close

მსოფლიო

ეკოლოგიამსოფლიო

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters წერს.

დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 143 ადამიანი ემსხვერპლა. ზოგიერთ რაიონში წყლის მაღალი დონისა და კომუნიკაციის არქონის გამო, ასობით ადამიანი ითვლება დაკარგულად.

გარდა ამისა, კაშხლის გარღვევის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა კიოლნთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასენბერგში. რისკის ქვეშაა შტეინბახტალის კაშხალიც.

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიდერლანდებში, სადაც დატბორვა სამხრეთ პროვინციებს ემუქრება. დატბორვის საფრთხის ქვეშაა ლუქსემბურგიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიამსოფლიოსაქართველო

პირველად საქართველოში, პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინება

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ – პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში

 18 ივლისიდან, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით უმასპინძლებს გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

თიბისი, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი ამ გამოფენას აქტიურად უჭერს მხარს.

თიბისი უკვე მესამე წელია ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანამანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

საქართველოში პირველად ნახავთ ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს. პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ვანის მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში.    

პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

სიმბოლურია, რომ გამოფენას მასპინძლობს ქალაქი ვანი, რომელიც ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო როგორც „საქართველოს პომპეი“. წიგნი ფრანგული სახელწოდებით „Vani une Pompéi géorgienne“ გამოიცა საფრანგეთში 1995 წელს.

განახლებულ ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” პირველი დროებითი გამოფენაა. პომპეის აღმოჩენების ნაწილი ინტეგრირებულია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე. 

აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა იხილა იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, ლეონარდო და ვინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები. ასევე, იტალიური მოზაიკები კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან და საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტები.

გამოფენის მხარდამჭერია: თიბისი, იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, „წინანდლის მამული”; საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.


გამოფენა დამთვალიერებელს 18 ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

 

მისამართი: ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32.

მუზეუმის სამუშაო საათები:  სამშაბათი-კვირა, 10:00-18:00 (ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30-ზე)

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (museum.ge)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა – „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების კომბინაცია კორონავირუსის მიმართ უკეთეს იმუნიტეტს წარმოქმნის

“ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ მეორე დოზის „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრა უკეთეს იმუნურ პასუხს წარმოქმნის ვიდრე ორივე დოზის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის შემთხვევაში წარმოიქმნება.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ დოზების შერევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების უფრო მეტ კონცენტრაციას წარმოქმნის. კერძოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ „ფაიზერის“ გაკეთება  ანტისხეულების დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალ დონეს ქმნის, ვიდრე ორი დოზა „ფაიზერის“ მიღება. აღსანიშნავია, რომ ჯერ „ფაიზერის“ და შემდეგ „ასტრაზენეკას“ გაკეთება ასეთი ეფექტური არ აღმოჩნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. მათი განმარტებით, დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ ვაქცინების უფრო მოქნილ გამოყენებას, მაგრამ ჩატარებული კვლევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ვაქცინაციის კლინიკურად დამტკიცებული გრაფიკიდან გადახვევის რეკომენდაცია გაიცეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

კერძოდ, კვლევის შედეგად,  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტის თვეში, ბელგიაში გარდაცვლილი 90 წლის ქალი, კორონავირუსის  ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამებით ერთდროულად იყო ინფიცირებული.

|რა ვიცით ბელგიაში მომხდარ შემთხვევაზე

Independent-ის ცნობით, ქალს კორონავირუსი 3 მარტს დაუდგინდა. ის ალსტიში მდებარე Onze-Lieve-Vrouwziekenhui-ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, თავდაპირველად პაციენტი თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა, სისხლში ჟანბადის დონეც ნორმალურ მაჩვენებელზე იყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ეს Sars-CoV-2-ის ორივე შტამით ერთდროულად ინფიცირების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნულ პერიოდში ბელგიაში კოვიდის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები აქტიურად ცირკულირებდა. სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანსგან ინფიცირდა.  ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არ არის. პაციენტი მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენ ვანკირბერგენი.

შემთხვევის შესწავლა გრძელდება. ბელგიაში მომხდარს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპულ კონგრესზე განიხილავენ.

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები

|ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევებიც არსებობს?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიაში ორი ადამიანი კოვიდის რამდენიმე შტამით ერთდროულად ინფიცირდა. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ისევ შესწავლის პროცესშია და შესაბამისად, საბოლოო პასუხები არაა ცნობილი.

„აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული სხვა შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფენომენი სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად მარტივი მეთოდი არ არსებობს“,- აცხადებს ვანკირბერგენი.

|რას ამბობენ მეცნიერები/ შეამცირებს თუ არა მსგავსი შემთხვევების გახშირება ვაქცინების ეფექტურობას

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, როულანდ კაოს განცხადებით, მხოლოდ ერთი შემთხვევიდან ზოგადი დასკვნების გაკეთება „ძალიან რთულია“.

გლასგოუს უნივერსიტეტის, ინფექტიონისტი, ემა ტომსონი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მისი გამოკვლევაა საჭირო.

„შესაძლოა, ამან გლობალური სახე მიიღოს და სულ უფრო მეტი შემთხვევა იქნას იდენტიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და დეტალურად გამოვიკვლიოთ ის“,- ამბობს ტომსონი.

ვარვიკის უნივერსიტეტის, ვირუსოლოგი, ლოურენს იანგი ამბობს, რომ ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევა გასაკვირი არაა. თუმცა, მისი შესწავლის საჭიროებას მაინც ხედავს.

„ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება გასაკვირი  არაა. შესაძლოა, ადამიანი ისეთ გარემოცვაში  მოხვდეს, სადაც გარშემომყოფებს სხვადასხვა შტამი აქვთ და შედეგად თავადაც რამდენიმე ვარიანტით ინფიცირდეს“,- აღნიშნავს ლოურენსი.

მისივე თქმით, აუცილებელია მეცნიერებმა გამოიკვლიონ მოახდენს თუ არა მსგავსი შემთხვევები ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას.

კორონავირუსი
კორონავირუსი

ჯერჯერობით, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნებს, რომ არსებული ვაქცინები კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

თუმცა, ვირუსის სწრაფად გავრცელებისა და ახალი სახეობების წარმოშობის გამო, შესაძლოა, სურათი ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმნიუსი“ ქართველ ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილსაც ესაუბრა.

ბუწაშვილის თქმით, ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევები ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

„აღნიშნული შემთხვევა გასაკვირი არ არის. კოვიდის დროს მსგავსი ტენდენცია აქამდე ნაკლებად შეინიშნებოდა. თუმცა, ზოგადად ინფექციური დაავადებებისთვის ეს დამახასიათებელი მოვლენაა.

მაგალითად, ც-ჰეპატიტის დროს ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. რა თქმა უნდა,  ლოგიკურია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი ორი სხვადასხვა შტამით  არის ინფიცირებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ერთის შემთხვევეაში.

რაც შეეხება კოვიდს, ამასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება და კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული“,- ამბობს ინფექციონისტი.

 

მომზადებულია BBC-ს, Telegraph-ის, The Independent-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ფუკუშიმის რადიოაქტიურ ზონაში ცხოველის ახალი ჰიბრიდული სახეობა აღმოაჩინეს

იაპონიაში, ფუკუშიმის რადიოაქტიურ ზონაში ტახისა და ღორის ჰიბრიდი ბინადრობს. ამის შესახებ Daily Mail-ი ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ფუკუშიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დონოვან ანდერსონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. მეცნიერები რადიოაქტიურ ზონაში ბინადარი გარეული ტახების დნმ-ს იკვლევდნენ, რათა დაედგინათ რა გავლენა აქვს მათზე რადიაციას.

სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ მაღალ რადიაციულ დონეს ფუკუშიმის ტახების გენები არ შეუცვლია, თუმცა ამასთან დადგინდა, რომ გამოკვლეული ცხოველების 16% ტახისა და ღორის ჰიბრიდია. როდესაც ფუკუშიმაში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილობრივებმა იქ ასობით ცხოველი დატოვეს, მათ შორის ფერმებზე მცხოვრები ღორები. შინაური ცხოველები ფერმებიდან საკვების საძიებლად წავიდნენ და ტახებთან შეჯვარება დაიწყეს.

იაპონიის მთავრობის მონაცემებით, 2014 წელს ზონაში გარეული ტახების პოპულაცია 49 ათასს შეადგენდა, 2018 წელს მათი რიცხვი 62 ათასამდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

“ფაიზერით” და “მოდერნათი” აცრილებს იმუნიტეტი შესაძლოა წლობით გაჰყვეთ – კვლევა

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები შესაძლოა ორგნაიზმს კორონავირუსისგან წლების განმავლობაში იცავდეს. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით New York Timesწერს.

გამოცემის ცნობით, ახალი მიგნებები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე, ბუსტერ დოზა არ დასჭირდეთ მანამ, სანამ ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ სხვა ვაქცინები, მათ შორის Johnson & Johnson. თუმცა აღნიშნავენ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში. მეცნიერების თქმით, იმუნური უჯრედები ვირუსს ინფიცირებიდან, სულ მცირე, 8 თვის განმავლობაში სცნობენ, სხვა კვლევის მიხედვით კი, ინფიცირებიდან ერთი წლის შემდეგაც.

აქამდე ცნობილი იყო, რომ იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული იყვნენ, შემდეგ კი ვაქცინაციაც ჩაიტარეს, შესაძლოა იმუნიტეტი წლობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვეთ. გამოცემა წერს, რომ უცნობი იყო, მხოლოდ ვაქცინაციას (ვირუსის გადატანის გარეშე) ასეთივე გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა თუ არა.

თუმცა დოქტორ ელბედის ჯგუფმა ამ კითხვაზე პასუხი გასცა მეხსიერების უჯრედების წყაროს შესწავლით. საუბარია ლიმფურ კვანძებზე, სადაც იმუნური უჯრედები იწვრთნებიან ვირუსების ამოცნობასა და მათთან ბრძოლაში.

ინფიცირების ან ვაქცინაციის შემდეგ ლიმფურ კვანძებში სპეციალიზებული სტრუქტურები ყალიბდება, სახელად გერმინატიული ცენტრი. NY Times განმარტავს, რომ ეს სტრუქტურები ერთგვარი “ელიტური სკოლაა” B ლიმფოციტებისთვის და ადგილია, სადაც ისინი იხვეწებიან და სწავლობენ ვირუსის სხვადასხვაგვარი გენეტიკური მიმდევრობის ამოცნობას. შედეგად, რაც უფრო დიდი დრო აქვთ უჯრედებს პრაქტიკისთვის, მეტია შანსი, ვირუსის ახალი შტამების განადგურება შეძლონ.

„ყველა ვირუსის ევოლუციაზეა ფოკუსირებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამას აკეთებენ B ლიმფოციტებიც და ისინი იცავენ ორგანიზმს ვირუსის შეცვლილი ფორმებისგან, რაც იმედის მომცემი ამბავია” ,- ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მარიონ პეპერი.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, გერმინატიული ცენტრი ფილტვებში წარმოიქმნება. თუმცა ვაქცინაციის შემდეგ უჯრედების “გაწრთვნა” იღლიების ლიმფურ კვანძებში ხდება.

კვლევის ფარგლებში სწავლობდნენ 41 ადამიანს, რომელთა შორის რვამ კორონავირუსი გადაიტანა, შემდეგ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით აიცრა. საკვლევი ჯგუფის 14 წევრს ლიმფური კვანძებიდან ნიმუში აუღეს სამ, ოთხ, ხუთ, შვიდ და 15 კვირაში ვაქცინაციის პირველი დოზიდან. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 15 კვირის შემდეგ პირველი ინექციიდან, გერმინატიული ცენტრი კვლავ აქტიური იყო 14-ივე საკვლევ ობიექტში და რიცხვი იმ მეხსიერების უჯრედებისა, რომლებიც კორონავირუსს სცნობენ, არ შემცირებულა.

“ის ფაქტი, რომ რეაქციები გრძელდება ვაქინაციიდან თითქმის 4 თვის შემდეგაც, ძალიან კარგი ნიშანია, რადგან, როგორც წესი, გერმინატიული ცენტრი მოქმედების პიკს იმუნიზაციიდან ორ კვირაში აღწევს, შემდეგ კი სუსტდება. როგორც წესი, 4-6 კვირაში მისგან აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ თუ მის სტიმულირებას mRNA ვაქცინით მოვახდენთ, მნიშვნელოვანი შემცირება თვების შემდეგაც არ შეინიშნება”, – აცხადებენ იმუნოლოგები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ემიგრანტიმსოფლიოსაქართველოტურიზმი

ქართველი გოგონას ნეპალური ცხოვრება და ჰიმალაის მთებთან ნაპოვნი  სულიერი სიმშვიდე

გოგოჩი, იგივე დოდოჩი გოგია ქართველი მოგზაურია, რომელმაც რუტინულ ცხოვრებას ჰიმალაის მთებთან ახლოს მედიტაცია და ნეპალური კულტურის ზიარება არჩია და დღეს საკუთარ თავს ამ ჯადოსნური გარემოს სრულფასოვან წევრად აღიქვამს. გოგოჩი აქამდეც რამდენჯერმე იყო ნეპალში  და გარემოს, რომელშიც ამჟამად ის ცხოვრობს ზღაპრულს უწოდებს, მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებიც სწორედ ამ ადგილს უკავშირდება და უჩვეულო თავგადასავლების შესახებ ის თავად გვიამბობს.

-გოგოჩი, რამდენიმე წლის წინ გადაწვიტე რომ მიგეტოვებინა აქაური ცხოვრება, სამსახური თუ ახლობელი ადამიანები და ნეპალში წასულიყავი, რამ გადაგაწყვეტინა, რომ შენი ცხოვრება ასე რადიკალურად შეგეცვალა?

-ნეპალით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემი ახლო მეგობარი ქართველების 45-კაციან ჯგუფს გაჰყვა 2-კვირიან ტურში, ტურიდან დაბრუნდა თუ არა, მაშინვე მითხრა, ეს შენი ქვეყანაა, ერთ დღეს აუცილებლად უნდა მოხვდეო. მაშინ კინოსკოლაში ვმუშაობდი – ახლაც არის ეროვნული კინოცენტრის პროექტი, რომელიც კინოს მასწავლებლობას გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში; ყოველი წლის ზაფხულს არდადეგები ეწყობოდა და პროექტის მონაწილეებიც ვისვენებდით, სწორედ მაშინ ვიფიქრე, ზაფხულს გამოვიყენებ, სამოგზაუროდ წავალ და თუ ძალიან მომეწონა – დიდხანს დავრჩები, ან სულაც სხვა აზიურ ქვეყანაში გადავალ სამოგზაუროდ-მეთქი.

ჩემი მოგზაურობა უვადო და დაუგეგმავ წამოწყებას ჰგავდა, მაგრამ ერთი რამე საგულდაგულოდ დაჯავშნილი და კარგად მოფიქრებული იყო – ვიპასანა, ეს არის მედიტაციური პრაქტიკა, რომელსაც სპეციალურად გამოყოფილ მშვიდ და წყნარ ადგილას სწავლობ 10 დღის განმავლობაში, ამის გაკეთება ძალიან რთულია და გარკვეულ ფიზიკურ და მორალურ მზაობას საჭიროებს, რადგან 10 საათი წელგამართული და ფეხმორთხმული უნდა იჯდე ერთსა და იმავე პოზაში. როცა პირველად შევიტყვე ვიპასანას შესახებ, დავიზაფრე, მაგრამ ფიზიკურად მხნე ვარ და ჩემი მორალური კონსტიტუციისთვის ეგეთი პრაქტიკა ნამდვილად ზედგამოჭრილია. როცა უკვე  ნეპალის ბილეთი ხელში მეჭირა, ალალბედზე დავგუგლე ვიპასანა ნეპალში და ერთ ცენტრში დავრეგისტრირდი, სურათებიდან ლამაზი, ტბიანი ადგილი ჩანდა და  ვიფიქრე, მარტო ამ ადგილისთვის ღირდა მანდ მოხვედრა. მოკლედ, სამოგზაურო გეგმა მქონდა – ვიპასანა უნდა გამეკეთებინა. მართლაც ჯადოსნური ადგილი აღმოჩნდა, ტყის, ტბის, მაჩაპუჩრესა და ოთხივე ანაპურნას ვრცელი ხედებით დამშვენებული. იქ კურსიც გავიარე, მედიტაციაც ვისწავლე და მას შემდეგ, კიდევ სამჯერ მივუბრუნდი ამ ადგილის მაგიას.

-საინტერესოა, როგორ დაახასიათებდი ნეპალურ კულტურას, რა გიზიდავს მასში ასე ძალიან?

თუ კულტურებს მასკულინურად და ფემინურად დავყოფთ, მაშინ ნეპალური კულტურა ფემინურია, თვინიერ ქალს ჰგავს. ქალებიც და კაცებიც ერთნაირად სანდომიანები და გაღიმებულები არიან, თანაც ყოველთვის გულწრფელები. იშვიათად, რომ გაბრაზებაზე შეიწუხონ თავი, მაგრამ თუ ასე მოხდა და ნამდვილად გაბრაზდნენ, ველურ ნადირს ემსგავსებიან, შევსწრებივარ  და ნამდვილად საშიში სანახაობაა. კაცებს რბილი და დამყოლი ხასიათი აქვთ. კულტურის ფემინურობა მათ გარეგნულ მხარეზეც აისახება. ტრადიციულად ატარებენ საყურეებს, ბეჭდებს, გრძელი თმას და ხშირად ქუჩებშიც ხელჩაკიდებულები დადიან. ეგეც კულტურის ნაწილია, რადგან ასე გამოხატავენ ახლო მეგობრულ ურთიერთობას, მხოლოდ მეგობრულს და არაფერს სხვას.

ნეპალი საქართველოსავით მდიდარია ჰიდრორესურსით, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ კორუფცია ყვავის, მოსახლეობა სასმელ წყალს ყიდულობს ან შორი წყაროებიდან ეზიდება. აქაურ ახალგაზრდებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად მოგზაურობენ და სხვა კულტურებსა თუ ქვეყნებს ეცნობიან, აქვთ პრეტენზიები და პროტესტი მთავრობის მიმართ, რადგან აქ მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტია ძალიან მდიდარი, დანარჩენი კი შიმშილით ან სიცივით კვდება, მაგალითად, წელს აქ სიცივის გამო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

 მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ქვეყანაში მოხვედრისას შეუძლებელია არ შენიშნო და არ გადმოგედოს ამ ღარიბი ხალხის, სიმშვიდე, აუღელვებლობა, სიცილი, მოთმინებისა და გამძლეობის საოცარი უნარი. ფემინურიო კი ვამბობ, მაგრამ მიუხედავად ხასიათის სირბილისა, ეს არის შერპების, თავზეხელაღებული მძღოლების, მებრძოლი გურკების და კლდის ჯადოსნურ თაფლზე მონადირე ხალხის სამშობლო.

-გოგოჩი, როგორც ვიცი, ნეპალში ცხოვრება ფინანსური თვალსაზრისით არც ისე ძვირი ჯდება, მაგრამ ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტისგან ნამდვილად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობთ, მოგივყევი, რა აქტივობებით ხართ იქ ჩასული ტურისტები დაკავებული?

-ვიტყოდი, რომ მეც ავიჩემე და ამ ქვეყანამაც რაღაცნაირად ამიჩემა. აქ თავს სახლში ვგრძნობ და მედიტაციის გარდა სხვა აქტივობებიც მაქვს-ხოლმე, მაგალითად, ფერმაში მუშაობა, მცენარეების მოვლა, ადგილობრივებისთვის დახმარება და ეს ყველაფერი მოხალისეობის სახელით. მიყვარს აქ ყოფნა და მუშაობა, თუმცა ზოგჯერ დღეები ისე გადის, რომ არც არაფერს აკეთებ, უბრალოდ ადამიანებს ეკონტაქტები – ადგილობრივებს, ჩამოსულებს და ეს საკმარისია, რომ დღე შედგეს.  ჩემი ახლობლები ეჭვიანობენ, რომ აქაურობა ასე მიყვარს და აინტერესებთ – რა არის აქ ასეთი, ალბათ ერთ დღესაც წამოვლენ დასათვალიერებლად და მეც სიამოვნებით გავუწევ გიდობას. მით უმეტეს, რომ უკვე მაქვს ეგ პრაქტიკაც. უკვე იმდენი რამე ვიცი აქაურობაზე, რომ პერიოდულად გიდობასაც ვითავსებ.

ე.წ. ქაუჩსერფინგი აქ კარგად მუშაობს და მეც მისი საშუალებით ვიპოვე ჩემი მასპინძელი, რომელიც ახლა ჩემი კარგი მეგობარია. მახსოვს, მასპინძლობის მეორე დღესვე ამიყვანა კატმანდუს განაპირა მთიან მხარეში და ადგილობრივი შამანების, ანუ მკურნალების ფესტივალზე მოვხვდი. მაშინვე შინაურად ვიგრძენი თავი. მას შემდეგ, როცა კი აქ ვარ, არ მტოვებს ის შეგრძნება, რომ შინაური ვარ.

-დაბოლოს, როგორია  შენი სამომავლო გეგმები?

-მე გაზაფხულამდე აქ დავრჩები, ახალ სოფლებს აღმოვაჩენ და ახალ ტრეკებზე გავალ,  დავტკბები აქაური სიმშვიდით, გავუძლებ ნეპალურ ყოფას, დავეხმარები გზის გაგნებაში აქ მოხვედრილ ტურისტებს, მოგზაურებს და მოხეტიალეებს, და უფრო ნათელი, ცოდნით, სიმშვიდით და სიყვარულით სავსე შევუდგები გზებს სხვა ქვეყნებისაკენ. ასეთია ჩემი გეგმა და სურვილი, დანარჩენს კი, როგორც იტყვიან, ცხოვრება მოიტანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ჩინეთმა „სინოვაკის“ ვაქცინის, „კორონავაკის“ 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

ჩინეთმა „სინოვაკ ბიოტექის“ ვაქცინა „კორონავაკს“ 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

 

კომპანიის ხელმძღვანელის, ინ ვეიდონის თქმით, I და II ფაზის კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინას აღნიშნული ასაკის ბავშვებში იმუნური რეაქციის წარმოქმნა შეუძლია და გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათისაა.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება ჩინეთში 17 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება ჯანდაცვის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ჩინეთის ვაქცინაციის სტრატეგიას აყალიბებენ.

 

ინ ვეიდონმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე დასრულდა კლინიკური ცდის II ფაზა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ვაქცინის მესამე დოზით აცრეს. კვლევა აჩვენა, რომ ვაქცინაციიდან 1 კვირაში ვაქცინირებულებში ანტისხეულების დონე 10-ჯერ, ნახევარ თვეში კი – 20-ჯერ გაიზარდა. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ანტისხეულებზე ხანგრძლივი დაკვირვება მანამ, სანამ კომპანია ხელისუფლებას ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების რეკომენდაციას მისცემს.

ამჟამად ჩინეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს უტარებენ და ამ დრომდე ქვეყანაში ვაქცინების 723.5 მილიონი დოზაა გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  „სინოვაკის“ ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ მიანიჭა.

წყარო : globaltimes.cn

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმედიცინამსოფლიოსაქართველო

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელმაც 3 წლის გოგონას ორივე ამპუტირებული ქვედაკიდური დაუბრუნა

რამაზ დათიაშვილი დღეს მსოფლიოში აღიარებული, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგია, რომელმაც 35 წლის წინ, სამი წლის გოგონას მოკვეთილი კიდურების  სრულად რეპლანტირება შეძლო და დღესაც აოცებს მსმენელს საკუთარი  ისტორიით. ამჟამად, ქართველი ექიმი აშშ-ში მოღვაწეობს  და სამეცნიერო საქმიანობითაც არის დაკავებული,  ექიმი არაერთხელ მოხვედრილა უცხოური მედიის ყურადღების ობიექტივში, ამჯერად კი, მისი დაუჯერებელი ისტორიით   ნიუ-ჯერსის საინფორმაციო მაუწყებელი “NJTV-ი” დაინტერესდა.

რამაზ დათიაშვილი, მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე, 28 წლის ასაკში გახდა მოსკოვის 51-ე საავადმყოფოს მიკროქირურგიული დეპარტამენტის უფროსი, 1978 წელს დოქტორის წოდებაც მიიღო და აკადემიური მოღვაწეობა მოსკოვის ეროვნულ ქირურგიულ ცენტრში გააგრძელა. დათიაშვილი გახდა წამყვანი ექსპერტი მიკროქირურგიის სფეროში და 1988 წელს მიენიჭა რუსეთში უმაღლესი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდებაც.

მაგრამ, ისტორია, რომელმაც ქართველ ქირურგს ყველაზე დიდი აღიარება და ნდობა მოუპოვა, 1983 წლის ივნისში, ლიტვაში განვითარდა, როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად, მამამ თიბვის დროს, საკუთარ გოგონას (რასა), ორივე ქვედაკიდური მოსწყვიტა, მოთხოვნა მისთვის კიდურების რეპლანტაციის შესახებ, ხუთი ათასი კილომეტრის დაშორებით, მოსკოვში, სწორედ ექიმ დათიაშვილს მიუვიდა, რომელთანაც პაციენტის გადაყვანა კომერციული თვითმფრინავით მოხერხდა და ინციდენტიდან მხოლოდ 12 საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი ოპერაციის გაკეთება, მაგრამ, დროის დანაკარგის მიუხედავად, დათიაშვილმა ოპერაციას წარმატებით გაართვა თავი და ბავშვს კიდურები დაუბრუნა.

ახალგაზრდა ექიმს ოპერაციამდე მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, რადგან მისმა კოლეგებმა უარი თქვეს ბავშვის ანესთეზიაზე, ზრდასრულთა საავადმყოფო კი, სადაც ის იმყოფებოდა, მოითხოვდა, რომ გოგონასთვის ოპერაციის ბავშვთა საავადმყოფოში ჩაეტარებინათ და პასუხისმგებლობაც მათ აეღოთ. საბოლოოდ,  მიკროსკოპის საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, დათიაშვილმა შეძლო დაეწყო ოპერაცია, „როდესაც ამპუტირებული კიდურები დავინახე, ისინი გაყინული, ხესავით მყარი იყო და წამით დავფიქრდი, ღირს კი ამის გაკეთება?! რადგან თუნდაც წარმატებული რეპლანტაციის შემთხვევაშიც, პაციენტის დაკარგვის რისკი საკმაოდ მაღალი იყო“ -აღნიშნავს დათიაშვილი.

 დათიაშვილი ცდილობდა შეერთებინა გოგონას არტერიები და ვენები, როცა მის ორგანიზმს სისხლი მიეწოდებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამპუტირებულ ნაწილებში ჟანგბადისა და სისხლის ნაკლებობის გამო განვითარებული ტოქსინების რასას ორგანიზმისთვის უვნებლობაში დარწმუნება იყო, საბედნიეროდ, ცხრასაათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკანასკნელი ნაკერის დადების შემდეგ, გოგონას პატარა კიდური ექიმის ხელში გათბა, ექიმის საპასუხისმგებლო  მისიაც წარმატებით შესრულდა და დღეს რასა მინიმალური შეზღუდვებით გერმანიაში ცხოვრობს საკუთარ მეუღლესთან ერთად  და როგორც დათიაშვილი აღნიშნავს, მისთვის, როგორც ქირურგისთვის, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა.

დღეს რამაზ დათიაშვილი პლასტიკური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრია და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ნაშრომზეც, მას ეკუთვნის 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის სახემძღვანელოები თუ სტატიები მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. დათიაშვილი ნიუ-ჯერსის სამედიცინო სასწავლებელშიც ასწავლის და იშვიათად თუ საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაუბრუნა პატარა გოგონას კიდურები, მაგრამ დარწმუნებულია რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, რისი კარგი მაგალითადაც სწორედ თავად არის.

წყარო: NJTV NEWS

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-მ დაამტკიცა წონაში კლების ახალი პრეპარატი, რომელიც „თამაშის წესებს შეცვლის“

წონაში კლების პრეპარატი, რომელმაც სიმსუქნის მკვლევართა აზრით, „თამაშის წესები უნდა შეცვალოს“, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც სააგენტომ ასეთ პრეპარატს მწვანე შუქი აუნთო.

Wegovy — წონის კონტროლის წამალი, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ი გამოუშვებს, წონის კლების პირველი პრეპარატია, რომელიც FDA-მ 2014 წლის შემდეგ დაამტკიცა, მაგრამ არ გახლავთ მთლად ახალი პრეპარატი.

იგივე წამალი, სახელად სემაგლუტიდი, უკვე დიდი ხანია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ განსხვავებული დოზირებით მიღებისას, სემაგლუტიდი ძლიერ და ეფექტიანად თრგუნავს მადასაც.

წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევაში 2000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა 16 სხვადასხვა ქვეყნიდან; მკვლევართა ცნობით, ამ პრეპარატით გრძელვადიანმა მკურნალობამ ადამიანთა ამ ჯგუფში წონის საშუალოდ 15 პროცენტით კვლევა გამოიწვია.

ზოგმა უფრო მეტიც დაიკლო; ჯგუფის წევრთა 30-მა პროცენტმა სხეულის წონის 20 პროცენტი დაკარგა, რასაც მეცნიერები გამორჩეულ შედეგს უწოდებენ.

„წონის კლების ამ მაჩვენებელთან ახლოსაც ვერ მიდის ვერც ერთი სხვა პრეპარატი, თამაშის წესები ნამდვილად იცვლება. პირველად ისტორიაში, ადამიანები პრეპარატით დაიკლებენ იმდენს, რამდენიც აქამდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი“, — ამბობდა მაშინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სიმსუქნის მკვლევარი რეიჩელ ბეტერჰამი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 90
Page 18 of 90