close

კვლევები

კვლევებიმედიცინამსოფლიოსაქართველო

,,ღეროვანი უჯრედები ინსულტის შემდეგ ტვინის აღდგენას შეუწყობს ხელს” – ზაალ კოკაია

 დღეისათვის, ვარჯიში ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რაც შეგვიძლია ტვინის ინსულტიან პაციენტებს შევთავაზოთ: მათ, ვინც ინსულტით პარალიზებულია, დაკარგეს მგრძნობელობა ან მეტყველების უნარი. ლუნდში პროფესორ ზაალ კოკაიას კვლევითი ჯგუფი მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვაზე მუშაობს. დაზიანებულ ტვინში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტის დაკარგული ფუნქციების აღდგენის იმედს იძლევა. ზაალ კოკაია ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამ მეთოდს დიდ შესაძლებლობებს უწინასწარმეტყველებს.

– ჩვენ ვიცით, რომ ღეროვან უჯრედებს დიდი პოტენციალი აქვთ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ისინი დაზიანებულ უჯრედებს ჩაანაცვლებენ, ამასთან, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებებს და ფაქტორებს, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემომცველ, ინსულტის შემდეგ გადარჩენილ ნერვულ უჯრედებს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს.

ზაალ კოკაია და მისი თანამშრომლები ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს იყენებენ, რომლებსაც ჯერ ე.წ. პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად „გადააპროგრამებენ“. ღეროვანი უჯრედებზე შემდგომი ზემოქმედებით ისინი ისეთ თვისებებს იძენენ, რომლებიც ტვინში ტრანსპლანტაციის შემდეგ მათ ნერვულ უჯრედებად გარდაქმნის.

– ჩვენ ეს უჯრედები იმ ვირთაგვების და თაგვების ტვინში გადავნერგეთ, რომელთაც ადამიანის ინსულტის მსგავსი დაზიანებები ჰქონდათ და ვნახეთ, რომ უჯრედები გადარჩა, სხვა ნერვულ უჯრედებთან კავშირი დაამყარა და დაზიანების გარშემო არსებული ნერვული ქსელის ნაწილი გახდა. თანაც აღმოჩნდა, რომ ღეროვანი უჯრედები მათ გარშემო მყოფ სხვა უჯრედებზეც პოზიტიურ გავლენას ახდენენ.

უჯრედების გადანერგვის შემდეგ მეხსიერება უმჯობესდება.

ის, რომ გადანერგილ უჯრედებს სხვა ნერვული უჯრედებიდან სიგნალების მიღება და გაგზავნა შეუძლია, ამ მეთოდის ფუნქციონირების წინაპირობაა.

– ამ უჯრედების გადანერგვის შემდეგ საცდელი ცხოველების მოძრაობის უნარი უმჯობესდება. ჩვენ შევძელით გადანერგილი უჯრედების ელექტრული აქტივობის ჩაწერა. მაგალითად, როცა თათს ვეხებით, გადანერგილი უჯრედები ამ შეხებაზე, ანუ გამღიზიანებელზე, რეაგირებენ და ამის რეგისტრაცია ჩვენ მოვახერხეთ. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გადანერგილ უჯრედებს ინსულტით დაქვეითებული მეხსიერების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაც შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინსულტის გადატანის შემდგომ ბევრი პაციენტის კოგნიტური უნარები უარესდება.

მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მკვლევრებმა უნდა გადაჭრან, არის რამდენ ხანს იცოცხლებენ გადანერგილი უჯრედები და მოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ასაკოვან ცხოველებში. ხანდაზმულ ადამიანებში ინსულტი გაცილებით უფრო გავრცელებულია, თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება.

– კვლევებმა გვაჩვენა, რომ გადანერგილი უჯრედები, სულ მცირე, ექვს თვეს ცოცხლობენ. ეს ვირთაგვების სიცოცხლისთვის დიდი პერიოდია. ისიც ვნახეთ, რომ ხანდაზმული ინსულტიან ცხოველებში გადანერგილი ღეროვანი უჯრედები გადარჩება, ნერვულ უჯრედებად გარდაიქმნება, მასპინძლის ტვინის ქსელში ჩაერთვება და განსაზღვრულ ფუნქციებს აუმჯობესებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ეს მეთოდი ინსულტგადატანილ ხანდაზმულ პაციენტებშიც შეგვეძლება გამოვიყენოთ.

ინსულტი რთული დაავადებაა, რომელსაც მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი სჭირდება

ჯერ კიდევ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს, ვიდრე ამ მეთოდს პაციენტებზე გამოიყენებენ, თუმცა ზაალ კოკაიას ოპტიმისტური განცხადებით, ცხოველებზე ცდები იქამდე მიგვიყვანს, რომ მეთოდი მომავალში ადამიანებზეც გამოიცადოს. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო კვლევა, რომელიც ღეროვანი უჯრედების პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ეხებოდა და, რასაკვირველია, აქედან მიღებული ბევრი გაკვეთილი ტვინის ინსულტისაც შეგვიძლია მივუსადაგოთ.

– ინსულტი რთული დაავადებაა და სხვადასხვა გზით მკურნალობას საჭიროებს. მწვავე სტადიის სამკურნალოდ არსებობს პროცედურები, რომლებიც სისხლის კოლტს შლის ან აქრობს. მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მიზნად არ ისახავს მწვავე სტადიის მკურნალობას, ეს მეთოდი აღადგენს დაზიანებულ ტვინს ისე, რომ პაციენტს დაკარგული ფუნქციები უბრუნდება. ჩვენ გვჯერა, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლია ვარჯიშის და რეაბილიტაციის ეფექტის გაუმჯობესება და ამიტომაც მომავალში სავარაუდოდ ეს მეთოდი ინსულტგადატანილ პაციენტებს დიდ დახმარებას გაუწევს.

 

წყარო: http://www.hjarnfonden.se

შვედურიდან თარგმნა: ნატო კვარაცხელიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველო

Forbes-მა ხაჭაპური და ჩურჩხელა საუკეთესო „ქუჩის საკვებად“ დაასახელა

ხაჭაპური და ჩურჩხელა ე.წ. ქუჩის საკვების რჩეულებს შორისაა, – წერს ქართული Forbes-სი ამერიკულ გამოცემაზე დაყრდნობით. 

ამერიკულმა Forbes-მა ქუჩის საუკეთესო კერძების სია ამერიკული რესტორნების მფლობელს როუზ პრევიტს შეადგენინა. მისი რესტორნები ვაშინგტონში – Compass Rose და Maydan წლებია საკუთარ მენიუში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებისრეცეპტებს იყენებს.

30 ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, როუზი ქუჩის საუკეთესო საკვებს ასახელებს და მათ შორისაა მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელაც.

“როდესაც თბილისში პირველად ჩავედი ნოემბერი იყო და საკმაოდ ციოდა. თბილისში ბევრგან შეგიძლიათ ხაჭაპურის დაგემოვნება, მათ შორის ქუჩის საცხობებშიც. პირველად თბილისი სწორედ ხაჭაპურით ხელში მოვიარე”, – წერს როუზი.

რაც შეეხება ჩურჩხელას, მან ის საქართველოში მოგზაურობისას დააგემოვნა.

“საქართველოს რეგიონებში მგზავრობისას გზად აუცილებლად შეხვედებით ჩურჩხელას. მას გზატკეცილებზე უმეტესად მოხუცი ქალბატონები ყიდიან. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ჩურჩხელა სეზონურია, პირველად ის ნოემბერში დავაგემოვნე, თუმცა როდესაც ზაფხულში დავბრუნდი საქართველოში კიტრისა და პომიდვრის მეტი ვერაფერი ვნახე”, – ნათქვამია სტატიაში.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რა არის ბოტოქსი და რამდენად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის?

ნაოჭები უამრავ მანდილოსანს თვითდაჯერებას უკარგავს. ზოგიერთი მათგანი პრობლემის მოსაგვარებლად კოსმეტიკურ ქირურგიას მიმართავს, ზოგიც – ბოტოქსის ინექციებს. 
თუმცა იმის შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ტოქსიკური ქიმიკატი, რომლითაც სახის უჯრედებს ყინავენ, შესაძლოა მთელ სხეულში გავრცელდეს, გაჩნდა შიში, რომ ინექციებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. 
მინოსეტას Mayo Clinic-ის  წამყვანი დერმატოლოგი – ალისონ ბრიჯსი აცხადებს, რომ ბოტოქსი სრულიად უსაფრთხოა, თუმცა დასძენს, რომ ის გაცილებით ეფექტურია ახალგაზრდებში, მაგრამ, დერმატოლოგის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 65 წელს გადაცილებულებმა თავი უნდა შეიკავონ ინექციებისგან, „უბრალოდ მათ უნდა დაიცვან ზღვარი.“ 
ალისონ ბრიჯსი მიიჩნევს, რომ ბოტოქსის ეფექტურობის გასაზრდელად სახის შემავსებლების გამოყენებაა რეკომენდირებული. დერმატოლოგი აცხადებს, რომ ძვირადღირებულ სეანსებს და მკურნალობას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს და მისი საშუალებით ნაოჭების სრულად გაქრობა შეუძლებელია. ამასთანავე, შესაძლოა დაბერების პროცესი გაგრძელდეს და სახის სხვა ნაწილებს შეეხოს. 
პროცედურებისგან განსხვავებით, ბოტოქსი რეაბილიტაციის დროს არ საჭიროებს და მისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.
პატარა ნემსის გამოყენებით კანში ბოტულინის ტოქსინი შეჰყავთ. ბოტულინის ტოქსინი იწვევს კუნთების დროებით ბლოკირებას. ადამიანი კარგავს უნებლიე მოჭმუხვნის, მოჭუტვის უნარს. ტოქსინის ზემოქმედებით მცირდება სახეზე ნაოჭები, რომლებიც წარმოიქმნებიან მიმიკური კუნთების აქტიური მოქმედების შედეგად. ტოქსინის შეყვანის პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა და რამდენიმე წუთს გრძელდება. ბოტოქსი ეფექტურია რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხელახალი პროცედურაა საჭირო. 
დერმატოლოგ ალისონ ბრიჯსის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოქსინებს სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებაც შეუძლიათ, ბოტოქსი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოა.
თუმცა დერმატოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია ბოტოქსისთვის ჯანდაცვის გამოცდილ პროვაიდერს მიმართოთ, როგორიცაა – სერტიფიცირებული დერმატოლოგი, პლასტიკური ქირურგი, თვალის პლასტიკური ქირურგი ან ოტორინოლარინგოლოგი, რომელმაც პირადად გაგსინჯათ.“ 
რაც მთავარია, თუკი ვინმე ბოტოქსის გამოყენებას შეწყვეტს, მისი შუბლის ნაოჭები პროცედურების დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება.

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: 
თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: სტუდენტებს, რომლებიც Twitter-ზე ბევრ დროს ატარებდნენ ინტელექტი დაუქვეითდათ

სტუდენტები, რომლებიც სოციალურ ქსელ Twitter-ზე ბევრ დროს ატარებენ, ინტელექტი უქვეითდებათ და მათი მოსწრების დონე 40%-მდე ეცემა.

ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს. 

სპეციალისტები ამ დასკვნამდე კვლევაზე დაყრდნობით მივიდნენ, რომელშიც 1 500 იტალიელი უფროსკლასელი და სტუდენტი მონაწილეობდა. მოსწავლეები იტალიის 70 სკოლიდან შეარჩიეს. 

კვლევაში მონაწილე პირველ ჯგუფს უნდა წაეკითხა ლუიჯი პირანდელოს რომანი „გარდაცვლილი მეტია პასკალი“, რომელიც მწერალმა 1904 წელს შექმნა. ამის შემდეგ ისინი პედაგოგებთან Twitter-ზე დისკუსიაში შევიდნენ. 

სკოლის მოსწავლეების მეორე ჯგუფმა შეისწავლა რომანი დამატებითი ლიტერატურის გამოყენებით, შემდეგ კი ორივე ჯგუფის ტესტირება მოხდა. აღმოჩნდა, რომ სტუდენტები, რომლებიც Twitter-ს იყენებდნენ, მათი შედეგი უფრო ცუდი აღმოჩნდა. 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებისაქართველო

🦈მდინარე რიონში გადაშენების პირას მყოფი მინიატურული ზომის ვარსკვლავისებური ზუთხი აღმოაჩინეს.

🦈 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა – ეკოლოგმა თამარ ედიშერაშვილმა (ხელმძღვანელი ბელა ჯაფოშვილი) და გენეტიკოსმა ქეთევან ჯანაშვილმა (ხელმძღვანელი კორტ ანდერსონი), დოქტორანტმა თამარ ბერიძემ (ხელმძღვანელი კორტ ანდერსონი) მდინარე რიონში გადაშენების პირას მყოფი მინიატურული ზომის ვარსკვლავისებური ზუთხი აღმოაჩინეს.

👩‍🔬 გოგონები სრული დატვირთვით არიან ჩართულები ორგანიზაციის Fauna & Flora International (FFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანი ერთ დროს ევროპის უდიდეს მდინარეებში ფართოდ გავრცელებული, ამჟამად კი უკანონო თევზჭერისა და ვაჭრობის გამო კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის პოპულაციის დაცვაა.

მთელ კონტინენტზე შემორჩენილი ზუთხის 3 პოპულაციიდან ერთ-ერთი სწორედ საქართველოში, მდინარე რიონში, ბინადრობს, ამიტომ 2018 წლიდან FFI-მ გლობალური მნიშვნელობის ზუთხის პოპულაციის დაცვის მიზნით მდინარე რიონზეც დაიწყო საცდელი პროექტი.

🛶 სტუდენტებმა პროექტში ჩართვამდე შვედეთის Postcode Foundation-ის მხარდაჭერით ავსტრიასა და რუმინეთში სპეციალური ტრენინგები გაიარეს და ამჟამად საჭირო უნარ-ჩვევებითა და სათევზაო მოწყობილობებით აღჭურვილები გადაუდებელ საველე და გენეტიკურ კვლევებს მშობლიურ რიონზე აწარმოებენ. კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ვარსკვლავისებური ლიფსიტაც რიონში აღმოაჩინეს, მისი რიცხოვნობის შემცირების შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაცემები შეაგროვეს, შემდეგ კი უვნებლად დააბრუნეს მდინარეში.

წყარო : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრულად ნახვა
კვლევები

ადამიანებს ფულზე მეტად ვარჯიში აბედნიერებთ — კვლევა

იელისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს ვარჯიში უფრო აბედნიერებთ, ვიდრე ფული. უფრო ზუსტად კი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური სტატუსი.

კვლევის მიხედვით, ისინი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობენ, წელიწადის განმავლობაში მხოლოდ 35 დღე გრძნობენ თავს ცუდად, ხოლო არააქტიური მონაწილეები, საშუალოდ, 53 დღესა და მეტს.

მეცნიერების გუნდმა ასევე შენიშნა, რომ სპორტის კონკრეტული მიმართულებები სოციალიზაციასაც უწყობდა ხელს, რასაც არანაკლებ პოზიტიური ეფექტი ჰქონდა მოვარჯიშეებზე.

აშკარაა, რომ ვარჯიშს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური კეთილდღეობა მოაქვს. თუმცა, როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ის ეკონომიკურ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს?

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შეაგროვეს 1,2 მილიონი ამერიკელის მონაცემები ფიზიკურ აქტივობებსა და ფსიქოლოგიურ განწყობებზე.

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები ჩერნობილის კატასტროფის ახალ მიზეზებზე საუბრობენ

1986 წელს უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ სადგურზე  ერთ-ერთი რეაქტორი აფეთქდა და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ატომური კატასტროფა გამოიწვია.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მიზეზი ორთქლის აფეთქება იყო, თუმცა, ახლა მეცნიერები სხვაგვარად ფიქრობენ.

1986 წლის 25 აპრილის დილას რამდენიმე შემთხვევა მოხდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ოპერატორები რეაქტორს დაბალი სიმძლავრის ქვეშ და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ.

ქარხნის მუშები ცდილობდნენ ექსპერიმენტის ჩატარებას,  რომლის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, ის ითვალისწინებდა გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდაელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.

თუმცა, მოხდა რეაქტორის ავტომატური კონტროლის სისტემის ჩარევა, მარეგულირებელი ღეროების ჩასმა და სიმძლავრის დაცემა.

გაუკრვეველი მიზეზის გამო,  ვიღაცამ ავარიული დახურვა განახორციელა. რეგულატორებმა და ავარიულმა ღეროებმა დაიწყო ქვევით მოძრაობა, აქტიურ ზონაში ჩასვლა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ რეაქტორის სითბური სიმძლავრე მყისიერად გაიზარდა უცნობ მაღალ სიდიდეებზე (სიმძლავრემ გადააჭარბა ყველა გამზომი მოწყობილობის შკალას). მოხდა ორი აფეთქება რამდენიმე წამის ინტერვალით. შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა. პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა აფეთქებამდე, ზუსტი მიმდევრობის შესახებ არ არსებობს საერთო წარმოდგენა. ზოგადად მოიაზრება, რომ თავიდან მოხდა რეაქტორის არაკონტროლირებადი გაქანება, რომლის შედეგად, დაინგრა რამდენიმე ТВЭЛ (სითბოს გამომყოფი ელემენტი), ხოლო შემდგომ, ამით გამოწვეულ იქნა ტექნოლოგიური არხების ჰერმეტულობის დარღვევა, რომელშიც ეს ТВЭЛ-ები იმყოფებოდა. დაზიანებული არხების ორთქლი შევიდა არხთაშორის რეაქტორულ არეში. ამის შედეგად იქ სწრაფად გაიზარდა წნევა, რამაც რეაქტორის გამორთვა და მისი ზედა ფენის აქტივობა გამოიწვია. ამას კი – მექანიკურად არხების მასობრივი ნგრევა, აქტიური ზონის მთელი მოცულობის გადახურება და ორთქლის გარეთ გამოვარდნა მოჰყვა — ეს იყო პირველი აფეთქება (ორთქლით).

მაგრამ ბირთვული ფიზიკოსი ლარს-ერიკ დე გიერი და მისი გუნდი შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტოდან, შვედეთის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიური ინსტიტუტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან აცხადებდნენ, რომ პირველი აფეთქება ბირთვული იყო.

თუკი ეს სიმართლეა, მაშინ მათი დასკვნები ეწინააღმდეგება ადრე არსებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ბირთვულ ელექტროსადგურს არასდროს განუცდია ბირთვული აფეთქება, ან რომ ასეთი აფეთქება ,,შეუძლებელია”.

ორმა აფეთქებამ ჰაერში  რადიოაქტიური მასალის გაფანტვა გამოიწვია, რომელიც ქარმა ევროპის მასშტაბით გაავრცელა.

1986 წელს პეტერბურგში დაფუძნებულმა VG Khlopin Radium Institute -ის მკვლევარებმა აფეთქების ნალექები ქსენონის იზოტოპების სახით რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში აღმოაჩინეს, რომელიც ჩერნობილის ჩრდილოეთით 1000 კილომეტრში, ხოლო მოსკოვის ჩრდილოეთით 370 კმ-ში მდებარეობს.

დე გერსის და მისი გუნდის განცხადებით, თუ ქარხანაში ბირთვული აფეთქება მოხდა, ნივთიერება უფრო შორს უნდა გადასროლილიყო, ვიდრე ორთქლის აფეთქების დროს

VG Khlopin Radium Institute -ის მკვლევარებმა ჩერეპოვეცში აღმოჩენილი იზოტოპების ანალიზი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი პირველი აფეთქებისთანავე წარმოიქმნენ ატომის დაყოფის შედეგად – რაც ბირთვულ აფეთქებაზე მეტყველებს.

რეაქტორის შესწავლამ ასევე დაადგინა, რომ აფეთქებამ ბირთვის ქვეშ არსებული  2 მეტრის სისქის რკინის ფირფიტა დაადნო. დე გეერის გუნდის ცნობით, ეს ასევე შეესაბამება ბირთვულ აფეთქებას და არა ორთქლის აფეთქებას.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური RBMK-ის ტიპის იყო.  ის გაუმჯობესდა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი შემდგომი გაუმჯობესება აუცილებელია იმისათვის, რომ სამომავლო კატასტროფები ავიცილოთ.

წყარო: http://www.sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა : ბავშვობის პერიოდში მიღებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს

ბავშვობის პერიოდში მიღებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, – ამის შესახებ დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომლის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ JAMA Psychiatry-შია გამოქვეყნებული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ანტიბიოტიკები ინტენსიურ მიკრობიომაზე მოქმედებენ, რის გამოც ანტიბიოტიკები ფსიქიკური დაავადების მაღალ რისკთან არიან დაკავშირებული.

კვლევა 17 წლამდე ასაკის მილიონ ზე მეტი ადამიანის კლინიკურ მონაცემებს ეფუძნება.

 

ანტიბიოტიკები, აუტიზმი და დეპრესია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაწლავების მიკრობიომი, ბაქტერიების მრავალფეროვანი ჯგუფი , რომელიც ჩვენს ნაწლავებში ბინადრობს, ტვინს სიგნალებს უგზავნის, რომელიც ახდენს ჩვენი განწყობის, ფსიქიკური დაავადების მიმართ ჩვენი მგრძნობელობის მოდულირებას.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ბაქტერიასა და დეპრესიას შორის კავშირი დადასტურებულია. ერთ-ერთმა ცდამ აჩვენა, რომ იმ თაგვების ნაწლავების მიკრობიომმა, რომლებსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, ცვლილება განიცადა და მახსოვრობაზე უარყოფითად აისახა.

ცხოველებს, რომლებსაც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად ნაწლავების ბაქტერია ამოეწურათ, სხვადასსხვა დარღვევა აღენიშნათ, მათ შორის, აუტისტური სპექტრი, ნეიროდეგენერაციული დარღვევები, როგორიცაა მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება და დეპრესია.

 

ბაქტერია, როგორც დეპრესიის სამკურნალო საშუალება?

2018 წლის დეკემბერში ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც ბოსტონის უნივესრიტეტის მეცნიერები ფილიპ სტრადვიცი და მისი კოლეგები იშვიათი, KLE1738-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის შესახებ საუბრობენ.

ეს იშვიათი ბაქტერია გამა-ამინოობიტური მჟავით იკვებება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც GABA. სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები, ბაქტერიოიდები, აწარმოებენ GABA-ს და უნარჩუნებენ სიცოცხლეს KLE1738-ს რომელიც  გამა-ამინოობიტური მჟავით იკვებება.

აღნიშნული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნაწლავებში სხვადასხვა სახის ბაქტერია ერთად მუშაობს. GABA გახლავათ ნეიროაქტიური ნარევი, რომელიც ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ძირითადი დეპრესიული აშლილობები კი GABA-ს დონის შემცირებასთანაა დაკავშირებული.

სტრადვიცი ვარაუდობს, რომ ის ადამიანები, რომელთა მიკრობიომები გამა-ამინოობიტური მჟავის წარმომქმნელ მეტ ბაქტერიას შეიცავენ, უფრო ბედნიერები არიან.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა, აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომელთა ორგანიზმშიც მეტი ფეკალური ბაქტეროიდებია, რომელიც GABA-ის წარმომქმნელი ბაქტერიაა, შედარებით მსუბუქი დეპრესია ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები საბოლოო არაა, ის ძლიერი დეპრესიის მოდიფიცირებაში ბაქტერიების როლზე მიანიშნებს.

www.sciencealert.com

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რატომ შეიცვალა მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებულმა ტაჯ მაჰალმა ფერი?

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დაავალა, დახმარებისთვის უცხოეთს მიმართოს, რათა გაირკვეს, რატომ ეცვლება ტაჯ მაჰალს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, ფერი.

სასამართლომ განაცხადა, რომ მე-17 საუკუნეში თეთრი მარმარილოსგან აშენებული მავზოლეუმი ჯერ გაყვითლდა, ახლა კი ყავისფერი და მწვანე შეფერილობის ხდება.
მიზეზებს შორის ასახელებენ დაბინძურებას, მშენებლობასა და მწერების ფეკალიებს.
მთავრობამ ტაძრის მახლობლად ათასობით ქარხანა დახურა, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ მარმარილო ბრწყინვალებას მაინც კარგავს.

ტაჯ მაჰალის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო და 21 წლის განმავლობაში გაგრძელდა. აშენების ბრძანება იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა გასცა. ის მან  საყვარელი მეუღლის მუმთაზ-მაჰალის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მშობიარობის დროს დაიღუპა. მშენებლობაზე 20 ათასი მუშა იყო დაკავებული. ტაჯ მაჰალს ყოველდღიურად დაახელოებით 70,000 ადამიანი სტუმრობს ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.
წყარო: http://www.bbc.com
მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებისაქართველო

თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევით პორტალ  Numbeo-ზე, თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა. საერთაშორისო კვლევით პორტალზე Numbeo გამოქვეყნებული დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.

Numbeo-მ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოება და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქებიდან, თბილისთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის დასახელდა: მიუნხენი, ციურიხი, ჰონგ-კონგი, აბუ-დაბი და ოსაკა.

გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო. წელს თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია მაჩვენებლით – ძალიან დაბალი (15,64); ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა და შეიარაღებული ძარცვა (16,86) და სხვ.

თბილისში, პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი, დღის საათებში 91,4, შეფასებულია როგორც ძალიან მაღალი, ხოლო იგივე ინდექსი ღამის საათებში – 78,18, შეფასებულია როგორც მაღალი.

საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი Numbeo-ს კვლევებით 2018 წელსაც გაუმჯობესდა. ცნობილ კვლევით პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შარშან საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით მე-5 ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

სრულად ნახვა
1 78 79 80 81 82 108
Page 80 of 108