close

ფსიქოლოგია

ბიზნესიფსიქოლოგია

ჟესტები და მათი ახსნა

გვერდზე დახრილი თავი – გამოთქმულის მიმართ ინტერესის გამოხატვა. თუ თქვენი საუბრისას მსმენელი თავს გვერდზე ხრის, ნიკაპით ხელს ეყრდნობა და მთლიანი სხეულით ოდნავ წინ გადმოიწევს, ესე იგი, თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისთვის საინტერესოა. ანალოგიურად, თუ გსურთ, ადამიანი დადებითად განაწყოთ თქვენ მიმართ, ინტერესის გამომხატველი ჟესტი გამოიყენეთ.

დაბლა დახრილი თავი – უარყოფითი დამოკიდებულების, არმოწონების გამომხატველია. თუ თქვენი აუდიტორია დაბლა დაშვებული თავებით ზის, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ რაიმე, რომ დამსწრეთა დაინტერესების ხარისხი გაზარდოთ.

ხელების თავის უკან ამოდება – ეს ჟესტი ახასიათებს თავდაჯერებულ, უპირატესობის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბევრი საშინლად ღიზიანდება ამ პოზის დანახვისას. თუ, ამავდროულად, ადამიანი ფეხს ფეხზე დებს მაშინ ის, ყველაფერთან ერთად, კამათისა და დისკუსიის მოყვარულია, ასეთ ადამიანს, მასთან ურთიერთობის გათანაბრების მიზნით, შეეცადეთ, პოზა შეაცვლევინოთ. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემაზე საუბრობთ, გახსნილი ხელისგულების გამოყენებით სთხოვეთ, კომენტარი გააკეთოს და მისი ნათქვამის მიმართ ინტერესი გამოხატეთ. შეგიძლიათ, ასევე, მისი პოზის ზუსტი გამეორება სცადოთ ( როგორც წესი პოზის სარკისებრი ასახვა ადამიანთან დათანხმებას ნიშნავს ).

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

5 მნიშვნელოვანი რამ, რაც ჭკვიან ადამიანებზე უნდა ვიცოდეთ  

 

ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ ის განსაკუთრებული თავისებურებები, რაც ჭკვიანი ხალხის უმრავლესობას ახასიათებს და რაც მათ მართვას აძნელებს:

 

1.მათ საკუთარი თავის ფასი იციან – ჭკვიანი ხალხის შრომითი უნარები შუასაუკუნეობრივ გილდიათა ცოდნასავით მხოლოდ რჩეულთათვის არის განდობილი და არაფრით ჰგავს ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელ სტანდარტიზებულ, სქემატურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადასცემთ ცოდნას ამ ხალხის გარეშე.

 

2. ისინი საღად აზროვნებენ – ჭკვიანი ადამიანები ეძებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც კარგად დააფინანსებენ მათ ინტერესებს. თუ ორგანიზაციის ფონდები ამოიწურა, ისინი არჩევანს აკეთებენ: ან ხვალ, უხვრესურსიან ადგილს პოულობენ, ან არსებულ ბაზას საკუთარი პროექტების განსახორციელებლად იყენებენ.

 

3.ისინი მოითხოვენ ყველგან შეღწევის თავისუფლებას – თუ მათ ადმინისტრაციასთან მისასვლელ მოკლე გზას მოუჭრით, შეიძლება მიიჩნიონ, რომ ორგანიზაცია მათ საქმეს არასერიოზულად ეკიდება.

 

4.მათ ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი – ჩვენს მობილურ სამყაროში ჭკვიან ხალხს ვერ შეინარჩუნებთ, თუ არ დაასაქმებთ მათ ინტელექტუალურად და არ ჩააბამთ ორგანიზაციის საქმიანობაში.

 

5.მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან – ჭკვიანი ხალხი, ჩვეულებრივ, საერთო საინფორმაციო ქსელშია ჩართული. ხშირად ისინი ძალზედ მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებენ ერთმანეთს, რაც, ერთი მხრივ, ორგანიზაციისთვის უფრო ღირებულს ხდის ამ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის ინფორმაციის გაჟონვის რისკფაქტორს.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

თამაშის როლი ბავშვის განვითარების პროცესში

თამაში – 2–6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევაა. თამაშის პროცესში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები (აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) და პიროვნული მახასიათებლები. მისი მეშვეობით ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორეთი ჩანაცვლებას, ირგებს სხვადასხვა სოციალურ როლს, სწავლობს სხვებთან ურთიერთობის უნარებს.

ბავშვის თამაშის პროცესზე დაკვირვებით შესაძლებელია მისი ფანტაზიების, შიშების, გრძნობების, მოქმედების გაგება და განმარტება. თუ თამაშის აქტივობა შეკავებულია, საჭიროა, ამ შეკავების მიზეზების გაგება და განმარტება.

არსებობს სხვადასხვა თეორია თამაშის შესახებ. ფსიქოლოგი გროსი თვლის, რომ თამაშით ბავშვი მომავალი სერიოზული ცხოვრებისთვის ემზადება და ამიტომ აქვს თამაშს გარკვეული და არა ქაოტური შინაარსი. ე.ი. თამაში წარმოადგენს ცხოვრებისთვის მოსამზადებელ ერთგვარ  კურსს.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმაც. თამაში შეიძლება იყოს:

  • მოტორული – სირბილი, ხტუნვა;
  • საბრძოლო – ჩხუბი, ფიზიკური დატვირთვა;
  • როლურ-სიუჟეტური – ექიმობანა, სახლობანა;
  • წესებიანი – მოითხოვს წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით თამაშს.

თამაში ასევე დიდ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე, ვინაიდან ამ პროცესში ბავშვს უწევს ინსტრუქციები, წესები, შინაარსი გააცნოს თავის თანატოლებს. თუ ბავშვს არ შეუძლია მკაფიოდ გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები, ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.

მელანი კლაინის სტატიის მიხედვით – „ბავშვის თამაში იმეორებს ყოველდღიური ცხოვრების დეტალებსა და შთაბეჭდილებებს, ამას ხშირად ფანტაზიასაც ჩაურთავს ხოლმე. ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ აღწევს მის თამაშსა და ასოციაციებში.  ასეთ დროს მთელი მახვილი გადატანილია სრულიად უმნიშვნელო ამბებზე,  თუმცა    მათი  როლი   ფანტაზიების და ემოციების წარმოქმნაში უმნიშვნელოვანესია.“

აღსანიშნავია, რომ კუბიკებით თამაში ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებიც კუბიკებს აწყობენ, მოგვიანებით სამეტყველო განვითარების მაღალი კოეფიციენტი აღენიშნებათ. (Christakis 2007).

გუნჰილდა ვესტმანის მიხედვით, თამაშის პროცესში ბავშვი მეტყველებას ეუფლება, ვინაიდან მან ყურადღება უნდა გაამახვილოს თანატოლების საუბარსა და ქცევებზე, მოუსმინოს მათ, თავადაც ჩაერთოს და გასაგებად გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ვესტამინს აზრით, ბავშვს, რომელიც თამაშის მოტივაციას ავლენს, ლინგვისტური უნარები კარგად აქვს განვითარებული.

 

 

მასალა მოამზადა:  ნინო თოფურიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ყველაფერი ემოციების შესახებ

 დაბადების წამიდან ყოველი რთულად აგებული ცოცხალი არსება გამოხატავს ემოციას, ემოცია შინაგანი ბიოლოგიური პროცესის შემდეგ უკვე გარეგან რეაქციას წარმოადგენს, ადამიანი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. არსება რაც უფრო რთულია, მით უფრო უამრავი პროცესი უძღვის წინ ემოციის გამოხატვას.
ალბათ ყველას აინტერესებს რა დანიშნულება აქვს  ემოციებს.

პირველ რიგში ვიტყვი თუ რა არის ემოცია:
ემოცია არის ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა  გარესინამდვილესა და თავისი თავისადმი ინდივიდის დამოკიდებულების განცდა. ეს არის ინდივიდის მდგომარეობა. ის უფრო სუბიექტურია, ვიდრე სხვა ფსიქიკური პროცესები.  ემოციებს გააჩნიათ ობიექტი. ისინი ამ ობიექტისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ასახავენ.

ემოციის თვისება:

1.ემოციების ერთ-ერთ ძირითად განსაკუთრებით შემეცნებითი პროცესებისაგან განმასხვავებელ თავისებურებას მათი სუბიექტურობა შეადგენს. იგი თვით სუბიქტის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.

2.ემოცია სუბიექტურია სხვა მნიშვნელობითაც  მისი შინაარსი დამოკიდებულია სუბიექტის პიროვნების მდგომარეობაზე.

3.ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შადგენს, ყოველი გრძნობა დადებითია ან უარყოფითი,  სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს ატარებს. ყველა ემოციას ინტენსივობის რაღაც ხარისხი გააჩნია. ემოციები დიდად განსხვავდებიან ხანიერებით, ზოგი ემოცია ძაალიან სწრაფმავალია, ხოლო ზოგი მათგანი წლების განმავლობაში გრძელდება. ემოციის ექსტენსივობა ეწოდება მის გავრცელებულობას სუბიექტში. ზოგი ემოცია განსაკუთრებით დიდი ექსტენსივობით ხასიათდება. იგი მოიცავს მთელს პიროვნებას. ემოცია და გრძნობა –  კლასიკურ ფსიქოლოგიაში ანსხვავებენ ამ ორ მცნებას. ემოციაში იგულისხმება სუბიექტის მთლიანობითი განცდა, შიში, მწუხარება, სიხარული და ა. შ. ანსხვავებენ მარტივ და რთულ გრძნობებს. მარტივს უწოდებენ გრძნობებს, რომლებსაც  იწვევს საგნის სენსორული თვისება, სილამაზე, საზიზღარი გემო, უსიამოვნო ხმა. რთული გრძნობებია, რომლებიც უფრო შინაარსეული მოვლენითაა გამოწვეული, სურათის აღქმით, საინტერესო ინფორმაციით.

ანსხვავებენ 4 სახის გრძნობას : 1. ესთეტიკური გრძნობები სილამაზის განცდას გულისხმობს ხელოვნებაში, ბუნებაში.  2. ინტელექტუალური  ის გრძნობებია, რომლებიც შემეცნებით პროცესთანაა დაკავშირებული მაგ: გაკვირვება, ცნობისმოყვარეიბა, ეჭვი, ის უნიკალური განცდაა, რომელლიც ეუფლება მეცნიერს, ძნელი პრობლემის გადაჭრის მომენტში. 3. მორალური გრძნობები აღმოცენდება საზოგადოებრივი ურთიერთობის პროცესში, ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამორალური, ან პირიქით ზნეობრივი და  განიცდება, როგორც სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა.  4. პრაქსილური გრძნობები (სიტყვა პრაქტიკიდან) წარმოადგენენ  მოქმედებაში მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის უშუალო განცდას.

ემოციები და სხეულის ენა.
გავიმეორებ იმ ფაქტს და ხაზს გავუსვამ, რომ ემოციები ნამდვილად გამოიხატება ჩვენს სხეულზე.
მაგალითად: უკმაყოფილება არის ერთ-ერთი იმ ემოციათაგან, რომელსაც უნდა ერიდო. უკმაყოფილება გამოიხატება ტუჩის ცალი მხრის მაღლა აწევთ. იგი შეიძლება იყოს, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს და იგი ტოვებს ირიბი ღიმილის შთაბეჭდილებას. ემოცია წამოიჭრება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ამ ადამიანს დაუსვამთ კითხვას ან ეტყვით ისეთ რამეს, რაც მასში იწვევს უკმაყოფილებას, არამედ ეს ემოცია შეიძლება ნიშნავდეს უკმაყოფილებას საკუთარი თავს შესახებ, მაგალითად, თუ მას გაახსენდება ისეთი რამ, რაც მასში მსგავს ემოციას იწვევს.

სიხარული არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ემოცია და მისი მახასიათებელია ღიმილი. ღიმილი იყოფა ორ ნაწილად: პირველი მათგანი წარმოადგენს ტუჩის უბრალო მოძრაობას, რომლის დროსაც მისი კუთხეები ზევითკენ იწევა, რაც მარტივი საკონტროლებელია და მარტივად შეიძლება იგი ცრუ იყოს, ხოლო ეს რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა, დავაკვირდეთ ლოყებსა და თვალის გარშემო ადგილს. თუ ლოყები ზევით აიწია და თვალების გარშემო ადგილები დანაოჭდა, მაშინ ეს ღიმილი ნამდვილია, მაგრამ ცრუ ღიმილიც არ ნიშნავს ტყუილს და იგი უბრალოდ ზრდილობიან ჟესტად შეიძლება ჩავთვალოთ.

ზიზღი არის ძალიან ცუდი ემოცია, შეიძლება ითქვას ყველაზე ცუდიც კი რომელიც შეიძლება იმ ადამიანის სახეზე დაინახვო ვისთანაც გაქვს კონტაქტი. ზიზღს ახასიათებს ის, რომ ამ ემოციისას ყველაფერი მიემართება წარბებს შორს წერტილისკენ, ესენია  – ცხვირი, წარბები და ტუჩი, მაგრამ ფარულ ზიზღს შეიძლება არ ახასიათებდეს ყველა ეს მოძრაობა ერთდროულად და შეიძლება გამოვლინდეს უბრალოდ ტუჩის ზევით აწევა ან წარბების ერთმანეთთან მიახლოება – ესაა ფარული ზიზღი. ზიზღის დანახვა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თქვენ მიმართ განიცდის ამ ემოციას. ზიზღი შეიძლება მიმართული იყოს ცუდი მოგონებებისკენ ან შეიძლება იყოს გარემო ფაქტორების ბრალი, შესაბამისად, ეს ემოცია შეიძლება შეამჩნიოთ იმ შემთხვევაშიც თუ მოსაუბრესთან ახსენებთ მისთვის რაიმე არასასურველს.

გაოცება არის ემოცია, რომელსაც ახასიათებს ერთი განსაკუთრებული რამ – მისი ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ წამზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ხელოვნურადაა გამოხატული. გაოცებისას წარბები იწევა მაღლა, რასაც შეიძლება ასევე მოჰყვეს პირის გაღებაც, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში, ეს ემოცია მხოლოდ წარბების ზევით აწევით შემოიფარგლება. ასევე წარბების აწევა იწვევს თვალის გარშემო სივრცის გაფართოებას, რაც ასევე გაკვირვებას ახასიათებს.

ამ ემოციის გამოხატვისას მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტუჩების კუთხეებს, ნებისმიერ შემთხვევაში კუთხეების დახრა მოწყენას გამოხატავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სევდას განიცდის. ამ ემოციას ასევე ახასიათებს ქუთუთოების მოდუნება, რომლის დროსაც თვალის არე არის შევიწროვებული. ასევე, მოწყენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია ირიბი წარბები, რომელიც შეიძლება ძნელი შესამჩნევი იყოს.

ბრაზის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა შეკრული წარბები, როდესაც წარბები ერთმანეთთანაა მიახლოებული და ქვევითკენაა მიმართული. ბრაზის დროს ადვილი შესამჩნევია ქვედა ტუჩი, რომელიც წინ არის წამოწეული და მკვეთრადაა გამოკვეთილი.

სირცხვილის ემოციის გამოხატვის რამოდენიმე სახე არსებობს, მაგრამ ძირითადად იგი ხელის ან ხელების სახეზე აფარებით გამოიხატება, რაც ნიშნავს ადამიანის ნერვიულობასა და სირცხვილს.

ემოციათა აშლილობები აარონ ბეკის თეორიის მიხედვით. (ამერიკელი ფსიქიატრი)
„ადამიანის ემოციური რეაქციის თუ ემოციური დარღვევის ბუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი მოვლენებს, როგორც საფრთხის შემცველს, ახლის მომტანს, ხელმყოფს და ა.შ.“

ემოციური აშლილობიდან გამოარჩევენ რამდენიმეს: დეპრესია,შფოთვითი ნევროზი,პარანოიდული მდგომარეობა, აკვიატებული აზრები და მოქმედებები, ფსიქოზები და ისტერიული რეაქციები.

დეპრესია – დეპრესიის განვითარება იწყება პაციენტის მიერ დანაკარგის განცდით. დანაკარგი შეიძლება იყოს რეალური ან ჰიპოთეტური; ნებისმიერ შემთხვევაში, დანაკარგი განიცდება ზედმეტად მძაფრად, რაც აისახება ინდივიდის უნარებსა და შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის მე–კონცეფციაზე, ის საკუთარ თავს უიღბლოდ და არაფრის მაქნისად მიიჩნევს. საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარება კიდევ უფრო დაბლა წევს მის თვითშეფასებას.

შფოთვა– ეს არის ემოცია, რომელიც წარმოიშობა შიშის დროს. შფოთვითი ნევროზის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია შიში, რომ დაკარგავენ კონტროლს, რის შედეგადაც ჩნდება დამცირებულობის, შებოჭილობის, სევდის გრძნობები. ხშირად გვხვდება შიშები: კონტროლის დაკარგვა საკუთარ ორგანიზმზე, მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის შეუძლებლობაზე, გარშემო მყოფებისათვის ზიანის მიყენებაზე.პაციენტს ამგვარი შიში სრულიად საფუძვლიანად მიაჩნია. მას არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს შემაშინებელი აზრები.

პარანოიდული მდგომარეობა – პარანოიდული მდგომარეობა ხასიათდება უსაზღვრო ეჭვიანობით, უნდობლობით. ასეთი პაციენტები ყოველთვის არიან ფრთხილად.ყოველთვის ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სხვებმა მათ ზიანი მიაყენონ, ყველგან ხედავენ მტრებს. მათი აზროვნების ძირითადი თემაა: „მე მართალი ვარ, ისინი ცდებიან“. ისინი მიდრეკილები არიან საკუთარი თავი მიიჩნიონ მსხვერპლად სხვების ხელში და ვარაუდობენ, რომ ყოველთვის არიან მართლები.

აკვიატებული აზრები და მოქმედებები – აკვიატებული ეწოდება აზრებს მოქმედებების შესახებ, რომლებიც პაციენტების აზრით, აუცილებლად უნდა შესრულდეს ან პირიქით, არ უნდა შესრულდეს. რათა აკვიატებული აზრებისგან წარმოშობილი შფოთვა შემცირდეს პაციენტები ცდილობენ თავიანთი აკვიატებული ეჭვები მოქმედებაში მოიყვანონ, განახორცილეონ. პაციენტებს არ შეუძლიათ გაექცნენ ამ აზრებს.

ფსიქოზები – ფსიქოტურ რეაქციებში მოიაზრება ჰალუცინაციები, ილუზიები, უცნაური ქცევები, რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა. ფსიქოტური პაციენტების აზროვნებითი პროცესები ხასიათდება შემდეგი სპეციფიკით: იდეაცია; უცნაური გროტესკული, ექსტრემალური აზრები; პერსევერაციები; არარეალური აზროვნება; მოვლენების ობიექტურად შეფასების უუნარობა.
ისტერიული რეაქციები – ისტერია წარმოადგენს ფიზიკურ დისფუნქციას აშკარა ორგანული დაავადების ან ფიზიკური არასრულფასოვნების არ არსებობისას. ისტერიული პიროვნება დარწმუნებულია, რომ აქვს ფიზიკური დარღვევები და მას განიცდის კიდეც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის შეხედულებებს საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე.

 

მასალა მოამზადა: ხათო მაჭარაშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ბავშვი და ტექნიკა

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე ბავშვების მიერ გართობის მიზნით ტექნოლოგიების გამოყენების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.  თუმცა ეს არც არის გასაკვირი, ჩვენი საუკუნე ხომ  მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ხანაა. როგორც ყველაფერს, ტექნიკის გავლენასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ საკითხის შესახებ საკმაოდ ბევრი სტატია დაიწერა, მკვლევართა ერთი ნაწილი ბავშვის განვითარებაზე ტექნიკის დადებით გავლენას უსვამს ხაზს,  მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მისი ხშირი გამოყენება აფერხებს განვითარების პროცესს.

პედიატრისა და ბავშვთა თერაპევტის –  კრის როუანის სტატიის მიხედვით, ტექნიკისადმი მიჯაჭვულობა აშორებს ბავშვს საზოგადოებას, ამას მოჰყვება ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევების რისკის ზრდა, რასაც ხშირად თან ახლავს ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება.

დროა – მშობლები, პედაგოგები, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და ტექნოლოგიების მწარმოებელი კორპორაციები გაერთიანდნენ, რათა გააკონტროლონ ბალანსი ჯანსაღ აქტივობებსა და ტექნიკის გამოყენებას შორის. „გზა, რომლითაც ჩვენს შვილებს ტექნოლოგიის დახმარებით ვზრდით და ვაძლევთ განათლებას,  აღარ არის მდგრადი“ – წერს როუანი.

კვლევების მიხედვით, ტელევიზორისა და ვიდეო თამაშების მომხმარებელ ბავშვთა გასუქების რისკი 60%-ით იზრდება, რაც დღესდღეობით ჩრდილოეთ ამერიკის ეპიდემიად ითვლება (Tremblay M 2005, Strauss R 2001).

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ესპანელენოვანი ბავშვების 70%-ს საძინებელ ოთახში აქვთ ტელევიზორი, რაც 30%-ით ზრდის მათი გასუქების რისკს, ტელევიზორთან გატარებული დრო ზრდის ფასტ-ფუდის მიღების რაოდენობას (Feng et. Al, 2011).

ამასთანავე, ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო საშუალებების სწრაფმა განვითარებამ  საზოგადოების ინტენსიურად მჯდომარე,  უმოძრაო რეჟიმზე გადასვლა გამოიწვია (Nelson M 2006).

განვითარების პროცესში ბავშვს  დღეში 2-3 საათი აქტიური თამაში ესაჭიროება, რათა ვესტიბულარული, ტაქტილური და სხვა სისტემათა ადეკვატური სტიმულაცია მოხდეს (National Association for Sport and Physical Education 2002). სენსორული აქტივობის ეს ტიპი უზრუნველყოფს პოზის, ორმხრივი კოორდინაციისა და ოპტიმალური აგზნების,სტიმულირების ნორმალურ განვითარებას, რაც საჭიროა ბეჭდვისა და წერა-კითხვის უნარების ათვისებისთვის (Schaff R 2007, Braswell J 2006, Rine R, 2004).

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აქტიური ვიდეო თამაშისას არ დაფიქსირდა ფიზიკური აქტივობა, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის, რომ ბავშვები თამაშის პროცესში მინიმალურ ძალისხმევას ავლენდნენ და/ან  დღის დანარჩენი დროის განმავლობაში ნაკლებს ვარჯიშობდნენ (Baraknowski et. Al, 2012).

სხვა კვლევების მიხედვით, მშობელთა და ბავშვთა უმეტესი ნაწილი მათ ცხოვრებაში კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოჩენას დადებითად აფასებენ, მიუხედავად საზოგადოების შეშფოთებისა ინტერნეტში შეუსაბამო კომერციული, სექსუალური და ძალადობის შემცველი შინაარსის მასალების არსებობისა და ხელმისაწვდომობის გამო. მშობელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინტერნეტს შეუძლია დაეხმაროს მათ შვილებს საშინაო დავალებების შესრულებაში, აძლევს საშუალებას აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო და სასარგებლო მასალები,აქტივობები. მათი აზრით, კომპიუტერის არმქონე ბავშვები ბევრად არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, კომპიუტერის მქონე ბავშვებთან შედარებით (http://www.futureofchildren.org).

პატარები დაბადებიდან 8 წლამდე საკმაოდ სწრაფად ითვისებენ და სწავლობენ გარემოს სენსორული შეგრძნებების, თამაშისა და კვლევის დახმარებით.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართალია კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს, ერთად კითხვის პროცესს ან საუბარს; ასევე შესაძლოა მან უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, თუმცა სწორი გამოყენებით, ის შესაძლოა გახდეს ერთგვარი კატალიზატორი ადამიანთა შორის ინტერაქციის პროცესში, დაეხმაროს ბავშვის სამეტყველო და კოგნიტური სფეროს განვითარებას. მთავარია მისი სწორი და ზომიერი გამოყენება.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის ჰიპოთეზა ეხება იმპრესიულ მეტყველებას, საჭიროა, ამ საკითხის მიმოხილვა.

 

მასალა მოამზადა:  ნინო თოფურიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ჩვილთა ტემპერამენტის შესახებ

     ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტით: ისინი განსხვავებულ რეაქციას იძლევიან ახალ ობიექტზე, განსხვავდებიან აქტიობის ხარისხით, ჩვეული გუნება-განწყობილებით, ზოგ მათგანს უყვარს სოციალური ინტერაქცია, ზოგს კი – მარტოობა, აქვთ განსხვავებული ცხო­ვ­რე­ბის რიტმი.

 

ბასმა და პლომინმა ტემპერამენტი აღწერეს 3 მახასიათებლით: ემოციურობა, აქტივობა და კომუნიკაბელობა.

თომასამა და ჩესმა კი ტემპერამენტი აღწერეს 9 მახასიათებლით:

აქტიობის დონე – აქტიური პერიოდის თანაფარდობა, არააქტიურ პერიოდთან.

რითმულობა – ორგანიზმის სტრუქტურების ფუნქციონირების რეგულარულობა. მაგალითად, ზოგ ჩვილს აქვს რეგულარული: კუჭის მოქმედება, ძილი, კვება, ზოგს კი არა.

ყურადღების გადატანა – რამდენად შეუძლია გარე სტიმულს შეცვალოს ბავშვის ქცევა. მაგალითად, ზოგი ბავშვი წყვეტს ტირილს სათამაშოს მიწოდებისას, ზოგი კი -არა.

მიახლოება/განრიდება – რეაქცია ახალ საგანზე, ადამიანზე, საკვებზე. მაგალითად, ზოგი ბავშვი უღიმის უცნობ ადამიანს ან სიამოვნებით იღებს ახალ საკვებს, ზოგი კი ტირის და უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე.

ადაპტურობა – რამდენად ადვილად ეგუება ბავშვი გარემო ცვლილებებს. მაგალითად, ჩვილი შეიძლება შეშინდეს უცხო ადამიანის დანახვისას, მაგრამ მალე ჩერდება და შემდეგში მის დანახვაზე აღარ ტირის; ზოგი კი ხელმეორედ ნახვისას, ისევ იწყებს ტირილს.

ყურადღების მოცულობა და სიმყარე – აქტიობისთვის დათმობილი დრო. მაგალითად, ზოგი ბავშვი დიდხანს ათვალიერებს სათამაშოს, ზოგი კი რამოდენიმე წუთში კარგავს ინტერესს.

რეაქციის ინტენსივობა – რეაქციის ენერგიულობის დონე. მაგალითად, ზოგი ბავშვი ხმამაღლა ტირის/იცინის, ზოგი კი – ზომიერად.

რეაქციის ზღურბლი – რეაქციისთვის საჭირო სტიმულის ინტენსივობა. მაგალითად, ზოგი ჩვილი შეკრთება სუსტ ხმაზეც კი, სხვები კი ამ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.

გუნებაგანწყობილება – მხიარული აქტიობების რაოდენობა. მაგალითად, ზოგი ბავშვი უფროსებთან ინტერაქციისას ხშირად იცინის, ზოგი კი – არა.

ტემპერამენტის მახასიათებლების მიხედვით, თომასმა და ჩესმა გამოყვეს ბავშვების 3 ტიპი:

ადვილი ბავშვი (40%) – ამ ბავშვის ტემპერამენტი ხასიათდება რეგულარული რეჟიმით, პოზიტიური გუნება-განწყობილებით, ადვილი ადაპტაციის უნარით.

რთული ბავშვი (10%) – ამ ბავშვების ტემპერამენტი ხასიათდება არარეგულარული რეჟიმით, გაძნელებული ადაპტაციით, ნეგატიური გუნება-განწყობილებით და ინტენსიური რეაქციებით.

მოდუნებული ბავშვი (15%) – ბავშვს ახასიათებს სუსტი რეაქციები, მაღალი ზღურბლი, უარყოფითი გუნება-განწყობილება, სუსტი ადაპტაცია.

ბავშვების 35%-ს კი ახასიათებს ტემპერამენტის შერეული ტიპი.

ფსიქოლოგების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევენ რთული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილი ბავშვები. როგორც აღმოჩნდა, ისინი მომავლში ავლენენ აგრესიას და შფოთვას.

მოდუნებული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილ ბავშვებს ნაკლები პრობლემები ახასიათებთ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია: შიშები, შფოთვა, ჩაკეტილობა, არაკომუნიკაბელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი რეგულაცია არ შეიძლება. ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლები – ფორმირდება, ძლიერდება, სუსტდებს ან ნეიტრალდება, ბავშვისა და უფროსების ურთიერთობის და მიღებული გამოცდილების შედეგად.

ბავშვები იბადებიან ქცევის განსხვავებული რეპერტუარით და ეს განსხვავება, არა მარტო გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ გამოცდილებაზე, ასევე ხელს უწყობს ბავშვი-მშობელის ურთიერთობის სტილის ფორმირებას. მაგალითად, მშობლები უფრო ხშირად სჯიან რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებს, ვიდრე ადვილი ტემპერამნტის ბავშვებს. დასჯა კი თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვზე.

განათლებულმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვის ქცევის სირთულეები გამოწვეულია მისი ტემპერამენტის მახასიათებლებით და არა გაუზრდელობით ან მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებით. ასეთი მშობლები კი გონივრულად და ადეკვატურად რეაგირებენ ბავშვის რთულ ქცევაზე.

 

მასალა მოამზადა: ნინო კერესელიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ ახერხებენ პატარები ემოციების თვითრეგულაციას?

     ბავშვები სხვადასხვა ემოციის გამოხატვის გარდა, საკუთარი ემოციების მართვასაც სწავლობენ. ემოციების თვითრეგულაცია –  ეს არის სტრატეგია, რომელიც ჩვენი ემოციების ინტესივობას შეამცირებს. ემოციების თვითრეგულაცია რამოდენიმე კოგნიტურ უნარს მოითხოვს: ყურადღების კონცენტრაციას და გადატანას, აზრებისა და ქცევის მოთოკვას, დაგეგმვას და სტრესული სიტუაციიდან თავის დასაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას.

 

ემოციების თვითრეგულაციას ვახდენთ მაშინ, როცა საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაცია მალე დასრულდება, მეგობრის ქცევით გამოწვეულ ბრაზს დავძლევთ ან საშინელებათა ფილმის ყურებას თავს ვარიდებთ.

ემოციების თვითრეგულაცია გულისხმობს ემოციების შეგნებულ მართვას. ამას კი განაპირობებს თავის ტვინის შუბლის ნაწილის განვითარება და უფროსების დახმარება (ასწავლიან პატარებს ემოციების მართვას).

ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში ჩვილებს ემოციების მართვის შეზღუდუ­ლი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო სტიმულს ზურგი შეაქციონ, გრძნობების გამძფრებისას ტუჩები ამოძრაონ და წოვონ, შინაგანი და გარეგანი სტიმულები გადატვირთავს მათ ნერვულ სისტემას. ამიტომ, ისინი უფროსებზე არიან დამოკიდებული, რომლებიც მათ ხელში აიყვანენ, დაარწევენ, მოეფერებიან.

4 თვის ჩვილებს, ყურადღების გადატანის უნარის განვითარება, მათ ემოციების კონტროლში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციას ზურგს აქცევენ, ნაკლებ დისტრესს განიცდიან. ცხოვრების პირველი წლის ბოლოს ცოცვა და სიარული, სხვადასხვა სტიმულთან მიახლოვებით ან განშორებით, ბავშვებს ემოციების რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.

იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების ემოციურ სიგნალებს ,,ამოიცნობენ” და მათზე თბილ, გულისხმიერ რეაქციას იძლევიან, ნაკლებად ნერვიულები და მეტად ცნობისმოყვარენი არიან. ასევე ისინი ადვილად მშვიდდებიან.

მშობლები, რომლებიც არ რეაგირებენ ბავშვის მიერ მიწოდებულ სიგნალებზე, სანამ ისინი ძალიან ინტენსიური არ გახდება, ბავშვებში ძლიერი დისტრესის გამოწვევას უწყობენ ხელს. მომავალში, მშობლებისთვის ასეთი ბავშვების დაწყნარება უფრო რთულია, ხოლო ბავშვებს ემოციების თვითრეგულაციის სწავლა უძნელდებათ.

თუ უფროსები ვერ არეგულირებენ ჩვილის სტრესულ მდგომარეობას, თავის ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც პასუხიმგებელია სტრესის შესუსტებაზე, შესაძლოა სათანადოდ ვერ განვითარდეს.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 თვის ბავშვები, რომლებიც ხელების მოძრაობის შეზ­ღუდვისას ტირილს იწყებდნენ, 10 თვის ასაკში, სათამაშოს ხელიდან გამორთმევის შემ­თხვევაში, ძლიერ ტირილს იწყებდნენ.

მეორე წლის ბოლოს, წარმოსახვისა და მეტყველების განვითარებასთან ერთად, ემოციების რეგულირების ახალი მეთოდები ჩნდება. მაგრამ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მეტყველების ეფექტურად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის საკუთარი მდგომარეობის ახსნას, ის აგებინებს უფროსს საკუთარ განცდებს და მათ დახმარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, 2 წლის გოგონამ ზღაპრის მოსმენისას, წამოიყვირა: – ,,დედა, მეშინია!”. დედამ წიგნი გადადო და პატარას ჩაეხუტა.

 

მასალა მოამზადა: ნინო კერესელიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

,,იმანჟინერია” – პროცესი, რომლის საშუალებითაც ,,იქმნება მომავალი”

 

„იმაჟინერია“ –  ეს ტერმინი შემოიღო ყველა დროის საუკეთესო მულტიპლიკატორმა უოლტ დისნეიმ, რათა აღეწერა პროცესი, რომლის საშუალებითაც „ქმნიდა მომავალს“ –ოცნებობდა და შემდეგ ამ ოცნებას რეალობად აქცევდა. დისნეის სტრატეგიის არსი კარგად ჩანს მისი ერთ–ერთი თანამშრომლის გამონათქვამში: „ფაქტობრივად, არსებობდა სამი განსხვვავებული დისნეი: მეოცნებე, რეალისტი და დამანგრეველი. ჩვენ არასდროს ვიცოდით თუ რომელ მათგანთან მოგვიწევდა მუშაობა.“

იმაჟინერიის პროცესი უოლტ დისნეის შემოქმედებითი ციკლის გარკვეულ სტადიებად დაყოფას გულისხმობს. ეს არის მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის სტადიები.

ადამიანის ფიზიოლოგია, ისე,  როგორც ნებისმიერ სხვა კოგნიტურ პროცესზე, შემოქმედებითობისა  და ეფექტიანი დაგეგმვის ნიჭზე ახდენს დიდ გავლენას.

მეოცნებე – თავი მაღლა არის აწეული. მზერა მიმართულია ზემოთ. სხეული სიმეტრიული, თავისუფალი და ოდნავ მოდუნებულია.

 რეალისტი – თავი პირდაპირ არის ორიენტირებული, მზერა მიმართული წინ და ოდნავ შორს. პოზა  – სიმეტრიულია, სხეული ოდნავ წინ არის გადაწეული.

კრიტიკოსი – თავი დახრილია დაბლა და ოდნავ შეტრიალებულია, მზერა მიმართულია ქვემოთ. სხეულის პოზა ოდნავ კუთხოვანია, ადამიანი ერთი ხელით ეხება სახეს.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფსიქოლოგია

სტოიციზმი ანუ როგორ ვიყოთ ბედნიერები რთულ სიტუაციებში?

 

როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როცა ცხოვრება გვიწევს დაძაბულ რიტმსა და მძიმე ინფორმაციულ გარემოში? სწორედ ამას გვასწავლიან სტოიკები, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდები არიან. სტოიციზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა ათენში ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ზენონ კიტიელი იყო ის პიროვნება, ვინც ხელი შეუწყო აღნიშნული დოქტრინის სწავლებას და შემდეგ ძალიან ბევრი თვალსაჩინო ფილოსოფოსის დაინტერესებაც მოახერხა. მისი აზრით, გონება, ბუნება და სიკეთე ერთ მთლიან ქარგაში უნდა მოვაქციოთ.

მათი მაქსიმა ასეთია: მთავარია, ვისწავლოთ, რომ ფიქრებს, სურვილებსა და აზრებს ვერავინ შეგვიცვლის, ეს ყველაფერი ცალსახად ჩვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, სტოიციზმი ასწავლის კონტროლს საკუთარ თავზე და სულის სიმტკიცეს, რათა ადამიანმა გადალახოს გამანადგურებელი ემოციები. შეგვიძლია ავმაღლდეთ სამყაროს პრობლემებზე და თავი დავაღწიოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, ამას კი შინაგანი სიმშვიდით მივაღწევთ. მათი მთავარი დევიზია: ,,შენ არ დაცემულხარ, გამოცდილება მიიღე, წინ!” ყველა პრობლემას აღიქვამენ როგორც გზას გასაძლიერებლად, სტიმულის მომცემ გამოწვევად. ამბობენ, რომ მათი მთავარი იდეა ბუნებასთან ჰარმონიაა, ყველაფერი აუცილებლობითაა განპირობებული, მათთვის ბედისწერა წინა პლანზეა წამოწეული. უბედურება  ვერ ახდენს გავლენას, რადგან მთავარი იარაღი ფიქრებია და ფიქრების შეცვლა კი თავადვე შეუძლიათ. ისინი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან. თუნდაც რთულ სიტუაციაში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, გამოცდილებაა. თავის მხრივ ბედნიერების აღქმაც სხვადასხვაა, ისინი, ვინც ჰედონიზმის მიმდევრები არიან, მხოლოდ ტკბობას, სიამოვნებას აღიქვამენ ადამიანის მთავარ მამოძრავებლად, ხოლო ევდამონიური კეთილდღეობის მიმდევრები კი ბედნიერები არიან მაშინ, როცა ისწრაფვიან თავიანთი მიზნებისთვის, აღწევენ წარმატებებს, ვითარდებიან.  რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის აზრით: ,,არცერთი კაცი ბედნიერი არ არის, ვიდრე ის თვითონ არ მიიჩნევს თავს ბედნიერად”. სტოიკოსები კი ბედნიერების ერთადერთ საშუალებად აზროვნებას, გონებას მიიჩნევენ და, შესაბამისად, გვეუბნებიან, რომ რადგანაც ჩვენ მხოლოდ ფიქრების კონტროლი შეგვიძლია, ბედნიერებაც სწორედ გონებამ უნდა მოგვიტანოს ამა თუ იმ სიტუაციაში.

სტოიკოსებისთვის ინდივიდუალიზმი და პიროვნულობა პრიორიტეტულია. რომაელი ფილოსოფოსი და სტოიციზმის მიმდევარი სენეკა ამბობს: ,,იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო…”. აგრეთვე: ,,სად უნდა ვეძებო კეთილი და ბოროტი? არაკონტროლირებად გარემოში კი არა, არამედ ჩემს თავში, ჩემს გადაწყვეტილებებში”. მათთვის ,,სათნოება საკმარისია ბედნიერებისთვის”. სტოიციზმის მიმდევრები თავისუფლები არიან სიბრაზისგან, შურისგან, ეჭვიანობისგან და, ზოგადად, უარყოფითი ემოციებისაგან.

სტოიციზმს ნელ-ნელა ემატება მიმდევრები, მაგალითად, გასულ კვირას ნიუ-იორკში გაიმართა კონფერენცია სახელად ,,სტოიკონი”, რომელიც აღიარეს ყველაზე მასშტაბურ შეკრებად სტოიციზმის ისტორიაში.

 

წყარო: www.theguardian.com

ფოტო:  ელემი სტოკის ფოტო  ფილმიდან –  ,,გლადიატორი”. ( მარკუს ავრელიუსი სტოიციზმის ერთ-ერთი მიმდევარი იყო.)

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა გავლენას ახდენს სოციუმი განწყობაზე?

 

ადამიანი სოციუმში ცხოვრობს და მხოლოდ ეს ფაქტი, რომ ვცხოვრობთ სოციუმში სხვებთან ერთად, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. იმისათვის რომ კარგად გავიგოთ თუ როგორ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სოციუმმა ადამიანის განწყობაზე, ჯერ ავხსნათ განწყობის ფენომენი. დიმიტრი უზნაძე ამბობს, რომ განწყობა, ეს არის მთლიანპიროვნული ფსიქოფიზიკური მზაობა, მიზანშეწონილი ქცევის განსახორციელებლად. აღსანიშნავია რომ განწყობა, როგორც მზაობა, ინდივიდის დონეზე არაცნობიერად მიმდინარეობს, მაგრამ ეს მდგომარეობა შეიძლება არა მარტო გაცნობიერდეს, არამედ ცნობიერი ნებელობის ძალისხმევით შეიქმნას. იმისთვის რომ მიზანშეწონილი ქცევა განხორციელდეს, აუცილებელია, სამი კომპონენტის ერთობლიობა. ესენია: მოთხოვნილება, სიტუაცია და ოპერაციათა სისტემა. ამ სამი კომპონენტის ერთობა ქმნის მიზანშეწონილი ქცევის განწყობას.

არსებობს ორი სახის განწყობა – სიტუაციური და დისპოზიციური. განწყობას, რომელსაც პიროვნება გარკვეულ სიტუაციაში ქმნის და მის საფუძველზე აქტიურად ერთვება ცხოვრების მიმდინარე პროცესში, სიტუაციური განწყობა შეიძლება ვუწოდოთ. სიტუაციური განწყობები, რომლის საფუძველზეც პიროვნების ქცევა ხორციელდება,უკვალოდ არ ქრება იგი ინახება ფსიქიკაში  ანუ სიტუაციური განწყობების მრავალჯერ გამეორებისას განწყობა ფიქსირდება. ასეთ განწყობას ჩვენ ფიქსირებულ განწყობას ვუწოდებთ. საზღვარგარეთულ სოციალურ ფსიქოლოგიაში კი დისპოზიციური განწყობით მოიხსენიება. დისპოზიციური განწყობა, ეს არის მყარად ფიქსირებული, ღრმა, ნაკლებადცვალებადი განწყობა. ადამიანს მრავალი დისპოზიციური განწყობა აქვს  და მათი საშუალებით ისინი გარკვეული სტაბილური სახის ქცევებს ასრულებენ.

შესაძლებელია სოციუმმა მოახდინოს გავლენა ადამიანის განწყობაზე და თუკი მისი დისპოზიციური განწყობის საშუალებით ის ვერ ადაპტირდება, მაშინ იგი იმოქმედებს სიტუაციური განწყობის საფუძველზე. ლაპიერის კლასიკურ ექსპერიმენტში სწორედ ეს არის ნაჩვენები, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უარყოფითი დამოკიდებულება იყო აზიელების მიმართ, როგორც სასტუმროს ისე რესტორნის მფლობელები მოემსახურნენ მათ. როდესაც წერილები დააგზავნეს ამ სასტუმროსა თუ რესტორნებში კითხვით „თანახმა არიან თუ არა სტუმრად მიიღონ ჩინელი ჯგუფები?“ პასუხი უარყოფითი იყო. ეს ფაქტი კი ლაპიერმა და სხვა მრავალმა ფსიქოლოგმა განიხილა როგორც მნიშვნელოვანი განსვლა ქცევასა და განწყობას შორის. შოთა ნადირაშვილმა ეს დასკვნა გააკრიტიკა და მან თქვა რომ: ქცევას განაპირობებს არა მარტო დისპოზიციური განწყობა არამედ აქტუალური-სიტუაციური განწყობა და სწორედ ამ განწყობის საფუძველზე იმოქმედეს სასტუმროს თუ რესტორნის მეპატრონეებმა.

რადგან ჩვენ გვაინტერესებს სოციუმის გავლენა განწყობაზე, ამის კარგი მაგალითია ეშის ექსპერიმენტი, სადაც ცდისპირებს მოეთხოვებოდათ სხვადასხვა სიგრძის ხაზების შედარება. ცრუ ცდისპირები X-ის ტოლ ხაზად ასახელებდნენ სხვა ხაზს, რომელიც აშკარად არ იყო X-ის ტოლი, ხოლო ნამდვილი ცდისპირი ექცეოდა მათი გავლენის ქვეშ და იქცეოდა კონფორმულად ანუ ისიც ასახელებდა იმ ხაზს, რომელიც ცრუ ცდისპირებმა დაასახელეს.

ჩვენ როგორც ვიცით, განწყობა აღმოცენდება ყოველი ქცევის წინ  და მისი წარმმართველი ხდება, მათ შორის კონფორმული ქცევის წინაც. ზოგად ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, კონფორმულად ადამიანი იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითი განწყობა აქვს ჯგუფის წევრების მიმართ. არსებობს ასევე ანტიკონფორმული ქცევა, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს უარყოფითი განწყობა აქ ჯგუფის მიმართ, ამ დროს ადამიანი არ ეთანხმება ჯგუფის გადაწყვეტილებას და უპირისპირდება მათ.

აღსანიშნავია რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში სოციუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განწყობის ჩამოყალიბებაში. ბავშვს დაბადებიდან ექმნება გარემოსადმი ნდობის ან უნდობლობის განწყობა, რომელიც განპირობებულია სოციუმის, ძირითადად კი დედის ფაქტორით. იმისთვის რომ ბავშვის პიროვნებაზე განვითარების თვალსაზრისით პოზიტიურად ვიმოქმედოთ და გარკვეული განწყობები შევუქმნათ, უნდა გავითვალისწინოთ მისი შინაგანი მოთხოვნილება, გარესიტუაცია და ინსტრუმენტული შესაძლებლობები.

სოციალურ-ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ვახასიათებთ, როგორც პირდაპირსა და ირიბს. პირდაპირი ზეგავლენა არის ერთი ადამიანის აზრით, ქცევით ,ემოციით მეორეზე ზეგავლენა იმ მიზნით, რომ მან შეიტანოს ცვლილებები თავის ქცევაში  ირიბი გავლენა მაშინ გვაქვს, როდესაც ადამიანი რაიმე საშუალებით ინსტრუმენტულად ზემოქმედებს მეორე ადამიანზე ,მის ცნობიერებაზე, ქცევაზე, განწყობაზე.

ჩვენ კულტურაში კეთილგანწყობის გავლენის ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ზემოქმედების მქონეა. ჩვენ განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება აიხსნას განწყობის ფსიქოლოგიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, კეთილგანწყობის ზეგავლენის ეფექტი.  ეს ეფექტი შეიძლება განწყობის კონგრუენტულობის  კანონზომიერებით ავხსნათ. ადამიანი რომელიც ცდისპირს ჭკვიანად მიიჩნევს, განწყობის კონგრუენტულობიდან გამომდინარე, მას ლამაზად და ასევე სხვა დადებითი თვისებების მქონედაც მოეჩვენება. ამას გარდა, ასეთი ადამიანის მხარდაჭერა და დახმარებაც მოუნდება.  განწყობის კონგრუენტულობიდან გამომდინარე ადამიანის აზრი, ემოცია და მოქმედება ანუ აზროვნება, ნებელობა და ქცევა თანხვედრაში მოდის. თუ შემფასებელს სუბიექტი ჭკვიანად მიაჩნია მაშინ იგი ლამაზად და სხვა დადებითი თვისებების მქონედაც წარმოუდგენია. ასევე თუ შემფასებელს სუბიექტი სულელად მიაჩნია, მას სხვა უარყოფით ნიშან-თვისებებსაც მიაწერს. მაგალითად: ჩათვლის რომ ის უშნოა და ამორალური.

ადამიანი სოცილური ურთიერთობების პროცესში ყალიბდება. ამ დროს ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა ინდივიდთა მონაწილეობით ხორციელდება. პიროვნება თავის აქტივობის პროცესში ორიენტირებულია არა მარტო თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ ანგარიშს უწევს სხვათა მოთხოვნილებებს. როგორც ვნახეთ, სოციუმი მართლაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის განწყობებზე, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც სოციუმი ვერ ახდენს გავლენას ადამიანის განწყობაზე, ქცევაზე.

მასალა მოამზადა: ხატია გოგოლაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 17 18 19 20
Page 19 of 20