close

ფსიქოლოგია

ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინაფსიქოლოგია

ბუნებრივი კვების მნიშვნელობა ბავშვებში – დედის რძის ალტერნატიული პროდუქტი არ არსებობს

 ბავშვის დაბადება მობილიზაციისა და სხვადასხვა საყურადღებო საკითხის შესახებ ოჯახის წევრების ინფორმირებას მოითხოვს.  ერთ-ერთი ასეთი თემა – კვების მნიშვნელობა გახლავთ. მას ბავშვთა ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, სწორი კვება ესაა ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც დაცული უნდა იყოს, რათა პატარა სრულ სიმშვიდეში და ჰარმონიულ გარემოში გრძნობდეს თავს.

   დაბადებისას ბავშვისათვის შეუცვლელი საკვები დედის რძეა. სწორედ, მისი საშუალებით  ადაპტირდება ახალ სამყაროში და იჩენს შემგუებლურობას უცხო გარემოს მიმართ. დედის რძე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ, ასევე ფსიქოსომატური განვითარებისთვისაც.  ბუნებრივი კვების დროს ახალშობილი იღებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინტელექტუალური პროცესების განვითარებას, მხედველობისა და ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ბავშვის ავად გახდომის შემთხვევაში იგი გამოიმუშავებს საჭირო ნივთიერებებს, კერძოდ, რძე დაიტვირთება იმუნური სხეულებით და პატარას დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება. ამასთან ერთად, ლაქტაციის პროცესი ძალზედ ამშვიდებს ბავშვის ფსიქიკას. ემოციურად დედა-შვილი დადებითი გრძნობებით აღივსებიან. რძეს ალტერნატიული საკვები არ აქვს. ის მთავარი, ღირებული პრიორიტეტია ბავშვებისათვის. ამიტომაც განიცდიან მის არმიღებას და ხშირ შემთხვევებში ვერ ეგუებიან სხვა სახის საკვებ დანამატებს. გამოხატავენ თავიანთ უარყოფით განწყობას ხელოვნური საკვებთან დაკავშირებით. დედის რძეს აქვს დამახასიათებელი თვისება, იგი იცვლება ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად. ბუნებრივი კვების შეუცვლელობას ადასტურებს ისიც, რომ ქალის რძის საწოვარადან მიღება ვერ შეედრება ბუნებრივი კვების პროცესის ეფექტურობას. ვინაიდან, ის უფრო მცირე დოზით შეიცავს იმ საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც პატარას ძალზედ ესაჭიროება ეფექტური განვითარებისათვის.  მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ასეთ დროს დედა-შვილის ემოციური ურთიერთქმედება არ ხდება. მოგეხსენებათ, რაოდენ მოუმწიფებელი და სუსტი იბადება ბავშვი. დედის რძე კი დამცავ და ზრდის ფაქტორების სტიმულაციისათვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. რომელიც, სასურველია, პატარამ ერთი წლის განმავლობაში მიიღოს. მისი დანიშნულებაც ესაა, რომ ბავშვის ნორმალურ და სწრაფ ზრდა-განვითარებას შეუწყოს ხელი. მასში უხვადაა ანტისხეულები, რომლებიც ახალშობილის იმუნიტეტს ქმნიან. ნაადრევად ხელოვნური კვების დაწყება, იმ შემთხვევაში თუ უეჭველად არაა ამის აუცილებლობა, არა მარტო მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს, არამედ დედა-შვილის ემოციურ კავშირს წყვეტს. ეს კი, შემდგომ ასაკში ფსიქომოტორული დარღვევების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. რაც გულისხმობს შინაგანი სისტემის დარღვევებს, რაც მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ, ნერვულ ფაქტორებთან. პიროვნების ემოციურობა კი დროის შემდეგ სპეციფიური ხდება.

   როგორც ვიცით,  ხშირად მშობელი დედა იძულებელია სხვადასხვა მიზეზის გამო ბუნებრივი კვება შეცვალოს ხელოვნურით ან, თუნდაც ეტაპობრივად მიაჩვიოს პატარა ხელოვნურ საკვებს. ამ შემთხვევაში, საპირისპირო ფაქტებთან გვაქვს საქმე, მაგალითად,   ბავშვი შედარებით სუსტად უმკლავდება რომელიმე კონკრეტულ დაავადებას, რადგან პროცესი მეტად მძაფრად ვითარდება, ამასთანავე, ალერგიისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამოწვევის ალბათობა უფრო დიდია.  აუცილებელია პედიატრთან კონსულტირება, რადგან საკვების შერჩევა ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობისა და მონაცემების მიხედვით ხდება. ამიტომ მშობელმა საკუთარი ინიტივაციით არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შვილთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური კვება ხელსაყრელი არაა. ამიტომ სასურველია დედამ გარკვეული ზომები შეიმუშაოს, რათა ემოციურად ახლოს იყოს პატარასთან. კარგი იქნება თუ კვების პროცესის დროს საუბარს არ შეწყვეტთ შვილთან და ამ გზით ეცდებით კონტაქტის დამყარებას, კვების დროს მიზანშეწონილია შესვენების გაკეთება, რომლის დროსაც დედა კვლავ განაგრძობს საუბარს. ასევე, კვებისათვის ერთი რომელიმე ადგილის შერჩევაა სასურველი და, რა თქმა უნდა, საკვების ტემპარატურა შესაბამისი უნდა იყოს ბავშვის სხეულის ტემპერატურისა.

    და მაინც, დედის რძის ანალოგი დღემდე არ არსებობს. რადგან მას გავლენა აქვს უშუალოდ ფსიქიკაზე. უზრუველყოფს ბავშვის ქცევის ჩამოყალიბებას და ემოციურ განვითარებას. დედის რძე შეიცავს ნივთიერება- ტაურინს, რომელიც ბავშვის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, სისხლის ცოცხალ უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმში პათოგენურ ბაქტერიებს კლავენ, იპოიდურ ნივთიერებებს- ისინი აუმჯობესებენ ბავშვის ძილს და მრავალ სხვა საჭირო ნივთიერებებს.  ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტების უგულვებელყოფა არ შეიძლება მშობლის მხრიდან. თუ არის შესაძლელობა იმისა, რომ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზე იყოს, ნუ ეცდებით ხელოვნური კვების ნაადრევად დაწყებას. რადგან, ამ შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ ემოციურ კავშირს შვილთან.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

,,მერე გავაკეთებ“ ეფექტი – თანამედროვე ადამიანის სენი

 

 პროკრასტინაცია ანუ „მერე გავაკეთებ“ ეფექტფართოდ არის გავრცელებული, თითქმის ნორმას წარმოადგენს, მაგრამ, რიგ შემთხვევაში, ის შეიძლება ნამდვილ სენად იქცეს – ადამიანი გამუდმებით „ხვალისათვის გადადებს“ ხოლმე აუცილებელ, მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა სერიოზული ხელისშემშლელი მიზეზი არა აქვს. ამასთანავე შფოთავს, რომ არ ასრულებს მას. შესაბამისად, დანიშნული დროისათვის ვერ ასწრებს მის გაკეთებას, ან უხარისხოდ აკეთებს, ხან საერთოდაც უარს ამბობს მის შესრულებაზე.

ამერიკელი ფსიქოლოგის, ბლუნტის კვლევების მიხედვით, სტუდენტთა დროის დაახლოებით მესამედი პროკრასტინაციის ეფექტს მიაქვს; კომპიუტერული თამაშებისა და ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების პირობებში, პროკრასტინაციის ეფექტით მოცული ადამიანების რიცხვი გამუდმებით იზრდება, შესაბამისად, იზრდება ფუჭად დახარჯული დროის მოცულობაც.

 ვერტენბროხმა პროკრასტინაციის ეფექტი დროითი ზღვრის დაწესების პირობებში შეისწავლა. მან ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები სამ ჯგუფად დაყო და სამი კვირის განმავლობაში სამი ნაშრომის დაწერა დაავალა. პირველ ჯგუფს სამივე ნაშრომი ბოლო დღეს უნდა ჩაებარებინა, მეორე ჯგუფს თავად შეეძლო ვადების განსაზღვრა, ხოლო მესამე ჯგუფს კვირაში ერთი ნაშრომი უნდა ჩაებარებინა. შედეგად, სამუშაო ყველაზე კარგად – მესამე ჯგუფის, ხოლო ყველაზე ცუდად პირველი ჯგუფის წევრებმა შეასრულეს.

 მიდგომა „მერე გავაკეთებ“ უბიძგებს ადამიანს, ამჟამინდელი, წუთიერი სიამოვნება ამჯობინოს გასაკეთებელ საქმეს, ისევე როგორც „დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს“. ამ ფენომენის შესასწავლად უოლტერ მიშელმა ჩაატარა ექსპერიმენტი 650 ბავშვზე. ის სამი-ექვსი წლის ბავშვებს სთავაზობდა კანფეტს, ამასთანავე, აცნობდა პირობას – თუ 15 წუთი კანფეტის ჭამისაგან თავს შეიკავებდნენ, დამატებით კიდევ ერთ კანფეტს მიიღებდნენ. ბავშვების 70%-მა თავი ვერ შეიკავა და კანფეტი დროზე ადრე შეჭამა. 15 წლის შემდეგ მიშელმა შეისწავლა ამ ბავშვების ცხოვრება; აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ექსპერიმენტში ცდუნებას გაუძლო, საშუალოდ სხვებზე მნიშვნელოვნად მეტი ქულა მიიღეს მისაღებ გამოცდებში. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მათ სხვებზე უკეთეს კარიერულ წარმატებას მიაღწიეს. პროკრასტინაციის ეფექტს ფსიქოლოგთა ნაწილი ინდივიდის შფოთვას უკავშირებს – პროკრასტინაციისაკენ მეტადაა მიდრეკილი ისეთი ადამიანი, ვინც ხშირად არის სტრესულ მდგომარეობაში, ვისაც უფრო მეტად აქვს მომავლის შიში და ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. მეორე მიდგომის თანახმად, ძირითადი მიზეზი დაბალი მოტივაციაა. მეცნიერთა მესამე ჯგუფი ევოლუციონისტურ თეორიას ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ პროკრასტინაცია ქცევის გამართლებული ფორმა იყო ადამიანის განვითარების პროცესში, იმ ადრეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობდა და გადარჩენის პროცესში „დღევანდელი კვერცხის არჩევანი“ უმეტესად ამართლებდა. ქცევის ეს ფორმა ინერციით მოყვება ადამიანს, არაცნობიერად განსაზღვრავს მის ქცევას და მხოლოდ ახლა, ტექნოლოგიურ ეპოქაში, გამოვლინდა მისი ნაკლოვანება. სტივენ ქოვიმ ჩამოაყალიბა პროკრასტინაციის დაძლევის ე. წ. დროის მართვის ფრანკლინის მეთოდი. ამ მეთოდის თანახმად, დროის სწორად მართვისათვის საჭიროა საქმეების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა. საქმის პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება ორი კრიტერიუმის – მნიშვნელოვანისა და სასწრაფოს – კომბინაციის გამოყენებით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

დახმარების, როგორც ქვევის ახსნა ფსიქოლოგიაში

ალტრუიზმი არის ადამიანის მოხალისეობრივი სურვილი, დაეხმაროს სხვას ჯილდოს მოლოდინის გარეშე; პროსოციალური ქცევა კი – ბევრად ფართო ტერმინია და მოიცავს ნებისმიერ დახმარებას მოტივაციის მიუხედავად.
ევოლუციურ-ბიოლოგიური მიდგომის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სხვისი დახმარების ტენდეციას
შეიძლება დიდი ღირებულება ჰქონდეს არა უშუალოდ ამ ქცევის განმახორციელებელი ინდივიდისათვის, არამედ მისი სახეობის, შთამომავლობის გადარჩენისთვის. დახმარების ქცევა, როგორც გადარჩენისთვის ღირებული, ნებისმიერი სხვა, გენეტიკურად განსაზღვრული მახასიათებელი, შთამომავლობას გადაეცემა.
ევოლუციურ-ბიოლოგიური მიდგომის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სოციალური ფაქტორები ბიოლოგიურზე უფრო მეტადგანსაზღვრავს ადამიანის პროსოციალურ ქცევებს. დონალდ კემბელის მიხედვით, გენეტიკის საფუძველზე შეიძლება ავხსნათ ისეთი პროსოციალური ქცევა, როგორიცაა მშობლის შვილისადმი მზრუნველობა, მაგრამ ის ვერ ხსნის გასაჭირში მყოფი უცნობის დახმარების შემთხვევებს.

სოციო-კულტურული მიდგომის წარმომადგენელთა მიხედვით, ამისი ახსნა შესაძლებელია „სოციალური
ევოლუციით“; ადამიანთა საზოგადოებამ თანდათან და შერჩევით შეიძინა ისეთი უნარები და წარმოდგენები, რომლებიც ჯგუფების კეთილდღეობას უწყობს ხელს. რადგან პროსოციალურ ქცევას სოციუმისათვის მოაქვს სარგებელი, ის სოციალური წესებისა და ნორმების ნაწილი გახდა.
ადამიანების საზოგადოებაში სამი ძირითადი სოციალური ნორმაა დამკვიდრებული. პირველი, სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა, გულისხმობს იმის დახმარებას, ვინც ჩვენზეა დამოკიდებული. მეორეა მიგების ნორმა, რომლის მიხედვით, ვეხმარებით მას, ვინც ჩვენ გვეხმარება. მესამე, სოციალური სამართლიანობის ნორმა, გულისხმობს რესურსების სამართლიანად განაწილებას.
შესაძლოა, სწორედ სამართლიანი სიტუაციის შექმნის სურვილით არის განპირობებული „ნაკლებად იღბლიანების“ დახმარება. ეს სამი ნორმა ქმნის პროსოციალური ქცევის კულტურულ საფუძველს. სოციალიზაციის პროცესში ადამიანები სწავლობენ ამ წესებს და მათი გათვალისწინებით იქცევიან.
მესამე მიდგომა – დასწავლის თეორია – ხაზს უსვამს დახმარების დასწავლის მნიშვნელობას. კვლევები ნათლად
გვიჩვენებს, რომ მიბაძვასა და განმტკიცებას დიდი გავლენა აქვს პროსოციალური ქცევის ჩამოყალიბებაზე. ბავშვის პროსოციალური ქცევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარედან მიღებულ ჯილდოსა და სოციალურ მოწონებაზე. დროთა განმავლობაში, ადამიანს უვითარდება სხვისი დახმარების ჩვევა და ის სწავლობს წესებს, თუ ვის და როდის უნდა დაეხმაროს. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ითავისებს, იშინაგნებს სხვისი დახმარების ქცევას, როგორც ღირებულებას, და ის აღარ არის დამოკიდებული გარეგან
წახალისებაზე; მისთვის საკმარისია იმის გაცნობიერება, რომ კეთილი საქმე გააკეთა.
ხანდახან დახმარების საჭიროება აშკარაა, განსაკუთრებით – ექსტრემალურ სიტუაციებში. ამ დროს დახმარება, როგორც წესი, სპონტანური და ნაჩქარევია. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, დახმარების გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული პროცესის შედეგია.
დახმარების გადაწყვეტილების მიდგომის მიხედვით, ადამიანი ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, დაეხმაროს სხვას და შემდეგ ახორციელებს შესაბამის ქცევას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა შენიშნოს, რომ რაღაც ხდება და გადაწყვიტოს, რომ საჭიროადახმარება. ამის შემდეგ ის განიხილავს, თუ რამდენად არის მისი პირადი პასუხისმგებლობა დახმარების გაწევა. შემდეგ ის აფასებს იმ „დანაკარგსა“ და „სარგებელს“, რაც დახმარების გაწევას, თუ არგაწევას, შეიძლება მოყვეს.

დაბოლოს, ადამიანმა უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევაა საჭირო და როგორ უნდა განახორციელოს ის.
კიდევ ერთი მიდგომის, ატრიბუციის თეორიის თანახმად, ადამიანი დახმარების გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, იმსახურებს თუ არა რთულ სიტუაციაში მყოფი ინდივიდი დახმარებას. როგორც წესი, მეტ თანადგომას იჩენენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პრობლემურ სიტუაციაში თავისდაუნებურად, შემთხვევით ხვდებიან, ხოლო გულგრილობას იჩენენ მათ მიმართ, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელნი შექმნილ ვითარებაზე.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

თამაში ბავშვთა ფსიქოლოგიის ჭრილში

  თამაში ძალზედ დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარების საფეხურებზე. ის ხელს უწყობს მოტორულ და კოგნიტურ განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ პატარა არსება ინტენსიურად იცვლება და მისი შესაძლებლობები უფრო და უფრო მაშტაბური ხდება. როდესაც ვსაუბრობთ თამაშზე და განვიხილავთ მას ბავშვთა ფსიქოლოოგის ჭრილში, ბუნებრივია, უნდა შევეხოთ ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს. ზრდასრული ადამიანი ურთიერთისაგან კარგად არჩევს ნამდვილსა და არანამდვილს. ბავშვი კი გარკვეულ ასაკობრივ პერიოდში ამ ორს შორის სხვადასხვაობას ვერ განიცდის. მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, ბავშვური სინამდილე აქვთ. მაგალითად, პატარების თამაშის პროცესის  დაკვირვებისას შევნიშნავთ, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის სათამაშო საგანს. თოჯინას უვლის ისე, თითქოს,  მართლაც სულიერი არსება იყოს. ამის მიუხედავად იცის, რომ ეს ასე არაა, მაგრამ თამაშის თავისებურებაც ეს გახლავთ, რომ  ერთდროულად იგი ფანტაზიით მოცული რელობაცაა და ასევე – სინამდვილეც. ამრიგად, მათთვის რეალობა და თამაშის სინამდვილე ერთნაირად აღიქმება.

ორი წლიდან ბავშვი ვირტუალურ ანუ თამაშის სამყაროში ცხოვრობს. ეს მათი ადრეული ასაკის ძირითადი ნაწილია. ისინი ირგვლივ მდებარე საგნებს ობიექტურად  ვერ აღიქვამენ. მათ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი სუბიექტური წარმოდგენები აქვთ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით ნათლადაა გამოკვეთილი თამაშის დროს. მათ შეუძლიათ ყველაფერს სუბიექტური ახსნა მოუძებნონ, ან ერთი კონკრეტული საგანი სასურველ სათამაშოდ გადააქციონ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარებია ჩართული. პატარებს მოსწონთ თამაში, ვინაიდან ყველაფერი მათ ნებაყოფლობაზეა დამოკიდებული. თავს თავისუფლად გრძნობენ, რადგან თავად ადგენენ წესებსა და პრინციპებს. თამაში ცვლის სინამდვილეს და ისინი ქმნიან სუბიექტურ რეალობას, სადაც მუდმივად ერთი რაღაცის სხვა რამედ გადაქცევაა შესაძლებელი.

ბავშვი თავის სისუსტეს და უნარჩვევების ნაკლებობას ყოველთვის განიცდის. მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც ამას ოჯახის წევრები ახერხებენ, უმეტესად დამოუკიდებლად ვერ იკმაყოფილებენ სურვილებს. ამაში ზრდასრული ადამიანის ჩართულობა ეხმარებათ. იმას, რასაც სინამდვილეში ვერ ანხორციელებენ თამაშის პროცესში გადააქვთ და სწორედ ამ გზით ცდილობენ დაიკმაყოფილონ მისწრაფებები და სურვილები. მაგალითად, მათ არ გამოუვათ და, ამასთანავე, უფროსები არც ნებას მისცემენ იმისას, რომ სამზარეულოში რაიმე აქტივობა დამოუკიდებლად მოიმოქმედონ. ვინაიდან ეს გარკვეული პერიოდი შეუძლებელია, ისინი იყენებენ სათამაშო მოწყობილობებს, რომლის მსგავსებსაც დედა მოიხმარს.  იგივე კონტექსტი შეგვიძლია მოვარგოთ სხვა გასართობ თამაშებსაც. ე.ი. ბავშვი იმ მოქმედებას მიმართავს, რომელიც ზრდასრული ადამანის სერიოზულ საქმიანობად მიიჩნევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მეთოდის დახმარებით მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. იმას, რასაც დღევანდელ დღეს ფანტაზიისა და წარმოსახვის დახმარებით ასრულებენ წლების შემდეგ რეალურად განახორციელებენ.

   მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ საკითხში. დედ-მამა ბავშვთან თამაშის დროს აუცილებლად უნდა გამოჰყოფდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარები ამის დეფიციტს განიცდიან. შესაძლოა ამაზე სულაც არ გამოთქვან პრეტენზია, მაგრამ მათ მდგომარეობას ესაჭიროება მშობლების გვერდში დგომა. აღმზრდელისა და აღსაზრდელის თამაშის პროცესის დროს ინფორმაციები იცვლება. მათი ემოციური მდგომარეობისათვის ეს პროცესი დადებითად მოქმედებს.  აღსანიშნავია ის, რომ აღმზრდელი არ უნდა შეიჭრას ბავშვის სურვილებში, არამედ ის უნდა მიჰყვეს პატარის მიერ შედგენილ წესებს, მხარი დაუჭიროს და მასთან ერთად განიცადოს ესა თუ ის არარეალური მდგომარეობა. კომუნიკაციისთვის ეს ერთ-ერთი ხელსაყრელი მეთოდია. მშობელს შეუძლია გამოიცნოს შვილს რისი დანაკლისი აქვს ან რისკენ მიისწრაფვის. ამ პროცესში ეს ყველაფერი იოლად ჩანს, მთავარია დაკვირვება და ზრდასდრული ინფორმირებული იქნება მცირე წლოვანის სულიერი მდგომარეობის შესახებ. უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს თამაშის დროს მუდმივად გამოხატული ნეგატივი, აგრესია და სხვა უარყოფითი ქმედებები თუ ემოციები. ამის შეფასება, ისე, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა არაა მიზანშეწონილი. რადგან აგრესიით ბავშვის ფსიქიკა იტვირთება და პოზიტივის ადგილი აღარ რჩება. სასურველია მშობელმა შეუმჩნევლად გამოიკვლიოს აგრესიის ჩამოყალიბების მიზეზი ან, თუნდაც მიმართოს სპეციალისტს და აღმოფხვრას მოცემული პრობლემა.

როგორც ცნობილია, ადრეული ასაკი მომზადებაა შემდგომი, სოციალური ცხოვრებისათვის. თამაშის გავლენა აქაც შესამჩნევია. მაგალითად, ზოგიერთი პატარა უპირატესობას მარტო თამაშს ანიჭებს და უარს ამბობს გუნდურ აქტივობაზე. როდესაც ეს მდგომარეობა უცვლელია და მუდმივად იზოლაციას ამჯობინებს ბავშვი, მაშინ მშობელმა უნდა იფიქროს მის სამომავლო ცხოვრებაზე და დაეხმაროს შვილს ამ პრობლემის გადალახვაში. არც ამგვარი ფაქტი უნდა დარჩეს აღმზრდელის მხრიდან უგულვებელყოფილი, რათა შემდგომი განვითარების ბარიერი აღსაზრდელმა იოლად დასძლიოს.

ამრიგად, ჩვენთვის ნათელია თამაშის არსი, მისი მნიშვნელობა ბავშვთა განვითარების მიხედვით და ამ პროცესში დედ-მამის ჩართულობის აუცილებლობა. დაუთმეთ დრო პატარებთან ურთიერთობას. ეს არა მხოლოდ ემოციური კავშირის დახმარებაში დაგეხმარებათ, არამედ შეგიქმნით წარმოდგენას  ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის სურვილებსა თუ მოთხოვნილებებზე.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკაფსიქოლოგია

რატომ ვერ უახლოვდება ადამიანი სულიერების უმაღლეს საფეხურებს?

 ყოველი ადამიანი, რომელიც უნიკალური ქმნილებაა, მიწიერ ქმნილებათა შორის გარკვეულ სულიერ მდგომარეობას განიცდის. თვალი უხილავის დანახვას ვერ შეძლებს, მაგრამ ადამიანს  ძალუძს  შეიგრძნოს და იზრუნოს იმაზე, რაც მისი მაცოცხლებელი ძალაა.  ხორციელი სხეული მარად ატარებს, რაღაც უმაღლესს, მარადისობასავით ამოუცნობსა და ბრწყინვალეს, რომელსაც სული ჰქვია.

სულიერება – ეს კავშირია ამაღლებულ სამყაროსთან, რომელთანაც სიახლოვე ამოუწურავი შინაგანი სიხარულითა და ენერგიით გვასაჩუქრებს. ენერგია კი ისეთი ძალაა, რომლის გარეშე არ იქნებოდა სამყარო, რომლის ნაწილი თითოეული ჩვენგანი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, შეგვიძლია, მივუახლოვდეთ არამეტერიალურს- გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც გამოწვეულ იქნება არა საგნებით არამედ ჩვენივე შინაგანი მდგომარეობით. რატომ ჩანს ეს ასე რთულად და მიუწვდომლად? რატომ ვერ უახლოვდება ადამიანი სულიერების უმაღლესს საფეხურებს?

დღევანდელი რეალობა სხვაგვარია. ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალი ხშირად ჩვენდაუნებურად მატერიალისტური საკითხებისაკენ სისწრაფით მიგვაქანებს და სულიერება განზე გვრჩება. ადამიანი უსასრულო წვრილმანებში იძირება და არ უხმობს მასთან ციურ სხივებს, რაც მხოლოდ ართულებს მის მდგომარეობას. სიმშვიდე ქრება და უსახელო გუნება-განწყობილება იპყრობს მას. მაინც რაები მოიაზრება ციურ სხივებად? – თვისებები. მათ ხომ უდიდესი გავლენა აქვთ ჩვენს ადამიანურ ყოფაზე. სულს კვებავს  სიყვარული, სიკეთე და გამძლეობა. ის მხოლოდ მაშინაა მშვიდად, როდესაც ყოველივე ეს გააზრებული, გულითა და გონებით განმტკიცებული გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს, მადლიერებასა და იმედს არ დავკარგავთ სულიერ ამაღლებას და უხილავ ძალას ვიგრძნობთ, რომელიც თითქოს ნაზად ჩაგვჩურჩულებს: ,,ეს ხომ დროებითია და ერთ დღესაც გაივლის?!“. ამის შემდეგ, სიხარული მოდის  და ვხვდებით, თუ რაოდენ ბევრი რამ დაფარული, მაგრამ არსებულია. უმეტეს შემთხვევებში კი რა ხდება?  ადამიანი სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, რწმენას დაკარგავს, ხელს ჩაიქნევს და უიღბლობაზე იწყებს ფიქრს. რწმენის არდაკარგვა სულს ახარებს, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს. რის წყალობითაც, სირთულეს აღარ უშინდება, არამედ ამტანობით და გონიერებით ცდილობს შეხვდეს განსაცდელს. შეიძლება კარი ჩაკეტილი იყოს, თუმცა რწმენის წყალობით ფანჯარა აუცილებლად გაიღება, საიდანაც იმედის სხივი გაანათებს ოთახს.

ადამიანი, აღჭურვილი ტექნიკითა და კომფორტისათვის საჭირო პირობებით, თავს სასოწარკვეთილად და უიმედოd გრძნობს. ერთი შეხედვით, მის ხელთ ბევრი აუცილებელი რამაა, რაც სიმშვიდეს მოუტანდა, მაგრამ მისი მდგომარეობა სულ სხვაგვარია. ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობისა და განსხვავების შექმნა შეუძლია ადამიანთა რწმენის ნაირგვარობას. ზოგი სულის აყვავებისათვის ირჯება, ზოგი კი ხორციელი სიამოვნებების დაკმაყოფილებისაკენ ისწრაფვის, რომლითაც ტკბობა მცირე ხანს გრძელდება. ადამიანი კი მთავარი საზრდოს გარეშე რჩება.

შინაგანი მდგომარეობის სრულყოფილებისათვის ადამიანს შეუპოვარი და დიდხნიანი ბრძოლა უწევს. იოლი როდია უარი თქვა მაცდურ სურვილებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნება რასმე გადაწყვეტს, თუმცა მის შესასრულებლად ნებისყოფა არ ჰყოფნის. ამიტომ, უმალვე ცდილობს გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს და ახლით ჩაანაცვლოს იგი. ეს ნებელობის სისუსტეა, რომელსაც განმტკიცება სჭირდება. რადგან სულიერი აყვავებისათვის ადამიანმა მავნე ჩვევებზე უარი უნდა თქვას და სასიკეთო არჩევანი გააკეთოს საკუთარი თავისათვის. უპატიოსნო ადამიანი საქმეში და ურთიერთობებში საბოლოოდ ფიასკოს განიცდის. ტყუილი და ყალბი ენერგია ისევ და ისევ იმას აზარალებს, ვინც ამ გზით რაიმეს მოპოვებას ცდილობს.

 

 

მასალა მოამზადა:  მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში?

    კაცობრიობა ჩაფლულია წუხილის მორევში. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი იტანჯება წარსულის ტრამვით, ყოველდღიური წვრილმანებით, ეკონომიკური მდგომარეობითა და სხვა მრავალი პრობლემით. ამ ყველაფერს ემატება მომავალზე წუხილი და უიმედობის განცდა, ეს კი აწმყოს გვართმევს და თანდათან ჩვენი შინაგანი ძალებიც სუსტდება. ამის გამო, ინდივიდი სრულ ქაოსში იმყოფება და  ბურუსიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ცხოვრება ტანჯვად ეჩვენება და მისი მარცხის მთავარი მიზეზიც ესაა.

თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება არახელსაყრელი იყოს, მაგრამ ასეთად არ დარჩება, თუ გადაწყვეტთ, რომ დაუყოვნებლივ გჭირდებათ ცვლილებები. იმის გაცნობიერება, რომ შეგწევთ ძალა თქვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისა, წარმატების პირველი ნაბიჯია. ადამიანი თვითონ არის თავისი ბედნიერებისა და უბედურების მჭედელი. უსამართლობაა ყველაფერი გარესამყაროს დავაბრალოთ, რადგან წარუმატებლობა ჩვენ შიგნით მწიფდება. მოვლენების საწყისი – აზრია, რომლის ხილული გამოვლინება ისაა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი აზრები თუ მოტივაციას გვიქმნის დასახულ მიზანს მივაღწევთ, ხოლო თუ პასიურობისაკენ გვიბიძგებს – ვერასოდეს გავიმარჯვებთ. ამ ყველაფრის გაკონტროლება შესაძლებელია, მთავარია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის ფიქრების შედეგი მისი დღევანდელი ცხოვრებაა.

 პიროვნებას, რომლის გონებაშიც ყველაფერი ტრაგიკულად აღიქმება, სამყაროც ასეთი წარმოუდგენია. ადამიანის ცხოვრებისეული პირობები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან მის შინაგან მდგომარეობასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარეპირობებმა შეიძლება სრულფასოვნად გახსნან მისი ხასიათი. მაგრამ  გარემოებები ძალიან ახლოს არიან დაკავშირებულნი მენტალურ პროცესებთან. აზრებმა, რომლებიც ხასიათის ნაწილად იქცნენ, პიროვნების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩამოაყალიბეს. ადამიანი ცხოვრებისეული წნეხის ქვეშ იქამდე  რჩება, სანამ სჯერა, რომ ყველაფერს შემთხვევითობა ან გარემოებები განაპირობებს. ასეთი განწყობა, ფაქტობრივად, გამორიცხავს მიზნისაკენ სწრაფვას და ინდივიდი აღარ იყენებს ძალებს ცოხვრების გასაუმჯობესებლად. ამასობაში უამრავ ნეგატიურ საკითხებზე იწყებს ფიქრს და წარმოსახვის უნარსაც მოიხმარს, შემდეგ კი, მისი წარმოდგენილი სურათები ცოცხლდება და ერთ დღესაც მის პირისპირ აღმოჩნდება. ზოგი ამას ინტუიიცითა და ბედისწერით ხსნის. გამორიცხავენ იმას, რომ თავად გამოიწვიეს უსიამოვნებები ნეგატიურზე ფიქრით. ცხოვრების ამ წესს მიჩვეულნი  მუდმივ დაძაბულობაში  იმყოფებიან. თავიანთი აკვიატებული იდეებით კი კვლავ უარყოფით მოვლენებს ეჯახებიან.

 სამწუხაროდ, ვერც ასეთი ნათელი მაგალითი ვერ არწმუნებს ადამიანს, რომ ბრალეულობა მხოლოდ მასშია. გარე პირობების ცვლილება დამოკიდებულია გონებრივ ცვლილებებზე. თუ პიროვნება აზროვნების ჭეშმარიტ ძალას დაინახავს, ის მაშინვე დაიწყებს ნეგატიური ფიქრების ტრანსფორმაციას. ამაზე მთელი რწმენითა და ენერგეტიკით მუშაობა ყველაფერს სასიკეთოდ წარმართავს. ცხოვრების სტილის კორექცია მიმართული უნდა იყოს წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებისაკენ. ეს არ გულისხმობს სიძნელის არარსებობას. ცხოვრების ბილიკებზე ხშირად მივადგებით რთულ ამოცანებს, საჭიროა, სათანადო ძალები გამოვიმუშავოთ, რათა გადავლახოთ ისინი და მოვიპოვოთ ცოდნა გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბედნიერების შეგრძნება შესაძლებელია ყოველ წუთს ერთი უბრალო პრინციპით – იყო მადლიერი ყველაფრით, რაც გვაქვს. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, ოჯახი, კარიერა, მატერიალური მდგომარეობა და მრავალი სხვა. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ისეთი რამ, რაც მას სიმშვიდეს მოგვრის. დაფიქრდით საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ აქამდე არ იცოდით თქვენი ტალანტის შესახებ, აღმოაჩინეთ ის და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

ყოველდღიურობის დინამიკის გამო ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევთ. ნეგატიური ინფორმაციის მოზღვავება, აღქმა და მისი გადამუშავება დიდ ენერგიას გვართმევს. ხშირად ამის გამო დრო აღარ გვრჩება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრისათვის, როგორიცაა, ჩვენი შინაგანი სამყარო. მართალია, საკუთარი თავის შეცნობა რთული ფენომენია, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. არცერთ სულიერს არ შესწევს იმის ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინოს სამყაროს კანონებზე. განაახლოს ან შეცვალოს იგი, არამედ ადამიანს შეუძლია მისი აღმოჩენა და გაგება. მან თავისი არსებობა უნდა მიუსადაგოს მარადიულ კანონზომიერებებს. მხოლოდ ამ გზით მოიპოვებს იგი სულიერ სიმშვიდეს. ინდივიდუუმი ამ ფაქტს ვერ შეცვლის, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს საკუთარი ჩვევები, რომლებიც ხელს უშლის მის განვითარებას, როგორც მენტალურად ასევე მატერიალურად. ჩვევისა და მიზიდულობის კანონის მუშაობის უგულვებელყოფა კაცობრიობის ტანჯვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩვევის ბუნების თავისებურება ასეთია – დროთა განმავლობაში იგი გაუცნობიერებელი ხდება და მისი მოქმედებაც სუბიექტის ძალისხმევის გარეშე მეორდება. მიუხედავად ადამიანის სურვილისა, ჩვევა შესაძლოა მთლიანად დაეუფლოს მას.  მაგალითად, თუ სიზარმაცე დაიპყრობს ხასიათს და უმოქმედობას მიაჩვევს ინდივიდს, სავარაუდოდ, ის ვერასოდეს შეძლებს ბატონობას საკუთარ თავზე. მისი სურვილები ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ჩვევით შეპყრობილი ადამიანი პასიურია… ის ვერ მიუახლოვდება მიზანს, რადგან შინაგანი ძალები დასუსტებულია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ვერ ახერხებს პრიორიტეტების სწორად დალაგებას. რადგან მისი სხეული მუდმივად უმოქმედობას ირჩევს.

სიჯიუტე – ასევე აფერხებს ადამიანის განწყობას. სუბიექტს შესაძლოა ჰქონდეს რაღაც სურვილი, მაგრამ უმნიშვნელო საბაბის გამო, იგი შეიძლება დათრგუნოს მისმა აზრებმა.  ეს მავნე  ჩვევები ადამიანს მუდმივად აყოვნებს და ხელს უშლის ბედნიერებაში. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ დააზარალებს ადამიანს ისე, როგორც მისი შინაგანი იმპულსები. ვინაიდან ყველა  ემორჩილება საკუთარ კარგსა თუ ცუდ ჩვევებს. გამოსავალი ისაა, რომ ინდივიდმა ეს ჭეშმარიტება დაინახოს და მყისიერად დაიწყოს საკუთარ თავთან მუშაობა. როდესაც რაღაც ფაქტორები ხელს გვიშლიან მიზნის მიღწევაში, იწყება ფრუსტრაცია და ადამიანი უკიდურესად დათრგუნულია. ამას შეიძლება მოჰყვეს აგრესიის განვითარება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს სუბიექტს.

  არსებობს აზრები, რომლებიც ადამიანს ამონებენ. როდესაც ის კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს და წინასწარ არწმუნებს თავს, რომ არ გაუმართლებს და ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება დიდი ალბათობით, სწორედ ასე მოხდება. მიზიდულობის კანონი არ არჩევს ცუდსა და კარგ ფიქრებს. მისი მუშაობის მექანიზმი ორივე შემთხვევაში ერთნაირია. მაშინ, როდესაც ინდივიდი ამხნევებს საკუთარ თავს და უწინასწარმეტყველებს წარმატებას, რა თქმა უნდა, ერთ დღესაც დასახულ მიზანს მიაღწევს. ასე, რომ უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და აზრებისაგან.  პირველ ეტაპზე ისინი საკუთარ თავში ყალიბდებიან და შემდეგ ხელს გვიშლიან იმაში, რომ სრულფასოვნად ვიცხოვროთ.

მოსახლეობა ყოველდღიურად იტანჯება დაავადებებით. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში, ინდივიდუუმი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ფიზიკურ მიზეზებს არ აქვთ კავშირი დაავადებებთან. არამედ ყურადღება მინდა გავამახვილო ფიქრების ძალასა და ეფექტურობაზე. ადამიანის, ნეგატიური განწყობა  აისახება მის ჯანმრთელობაზე. ისევე, როგორც, სხვა დანარჩენ სიტუაციებში, ამ დროსაც, დიდი წვლილი ენიჭება ფიქრებსა და წარმოდგენილ სურათებს. პათოფობიით არაერთი ადამიანია შეპყრობილი. მათ მუდმივად აქვთ ავად გახდომის შიში. ამგვარ მდგომარეობაში ისინი თავიანთ ორგანიზმს ამზადებენ პრობლემისათვის და იზიდავენ შეუძლოდ ყოფნას. მათი ასეთი აკვიატება ხშირად რელობად იქცევა და ადამიანი მართლაც ავადდება წინასწარ ნაფიქრი დაავადებით. იგივე შეიძლება ითქვას თანატოტროპიზმზე, რომლის დროსაც ინდივიდს აჩემებული აქვს, რომ რომელიმე კონკრეტული  სნეულებით მოკვდება. ავადმყოფური გონება გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე ავადმყოფი სხეულის ქონა. თუ ადამიანი გონებრივად საღად აზროვნებს დიდია იმის ალბათობა, რომ თავისი ჯანმრთელობის პრობლემა დაძლიოს და განიკურნოს. ფიქრებისა და განწყობის დახმარებით შეუძლებელი არაფერია. იმის მრავალჯერ წარმოდგენა, თუ, როგორ დგება ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი და გადაადგილდება, თავის შედეგს გამოიღებს. ოპტიმისტური განწყობა ყოველთვის შეცვლის ცუდს კარგით. რწმენისა და აზრების მნიშვნელობას ადასტურებს პლაცებოს ეფექტიც. რომლის დროსაც პაციენტი ყოველგვარი სამკურნალო ნივთიერებების გარეშე იკურნება. მთავარი წამალი რწმენაა. სუბიექტს სწამს, რომ  კონკრეტული პრეპარატით გამოჯანმრთელდება. რომელიც მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს მედიკამენტს და შემადგენლობაში არანაირი წამლის შემცველი ნივთიერება არ ურევია.

ადამიანი საკუთარი აზრების ერთობლიობაა. ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ფიქრების უშუალო შედეგია.  თქვენი ფიქრები თქვენსავე ცხოვრებას უკეთესობისაკენ წარმართავს და ასევე გამოიწვევს რეგრესს. გააჩნია, თქვენ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. მომავალი თქვენს ხელშია. შეინარჩუნეთ ამაღლებული განწყობა და ნუ მიაყენებთ ზიანს თქვენს ყოველდღიურობას, ხასიათსა და ჯანმრთელობას. გაანალიზეთ, რა გიშლით ხელს მშვიდად ყოფნაში. ტანჯვის დამარცხება იწყება მიზეზთა გაცნობიერებით, ამას მოჰყვება სრული დაძლევა. რასაც ბუდამ კარმის მიზეზშედეგრობრივი კავშირის დანგრევა უწოდა.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაფსიქოლოგია

ფანტაზიის წარმოშობა და მისი სიმბოლური მნიშვნელობები

პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთობაში სრულიად თავისებური ადგილი უჭირავს ფანტაზიას. ფანტაზია ისეთი წარმოდგენაა, რომელიც არ ასახავს რეალურად არსებულს. ფანტაზიის ხატი – ,,ფანტაზმა” შეიცავს
აღქმაში მოცემულ ელემენტებს, მაგრამ მათი კომბინაცია ისეთია, როგორიც აღქმაში არასოდეს ყოფილა მოცემული; წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოგონება, მეხსიერების წარმოდგენა იქნებოდა.

განცდის თვალსაზრისით, ფანტაზიასა და მეხსიერების წარმოდგენას შორის განსხვავება არაა, ისევე, როგორც ილუზიური აღქმა სუბიექტისთვის მის უშუალო მოცემულობაში არაფრით განსხვავდება ჭეშმარიტი აღქმისაგან. თუ განცდის ფსიქოლოგიის ფარგლებში, რომელიც განცდათა აღწერას არ სცილდება, სადავო შეიძლება იყოს ფანტაზიის ცალკე გამოყოფა სხვაგვარი წარმოდგენებისაგან, პერსონალისტური ფსიქოლოგიისთვის სრულიად უდავოა, რომ ფანტაზია პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთობის ცნობიერი ასახვის განსაკუთრებული სფეროა. ფანტაზიის ასეთი გაგება ნაკლებად მისაღებია იმ მკვლევართათვის, რომლებიც ცნობიერების დანიშნულებას ობიექტური სამყაროს მაქსიმალური ადეკვატურობით ასახვაში ხედავენ. პერსონალისტური ფსიქოლოგიისთვის ცნობიერების ცნება ბევრად უფრო ფართოა და ამიტომ ფანტაზიაც მისთვის არ არის მხოლოდ სავალალო ფაქტი და მეტი არაფერი.

II ფანტაზიის შესწავლა პერსონალისტურ ფსიქოლოგიაში ორ კითხვას შეიცავს. პირველია ფანტაზიის წარმოშობის საკითხი ანუ როგორაა შესაძლებელი, ადამიანს ჰქონდეს ობიექტური სამყაროს შეუსატყვისი წარმოდგენათა სამყარო. მეორეა ფანტაზიის პერსონული აზრის საკითხი ანუ რას ნიშნავს თვით პერსონისთვის ცნობიერების ეს არაობიექტური სამყარო.
III ფანტაზიის სამყარო წარმოადგენს პიროვნების ერთგვარ გაფართოებასა და გარესამყაროსაგან თავშესაფარს, რაც შეიძლება ზოგჯერ საზიანოც იყოს მისთვის. ფანტაზიაში მჟღავნდება და სრულდება პიროვნების ოცნება, მისი სურვილები, რომელთა განხორციელება ობიექტური სინამდვილის სამყაროში შეუძლებელია. ფანტაზიის სამყარო რეალური სამყაროს მაგივრობას სწევს იქ, სადაც რეალური სამყარო პიროვნების ამგვარი სურვილების განხორციელებისთვის შესაფერის ნიადაგს არ ქმნის.
IV ფანტაზიაში მხოლოდ ცნობიერი სურვილი არ ხორციელდება; პიროვნების სურვილები და მოთხოვნილებები ცნობიერებაზე უფრო ღრმად მდებარე ფენებიდანაც მომდინარეობს. როდესაც სურვილი ცნობიერია, მაშინ ფანტაზია ოცნების სახეს მიიღებს. მაგრამ თუ ის არ არის გაცნობიერებული, ფანტაზიის ხატი შეიძლება მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყოს და თავისთავად არაფერს ამბობდეს პიროვნების სურვილის შესახებ.
V ფსიქოანალიზმა საფუძვლიანად შეისწავლა ფანტაზიათა სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მხრივ, მისი დამსახურება ფსიქოლოგიის წინაშე უდიდესია. მაგრამ ამ სკოლის ნაკლი ის იყო, რომ მან ფანტაზმაში მხოლოდ
სიმბოლური მნიშვნელობა დაინახა და ის პიროვნების ღრმა ფენებიდან ერთი, სახელდობრ, სექსუალობის სფეროს ინტერპრეტაციისთვის გამოიყენა.
სინამდვილეში, ფანტაზია შეიძლება სულაც არ იყოს სიმბოლური ხასიათის. მეორე მხრივ კი, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება პიროვნების სიღრმის სხვადასხვა სფეროზე მიუთითებდეს, რადგან პიროვნება რთული
მთლიანობაა და არა მარტივი. მიუღებელია თვალსაზრისი ერთმნიშვნელოვანი სიმბოლიკის შესახებ, რომლის თანახმად ერთი და იმავე ხასიათის ფანტაზმა ყოველთვის და ყველა პიროვნებაში ერთსა და იმავეს
ნიშნავს.
VI ამრიგად, ფანტაზია ერთგვარად უარყოფს ობიექტურ სინამდვილეს, სამაგიეროდ, ის ქმნის თავისებურ, სუბიექტურ სამყაროს. შეიძლება გვეფიქრა, რომ პიროვნება ან ობიექტურ სამყაროში ცხოვრობს, ან
სუბიექტურში. მაგრამ ყველაზე უფრო სუბიექტური სახეც კი ფანტაზიისა – სიზმარი – არ არის სრულიად თავისუფალი ობიექტური სამყაროს ზეგავლენისაგან: ხშირად ის განპირობებულია ძილის დროს მიღებული
გრძნობადი გამღიზიანებლებით, ან წარსულში სიფხიზლეში მიღებული შთაბეჭდილებით.
VII ფანტაზიის მოქმედების კიდევ ერთ სარბიელს თამაში წარმოადგენს. თამაშის სახეობათაგან საგულისხმოა ე. წ. ფანტაზიის თამაში. მასში ფანტაზია სცილდება პიროვნების შიდასამყაროს და ობიექტურ სამყაროში გაიჭრება. ობიექტური სამყარო აუცილებელი ხდება მისი მოქმედებისათვის; ფანტაზია აქ წარმოდგენათა თამაშით კი აღარ კმაყოფილდება, როგორც სიზმარსა და ოცნებაში, არამედ მოქმედებს გარესამყაროში. თამაშის ეს სახეობა ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხვდება. ზრდადასრულებული ადამიანი ასეთ თამაშს ნაკლებად მიმართავს. მას ეძლევა ფანტაზიის ობიექტივაციის სხვა შესაძლებლობაც; ეს არის შემოქმედება, რომელიც ფანტაზიის ობიექტივაციის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველოფსიქოლოგია

ახდენს თუ არა ასაკი რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენას? – კვლევის შედეგები

13 ოქტომბერს  დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა პრეზენტაცია კვლევისა – ახდენს თუ არა ასაკი რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენას.

რეკლამის სისტემატური კვლევა დაიწყო XIX საუკუნიდან (Jaspert, 1983; Maloney, 1994). მისი განვითარებას მთავარ პუნქტებს წარმოადგენს XX საუკუნეში მასობრივი წარმოების პროდუქტების გამოჩენა, რომლის წარმატებით გაყიდვას ასევე მასობრივი რეკლამის არსებობა სჭირდებოდა და, ასევე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები – რადიო, ტელევიზია, კინო.

კვლევის აღწერა

H0 ჰიპოთეზის თანახმად – ასაკი გავლენას არ ახდენს რეკლამის მიმართ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე.

H1 ჰიპოთეზის თანახმად – ასაკი გავლენას  ახდენს რეკლამის მიმართ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე.

კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, არის თუ არა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რეკლამის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები, აქვს თუ არა ასაკს გავლენა რეკლამის მიმართ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე.  ამის გასაგებად, გამოყენებულ იქნა  10 დებულებიანი კითხვარი – დიახ, არა და ვეთანხმები, არ ვეთანხმები პასუხებით, რომელიც ზომავდა რესპონდენტის დამოკიდებულებას რეკლამის მიმართ – დადებითი ან უარყოფითი.

2.1  კვლევის პროცედურა

რესპონდენტების ნაწილს სოციალური ქსელის დამხარებით ეგზავნებოდათ კითხვარის ელექტრონული ვერსია, ნაწილს კი პირადად დავურიგე კითხვარები, რომელიც საკმაოდ მარტივი დებულებებისგან შედგებოდა და საშუალოდ 5 -7 წუთში ავსებდნენ რესპონდენტები. ყველაზე ასაკოვანი რესპონდენტი იყო 60 წლის.

თავი 3. შედეგების ანალიზი

მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი მოხდა SPSS-ის საშუალებით. გამოვიყენე შემდეგი ოპერაციები – სიხშირეები ზოგადი ტენდენციის გამოსავლენად; Anova –განსხვავება 5-კატეგორიან ასაკებს შორის რეკლამისადმი დამოკიდებულების მიმართებით იყო თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი; recode-ის გამოყენებით 5-კატეგორიანი ასაკები დავიყვანე 2 დიდ კატეგორიად – ახალგაზრდები 18-35წ. და გვიანი მოზრდილები 36წ და ზემოთ და chi-square-ის გამოყენებით, შევამოწმე ამ ასაკებსა და რეკლამისადმი დამოკიდებულებას შორის თუ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება.

23მა რესპონდენტმა (76,70%) გამოავლინა უარყოფითმა დამოკიდებულება რეკლამის მიმართ; ხოლო 7მა (23,30%) დადებითი დამოკიდებულება.

  1. ანოვა – იმის დასადგენად, არის თუ არა 5ასაკობრივ კატეგორიაში მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაში.

ანოვამ აჩვენა, რომ არც 5-კატეგორიან ასაკობრივ ჯგუფებს შორის არ გვაქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაში (სიგ.0,068).

  1. chi-square – 2 კატეგორიად დაყოფილ ასაკებს შორის (18-35 და 36 -ზემოთ) დამოკიდებულებებში არის თუ არა განსხვავება.

რეკლამის მიმართ დამოკიდებულებას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა.
დადასტურდა H0 ჰიპოთეზა; უარიყო H1.
chi-square (1, N=30) = 0,03, P<0,86

დასკვნა

 ალტერნატიული ჰიპოთეზა არ გამართლდა. ასაკი გავლენას არ ახდენს რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაზე, ვინაიდან არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, არც 5-კატეგორიან და არც 2-კატეგორიან ასაკობრივ ჯგუფებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ტენდენციაზე, რომელ ასაკობრივი ჯგუფია დადებითად განწყობილი რეკლამის მიმართ და რომელი უარყოფითი. დადასტურდა ნულოვანი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ასაკი გავლენას არ ახდენს იმაზე, რესპონდენტს რეკლამის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ექნება თუ უარყოფითი. ასაკობრივ ჯგუფებში განსხვავებები არ გამოვლინდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მცირე რაოდენობის შერჩევაა და უფრო დიდი ზომის შერჩევის შემთხვევაში სხვა შედეგები მივიღოთ.

კვლევის სუსტი მხარეები:

  • მცირე რაოდენობის რესპონდენტი თითოეულ ჯგუფში (6 ადამიანის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ ტენდენციებზე);
  • ასევე სქესთა შორის არათანაბარი გადანაწილება; – 40% მამაკაცი, 60% ქალი.
  • კითხვების ვალიდურობის საკითხი – რამდენად ზომავს მოცემული დებულებები რეკლამის მიმართ რესპონდენტთა დამოკიდებულებას.
  • შედეგების გენერალიზება – აღნიშნული კვლევის განზოგადებას ვერ მოვახდენთ ზემოთ ჩამოთვლილი ნაკლოვანებების გამო.

 

სტატია მოამზადა: ნინო თოფურიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიფსიქოლოგია

რა ხდება ტვინში, როცა გული „ტყდება“

 ყველამ, ვინც ოდესმე მიუტოვებიათ, კარგად იცის, რომ ეს ისეთი გრძნობაა, თითქოს ვიღაცამ გულში მუშტი ჩაგარტყა, გრძნობა, რომელიც გაგიჟებს და ტკივილი, რომელიც „ექსთან“ 15 წუთში 28 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გაშვებინებს, ზოგჯერ სამსახურზეც კი უარს გათქევინებს, ვინაიდან „ყველაფერმა აზრი დაკარგა“.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ასეთი ქცევის მიზეზი თქვენში არაა, არამედ არსებობს რეალური სამეცნიერო მიზეზი, თუ რატომ აკეთებს ასეთ საშინელ არჩევანს დაშორების შემდეგ. „დამნაშავე“ ის ჰორმონებია, რომლებიც ამ ემოციურ დროს თქვენში წარმოიქმნება. რამდენად ირონიულადაც უნდა აღიქმებოდეს, ეს ის ჰორმონებია, რომლებიც ბედნიერებას გაგრძნობინებთ მაშინ, როცა გიყვარდებათ.

მაშ ასე: როგორ ცვლის ცხოვრების სიყვარულის დაკარგვა ტვინის ქიმიურ შემადგენლობა? ფუნქციონალურმა MRIსკანირებამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების თავის ტვინში, რომლებიც ცოტა ხნის წინ მიატოვეს, ტვინის ის რეგიონი, რომელიც ფიზიკურ ტკივილს არეგისტრირებს, ჩვეულებრივზე მეტად აქტიურია.

ეს იწვევს სტრესის ჰორმონების – კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფას, რასაც ყველა სახის ფიზიკურ სიმპტომებამდე მივყავართ, როგორიცაა გულისრევა, სუნთქვის გაძნელება და გულის კუნთის შესუსტება, რასაც ექიმები ტაკოცუბოს კარდიომიოპათიას უწოდებენ და ის ზოგჯერ ფატალურიცაა.

მაგრამ მოდი, ტვინს დავუბრუნდეთ, ვინაიდან სტრესის ჰორმონები ერთადერთი არაა, რაც ჩვენს სისტემაში წარმოიქმნება. 2010 წელს მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს: ახლად მიტოვებულ ქალებსა და მამაკაცებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) უღებდნენ და „ყოფილების“ ფოტოების აჩვენებდნენ. სკანირებამ აჩვენა, რომ მათი ტვინები ძალიან ჰგავდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ტვინებს, რომლებიც კოკაინზე უარის თქმას ცდილობენ. ეს იმიტომ, რომ სიყვარული ტვინში „ჯილდოს“ ნეირონებს ააქტიურებს, ეს კი ბედნიერების ჰორმონის- დოპამინის გამოყოფას იწვევს.

თუმცა, დოპამინი ტვინში „კიდევ უფრო მეტის“ სურვილს აჩენს. შეყვარებულ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ის მეწყვილის გარეშე არასდროს უნდა იყოს, ხოლო როცა მას მიატოვებენ, ტვინი დიდ დარტყმას ღებულობს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ბუნებრივი სელექციის შედეგად ადამიანის ტვინს აქვს მექანიზმი, რომელიც ცხოვრების მშფოთვარე პერიოდის გადალახვას შესაძლებელს ხდის.  „ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ ადამიანები უკეთ ხდებიან, ტკივილი დროსთან ერთად გაივლის და გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება,“ – აცხადებენ მეცნიერები.

სოციალური მხარდაჭერა ისევე კურნავს ტკივილს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი და პრობლემის შესახებ საუბარი კიდევ უფრო აჩქარებს მის გადატანას.

ასე რომ, ნუ შეშინდებით, თუ გული გატკინეს და იმ პერიოდში, როცა „ჭრილობას“ იშუშებთ, ზედმეტად მგრძნობიარეები, განერვიულებულები და აღელვებულები ხართ – რას იზამთ, ბიოლოგიას ვერ შეებრძოლებით!

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

შიზოფრენიის განვითარების რისკის 80 პროცენტი გენეტიკურია

ახალი კვლევის მიხედვით, შიზოფრენიის განვითარების რისკის თითქმის 80 პროცენტი გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული.

დასკვნების თანახმად,   მემკვიდრეობით მიღებული გენი იმაზე ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ადრე მიიჩნევდნენ და ამის აღმოჩენა დაბადებამდეა შესაძლებელი.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, ეს ფაქტი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ფსიქიკური დაავადების აღმოცენებამდე განადგურდეს.

დაავადების სიმპტომები: პანიკა, რისხვა, დეპრესია, ჰალუცინაციები და ილუზიები დაავადებულებსა და მათ ოჯახებზე მძიმე შედეგებს ახდენს.

კვლევამ, რომელშიც 60,000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დაავადების 79 პროცენტი გენეტიკური ფაქტორებითაა გამოწვეული.

სტატისტიკის თანახმად, შიზოფრენიით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტია დაავადებული. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადებულთა ნახევარს (დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს) სათანადო მურნალობა არ უტარდება. ისინიც კი, ვინც მკურნალობს, სათანადო მედიკამენტებს დაავადების დასაწყისშივე არ ღებულობენ, ამ მხრივ მნიშვნელვანი მიღწევა მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში შეიმჩნევა.

მკურნალობა ამჟამად მიმართულია დაავადების ერთი კონკრეტული სიმპტომის – ფსიქოზის მიმართ.

ახალი კვლევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან შეიცავს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა ჩანასახშივეა შესაძლებელი.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 20
Page 13 of 20