close

კვლევები

კვლევებიფსიქოლოგია

ქალის ცრემლები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კაცებში აგრესიას თრგუნავს — კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ქალის ცრემლები ნივთიერებას შეიცავს, რომელიც კაცებში აგრესიას თრგუნავს. ისრაელში მოღვაწე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცრემლების დაყნოსვა აგრესიასთან დაკავშირებულ ტვინის აქტივობას ამცირებს, რის შედეგადაც აგრესიული ქცევა ნაკლებად ვლინდება.

ცნობილია, რომ მამრ მღრღნელებში აგრესია მცირდება, როდესაც მათ მდედრების ცრემლის სუნი სცემთ. ეს სოციალური ინტერაქციისას ქიმიური სიგნალებით კომუნიკაციის, “სოციალური ქემოსიგნალირების”, ერთ-ერთი მაგალითია. ცხოველებს ეს ხშირად ახასიათებთ, თუმცა ფენომენი ადამიანებში ნაკლებადაა შესწავლილი.

იმის გასაგებად, აქვს თუ არა ცრემლებს ადამიანებზეც იგივე გავლენა, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ კაცებს ქალების ე.წ. ემოციური ცრემლები (ცრემლები, რომლებსაც ემოციები აჩენს და არა რაიმე ფიზიკური პროცესი) ან მარილის წყალხსნარი დააყნოსვინეს, როცა მონაწილეები სპეციალურ თამაშს თამაშობდნენ.

ცნობილია, რომ მამრობითი სქესის მღრღნელებში აგრესია ითრგუნება, როდესაც მათ მდედრების ცრემლის სუნი სცემთ.

მკვლევრებმა თამაში ისე მოაწყვეს, რომ კაცებს ეფიქრათ, სხვა მოთამაშეებმა თამაშის წესები დაარღვიეს. ეს გაღიზიანებისა და აგრესიული ქცევის გამოწვევას ემსახურებოდა. როდესაც შანსი მიეცემოდათ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შეეძლოთ, სხვა მოთამაშეზე შური ეძიათ და მათთვის ფინანსური ზიანი მიეყენებინათ.

კაცებმა არ იცოდნენ, რას ყნოსავდნენ და არც ორი სითხის ერთმანეთისგან გარჩევა შეეძლოთ — ცრემლებიც და მარილის წყალხსნარიც უფერო და უსუნო სითხეებია.

შურისძიებისკენ მიმართული აგრესიული ქცევა თამაშისას 40%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კაცებმა ქალების ემოციურ ცრემლებს დაყნოსეს.

MRI სკანერში გამეორების შემდეგ ფუნქციურმა ასახვამ შემდეგი რამ გამოავლინა: ტვინში აგრესიასთან დაკავშირებული ორი რეგიონი მეტად აქტიური ხდებოდა, როდესაც თამაშის დროს კაცებს აღიზიანებდნენ; მეორე მხრივ, იმავე სიტუაციებში აქტივობა შედარებით სუსტი იყო, როდესაც კაცები ცრემლებს ყნოსავდნენ.

ამასთანავე, რაც დიდი იყო სხვაობა ამ აქტივობაში, მით უფრო იშვიათად ავლენდა მოთამაშე შურისმაძიებლურ ქცევას.

კვლევით ცრემლებს, ტვინის აქტივობასა და აგრესიულ ქცევას შორის კავშირი გამოვლინდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “სოციალური ქემოსიგნალირება” ნამდვილადაა ადამიანთა აგრესიის ერთ-ერთი ფაქტორი და ეს მხოლოდ ცხოველებს სულაც არ ახასიათებთ.

“აღმოვაჩინეთ, რომ, ზუსტად ისე, როგორც თაგვებში ხდება, ადამიანის ცრემლებიც შეიცავს ქიმიურ სიგნალს, რომელიც იმავე სახეობის მამრებში აგრესიას თრგუნავს. ეს იმ შეხედულებას უპირისპირდება, რომ ემოციური ცრემლები მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ”, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ნაშრომი ჟურნალში PLOS Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსამართალიფსიქოლოგია

რატომ არიან მასობრივი მკვლელების 98% კაცები?

როდესაც მასობრივი მკვლელობები ხდება, 98 %-ია იმის შანსი, რომ დამნაშავე მამრობითი სქესის წარმომადგენელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია მასობრივი მკვლელის კატეგორიაზაცია, რადგან კონკრეტული ინდივიდის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, რასა და ასაკი დიდ როლს ასრულებს, მკვლევარებს დარწმუნებით შეუძლიათ განაცხადონ, რომ მასობრივი მკლელი თითქმის ყოველთვის იქნება კაცი.  ,,THE TIMES-მა“ გამოაქვეყნა კვლევა, სადავ აღნიშნულია, რომ მასობრივი მკლელობები, სხვა ძალადობრივი ქმედებებისგან განსხვავებით, მამრობითი სქესით დომინირებული ფენომენია, შემთხვევათა 98 %-ში დამნაშავე მამაკაცია.

ქალები აშშ-ში მომხდარ მკვლელობათა მხოლოდ 10-13 %-ში არიან ეჭვმიტანილნი. ამასთან, ამ შემთხვევებში, იშვიათადაა გამოყენებული ცივი იარაღი. უპირატესობა ენიჭება საწამლავის ან ცეცხლის გამოყენებას.

„ქალების მასმკლელობებში მონაწილეობა იმდენად იშვიათია, რომ ეს ფენომენი საკმარისად შესწავლილი არ არის“- აცხადებს ჯეიმს გარბარინო, ადამიანის განვითარებისა და ძალადობის მკვლევარი.

ამ განსხვავების მიზეზი მრავალგვარია და შეიძლება ვეძიოთ ევოლუციაში, ბიოლოგიასა და კულტურულ პროცესებში.

ევოლუციური ახსნა მოიაზრებს, რომ კაცობრიობის განვითარების მანძილზე, ტიპურად, მამრობითი სქესი აგრესიასა და ძალას იყენებდა საკუთარი სოციალური სტატუსის გასამყარებლად. (საპირისპირო სქესის მოხიბვლა, კონკურენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ.) ეს შეხედულება დროთა განმავლობაში კულტურაშიც ჩაინერგა. ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებით რელევანტურია სკოლაში განხორციელებულ მასობრივი სროლებისთვის: ახალგაზრდა მამაკაცები და მოზარდი ბიჭები უფრო მეტად განიცდიან იმედგაცრუებას, სოციალური ჯგუფებიდან გარიყულობასა და ზოგჯერ დამცირებასაც. საპასუხო რეაქცია ძალადობრივი ქმედებებია, რომელიც, დამნაშავის აღქმით, მასკულინობასა და სიმამაცესთანაა დაკავშირებული – ამტკიცებს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სოციოლოგი.

ბიოლოგიურ ფაქტორებში მოიაზრება ადამიანში ე.წ MAOA-ს გენის ვარიაცია, რომელიც მყარი საფუძველი ხდება მამაკაცის კრიმინალად ჩამოყალიბებისთვის, თუკი მას თან ახლავს ნარკოტიკდამოკიდებულება ან დაჩაგვრის, დამცირების ეპიზოდები ბავშვობაში.

კულტურული ფაქტორები, როგორიცაა – ძალადობრივი სპორტი, ვიდეოთამაშები და სხვა, გავლენას ახდენს მამაკაცებში აგრესიის დონეზე. კვლევებით დასტურდება, ასევე, სექსუალური ფაქტორების ზეგავლენა.

წყარო: thescienceexplorer

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაქიმია

დეოდორანტი და სხვა ჰიგიენური პროდუქტები ჩვენს სახლში ჰაერს აბინძურებს

თანამედროვე ჰიგიენურ პროდუქტებში უამრავი კომპონენტი გვხვდება, რომლებსაც სუნისა და ოფლის საწინააღმდეგო, დამატენიანებელი თუ ვარცხნილობის შემანარჩუნებელი ეფექტი გააჩნია. ზოგიერთი ასეთი ნივთიერება ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საზიანოა, ზოგს კი გარემოში მოხვედრისას სხვა ნაერთებთან რეაქციაში შესვლა და ჰაერის დაბინძურება შეუძლია.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა სწორედ ასეთი პროდუქტები შეისწავლეს, რათა დაედგინათ, რა ხდება, როცა ისინი სახლის ტიპურ გარემოშია. შედეგად, 200 სხვადასხვა აქროლადი ორგანული ნაერთის იდენტიფიცირება შეძლეს. მათი ნაწილი შედარებით უსაფრთხოა და დაბალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ძალიან სწრაფ ქიმიურ რეაქციებს განიცდის და მეორეულ ორგანულ აეროზოლებს წარმოქმნის.

მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი მოლეკულებისგან ახალი ნაწილაკები მიიღება, რომლებიც ერთმანეთს ეკვრის და ზომაში იზრდება. შედეგად მიღებული ნაწილაკები შესაძლოა, ჩვენს ფილტვებში დაილექოს. ჯანმრთელობაზე მათი გავლენა კარგად არაა გამოკვლეული, მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ისინი იმაზე საშიშია, ვიდრე გვგონია.

დღესდღეობით სახლებსა თუ ოფისებში ოზონის მოლეკულების 1 წყარო მაინცაა, როგორიცაა პრინტერები, ქსეროქსის აპარატები ან, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ჰაერის გამწმენდები. ასეც რომ არ იყოს, ბევრი გარე დამაბინძურებელი აგენტი მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად ოზონის ფორმირებას იწვევს, რომელიც შიგნით ფანჯრებიდან ან სავენტილაციო სისტემებიდან აღწევს.

ოზონში არსებული ჟანგბადის სამი ატომი მას არასტაბილურს და აქროლად ორგანულ ნაერთებთან მარტივად რეაქციულს ხდის. ამ ქიმიურ პროცესებზე დასაკვირვებლად მკვლევრებმა ბურთულიანი და სპრეი დეოდორანტი, ხელის ლოსიონი, სუნამო და მშრალი შამპუნი გააანალიზეს.

პირველი ექსპერიმენტი მათთან დაკავშირებული ემისიების შესწავლას დაეთმო, მეორე ცდისას კი ამ ემისიებთან ოზონის რეაქციას დააკვირდნენ. ამისთვის სახლის მსგავს სიმულირებულ სივრცეში ოზონი გაუშვეს, მილიარდში დაახლოებით 35-40 მოლეკულის ოდენობით. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პროდუქტის შემთხვევაში (ბურთულიანი დეოდორანტის გარდა) ნაწილაკების ერთგვარი სმოგი წარმოიქმნა და მათი რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ მსგავსი პროდუქტების მოხმარება შევამციროთ ან უფრო ბუნებრივი ალტერნატივებით ჩავანაცვლოთ, რომლებშიც რეაქციული კომპონენტები ნაკლებადაა. მათი ნაშრომი გამოცემაში Environmental Science & Technology Letters გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაკვლევები

შიმპანზეებს საუბრის ადამიანების მსგავსი სტილი აქვთ

მეცნიერების ჯგუფმა უგანდასა და ტანზანიაში ველური შიმპანზეების კომუნიკაციის სტილი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის ძალიან ჰგავს ადამიანების საუბარს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევის მიზანი კომუნიკაციის ევოლუციური საწყისების შესწავლა იყო. მეცნიერებმა 250 ცხოველის 8 ათასზე მეტი ჟესტი აღწერეს და თარგმნეს და დაადგინეს, რომ ველური შიმპანზეები, ისევე როგორც ადამიანები, დიალოგისას საკუთარ რიგს ელოდებიან, ხანდახან კი ერთმანეთს სიტყვასაც აწყვეტინებენ.

ამასთან, ცხოველები ძირითადად ჟესტიკულაციისა და სახის გამომეტყველებით ერთვებიან ერთმანეთთან დიალოგში.

ექსპედიციის მთავარი მკვლევარი დოქტორ გელ ბადიჰი სეინტ ენდრიუს უნივერსიტეტიდან განმარტავს, რომ კომუნიკაცია შიმპანზეებს ერთმანეთთან კოორდინაციაში და კონფლიქტების თავიდან არიდებაში ეხმარება.

„მაგალითად, ერთ შიმპანზეს შეუძლია მეორეს ანიშნოს, რომ შია, ის კი მას საკვებს მიაწვდის, ან თუ არც ისე კეთილად არის განწყობილი, ჟესტებით ანიშნებს, რომ წავიდეს. ასეთი კვლევები გვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ წარმოიშვა საუბრის ის წესები, რომლებსაც დღეს ჩვენ, ადამიანები ვიცავთ“ – აღნიშნავს მეცნიერი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა ენაზე ფიქრობენ სმენის არმქონე ადამიანები?

ყველას მსგავსად, სხვებთან და საკუთარ თავთან კომუნიკაცია სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც არაერთი გზით. არ არსებობს ერთი კონკრეტული ჟესტური ენა ან მოდალობა, რომელსაც ფიქრისას ყველა სმენადაქვეითებული ადამიანი იყენებს. ადამიანის ფიქრის ბუნებას არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: რა ასაკში წაერთვა/შეუსუსტდა მას სმენა ან აქვს თუ არა შინაგანი მონოლოგი.

ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არაა გამოქვეყნებული, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს. პროფესორმა ბენსი ვოლმა, ჟესტური ენის ლინგვისტმა (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი), საკითხი შემდეგნაირად ახსნა:

“იმ ადამიანის ფიქრი, რომელიც სმენის გარეშე დაიბადა, მისთვის ნაცნობ ენებზე იქნება დამოკიდებული. ზოგჯერ სმენადაქვეითებული ბავშვები თავისთვის ისევე მღერიან, როგორც ნორმალური ბავშვები ესაუბრებიან საკუთარ თავს”.

სრულად სმენადაქვეითებული ზოგი ადამიანი არა ხმით, არამედ გამოსახულებებით ფიქრობს, ანუ ფიქრებს ჟესტების, დაწერილი სიტყვების ან სურათების სახით წარმოიდგენს. საკუთარი ფიქრების დეტალურად წარმოდგენა მათაც შეუძლიათ, უბრალოდ ამას განსხვავებულად აკეთებენ.

სმენის გარეშე დაბადებული ადამიანები, დიდი ალბათობით, ვერ მიხვდებიან, როგორ ჟღერს მეტყველება; მეორე მხრივ, ამაზე წარმოდგენა ექნებათ მათ, ვინც სმენა თავიდან ჰქონდათ და მოგვიანებით დაკარგეს. შესაბამისად, ზოგიერთი სმენადაქვეითებული ადამიანი შეიძლება ვიზუალების, ხმის ან ორივეს გამოყენებით ფიქრობდეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში დაახლოებით 300 ჟესტური ენა არსებობს. შესაბამისად, სწორედ კონკრეტულ ენაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ჟესტებს წარმოიდგენს ფიქრისას სმენადაქვეითებული ადამიანი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვლევებმა აჩვენა, რომ ჟესტური ენის გამოყენებით ფიქრი ტვინის მარცხენა ქვედა შუბლის ქერქს ააქტიურებს. სწორედ ეს რეგიონი აქტიურდება მაშინაც, როცა ნორმალური სმენის მქონე ადამიანები იყენებენ სიტყვებს შინაგანი მონოლოგისთვის.

“ეს მიანიშნებს, რომ ჟესტური ენითა და სამეტყველო ენით ფიქრს ერთი და იგივე უბნები მართავს“, — დაასკვნეს მეცნიერებმა 1997 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

1970-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოკლევადიან მეხსიერებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჟესტების წარმოდგენას სასიცოცხლო როლი აქვს. ზუსტად ასევეა შინაგანი, უხმო, მეტყველება ნორმალური სმენის მქონე ადამიანებისთვის.

ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ნორმალური სმენის მქონე ადამიანი ვერბალურად, ანუ სიტყვების გამოყენებით, ფიქრობს. უკვე ფართოდ ცნობილია, რომ ზოგს შინაგანი მონოლოგი არ აქვს, ანუ მათი ფიქრები ჩუმია და მხოლოდ გამოსახულებებისგან ან სხვა აბსტრაქტული იდეებისგან შედგება.

უცნობია, რამდენად ხშირია ეს ფენომენი სმენადაქვეითებულ ადამიანებში; დაუზუსტებელია ისიც, ახასიათებთ თუ არა მათ ეს იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც — ნორმალური სმენის მქონე ადამიანებს.

ზოგიერთ ადამიანს აფანტაზია აქვს, ანუ გონებაში არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. როგორც ჩანს, სმენადაქვეითებულებში აფანტაზიის კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. შესაბამისად, ისიც უცნობია, როგორ შეიძლება ფიქრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ხმის წარმოდგენა შეუძლიათ და არც გამოსახულებების.

საბოლოო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ფიქრობდეს სმენადაქვეითებული ადამიანი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი – ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. შესაბამის კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის.

პრეპარატის სახელია ATI-450 და იგი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაწლავების კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი შემცირდება, თუ კვირაში 3-ჯერ თევზს მივირთმევთ. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, კვლევა 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ევროპაში მცხოვრები 476 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებში, რომლებიც თევზს ხშირად მიირთმევენ, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი 12%-ით ნაკლები იყო. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა ცხიმიან თევზს მიირთმევდნენ ისინი თუ უცხიმოს.

მეცნიერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თევზი შეიცავს ცხიმიან მჟავეებს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ფუტკრის შხამში შემავალმა მოლეკულამ ლაბორატორიაში ძუძუს კიბოს უჯრედები გაანადგურა

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ჩვენგანს ფუტკრის ნესტართან მწარე გამოცდილება გვაქვს, მათი ეს იარაღი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ უსიამოვნება. ახალი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ფუტკრის შხამში აღმოჩენილ მოლეკულას შეუძლია ჩაახშოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კიბოს უჯრედების ზრდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო ძუძუს კიბოს გარკვეულ ქვეტიპებზე, მათ შორის ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე (TNBC), რომელიც წარმოუდგენლად აგრესიულია და მის წინააღმდეგ მკურნალობის დიდი არჩევანიც არ არის.

ძუძუს კიბოების 15 პროცენტი ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე მოდის. მრავალ შემთხვევაში, მისი უჯრედები მოლეკულას, სახელად EGFR-ს, იმაზე დიდი რაოდენობით წარმოქმნის, ვიდრე ჩვეულებრივი უჯრედები. ამ მოლეკულის მიზანში ამოსაღებად პრეპარატების შექმნის ყოველი წინა მცდელობა არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებდნენ ჯანმრთელ უჯრედებზეც.

მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) შხამმა უკვე აჩვენა პოტენციალი სხვა სამედიცინო თერაპიებში, მაგალითად, ეგზემას მკურნალობაში; ასევე ცნობილი იყო, რომ აქვს სიმსივნის, მათ შორის მელანომას საწინააღმდეგო გარკვეული თვისებები. თუმცა, გაურკვეველი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ის სიმსივნეების წინააღმდეგ მოლეკულურ დონეზე. ამჯერად, ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

საკუთარ პათოგენებთან საბრძოლველად, ფუტკრები იყენებენ მელიტინს — მოლეკულას, რომელიც მათი შხამის ნახევარს შეადგენს და რაც მათ ნაკბენს საკმაოდ მტკივნეულს ხდის. მწერები ამ პეპტიდს აწარმოებენ არა მხოლოდ შხამში, არამედ ქსოვილებშიც, სადაც ის ინფექციების საპასუხოდ გამოიყენება.

ამ მოლეკულის შესასწავლად, მკვლევრებმა ლაბორატორიაში გამოზრდილი კიბოს უჯრედები და ჩვეულებრივი უჯრედები დაამუშავეს ირლანდიური, ინგლისური და ავსტრიული მეთაფლია ფუტკების შხამით და ინგლისური ბაზის (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, Bombus terrestris) შხამით.

აღმოჩნდა, რომ ბაზის შხამს, რომელიც არ შეიცავს მელიტინს, მაგრამ აქვს უჯრედის პოტენციური მკვლელი სხვა საშუალებები — მცირე ეფექტი ჰქონდა ძუძუს კიბოს უჯრედებზე, მაგრამ სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა მეთაფლია ფუტკრის შხამი ზემოთ ხსენებული ყველა ადგილიდან.

„შხამი უკიდურესად ძლიერმოქმედი იყო. აღმოვაჩინეთ, რომ მელიტინს შეუძლია 60 წუთში მთლიანად გაანადგუროს კიბოს უჯრედის მემბრანა“, — ამბობს ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი კიარა დაფი.

როდესაც მელიტინი ანტისხეულით დაბლოკეს, კიბოს უჯრედები შხამს გადაურჩა, რითაც დამტკიცდა, რომ შხამის კომპონენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ადრეული ცდების შედეგებზე, ნამდვილად მელიტინია.

ამ ყველაფერში საუკეთესო ამბავი კი ის არის, რომ მელიტინს მცირე გავლენა აქვს ჩვეულებრივ უჯრედებზე, კონკრეტულად კი მიზანში ამოღების უჯრედებზე, რომლებიც აწარმოებენ დიდი ოდენობით EGFR-სა და HER2-ს — კიდევ სხვა მოლეკულებს, რომლებსაც ჭარბად წარმოქმნიან ძუძუს კინოს გარკვეული ტიპები; მელიტინმა სრულიად მოშალა კიბოს უჯრედების გამრავლების უნარიც.

„ეს კვლევა წარმოაჩენს, როგორ აბრკოლებს მელიტინი სასიგნალო გზებს ძუძუს კიბოებში, რითაც ამცირებს უჯრედების გამრავლებას“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უფროსი მეცნიერი პიტერ კლინკენი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

უფრო მყარი დასკვნისთვის, ჯგუფმა ასევე დაამზადა მელიტინის სინთეთიკური ვერსია, რაღა ენახათ, რამდენად განსხვავებული იქნებოდა მისი მოქმედება რეალური მელიტინისგან.

დაფის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სინთეთიკურმა პროდუქტმა ფუტკრის შხამის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებათა უმეტესობა გაიმეორა.

ამის შემდეგ, დაფიმ და მისმა ჯგუფმა თაგვებში შეამოწმეს მელიტინისა და ქიმიოთერაპიის პრეპარატების ერთობლივი მოქმედება. ექსპერიმენტულმა მკურნალობამ შეამცირა იმ მოლეკულების რაოდენობა, რომლებსაც კიბოს უჯრედები იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად იყენებენ.

„დავადგინეთ, რომ ძუძუს კიბოს ძლიერ აგრესიული ტიპების სამკურნალოდ, მელიტინის გამოყენება შესაძლებელია პატარა მოლეკულებად ან ქიმიოთერაპიის სახით, მაგალითად, პრეპარატ დოცეტაქსელში. თაგვებში სიმსივნის ზრდის შესამცირებლად წარმოუდგენლად ეფექტიანი აღმოჩნდა მელიტინისა და დოცეტაქსელის კომბინაცია“, — განმარტავს დაფი.

EGFR და HER2 მოლეკულების ძლიერი ექსპრესია ასევე შეიმჩნევა სხვა ტიპის კიბოებშიც, მათ შორის, ფილტვის კიბოში; როგორც ეს კვლევა მიუთითებს, მლიტინის პოტენციური სამიზნე შეიძლება, ეს კიბოც იყოს.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაბორატორიაში, პეტრის თეფშზე კიბოს მოკვლა ძალიან ბევრ რამეს შეუძლია და მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, ვიდრე ფუტკრის შხამის ამ მოლეკულას ადამიანებში კიბოს სამკურნალოდ გამოვიყენებთ.

მკვლევართა განცხადებით, ადამიანებში ცდების დაწყებამდე, საჭიროა ოფიციალურად შეფასდეს ამ პეპტიდების ტოქსიკურობა და უსაფრთხო დოზის მაქსიმუმი.

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მწერების ეს საოცარი იარაღი კიდევ ერთი გასაოცარი მაგალითია იმისა, რომ ადამიანთა დაავადებების სამკურნალო ქიმიური ნივთიერებები ხშირად ბუნებაში მოიპოვება. აქვე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სხვა მრავალ ქმნილებათა მსგავსად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები დღეს თავად მეთაფლია ფუტკრებსაც აწუხებთ.

კვლევა ჟურნალ Nature Precision Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია perkins.org.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ძუძუს კიბოს საცდელმა პრეპარატმა თაგვებში სიმსივნე მხოლოდ ერთი დოზით გაანადგურა

ძუძუს კიბოს ესტროგენის რეცეპტორ პოზიტიური (ER+) ფორმის მკურნალობა ხშირად რთულ და ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ის, ძირითადად, ქირურგიულ ჩარევებსა და მრავალწლიან ჰორმონალურ თერაპიას გულისხმობს, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ უსიამოვნო გვერდით ეფექტს იწვევს. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევა ახალი გზის აღმოჩენის იმედს აჩენს.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მოლეკულურმა საცდელმა პრეპარატმა სხვადასხვა ზომის სიმსივნის სრული ან თითქმის სრული განადგურება ერთჯერადი დოზით შეძლო.

ძუძუს კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მართალია, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით გადარჩენის შანსი გაიზარდა, მაგრამ ეს თერაპიები სრულყოფილი არაა. ER+ კიბოს შემთხვევაში, სიმსივნის ზრდას ჰორმონ ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები განაპირობებს. მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ჰორმონალურ თერაპიას ხშირად მთელი ორგანიზმისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, როგორიცაა ტკივილი, სქესობრივი დისფუნქცია, ქრონიკული დაღლილობა და ძვლების სისუსტე. ზოგიერთი პაციენტისთვის ის ენდომეტრიული კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის, თანაც მკურნალობის მიუხედავად მაინც არსებობს მაღალი შანსი, რომ დაავადება ხუთი წლის განმავლობაში განმეორდეს.

მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ისეთ პრეპარატზე, რომელიც მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე იმოქმედებს და მინიმალური გვერდითი ეფექტი ექნება. ერთ-ერთი ასეთი კვლევის ავტორი პოლ ჰერგენროთერია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად პრეპარატი ErSO შექმნა. ის სიმსივნურ უჯრედებს ნეკროზის პროცესის გზით ანადგურებს, თუმცა მისი საწყისი ფორმა გარკვეულ არასასურველ სიმპტომებს იწვევდა. მათ აღმოსაფხვრელად სპეციალისტებმა მედიკამენტის ახალი ვერსია, ErSO-TFPy, შექმნეს, რომელიც სიმსივნეების განადგურებას გვერდითი ეფექტების გარეშე ახერხებს.

თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, ER+ ძუძუს კიბოს სამი განსხვავებული მოდელის საფუძველზე, ErSO-TFPy-ს ერთჯერადი დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიმსივნეები სრულად ან თითქმის სრულად გამქრალიყო. უფრო მეტიც, პრეპარატმა მინიმალური გვერდითი ეფექტი აჩვენა არა მხოლოდ თაგვებში, არამედ ვირთხებსა და ძაღლებშიც.

ეს მიღწევა იმედის მომცემია, რადგან ერთჯერადი ან რამდენიმე დოზით მკურნალობა პაციენტებს მრავალწლიანი თერაპიის საჭიროებისგან ათავისუფლებს და გვერდითი მოვლენების ალბათობას ამცირებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მკურნალობა ძუძუს კიბოს თერაპიის სფეროს რადიკალურად შეცვლის.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ ამ ეტაპზე კვლევის შედეგები მხოლოდ ცხოველთა მონაცემებს ეფუძნება. ErSO-TFPy ადამიანის ER+ უჯრედებს ლაბორატორიულ პირობებში ეფექტიანად ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გარანტირებული არ არის, რომ ცხოველის ან უჯრედული მოდელის შედეგები ცოცხალ ადამიანზეც იმავენაირად გავრცელდება.

მართალია, კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მეცნიერები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ – კვლევა

კვლევის თანახმად, თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებით ვირთხებს ძალიან კარგად განვითარებული ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. გარდა ამისა, ისინი მახსოვრობითაც გამოირჩევიან, ამიტომ თაგვებს შეუძლიათ, გზა იმის მიხედვით გაიკვალონ, თუ როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული სივრცე წარსულში ან რა შეიძლება დახვდეთ იმ ადგილას, რომელიც ძალიან ჰგავს უკვე ნანახს.

როდესაც ადამიანები ადგილებს განმეორებით სტუმრობენ, ისინი ნავიგაციაზე დიდ გონებრივ რესურსს არ ხარჯავენ – ტვინმა იცის, სად წავიდეს. მკვლევრებს სურდათ, გაერკვიათ, მუშაობს თუ არა ვირთხების ტვინი და წარმოსახვა თითქმის ანალოგიურად. ცდების შედეგებმა ცხადყო, რომ მათი სივრცეში გადაადგილების უნარი თითქმის ადამიანის შესაძლებლობის მსგავსია.

მეცნიერებმა პასუხი ვირტუალური რეალობის დახმარებით მიიღეს. მათ რამდენიმე სახის გარემო დააპროექტეს – ზოგი ერთმანეთის იდენტური, ნაწილი მსგავსი, ზოგიერთი კი აბსოლუტურად განსხვავებული – და მოწყობილობა თაგვებს მოარგეს. მათ მოსალოდნელზე უკეთ მოახერხეს გადაადგილება იმ სივრცეში, რომლის მსგავსშიც ადრეც ყოფილან. მკვლევრების განცხადებით, ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მღრღნელების ტვინისა და შესაძლებლობების შესწავლა სამეცნიერო სამყაროს ჯერ კიდევ უამრავ ახალ აღმოჩენას სთავაზობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 108
Page 7 of 108