ახალშობილი
დაბადების პირველი დღიდანვე უნდაგაკონტროლდეს ბავშვის წონა, სიმაღლე და მისი გარშემოწერილობა, რადგანაც ფიზიკური ზრდა ჯანმრთელობის კარგი ინდიკატორია. ნორმალური ზრდა-განვითარება კარგ ზოგად ჯანმრთელობაზე მიანიშნებს, ხოლო ზრდაში შეფერხება შესაძლოა პრობლემების მაჩვენებელი იყოს.
ახალშობილის წონა
დროული ახალშობილების (დაბადებული 37-42 კვირაზე) უმეტესობა იწონის 2,500 გ-დან 4000 გ-მდე.
ბავშვის დაბადების წონაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ბავშვის წონა დამოკიდებულია გესტაციის ასაკზე, დროული ბავშვის წონა უფრო მეტია ვიდრე დღენაკლულის.
სხვა ფაქტორებია:
მშობლების სიმაღლე – მაღალ მშობლებს უფრო დიდი ბავშვები უჩნდებათ.
ტყუპები – ორი ტყუპის ან მეტის გაჩენა განაპირობებს ახალშობილების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებ წონას, ასევე ისინი ხშირად ჩნდებიან დროზე ადრე, რაც თავის მხრივ განაპირობებს მცირე მასას.
მშობიარობის რიგითობა – პირველი მშობიარობისას ბავშვს უფრო მცირე წონა აქვს, ხოლო მისი მომდევნო და-ძმა უფრო დიდები იბადებიან.
სქესი – ბიჭები უფრო დიდები არიან ვიდრე გოგონები, თუმცა დაბადებისას ეს განსხვავება უმნიშვნელოა.
დედის ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში – ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დაბადებისას მცირე წონას მოიცავს: დედის მაღალი წნევა, გულის პრობლემები, სიგარეტის, ალკოჰოლის ან არალეგალური მედიკამენტების მოხმარება ორსულობის პერიოდში. თუ დედას აქვს დიაბეტი, შესაძლოა ბავშვი დიდი მასით დაიბადოს.
კვება ორსულობისას – დედის კვება ორსულობის განმავლობაში გავლენას ახდენს ახალშობილის წონასა და ზრდაზე.
ბავშვის ჯანმრთელობა – სხვადასხვა სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა თანდაყოლილი მანკები და ორსულობისას შეძენილი ინფექციები, გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზე.
დღენაკლული ბავშვის ზრდა განვითარება
დღენაკლული ბავშვების წონა და სიმაღლე შედარებით ნაკლებია. მათი დაყოფა ხდება მცირე მასის მქონე და ძალიან მცირე მასის მქონე ახალშობილებად. დაბადების მცირე წონად ითვლება <2500 გ, დაბადების ძალიან მცირე წონა არის <1500 გ.
ნორმალური ზრდა–განვითარება
ბავშვები იბადებიან სითხის დიდი რაოდენობით, ამიტომ დაბადების შემდეგ წონის დაკლება ნორმალურია. ჯანმრთელი ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში კარგავს დაბადების წონის 7-10%, რომლის აღდგენა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვის წონა იმატებს 30 გრამით ყოველდღიურად (საშუალოდ 600 გ/თვეში).
პირველი თვის განმავლობაში სიმაღლეში მატება ხდება 2.5-3.8 სმ-ით. ახალშობილები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან 7-10 დღეზე და 3-6 კვირის ასაკში.
დროული ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-36 სმ-ია, პირველი თვის ბოლოს – დაახლოებით 38 სმ.
1-3 თვე
სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვები სწრაფად იმატებენ წონასა და სიგრძეში. 1-3 თვის ასაკში ბავშვი აგრძელებს სწრაფი ტემპით მატებას. ის სიგრძეში იზრდება საშუალოდ 2.5-3.8 სმ-ით ყოველ თვეში. თავის გარშემოწერილობა პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მატულობს 2 სმ-ით.
ამ პერიოდში წონის ნამატი დაახლოებით დღეში 25 გ-ია. პედიატრი ახდენს ბავშვის წონის, სიგრძის და თავის გარშემოწერილობის დადგენას და ამ მონაცემების სტანდარტული ზრდის მრუდზე გადატანას (გოგონების და ბიჭების მრუდები განსხვავებულია).
თუ თქვენი ბავშვი დღენაკლულია, მაშინ მას უფრო ხშირი შეფასება და კონტროლი სჭირდება, ვიდრე დროულს.
თუ თქვენი ბავშვის ზრდა-განვითარება ჩამორჩება ნორმას, ექიმი შეეცდება დაადგინოს თუ როგორია მისი კვება:
– დღეში რამდენჯერ იკვებება თქვენი ბავშვი – ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8-12-ჯერ იკვებებიან, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები კი უფრო ნაკლები სიხშირით – ყოველ 3-4 საათში.
– რამდენს იღებს თქვენი ბავშვი ყოველ კვებაზე – პირველი ერთი თვის განმავლობაში ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი დაახლოებით 90-120 მლ საკვებს იღებს ერთ კვებაზე და 30 მლ-ით მეტს ყოველ შემდგომ თვეზე.
– ბავშვი ყველაზე მცირე 4-6 ჯერ უნდა შარდავდეს დღეში. დეფეკაციის (კუჭში გასვლა) სიხშირე დამოკიდებულია კვების ტიპზე.
4-7 თვე
4 თვის ასაკიდან ბავშვები თვეში დაახლოებით 450-560 გ-ს იმატებენ. 4-5 თვის ასაკისთვის ისინი აორმაგებენ დაბადების წონას. ამ ასაკისთვის ზუსტი რიცხვი თუ რამდენს უნდა იწონიდეს ბავშვი, მოცემული არ არის. მთავარია მისი წონაში მატება მუდმივად ხდებოდეს.
თავის გარშემოწერილობა 4 დან 6 თვემდე თვეში დაახლოებით 1 სმ-ით იმატებს. სიმაღლეში იზრდებიან დაახლოებით 5 სმ-ით თვეში.
ბავშვის საკვები უნდა იყოს სასარგებლო და ნოყიერი, და არა მხოლოდ კალორიების შემცველი. ხილის წვენის მიცემა რეკომენდებულია 4-6 თვიდან. უმჯობესია 100%-იანი ხილის წვენი. გაასინჯეთ ბავშვს ბოსტნეულისა და ხილის პიურე, შაქრის დამატების გარეშე.
8-12 თვე
თქვენი ბავშვი იცვლება და ვითარდება, დაცოცავს და 12 თვისთვის შესაძლოა დადიოდეს კიდეც. ამასთან ერთად ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჭამას.
1 წლის ასაკისთვის ბავშვების უმეტესობა ასამმაგებს დაბადების წონას და სიმაღლეში იმატებს 25 სანტიმეტრით. თუმცა პირველი წლის მეორე ნახევარში ზრდა ნელდება, უქვეითდება მადაც.
თავის გარშემოწერილობა 7-დან 12 თვემდე ასაკში ყოველთვიურად იმატებს 0,5 სმ-ით.
ხშირად მშობლები წუხან ბავშვის კვებაზე, ჰგონიათ რომ ის ცუდი მჭამელია. უმეტესად ბავშვები იმდენ საკვებს იღებენ, რამდენიც შიმშილს დაუკმაყოფილებთ. ყველაზე სანდო ამ შემთხვევაში თქვენი ბავშვის ზრდის მრუდია. თუ ამ მრუდის მიხედვით თქვენი ბავშვი მუდმივად იზრდება, მღელვარების საბაბი არ არსებობს.
თუ შეამჩნიეთ ზრდაში შენელება ან წონის კლება, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
– ხომ არ იყო ბავშვი ავად. 2 დღიანი უჭმელობა, განსაკუთრებით თუ თან ახლდა ღებინება ან დიარეა, მოგცემთ წონაში კლებას, რომელიც გამოჯანმრთელებისთანავე აღდგება.
– თუ თქვენმა ბავშვმა დაიწყო ხოხვა, და სიარული, ასეთი აქტივობის ფონზე ბავშვის წონის ნამატი დიდი აღარ იქნება.
– ბავშვს შესაძლოა კოვზით თამაში უფრო აინტერესებდეს, ვიდრე ჭამა, ამიტომ ეცადეთ კვების დროს ხელისშემშლელი ფაქტორები მინიმალური იყოს.
– ზოგჯერ საჭიროა საკვების ტიპის შეცვლა, ეცადეთ განსხვავებული ტექსტურის და უფრო მრავალფეროვანი საკვები გაასინჯოთ ბავშვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდა შედარებით შენელებულია 8-12 თვისთვის, ის მაინც უნდა მიჰყვებოდეს თავისი ასაკის შესაბამის ზრდის მრუდს.
ყურადღება მიაქციეთ ჭარბ წონასაც. ეცადეთ დროულად მიხვდეთ, რომ ბავშვი დანაყრდა. ასევე, დარწმუნდით რომ ბავშვის საკვები რაციონი მდიდარია საჭირო ნივთიერებებით და არა მხოლოდ კალორიებით. შეზღუდეთ მაღალკალორიული წვენები. ეცადეთ ბავშვი წაახალისოთ თამაშით, რათა მან უფრო მეტი იმოძრაოს. თუ თვლით, რომ თქვენს ბავშვს ზედმეტი წონა აქვს, მიმართეთ ექიმს.
1-2 წელი
ამ პერიოდში ბავშვები უკვე დადიან და იწყებენ ლაპარაკს. მათი ზრდის ტემპი იკლებს. თქვენმა ბავშვმა შესაძლოა მოიმატოს 2 კილოგრამი და გაიზარდოს 10-12 სმ-ით. 2 წლისთვის ბავშვების სიმაღლე მათი მოზრდილობის ასაკის სიმაღლის ნახევარია, ხოლო თავის გარშემოწერილობა მოზრდილობის ასაკის 90%-ს შეადგენს. ბიჭები ოდნავ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე გოგონები, ხოლო სიმაღლე დაახლოებით თანაბარია.
სხეულის პროპორციები შესამჩნევად იცვლება, მომატებული ფიზიკური აქტივობის გამო კუნთოვანი მასაც იმატებს.
სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად ჭამას. მათი მადა და საკვების მიმართ ინტერესი ქვეითდება. ნელდება მათი ზრდის ტემპიც.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”