close

ფრაზები

ეზოთერიკაფილოსოფიაფრაზები

გიორგი გურჯიევის რჩევები საკუთარ ქალიშვილს – დუსკა ჰოგარდს

გიორგი გურჯიევი გახლდათ მეოცე საუკუნის უდიდესი მისტიკოსი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი, მანიპულატორი, მაგი და შემოქმედი ადამიანი. დღესდღეობით შემონახულია მისი რამდენიმე ნაშრომიც, რომლებიც თანამედოვე ეზოთერიკოსებისთვის საკმაოდ საინტერესო მასალაა, მაგრამ ისტორიას შემორჩა მისი პირადი ნაწერებიც საკუთარი ქალიშვილისადმი, სადაც  ის დუსკა ჰოგარდს ცხოვრებისეულ სიბრძნეს უზიარებს. ამის შესახებ ფსიქოლოგი გიორგი გიორგაშვილი გვესაუბრა.

გურჯიევი ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი ადამიანი რომელიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას ან რელიგიას მიეჯაჭვოს, მასზე დამოკიდებული გახდეს. მისი მეოთხე გზა – ცბიერის გზა, ადამიანებს ასწავლის საკუთარი გრძნობების, ემოციების კონტროლს, თვითდაკვირვებას, შეფასებას, მართვას, სიყვარულს, ყველაფრის უპირობოდ მიღებას და არა დამოკიდებულებას რომელიმე მიმდინარეობასა თუ რელიგიაზე. გურჯიევი ამბობდა, რომ მას ახალი არაფერი არ გამოუგონებია. მან უბრალოდ კაცობრიობას დაუბრუნა ის უძველესი ცოდნა, რომელიც ათასწლეულების წინ დავკარგეთ.

მას ჰყავდა ქალიშვილი – დუსკა ჰოგარდი, რომელზეც ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, შემონახულია გურჯიევის რჩევები შვილისათვის, რომლებიც მისმა მოსწავლეებმა შეკრიბეს და ისტორიულადაც დასტურდება, გთავაზობთ მათ:

  1. ყოველ წამს დაუკვირდი შენს თავს,  თუ რას ფიქრობ, გრძნობ, გინდა და აკეთებ.
  2. ყოველთვის დაამთავრე, რაც დაიწყე.
  3. იყავი ხელგაშლილი, მოწმეების გარეშე.
  4. ყველა ადამიანს მოეპყარი, ისე, როგორც, ახლო ნათესავს.
  5. არ მოიტყუო, არ მოიპარო, თუ ამას გააკეთებ შენს თავს მოჰპარავ და მოატყუებ.
  6. სხვებთან არ განიხილო შენი პირადი პრობლემები.
  7. ჭამე და იძინე მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭიროა.
  8. არ გააკრიტიკო და არ განსაჯო, როდესაც არ იცი ნამდვილი ფაქტები.
  9. არ გაიყიდო არაფერზე.
  10. იყავი პუნქტუალური.
  11. ყოველთვის შეასრულე დანაპირები.
  12. ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
  13. დაეხმარე სხვებს, რომ მათ შეძლონ საკუთარი თავის დახმარება.
  14. არასდროს დაემუქრო სხვას.
  15. არც შეაქო და არც შეურაცხყო საკუთარი თავი.
  16. არ იწუწუნო.
  17. განავითარე წარმოსახვის უნარი.
  18. არ იტრაბახო შენი იდეების, პროექტებისა და სამსახურის შესახებ.
  19. თუ აწყენინებ ვინმეს, მაშინვე სთხოვე პატიება.
  20. იყავი საკუთარი თავის მსაჯული.
  21. გაიაზრე, რომ ამქვეყნად არაფერი არ არის შენი.
  22. თუ ვინმე ლაპარაკობს, არ ჩაეჭრა მხოლოდ იმისათვის, რომ დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიქციო.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ფრაზები

ოთარ ჭილაძე : “თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვებული”

– უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევს. რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და მის ნათქვამში ნამდვილად არის ჭეშმარიტება:

“თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვილი (გნებავთ შეძენილი).

ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენც ხალხი ვართ, კულტურაა, წერა-კითხვა ვიცით.

ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე – რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.

მხოლოდ ჩვენს სინამდვილეში შეიძლება, ამდენი ქომაგი ჰყავდეს ხალხს და, ამავე დროს, სრულიად უპატრონოდ იყოს მიგდებული. საქართველოს თავისუფლებისათვის კი არ იბრძვიან, არამედ ხელისუფლებისთვის, ყველაფრის უფლების თვის.

უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევს.

რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი. ჩვენც, ქართველები, შვილებს კი ვანათლებთ სხვებივით, მაგრამ ისინი ან აღარ გვიბრუნდებიან, ან მხოლოდ იმიტომ გვიბრუნდებიან, ცხვირი რომ აგვიბზუონ და დაგვამადლონ თავიანთი “განათლებულობა”.

მართალია, მაინცდამაინც დიდი აზრის არ ვარ ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, თავად განვიცდი ამას. საზოგადოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსაღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს.”

2004 წელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

ნოდარ დუმბაძის საახალწლო (მი)ლოცვა

“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს. რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა!”

ნოდარ დუმბაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფრაზები

,,ისტორიაში სიმართლისა და სიყვარულის გზა ყოველთვის იმარჯვებდა” – მაჰათმა განდი

1. პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინიან, მერე გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ;

2. სუსტს შეუძლია არასდროს აპატიოს. მიტევება ძლიერთა თვისებაა;

3. ბედნიერებაა, როცა თქვენი ფიქრები, სიტყვები და მოქმედება ჰარმონიაშია ერთმანეთთან.;

4. დედამიწაზე მრავლადაა ხალხი, რომელიც იმდენად მშიერია, რომ ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეიძლება ღმერთი მოევლინოს, პურია.

5. როდესაც სასოწარკვეთას მივეცემი მახსენდება, რომ ისტორიაში სიმართლისა და სიყვარულის გზა ყოველთვის იმარჯვებდა. არსებობდნენ მკვლელები და ტირანები, რომელნიც დაუმარცხებლად შეიძლებოდა მიგვეჩნია, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი მარცხდებოდა. იფიქრეთ ამაზე.

6. ვერასოდეს ვხდებით რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე არ ვკარგავთ მას.

7. მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები. ისინი საერთოდ არ ჰგვანან მას.

8. გძულდეს ცოდვა. გიყვარდეს ცოდვილი.

9. ლოცვაში უმჯობესია იყოს გული სიტყვების გარეშე, ვიდრე სიტყვები გულის გარეშე.

10. დედამიწას შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანთა საჭიროებები და არა მათი სიხარბე.

მაჰათმა განდი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

რა არის სამშობლო? – ნოდარ დუმბაძე

სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხესა თუ მეხუთეში.

 – დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო!  – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.

 – სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…

 – კიდევ?  – ჩამეკითხა მასწავლებელი.

ძალიან დიდხანს ვიფიქრე.

 – დაჯექი, დუმბაძე!  – მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.

 – არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი! ვიცი და ვერ ვამბობ,  – შევეხვეწე და ტირილი დავიწყე. ტირილი იმიტომ დავიწყე, რომ ფრიადოსანი ვიყავი და, წესით, ყველაფერი უნდა მცოდნოდა. მახსოვს, ძლივს დამამშვიდა მასწავლებელმა. მერე რაფიელ ერისთავის ლექსი “სამშობლო ხევსურისა” აგვიხსნა და საზეპიროდაც მოგვცა.

მაინც რა არის სამშობლო?

იქნებ მართლა რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია: “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!” მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?

ან იქნებ აკაკის “განთიადია” სამშობლო!..

ან ვაჟას სიმღერა  – „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!”

ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” არის, დემეტრე მეფის “შენ ხარ ვენახია”, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და “ვეფხისტყაოსანია”…

იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია  – ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას,

ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.

რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. რომელი ერთი ჩამოვთვალო!

კიდევ რა არის სამშობლო?

თვითმფრინავიდან რომ გადმოხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება  – ეს არის სამშობლო.

კიდევ?

კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა  – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

კიდევ რა  – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ სხვა სოფელში წახვიდე.

როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

 – მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, მიპასუხეთ, რა არის სამშობლო?  – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

 – მე მეკითხებით?  – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

 – დიახ, თქვენ! იქნებ არ იცით?

 – როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში…

 – დიახ, ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში…

 – ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო,  – მიპასუხებს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.

 – იქნებ შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო?  – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.

 – მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ამ ქვეყნიდან ყველა კაცი სიცოცხლით გაუმაძღარი,  – მიპასუხებს იგი.

სრულად ნახვა
საქართველოფილოსოფიაფრაზები

ოტია იოსელიანის ცხოვრებისეული გამონათქვამები : “სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს!”

ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.

  • ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.
  • ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
  • არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….
  • დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.
  • გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.
  • შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება.
  • თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
  • სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…
  • ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.
  • ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
  • ჭკუა თავშია და არა ხანში.
  • სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!
  • სიყვარული… შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი.
  • ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…
  • ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.
  • თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.
  • სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
განათლებაფრაზები

რა არის სკოლის მიზანი – კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე

“განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი – ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ, მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.

ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას – ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.რა არის სკოლის მიზანი –

აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?

ჩემი აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია.
მაგრამ უსუბ ეუბნება:

„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ ეთქვა – სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო – და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.

დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემი აზრით, ნიშნავს:

• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.
• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.
• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.
• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება – ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი ვიმსჯელო და ვიკამათო.

კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ახლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?

ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ უფრო რთულად და რთულად. 70-იან-80-იან წლებში სასკოლო დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო დავალებების ამოხსნა.

საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.

ფაქტობრივად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ქმნიდა.

სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას – უმაღლესი განათლების მოსამზადებელ საფეხურად – ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა – სამხედროები, რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით, და მშობლები, რომლებიც შვილს პრივილეგირებულ სამეცნიერო კარიერის გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს დაიღწევდა.

ასე სკოლის მიზანი – კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/აღზრდა – თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით – მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას, ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას, აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ პრავდაში.

ანუ საბჭოთა განათლების ფაქტობრივი მიზანი გახდა „ბევრი” სამეცნიერო ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო – ნამდვილად უკეთესი, ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ახლა რა გვინდა?

ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?

ხშირად ხდება – ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი ფეხის ცერა თითი სტკივა. ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან.

ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა – საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ – ამაზე მერე ვილაპარაკებ.”

კახა ბენდუქიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

მეფე გიორგი I – ის სიტყვა სიკვდილის წინ (“დიდოსტატის მარჯვენა”)

“-ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?
– არავინაა, მეფევ ბატონო.
– კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს.
– რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!
– არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.
მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები – “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს “ბერძნულს”, ხოლო საუკეთესო ცერცვსაც “ბერძნულს” .
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.
მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:
– ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა.”
მეფე გიორგი I – ის სიტყვა სიკვდილის წინ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ფრაზები

„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს” – ილია

„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.“

ილია ჭავჭავაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

ილია ჭავჭავაძე – ” ეს ანდერძად გქონდეთ ჩემგან!”

ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან:

– არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 12
Page 1 of 12