close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

თვალის ბადურაში მიძინებულ უჯრედთა გააქტიურებით შეიძლება დაკარგული მხედველობა აღდგეს

თვალის ბადურის დეგენერაციული დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს; ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის უკანა მხარეს მოთავსებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები, სახელად ფოტორეცეპტორები კვდება და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ახალი კვლევის წყალობით, ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება არც ისე შორს იყოს.

კანადელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, როგორ გარდაქმნან მიძინებული მხარდამჭერი ნეირონები, სახელად მიულერის გლიური უჯრედები ისეთ ქსოვილებად, რომლებიც თვალის ბადურის კოლბის ფოტორეცეპტორების მსგავსად მოქმედებენ; ეს უკანასკნელები კი საჭიროა ფერის აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მხოლოდ თაგვის უჯრედებზე გატესტეს, თანდათანობით შეიძლება გადაიქცეს თერაპიად, რომელიც ადამიანებს მხედველობას აღუდგენს.

ნაწილობრივი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩიეს კვლევისთვის მიულერის გლიური უჯრედები, არის მათი უნარი, რომ გადაპროგრამდნენ ზოგიერთ ცხოველში. სამწუხაროდ, ადამიანებში ამ უჯრედებს ეს არ შეუძლიათ.

„საინტერესოა, რომ თევზებში მიულერის გლიური უჯრედები რეაქტიულია და თვალის ბადურას აღადგენენ. თუმცა, ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ამას არ აკეთებენ არც დაზიანების და არც დაავადების შემდეგ. ბოლომდე არ ვიცით, რატომ“, – ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კამილ ბუდრო-პინსონო.

ამ კვლევაში საკვანძო იყო ორი გენი – Ikzf1 და Ikzf4 და მათ მიერ წარმოებული ცილები. ამ ცილებს დროებით იდენტიფიცირების ფაქტორებს უწოდებენ და ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ტიპის უჯრედების განვითარებაში.

მიულერის გლიური უჯრედები ჯერ გამოყვეს და მოახდინეს მათი კულტივირება, შემდეგ კი სხვადასხვა დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორის გამოყენებით გადააპროგრამეს, მათ შორის Ikzf1-ის და Ikzf4-ის საშუალებით. ამ ფაქტორებმა გლიური უჯრედები ბადურის კონუსის უჯრედებად სრულად ვერ გარდაქმნა, მაგრამ მისცა ზოგიერთი ისეთი აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც ფოტორეცეპტორების მსგავსად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ გლიური უჯრედები ხელს უწყობენ თვალის სხვა უჯრედების კვებას, რეგულირებას და ორგანიზებას, მკვლევართა განცხადებით, ამ დამხმარე უჯრედთა ჭარბი რაოდენობა საკმარისია, რომ გარკვეული ნაწილი გარდაიქმნას ფოტორეცეპტორის მსგავს უჯრედებად, რომლებიც გადამწყვეტია სინათლის დასანახად და ფერების გასარჩევად.

ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება თანდათან ისე დაიხვეწოს, რომ ადამიანებშიც იმუშაოს, ყოველგვარი ახალი უჯრედების გადანერგვის გარეშე. ამას გარდა, კვლევის შედეგები ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს თავის ტვინის დაავადებათა სამკურნალოდ – დაზიანებული ნეირონები ჩავანაცვლოთ გადაპროგრამებული სხვა ტიპის უჯრედებით.

წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დასაწყისი საკმაოდ იმედის მომცემია. ამის შემდეგ, ჯგუფს სურს, რომ უფრო ახლოს შეისწავლოს ამ უჯრედთა გარდაქმნაში ჩართული მექანიზმი და გამოავლინოს გზები, რომლითაც ის უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს.

წყარო: 1tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ტირილის საშუალებით წონის დაკლება შეიძლება – კვლევა

ტირილის საშუალებით წონის დაკლება შეიძლება – ამის შესახებ ბიოქიმიკოსთა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. ამის შესახებ გამოცემა Elle წერს.

კვლევის თანახმად, ცრემლებთან ერთად ადამიანის ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონი კორტიზოლი გადის, რომელიც წონის მომატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბიოქიმიკოსის უილიამ ფრეის მტკიცებით, ამ პროცესისთვის ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად 19:00-დან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთი სახელდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა მომაკვდავი ადამიანების ტვინში წარმოქმნილი იდუმალი იმპულსები დააფიქსირეს

აშშ-ში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა 2 ადამიანის ტვინში სიკვდილისას წარმოქმნილი აქტივობა დააფიქსირეს, რომელიც ძალიან ჰგავს იმავე მდგომარეობაში მყოფი ცხოველების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აქამდე აღმოჩენილ იმპულსებს. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი შევიტყოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ამ დროს.

გასულ წელს სპეციალისტებმა მომაკვდავი ინდივიდის ტვინში ე.წ. გამა ტალღების მოზღვავება პირველად დააფიქსირეს. სწორედ მსგავს სიგნალებს დააკვირდნენ უკანასკნელ 2 შემთხვევაშიც. ახალი ნაშრომის  ავტორები 2013 წლიდან ცდილობენ, მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობა ვირთხებისას შეადარონ, რომელთაც გული მიზანმიმართულად გაუჩერეს. ამ დროს მღრღნელებში ისეთი იმპულსები გამოვლინდა, რომლებიც სიკვდილთან ასოცირებულ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

მათ მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მონაცემები გამოიყენეს კომატოზურ პაციენტებზე, რომელთაც ექიმები გულის გაჩერების ან ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგაც აკვირდებოდნენ. ელექტროენცეფალოგრაფის ჩანაწერებით ტვინის ერთ ნახევარსფეროში გამოვლინდა მკვეთრი გამა ტალღები, რომლებიც მთლიან ორგანოში გავრცელდა. დადასტურდა, რომ ეს რაიმე სახის ეპილეფსიურ შეტევას არ უკავშირდებოდა, არამედ შესაძლოა, ცნობიერების, გარემოს აღქმადობის ინდიკატორი ყოფილიყო.

მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ტვინის აქტივობა.

ფოტო: PNAS

პირველადი ტალღები სწორედ ტვინის იმ რეგიონში გაჩნდა, რომელიც ცნობიერების ნერვულ მექანიზმთან ასოცირდება. მსგავსი სიგნალები ძილის და ეპილეფსიური შეტევის დროსაც წარმოიქმნება, როცა პაციენტებს ვიზუალური ჰალუცინაციები და უჩვეულო შეგრძნებები აქვთ. ეს “ცხელი ზონა” მოიცავს მგრძნობელობით არეალსაც, რაც შესაძლოა ხსნიდეს, რატომაა სიკვდილთან მიახლოების თანმდევი, პაციენტთა მიერ აღწერილი შეგრძნებები ასეთი მკაფიო.

ფიქრობენ, რომ ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირი გახსენების პროცესშიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეცნიერთა განცხადებით, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს ყველაფერი ცნობიერების ბიოლოგიურ საფუძვლებზე მიანიშნებს თუ არა. საბოლოოდ, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, რაც ხდება სიკვდილისას და არის თუ არა ზემოხსენებული გამოცდილებები გულის გაჩერების შემდგომი ნევროლოგიური რეაქცია.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 10-წლიან მონაცემებში მსგავსი აქტივობა მხოლოდ 2 პაციენტში დაფიქსირდა, რასაც ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა ერთოდა. არ გამორიცხავენ, რომ ეს სიკვდილისთვის დამახასიათებელი უნიკალური პათოლოგიური პროცესის ნიშანი იყოს და ცნობიერებასთან საერთო სულაც არაფერი ჰქონდეს.

 

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNASგამოქვეყნდა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველო

საქართველოში სამ თვეში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.

დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში შეამოწმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დიდ ბრიტანეთში, სამი ადამიანის დნმ-ის მატარებელი პირველი ბავშვი  დაიბადა

ნაყოფიერების მარეგულირებელმა გაერთიანებულ სამეფოში სამი ადამიანის გენის მატარებელი პირველი ბავშვის დაბადება დაადასტურა.

ბავშვს დნმ-ის უმეტესობა ორი მშობლისგან აქვს, ხოლო დაახლოებით 0.1% დონორი ქალისგან.

არსებული ტექნიკა ბავშვებში მომაკვდინებელი მიტოქონდრიული დაავადებების პრევენციის მცდელობისთვის შეიქმნა. მისი გამოყენებით მსოფლიოში ამ დრომდე ხუთამდე ბავშვი დაიბადა, თუმცა ნაყოფიერების მარეგულირებელი მშობლების ამოცნობის პრევენციისთვის ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

მიტოქონდრიული დაავადებები განუკურნებელია და დღეებში, ზოგჯერ კი საათებში, ახალშობილის სიკვდილს იწვევს. ამის გამო ზოგიერთი ოჯახი რამდენიმე შვილს კარგავს, ახალი ტექნიკა კი მათთვის ჯანმრთელი ბავშვის ყოლის ერთადერთი საშუალებაა.

მიტოქონდრიები უჯრედში არსებული ორგანოიდებია, რომლებიც საკვებს ენერგიად გარდაქმნიან. დეფექტური მიტოქონდრიები ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ, რაც ტვინის დაზიანებას, კუნთების დაქვეითებას, გულის უკმარისობას და სიბრმავეს იწვევს.

უჯრედის ეს ორგანოიდები ნაყოფს მხოლოდ დედისგან გადაეცემა, ამიტომ მის უფუნქციობასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის დონორი ქალის კვერცხუჯრედიდან ჯანმრთელ მიტოქონდრიებს იყენებენ.

თავის მხრივ, მიტოქონდრიები დნმ-ის მატარებელი ორგანოიდებია, შესაბამისად ნაყოფს ტექნიკურად მშობლების გარდა მესამე პირის გენეტიკური ინფორმაციაც აქვს. მიუხედავად ამისა, დონორის დნმ ბავშვის გარეგნობასა თუ სხვა მახასიათებლებზე ზეგავლენას არ ახდენს, შესაბამისად, ის მესამე მშობლად არ განიხილება.

ამ ტექნიკის გამოყენებით პირველი ბავშვი 2016 წელს შეერთებულ შტატებში დაიბადა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ალცჰეიმერის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაავადების ტემპს მესამედით ანელებს

კომპანია Eli Lilly-ი აცხადებს, რომ მისი მედიკამენტი – დონანემაბი – ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ტემპს დაახლოებით მესამედით ანელებს.
აღსანიშნავია, რომ დონანემაბი მეორე მედიკამენტია წელს ლეკანმაბის შემდეგ, რომელმაც აჩვენა, რომ დაავადების ტემპს ამცირებს.
დონანემაბი ლეკანმაბის მსგავსად მოქმედებს. ორივე არის ანტისხეული, იმის მსგავსი, როგორსაც ორგანიზმი ვირუსების წინააღდეგ საბრძოლველად ქმნის. ისინი შექმნილია ტვინიდან ტოქსინის, ბეტა ამილოიდის მოსაშორებლად.
ბეტა ამილოიდი თავის ტვინის უჯრედებს შორის არსებულ სივრცეებში გროვდება და წარმოქნის ლაქებს, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
Eli Lilly-ის კვლევის სრული დეტალები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია ძირითადი შედეგები : მასში მონაწილეობა მიიღო 1734 ადამიანმა, რომლებსაც ალცჰეიმერის დაავადების საწყისი ეტაპის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული, დონანემაბს აძლევდნენ ყოველთვიური ინფუზიის სახით, თავის ტვინში ლაქების გაქრობამდე, დაავადების ტემპი მთლიანობაში დაახლოებით 29%-ით შენელდა. მათ, ვინც მედიკამენტს ღებულობდა, შეინარჩუნეს თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა მიმდინარე მოვლენების განხილვა, ავტომობილის მართვა ან ჰობით დაკავება.
თუმცა, პაციენტების მესამედს გვერდითი მოვლენების სახით ტვინის შეშუპება გამოუვლინდა. ის ძირითადად მსუბუქი ან უსიმპტომო იყო და ტვინის სკანირების შედეგად გამოვლინდა, მაგრამ 1.6%-ს ტვინის საშიში შეშუპება განუვითარდა და ორი მოხალისე, და, სავარაუდოდ მესამეც,  შეშუპების შედეგად გარდაიცვალა.
კომპანია Eli Lilly-ი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში მედიკამენტის საავადმყოფოებში გამოსაყენებლად დამტკიცების პროცესს დაიწყებს.

წყარო : bbc.com
 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

გერმანული სტარტაპი ადამიანთა გვამებს ყინავს, რათა მომავალში გააცოცხლოს

კვდავებაზე, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უფიქრია, მაგრამ ადამიანი სიკვდილის მოტყუებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. გერმანელ მეცნიერთა გუნდს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, ამიტომ ისინი გვამებს ყინავენ, რათა მომავალში მათი გაცოცხლება შეძლონ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ბერლინში დაფუძნებული სტარტაპი Tomorrow Biostasis ამ უჩვეულო პროცედურისას, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებსა თუ წიგნებში ხშირად გვხვდება, თხევად აზოტს იყენებს. მისი მეშვეობით მათ ათზე მეტი ადამიანის ცხედარი უკვე შეინახეს, რასაც კრიოკონსერვაცია ეწოდება.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მედიცინაში გარღვევები მოხდება და უკურნებელი დაავადებებისა და თავად სიკვდილის დამარცხება შესაძლებელი გახდება, რისთვისაც სათანადო ზომებს წინასწარ იღებენ. ევროპის მრავალ ქვეყანაში სამეცნიერო დონაციის ასეთი პრაქტიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ შესაბამის ინსტიტუტებში მსურველთა რიგებია და მათ გადასახადიც კი ეკისრებათ.

გამონაკლისი არც Tomorrow Biostasis-ია, რომლის სერვისით სარგებლობასაც ასამდე პოტენციური მომხმარებელი უცდის. ზოგ მათგანს მთლიანი სხეულის გაყინვა სურს, ზოგს კი მხოლოდ ტვინის. სტარტაპს უნდა, რომ ევროპაში პირველი კრიოგენური კომპანია გახდეს, რომელიც ადამიანებს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს.

დონაციის შედეგად მიღებული გვამები ხანგრძლივად შესანახად შვეიცარიაში მდებარე რაფცის მუნიციპალიტეტში იგზავნება. კერძოდ, ბიოსტაზის ევროპული ფონდის დაწესებულებაში, სადაც ისინი დაახლოებით -196 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე იყინება და თხევადი აზოტით სავსე იზოლირებულ ავზში თავსდება.

რაც შეეხება მათ გაცოცხლებას, ეს უკვე პრობლემური საკითხია და მოიცავს, როგორც წმინდა მეცნიერულ, ასევე ეთიკურ წინააღმდეგობებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა, გადაილახოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

ალერგიული ხართ თქვენს შინაურ ცხოველზე? – ეს იმუნოთერაპია შეიძლება დაგეხმაროთ

ალერგია კოშმარია ნებისმიერი ძაღლის ან კატის მფლობელისთვის. 

ასეთ შემთხვევებში ექიმების რჩევა ერთსულოვანია – უმჯობესია ცხოველს ახალი სახლი მოუძებნოთ, რადგან ალერგიის გაქრობის შანსი უკიდურესად დაბალია. სინამდვილეში, ცხოველთან ერთად ცხოვრება ზრდის რისკს, რომ ალერგიული რინიტი გადაიქცევა უფრო სერიოზულ ალერგიულ ასთმაში.

თუმცა, პატრონისთვის ცხოველთან დამშვიდობება აუტანელია. ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას.

კარგი ამბავი ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ არსებობს თერაპია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ან თუნდაც განკურნოს ალერგია.

ცუდი ამბავი: მკურნალობა შრომატევადია და არ არის სრულიად ურისკო.

100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არსებობს პროცედურა, რომელსაც შეუძლია მიაკვლიოს ალერგიის ძირეულ მიზეზს – სპეციფიკური იმუნოთერაპია, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰიპოსენსიბილიზაციას. დღემდე ის რჩება ერთადერთ ცნობილ მკურნალობად, რომელსაც შეუძლია მუდმივად განაახლოს იმუნური სისტემა.

ჰიპოსენსიბილიზაცია ანუ ზემგრძნობელობის დაქვეითება ალერგენისადმი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას. შესაყვანი ნარევის შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ალერგენის მიმართ ხართ მგრძნობიარე, თუმცა ზღვარიც არსებობს: 2-3 ალერგენი ერთ ნარევში.

ცხოველის ბეწვის ალერგენებით სპეციფიკური მკურნალობა შედარებით ნაკლებეფექტურია და მოთმინებას მოითხოვს.

ჰიპოსენსიბილიზაცია ხანგრძლივი მკურნალობაა – ის საშუალოდ 3 წელს გრძელდება.  წარმატება დამოკიდებულია ალერგენის სწორ შერჩევაზე, მის დოზირებაზე და პაციენტზე.

პირველი გაუმჯობესება, როგორც წესი, შეინიშნება სამი ან ოთხი თვის შემდეგ, ამბობს ბერგმანი, „და შემდეგ მათ შეუძლიათ კატა აიყვანონ კალთაში”

სამწლიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ, ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში: ”მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალერგია სამუდამოდ განიკურნება. შესაძლებელია, რომ სიმპტომები რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდეს“, – ამბობს ბერგმანი.

ძაღლების შემთხვევაში, ალერგიით დაავადებულთათვის, დიდი კვლევები საერთოდ არ არსებობს. 2022 წლის გერმანიის გაიდლაინებში სპეციფიკური იმუნოთერაპიის შესახებ მოხსენიებულია „შეზღუდული მტკიცებულება“ კატების მიმართ ალერგიის ეფექტურობისთვის და „არასაკმარისი“ მტკიცებულება ძაღლებში. ამიტომ ისინი ითხოვენ კრიტიკულად შეაფასონ სარგებელი და რისკები.

ეს იმის გამო ხდება, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ხდება ცხოველური ალერგენების შემცველი მკურნალობისას, ვიდრე სხვა ტიპის მკურნალობას, გვაფრთხილებს ჰელმჰოლცის მიუნხენის ალერგიის საინფორმაციო სამსახური.

ერთი მაგალითია მძიმე ანაფილაქსიური შოკი. ეს რისკი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც იმუნოთერაპია ხშირად არ არის რეკომენდებული შინაური ცხოველებისადმი ალერგიის დროს, ამბობს მარგიტა ვორმი, ალერგოლოგი.

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის სამუდამოდ მოგვარება, პროფესიონალები რამდენიმე რჩევას იძლევიან, ალერგენების რაოდენობის შესამცირებლად.

ექსპერტები გვირჩევენ:

არ შეუშვათ ცხოველი ყველა ოთახში, განსაკუთრებით საძინებელში;

მოერიდეთ ხალიჩებს და ავეჯს;

შეამცირეთ საბნები და ბალიშები, გამოიყენეთ რეგულარულად მტვერსასრუტი;

ტანსაცმლის ხშირად გამოცვლა და რეცხვა;

იატაკის, დასაჯდომი და სხვა ზედაპირების რეგულარულად წმენდა ნესტიანი წმენდით და ორთქლით;

ცხოველის დაბანა კვირაში ერთხელ ან ორჯერ;

ცხოველთან მჭიდრო კონტაქტისგან თავიდან აცილება;

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალი პრეპარატი ალცჰაიმერის პროგრესირებას 35%-ით ანელებს

ალცჰაიმერი ყოველწლიურად ათობით მილიონ ადამიანზე ახდენს გავლენას და მათში კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს. კომპანია Eli Lilly-ის ახალი პრეპარატი მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან კლინიკურ ცდაში მან დაავადების პროგრესირება საგრძნობლად შეანელა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კერძოდ, Donanemab-ის სახელით ცნობილმა მედიკამენტმა სიმპტომური ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე პაციენტებში კოგნიტიური და ფუნქციური დაღმასვლა 35%-ით შეანელა. ეს იმ ინდივიდებში, რომლებიც ცდის მესამე ფაზის ფარგლებში მას 18 თვის განმავლობაში იღებდნენ.

მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება გაუმარტივდათ, რაც სპეციალისტებმა სათანადო სკალის მეშვეობით დაადგინეს. მას iADRS ეწოდება და აღნიშნული დაავადების პროგრესირების მონიტორინგისთვის გამოიყენება.

როგორც ცნობილია, კვლევის უკანასკნელ შედეგებზე დაყრდნობით, კომპანია უახლოეს მომავალში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოში განაცხადს შეიტანს. მისი მხარდაჭერით, Eli Lilly შეეცდება, რომ პრეპარატმა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან შემოწმება გაიაროს და გამოყენების ნებართვისკენ გაუკვალოს გზა.

კომპანია უკვე 20 წელზე მეტია, რაც ალცჰაიმერთან ბრძოლის გზებზე მუშაობს, რასაც, მაგალითად, მისი მექანიზმების შესწავლითა და ინდიკატორების გამოვლენით ცდილობს. იქ მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ მოხარული არიან ასეთი წარმატების გამო, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია. მათი თქმით, ესაა ამ დანიშნულების პირველი ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელმაც ცდის მესამე ფაზაში ალცჰაიმერის პროგრესირება 35%-ით შეანელა.

აღსანიშნავია, რომ ცდისპირების 47%-ში Donanemab-ის მიღების შემდეგ სიმპტომების გაუარესება არ დაფიქსირებულა, განსხვავებით კონტროლ ჯგუფის 29%-ისა, რომელთაც პლაცებო მიიღეს. პირველ კატეგორიაში, ასევე, დაავადების პროგრესირების 39%-ით ნაკლები რისკი იყო.

მართალია, მედიკამენტმა ყველაზე კარგი შედეგი ადრეული ალცჰაიმერის მქონე ინდივიდებზე იქონია, თუმცა დადებითი გავლენა დაფიქსირდა უფრო სერიოზულ შემთხვევებშიც. კონკრეტულად, დაავადების საშუალო და მწვავე ფორმების მქონე პირებში პროგრესირება 29% და 22%-ით შენელდა.

ეს ამ დიაგნოზით მცხოვრები ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ Donanemab მათ დაავადებას ვერ განკურნავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა –  ნულოვან კალორიული ხელოვნური დამატკბობელი სისხლის შედედებასთან და ინსულტთანაა დაკავშირებული

Nature Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, შაქრის შემცვლელი, ერითრიტოლი, რომელიც გამოიყენება პროდუქტების დასატკბობად, დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ინსულტთან, გულის შეტევასთან და სიკვდილთან.

სტატიაში წარმოდგენილმა ლაბორატორიულმა და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერითრიტოლი, როგორც ჩანს, იწვევს სისხლის თრომბოციტების უფრო ადვილად შედედებას. თრომბები შეიძლება გაწყდეს და გადავიდეს გულში, გამოიწვიოს გულის შეტევა, ან ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი.

ამასთან, კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც გულის დაავადების განვითარების რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან, მაგალითად, როგორიცაა დიაბეტით დაავადებული ადამიანები, ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან გულის შეტევას ან ინსულტს, თუ მათ სისხლში ერითრიტოლის მაღალი დონე აქვთ.

“რისკის ხარისხი არ იყო მცირე”, – განაცხადა კლივლენდის კლინიკა ლერნერის კვლევითი ინსტიტუტის გულ-სისხლძარღვთა დიაგნოსტიკისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორ სტენლი ჰეზენმა.

კვლევის საპასუხოდ, კალორიების კონტროლის საბჭომ CNN-ს განუცხადა, რომ ამ კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ისეთი დაბალკალორიული დამატკბობელი, როგორიცაა ერითრიტოლი, უსაფრთხოა.

ამასთან, დენვერის საავადმყოფოს ებრაული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და კეთილდღეობის დირექტორის, ენდრიუ ფრიმენის განცხადებით, კვლევის შედეგები საგანგაშოდ ჟღერს.

”როგორც ჩანს, ერითრიტოლის გამოყენებისას შედედების რისკი არსებობს. ცხადია, მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუკი ამ ეტაპზე სიფრთხილეს გამოიჩენთ და კვების რაციონში ერითრიტოლის შეზღუდავთ”, – აღნიშნა ფრიმენმა.

რა არის ერითრიტოლი?

ერითრიტოლი არის შაქრის შემცვლელი, ნახშირწყლები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ბევრ ხილსა და ბოსტნეულში. მას აქვს შაქრის სიტკბოს დაახლოებით 70% და ითვლება ნულკალორიულად.

 

წყარო : CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 108
Page 33 of 108