close

კვლევები

კვლევები

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა შემცირდა, ემიგრანტების რიცხვი გაიზარდა

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3,716,900 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

უწყების განმარტებით, მოსახლეობის შემცირება მოხდა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა უარყოფითი მიგრაციული სალდო დაებალანსებინა.

“2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243),”– ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქსტატის მიხედვით, 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105,107  შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96,864 შეადგინა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო -8,243 იყო.

საქსტატის მიხედვით, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2 პროცენტს და ემიგრანტების 78.0 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება კი ასეთია:

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი – 15.1 პროცენტს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან,  თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის – 78.4 წელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკვლევები

რეკორდი იტალიაში – ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 4 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის არსებობის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 872 ადამიანს კი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით 205 463 ადამიანი დაინფიცირდა, 27 967 გარდაიცვალა, ხოლო 75 945 კი გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„მარიხუანას იშვიათმა გამოყენებამაც კი შესაძლოა COVID-19-ის მწვავე სიმპტომების განვითარება გამოიწვიოს“

მარიხუანის მოხმარება კორონავირუსის დროს საზიანოა. მარიხუანას იშვიათმა გამოყენებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს COVID-19-ის მწვავე სიმპტომების განვითარება, – ამის შესახებ ჰარვარდის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომელსაც დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

„მარიხუანას მოწევის დროს ფილტვებში ვითარდება მცირე ანთებითი, ბრონქიტის მსგავსი პროცესი. ასეთ შემთხვევაში უკვე სახეზე გვაქვს სასუნთქი გზების ანთება, რომელსაც ემატება ინფექცია. რა თქმა უნდა ამ დროს გართულებების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია“, – ამბობს პულმუნოლოგი და ამერიკის ფილტვის ასოციაციის ექიმი, ალბერტ რიზზო.

აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, რომ კორონავირუსული დაავადება შესაძლოა განსაკუთრებით რთული ფორმით გამოვლინდეს თამბაქოს და მარიხუანის მწეველებში.

რადგან მარიხუანა დაბალ ტემპერატურაზე იწვის, მწეველი დაუწვავ ნაწილაკებსაც შეისუნთქავს, რომელიც აღიზიანებს ფილტვებს ალერგიის მსგავსად. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მშრალი ხველა რომელიც კორონავირუსული ინფექციის ძირითადი სიმპტომიც არის. ასეთ შემთხვევაში დაავადების დიფერენცირება ძალიან რთულდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კლავს თუ არა მზე და ულტრაიისფერი სხივები კორონავირუსს?

საავადმყოფოებში, კლინიკებსა და სხვა ისეთ შენობებში, სადაც ჰაერის ბაქტერიებითა და მიკრობებით დაბინძურების დიდი რისკია, ისეთ ნათურებს ამონტაჟებენ, რომლებისგანაც ულტრაიისფერი სხივები – UVC- გამოიყოფა.
აღნიშნული ნათურები გარკვეულ დროში ბაქტერიებს, სოკოსა და ვირუსებს კლავს.
ნათურებს ჭერში ამონტაჟებენ, ვინაიდან, აუცილებელია, ისინი ადამიანებთან ახლოს არ მდებარეობდნენ. მიკრობები ჰაერის ცირკულაციის საშუალებით ნათურაბამდე მიდის, იქედან კი, გასუფთავებული ჰაერი იქამდე ჩადის, სადაც ადამიანები არიან.
ნათურების მაღალ ადგილზე განთავსება მთავარი პირობაა, ვინაიდან ისინი ისეთი რაოდენობით ულტრაიისფერ სხივებს გამოყოფენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თვალებისთვის, საზიანოა.
როგორც ცნობილია, ულტრაიისფერი სხივებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ სამ ტიპად ყოფენ: A(UVA), B(UVB) და C(UVC) სხივებად. UVA ყველაზე სუსტია, მაგრამ ყველაზე ღრმად აღწევს კანში, შეუძლია გამოიწვიოს კანის ღრმა დამწვრობა, დააზიანოს შემაერთებელი ქსოვილოვანი სტრუქტურები, ბადურა. UVB უფრო ძლიერი და ნაკლებად შეღწევადია, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით დაგროვდა, შესაძლოა კანისა და რქოვანას მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს. UVC შედარებით სუსტია, თუმცა თვალების დაზიანება მასაც იოლად შეუძლია.
„როდესაც ჩვენ მათ ზედაპირების დეზინფექცირებისთვის ვიყენებთ, დარწმუნებულები ვართ, რომ ოთახში არავინაა, ხოლო თუკი ოთახის ჰაერის ზედა ნაწილის გაწმენდა გვსურს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ დაბლა, იმ ადგილამდე, სადაც ადამიანები იმყოფებიან, ულტრაიისფერი სხივები მხოლოდ მცირე დოზით ჩააღწევს, რაც მათ თვალებს არ დააზიანებს,“- აცხადებენ მეცნიერები.
მათი განმარტებით, ასეთი ნათურები ეფექტურია ოთახში ჰაერის მიკრობებისა და ვირუსებისგან გასაწმენდად, ხოლო ულტრაიისფერი სხივების ადამიანებზე იმ დოზით გამოყენება, რომ ორგანიზმი ვირუსისგან გაიწმინდოს, არ შეიძლება, ვინაიდან ეს კანსა და თვალებს, და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობას, დიდ ზიანს მიაყენებს.
„მცირე რაოდენობით ულტრაიისფერი სხივები ადამიანებში ვიტამინ D-ს წარმოსაქმნელად აუცილებელია, თუმცა მისი გადაჭარბებული დოზით დასხივებამ კანზე, თვალებსა და იმუნურ სისტემაზე, შესაძლოა მწვავე და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს,“- აცხადებენ მეცნიერები.
ვირუსის მოსაკლავად ულტრაიისფერი სხივების გამოყენების შესახებ გაფრთხილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ავრცელებს.
„ულტრაიისფერი სხივების ნათურების გამოყენებამ ხელებისა და კანის სხვა ნაწილების სტერილიზაციითვის, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. მზე და ცხელი ამინდი „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებისგან ვერ დაგიცავთ, ასე რომ იყოს, ვირუსი ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში არ გავრცელდებოდა, სადაც კორონავირუსის უამრავი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს,“- აცხადებენ „ჯანმო“-ში.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ტერფებსა და ფეხის თითებზე გამონაყარი, შესაძლოა, კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს

იასამნისფერი გამონაყარი ფეხის თითებსა და ტერფებზე, რომელიც ჩუტყვავილას ან წითელას ინფექციას გავს, შესაძლოა, ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანელი და იტალიელი ექიმები ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ პაციენტებს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც ფეხის თითებსა და ტერფებზე მუქი დაზიანებები ჰქონდათ, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ერთ-ერთი პირველი პაციენტი, რომელსაც აღნიშნული სიმპტომი ჰქონდა, 13 წლის იტალიელი მოზარდი იყო, რომლის დაზიანებები თავდაპირველად ე.წ. ვიოლინო ობობის ნაკბენი ეგონათ, ბიჭს აღნიშნული სიმპტომის გაჩენიდან რამდენიმე დღეში დაეწყო ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ასევე ფეხზე არსებული დაზიანებების წვა და ქავილი.
აღსანიშნავია, რომ 29 მარტს, ანუ ხუთი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ტერფების მიდამოებში დაზიანებები ბავშვებში პირველად დაფიქსირდა. ამჟამად კი, ყოველი ხუთი პაციენტიდან ერთს აღნიშნული უცნაური დერმატოლოგიური მდგომარეობა აღენიშნება.
დერმატოლოგები მიიჩნევენ, რომ თუკი შემდგომი დაკვირვება და ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ საქმე COVID-19-ის ერთ-ერთ სიმპტომთან გვაქვს, ეს იმ ბავშვების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება, რომლებსაც სხვა სიმპტომები ან საერთოდ არ აღენიშნებათ, ან სუსტად გამოხატული აქვთ, თუმცა დაავადების გადამტანებია არიან. მათი ადრეული იდენტიფიცირება ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების საშუალებაა.
იმავე მოსაზრებაზე არიან ესპანელი მედიკოსებიც. ესპანეთის ორთოპედების კოლეჯების გენერალური საბჭოს მტკიცებით, რომელიც 7 500 პროფესიონალს აერთიანებს, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემთხვებმა აჩვენა, რო, ბავშვებსა და მოზარდებს, იშვიათ შემთხვევებში კი ზრდასრულ პაციენტებსაც, რომლებსაც COVID-19-ი დაუდასტურდათ, ფეხის თითებზე იასამნისფერი გამონაყარი გაუჩნდათ (რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჩუტყვავილას, წითელას ან მოყინულს), განკურნების შემდეგ ეს გამონაყარი უკვალოდ ქრება.
მედიკოსების განმარტებით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის სამეცნიერო მტკიცებულება, რომ აღნიშნული გამონაყარი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია, თუმცა, COVID-19-ით დაინფიცირებულ უამრავ პაციენტში მისი დაფიქსირება იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ ფაქტს ყურადღებით მოვეპყროთ.
ცნობისათვის, COVID-19-ი, როგორც წესი დაინფიცირებულის ფილტვებს აზიანებს, რაც იწვევს ხველას, სუნთქვის პრობლემებსა და მაღალ ტემპერატურას. თუმცა, ბევრ პაციენტს აღენიშნება დეარეა, სათესლე ჯირკვლების ტკივილი და გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა.


წყარო : metro.co.uk
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – პაციენტებში, რომლებსაც ჰიდროქლოროქინით მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც ჰიდროქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობდნენ,, სიკვდილიანობისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების გამოყენების უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნულ მედიკამენტს არ ღებულობდნენ.
კვლევაში, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩატარდა, მონაწილეობა 368 პაციენტმა მიიღო. აღნიშნული პაციენტებიდან 97-ში, რომლებსაც ჰიდროქლოროქინით მკურნალობდნენ, სიკვიდილიანობის მაჩვენებელი 27,8% იყო. ხოლო 158 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფში, სადაც მედიკამენტს არ იყენებდნენ, სიკვდილიანობის დონე მხოლოდ 11,4% იყო.
“ეს დასკვნები ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია დაველოდოთ ამ პრეპარატთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევების შედეგებს, ვიდრე მას ფართო მოხმარებაში დავნერგავთ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები, რომლებიც სამხრეთ კაროლინაში, კოლუმბიის ვეტერანთა საქმეების ჯანდაცვის სისტემის, ასევე სამხრეთ კაროლინისა და ვირჯინიის უნივერსიტეტების მკვლევარები არიან.
ისინი ასევე იკვლევდნენ, რამდენად ეფექტური იყო ჰიდროქლოროქინისა და აზითრომიცინის ნარევის ან მხოლოდ ჰიდროქლოროქინის მიღება და რამდენად იცავდა მკურნალობის ეს მეთოდი პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის საჭიროებისგან.
“ამ კვლევისგან ვერ მივიღეთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჰიდროქლოროქინით ან მისი აზითრომიცინთან კომბინირებით მკურნალობის შემთხვევაში, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში სასუნთქი აპარატის გამოყენების საჭიროება მცირდება,“ – წერენ კვლევის ავტორები.
ჰიდროქლოროქინი ათწლეულების განმავლობაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, როგორიცაა მალარია, მჭამელა(კანისა და ძვლის დამაზიანებელი დაავადება) და რევმატოიდული ართრიტი.
კიდევ ერთი ახალი კვლევის ფარგლებში, ფრანგმა მკვლევრებმა COVID-19-ით დაინფიცირებული 181 პაციენტის სამედიცინო ისტორიები შეისწავლეს, რომლებსაც აღენიშნებოდათ პნევმონია და დამატებით ჟანგბადს საჭიროებდნენ, დაახლოებით ნახევარს საავადმყოფოში მიყვანიდან 48 საათის განმავლობაში ჰიდროქლოროქინით უმკურნალეს, მეორე ნახევარს კი პრეპარატი არ მიუღია. აღნიშნულ ორ ჯგუფში დაფიქსიებული სიკვიდილანობის მაჩვენებელი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ აღმოჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რვა პაციენტს, რომლებმაც მედიკამენტი მიიღეს, გულის რითმის პრობლემები განუვითარდათ და იძულებულები გახდნენ, მედიკამენტის მიღება შეეწყვიტათ.
აღსანიშნავია, რომ არცერთი აღნიშნული კვლევა სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.
წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დიდი ბრიტანეთი ხვალიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე დატესტვას იწყებს

გაერთიანებული სამეფო ხვალიდან კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე დატესტვას იწყებს, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.
„კორონავირუსის დამარცხების საუკეთესი გზა ვაქცინაზე გადის. გაერთიანებული სამეფო კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. ჩვენ გაცილებით მეტი ფული ჩავდეთ ვაქცინის შექმნაში, ვიდრე სხვა ქვეყნებმა და შედეგიც სახეზე გვაქვს – ქვეყანა ორ ვაქცინაზე მუშაობს,“- განაცხადა მეთ ჰენკოკმა.
ხვალ იწყება ცდები ვაქცინაზე, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო აღნიშნული კვლევის დასაფინანსებლად 20 მილიონ ფუნტს (25 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს, კიდევ ერთ კვლევას კი, რომელსაც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად აწარმოებს, მთავრობა 20,5 მილიონი ფუნტით დააფინანსებს.
მეთ ჰენკოკის განმარტებით, ვაქცინის პოვნის პროცესი ცდის და შეცდომების მეთოდზეა დაფუძნებული. მან ბრიტანელ მეცნიერებს მხარდაჭერა და ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფა აღუთქვა. მისივე თქმით, ის, რომ გახდე მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა იმდენად დიდი მიღწევაა, რომ მზადაა, ამისთვის ყველაფერი გაიღოს.
როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანაში კიდევ ერთ ვაქცინაზე ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნერები მუშაობენ. ისინი მიმდინარე წლის ივნისში ვაქცინის ადამიანებზე დატესტვას აპირებენ და მოხალისეებს ცდებში მონაწილეობისთვუს იწვევენ.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდი ვაქცინა ცხოველებზე გამოცდას თებერვლიდან ახორციელებს და ამტკიცებს, რომ მიღებული შედეგი დადებითია.
„ვეძებთ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს მიერ ივნისში დაგეგმილ ცდებში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, რა დოზები მოგვცემს საუკეთესო იმუნურ პასუხს. ნებისმიერი კლინიკური ცდა რისკის ელემენტს შეიცავს, თუმცა, შევეცდებით, ეს რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ,“- აცხადებენ ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერები.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 575 875 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 178 669 და გამოჯანმრთელებულია 704 142 ადამიანი.

წყარო : bloomberg.com
bbc.com
worldometers.info

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

ფრანგი მეცნიერები წითელას მოდიფიცირებული ვაქცინით კორონავირუსის დამარცხებას ცდილობენ

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დღიდან დღემდე მსოფლიოში მეცნიერები 115 ვაქცინაზე მუშაობენ. საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტი კი მუშაობს წითელას ვაქცინის მოდიფიცირებაზე, რომელმაც ადამიანის ორგანიზმი უნდა „მოატყუოს“ და ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოაქმნევინოს.
ინსტიტუტის პრე-კლინიკური კვლევისთვის ნორვეგიის ეპიდემიური მზაობის ინოვაციების კოალიციამ 4.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო. ვაქცინა, რომელზეც საფრანგეთის პასტერის ინსიტუტის მეცნიერები მუშაობენ, ერთ-ერთია იმ რვა ვაქცინის კანდიდატს შორის, რომელსაც ნორვეგიის ეპიდემიური მზაობის კოალიცია უჭერს მხარს, თუმცა მთლიანად მხოლოდ ორი-სამი პროექტი დაფინანსდება.
კოალიციის შეფასებით, ისეთი ვაქცინის შექმნა, რომლის საშუალებითაც მილიარდობით ადამიანის იმუნიზაცია რეკორდულ დროში იქნება შესაძლებელი, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ამავდროულად, ვირუსოლოგი ფრედერიკ ტენჟი აცხადებს, რომ იმუნიზაცია პანდემიის პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალია. მისი თქმით, ისეთი ზომები, როგორიცა სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია ღია ჭრილობაზე დროებითი სახვევის დადებას ჰგავს.
„იმის მიხედვით, რაც კოვიდ 19-ის შესახებ ვიცით, ადამიანთა 60-70 პროცენტს იმუნიზაცია დასჭირდება,“- აცხადებს ვირუსოლოგი.
პასტერის მეცნიერთა გუნდმა წითელას სტანდარტული ვაქცინის მოდიფიცირება განახორციელა ისე, რომ ის SARS-CoV-2-ის (ახალი კორონავირუსის მეცნიერული სახელწოდება) ერთ პროტეინს შეიცავს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს გამოიწვევს იმუნურ პასუხს, რომელიც წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის ექვივალენტი იქნება და რომელიც ადამიანებს წითელას, წითურასა და ყბაყურას ინფექციებისგან იცავს.
ცოცხალი შესუსტებული ვირუსების ვაქცინები ერთი ინექციის შემდეგ ძლიერი და ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს და მათი წარმოება ძვირი არ ჯდება. გარდა ამისა, ლიცენზირებული წითელას ვაქცინის გამოყენება ნიშნავს, რომ ტესტირებისა და დაპატენტების პროცესები სწრაფად განხორციელდება.
რა ეტაპები უნდა გაიაროს ვაქცინამ?
ვაქცინა რამდენიმე თვეში ცხოველებზე უნდა დაიტესტოს, შემდეგი ნაბიჯი კი ავსტრიული ბიოტექნიკური კომპანია Themis-ის მიერ კლინიკური ცდისთვის ვაქცინის ასობით ფლაკონის დამზადება იქნება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე დატესტვა ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათი განმარტებით, ვაქცინის გვერდითი ეფექტების გამოსავლენად მედიკოსებს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ.
„ასეთი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ყველაზე სენსიტიური საკითხია იმუნური პასუხი, რომელიც შესაძლოა, უფრო ლეტალური აღმოჩნდეს, ვიდრე თავად დაავადება, გამოუცდელი ვაქცინა ძალიან სახიფათოა,“ – აცხადებს ტენჟი.

წყარო : Business Insider

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ექსპერტები : კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დროული დაწესება სიკვდილიანობის მაჩვენებელს 90 %-ით ამცირებს

სოციალური დისტანცირების შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღება კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელზე პირდაპირ ზემოქმედებს, – ამის შესახებ ამერიკელი ეპიდემიოლოგების – ბრიტა და ნიკოლას ჯეველების სტატიაშია აღნიშნული.
ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თეთრმა სახლმა სოციალური დისტანცირების შესახებ გაიდლაინები 16 მარტს გამოსცა. იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას 2 კვირით ადრე, 2 მარტს, მიიღებდა, ქვეყანაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების 90 პროცენტის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო აღნიშნული ზომების ერთი კვირით ადრე, 9 მარტიდან, გატარება, სიკვდილიანობის მაჩვენებელს 60 პროცენტით შეამცირებდა.
ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ იზოლაცია და სოციალური დისტანცირება ცხოვრების ახალ ნორმად იქცა, თუმცა ეს ზომები არ წარმოადგენენ პასუხს კორონავირუსის წინააღმდეგ, არამედ ისინი არიან დროის მოგების საშუალება იმ დროს, როდესაც მეცნიერები ვაქცინებსა და მკურნალობის საშუალებებზე მუშაობენ.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ქვეყნების ეკონომიკებს უმძიმეს დარტმას მიაყენებს და ამ ფონზე, რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვების თანდათან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრიტა და ნიკოლას ჯეველები ხაზს უსვამენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში შეზღუდვების თუნდ ერთი კვირით ნაადრევად შემსუბუქებამ, შესაძლოა, ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინოს.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

უქმნიან თუ არა ცხოველები ადამიანებს კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხეს?

არიან თუ არა საშიშები ცხოველები კორონავირუსის პანდემიის დროს, ინფიცირდებიან თუ არა ისინი Covid-19-ით და გადადის თუ არა ვირუსი ცხოველიდან ცხოველზე, ან ცხოველიდან ადამიანზე – ეს კითხვები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ არაერთ ადამიანს გაუჩნდა.
საკითხზე კომენტირებისას თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ , განაცხადა, რომ ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა.
„აქამდე არ დადასტურებულა ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი, მაგრამ დადასტურებულა პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი.
ზოგადად, კორონავირუსები გავრცელებულია ცხოველებშიც, მაგრამ Covid-19-თან დაკავშირებით, რომ ცხოველები წარმოადგენენ რაიმე საფრთხეს და ამის გამო დამატებითი სიფრთხილის ზომებია საჭირო – არა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვეტერინარიის დარგის მეცნიერები მოსახლეობას მოუწოდებენ, შინაური ცხოველები გარეთ არ გაიყვანონ და, ამ გზით, ცხოველებს შორის კორონავირუსის გავრცელება აღკვეთონ.
დიდი ბრიტანეთის ვეტერანთა ასოციაცია აცხადებს, რომ ცხოველების მეპატრონეეს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, ვინაიდან, ჯერჯერობით, კორონავირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის არცერთი ფაქტი დადა სტურებულა.
ჰონგ-კონგის City University-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ უმჯებესია, ადამიანებმა შინაური ცხოველები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინიდან გარეთ არ გაუშვან, მით უმეტეს, თუ ოჯახში ვინმეს ვირუსის სიმპტომები აქვს, ვინაიდან დაინფიცირებული შინაური ცხოველიდან Covid-19, შესაძლებელია, სხვა შინაურ ცხოველებზე გადავიდეს.
ჰონგ-კონგელი მეცნიერების კვლევაში აღნიშნულია, რომ ჰონგ-კონგში 17 წლის შინაური ძაღლს Covid-19 დაუდასტურდა, ის საკუთარი პატრონისგან დაინფიცირდა.
„შინაური ცხოველები კორონავირუსით ინფიცირდებიან, თუმცა ავად არ ხდებიან და არც ადამიანებს აინფიცირებენ,“- ნათქვამია კვლევაში.
ვეტერინარები შინაური ცხოველების პატრონებს ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, ცხოველის ბეწვი ვირუსს გარკვეული პერიოდის მანძილზე ინახავს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს დაინფიცირებულთან აქვს შეხება.
წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 71 72 73 74 75 108
Page 73 of 108