close

კვლევები

კვლევებიმსოფლიო

ბოლო 30 წელიწადში მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 80%-ით გაიზარდა

ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 50 წლამდე ასაკის მოსახლეობაში კიბოს შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც უკვე უწოდეს რევოლუციური და რომელიც ჟურნალ BMJ Oncology-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სარძევე ჯირკვლის, ფილტვის, კუჭისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეების სტატისტიკაში. ამიტომ კვლევის ავტორები მოუწოდებენ მოსახლეობას, მეტი ყურადღებით მოეკიდონ ცხოვრების წესის შეცვლას და ადრეული სკრინინგისადმი მიმართვას.

ერთობლივი კვლევა განხორციელდა ჩინეთის ჩეციანზის უნივერსიტეტის ფაკულტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მონაწილეობით.

კვლევის თანახმად, 1990-დან 2019 წლებამდე პერიოდში 50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბოს ახალი შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 79%-ით გაიზარდა.

მეცნიერები ამ ცვლილებების მიზეზებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მას კვების თავისებურებებს, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირებენ.

„ჯანსაღი კვების პროპაგანდას, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას (მათ შორის აქტიური დასვენების სუფთა ჰაერზე) შეუძლია შეამციროს ადრეული კიბოს ტვირთი,“ – ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარების ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ სკრინინგის პროგრამებისა და პროფილაქტიკის გაფართოება შესაძლებელია და საჭიროა მათში ადამიანების 40 წლიდან ჩართვა.

ეს საგანგაშო ტენდენცია უკვე გაითვალისწინა ამერიკამ, სადაც პროფილაქტიკური სერვისების სამუშაო ჯგუფმა კიბოს სკრინინგის დაწყების ასაკი 50-დან 45 წლამდე დასწია. ამასთან, უწყება ამზადებს რეკომენდაციას, სარძევე ჯირკვლის სკრინინგის დაწყების ასაკი 50-ის ნაცვლად 40 წელი იყოს.

საქართველოში წლებია, სახელმწიფო კიბოს გარკვეული სახეობების სკრინინგს მოქალაქეებს სრულად, 40 წლის ასაკიდან უფინანსებს.

 

ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილების 40%-ს ჩაანაცვლებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ, შეიძლება, მსოფლიოში სამუშაო ადგილების 40% შეამციროს. ზოგიერთი სამუშაო კი, შეიძლება, საერთოდ გაქრეს.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ მოუწოდა მთავრობებს, შექმნან სოციალური უსაფრთხოების ქსელები და გადამზადების პროგრამები ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

 

„ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, გააღრმავებს უთანასწორობას, ამიტომ პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა იზრუნონ, რომ ამ ტექნოლოგიამ არ გამოიწვიოს სოციალური დაძაბულობა,” – წერს იგი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ, სადაც AI ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.

 

გეორგიევას თქმით, ხელოვნური ინტელექტის გავლენა გაცილებით უფრო დიდი იქნება მოწინავე ეკონომიკებში, ვიდრე განვითარებად ბაზრებზე. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდება, რომ „თეთრსაყელოიანი” თანამშრომლები უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ, ვიდრე მუშები.

„ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს შეუძლიათ გადაჭრან ადამიანების წინაშე არსებული ძირითადი ამოცანები. ამან შეიძლება შეამციროს მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ხელფასების და  დაქირავებულთა რაოდენობის შემცირებას“, – წერს გეორგიევა IMF-ის ანალიზზე დაყრდნობით.

 

გეორგიევა ასევე აღნიშნავს AI-ის გამოყენებით წარმოების და შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს.

 

„AI გარდაქმნის გლობალურ ეკონომიკას,” – წერს იგი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ჰეპატიტის მკურნალობა ხელს უშლის სისხლის საკმაოდ გავრცელებული სიმსივნის პროგრესს – ახალი კვლევა

რამდენიმე წლის წინ, ერთი პაციენტი, რომელსაც სისხლის კიბო, სახელად მრავლობითი მიელომა ჰქონდა, მნიშვნელოვნად გამოჯანმრთელდა. ამ შემთხვევამ მკვლევართა ყურადღება მიიქცია, რომლებიც ფრიად გააოცა იმ ფაქტმა, რომ პაციენტი სულ სხვა დაავადებაზე მკურნალობდა.

პოტენციური კავშირისადმი ინტერესმა ესპანელი და ფრანგი მკვლევრები გააერთიანა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) დაკავშირებულია მრავლობითი მიელომისა და ადრეული არასიმსივნური ეტაპის, სახელად მონოკლონური გამოპათიის განვითარებასთან.

მათი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ B და C ჰეპატიტის ადრეული დაფიქსირება ექიმებს შეიძლება დაეხმაროს მონოკლონური გამოპათიის კიბოდ გადაქცევის პრევენციაში, თუკი ამ ვირუსული ინფექციების მკურნალობას დაიწყებენ.

„ვაჩვენეთ, რომ ანტივირუსული თერაპია აუმჯობესებს B ჰეპატიტის მქონე მრავლობითი მიელომის პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელს. ჩვენი კვლევა დიდ კოჰორტაში ასევე ადასტურებს, რომ ანტივირუსული მკურნალობა მრავლობითი მიელომის მდგომარეობას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებშიც აუმჯობესებს“, — წერენ ესპანეთის ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკური კვლევების გაერთიანების ბიოსამედიცინო მეცნიერი ალბა როდრიგეს-გარსია და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

მრავლობითი მიელომა არის კიბო, რომელიც ძვლის ტვინში პლაზმის არანორმალური უჯრედებისგან ვითარდება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, პლაზმის უჯრედები არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ინფექციებთან საბრძოლველ ანტისხეულებს წარმოქმნის. დაავადება მრავლობითი სიმსივნეებით ხასიათდება.

პლაზმის არანორმალური უჯრედები მრავლდება და ზედმეტად ბევრ ერთი სახის ანტისხეულს წარმოქმნის, რომელიც თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირია. ამ ანტისხეულს მიელომის ცილას უწოდებენ და კიბოს მანიშნებელ ბიომარკერად იყენებენ.

მრავლობით მიელომამდე არის ადრეული ეტაპები, რომლებსაც გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონურ გამოპათიას (MGUS) და გაღვივებად მიელომას (SMM) უწოდებენ.

მრავლობითი მიელომის მკურნალობამ პროგრესი განიცადა, მაგრამ დაავადება დღემდე მაინც განუკურნებლად მიიჩნევა.

ზოგიერთი კვლევა გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონურ გამოპათიას (MGUS) და მრავლობით მიელომას გარკვეული ნივთიერებების (მაგალითად, ვირუსული ქვეპროდუქტები) ქრონიკულ ზემოქმედებას უკავშირებს. კვლევები გრძელვადიან ინფექციებს ასევე უკავშირებს ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიას და ლიმფომას — ორ დაავადებას, რომლებშიც ჩართულია ანტისხეულების ამომცნობი რეცეპტორები.

მკვლევრებმა ასევე იპოვეს კავშირები მრავლობით მიელომასა და სხვა ვირუსულ ინფექციებს შორის, მაგალითად, აივ-ინფექციასთან და ეპშტაინ-ბარის ვირუსთან. დაავადების კონტროლში შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენა, თუ რაზე შეტევას ცილობენ პაციენტის ანტისხეულები.

ამავე ჯგუფმა 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც C ჰეპატიტისა და იმავდროულად მონოკლონური გამოპათიის მქონე ცხრა პაციენტზე ჩაატარეს. მათ, ვისაც ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობდნენ, გაცილებით დიდი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მდგომარეობის თვალსაზრისით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ასე არ მკურნალობდნენ.

კიდევ უფრო შემაგულიანებელია, რომ ამ პაციენტთაგან ერთ-ერთზე, მრავლობითი მიელომის მქონე ადამიანზე ჩატარებულმა ანტივირუსულმა მკურნალობამ ის გრძელვადიან, სრულ რემისიაში გადაიყვანა, რაც სულ მცირე ოთხ წელიწადს გაგრძელდა.

როდრიგეს-გარსია და მისი ჯგუფის ახალ კვლევაში მონოკლონური გამოპათიისა და B ჰეპატიტის მქონე 45 პაციენტი იყო ჩართული. შემთხვევათა 36,7 პროცენტში მათ შეძლეს დაედგინათ წარმოქმნილი ჭარბი ანტისხეულების ტიპი, ის კონკრეტულად B ჰეპატიტის ვირუსს იღებდა მიზანში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ გამოპათიას სწორედ B ჰეპატიტის ვირუსი მართავდა. ანტივირუსული პრეპარატების მიღების შემდეგ, ორ პაციენტში გამოპათიის პროგრესი შეჩერდა.

ამის შემდეგ, მათ უფრო დიდი ჯგუფი შეისწავლეს, რომელიც მრავლობითი მიელომისა და პარალელურად B ან C ჰეპატიტის მქონე 2500 პაციენტისგან შედგებოდა. ორივე ჯგუფში აღმოაჩინეს, რომ გადარჩენის უფრო მაღალი შანსი მათ ჰქონდათ, ვინც ანტივირუსულ საშუალებებს იღებდა.

„ეს კვლევა წარმოაჩენს ანტივირუსული მკურნალობის მნიშვნელობას B და C ჰეპატიტის ვირუსების მიერ მართული კლონური გამოპათიების, მათ შორის, მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის. ანტივირუსული თერაპია რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს“, — წერენ მკვლევრები.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

2050 წლისთვის, სიმსივნის შემთხვევების 77%-ით გაზრდას ვარაუდობენ – WHO

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ონკოლოგიური კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) პროგნოზის თანახმად, სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ შესაძლოა, 2050 წლისთვის 35 მილიონსგადააჭარბოს.

ეს რიცხვი 2022 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 20 მილიონს, 77%-ით აღემატება. ზრდის მსგავსი მოსალოდნელი ტენდენციის მიზეზად სპეციალისტები თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ჰაერის დაბინძურებასა და სიმსუქნეს ასახელებენ.

ამ პროგნოზის მიხედვით, ონკოლოგიური პაციენტების რიცხვის უდიდესი ზრდა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდება. მსგავს სახელმწიფოებში, 2022 წელთან შედარებით, 2050 წლისთვის 4.8 მილიონი ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი.

ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი პროცენტული სხვაობა, სავარაუდოდ, ადამიანის განვითარების ინდექსის მხრივ ბოლო ადგილებზე მყოფ ქვეყნებში გამოვლინდება. კერძოდ, იქ დაავადებულთა რაოდენობის 142%-მდე მატებაა მოსალოდნელი, საშუალო ინდექსის მქონე სახელმწიფოებში კი – 99%-მდე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, როგორ აღწევს აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში

მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს — დაადგინეს, როგორ არღვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, იგივე აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვს, რაც შემდეგ მას გამრავლებისა და გავრცელების საშუალებას აძლევს.

ეს პროცესი ამ დრომდე გარკვეულწილად ბურუსით იყო მოცული. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს აივ-ინფექციისა და სხეულზე მისი გავლენის უკეთესად შესწავლას. საბოლოოდ კი, ამან უკეთესი სამკურნალო საშუალებების შექმნა უნდა განაპირობოს.

იმის გასარკვევად, ზუსტად როგორ შედის აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში, მეცნიერებმა სიმულაციები ათასობით ცილაზე ჩაატარეს — აკვირდებოდნენ აივ-ის კაფსიდს (ვირუსის ცილოვანი გარსი) და უჯრედის ბირთვის ფორის კომპლექსს, ანუ ერთგვარ „საფოსტო ყუთს“, რომლის მეშვეობითაც იგზავნება და მიეწოდება გენეტიკური ინფორმაცია.

„ფორის კომპლექსი აპარატის საოცარი ნაწილია. თქვენი უჯრედის ბირთვში ყველაფერს არ უშვებს, თორემ ნამდვილად ცუდ დღეში აღმოჩნდებოდით. თუმცა, რაღაცები მაინც ეპარება. აივ-ის კაფსიდმა როგორღაც გაარკვია, როგორ შეაღწიოს მასში. პრობლემა ისაა, რომ ამას მოქმედებაში ვერ ვუყურებთ: ნამდვილი საგმირო ექსპერიმენტული ძალისხმევა უნდა გაიღო, რომ სულ ერთი მომენტი მაინც დააფიქსირო რეალურ დროში“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი გრეგორი ვოთი.

სიმულაციებმა ცხადყო, რომ აივ-ის კაფსიდი ჯერ იჭრება ყველაზე პატარა დაბოლოებაში, შემდეგ კი იყენებს ე. წ. ელექტროსტატიკურ კბილანას. მკვლევრები ამას მანანის ღვედს ადარებენ, რომელიც სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ეჭირება.

კიდევ ერთი საკვანძო აღმოჩენა ის იყო, რომ კაფსიდისა ფორის ელასტიკურობა და დეფორმაცია გადამწყვეტია კაფსიდის შესასვლელად. კაფსიდი ივითარებს ნაკლებად მოწესრიგებული მოლეკულების მქონე რეგიონებს, რათა დაიტიოს ზედმეტი წნევა; მკვლევართა აზრით, სწორედ ამან შეიძლება ახსნას მათი კონუსის მსგავსი ფორმა.

ამ დრომდე, მეცნიერები დარწმუნებული არ იყვნენ, რჩებოდა თუ არა კაფსიდი სრულად ხელუხლებელი, როცა ის ფორის კომპლექსში შედიოდა. უკეთესი ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ, ხელს შეუწყობს უჯრედულ ურთიერთქმედებათა უკეთესად შესწავლას.

„ვფიქრობ, ეს მოდელირება ასევე გვაძლევს ახალ გზას იმის გასაგებად, თუ რამდენი რამ აღწევს ბირთვში, არა მხოლოდ აივ-ი“, — ამბობს ვოთი.

ეს მხოლოდ ერთი გზაა ინფექციის პროცესში არსებული რამდენიმედან, მაგრამ მიჩნეულია, რომ სწორედ ისაა გადამწყვეტი გზა, რომლითაც აივ-ინფექცია საკუთარ თავს ინარჩუნებს მასპინძლის სხეულში. თუკი ამ გზის შეჩერებას შევძლებთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ამ ვირუსისგან სრულად განკურნების გზის პოვნისკენ.

სამკურნალო საშუალება, რომელიც როგორღაც შეაფერხებს ინფიცირების ამ მზაკვრულ მეთოდს, შეამცირებს აივ-ინფექციის გადარჩენის შანსს; როგორც მკვლევრები ამბობენ, არსებობს ამის რამდენიმე პოტენციური გზა.

„მაგალითად, შეგვიძლია ვცადოთ, რომ აივ-ის კაფსიდი ნაკლებად ელასტიკური გავხადოთ, რაც როგორც ჩვენი მონაცემები მიუთითებს, შეაფერხებს უჯრედის ბირთვში მისი შესვლის უნარს“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი არპა ჰუდაიტი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

ისტორიაში პირველად, ადამიანის ტვინის ქსოვილი 3D პრინტერის გამოყენებით შექმნეს

და აი ისიც, მეცნიერებმა 3D პრინტერის გამოყენებით ადამიანის ტვინის ქსოვილი დაბეჭდეს. მკვლევრებს ეს ადამიანის ტვინის ფუნქციის შესწავლაში გამოადგებათ.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, დაბეჭდილ ქსოვილს შეუძლია “იზრდებოდეს და ფუნქციონირდეს ტიპური ტვინის ქსოვილის მსგავსად”.

3D პრინტერით დაბეჭდილი ტვინის ქსოვილი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური და ნეიროგანვითარების პრობლემების შესასწავლად, მათ შორის ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების.

„ეს შეიძლება იყოს ისეთი მოდელი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ ტვინის უჯრედები და ტვინის ნაწილები ადამიანებში. ამას შეუძლია შეცვალოს ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მრავალი ნევროლოგიური აშლილობის პათოგენეზის აღქმა”, – თქვა სუ-ჩუნ ჟენგმა, ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის პროფესორმა.

ჰორიზონტალური 3D ბეჭდვის მიდგომის გამოყენება
ჩვეულებრივი ვერტიკალური ფენების მეთოდის გამოყენების ნაცვლად, მკვლევრებმა ინოვაციურ ჰორიზონტალურ 3D ბეჭდვის მიდგომას მიმართეს.

ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი ნეირონები რბილი ბიო-მელნის გელის მასალაში მოათავსეს. ეს მათი ზრდისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მათ განზრახ შეინარჩუნეს ქსოვილის სიმკვრივე, რათა უზრუნველყონ ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების ოპტიმალური გამომუშავება ნეირონებისთვის.

მრავალშრიანი ბეჭდვა საშუალებას აძლევდა უჯრედებს შეექმნათ კავშირები, რის შედეგადაც გაჩნდა ისეთი ქსელები, როგორიც ადამიანის ტვინშია.

ამ ქსელებში ნეირონები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან სიგნალების გაგზავნის სახით. ეს კომუნიკაცია ხდება ნეიროტრანსმიტერების, ქიმიური მესენჯერების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ სიგნალების გადაცემას ნეირონებს შორის.

„ის რაც შედეგად აღმოვაჩინეთ გასაოცარია. მაშინაც კი, როდესაც ვბეჭდავდით სხვადასხვა უჯრედებს, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ტვინის სხვადასხვა ნაწილს, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთთან კონტაქტი განსაკუთრებული და სპეციფიკური გზით”, – თქვა ჟენგმა პრესრელიზში.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს უჯრედების ტიპები და განლაგება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

საჭმლის მომნელებელ სისტემაში სიცოცხლის სრულიად ახალი ფორმა აღმოაჩინეს

ჩვენს შიგნით მცხოვრები მიკრობების შესწავლისას, მკვლევრები ვირუსის მსგავსი ობიექტების სრულიად ახალ კლასს წააწყდნენ.

„ეს გადასარევია. რაც უფრო ღრმად ვიხედებით, მით უფრო მეტ უცნაურობას ვხედავთ”, — თქვა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის უჯრედულმა ბიოლოგმა, მარკ პეიფერმა.

გენეტიკური მასალის ამ იდუმალ ნაწილებს არ აქვთ შესამჩნევი თანმიმდევრობა ან თუნდაც სტრუქტურული მსგავსება, რომელიც ცნობილია სხვა ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის.

შესაბამისად, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ივან ჟელუდევი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენა შესაძლოა სულაც არ იყოს ვირუსი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად ახალი ჯგუფია.

„ობელისკები რნმ-ების მრავალფეროვან კლასს მოიცავს. ისინი ამდენი ხანი შეუმჩნეველი იყვნენ”, — წერენ მკვლევრები ნაშრომში.

სიცოცხლის ამ ფორმას ეს სახელი (ობელისკები) უაღრესად სიმეტრიული, ღეროს მსგავსი სტრუქტურების გამო დაერქვა. ობელისკების გენეტიკური თანმიმდევრობა მხოლოდ 1 000 სიმბოლოს (ნუკლეოტიდების) მოიცავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ ვერ შენიშნეს აქამდე ისინი.

კვლევაში ჟელუდევმა და მისმა ჯგუფმა აქამდე გამოქვეყნებული გენეტიკური თანმიმდევრობების 5,4 მილიონი მონაცემთა ნაკრები გააანალიზეს. შედეგად გამოავლინეს თითქმის 30 000 განსხვავებული ობელისკი. ისინი გამოჩნდნენ ადამიანის მიკრობიომების დაახლოებით 10-პროცენტში.

ერთ შემთხვევაში ობელისკები პაციენტის ორალური ნიმუშების 50-პროცენტში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ტიპის ობელისკები, როგორც ჩანს, გვხვდება ჩვენი სხეულის სხვადასხვა უბნებში.

„ეს ნიშნავს, რომ ობელსიკებს ადამიანის მიკრობიომში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სავარაუდოა, რომ ისინი ბაქტერიებშიც ფართოდაა გავრცელებული”, — აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, ჟელუდევმა და მისმა გუნდმა ვერ დაადგინეს ობელისკების რაიმე გავლენა მათ ბაქტერიულ მასპინძლებზე. მკვლევრებმა ჯერ ისიც არ იციან თუ როგორ ვრცელდებიან ისინი უჯრედებს შორის.

„ეს ელემენტები, შესაძლოა, არ იყოს ვირუსული ბუნების და უფრო დაკავშირებული იყოს რნმ-ის პლაზმიდებთან”, — აღნიშნულია კვლევაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძაღლებს შეუძლიათ დეპრესია განიცადონ – ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათდეპრესია განიცადონ.

ძაღლებში დეპრესიის ზოგიერთი ძირითადი ნიშანია „შემცირებული აქტივობის დონე და თამაშის სურვილის დაკარგვა“, პლუს მიჯაჭვულობა ან სოციალური გათიშვა. ასევე მადის დაკარგვა ან ცვლილება.

ორგანიზაციის ცნობით, „უხასიათო ღრიალი ან ყვირილი“ ძაღლების დეპრესიის კიდევ ერთი ნიშანია.

ძაღლებში დეპრესიის დიდი მიზეზი შეიძლება იყოს დანაკარგის განცდა. ძაღლებზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს გარემოს ცვლილებებმა, როგორიცაა ახალი შინაური ცხოველის ან ბავშვის დამატება, ან ისეთი რამ, როგორიც არის დეკორაციის ცვლილება.

პატრონთან განშორების შფოთვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.

როგორ შეუძლიათ პატრონებს დაეხმარნენ ძაღლს?

ძაღლის პატრონებმა შეიძლება შინაურ ცხოველებს დაუნიშნონ რუტინა, რასაც ყოველ დღეს მათთან ერთად გააკეთებენ. ორგანიზაციის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც ძაღლის დეპრესიული განწყობა დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლება.

შესაძლოა მედიკამენტის დანიშვნაც. ეს შეიძლება საჭირო იყოს ოთხიდან ექვს კვირამდე, რათა გამოჩნდეს ეფექტური ცვლილებები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მწვანე ჩაის დალევა დემენციის განვითარების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ

ექიმებმა დაადგინეს, რომ დღეში სამი ფინჯანი მწვანე ჩაის დალევა ხელს შეუწყობს დემენციის განვითარების რისკს.

დოქტორმა ედვარდ ოკელომ თქვა, რომ მწვანე ჩაის შეუძლია გააუმჯობესოს გონებრივი მუშაობა და ჯანმრთელობა, წერს  Independent.

პროფესორმა განმარტა, რომ მწვანე ჩაი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას ეპიგალოკატექინ გალატს, რომელიც კლავს ტვინის უჯრედებში არსებულ ფერმენტს, რომელიც აზიანებს მას.

რა სარგებელი მოაქვს მწვანე ჩაის?

მეცნიერთა აზრით, მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, მას ასევე შეუძლია გაგაბედნიეროს. გარდა იმისა, რომ ამცირებს გულის ფატალური დაავადებისა და ინსულტის რისკს, ამ სასმელს აქვს განწყობის გამაძლიერებელი მოქმედება.

„მეცნიერულად, მწვანე ჩაი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ინარჩუნებენ გონებას კონცენტრირებულად და ამავე დროს სიმშვიდეს“, – ამბობს ტვინის ჯანმრთელობის კვების ექსპერტი მეგი მუნი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

“გვაქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც დიდ იმედს გვაძლევს…” – მეცნიერებმა კიბოს „სუსტ წერტილს“ მიაგნეს

ზოგიერთ კიბოს მკურნალობენ იმუნოთერაპიით – წამლებით, რომლებსაც იყენებენ სხეულის ბუნებრივ თავდაცვად, კიბოს უჯრედებზე თავდასხმისთვის.

ახლა მეცნიერებმა იპოვეს წამლის ეფექტიანობის გაზრდის საშუალება – და ეს ყველაფერი სიმსივნის შიგნით არსებულ „ენერგეტიკულ ქარხნებს“ უკავშირდება.
ყველა ცოცხალი უჯრედი იკვებება სპეციალური „განყოფილებებით“, რომელსაც ეწოდება მიტოქონდრია და რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიტოქონდრიული დნმ-ის „გადატვირთვის“ შედეგად, მათ შეუძლიათ, ორ-ნახევარჯერ გააძლიერონ სიმსივნეზე წამლების რეაგირება.

მათ ეს გააკეთეს საერთო იმუნოთერაპიის პრეპარატზე, სახელწოდებით ნივოლუმაბი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მელანომა, ფილტვის კიბო, ღვიძლის კიბო და კოლორექტალური კიბო.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნივოლუმაბი ორ-ნახევარჯერ უფრო ეფექტიანი იყო, როდესაც სიმსივნეებს ჰქონდათ მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციების მაღალი დონე.

შოტლანდიისა და გლაზგოს უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ჯგუფის ლიდერმა, დოქტორ Payam Gammage-მა თქვა: „კიბო ჩვენი სხეულის დაავადებაა. იმის გამო, რომ კიბოს უჯრედები გარეგნულად ჯანმრთელ უჯრედებს ჰგავს, იმუნური სისტემის ამოცნობა და განადგურება რთული ამოცანაა.

„კიბოს უჯრედების ნახევარზე მეტს აქვს მუტაციები მიტოქონდრიულ დნმ-ში, მაგრამ როდესაც ჩვენ ლაბორატორიაში შევქმენით ეს მუტაციები, აღმოვაჩინეთ, რომ უჯრედები ყველაზე მუტაციური მიტოქონდრიული დნმ-ით იყო ბევრად უფრო მგრძნობიარე იმუნოთერაპიის მიმართ.

„ამ გამოკვლევით ჩვენ ახლა გვაქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს სრულიად ახალ მიდგომას კიბოს შესაჩერებლად“. – თქვა მან.

დოქტორ იან ფოლკესმა, CRUK-ის კვლევისა და ინოვაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: „ერთწლიანი შრომატევადი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, ჩვენ გამოვავლინეთ კიბოს მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი.

მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციები კიბოს საერთო ნაწილია და ამ გასაოცარ აღმოჩენას უსაზღვრო პოტენციალი აქვს“.

კვლევაზე ასევე მუშაობდა დოქტორი ედ რეზნიკი Memorial Sloan-Kettering Cancer Center-იდან, – ეს კვლევა ხსნის მთელ სამყაროს, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სიმსივნეების ენერგიის წყაროები, რათა დავამარცხოთ კიბო უფრო სწრაფად,” – დასძინა მან.

შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Cancer-ში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 108
Page 16 of 108