close

ფსიქოლოგია

ეს საინტერესოაკვლევებისაქართველოფსიქოლოგია

ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებსა და მოზრდილებში

20 იანვარს ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებსა და მოზრდილებში.

ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ კომპიუტერთან გატარებული დრო, როდესაც იქცევა დამოკიდებულებად – ეს უკვე აზიანებს პიროვნების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ინტერნეტდამოკიდებულებას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ დროს ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედების და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს.

ინტერნეტდამოკიდებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის ბავშვი. როგორ ზემოქმედებს ბავშვებზე კომპიუტერი? მშობლები ხშირად საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ და ცდილობენ შეზღუდონ ბავშვის მოზღვავებული აქტივობა, ამისათვის კი იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს. ეკრანთან მჯდომი ბავშვი კი მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. აგზნებული ხდება, მოუსვენარი. ეკრანიდან მოწყვეტის შემდეგ ხშირად ხდება აგრესიული, რადგან დიდხანს დაძაბულმა უძრავი მდგომარეობიდან ერთბაშად გამოსულმა არ იცის რა მოუხერხოს ტონუსში მყოფ სხეულს. ასევე ფერხდება მეტყველების განვითარება, რადგან მეტყველების გასავითარებლად მას სჭირდება ცოცხალი ურთიერთობები ადამიანებთან.

კიდევ ერთი პრობლემა იქმნება წარმოსახვის უნარის და ემოციების განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოსახვა არის ახლის, აღუქმელის თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარი. კომპიუტერთან ჯდომისას კი ბავშვი უკვე მზა „ხილულ ხატებს“ ეჯაჭვება (ზღაპრისგან განსხვავებით). შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერის ხშირი გამოყენება ემოციური სფეროს „დაჩლუნგებას“ იწვევს. კომპიუტერიგან განსხვავებით, რეალურ თამაშს ბავშვი ემოციურად განიცდის, ისე თითქოს ეს მართლაც რეალურია, ავლენს თავის განცდებს, გამოხატავს აზრებს თამაშის დროს და ეს მისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. კომპიუტერთან ფერხდება სხეულებრივი აქტივობა, ხშირია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჭარბწონიანობა, ხერხემლის გამრუდება და სხვა მსგავსი პრობლემები.

რით შეიძლება ჩავანაცვლოთ კომპიუტერი?

  • შევთავაზოთ ალტერნატივა-რეალური თამაში, „მოდი, ერთად ვითამაშოთ“ ისეთი თამაში რომლის წამომწყები თავად იქნება. გარდა იმისა, რომ თამაში დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას, ამ დროს ხდება ბავშვის თვითგანხორციელება და შინაგანი პიროვნული ზრდა.
  • დატვირთვა სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით (სპორტი, ცეკვა და ა.შ)
  • მშობლებთან ერთად გასეირნება;
  • ზღაპრების კითხვა, ერთად მოფიქრება სხვადასხვა ამბის, ისტორიის;
  • ხატვა, ძერწვა, ქვიშით თამაში, ასაწყობებით თამაში და ა.შ

საჭიროა მშობლებმა მეტი დრო დაუთმონ შვილებს, რათა ტექნოლოგიური სიახლეები შვილებისთვის ზიანის მომტანად არ იქცეს.

რაც შეეხება ინტერნეტდამოკიდებულებას მოზრდილებთან, მათთვის სოცქსელები რეალური ურთიერთობის შემცველები ხდებიან, ბევრისათვის ის არარეალიზებული ოცნების ასრულების საშუალებაა. ასევე, მნიშვნელოვანია ანონიმურობის ფენომენი. ეს ყველაზე ფარული სურვილების და მიუღებელი აზრების დემონსტრირების საშუალებას იძლევა. ამ დროს  სოციალური ქსელი ურთიერთობების ძირითადი წყაროა. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული  ეიფორია – ხშირად ინტერნეტის გამო უარს ამბობს  ჭამასა და ძილზე, ეკრანთან მრავალს საათს ატარებს. ხშირ შემთხვევაში, აღენიშნება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება, გაღიზიანება, სოციალური ურთიერთობებისადმი დაკარგული აქვს ინტერესი. რეკომენდებულია ამ დროს ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, საინტერესო საქმიანობის წამოწყება, სპორტი, ვარჯიში, მეგობრებთან ურთიერთობა და სოციალიზაციის სხვა საშუალებები. ეფექტურია გარკვეული ლიმიტის დაწესება სოციალური ქსელში ყოფნის.

და თუკი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამას ადამიანი, რა თქმა უნდა, საჭიროა მიმართოს სპეციალისტს, ფსიქოლოგს.

მასალა მოამზადა: ელენე ჩუგოშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოფსიქოლოგია

,,კეტამინს” სუიციდური ფიქრების გაქარწყლება შეუძლია

ახალი კვლევის თანახმად, ,,კეტამინი” ბევრად უფრო ეფექტურია სუიციდური ფიქრების გაქარწყლებისთვის, ვიდრე ტრადიციული სედატიური საშუალებები.

ამ დასკვნა შეიძლება გახსნას გზები მძიმე დეპრესიით დაავადებულთა ახალი საშუალებებით მკურნალობისთვის.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ საანესთეზიო პრეპარატი შეიძლება ეფექტური ანტიდეპრესანტი იყოს, მაგრამ ეს კვლევა ფოკუსირებული იყო თვითმკვლელობაზე ფიქრზე და პოზიტიური ეფექტი პირველი 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.

ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გუნდის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა, ,,კეტამინს” სუიციდური ტენდენციების სამკურნალო სრულყოფილი და უნივერსალური საშუალება ვუწოდოთ, ის პერსპექტიულ ალტერნატივას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  თანამედროვე მედიკამენტებისგან შედეგი არ აქვთ.

,,ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ,,კეტამინი” შესაძლოა დეპრესიით დაავადებულ პაციენტებში სუიციდზე ფიქრი შეამციროს,” – აცხადებენ მეცნიერები.

,,კეტამინი” — საანესთეზიო კლასის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება, როგორც ანესთეზიის საშუალება მედიცინასა და ვეტერინარიაში. უფრო ხშირად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად და ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ.

ცოტა ხნის წინ ექიმებმა დაიწყეს შესწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა პრეპარატის დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენება მისი დაბალი დოზით მიღებით. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ,,კეტამინმა” პაციენტთა სამ-მეოთხედში განწყობილების გაუმჯობესება გამოიწვია.

ახალი კვლევის ფარგლებში, ,,კეტამინის” დაბალი დოზა გამოიყენეს 80 მოხალისეში, რომლებიც თვითმკვლელობისკენ იყვნენ მიდრეკილები. 24 საათის შემდეგ ,,კეტამინმა” ამ ფიქრების კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ეფექტური გახდა. აღსანიშნავია, რომ ექვსი კვირის შემდეგ ,,კეტამინის” დადებითი ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდა.

არის თუ არა ჩატარებული კვლევა საკმარისი იმისათვის, რომ ექიმებმა ყველას, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ,,კეტამინი” დაუნიშნოს? რა თქმა უნდა, არა.  კვლევაში აღწერილი გვერდითი მოვლენები,  არტერიული წნევის მომატება სისხლში და გარიყულობის გრძნობა, ყურადღებით უნდა იქნას გამოკვლეული.

კვლევა ,,American Journal of Psychiatry”-შია გამოქვეყნებული.

წყარო: sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
საქართველოფსიქოლოგია

აგრესია და ანტისოციალური ქცევა მოზარდებში

17 დეკემბერს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – აგრესია და ანტისოციალური ქცევა მოზარდებში. თემაზე ისაუბრა სალომე ბოსტოღანაშვილმა.

  აგრესია, აგრესიის გამოხატვის სწორი ფორმები, ანტისოციალური ქცევა და  კანონთან დაპირისპირება დღევანდელობის აქტუალური პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილა ის კვლევები თუ ნაშრომები, რომლებიც ასახავს ანტისოციალური ქცევის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებს. ლექციაზე განიხილეს ანტისოციალური ქცევის გამომწვევი რისკფაქტორები, ასევე დამცავი ფაქტორები, რომლებიც თავიდან არიდებს ბავშვსა და მოზარდს უარყოფითი გავლენებისგან.

  აუცილებელია აღინიშნოს ამ ფაქტორების მრავალფეროვნება, არ შეიძლება ვისაუბროთ ანტისოციალური ქცევის გამომწვევ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზეზზე. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც შინაგანი: ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ასევე გარეგანი: ოჯახი, სკოლა და საზოგადოებრივი სფერო.

    მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ფსიქოანალიზის კლასიკურ ჰიპოთეზას ანტისოციალურ ქცევასთან მიმართებით. კანონის, სასჯელის, ბრალის გრძნობის მნიშვნელობასა და ურთიერთკავშირს. მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს ბავშვში მომავალი კრიმინალისთვის დამახასიათებელი სიმპტომატური ქცევის ერთობლიობის აღმოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ანტისოციალურ პირად ფორმირება. სიმპტომების ერთობლიობის შემთხვევაში, აუცილებელია – რეაბილიტაცია, განკურნება.

     საყურადღებოა განწყობის თეორიის ხედვა ამ საკითხის მიმართ, რომლის მიხედვით  გამოსავალი აღზრდის დროს ანტისოციალური ქცევის შესაბამისი სიტუაციური და დისპოზიციური განწყობების აღმოცენების თავიდან აცილებაა. ეს გულისხმობს შესაბამისი განწყობის კომპონენტების, სიტუაციის, ინსტრუმენტული შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებას.

მასალა მოამზადა:  სალომე ბოსტაღანაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

აპათია და მასთან ბრძოლის გზები

 ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან აქტიური ცხოვრების წესს, ენერგიის მიღებასა და გაცემას, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე აპათიის პრობლემის წინაშე. ამაში გასაკვირი არაფერია – მძიმე სტრესი, ცხოვრების ქაოტური ტემპი, მოვლენები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ყველაფერი ერთად გროვდება და იწვევს აპათიასა და დეპრესიას.

ადამიანს, რომელსაც აღენიშნება აპათიის ნიშნები, მას არაფერი არ უნდა, ყველაფრის მიმართ გულგრილია, იმ საქმეები კი, რომელთა გაკეთებას  მცირე დრო სჭირდება, ხშირად მთელი დღე ან რამდენიმე დღე ანდომებს. ასეთი დამოკიდებულების ხანგრძლივი დროით გაგრძელება ძალიან საშიშია, რადგან გარკვეულ სიტუაციებში მათ აქვთ მიდრეკილება სუიციდისკენ, ამიტომ, სანამ მწვავე ფორმას მიიღებს, საჭიროა მისი დროულად დამარცხება. თუ შინაგანად რამის ან ვინმე მიმართ ვგრძნობთ ზიზღს, გვაქვს ცუდი განწყობა, წყენა, იმედგაცრუება პიროვნების ან რაიმე მოვლენის მიმართ, ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რა ხდება ჩვენ შიგნით.

 სულის ტკივილი არის მძიმე სიმპტომი, როცა ადამიანი გარკვეული დროის  მანძილზე გადაბმულად არის ასეთ მდგომარეობაში, ეს იწვევს ფიზიკური დაავადების განვითარებას. სტრესის დროს იმუნიტეტის ეფექტურობა მცირდება. გარდა ამისა, გამუდმებით უარყოფითი განწყობა, რომელიც გამუდმებით გრძელდება ნეგატიური ფიქრებით ხანგრძლივი დროით, ის მაგნიტივით იზიდავს უარყოფით მოვლენებს ცხოვრებაში,უფრო გიჭირთ იყოთ ნაყოფიერი და გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები.

აპათია ხშირად ემართებათ ადამიანებს,რომლებიც მიჩვეულნი არიან მაქსიმუმი მიიღონ ყველა სიტუაციაში. მისი გამომწვევი მიზეზია შესაძლოა იყოს სერიოზული ორგანული დაზიანება ნერვულ სისტემაში. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, ექიმის ჩარევა. დღის ბოლოს აუცილებლად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს თუ რა გვანიჭებს ბედნიერებას, თუმცა აპათიას ხშირად იწვევს კეთილი საქმეების დეფიციტი.

ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ სასარგებლო იყოს სხვებისთვის, ეს შეიძლება ერთგვარი ნიშანი იყოს სულის სხეულის მიმართ, რომ ის მუდმივად  იკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუმცა სხვებისთვის არაფერი სიკეთე არ მოაქვს, ეს ერთგვარი თვითლიკვიდაციის ნიშანივითაა. შეგვიძლია დავიწყოთ მარტივით – გავახაროთ არა მარტო ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები – სრულიად უცნობი ადამიანებიც. გულგრილობა იმ წამსვე ქრება, როცა განვიცდით სხვის ტკივილს, ვეხმარებით მათ და ვხედავთ, რომ ამას შედეგი მოაქვს. როდესაც პოზიტივს გავცემთ და ვიღებთ, ნაკლები შანსია, რომ დაგვემართოს აპათია.

მასალა მოამზადა: თამარ კვერნაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკასამხედროფსიქოლოგია

Unicef-ი: ,,სირიელ დევნილ ბავშვებს უმძიმესი მენტალური პრობლემები აქვთ”

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, სირიელი დევნილი ბავშები მძიმე მენტალურ პრობლემებს ებრძვიან. მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სირიელი დევნილი ბავშვების უმეტესობა მიდრეკილია სუიციდის, თვითდაზიანებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობისაკენ, რაც შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ბავშვების განვითარებისათვის.

კვლევის მიხედვით:

  • სირიელი დევნილი ბავშვების 79%-მა გამოსცადა ოჯახის წევრის ან ოჯახის ახლობლის სიკვდილი;
  • 60%-მა საკუთარი თვალით ნახა სხვა ადამიანის სიკვდილი ან წამება;
  • 25% -ს ყოველდღიურად აქვს კიდურების ტკივილი და 1-ს ყოველ 5 ბავშვში ყოველდღიური თავის ტკივილი.

ერთადერთი დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ, Unicef-ის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისია. ის, საერთო ჯამში, 697 000 ბავშვს და ზრდასრულს ეხმარება სხვადასხვა ფსიქოლოგიური პროგრამით. თუმცა, ორგანიზაციამ დამატებით იმ 812 000 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც  დახმარება სჭირდებათ.

სირიელი ბავშვების 44% დეპრესიის ნიშნებს ავლენს, 45% კი იტანჯება პოსტტრავმული აშლილობით (10-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში). 

ამ აშლილობის გამო, ბავშვებს გამუდმებით აქვთ ომის პერიოდში გამოვლილი სტრესის განმეორებითი შეტევები, ღამის კოშმარები და იზოლაციისაკენ მიდრეკილება, რაც გავლენას ახდენს მათ ძილის ხარისხზე. ბავშვებს აქვთ ხმაურისა და, მაგალითად, თვითმფრინავის დანახვის ფობია. გაზრდილია აგრესიულობისა და სასოწარკვეთის მაჩვენებელი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, განსაკუთრებით რთულია იმ ბავშვის დახმარება, რომელმაც სექსუალური შევიწროვება გამოსცადა, რადგან მათ დაკარგული აქვთ სხვა ადამიანებისადმი ნდობა და ყველასა და ყველაფერს საფრთხედ მიიჩნევენ. ერთ-ერთი ფსიქოლოგი, რომელიც დევნილთა ბანაკში მუშაობს იორდანიაში, აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილების გოგონები ცდილობენ იზოლირებას, უჭირთ ურთიერთობების დამყარება. ნდობის აღდგენა კი მოითხოვს უამრავ ფსიქოლოგიურ სესიასა და ძალისხმევას მცირე შედეგის მისაღწევად.

Unicef-ის ფსიქო-სოციალური პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიელ დევნილებს, თუმცა პროგრამის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. სხვა მრავალი კრიზისის ფონზე, დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარება შესაძლოა ორგანიზაციის დღის წესრიგიდან ამოვარდეს. ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი დაფინანსება, ამიტომაც საჭირო გახდება არჩევნის გაკეთება სხვადასხვა სერვისს შორის.

Unicef-ის განცხადებით, 2018 წელს,  მათ დამატებით ესაჭიროებათ 90 მილიონ ფუნტზე მეტი,  რომ დააფინანსონ ფსიქოლოგიური და სოციალური პროგრამები სირიელი ბავშვებისთვის ეგვიპტეში, იორდანიაში, ერაყში, ლიბიასა და თურქეთში.

წყარო: huffingtonpost

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

მიუსაფარი მოზარდების არასრულფასოვანი ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის რეგრესის წინაპირობა

,,ზოგადი განათლების შესახებ,” საქართველოს კანონის შესაბამისად : ,,ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავიტაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისათვის. დაწყებითი და საბაზისო განათლების მიღება სავალდებულოა.”

აღნიშნული განმარტება, ცალსახად არ მოიაზრებს სოციუმის რომელიმე ჯგუფის კანონის უზენაესობის ფარგლებს გარეთ დარჩენას.

ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არც მიუსაფარ მოზარდთა ჯგუფი უნდა იყოს გამონაკლისი და მათაც უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების მიღების, პიროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ქმნის ბარიერებს, მიუსაფარი მოზარდებისათვის (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მოზარდებისათვის), ფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით. აღნიშნული ბარიერები აიძულებს მათ, თავი სასკოლო ცხოვრებიდან და თანატოლების საზოგადოებიდან გარიყულად იგრძნონ.

მოზარდებზე ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ მიუსაფარ ადამიანთა ასაკობრივ ჯგუფებს შორის მოზარდები 14-18 წელი, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია: მათთვის სახელმწიფოს არ აქვს არანაირი შეთავაზება დასაქმების და სხვა ინტერვენციების კუთხით, საზოგადოების მხრიდან მოდის დიდწილად აგრესია, უკეთეს შემთხვევაში უარყოფა. და ეს კატეგორია განწირულია სტიგმისათვის – ,,პოტენციური კრიმინალები”.

მსოფლიოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი მოქმედებს ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. ადამიანებს, რომლებიც ადრეულად გამოეთიშნენ ფორმალურ განათლებას, მეტი ძალისხმევა სჭირდებათ სამსახურის მოძიებისათვის, სოციალურად მეტად დაუცველები არიან, აღენიშნებათ პროფესიული უნარების განვითარების დეფიციტი, იოლად აღმოჩნდებიან ხოლმე დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრეულნი.

ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა წევრზე. და სანამ სახელმწიფო კეთილ ნებას გამოიჩენს, ჩვენი, საზოგადოების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ეს ბავშვები. და რადგან სხვისი შვილი არ არსებობს, ქუჩიდან თავშესაფრისაკენ მივმართოთ მათი არსებობა, სადაც არა მხოლოდ სუფთა ლოგინი დახვდებათ, არამედ, ძალიან კვალიფიციური და გულისხმიერი უფროსი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით რა არის ბრძოლა არსებობისათვის. ამ თავშესაფრების მამოძრავებელი ძალა იქნება გულწრფელობა და ემპათია, სხვა თუ არაფერი, სიყვარული ამოძრავებს დედამიწას!

მასალა მოამზადა: თამარ კენკებაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ მივიყვანოთ ბავშვი ბაღში და როლი აქვს მას განვითარების პროცესში?

    საბავშვო ბაღს, ბავშვთა განვითარების მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პირველი ეტაპია, როდესაც აღსაზრდელი საზოგადოებაში ხვდება, სწავლობს ურთიერთობებს და, რაც მთავარია, ეჩვევა ახალ გარემოს. ბაღის მთავარი მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ ამ დროს ბავშვები გადიან მომზადების ეტაპს  სკოლისათვის. სადაც მათ მეტად რთული გარემოება დახვდებათ, კერძოდ,  მოუწევთ შეეგუონ და გაუმკლავდნენ კონკურენციას, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები, რათა მათი შრომა დროთა განმავლობაში ნაყოფიერი გახდეს, დასძლიონ არასრულფასოვნების კომპლექსი და ასე შემდეგ.

    ვინაიდან პატარებს უჭირთ მშობლებთან განშორება, ბაღში მისვლა შესაბამისად მოითხოვს მომზადებას. მათთვის ეს დაწესებულება სრულიად ახალი გარემოა და შესაძლოა თავისებური წარმოდგენები გაუჩნდეთ. ამიტომ, რეალობასთან ახლოს რომ იყვნენ, მშობლებმა გარემო წინასწარ უნდა გააცნონ შვილს. მიიყვანონ და დაათვალიერებინონ შენობა, სადაც მათ დღის განმავლობაში მოუწევთ ყოფნა, უამბონ თუ რატომაა აუცილებელი ბაღში სიარული, რაში დაეხმარება მათ და რა სიახლეები ელოდებათ. მისვლამდე დედამ ბავშვში სურვილი უნდა აღძრას, რათა დადებითი ემოიცებით შეაღოს პატარამ ცხოვრების ახალი ეტაპის კარი. მიეცით საშულება აღსაზრდელს თავად შეარჩიოს თუ რას ჩაიცვამს პირველ დღეს და რომელ სათამაშოს წაიღებს. ჰკითხეთ და მოისმინეთ თავიანთი მოსაზრებები. დაანახვეთ, რომ ყოველთვის მზად ხართ გაითვალისწინოთ მათი ინტერესები. წინა პერიოდში კარგი იქნება თუ ახლობელთან დარჩენას მიაჩვევთ, ამით ისინი განშორების სიმძიმეს დაძლევენ და შედარებით გაუადვილდებათ ახალ გარემოში ადაპტაცია.

პირველ დღეებში, მიზანშეწონილია, მშობელი დარჩეს, რათა შვილს დაეხმაროს ჩაერთოს აქტივობებში და დაკავდეს თამაშის პროცესით. როდესაც შეამჩნვეთ, რომ პატარა მონდომებითა და დადებითი მოლოდინებით მიუყვება ბაღის გზას ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში შეძლებს მიეჩვიოს იმ აზრს, რომ მოუწევს დედის გარეშე გარკვეული დროით სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ბავშვისათვის დრო ინდივიდუალურია. ზოგი უფრო ადრე ეჩვევა სიახლეს ზოგი, მაგალითად, ერთ კვრაში. ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, როგორც მშობელი ისევე აღმზრდელი.

     საბავშვო ბაღში პატარებს უვითარდებათ: შემეცნებითი ინტერესი, თამაშისა და სწავლების პროცესში გონებრივი მუშაობის უნარი, უჩნდებათ მეტი ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება ამა თუ იმ საკითხთნ დაკავშირებით, ამასთანავე ისინი იძენენ ავტონომიურობას, რომელიც სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანია. ამიტომ სასურველია ადრეული ასაკიდანვე ბავშვს იგი სრულყოფილად ჩამოუყალიბდეს, რათა შემდგომში პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს და რთულ ამოცანებს მარტივად გაართვას თავი. ბაღში აღმზრდელობითი მიდგომები და პრაქტიკები ბავშვთა ასაკის შესაბამისად უნდა იყოს შემუშავებული. თითოეული აქტივობა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვთა ინდივიდუალობას, რათა არცერთი აღსაზრდელის თავისუფლება ეჭვქვეშ არ დადგეს. განსაკუთრებით მისასალმებელია, როდესაც პატარებს აქვთ შესაძლებლობა ხატონ ან ძერწონ ის, რაც მათ გონებასა და ფანტაზიას მოესურვება. ამით ისინი საკუთარ ნებას გამოხატავენ და თავისუფალნი არიან ინდივიდუალურ სამუშაოში. ნებისმიერ აქტივობაში პედაგოგი ჩართული უნდა იყოს ისევე, როგორც აღსაზრდელები. ეს მათთან ურთიერთობას უფრო იოლს და ნაყოფიერს ხდის. ასევე ამ პრინციპით ისინი მეტად თავისუფლად გრძნობენ თავს. მიუხედავად დიდი შრომისა და მონდომებისა, მეთოდები, რომლებსაც აღმზრდელები იყენებენ, შესაძლოა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდეს ბავშვთათთვის.

   დღესდღეობით, პედაგოგებს ბაღებში უმეტესად  20-30 ბავშვი აბარიათ. ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ერთი ადამიანი დამხმარეს გარეშე  შეძლებს თითოეულს თავისი წილი ყურადღება დაუთმოს. ეს ხომ ფიზიკურად ძნელად მოსახერხებელია. როგორც ვთქვით, ისინი ჯერ კიდევ არაავტონომიურები არიან და შესაბამისად დიდ ყურადღებას საჭიროებენ. განსაკუთრებით იმ შემთვევაში, როდესაც აღსაზრდელი ორი წლისაა. ზოგიერთი მშობელი შვილის ბაღში მიყვანას ამ ასაკიდან ამჯობინებს. უდაოდ კარგია პატარა საზოგადოებას ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ, რომ გაამართლოს ხელსაყრელი პირობებია საჭირო. დიდი როლი ენიჭება თითოეულ ადამიანს, რომელიც ბავშვის აღზრდაში იღებს მონაწილეობას. ეს იქნება ძიძა, პედაგოგი თუ ოჯახის წევრი და სხვა. მაგალითად, სამი წლის ასაკში ბავშვს სჭირდება მოეპყრონ პატივისცემით ისევე, როგორც სხვა ადამიანებს ექცევიან. მომვლელმა პატარას საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სიყვარულით და მეგობრული დამოკიდებულებით უნდა ასწავლოს, რათა თანდათან დამოუკიდებლობას მიაჩვიოს. აღმზრდელს ინდივიდუალური მიდგომებიც მოეთხოვება, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალრიცხოვან ჯგუფებში ნაკლებადაა შესაძლებელი. ნათლად ჩანს, რომ რაოდენობის შემცირება და ჯგუფების დამატება ეფექტურ შედეგს გამოიღებს. თითოეული პატარა თავისებური მგრძნობელობით გამოირჩევა. ამ ასაკში, როდესაც ისინი მომწიფების გზას გადიან ცოტა რამ თუ იციან ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ. შესაძლებელია თანატოლების მიმართ სუბიექტური წყენა გაუჩნდეთ, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს უფროსი ადამიანის მხრიდან. რადგან ამას ჯგუფთან დაპირისპირება მოჰყვება. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს მათ დადებით განწყობაზე. რასაც შესაძლებელია მოჰყვეს კარჩაკეტილობა, აქტივობებზე უარის თქმა და ზოგადად ბაღში ყოფნის სურვილის გაქრობა. ისინი პასიურნი ხდებიან და თავდაცვის მიზნით საკუთარ ,,მე“-ში იკეტებიან. ასეთი ფაქტის წინაშე, რომ არ დადგეს ბავშვი, არც მშობელი და არც პედაგოგი საჭიროა ადრეული დაკვირვებები, რომელიც მხოლოდ მცირე რიცხოვან ჯგუფშია შესაძლებელი.

   ნათელია, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს პიროვნული განვითარების მხრივ საბავშვო ბაღს. ამაში კი მათ ერთმნიშვნელოვნად სჭირდებათ დახმარება უფროსების მხრიდან. პატარასთან მეგობრულ საუბარს და მისი ინტერესების დაკმაყოფილებას შეუძლია ბავშვის ცნობიერება გაზარდოს და ნებისმიერი სიახლისათვის მოამზადოს.

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკასაქართველოფილოსოფიაფსიქოლოგია

მიკროგამომეტყველებები და მათი წაკითხვის ხელოვნება – გიორგი გიორგაშვილი სხეულის ენის შესახებ

 გიორგი გიორგაშვილი ბერკლის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული, წარმატებული ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი, მოტივატორი,  ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ავტორი გახლავთ, რომელმაც რამდენიმე საინტერესო ნაშრომით უკვე დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, მათ შორისაა „მუდრების მაგიური ძალა“ და წიგნი სხეულის ენის შესახებ. ამჯერად ყურადღებას მის ბოლო ნაშრომზე გავამახვილებთ, რომელშიც განხილულია მიკროგამომეტყველების წაკითხვის ხელოვნება და ისტორია.

ფიზიონომია და სახის გამომეტყველებები უძველესი დროიდან იყო ადამიანის შესწავლის ერთ-ერთი ობიექტი. პირველი ფუნდამენტური ნაშრომი ამ სფეროში ჩარლზ დარვინს ეკუთვნის, რომელმაც 1872 წელს დაწერა – „გამომეტყველებების წაკითხვის და ამოცნობის  ზოგადი წესები და მათი მნიშვნელობები ადამიანებსა და ცხოველებში“,  ჩვენთან საუბარში გიორგი აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ დარვინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც წამოაყენა მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ემოციის სახის გამომეტყველება ყველასთვის  უნივერსალური იყო და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იმ დროისათვის ეს მოსაზრება ვერ დამტკიცდა, ამ მიმართულებით  საფუძვლიან მუშაობას დაედო საფუძველი.

ზოგადად, ჩვენი კომუნიკაციის 55% არავერბალურია ანუ სხეულის ჟესტებს, მიმიკებს გულისხმობს, ვერბალური კი მხოლოდ 45%-ი, აქედანაც 38 %-ი ხმის ტონსა და ტემბრს უჭირავს და მხოლოდ 7%-ი სიტყვებს, აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია დავასკვნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხეულის ენას ადამიანის ცხოვრებაში.

დღესდღეობით, სფეროს სპეციალისტები 3 სახის გამომეტყველებას გამოყოფენ, პირველი არის მაკროგამომეტყველება, რომელიც 0.5 წმ-დან 1 წამზე მეტ ხანს გრძელდება, მსგავსი გამომეტყველება, ჩვეულებრივ, სპონტანურია და ამ დროს ადამიანი არ ცდილობს მის შეცვლასა თუ გაყალბებას. გამომეტყველების მეორე სახე მიკროა, რომელიც 1.5 წმ-დან 2.5 წმ-მდე გრძელდება და რომლის შემჩნევაც საკმაოდ რთულია, გაყალბება კი შეუძლებელი, ამ მხრივ, მსახიობებს შედარებით უადვილდებად მათი დასწავლა, რადგან სწორედ მათი მეშვეობითაც ახდენენ გარკვეული პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის დემონსტრირებას. მესამე გამომეტყველება კი ყველაზე ნატიფია, ის ყველაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და თითქმის შეუმჩნეველია, რადგან ასეთ დროს გაცილებით ნაკლებ ინტენსიური რეაგირება ხდება, ვიდრე წინა შემთხვევებში.

გიორგი გიორგაშვილი უკვე 12 წელია თავადაც ამ სფეროს იკვლევს და მის მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებასაც ღიად გვიზიარებს – „მიკროგამომეტყველებების შესწავლა აუმჯობესებს თქვენს ემოციონალურ ინტელექტს და გეხმარებათ საკუთარი თუ სხვა ადამიანების გრძნობების ამოცნობაში. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომელთაც შეუძლაით მიკროგამომეტყველებების წაკითხვა  დადებითად აღიქმებიან უცხო თუ ნაცნობი ადამიანების მიერ, რადგანაც მათი უნარი წაიკითხონ სხვა ადამიანების მიკროგამომეტყველებები, გაცილებით უფრო ემპათიურ-მგრძნობიარე ადამიანებად წარმოაჩენთ“.

 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ხალხში არსებობს 7 უნივერსალური მიკროგამომეტყველება, მათი შესწავლა თავდაპირველად პოლ ეკმანმა დაიწყო, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე და ადამიანებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ მათ სხვადასხვა ემოციების გამოხატვის დროს (ბედნიერება, შიში, მწუხარება და ა.შ) სახეზე ერთნაირი გამომეტყველებები აღებეჭდებოდათ. ეკმანმა ასევე აჩვენა, რომ დაბადებით ბრმა ადამიანები, რომლებიც ვერაფერს ხედავენ  სხვადასხვა ემოციის დროს იმავე მიკროგამომეტყველებებს იღებენ, რასაც ჩვეულებრივ კარგად და გამართულად მხედველი ადამიანები. ამით ნამდვილად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს მიკროგამომეტყველებები უნივერსალურია და მათი სია ასე გამოიყურება: ბედნიერება, მწუხარება, გაკვირვება, შიში, ბრაზი, ზიზღი და უპატივცემლობა (დაცინვა).

1967 წელს, ეკმანმა დაიწყო სიცრუის შესწავლა და სახის მიმიკებით ადამიანების შესწავლა-ამოცნობა. აღსანიშნავია, რომ სერიალი „სიცრუის თეორია“, ძირითადად,  პოლ  ეკმანის კვლევებსა და  შემოქმედებით საქმიანობას ეფუძნება. ეკმანი სწავლობდა პაციენტების კლინიკურ შემთხვევებს, სადაც ისინი იტყუებოდნენ და თავს აჩვენებდნენ, თითქოს სტრესის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ამ პაციენტების უმრავლესობამ მოგვიანებით, როდესაც ზედამხედველობის გარეშე იყვნენ, თავი მოიკლა ან სცადა სუეციდი. მათ ვიდეოჩანაწერებზე დაკვირვებით, შენელებულ კადრებზე, ეკმანმა და ფრიზენმა შეამჩნიეს მიკროგამომეტყველებები, როლებიც ასახავდნენ ძლიერ უარყოფით შეგრძნებებს, რომელთა დამალვასაც ცდილობდნენ პაციენტები, რამაც კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა მათი კვლევები ამ სფეროში.

ადამიანების მსგავსად, ცხოველების სახეზეც აღიბეჭდება განსხვავებული ემოციები. ყველაზე მკაფიო შესამჩნევი ეს ცხენზე, ძაღლზე, კატასა და მაიმუნზეა. მაგალითად,  ადამიანის მსგავსად, როდესაც ცხენს ეშინია, ის თვალებს აფართოებს,  ქუთუთოს ზემოთ ეწევა და თვალის თეთრი ნაწილებიც კი უფრო მკაფიო შესამჩნევი ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მიკროგამომეტყვეკლება შეიძლება სხვა მიკროგამომეტყველებას შეერიოს და სახეზე ორივე აისახოს, ამის შესახებ გიორგი გიორგაშვილი დაწვრილებით წერს თავის წიგნში „მიკროგამომეტყველება და მათი წაკითხვის ხელოვნება“ სადაც დეტალურად არის აღწერილი და ნაჩვენები ეს განსხვავებები თუ მსგავსებები.  ამასთანავე,  წიგნის ავტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ  ზოგჯერ თვითონ მიკროგამომეტყველებას შეუძლია ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე მოახდინოს დადებითი ან პირიქით, უარყოფითი ეფექტი, მაგალითად, გიორგი აღნიშნავს, რომ რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ ბედნიერების მიკროგამომეტყველებებს, მით უფრო ხშირად ვიქნებით ბედნიერები და ა.შ.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინაფსიქოლოგია

ბუნებრივი კვების მნიშვნელობა ბავშვებში – დედის რძის ალტერნატიული პროდუქტი არ არსებობს

 ბავშვის დაბადება მობილიზაციისა და სხვადასხვა საყურადღებო საკითხის შესახებ ოჯახის წევრების ინფორმირებას მოითხოვს.  ერთ-ერთი ასეთი თემა – კვების მნიშვნელობა გახლავთ. მას ბავშვთა ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, სწორი კვება ესაა ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც დაცული უნდა იყოს, რათა პატარა სრულ სიმშვიდეში და ჰარმონიულ გარემოში გრძნობდეს თავს.

   დაბადებისას ბავშვისათვის შეუცვლელი საკვები დედის რძეა. სწორედ, მისი საშუალებით  ადაპტირდება ახალ სამყაროში და იჩენს შემგუებლურობას უცხო გარემოს მიმართ. დედის რძე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ, ასევე ფსიქოსომატური განვითარებისთვისაც.  ბუნებრივი კვების დროს ახალშობილი იღებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინტელექტუალური პროცესების განვითარებას, მხედველობისა და ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ბავშვის ავად გახდომის შემთხვევაში იგი გამოიმუშავებს საჭირო ნივთიერებებს, კერძოდ, რძე დაიტვირთება იმუნური სხეულებით და პატარას დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება. ამასთან ერთად, ლაქტაციის პროცესი ძალზედ ამშვიდებს ბავშვის ფსიქიკას. ემოციურად დედა-შვილი დადებითი გრძნობებით აღივსებიან. რძეს ალტერნატიული საკვები არ აქვს. ის მთავარი, ღირებული პრიორიტეტია ბავშვებისათვის. ამიტომაც განიცდიან მის არმიღებას და ხშირ შემთხვევებში ვერ ეგუებიან სხვა სახის საკვებ დანამატებს. გამოხატავენ თავიანთ უარყოფით განწყობას ხელოვნური საკვებთან დაკავშირებით. დედის რძეს აქვს დამახასიათებელი თვისება, იგი იცვლება ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად. ბუნებრივი კვების შეუცვლელობას ადასტურებს ისიც, რომ ქალის რძის საწოვარადან მიღება ვერ შეედრება ბუნებრივი კვების პროცესის ეფექტურობას. ვინაიდან, ის უფრო მცირე დოზით შეიცავს იმ საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც პატარას ძალზედ ესაჭიროება ეფექტური განვითარებისათვის.  მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ასეთ დროს დედა-შვილის ემოციური ურთიერთქმედება არ ხდება. მოგეხსენებათ, რაოდენ მოუმწიფებელი და სუსტი იბადება ბავშვი. დედის რძე კი დამცავ და ზრდის ფაქტორების სტიმულაციისათვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. რომელიც, სასურველია, პატარამ ერთი წლის განმავლობაში მიიღოს. მისი დანიშნულებაც ესაა, რომ ბავშვის ნორმალურ და სწრაფ ზრდა-განვითარებას შეუწყოს ხელი. მასში უხვადაა ანტისხეულები, რომლებიც ახალშობილის იმუნიტეტს ქმნიან. ნაადრევად ხელოვნური კვების დაწყება, იმ შემთხვევაში თუ უეჭველად არაა ამის აუცილებლობა, არა მარტო მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს, არამედ დედა-შვილის ემოციურ კავშირს წყვეტს. ეს კი, შემდგომ ასაკში ფსიქომოტორული დარღვევების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. რაც გულისხმობს შინაგანი სისტემის დარღვევებს, რაც მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ, ნერვულ ფაქტორებთან. პიროვნების ემოციურობა კი დროის შემდეგ სპეციფიური ხდება.

   როგორც ვიცით,  ხშირად მშობელი დედა იძულებელია სხვადასხვა მიზეზის გამო ბუნებრივი კვება შეცვალოს ხელოვნურით ან, თუნდაც ეტაპობრივად მიაჩვიოს პატარა ხელოვნურ საკვებს. ამ შემთხვევაში, საპირისპირო ფაქტებთან გვაქვს საქმე, მაგალითად,   ბავშვი შედარებით სუსტად უმკლავდება რომელიმე კონკრეტულ დაავადებას, რადგან პროცესი მეტად მძაფრად ვითარდება, ამასთანავე, ალერგიისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამოწვევის ალბათობა უფრო დიდია.  აუცილებელია პედიატრთან კონსულტირება, რადგან საკვების შერჩევა ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობისა და მონაცემების მიხედვით ხდება. ამიტომ მშობელმა საკუთარი ინიტივაციით არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შვილთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური კვება ხელსაყრელი არაა. ამიტომ სასურველია დედამ გარკვეული ზომები შეიმუშაოს, რათა ემოციურად ახლოს იყოს პატარასთან. კარგი იქნება თუ კვების პროცესის დროს საუბარს არ შეწყვეტთ შვილთან და ამ გზით ეცდებით კონტაქტის დამყარებას, კვების დროს მიზანშეწონილია შესვენების გაკეთება, რომლის დროსაც დედა კვლავ განაგრძობს საუბარს. ასევე, კვებისათვის ერთი რომელიმე ადგილის შერჩევაა სასურველი და, რა თქმა უნდა, საკვების ტემპარატურა შესაბამისი უნდა იყოს ბავშვის სხეულის ტემპერატურისა.

    და მაინც, დედის რძის ანალოგი დღემდე არ არსებობს. რადგან მას გავლენა აქვს უშუალოდ ფსიქიკაზე. უზრუველყოფს ბავშვის ქცევის ჩამოყალიბებას და ემოციურ განვითარებას. დედის რძე შეიცავს ნივთიერება- ტაურინს, რომელიც ბავშვის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, სისხლის ცოცხალ უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმში პათოგენურ ბაქტერიებს კლავენ, იპოიდურ ნივთიერებებს- ისინი აუმჯობესებენ ბავშვის ძილს და მრავალ სხვა საჭირო ნივთიერებებს.  ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტების უგულვებელყოფა არ შეიძლება მშობლის მხრიდან. თუ არის შესაძლელობა იმისა, რომ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზე იყოს, ნუ ეცდებით ხელოვნური კვების ნაადრევად დაწყებას. რადგან, ამ შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ ემოციურ კავშირს შვილთან.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

,,მერე გავაკეთებ“ ეფექტი – თანამედროვე ადამიანის სენი

 

 პროკრასტინაცია ანუ „მერე გავაკეთებ“ ეფექტფართოდ არის გავრცელებული, თითქმის ნორმას წარმოადგენს, მაგრამ, რიგ შემთხვევაში, ის შეიძლება ნამდვილ სენად იქცეს – ადამიანი გამუდმებით „ხვალისათვის გადადებს“ ხოლმე აუცილებელ, მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა სერიოზული ხელისშემშლელი მიზეზი არა აქვს. ამასთანავე შფოთავს, რომ არ ასრულებს მას. შესაბამისად, დანიშნული დროისათვის ვერ ასწრებს მის გაკეთებას, ან უხარისხოდ აკეთებს, ხან საერთოდაც უარს ამბობს მის შესრულებაზე.

ამერიკელი ფსიქოლოგის, ბლუნტის კვლევების მიხედვით, სტუდენტთა დროის დაახლოებით მესამედი პროკრასტინაციის ეფექტს მიაქვს; კომპიუტერული თამაშებისა და ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების პირობებში, პროკრასტინაციის ეფექტით მოცული ადამიანების რიცხვი გამუდმებით იზრდება, შესაბამისად, იზრდება ფუჭად დახარჯული დროის მოცულობაც.

 ვერტენბროხმა პროკრასტინაციის ეფექტი დროითი ზღვრის დაწესების პირობებში შეისწავლა. მან ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები სამ ჯგუფად დაყო და სამი კვირის განმავლობაში სამი ნაშრომის დაწერა დაავალა. პირველ ჯგუფს სამივე ნაშრომი ბოლო დღეს უნდა ჩაებარებინა, მეორე ჯგუფს თავად შეეძლო ვადების განსაზღვრა, ხოლო მესამე ჯგუფს კვირაში ერთი ნაშრომი უნდა ჩაებარებინა. შედეგად, სამუშაო ყველაზე კარგად – მესამე ჯგუფის, ხოლო ყველაზე ცუდად პირველი ჯგუფის წევრებმა შეასრულეს.

 მიდგომა „მერე გავაკეთებ“ უბიძგებს ადამიანს, ამჟამინდელი, წუთიერი სიამოვნება ამჯობინოს გასაკეთებელ საქმეს, ისევე როგორც „დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს“. ამ ფენომენის შესასწავლად უოლტერ მიშელმა ჩაატარა ექსპერიმენტი 650 ბავშვზე. ის სამი-ექვსი წლის ბავშვებს სთავაზობდა კანფეტს, ამასთანავე, აცნობდა პირობას – თუ 15 წუთი კანფეტის ჭამისაგან თავს შეიკავებდნენ, დამატებით კიდევ ერთ კანფეტს მიიღებდნენ. ბავშვების 70%-მა თავი ვერ შეიკავა და კანფეტი დროზე ადრე შეჭამა. 15 წლის შემდეგ მიშელმა შეისწავლა ამ ბავშვების ცხოვრება; აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ექსპერიმენტში ცდუნებას გაუძლო, საშუალოდ სხვებზე მნიშვნელოვნად მეტი ქულა მიიღეს მისაღებ გამოცდებში. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მათ სხვებზე უკეთეს კარიერულ წარმატებას მიაღწიეს. პროკრასტინაციის ეფექტს ფსიქოლოგთა ნაწილი ინდივიდის შფოთვას უკავშირებს – პროკრასტინაციისაკენ მეტადაა მიდრეკილი ისეთი ადამიანი, ვინც ხშირად არის სტრესულ მდგომარეობაში, ვისაც უფრო მეტად აქვს მომავლის შიში და ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. მეორე მიდგომის თანახმად, ძირითადი მიზეზი დაბალი მოტივაციაა. მეცნიერთა მესამე ჯგუფი ევოლუციონისტურ თეორიას ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ პროკრასტინაცია ქცევის გამართლებული ფორმა იყო ადამიანის განვითარების პროცესში, იმ ადრეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობდა და გადარჩენის პროცესში „დღევანდელი კვერცხის არჩევანი“ უმეტესად ამართლებდა. ქცევის ეს ფორმა ინერციით მოყვება ადამიანს, არაცნობიერად განსაზღვრავს მის ქცევას და მხოლოდ ახლა, ტექნოლოგიურ ეპოქაში, გამოვლინდა მისი ნაკლოვანება. სტივენ ქოვიმ ჩამოაყალიბა პროკრასტინაციის დაძლევის ე. წ. დროის მართვის ფრანკლინის მეთოდი. ამ მეთოდის თანახმად, დროის სწორად მართვისათვის საჭიროა საქმეების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა. საქმის პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება ორი კრიტერიუმის – მნიშვნელოვანისა და სასწრაფოს – კომბინაციის გამოყენებით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 20
Page 12 of 20