავ აქტიურად იყოს ჩართული ორგანიზაციის აქტივობებში, თუმცა არ ექნება ხმის მიცემის უფლება.

 გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, როგორც აშშ აღნიშნავს, გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის – UNESCO-ს პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებია, რაც, ამავე დროს, არის ისრაელის სახელმწიფოსთან შეუთავსებელი.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2011 წელს, UNESCO-მ პალესტინასთან მოლაპარაკებები წამოიწყო ამ უკანასკნელის წევრობასთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ორგანიზაციის დატოვების მიზანია, რომ UNESCO მოექცეს წნეხის ქვეშ და შეცვალოს საწევრო პოლიტიკა, ისე, რომ ის აშშ-ისა და ისრაელისთვის მისაღები გახდეს.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ აღიარა დასავლეთ სანაპიროზე არსებული კულტურული ძეგლი, როგორც პალესტინის მემკვიდრეობის ნაწილი.

 აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენჯამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას „თამამი“ და „მორალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელის საგარეო ურთიერთობების სამსახურებს უკვე დაევალათ UNESCO-ს დასატოვებლად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. „UNESCO აბსურდული თეატრი გახდა, სადაც ისტორიის დაცვის მაგიერ, ამახინჯებენ მას“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 UNESCO-ს დატოვება ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც უფრო მეტად აშორებს აშშ-ს საერთაშორისო საზოგადოებას. UNESCO-ს  გენერალური მდივნის, იანა ბოკოვას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა და დიდ დანაკარგს წარმოადგენს -არამხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ გაეროსთვისაც, რაც ნიშნავს მულტიკულრუტალიზმისა და თანამშრომლობის დაკარგვასაც.

 UNESCO გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას, მეცნიერების განვითარებასა და კულტურის დაცვას მსოფლიო მასშტაბით. დღეს მასში 195 სახელმწიფოა გაერთიანებული.

 

წყაროები: The Guardian, NBC NEWS

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ცნობილი ქართული სარეკლამო რგოლების ავტორი – ანუკა ბარათაშვილი და მისი შემოქმედება

  გოგონა, რომლის შემოქმედებაც სოციალურ ქსელებში „Anuk Art-ის“ სახელით შეგიძლიათ იხილოთ – ანუკა ბარათაშვილია, ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც განათლება სამხატვრო აკადემიაში მიიღო  და რომლის მიერ შექმნილი ნამუშევრებიც ყოველდღიურად გვხვდება ტელევიზიასა თუ ონლაინსივრცეში. ჩვენ გავესაუბრეთ ნიჭიერ ხელოვანს უკვე არსებული გამოცდილებასა და პროექტების შესახებ.

ანუკა ბარათაშვილი დღესდღეობით საქართველოში და არამხოლოდ, ერთ-ერთი წარმატებული მხატვარ-ილუსტრატორია, როგორც თვითონ აღნიშნავს, ზოგადად, სიყვარული მხატვრობისადმი ხელოვნებათმცოდნე მშობლების პროფესიიდან გამომდინარე გაუჩნდა და მოგვიანებით თვითონაც ამ სფეროს დაუკავშირა საკუთარი მოღვაწეობა.

უკვე არსებული პროექტებიდან ყველაზე მეტად  „Wacom-ი” და „Deviant Art” კომპანიების მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონკურსს ,,Bring your vision to life: Dreams Contest-ს“ გამოარჩევს, რომელშიც პირველი ადგილი დაიმსახურა ნამუშევრით – ,,Dreamland Above Than Cloud“:

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადმოეცემა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი, რისთვისაც შეიქმნა ოფიციალური ანიმაციური ვიდეორგოლი „Georgia Made by Characters/ ანბანით მოთხრობილი საქართველო“და ანუკა ერთ-ერთია იმ ილუსტრატორებს შორის, რომლებმაც იმუშავეს აღნიშნულ პროექტზე.

საყვარელ ნამუშევრებს შორისაა  ასევე „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით შექმნილი ილუსტრაციები „პატარა პრინცისთვის“, თუმცა, მისი ძირითადი საქმიანობა სარეკლამო სფეროს უკავშირდება და მოიცავს, მაგალითად, ,,ნანუკას შოუსთვის” შექნილ სარეკლამო რგოლსა და საქართველოს ბანკისთვის შექმნილი სარეკლამო რგოლებს, რომლებზეც ანუკამ საკუთარ გუნდთან ერთად კომპანია – „Metrograph Studio, JWT Metro-ში“ იმუშავა.

მიუხედავად წარმატებული პროექტებისა, ანუკას საყვარელი ნამუშევრები მაინც პირადად მისთვის შექმნილი ნახატებია, რაზეც გულახდილად გვესაუბრა  – „მხატვრული თვალსაზრისით, უფრო ის ნამუშევრებია ფასეული, რომლებიც შემკვეთის შეზღუდვებისგან არის თავისუფალი და ჩემს სუბიექტურ განცდებს უკავშირდება. ასე მუშაობა განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ეს შედეგზეც აისახება.“ მსგავს ნამუშევრებში ძირითადად ცხოველები ფიგურირებენ, რადგან მათი სიყვარული მხატვარს ბავშვობიდან გამოჰყვა და მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლადაც საკმაოდ აქტიურადაც მუშაობს.

ანუკას ჯერჯერობით აუხდენელი ოცნება სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში ყოფილა ამის მცდელობა, დაფინანსების არარსებობის პირობებში ვეღარ მოხერხა საქმის დასრულება, სამწუხაროდ, იმავე პრობლემას ქართველი მხატვარ-ილუსტრატორები ხშირად აწყდებიან, თუმცა, ცხადია, რომ ხელშეწყობის არსებობის შემთხვევაში საკმაოდ ღირებული ნაწარმის შექმნაა შესაძლებელი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კულტურაფილოსოფიაფრაზები

,,მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც. ადამიანი უკვდავია!” – უილიამ ფოლკნერი

უილიამ ქათბერთ ფოლკნერმა ეს სიტყვა წარმოთქვა 1950 წლის 10 დეკემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ,,ნობელის პრემიის” მიღებისას:

,,ვგრძნობ, რომ ეს პრემია მომანიჭეს არა პირადად მე, როგორც კაცს, არამედ ჩემს შემოქმედებას – მთელი ცხოვრების ნაჭირვებს, სიმწრის ოფლში ტანჯვაგამოვლილ ადამიანურ სულს, ნაწამებს არა სახელისა ან სიმდიდრის მოსახვეჭად, არამედ იმისათვის,რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ამგვარად, ეს ჯილდო მხოლოდ ნდობის გამოცხადებად მიმაჩნია. ძნელი არ იქნება პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამოვიყენო და გავცე მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მე მსურს ეს ზეიმიც, ეს წუთიც ასევე გამოვიყენო, ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად და ხმა მივაწვდინო იმ ახალგაზრდებს, ვისაც ამგვარივე წამებისა და ტანჯვისათვის გაუწირავთ თავი. მათ შორის უკვე მოიპოვება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, სადაც მე ვდგავარ, ამავე ადგილს დაიკავებს.

ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საერთო და ყოვლისმომცველი შიშია, რასაც იმდენი ხანია განვიცდით, რომ ლამის შევეჩვიეთ კიდეც. სულის პრობლემებისათვის ვიღას სცალია. ახლა ერთი კითხვაღა აწუხებს ყველას: როდის გამაცამტვერებენ? ამიტომაცაა, რომ დღეს ახალგაზრდა მწერალს გადაავიწყდა მთავარი პრობლემა – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან,რომლის გარეშე კარგი მწერლობა ვერ იქმნება, რადგანაც მხოლოდ მასზე ღირს წერა, მისთვის ღირს ტანჯვა და ოფლის ღვრა.

ყველაფერი ეს მან თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ბილწზე უბილწესი გრძნობაა; შეიგნოს ესა და სამუდამოდ დაივიწყოს, მაშინ მის სამჭედლოში ადგილი აღარ დარჩება სხვა არაფრისათვის, თუ არა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისათვის: სიყვარული, პატიოსნება, სიბრალული, სიამაყე, თანაგრძნობა, თავგანწირვა, – აი, ის ძველთაძველი უნივერსალური სიმართლენი გულისა, რომელთა გარეშე ყოველგვარი ნაწარმოები განწირულია და არარაობად იქცევა. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ მოეცხება. იგი წერს არა სიყვარულზე, არამედ ავხორცობაზე, დამარცხებაზე, რომელშიაც არავინ კარგავს რაიმე ღირებულს, გამარჯვებაზე, რომელსაც არავითარი იმედი არ მოაქვს და, რაც ყველაზე უფრო სავალალოა, წერს უსიბრალულოდ და უთანაგრძნობოდ. მისი დარდი და მოთქმა ქვეყნის სატირალს არ ტირის, გულში იარასაც ვერ დააჩენს. იგი წერს არა გულზე, არამედ სეკრეციებზე.

მანამ ხელახლა შეიგნებდეს ამას, იგი წერს ისე, თითქოს ადამიანთა შორის იდგეს და კაცობრიობის აღსასრულს შეჰყურებდეს. მე უარვყოფ, არ მწამს კაცობრიობის აღსასრული. სულ ადვილია თქმა, ადამიანი უკვდავიაო, იგი ხომ ყველაფერს იტანს: მზის უკანასკნელად ჩასვენების ჟამს, როდესაც ირგვლივ თანდათან მწუხრი დაისადგურებს, დაშრეტილ ზღვაში უბადრუკად გამოკიდულ უკანასკნელ კლდეზე საბედისწერო განკითხვის ზარების გრგვინვა-გუგუნი რომ მიწყდება, მაშინაც კი რაღაც გაიხმაურებს: ეს – ადამიანი ალუღლუღდება ბოლომდე ჩაუხშობელი მიკნავლებული ხმით. მე ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, კიდეც გაიმარჯვებს. ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ ცოცხალ არსებათა შორის მხოლოდ მას აქვს ბოლომდე ჩაუხშობელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს გული, აქვს სული, სული, რომელსაც შესწევს თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი. სწორედ ამაზე წერაა პოეტის, მწერლის მოვალეობა. მისი საპატიო ვალია მიეშველოს ადამიანს მოთმინება-გამძლეობაში, გაამხნევოს, გული გაუმაგროს, მოაგონოს კვლავაც მამაცობა, პატიოსნება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული,თავგანწირვა, – ყველაფერი ის, რაც ადამიანის წარსულს დიდებით მოსავდა. პოეტმა უბრალოდ კი არ უნდა აღნუსხოს ადამიანის ყოფა, უნდა დაეხმაროს მას, საყრდენ ბოძად, ბურჯად გამოადგეს, შეაძლებინოს ამტანობა და გამარჯვება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24
Page 22 of 24