close

კვლევები

ეკოლოგიაკვლევებისაქართველო

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით და ასევე  ტყვიის შემცველობის განსაზღვრას სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გასული კვირის განმავლობაში ავტომატური საგურების საშუალებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 9 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 10 ოქტომბერს ყაზბეგის გამზირზე  აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება,  ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 11 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვაშლიჯვარში  1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 1.2-ჯერ. 12 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში  1.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 13 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 14 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ. 15 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ.  ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვარკეთილში 160-ე საბავშვო ბაღის, აღმაშენებლის გამზირზე მე-18 საჯარო სკოლის, მუხიანის დასახლებაში 175-ე საჯარო სკოლისა და ორთაჭალაში 72-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 წყარო : www.nea.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კვლევა : თინეიჯერების ტვინს კანაფი გაცილებით დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ალკოჰოლი

კანადაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის გამოყენებით მოზარდები ხანგრძლივ ზიანს აყენებენ თავიანთ ტვინებს.

აღმოჩნდა, რომ კანაფი გაცილებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს თინეიჯერის აზროვნების უნარზე, მეხსიერებასა და ქცევაზე, ვიდრე სასმელი.

კვლევის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში 13 წელს ზემოთ ასაკის 3,800-მდე მოზარდი გამოიკვლიეს.

ალკოჰოლური სასმელებისა და ისეთი ნარკოტიკების მიღება, როგორიცაა კანაფი, ახალგაზრდა ასაკში იწვევს შემეცნებით შესაძლებლობებთან დაკავშირებულ  პრობლემებს, ანუ  უარყოფითად  მოქმედებს სწავლაზე, ყურადღების კონცენტრირებასა  და გადაწყვეტილების მიღების უნარზე.

კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პრობლემები გაზრდილია, რადგან გაზრდილია კანაფის მოხმარების მაჩვენებელი. მისი უარყოფითი ეფექტი კი ალკოჰოლის ზეგავლენასთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივად მოქმედებს.

თინეიჯერებში კანაფის მოხმარების მაჩვენებელი ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელზე ნაკლებია.  სტატისტიკის თანახმად, მოზარდთა 28 პროცენტს კანაფი ერთხელ მაინც გაუსინჯავს. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას თინეიჯერებში, აღნიშნული მაჩვენებელი 75 პროცენტს  უტოლდება.

კვლევის დროს კანადის 31 სხვადასხვა სკოლის თინეიჯერები კვლევის ავტორებს წელიწადში ერთხელ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ. კომპიუტერული შემეცნებითი ტესტების საშუალებით კი პარალელურად მათი ტვინების უნარებს ამოწმებდნენ.

მეცნიერებისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა : კანაფის მოხმარება მოზარდის ტვინზე გაცილებით უარყოფითად მოქმედებს და უარყოფითი ზეგავლენა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც თინეიჯერი კანაფის მოხმარებას წყვეტს. უარყოფითი ზემოქმედება აღინიშნა მახსოვრობაზე, ლოგიკურ აზროვნებასა და ქცევის კონტროლზე.

„მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ამას კანაფი უშლის ხელს. ამიტომ მოზარდებმა კანაფის მოხმარებისგან რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეიკავონ თავი,“ განაცხადა მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროფესორმა პატრიცია კონროდმა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები ნარკოტიკების პრევენციის პროგრამების აუცილებლობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ კანაფი გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ფართოდ მოხმარებად  არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება.  ის იწვევს დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქოზური დაავადებების განვითარების რისკს, განსაკუთრებით კი მოზარდებში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კანაფის მოხმარება დაკავშირებულია ისეთ სიმპტომებთან, როგორიცააძილის პრობლემები და გუნება-განწყობილების ცვლილებები.

აღნიშნული კვლევა ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ჯანმო- ალკოჰოლის მავნე ზეგავლენისგან ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 20 გარდაცვლილი ადამიანისგან ერთი ალკოჰოლის მიზეზით იღუპება.

ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ალკოჰოლის მავნე ზეგავლენისგან ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც გარდაცვალების საერთო რაოდენობის 5, 3 პროცენტია. გარდაცვლითა შორის 2.3 მილიონი მამაკაცია. ჯანმო-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის მიზეზით გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით მესამედი ავტოსაგზაო შემთხვევების, ჩხუბისა და თვითმკვლელობებისგან გამოწვეული დაზიანებების შედეგად ხდება. შემთხვევათა 21 პროცენტს საჭმლის მომნელებელი დარღვევები იწვევს, 19 პროცენტს -კარდიოვასკულური დაავადებები, დანარჩენს კი – ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, მენტალური აშლილობები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.

გარდაცვლილთა 13.5 პროცენტი 20-39 წლამდე ახალგაზრდაა. შემთხვევათა უმეტესობა კი ევროპასა და ამერიკაში ხდება.

ჯანმო-ს მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ალკოჰოლის 2, 3 მილიარდი მომხმარებელია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „პერ კაპიტა“ მომხმარებლის რიცხვი 2010 წლიდან 10 პროცენტით შემცირდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპა ლიდერობს, თუმცა ალკოჰოლის მიზეზით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და დაშავებული აფრიკაშია.

ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციის ინფორმაციით, მოხმარების საშუალო დღიური მაჩვენებელი დღეში 33 გრამი სუფთა ალკოჰოლია, უხეშად რომ ვთქვათ, დღეში 2 ჭიქა (300 მლ) ღვინო, 750 მლ ლუდი ან 80 მლ სპირტიანი სასმელი.

ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ალკოჰოლის მავნე მოხმარების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგან, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადების გაზრდა, რაც, ორგანიზაციის მტკიცებით განსაკუთრებით ეფექტური გზაა  ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, აკრძალვები და შეზღუდვები ალკოჰოლის რეკლამირებაზე და ალკოჰოლზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევის თანახმად, პირველი შვილები უმცროს და-ძმებზე ჭკვიანები არიან

შეიძლება ხშირად გიხუმრიათ, რომ თქვენს უმცროს და-ძმაზე უფრო ჭკვიანი ხართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უფროსი ხართ და თქვენ არც ცდებით.

ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ უფროს შვილებს უმცროს დედმამიშვილებზე უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, რადგან მშობლებისგან მეტ მენტალურ სტიმულაციას იღებენ.

კვლევის შედეგის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, როგორც წესი, მშობლებისგან ერთნაირ ემოციურ მხარდაჭერას იღებენ , მშობლები პირველ ბავშვებს ბევრად უფრო აქტიურად ეხმარებიან იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც აზროვნების უნარს ავითარებს.

კვლევაში, რომლის შედეგებიც Journal of Human Resources-ში გამოქვეყნდა, 5 000 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთა შეფასებაც 2-იდან 14-წლამდე ყოველ ორ წელიწადში ხდებოდა. IQ ტესტებში უფროსმა შვილებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს, ვიდრე უმცროსებმა.

წყარო : newposts.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიფიზიკა

პირველად მეცნიერების ისტორიაში – მეცნიერებმა აინშტაინის შავი ხვრელის თეორიის დამტკიცება შეძლეს!

მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.

აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.

,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.

,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით,  ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.

შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი –  S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.

26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.

ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.

,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ინსულტის ნიშნები და პირველადი დახმარების ინსტრუქცია

ინსულტი  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი: იშემიური, ანუ ტვინის ინფაქტი და ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

ინსულტით უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები.

ამ დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება, მაგრამ თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.

ინსულტის პროფილაქტიკა პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესია. კარგია ფიზიკური აქტივობა, უნდა შეიზღუდოს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი.

რისკფაქტორები:

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გულის უმკარისობა

პირველადი დახმარება ინსულტის დროს:

  1. აუცილებელია სუნთქვის შემოწმება, თუ ადამიანს უჭირს სუნთქვა, საჭიროა ნელი და ფრთხილი მოძრაობით გადატრიალებულ იქნას გვერდით პოზიციაში და პირიდან გამოუღონ ხელოვნური კბილები.
  2. თუკი არის საშუალება, უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და გლუკოზა. დაფიქსირებული მაჩვენებელი ჩაწერილ უნდა იქნას.
  3. თუკი დაზარალებულმა დაკარგა გონება და დაეცა, საჭიროა გადაიყვანონ უფრო მოსახერხებელ გარემოში. მითია შეხედულება, რომ ინსულტიანი პაციენტის მოძრაობა აუარებსებს მდგომარეობას. ერათადერთი რეკომენაცია არის ის, რომ თავი სხეულზე მაღალ დონეზე ედოს.
  4. არ შეიძლება ადამიანს მისცენ წყალი ან საჭმელი, ეს გააღრმავებს პრობლემას.
  5. ენის ქვეშ უნდა ჩაუდონ პაციენტს გლიცინი, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. არავითარ შემთვევაში გლიცინი არ უნდა გაიგივდეს ნიტროგლიცერინთან, რომელიც თავის ტვინის მსგავსი პათოლოგიების დროს უკუნაჩვენებია.
  6. ოთახი, რომელშიც დაზარალებული წევს, უნდა ნიავდებოდეს კარგად.
  7. არ შეიძლება მაღალი წნევის უეცარი დაგდება ინსულტის დროს, რადგან ესეც არის ადაპტაციური რეაქცია.

მასალა მოამზადა:  ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიორელიგია და მეცნიერება

კვლევები და მსჯელობა ტურინის სუდარის გარშემო

დიდი ხანია, ტურინის სუდარა ექსპერტებისა და რიგითი ადამიანების მსჯელობის საგანია. მავანისთვის ეს ნამდვილად ის ქსოვილია, რომელშიც იესო ქრისტე გაახვიეს, მავანისთვის კი – ეს მოსაზრება მიუღებელია.

ექსპერტიზის დასკვნებიც სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ბოლო მაღალტექნოლოგიური სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, ტურინის სუდარა, რომელშიც იესო ქრისტე იყო გახვეული, შუა საუკუნის „ფეიკია“.

კვლევის შედეგები, რომელიც მეცნიერებმა მოხალისის, მანეკენისა და დახვეწილი ტექნიკის – სისხლის ნიმუშის ანალიზი (Bloodstain Pattern Analysis (BPA)) გამოყენებით ჩაატარეს, სამეცნიერო ჟურნალ ,,Forensic Sciences-ში” გამოქვეყნდა.

რომაულ კათოლიკურ ეკლესიას სამოსის ავთენტურობაზე  ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ქსოვილი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება.

უკანასკნელი კვლევა შემოიფარგლა სისხლის ნაკადებით, რომელიც მარცხენა ხელის ჭრილობებისგან მოდიოდა და რომელიც, ბიბლიის თანახმად, შუბით იყო მიყენებული, ასევე წელის არეში მდებარე სისხლის ლაქისგან.

მოხალისეს წელში მილი ჩაუდგეს, ჯვარცმის დროს ლურსმნის ჩაჭედების ადგილიდან მომდინარე სისხლის სიმულაციის მიზნით. მანეკენი კი მხარზე „შუბით“ მიყენებული ჭრილობისთვის გამოიყენეს.

ბალისტიკური კუთხის  გამომთვლელის გამოყენებით, კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლის ნაკადების მიმართულება  სუდარაზე დატანილ მაღალი რეზოლუციის ფოტოგრაფიებისას არ ემთხვევა. ქსოვილი მოთავსებულია სპეციალურ ქეისში, საიდანაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს გამოაქვთ. „როდესაც მასში მოხალისე მოათავსეს, სისხლის მოძრაობა სუდარისას არცერთ პოზიციაში არ დაემთხვა,“ – ნათქვამია კვლევაში.

ეს ტურინის სუდარაზე ჩატარებული პირველი კვლევა არ გახლავთ. მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის სუდარაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო ეგონათ. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს სუდარა ლეონარდო და ვინჩიმ მოხატა. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება.

1973 წელს შვეიცარიელ კრიმინოლოგ მაქს ფრეის ნება დართეს, ლაბორატორიული ანალიზისთვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად ექსპერტმა ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები ევროპაში არ ხარობენ. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 – სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილას, ევროპის ჩათვლით. დოქტორ ფრეის აზრით, სუდარამ ,,მოიარა” ძველი პალესტინა, ასევე ძველი ედესა და კონსტანტინოპოლი.

2000 წლისთავისთვის მოეწყო კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელშიც ოქსფორდის, ბაზელისა და არიზონის უნივერსიტეტთა პროფესორები მონაწილეობდნენ. მათ  რადიკალურად უარყოვეს თვალსაზრისი სუდარის დახატვასთან დაკავშირებით.

2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა – ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით, სუდარა გამოიკვლიეს.

კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები, აღმოაჩინეს მისი კომპონენტები: ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ამ უკანასკნელის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის IV ჯგუფის შესახებ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიო

,,ნასა“ მზის გვირგვნის შესწავლად 7-წლიან მისიას იწყებს

,,ნასა“ მზესთან ახლოს კოსმოსური ზონდის გაგზავნას აპირებს, რათა ე.წ. მზის კორონას (გვირგვინის) ატმოსფერო შეისწავლოს და, ამ გზით, მზის ამ ნაწილში არსებული მზარდი სიცხის მიზეზი დაადგინოს, რომელიც მზის ქარებს იწვევს.

Parker Solar Probe-ი რობოტული კოსმოსური ხომალდია, რომელიც პატარა მანქანის ზომისაა. მის გაშვებას სააგენტო ფლორიდაში მდებარე კაპე კანავერალის აეროდრომიდან ამა წლის 6 აგვისტოს აპირებს. 7-წლიანი მისიის ფარგლებში ხომალდი მზის ზედაპირიდან მის გვირგვინამდე 6.1 მილიონი კილომეტრის მანძილზე იფრენს, ანუ მას 7-ჯერ უფრო მიუახლოვდება, ვიდრე სხვა ხომალდები.  

წინა მიახლოება მზესთან Helios 2-ით განახორციელეს, რომელიც 1976 წელს მზის გვირგვინს 43-მილიონი კილომეტრით მიუახლოვდა.

გვირგვინი მზის ქარებს იწვევს. არაპროგნოზირებადი მზის ქარები ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველში დარღვევებს იწვევს და, შესაძლოა, დედამიწაზე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოშლა გამოიწვიოს. „ნასა“ იმედოვნებს, რომ კვლევის შედეგები მეცნიერებს დედამიწის კოსმოსში ცვლილებების პროგნოზირების საშუალებას მისცემს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დედამიწის ამინდის პროგნოზირების მსგავსად, კოსმოსის ამინდის პროგნოზირებაც შევძლოთ,“ – აცხადებენ „ნასას“ მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში, რომლის სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია, „ნასა“ მიზიდულობის მაღალი უნარის მქონე გვირგვინის შესახებ საჭირო მონაცემების შეგროვებას აპირებს.  ზონდს, რომელსაც Eugene Newman Parker-ის სახელი უწოდეს, რთული რადიაციისა და სიცხის პირობებთან მოუწევს გამკლავება. მან, დაახლოებით, 1,370 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას უნდა გაუძლოს.  

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

ვის ეკუთვნის ეგვიპტეში აღმოჩენილი საიდუმლო სარკოფაგი?

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა გააქარწყლეს მეცნიერთა იმედები იმის შესახებ, რომ უძველეს სარკოფაგში, რომელიც ქალაქ ალექსანდრიაში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, ალექსანდრე დიდი იყო დაკრძალული.

დაახლოებით 2000 წლის შავი გრანიტით დალუქული სარკოფაგი მუშებმა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დროს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

30-ტონიანი სარკოფაგი ყველაზე დიდია აქამდე ალექსანდრიაში აღმოჩენილ სარკოფაგებს შორის, რაც კიდევ უფრო ამყარებდა ადგილობრივ  და საერთაშორისო პრესაში გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ეს, შესაძლოა, ძველი ბერძენი მმართველის, ალექსანდრე დიდის სამუდამო განსასვენებელი ყოფილიყო, რომელმაც ქალაქი ალექსანდრია ძვ.წ.აღ.-ის 331 წელს დააარსა.

ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის შესახებ, ეკუთვნოდა თუ არა აღმოჩენილ სარკოფაგში განთავსებული ნეშთი ალექსანდრე დიდს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ სამი ადამიანის ძვლები, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთი ოჯახის წევრები არიან…“, – განაცხადა სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ვაზირიმ.

„ალექსანდრიაში აღმოჩენილი უცნობი საფლავი არ ეკუთვნის არც ალექსანდრე დიდს და არც პტოლემეციური პერიოდის (ძვ.წ.აღ.-ის 332 -30 წ.წ.) რომელიმე სხვა ცნობილ მმართველს,“ – განაცხადა ვაზირმა.  

ალექსანდრე დიდის საფლავი, რომელიც  ძვ.წ.აღ.-ის 323 წელს გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინაქიმია

 ,,დაე, საკვები იყოს შენი წამალი!” – არა პესტიციდებს!

  ,,დაე, საკვები იყოს შენი წამალი!” – ანტიკური მედიცინის რეფორმატორის – ჰიპოკრატეს გამონათქვამს დღესაც არ დაუკარგავს თავის აქტუალობა. კვება – ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის საფუძველია და ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დებულება: ,,ჯანმრთელობა კვების ფუნქციაა” – თანამედროვე საზოგადოების საფუძველია.რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად და არ ვჭამოთ გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული?

იმიტომ რომ…

ნიადაგი არის მიწის ზედა, ნაყოფიერი ფენა, რომელიც შედგება დედა ქანების, მკვდარი ორგანული ნივთიერებების, ცოცხალი არსებების, ჰაერისა და წყლისაგან.ნიადაგის როლი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების გადატანაში დიდია.

დიდია მიკროორგანიზმთა როლი ნიადაგის თვითგაწმენდის პროცესში. სწორედ ამ ორგანიზმების მიერ ხდება ჯანმრთელობისათვის საშიში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების (რომლებიც სხვადასხვა გზებით ხვდება ნიადაგშისაყოფაცხოვრებო ნარჩენების, სამრეწველო ნარჩენების, ნაგვის და სხვ. სახით), გარდაქმნა მინერალურ მარილებად (მინერალიზაცია). 

სასარგებლო მიკროორგანიზმების გარდა, ნიადაგში სახლობენ მრავალი ეპიდემიის მატარებელი ორგანიზმები, რომელიც ადამიანს სწორედ ნიადაგიდან გადაეცემა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, აგრეთვე ინვაზიური დაავადებების გამომწვევი ჰელმინტების კვერცხები და მატლები

ინფექციური დაავადებები შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში ნიადაგიდან დაბინძურებული მცენარეული და ცხოველური წარმომავლობის პროდუქტების საშუალებით.

   საკვებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს შორის ყველაზე მავნე პესტიციდებია. (ლათ. pestis — გადამდები სენი და caedo — ვკლავ) — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლებისმარცვლეულის, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად. პესტიციდებში შედის დეფოლიანტები და დესიკანტები.

პესტიციდებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ: ინსექტიციდებად, რომლებსაც იყენებენ მწერების გასანადგურებლად, ფუნგიციდებად – სოკოებთან საბრძოლველად, ჰერბიციდებად – სარეველების მოსასპობად და ა.შ. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი არ არსებობს. მათი 90% მიზანს ვერ აღწევს, გარემოში იფანტება და ჩამდინარე წყლებით წყალსატევებში ხვდება. ისინი იწვევენ ეკოსისტემის ღრმა ცვლილებას, რადგან წამლავენ ყველა ცოცხალ ორგანიზმს.

პესტიციდები ხშირად გამოიყენება ხილის მოყვანის პროცესში. იმის ალბათობა რომ პესტიციდების შემცველობას, ზომიერი კლიმატის ნაყოფში აღმოვაჩენთ, უფრო დიდია, ვიდრე სუბტროპიკული კლიმატის ხილში. ალბათ ყველას აწუხებს აზრი იმის თაობაზე, რომ შეგვიძლია თუ არა, გარეგნული დათვალიერებით ამოვარჩიოთ ნაკლები ქიმიკატის შემცველი პროდუქტი. დაჭიანებული ხილი პირველი ნიშანია იმისა, რომ იგი ნატურალურია, თუმცა სრულ გარანტიას იგი არ იძლევა იმის გამო, რომ მისი პესტიციდით დამუშავება მოხდა იმის შემდეგ, როდესაც იგი უკვე დაჭიანებული იყო. 

პესტიციდების გამოყენების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას, რომლებიც დადგენილია ამ ქიმიკატების მოხმარებისას. იგი უნდა ჩატარდეს გარკვეულ დროს და გამოყენებული იქნას ზომიერად.

პესტიციდების გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, დაკვირვებას და ცოდნას, რადგან მათი არასწორი გამოყენება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად იქნეს დაცული პესტიციდებთან უსაფრთხო მოპყრობის შემდეგი წესები:

  1.  ქიმიური წამლობების დროს რეკომენდირებულია ისეთი სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს;
  2. აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისრეზინის ხელთათმანის, ჩექმის, თავსაბურავის, სათვალის, რესპირატორის გამოყენება;
  3. წამლობა საჭიროა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში, დილის ან საღამოს საათებში;
  4. დაუშვებელია ქიმიურ პრეპარატის (ფხვნილის, ხსნარის) შეხება დაუცველი ხელებით;
  5. აკრძალულია წამლობის დროს პესტიციდით დაბინძურებული ხელებით სიგარეტის მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება;
  6. სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ჩვეულებრივი სარეცხისაგან განცალკევებით და მოხდეს მისი შენახვა;
  7. დაუშვებელია პესტიციდის ცარიელი ტარის გამოყენება შემდგომი მოხმარებისთვის, აუცილებელია მისი დახვრეტა და ღრმად ჩამარხვა სპეციალიზირებულ ამოცემენტებულ ორმოში. ქაღალდის ან მუყაოს ტარის შემთხვევაში, საჭიროა შესაფუთი მასალის დაწვა. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან სახიფათოა დაწვისას წარმოქმნილი ბოლის შესუნთქვა;
  8. წამლობის დასრულების შემდეგ, საჭიროა გამოყენებული შემასხურებელი აპარატურის გულდასმით გარეცხვა და ნარეცხი წყლის გახარჯვა დამუშავებულ ნაკვეთში;
  9. ყოვლად დაუშვებელია გამოყენებული პესტიციდების ტარისა და ნარჩენების, აგრეთვე, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების უკონტროლოდ გადაყრა (გადასხმა) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებში, წყალსატევებში (მდინარე, ღელე, ხრამი, ტბა, ჭაობი), ბუნებრივ ველმინდვრებსა და ტყეებში. პესტიციდების ნარჩენები და ცარიელი ტარა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დროებით საცავებში!

   სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ არსებობს მეცნიერების დასკვნა იმის თაობაზე, რომ პესტიციდების თუნდაც ძალიან მცირე ნარჩენი უსაფრთხოა ადამიანისათვის. საერთოდ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ისინი დაბლა წევენ იმუნიტეტს და ორგანიზმში დაგროვების უნარი გააჩნიათ. ხილის და ბოსტნეულის მოხმარებამდე, საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ ისინი, გავთალოთ (ანუ გავათავისუფლოთ ზედაპირული ფენისაგან) შემდეგ, დავამუშაოთ თერმულად. საერთოდ უფრო სასარგებლოა ნატურალური პროდუქტები, რომლებიც მიღებული არიან ყოველნაირი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

     პესტიციდებს მავნებლები 10-30 თაობაში ეგუებიან მაშინ, როცა ადამიანს ამისთვის ასეულობით წელი სჭირდება. ჩვენში დღემდე იყენებენ სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს, რომელთა წარმოება 50-60 წლის წინათ დაიწყეს, როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე შორეული მავნე ზემოქმედების საკითხი საერთოდ არ იდგა. სამწუხაროდ, ასეთმა ზემოქმედებამ უკვე მკაფიოდ იჩინა თავი. მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით სიკვდილიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია პესტიციდების გამოყენებასთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება პესტიციდებს. როგორც ვიცით, დედის რძეს საოცარი ბაქტერიოციდული თვისებები აქვს, რითაც განპირობებულია მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი, მაგრამ თავად განსაჯეთ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია დედის რძეს, როცა მასშიც კი აღმოჩნდა დდტ და კიდევ უფრო ძლიერი შხამი ქლოროფოსი.

პესტიციდები ხოცავს ყველა მწერს – მავნესაც და სასარგებლოსაც (მაგალითად, ფუტკარს). გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მავნებელს ჰყავს თავიანთი მტაცებლები და პარაზიტები, რომლებიც ამცირებენ მათ რაოდენობას. პესტიციდები კი ანადგურებს არა მარტო მავნებლებს, არამედ მათ ბუნებრივ მტრებსაც. იდეალური პესტიციდები უნდა სპობდეს მწერების მხოლოდ განსაზღვრულ სახეობას, სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად.

პესტიციდების გამოყენების ზრდასთან ერთად იმატა გონებასუსტ ბავშვთა რაოდენობამ. თუ ადრე მრავალი დაავადების მიზეზად ალკოჰოლს თვლიდნენ, შემდეგში გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა (სისხლის დაავადება და სხვა მძიმე სნეულებანი) ინტენსიური ქიმიზაციის შედეგი ყოფილა.

ამერიკაში ზრდიან არა პესტიციდთა გამოყენებას, არამედ იქ აკრძალული პესტიციდების ექსპორტს სხვა ქვეყნებში.

 ცნობილია, რომ პესტიციდების ძირითადი რაოდენობა გროვდება ბოსტნეულის და ხილის კანში. პესტიციდებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს: კიტრი, კომბოსტო, ატამი, ვაშლი, ჟოლო. ყველაზე ნაკლებ გავლენას პესტიციდებისგან განიცდის თავიანი ხახვი, სიმინდი, სოკო, ბადრიჯანი, ანანასი. კულინარიულ დამუშავებამდე საჭიროა ხილის და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა (სასურველია წყალს დაამატოთ ლიმონმჟავა და ზღვის მარილი). ხილის გათლით, კომბოსტოს და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეულის გარე ფოთლების მოცილებით პესტიციდების რაოდენობა უფრო ეფექტურად მცირდება.

პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის დაშლის სიჩქარე დამოკიდებულია პირობებზე. მაგალითად, ტემპერატურის აწევით (23 გრადუსზე მაღალა) დაშლა ძლიერდბა. ასევე – იზრდება დაშლის სიჩქარე პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობის გადადებასთან ერთად.

ხორცისა და რძის პროდუქტებში ნარჩენი პესტიციდების შემცველობის შემცირება შესაძლებელია თერმული დამუშავებით. ამ მხრივ, ყველაზე ეფექტურია ხორცის მოხარშვა.

პესტიციდები გროვდება ადამიანის ცხიმოვან ქსოვილში და ზოგიერთ შინაგან ორგანოში. პესტიციდებით გამოწვეული ყველაზე განვითარებული შედეგებია – ნაწლავების, მკერდის, საშარდე ბუშტის, ღვიძლის, თავის ტვინის, საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები. მოწამვლის ნიშნები შესაძლებელია იყოს რეგულარული თავის ტკივილი, დაღლილობა და უხალისობა. მთავარი ისაა, რომ მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. ზოგიერთი პესტიციდი გენეტიკურ აპარატზე უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე რადიაცია. განსაკუთრებით მგრძნობიარენი პესტიციდების მიმართ არიან ბავშვები.

ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გზა არის ავადმყოფი (ინფექციის წყარო) – ნიადაგი – მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტები – მიმღები ორგანიზმი. 
სწორედ ამიტომ, თავიდან რომ აიცილოთ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები, მიირთვით მხოლოდ საგულდაგულოდ გარეცხილი ხილი და ბოსტნეული, ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით მიწასთან შეხების დროს და მიაჩვიეთ თქვენი პატარები სისუფთავეს.

 

მასალა მოამზადა:  ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 80 81 82 83 84 108
Page 82 of 108