close

კვლევები

კვლევები

აღმოჩენა: ჟანგბადის დეფიციტი თაგვის სიცოცხლის ხანგრძლივობას 50 პროცენტით ზრდის

ჟანგბადი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის Mootha Lab-ისა და მასაჩუსეტსის ინსტიტუტის (MGH) კვლევა ვარაუდობს, რომ ჟანგბადის დეფიციტმა (ჰიპოქსია) შეიძლება გაზარდოს ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„დაახლოებით 20 წელია ვიცით, რომ ქრონიკული ჰიპოქსია კულტივირებულ უჯრედებზე მოქმედებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს საფუარში, ჭიებსა და ბუზებში. თუმცა, ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც გამოცადა ჟანგბადის შეზღუდვა ძუძუმწოვრების დაბერების მოდელში. შესაბამისად, ეს ნამდვილად აღმოჩენაა”, — განაცხადა რობერტ როჯერსმა, MGH-ის წამყვანმა მკვლევარმა და ექიმმა.

კვლევის ავტორებმა თაგვები გამოცადეს ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. მათ შექმნეს ისეთი პირობები, როგორიც ეს ევერესტზეა (5000 მეტრის სიმაღლეზე). მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ჰიპოქსიამ ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 პროცენტით გაზარდა.

კვლევა ჩატარდა თაგვების იმ მოდელზე, რომელსაც Ercc1 ცილა აკლდა. ეს არის დაბერების დამაჩქარებელი ფაქტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში თაგვი ექვს თვეზე ნაკლებს ცოცხლობს. ეს გამოწვეულია Ercc1-ის დეფიციტით.

ჰიპოქსიამ საშუალება მისცა თაგვებს 50 პროცენტით მეტი ეცოცხლათ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ტექნიკის ადამიანებზე გამოყენება, მკვლევრების თქმით, ამის მტკიცება ჯერ ადრეა. ეს იმიტომ, რომ მოლეკულური მექანიზმი, რომლითაც ჰიპოქსიამ სიცოცხლე გაახანგრძლივა, ჯერ კიდევ უცნობია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკის თქმით, მისი კომპანია ტვინის ჩიპებს ადამიანებზე წელს გამოცდის

პარიზში გამართულ ღონისძიებაზე VivaTech ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ Neuralink პაციენტთა ტვინში სპეციალურ იმპლანტებს ჩანერგავს, თუმცა რამდენი პიროვნება მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ინტერფეისის გამოცდის ნებართვა Neuralink-მა მარეგულირებელი ორგანოსგან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მაისში მიიღო. ამგვარი ჩიპების მიზანია, პარალიზებულ ინდივიდებს მოძრაობისა და კომუნიკაციის საშუალება მისცეს. ისინი კომპანიამ მაიმუნების სხეულში უკვე ჩანერგა, ახლა კი ადამიანთა ჯერია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

გენური ინჟინერიით, მეცნიერებმა უჯრედების დაბერება შეანელეს

დროთა განმავლობაში, ჩვენი უჯრედები ბუნებრივად დეგრადირდება, რაც ნაწილობრივი მიზეზია იმისა, რომ 80 წლის ასაკში ისეთივე მოქნილები აღარ ვართ, როგორიც თუნდაც რვა წლის ასაკში. ახლახან, მეცნიერებმა იპოვეს გზა, თუ როგორ გაზარდონ უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხელოვნური გენეტიკური „საათის“ გამოყენებით.

სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასეთ შედეგს საფუარ მიკროორგანიზმ Saccharomyces cerevisiae-ში მიაღწიეს, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ იგივე შედეგები მალე ადამიანებშიც ვნახოთ; თუმცა, მკვლევართა ჯგუფი ფიქრობს, რომ მათი ნაშრომის გაგრძელება შესაძლებელია, რაც ადამიანის სხეულს ჯანსაღად დაბერებაში დაეხმარება.

საფუარის უჯრედების „ხელახლა დაქსელვის“ გზით, მკვლევრებმა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 82 პროცენტით გაზარდეს. მიღწევა იმედისმომცემია უჯრედული დაბერების კონტროლისა და სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით.

კვლევის გასაღებს წარმოადგენს მარეგულირებელი მექანიზმების იმ გენეტიკური წრედების რედაქტირება, რომლებიც კონკრეტულ უჯრედულ პროცესთა ცვეთას ამსუბუქებენ. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გაიგეს, თუ როგორ მუშაობს ეს წრედები, შემდეგი ნაბიჯი იყო მათი შესწორება.

„ეს გენური წრედები ისე მუშაობს, როგორც ჩვენს სახლებში, მოწყობილობათა მაკონტროლებელი ელექტრული წრედები“, — ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი ნან ჰაო.

თავდაპირველად, მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელირებით განსაზღვრეს, რა პრინციპით მუშაობდა უჯრედული დაბერების წრედი. არსებითად, ის დაბერების ორ სხვადასხვა მდგომარეობას შორის მოძრაობს, რომელთაგან ორივემ შეიძლება გამოიწვიოს ცვეთა — დაახლოებით ისე, როგორც დროთა განმავლობაში ცვდება ავტომანქანის მუხრუჭები და საბურავები.

შემდეგი ნაბიჯი იყო ამ მიკროსქემის შესწორების შემუშავება და განხორციელება, ისე, რომ უჯრედებს დაბერების ამ ორ მდგომარეობას შორის ემოძრავათ და არ ყოფილიყვნენ მხოლოდ რომელიმე ერთ მათგანზე მიჯაჭვული. ასეთი მიჯაჭვულობის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ დაბერება უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა უფრო ტიპურ საფუარის უჯრედებში.

ერთ-ერთი გზა გახლავთ საათის შენელება: დაბერება არ ჩერდება, მაგრამ ნელდება. გარდა ამისა, ინჟინერიის გზით შესწორებული უჯრედები უფრო ერთგვაროვანი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ვიდრე საკონტროლებლად გამოყენებული ჩვეულებრივი უჯრედები.

„ჩვენი ეს ოსცილატორი უჯრედები უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე აქამდე მიუკერძოებელ გენეტიკურ კვლევებში გამოვლენილი რომელიმე ყველაზე დღეგრძელი სხვა შტამი“, — ამბობს ჰაო.

ასევე დაფიქსირდა ისიც, რომ ხელოვნური გენეტიკური წრედის მქონე უჯრედები უფრო სწრაფად იზრდებოდნენ და იყოფოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივები; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნეს მას შემდეგაც კი, რაც კვლევის მიზნებს მოერგნენ.

საფუარის უჯრედებს მთელი რიგი მსგავსებებიაქვს ადამიანის უჯრედებთან; სწორედ ამიტომ, მათ ხშირად იყენებენ კვლევებში, მაგრამ ახალი კვლევის შედეგები სხვა ტიპის უჯრედებში შემოწმებასაც საჭიროებს, რათა დადგინდეს, იქაც შენარჩუნდება თუ არა უჯრედების გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

უჯრედებში გენეტიკური კოდების ფრთხილად შესწორება, როგორც ამ კვლევაში, სხვადასხვა მეთოდით ჩატარდა, რომელთა დახვეწაც გამუდმებით მიმდინარეობს. მისი გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია today.ucsd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად გარდაქმნეს, რამაც თაგვებში დიაბეტი განკურნა

მეცნიერებმა ადამიანის კუჭის უჯრედები გადააკეთეს ქსოვილად, რომელიც სისხლში შაქრის მომატების საპასუხოდ ინსულინს გამოიმუშავებს; მიღწევა აჩენს იმედს, რომ პირველი ტიპის დიაბეტის მართვის ეფექტიან გზას მივაგნებთ.

ექსპერიმენტმა, რომელიც აშშ-ის უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრებმა ჩაატარეს, ცხადყო, რომ კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედთა (GINS) ტრანსპლანტატებმა თაგვებში დიაბეტი უკუაქციეს.

ჩვეულებრივ, პანკრეასის ბეტა უჯრედები ჰორმონ ინსულინს სისხლში შაქრის დონის მატების საპასუხოდ გამოყოფენ. დიაბეტის მქონე ადამიანებში, ეს ქსოვილები დაზიანებული ან მკვდარია და შესაბამისად, მოშლილია მათ მიერ უჯრედებში გლუკოზის საწვავად გადატანის უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედები ბეტა უჯრედები არ არის, შეუძლიათ მათი ფუნქციის მიბაძვა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უხვად არის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც სხვა მრავალი ტიპის უჯრედებად შეიძლება გარდაიქმნას. თანაც, ისინი სწრაფად მრავლდებიან. მთავარი იმედი ის არის, რომ დიაბეტის მქონეებში, ნაწლავის ღეროვანი უჯრედების კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედებად გარდაქმნამ უნდა შეამციროს ორგანიზმის მიერ მათი უკუგდების რისკი.

„კუჭი ჰორმონების გამომყოფ საკუთარ უჯრედებს გამოიმუშავებს, კუჭის და პანკრეასის უჯრედები განვითარების ემბრიონული ეტაპის მომიჯნავეა და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ღეროვანი უჯრედები ასე ადვილად გარდაიქმნას ბეტას მსგავს ინსულინის გამომყოფ უჯრედებად“, — ამბობს უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის რეგენერაციული მედიცინის ასოცირებული პროფესორი ჯო ჟუ.

ამის მიღწევას მეცნიერები უკვე მრავალი წელია ცდილობენ, მაგრამ რეალურ წარმატებას ვერ აღწევდნენ. ამ კვლევაში, კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედებად ტრანსფორმაციის გამოსაწვევად, მეცნიერთა ჯგუფმა უჯრედებში კონკრეტული თანმიმდევრობით გაააქტიურა ის სამი კონკრეტული ცილა, რომლებიც გენების ექსპრესიას აკონტროლებენ.

გადაპროგრამების პროცესი მაღალეფექტიანია. როდესაც უჯრედები მცირე გროვებად, ორგანოიდებად გაიზარდნენ, გლუკოზისადმი მგრძნობელობა აჩვენეს. ამის შემდეგ, მათ თაგვებში ხანგრძლივი ეფექტები აჩვენეს დიაბეტზე.

მკვლევართა განცხადებით, კუჭის უჯრედებიდან კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედების (GINS) წარმოება განსაკუთრებით რთული პროცესი არ არის. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დღე და როგორც ტესტებმა აჩვენა, ახალი ორგანოიდები გადანერგვის შემდეგ მრავალ თვეს ძლებს.

„კუჭის ინსულინის გამომყოფმა ორგანოიდებმა გლუკოზისადმი მგრძნობელობა ინდუქციიდან ათი დღის შემდეგაც აჩვენა. ვიდრე თვალს ვადევნებდით (6 თვე) ისინი სტაბილურობას ინარჩუნებდნენ, გამოყოფდნენ ადამიანის ინსულინს და თაგვებში დიაბეტი უკუაქციეს“, — წერენ მკვლევრები.

ახალი მიდგომა ჯერ ძლიერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან სხეულს ინსულინის კვლავ უფრო ბუნებრივად მართვის საშუალება მისცა. მკვლევრები ხაზს უსვამენ რამდენიმე სხვაობას ადამიანისა და თაგვის კუჭის უჯრედებს შორის, რომლებსაც სამომავლო კვლევებში გადაჭრა სჭირდება; ამას გარდა, საჭიროა კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედების ისე დამზადება, რომ ისინი ნაკლებად მოწყვლადნი იყვნენ იმუნური სისტემის მხრიდან თავდასხმისადმი.

თუმცა, პირველადი ნიშნები იმედისმომცემია. დიაბეტთან ბრძოლას მეცნიერები სხვადასხვა გზით, აქტიურად აწარმოებენ.

კვლევა Nature Cell Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.weill.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ხმელთაშუა ზღვის დიეტა პაციენტების ტვინს „აახალგაზრდავებს“

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კვების რეჟიმში ახალი ბოსტნეულის მოცულობის გაზრდამ და დამუშავებული საკვების შემცველობის შემცირებამ შეიძლება საოცარი შედეგი მოახდინოს თქვენი ტვინის ბიოლოგიურ ასაკზე.
მკვლევართა იმ საერთაშორისო ჯგუფის თანახმად, რომელმაც აღნიშნული კვლევა ჩაატარა, ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით და მარცვლეულით, როგორც ჩანს, ანელებს ტვინის დაჩქარებული დაბერების ნიშნებს. კერძოდ, 18 თვის შემდეგ გადაღებულმა ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მონაწილეთა ტვინის ასაკი მათი ტვინის ქრონოლოგიური ასაკის შეფასებებთან შედარებით მოსალოდნელზე თითქმის 9 თვით ახალგაზრდა იყო.
კლინიკური კვლევის მონაწილეების მსგავსად, შეიძლება არ იგრძნოთ თავი იმ ასაკის შესაბამისად, რა ასაკისიც ხართ, ან პირიქით, შესაძლოა თქვენმა სხეულმა იგრძნოს, რომ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე თქვენი ასაკია – ეს არის განსხვავება ბიოლოგიურ და ქრონოლოგიურ ასაკს შორის.
ბევრი კვლევა მიანიშნებს, რომ სტრესული მოვლენებით გამოწვეული ბიოლოგიური დაბერება შეიძლება შექცევადი იყოს, აღნიშნული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კვების რეჟიმის გაუმჯობესება შეიძლება სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმარტივესი ვარიანტი იყოს.
კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა გადაიღეს 102 მონაწილის ტვინი. ტვინის სკანირება ჩატარდა ერთხელ კვლევის დაწყებამდე და განმეორებით 18 თვის შემდეგ, ღვიძლის ფუნქციის, ქოლესტერინის დონის და სხეულის წონის ტესტებთან ერთად.
ჯგუფები სამნაირად იკვებებოდნენ, ერთ-ერთი ხმელთაშუა ზღვის დიეტით წითელი ხორცის ნაცვლად ბევრი თხილით, თევზით და ქათმით; ხმელთაშუა ზღვის დიეტა რამდენიმე დამატებით დამატებით, როგორიცაა მწვანე ჩაი პოლიფენოლების მიღების მიზნი; ან დიეტა, რომელიც ეფუძნება ჯანსაღი კვების რეჟიმის მითითებებს.
ტესტის მონაწილეებმა საშუალოდ დაახლოებით 2.3 კილოგრამი დაიკლეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სხეულის წონის ყოველი დაკარგული 1 პროცენტისთვის მონაწილეთა ტვინი თითქმის 9 თვით ახალგაზრდა იყო, ვიდრე მათი ქრონოლოგიური ასაკი.
ტვინის კავშირში ცვლილებები იქცევა თუ არა ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებად, ჯერ კიდევ დიდწილად უცნობია. ტვინი არის მოქნილი კავშირების კომპლექსური ქსელი, რომლის ასახვას მხოლოდ ახლა ვიწყებთ, თუმცა ბოლო მიმოხილვა მიუთითებს იმაზე, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა დადებითად მოქმედებს ხანდაზმულებში მეხსიერებაზე.
კვლევა eLife-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

სიზმრების კავშირი ადამიანის ფსიქიკასთან – მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს

საფრანგეთში, Pitié-Salpêtrière Hospital-ის ექიმი და სორბონას უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორი იზაბელ არნულფი 30 წლის განმავლობაში ძილის აშლილობებსა და მათთან დაკავშირებულ დარღვევებს სწავლობდა. არნულფმა გამოიკვლია, თუ როგორ მოქმედებენ ძილის აშლილობები, დეპრესია და ტრავმა სიზმრებზე.

პროფესორი ცდილობდა სხვადასხვა სიზმრის სახეობები კონკრეტული ფსიქიკური აშლილობებისთვის მიესადაგებინა. კვლევამ დაადგინა, რომ ფსიქოზური აშლილობის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით კი შიზოფრენიით დაავადებულებს არაერთგვაროვანი სიზმრები ესიზმრებათ, რაც მათ აზროვნებისა და ქცევის მოდელს წააგავს. ზოგერთი აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებს კი პირიქით, უფრო ერთგვაროვანი სიზმრები ახასიათებთ. მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ ფსიქიკური დაავადების დიაგნოსტირებისთვის მხოლოდ სიზმრები საკმარისი არ არის. თუმცა, სიზმრები შეიძლება გარკვეულ ნიშნებსაც იძლეოდნენ. მაგალითად, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანები ხშირად კოშმარებს ხედავენ.

კოშმარული სიზმრების კავშირი თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ ადამიანებთანაც იკვეთება. ექიმებმა ასეთი ადამიანების დიაგნოსტიკაში აქტიურად დაიწყეს სიზმრების, როგორც ფსიქიკური აშლილობის დამატებითი მახასიათებლის გამოყენება.

დეპრესიის დროს, ადამიანების სიზმრები იმდენად ნეგატიურია, რამდენადაც მათი ფსიქიკური მდგომარეობა დღის განმავლობაში. ეს პარალელი პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში მეცნიერმა დიტერ რიმანმა და მისმა კოლეგებმა გაავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პაციენტების განწყობა და მათი სიზმრები უმჯობესდებოდა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც მკურნალობის პირველ კვირებში. ანტიდეპრესანტები ხშირად თრგუნავენ REM-ს – ძილის იმ ფაზას, რომლის დროსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ხედავს სიზმარს. სიზმრებსა და დეპრესიას შორის კავშირის გაგებისას, რთულია გავიგოთ, თუ რომელი მათგანი ახდენს გავლენას მეორეზე. ამ კავშირის უკეთ გასაგებად კი გთავაზობთ ადამიანების ორ კატეგორიას – მათ ვისაც REM ახასიათებთ და ძილის აშლილობის მქონე ადამიანებს

ძილის აშლილობის მქონე პაციენტები სიზმარში ბევრ წინააღმდეგობას ხედავენ. ეს ყველაფერი შეიძლება ტვინის ღეროს დაზიანებით იყოს გამოწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ქმედებები არ იბლოკება ძილის REM ფაზაში. ასეთი ადამიანები ხშირად ვერ აკონტროლებენ თავს, რამაც შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ძილის აშლილობის მქონე პაციენტებს უფრო ზუსტად ახსოვთ მათი სიზმრები, ვიდრე სხვა ადამიანებს.

არსებობს ფენომენი Lucid Dreaming – ასეთ დროს მძინარე ადამიანი საღ გონებაზე იმყოფება და სიზმრის კონტროლი შეუძლია. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, მონაწილეებს დაევალათ სიზმარში საცურაო აუზის მოძებნა და წყალში ჩასვლისა და ჩაყვინთვის დროს თვალების ორჯერ, მარჯვენა მხარეს გატრიალება. ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ ძილის დროს, ჩვენი სუნთქვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვხედავთ სიზმარში. იმ დროს, როდესაც მონაწილეებს წყალში ჩაყვინთვა ესიზმრებოდათ, მათ აპნოე აღენიშნებოდათ.

აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანები დილით ნეგატიურ განწყობას უჩივიან, ხოლო საღამოს მათი ხასიათი უმჯობესდება რაც შეიძლება სიზმრების გავლენის ერთ-ერთ მაგალითად გამოვიყენოთ. როგორც წესი, ადამიანები დილას უფრო კარგ ხასიათზე არიან, ვიდრე საღამოს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ბავშვთან შედარებით ხშირი ლაპარაკი მისი ტვინის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს — კვლევა

აღმოსავლეთი ანგლიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვილთან საუბარმა მისი ტვინის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს. ნაშრომი გამოცემაში The Journal of Neuroscience გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომელთაც მეტს ესაუბრებოდნენ, ენის გადამამუშავებელ რეგიონებში მეტად ეფექტიანი ნეირონები ჰქონდათ. ტვინის სკანირებით აღნიშნულ რეგიონებში მიელინი უფრო დიდი რაოდენობით შენიშნეს. ეს გარსია, რომელიც ნეირონებს აკრავს გარს და საშუალებას აძლევს, სიგნალები მეტად სწრაფად და ეფექტიანად გადასცეს.

დაზუსტებული არაა, რა პირდაპირი გავლენა აქვს მიელინიზაციას ბავშვების ენობრივ უნარებზე, თუმცა, მკვლევრების აზრით, მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა უნდა შეეძლოს.

კვლევაში 140 ახალფეხადგმულო ბავშვი და ჩვილი მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში მათ ხმის ჩამწერი მოწყობილობები ეკეთათ და ყოველდღიურად მოსმენილ აუდიომასალას იწერდნენ. შემდგომში ცდისპირთა ნახევარს ძილის დროს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს.

აღმოჩნდა, რომ 6 თვის ჩვილებს რაც მეტს ელაპარაკებოდნენ, მით ნაკლები იყო მიელინიზაციაც. ეს შედარებით მოზრდილ ბავშვებში პირიქით ხდებოდა.

ჯონ სპენსერს, კვლევაში ჩართულ კოგნიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტს, თუ დავუჯერებთ, ამ შეუსაბამობას ის ფაქტი შეიძლება განაპირობებდეს, რომ სხვადასხვა ასაკში ტვინი სხვადასხვა კუთხით ვითარდება.

კვლევის ფარგლებში ტვინის განვითარებაზე საუბრის მოსმენის გავლენა გამოიკვეთა, თუმცა ჯერჯერობით რთული სათქმელია, ზუსტად რა როლი აქვს მიელინიზაციას დასწავლისა და სამომავლო კოგნიტიური განვითარების მხრივ.

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ბავშვებში ლაპარაკის მოსმენა საუბრის დამუშავების, ლექსიკისგრამატიკისა და ვერბალური აზროვნების კუთხით მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.

ამას გარდა, კვლევების თანახმად, 4-6 წლის ბავშვებს, რომელთაც უფროსები უფრო ხშირად ესაუბრებიან, ენასთან დაკავშირებულ რეგიონებში მიელინიზაციაც მეტი აქვთ. ახალი მიგნებებით დასტურდება, რომ ეს უფრო პატარა ასაკის ბავშვებშიც ანალოგიურად ხდება.

დამატებითი კვლევაა საჭირო იმის დასაზუსტებლად, თუ რა გავლენა აქვს ამ სტრუქტურულ ცვლილებებს ენის დასწავლაზე, თუმცა კი ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: ბავშვებს თქვენი საუბრიდან იმაზე მეტი შეიძლება ესმოდეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძაღლების ტვინის ზომა მოულოდნელად გაიზარდა — კვლევა

მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 150 წელში ძაღლების ტვინის ზომა, სხეულთან შედარებით, გაიზარდა. ეს მოულოდნელია, რადგან მოშინაურებული ცხოველების ტვინი, როგორც წესი, პირიქით, პატარავდება, რადგან მათ გადარჩენისთვის ზედმეტი ენერგია აღარ სჭირდებათ.

სპეციალისტებმა 159 ჯიშის ძაღლისა და მგლის თავის ქალა გააანალიზეს. ამ უკანასკნელის ტვინი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისას ზომით 24 პროცენტით აღემატება, მაგრამ ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდებოდა გენეტიკურად ძაღლი მგლისგან, მით უფრო დიდი ტვინი ჰქონდა მას.

ეს მიანიშნებს, რომ ამ არსებებში, ადამიანთა მიერ მოშინაურების შემდეგ, ხსენებულ ორგანოში გამრავლებასთან, საკვების მოპოვებასთან და თავდაცვასთან დაკავშირებული ნაწილები დაპატარავდა, თუმცა უკანასკნელ ათწლეულებში კოგნიტიურ უნარებთან ასოცირებული არეალები გაიზარდა.

“ამა თუ იმ ჯიშის ძაღლები სხვადასხვა სოციალურ გარემოში ცხოვრობენ და რთულ დავალებებს ართმევენ თავს, რასაც, სავარაუდოდ, ტვინის უფრო დიდი მოცულობა სჭირდება”, — აცხადებენ ავტორები.

ამის მიუხედავად, ტვინის ზომა არა შესრულებული დავალებების სირთულეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ან სხვა ფაქტორებზე, არამედ მგლებისგან გენეტიკურ განსხვავებაზე აღმოჩნდა პროპორციულად დამოკიდებული.

“იქნებ, ეს ცვლილება რთულმა სოციალურმა გარემომ, ურბანიზაციამ და მეტ წესთან თუ მოლოდინთან ადაპტაციამ გამოიწვია და ყველა თანამედროვე ჯიშზე აისახა”, — ვარაუდობენ მეცნიერები.

ეს ე.წ. სოციალური ტვინის ჰიპოთეზას შეესაბამება, რომლის თანახმადაც, დიდი ტვინი რთულ სოციალურ გარემოზე მოსარგებად ყალიბდება. ამ საკითხზე მეტის გასაგებად, მკვლევრები გეგმავენ, რომ ამჯერად ძაღლების ტვინის სხვადასხვა რეგიონის ზომა შეადარონ ერთმანეთს.

მათი ნაშრომი გამოცემაში Evolution გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: დღეში თუნდაც 11 წუთის განმავლობაში ვარჯიშს ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს

დღეში თუნდაც 11-წუთიანი აერობიკული აქტივობა კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი ახალ მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ გამოიყენეს 196 კვლევის მონაცემები, რომლებშიც ჯამში 30 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერები მათ საშუალოდ 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილი ფიზიკურ აქტივობას რეკომენდებულ დროს, კვირაში 150 წუთს, ანუ დღეში 22 წუთს უთმობდა. კვლევის არააქტიურ მონაწილეებთან შედარებით, ამ ადამიანებში ზოგადი გარდაცვალების რისკი 31%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების რისკი 29%-ით, კიბოთი გარდაცვალების რისკი კი 15%-ით დაბალი იყო. ამასთან, 27%-ით მცირე აღმოჩნდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი, კიბოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები ვარჯიშს რეკომენდებული დროის ნახევარს, ანუ დღეში 11 წუთს უთმობდნენ, ნაადრევი გარდაცვალების რისკი 23%-ით მცირე იყო. გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი ამ შემთხვევაში 17%-ით, კიბოსი კი 7%-ით მცირე იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობდა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ აერობიკულ აქტივობებში მოიაზრება სიარული, ცეკვა, სირბილი, ცურვა და ველოსიპედით გადაადგილება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ცხოვრებაში მიზნის დასახვა ალცჰაიმერის დაავადებისგან იცავს

ცხოვრებაში მიზნის დასახვა იცავს ტვინის ფუნქციონალობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის სტრესისა და ტრავმების გადატანა უწევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოტივირებულ ადამიანებთან საშუალო ასაკში კოგნიტიური ფუნქციები უკეთ არის განვითარებული და, შესაბამისად, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობა ნაკლებია.

Neuroscience News-ის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე ბარსელონის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, რომელმაც ამ მიზნით 624 ადამიანის მონაწილეობით კვლევა ჩაატარეს.

კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო. მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს, ცხოვრებაში მაღალი მოტივაციისა და დასახული მიზნის არსებობის მიხედვით. ამის შემდეგ მეცნიერებმა მოხალისეების კოგნიტიური შესაძლებლობები შეადარეს და ტვინის სკანირება ჩაატარეს.

როგორც აღმოჩნდა, მიზანდასახულ ადამიანებთან ტვინის პასიური რეჟიმის მუშაობის ქსელის გარკვეული კავშირები უკეთ არის დაკავშირებული, რასაც კოგნიტიურ მაჩვენებლებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 28 29 30 31 32 106
Page 30 of 106