close

კვლევები

კვლევები

ხელოვნური ინტელექტი პარკინსონს სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე პროგნოზირებს — კვლევა

გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ინოვაციური სისხლის ტესტი და ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს. მათ ამით პარკინსონის დაავადების პროგნოზირება შეუძლიათ. მეთოდს დაავადების პროგნოზირება სიმპტომების გამოვლენამდე შვიდი წლით ადრე შეუძლია.

პარკინსონის დაავადება, ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომელიც ადამიანებს სულ უფრო ხშირად უვითარდებათ. მისი ადრეული დიაგნოსტიკა რთულია, მაგრამ ახალ კვლევას იმედისმომცემი შედეგები აქვს.

ამჟამად, პარკინსონის დიაგნოზი მოტორიკაზე დაკვირვებით ხდება. შესაბამისად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი უკვე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. თუმცა, ახალ მეთოდს ამ მხრივ რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს.

“დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ ტვინის უჯრედები სერიოზულად დაზიანდა, შემდგომში მათი აღდგენა ვეღარ ხერხდება”, — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი კევინ მილსი.

დაავადების ადრეული გამოვლენა ექიმებს ბევრად ადრე ჩარევის საშუალებას მისცემს.

Interesting Engineering-თან მილსმა განმარტა, რომ სისხლში ახალი ბიომარკერების აღმოჩენა შეძლეს. ეს მარკერები პარკინსონის განვითარებასთანაა დაკავშირებული. რაც მნიშვნელოვანია, პროგნოზირება 100-პროცენტიანი სიზუსტით მოხდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებსაც ძილის ქცევის დარღვევა (iRBD) აქვთ. iRBD პაციენტების დაახლოებით 75-80%-ს საბოლოოდ სინუკლეინოპათია უვითარდება, ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელსაც ალფა-სინუკლეინის ცილის დაგროვება ახასიათებს. ეს ცილა საბოლოოდ პარკინსონთანაა დაკავშირებული.

მკვლევრები პაციენტებს ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები გამართლდა, ჯგუფმა გამოავლინა 16 ადამიანი, რომლებსაც 7 წლის შემდეგ პარკინსონი განუვითარდათ.

“ეს ნიშნავს, რომ საკმურნალო თერაპია ადრეულ ეტაპზე ჩატარდება, რამაც შესაძლოა, შეანელოს დაავადების პროგრესირება ან სულაც, თავიდან აიცილოს მისი წარმოშობა”, — აღნიშნულია კვლევაში.

მილსის თქმით, იმისთვის, რომ ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, საჭიროა 18 თვიდან 5 წლამდე. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება დაფინანსებებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩატარდება შემდეგი კვლევები.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ტარდიგრადის ცილებს ადამიანის უჯრედებში მეტაბოლიზმის შენელება შეუძლია

ვაიომინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ლაბორატორიული ექსპერიმენტისას ტარდიგრადების, იგივე წყლის დათვების, ცილები ადამიანის უჯრედებში შეიტანეს, რამაც იქ მოლეკულური პროცესები შეანელა. ეს ნიშნავს, რომ ამ გასაოცარი მიკროსკოპული არსებების ცილების გამოყენება დაბერების პროცესთან შესაწინააღმდეგებლად და უჯრედების ხანგრძლივად შესანახად შეგვიძლია.

ტარდიგრადები, რომელთა ზომაც ნახევარ მილიმეტრზე ნაკლებია, გამძლეობით გამოირჩევიან, რადგან უკიდურესად მკაცრ პირობებში გადარჩენას ახერხებენ. ისინი ასეთ გარემოში ცხოველქმედებას დროებით აჩერებენ, შემდეგ კი ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან, რასაც ბიოსტაზი ეწოდება.

მაგალითად, წყლის დათვებს შეუძლიათ, რომ გადაურჩენ სრულად გამოშრობას, აბსოლუტურ 0-თან ახლო ტემპერატურაზე გაყინვასა და 148 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე გაცხელებას. ასევე, იმაზე ათასობით ძლიერ რადიაციულ დასხივებას, ვიდრე ადამიანი იტანს და კოსმოსურ ვაკუუმში ყოფნასაც კი.

ბიოსტაზის მდგომარეობის მისაღწევად ისინი სწორედ CAHS D-ის სახელით ცნობილ ცილებს იყენებენ, რომლებიც უჯრედებში ერთგვარ გელს წარმოქმნის. შედეგად, სასიცოცხლო პროცესები ნელდება.

“როდესაც ეს ცილები ადამიანის უჯრედებში შევიტანეთ, ისინი გელად გარდაიქმნა და მეტაბოლიზმი ზუსტად ისე შეანელა, როგორც ტარდიგრადებში. მათ მსგავსად, თუ ადამიანის უჯრედებსაც ბიოსტაზის მდგომარეობაში გადაიყვან, სტრესის მიმართ ისინიც მეტად გამძლე გახდება და წყლის დათვების ზოგიერთ უნარს მიიღებს”, — აცხადებენ ავტორები.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიოსტაზის მაპროვოცირებელი სტრესის ფაქტორის მოხსნისას გელად გარდაქმნილი ცილები იშლება და ადამიანის უჯრედებში ისევ ნორმალური მეტაბოლიზმი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პროცესი შექცევადია, როგორც ამ არსებებში.

“ჩვენი შედეგები გზას უხსნის ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უჯრედების ან მთლიანი ორგანიზმების ბიოსტაზში გადაყვანაზეა კონცენტრირებული, რათა დაბერება შეანელოს და [მედიკამენტების] სტაბილურობა გაზარდოს ან [უჯრედების] შენახვა გააუმჯობესოს”, — ამბობენ სპეციალისტები.

მათმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დათვების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცილების გამოყენება ჰემოფილიისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეგვიძლია ისე, რომ მათი გაყინვა აღარ იყოს საჭირო.

რაც შეეხება ახალ ნაშრომს, ის გამოცემაში Protein Science გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა კალციუმზე მომუშავე ბატარეა შექმნეს, რომელიც დამუხტვის 700 ციკლს უძლებს

ჩინელმა მეცნიერებმა კალციუმზე მომუშავე ბატარეა შექმნეს, რომელიც დამუხტვისა და განმუხტვის 700-ამდე სრულ ციკლს გადის ოთახის ტემპერატურაზე. ამ ტიპის ტექნოლოგიას ასეთი მაჩვენებლისათვის აქამდე არასდროს მიუღწევია. მკვლევართა განცხადებით, მათი მოწყობილობა ბოჭკოებშიც შეიძლება ინტეგრირდეს და მოქნილი ტექსტილური ბატარეა შეიქმნას სმარტფონებისთვის.

მსოფლიოში ყველაზე ფართოდ ლითიუმ-იონური ბატარეები გამოიყენება, რადგან ისინი კომპაქტური ზომისაა და მასასთან შედარებით დიდ ენერგიას იტევს. მეორე მხრივ, მათი მეშვეობით სხვადასხვა სექტორის უზრუნველსაყოფად ლითიუმის საიმედო მარაგია საჭირო.

კვლევის თანახმად, შესაძლოა, კალციუმზე მომუშავე ბატარეები ლითიუმ-იონურ ელემენტებზე მეტად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იყოს. საგულისხმოა, რომ ეს ორი ტევადობით დიდად არ განსხვავდება. მეორე მხრივ, კალციუმი ლითიუმთან შედარებით 2 500-ჯერ უფრო გავრცელებულია დედამიწაზე.

ნაშრომის მიხედვით, კალციუმზე მომუშავე ბატარეებს შორის ტევადობის ყველაზე უკეთესი პოტენციალი კალციუმ-ჟანგბადის (Ca-O2) სისტემებს აქვს. ეს იმიტომ, რომ ბატარეა საწვავს ჰაერში არსებული ჟანგბადიდან იღებს და არა მასში შენახული მასალიდან.

Ca-O2 ბატარეებს ტევადობისა და დაბალი ფასის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კალციუმის სხვადასხვა ოქსიდს (CaOx) წარმოქმნის. მეორე მხრივ, საკმაოდ რთულია ისეთი Ca-O2ელემენტის შექმნა, რომელიც ხელახლა დაიმუხტება და თან ოთახის ტემპერატურაზე იმუშავებს. ეს იმიტომ, რომ მისი მუშაობის პროცესში განმუხტვის არააქტიური პროდუქტები წარმოიქმნება.

მარტივი სულაც არ ყოფილა ისეთი ელექტროლიტების (ბატარეის კომპონენტი, რომელიც დამუხტვასა და განმუხტვაზეა პასუხისმგებელი) პოვნა, რომლებიც ჟანგბადსა და საკმაოდ რეაქტიული კალციუმის ანოდს ერთდროულად გაუმკლავდება. ელექტროლიტს კალციუმის რეაქციები არ უნდა გამოეწვია და ამით ბატარეის ტევადობას არ უნდა შეეზღუდა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა ინოვაციური მიდგომა შეიმუშავეს და თხევადი ელექტროლიტი შექმნეს, რომელიც კალციუმსაც ერგება და ჟანგბადსაც.

მათ მიერ დამზადებული ბატარეა შესაძლებელია, მოქნილ ბოჭკოებშიც ინტეგრირდეს. სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით მეცნიერებმა ეს ბოჭკოვანი ბატარეები ტექსტილებში ჩაწნეს. დადგინდა, რომ ელემენტი სტაბილურობას ნულიდან 180 გრადუსამდე მოღუნვის დროსაც კი ინარჩუნებს. მაშასადამე, მიღებული ელემენტი მოქნილია და არაერთ ელექტრონულ მოწყობილობაში შეიძლება გამოვიყენოთ, მათ შორის მობილურ ტელეფონებშიც.

ბატარეის ტევადობა და ფუნქციონირება ამჟამად შეზღუდულია, თუმცა მკვლევრები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ მისი დახვეწა შესაძლებელი იქნება. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ, შესაძლოა, კალციუმის ბატარეები ალტერნატიული მასალებითაც შეიქმნას.

მიღწევა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა სამომავლოდ ენერგიის შენახვისთვის უფრო გამძლე და ეფექტიანი საშუალებები გვქონდეს.

ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ექვსი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებმა ცხოვრებისეულ 6 ფაქტორზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომელიც სიმსივნის ეპიდემიის განვითარებას უწყობს ხელს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას არაჯანსაღი დიეტა, სიმსუქნე, გარემოში არსებული ქიმიკატები, ანტიბიოტიკები, ალკოჰოლი და უმოძრაო ცხოვრების წესი უწყობს ხელს.

მეცნიერები ახალგაზრდებს ურჩევენ მოერიდონ ანტიბიოტიკების ხშირ მოხმარებას, წითელი ხორცი ჭამონ არაუმეტეს 3 ჯერ კვირაში, გამოიყენონ კონტრაცეპტივები (პრეზერვატივი) და მოერიდონ სპირტიანი სასმელების ხშირ მოხმარებას.

მკვლევრების ცნობით, სიმსივნის შემთხვევების 40%, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ 6 ფაქტორს უკავშირდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებით იკვებება

1950-იანი წლებიდან კაცობრიობა აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენებს. გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლები და სხვა პროდუქტები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ასევე ზღვებსა და ოკეანეებში. წყალში ბევრი პლასტმასის ნარჩენია, მაგრამ ინფორმაცია ყველგან განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო საუბრობს 170 ტრილიონ ნაწილაკზე, რომელთა წონაა 2 მილიონ ტონამდე. სხვა შეფასებით, პლასტმასის ნარჩენების მასა მსოფლიო ოკეანეში მინიმუმ 25 მილიონი ტონაა. დაბინძურება შედის თევზის და სხვა ცხოველების სხეულში, რაც იწვევს მათ გადაშენებას. პლანეტის სრული დაბინძურებისგან გადასარჩენად მეცნიერები ავითარებენ წყლის ნარჩენებისგან გაწმენდის სხვადასხვა გზებს. ცოტა ხნის წინ, გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა შეძლეს შეექმნათ ახალი ტიპის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პლასტმასით იკვებება. როგორ მოახერხეს მათ ახალი ჯიშის მიკრობების გაზრდა?

სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში, მეცნიერებმა შეაჯვარეს ორი ტიპის ბაქტერია. პირველი სახეობაა Vibrio natriegens, რომელიც სწრაფად მრავლდება მარილიან წყალში. მეორე ტიპის ბაქტერია, Ideonella sakaiensis, წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, დაშალოს პლასტმასა და მიირთვას იგი საკვებად.
სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა აიღეს ბაქტერია Ideonella sakaiensis და იზოლირებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პლასტმასის დაშლაზე. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით ისინი შეიყვანეს ბაქტერიაში Vibrio natriegens. ასე მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც კარგად ცურავს მარილიან წყალში და ანადგურებს პლასტმასას. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს შეუძლიათ პლასტმასის დაშლა მარილიან წყალში +30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ამჟამად გაურკვეველია გამოიყენებენ თუ არა ახალ ბაქტერიებს პრაქტიკაში. მეცნიერებს სურთ გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ რაიმე სასარგებლო, პლასტმასის დაშლისგან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ დროს შუშაში ორივე მიმართულებით მოძრაობა შეუძლია

დრო თითქოს ერთი მიმართულებით მიედინება. ჩვენ ვერასდროს ვხედავთ იმას, თუ როგორ მთელდება ძირს დავარდნილი და დამსხვრეული შუშა. თუმცა, ფიზიკოსებისთვის ეს არც ისე აშკარაა. განტოლებები, რომლებიც აღწერს მოძრაობას, მუშაობს ორივე მიმართულებით დროში.

ეს რას ნიშნავს? მაგალითად, მოძრავი ქანქარის ვიდეო ერთნაირად გამოიყურება, თუ მას უკუღმა გადაახვევთ. ჩვენ ვხედავთ დროს შეუქცევადს ბუნების კანონის — თერმოდინამიკის მეორე კანონის გამო. ეს კანონი გვეუბნება, რომ სისტემური ქაოსი ყოველთვის იზრდება. თუ გატეხილი შუშა თავისთავად გამთელდება, ქაოსი შემცირდება.

იგივე კანონი ვრცელდება მასალის დაძველებაზე. თუმცა, დარმშტადტის ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. მათ აღმოაჩინეს, რომ მოლეკულების მოძრაობა შუშაში ან პლასტმასში დროის მხრივ შეიძლება შეიცვალოს, თუ მას განსაკუთრებული კუთხით შეხედავთ.

ტილ ბოჰმერის ხელმძღვანელობით, დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგები Nature Physics-ში გამოაქვეყნეს.

დაძველების პროცესი შეიძლება აღიწეროს “მატერიალური დროის” სახელით.

ფოტო: Nature Physics

შუშის შიდა საათი

შუშა ან პლასტმასი დამზაებულია მოლეკულების გადახლართული ქსელისგან. ეს მოლეკულები მუდმივად მოძრაობენ და იცვლიან პოზიციებს. ისინი ყოველთვის ეძებენ ქვედა ენერგეტიკულ მდგომარეობას, რაც გავლენას ახდენს მასალის თვისებებზე დროთა განმავლობაში — მასალა “ბერდება”.

თუმცა, ამ პროცესს შეიძლება მილიარდობით წელი დასჭირდეს. მაგალითად, ეს ასეა ფანჯრის შუშის შემთხვევაში. “დაბერების” პროცესი შეიძლება აღიწეროს “მატერიალური დროით”. იფიქრეთ ასე: მასალას აქვს საათი, რომელიც კედლის საათისგან განსხვავებულად მიედინება. მატერიალური დრო იკლებს უფრო სწრაფად ან ნელა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად აწყობენ მასალის მოლეკულებს.

ეს კონცეფცია დაახლოებით 50 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მისი გაზომვა ვერ ხდებოა. დარმშტადტის მკვლევრებმა, პროფესორ თომას ბლოხოვიჩის ხელმძღვანელობით, ეს პირველად შეძლეს.

გასაოცარი აღმოჩენა

“ეს დიდი გამოწვევა იყო. პაწაწინა მოლეკულების მოძრაობა კამერაზე იყო აღსაბეჭდი. ამას ძალიან რთულია და სპეციალური კამერა სჭირდება”, — თქვეს მკვლევრებმა.

თუმცა, მკვლევრებმა ეს შეძლეს და მოძრაობა აღბეჭდეს. ამისთვის შუშის ნიმუშს ლაზერით ანათებდნენ. მინის მოლეკულებმა შუქი გაფანტეს. მიმოფანტული სინათლის სხივები ერთმანეთს ემთხვეოდა და კამერის სენსორზე ნათელი და მუქი ლაქების შემთხვევითი ნიმუში შექმნეს. სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, მკვლევრებმა შეძლეს გამოევლინათ, თუ როგორ შეიცვალა ნიმუში დროთა განმავლობაში.

“ეს უკიდურესად ზუსტ გაზომვბეს საჭიროებდა, რაც მხოლოდ უახლესი ვიდეოკამერებით იყო შესაძლებელი”, — თქვა ბლოხოვიჩმა.

შედეგები გასაოცარი იყო. დანიის როსკილდის უნივერსიტეტის მკვლევრების დახმარებით მათ გააანალიზეს მოლეკულური მოძრაობები მატერიალურ დროსთან დაკავშირებით. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს მოძრაობები არ იცვლებოდა, როგორც ეს ვიდეოს გადახვევის შემთხვევაში ხდება.

“თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასალების დაბერების პროცესი შეიძლებ შევცვალოთ”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

რას ნიშნავს ეს?

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მასალაში მოძრავი ნივთიერებები განსაზღვრავენ უშუალოდ მასალის დაძველებას. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის მოძრაობები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ დროსთან.

დარმშტადტის მკვლევრები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა ეხება ყველა მსგავს მასალას და არა მხოლოდ შუშას ან პლასტმასს. მათ ეს ჰიპოთეზა გამოცადეს მასალის ორი კლასის შესწავლით და კომპიუტერზე მოდელის მასალის სიმულირებით. მკვლევრებმა ყველა შემთხვევაში ერთნაირი შედეგი მიიღეს.

ფიზიკოსების ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია და აჩენს ახალ პასუხგაუცემელ კითხვებს. მაგალითად, მათ სურთ იცოდნენ, თუ როგორ არის დაკავშირებული დროის ეს შექცევადობა ბუნების ფიზიკური კანონების შექცევადობასთან ან რატომ აქვს სხვადასხვა მასალას განსხვავებული შიდა საათი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

როგორ ახერხებს ტვინი, რომ ყოველდღიური მოგონებები ფილმის სცენების მსგავსად შეინახოს

როგორც ფილმია ეპიზოდებად დაყოფილი, ისე დანაწევრებულად ინახავს ჩვენი ტვინი ყოველდღიურ მოგონებებს. პირველში სცენების დასასრულსა და დასაწყისს რეჟისორი წყვეტს, მაგრამ როგორ იქცევა ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანო?

თეორიულად, შესაძლოა, ეს გარემოს ცვლილებას უკავშირდებოდეს (მაგალითად, მაღაზიაში შესვლით ახალი “სცენა” იწყება) ან ტვინი მიჯნას თავად ადგენდეს. ახალი კვლევის თანახმად, უკანასკნელი მოსაზრება უფრო მართებული უნდა იყოს.

საკითხის გამოსაკვლევად მეცნიერებმა მოხალისეებს მოსასმენად 16 ხანმოკლე აუდიო ნარატივი წარუდგინეს, რომელიც 4 ადგილს მოიცავდა: რესტორანს, სალექციო აუდიტორიას, მაღაზიასა და აეროპორტს. 4 განსხვავებულ სოციალურ სიტუაციას შორის იყო ბიზნესგარიგება, ხელის თხოვნა, დაშორება და პირველი შეხვედრა.

ნარატივების მოსმენის პარალელურად ამ ადამიანებს თავზე ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უღებდნენ. შემდეგ სპეციალური მეთოდით ამ დროის განმავლობაში ტვინის შუა პრეფრონტალურ ქერქში წარმოქმნილი იმპულსები გააანალიზეს. აღნიშნულ რეგიონში ჩვენი გარემოს შესახებ მომენტალური ინფორმაციების აღქმა და ინტერპრეტირება მიმდინარეობს.

აღმოჩნდა, რომ ეს არეალი მაშინ აქტიურდებოდა, როცა აუდიო ნარატივში სოციალური სიტუაციები იცვლებოდა — ბიზნესგარიგების დასრულებისას ან ხელის თხოვნაზე დათანხმებისას. ადგილებზე კონცენტრაციის შემთხვევაში, მოვლენების სეგმენტაცია და ტვინის აქტივობა ცვლილებას განიცდიდა.

დადგინდა ისიც, რომ მოხალისეებმა ვერ დაიმახსოვრეს ის ეპიზოდები, რომლებზე ყურადღების გამახვილებაც მკვლევრებს არ უთხოვიათ. ეს ნიშნავს, რომ თავად ვწყვეტთ, რა დავიმახსოვროთ, ანუ ჩვენი გამოცდილების ნარატივს ვაკონტროლებთ.

“უკანასკნელი შედეგები შთამბეჭდავია, რადგან გვიჩვენებს, რამდენად მოქნილი და აქტიურია ჩვენი მეხსიერება”, — აცხადებს კოგნიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, დევიდ კლევეტი.

შესაძლოა, ეს მიგნება მეხსიერების გასაუმჯობესებელი თერაპიების დახვეწაშიც დაგვეხმაროს. ავტორები გეგმავენ, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანთა ტვინები წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ასაკის მატებისას ამან დემენციის განვითარება შეაფერხოს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ნაშრომი გამოცემაში JAMA Neurology გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1930-იდან 1970-იან წლებამდე დაბადებულ ადამიანთა ტვინების გამოსახულებები შეისწავლეს. მათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემები გამოიყენეს ფრემინგემის გულის კვლევიდან (ჯანმრთელობის ხანგრძლივი კვლევა, რომელიც 1948 წელს დაიწყო). უფრო ზუსტად, მკვლევრებმა 3 226 ადამიანის ტვინის MRI გამოსახულებები გააანალიზეს.

ნაშრომის ავტორებმა შენიშნეს, რომ 1970-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს 15%-ით დიდი ტვინის ზედაპირი ჰქონდათ 1930-იან წლებში დაბადებულებთან შედარებით; მათი ტვინის მოცულობა 1930-იანების ბავშვებისას 6.6%-ით აღემატებოდა.

გარდა გაზრდილი ზედაპირისა და მოცულობისა, შენიშნეს ისიც, რომ ზომაში მეხსიერებასა და დასწავლასთან დაკავშირებული ნაწილებიც გაიზარდა.

მეცნიერებმა კვლევა იმავე ასაკის 1 145 ზრდასრულის შემთხვევაშიც გაიმეორეს, რომლებიც 1940-იან და 1950-იან წლებში იყვნენ დაბადებულები.

საერთო ჯამში, ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ახალ თაობებს უფრო დიდი მოცულობის ტვინები აქვთ, ანუ ტვინის მოცულობა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დიდია როგორც მთლიანი ტვინის მოცულობა, ასევე კონკრეტული რეგიონებისაც. ეს ეფექტი ინდივიდების დონეზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, პოპულაციის მასშტაბით იგი მნიშვნელოვანი იქნება.

რას შეიძლება ნიშნავდეს ტვინის მოცულობის გაზრდა?
ვერ ვიტყვით, რომ ტვინის მოცულობის ზრდა უფრო და უფრო გვაჭკვიანებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, ტვინის დიდი ზომა მის ჯანმრთელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ამ მხრივ აღმოჩნდეს სასარგებლო.

ცნობილია, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან მეტი ხალხი ბერდება. მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს. ეს მიგნება 2016 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც ფრემინგემის გულის კვლევის მონაცემებიც გააანალიზეს.

“ტვინის უფრო დიდი სტრუქტურები, თუნდაც, როგორებიც კვლევის ფარგლებში ვიხილეთ, შესაძლოა, ტვინის გაუმჯობესებულ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეტყველებდეს”, — განაცხადაჩარლზ დეკარლიმ, ნევროლოგიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — “ტვინის უფრო დიდი სტრუქტურა ტვინის უფრო დიდ რეზერვად გვევლინება და, შესაძლოა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებების, თუნდაც ალცჰაიმერისა და სხვა დემენციების, გავლენა გაანეიტრალოს”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები რობოტებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადამიანებს

ბავშვობაში, როცა სამყაროს აქტიურ აღქმას ვიწყებთ, ჩვენამდე დიდძალი ინფორმაცია აღწევს და საჭირო ხდება, რეალური ფაქტი და ტყუილი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მცირეწლოვნებს ამგვარი მონაცემების სხვადასხვა წყაროს მიმართ, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა კვლევა ჩაატარა.

“მთავარი კითხვაა, როგორ ირჩევენ ბავშვები, ვისგან ისწავლონ, როცა ურთიერთსაპირისპირო მტკიცებების წინაშე დგანან?”, — აცხადებენ სპეციალისტები.

მათ კვლევაში 3-დან 6 წლამდე ასაკის 111-მა ინდივიდმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ისინი რობოტებს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ადამიანებს. ასევე, მათ მიერ დაშვებული შეცდომების მიმართაც მეტი მიმღებლობა ჰქონდათ.

მეცნიერებმა ბავშვები 2 ჯგუფად დაჰყვეს და თითოეულს აჩვენეს ვიდეოები, რომლებშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტის სახელს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის ისედაც ცნობილი იყო, ზოგის სახელი კი არ იცოდნენ. პირველ შემთხვევაში მკვლევრები ადამიანებსა და რობოტებს შეუსაბამო სიტყვას ათქმევინებდნენ, მაგალითად თეფშს “კოვზს” უწოდებენ. ამას მცირეწლოვნების ნდობაზე უნდა ემოქმედა.

როცა რობოტებიცა და ადამიანებიც თანაბრად სანდოებად წარმოაჩინეს, ბავშვებს ობიექტების სახელების გაგება მაინც პირველისგან უფრო სურდათ და მათი ნათქვამისაც მეტად სჯეროდათ. ასევე, როცა ჰკითხეს, ვის აირჩევდნენ საიდუმლოს გასაზიარებლად, სამეგობროდ ან მასწავლებლად, ხშირად ისევ რობოტებს ასახელებდნენ.

საინტერესოა, რომ ისინი შეცდომებზეც სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ. კერძოდ, როცა სახელი ადამიანს ეშლებოდა, მიიჩნევდნენ რომ ის ამას განზრახ აკეთებდა, მაგრამ რობოტის შემთხვევაში ასე არ ეგონათ.ავტორები ასკვნიან, რომ ბავშვებისთვის რობოტის სანდოობა დამოუკიდებელია იმისგან, აღიქვამენ თუ არა მას სოციალური ურთიერთობისთვის სასურველ პარტნიორად.

აღქმა ასაკის მიხედვითაც განსხვავებოდა. მაგალითად, მოზრდილი ბავშვები ადამიანებს მეტად ენდობოდნენ, ვიდრე შედარებით პატარები, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა რობოტი უფრო არასანდოდ იყო წარმოჩენილი. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, კვლევის მონაწილეებს უმეტესწილად მაინც რობოტების სჯეროდათ. მიზეზი მათთვის არ უკითხავთ, ამიტომ უცნობია, რითაა ეს განპირობებული.

ავტორების თქმით, მეტის გასაგებად კვლევა არა ვიდეო ფორმატის გამოყენებით, რამედ ცოცხალი ინტერაქციით უნდა ჩატარდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Computers in Human Behavior გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ჩილეში გამოყენებაში ჩაუშვეს ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან;ეს ამ სახის პირველი ვაქცინაა და მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა ხელს უშლის სქესობრივ ქცევას და გამრავლებას და შესაბამისად, წარმოადგენს ქირურგიული კასტრაციის ალტერნატივას.

„ის მთელ მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინაა ძაღლებისთვის“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ვეტერინარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარი ლეონარდო საენსი.

საენსი და მისი ჯგუფი ამ ვაქცინის შექმნაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ჩილეში მისი გამოყენება ამ თვეში დაიწყო.

ვაქცინა წარმოქმნის ანტისხეულებს და ერთი წლის განმავლობაში აჩერებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას როგორც ხვად, ისე ძუ ძაღლებში.

„ყველაფერი დაბლოკილია — სქესობრივი აქტივობაც და ნაყოფიერებაც“, — ამბობს საენსი.

ვაქცინას Egalitte უწოდეს და უკვე დააპატენტეს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ევროკავშირში.

ჩილეში ერთი დოზის ფასი 50 დოლარია.

27 წლის სტუდენტმა ივან გუტიერესმა თავისი ძაღლი ფრანჩესკო უკვე მიიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში და ვაქცინა გაუკეთა.

„ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ოპერაციის გაკეთება“, — ამბობს იგი.

ქირურგიული კასტრაცია ძაღლის ბევრ მფლობელს მართლაც აშინებს და ამის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 108
Page 2 of 108