close

პოლიტიკა

ანალიტიკაეკოლოგიამსოფლიოპოლიტიკა

,,ყველას გთხოვთ, გადაგვარჩინოთ დაღუპვისაგან. ჩვენ ვიხოცებით თქვენი უმოქმედობით”

 მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალ „მარიას“ შეტევიდან რამდენიმე კვირა გავიდა, პუერტო-რიკოში დღემდე ძალიან რთული ვითარებაა. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, პუერტო რიკოში 1.5 მილიონ ადამიანზე მეტი დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე, მოსახლეობის 97 % -ს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქალაქების უმეტესობას არ აქვს ბუნებრივი აირი, შეინიშნება საწვავის სიმცირეც. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზარალებულთა უმეტესობას არ შეუძლია დაუკავშირდეს ნათესავებსა და ახლობლებს.

მიუხედავად იმისა, რომ პუერტო-რიკოს აშშ-დან ფედერალური ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ეწვია, მის მოქალაქეებს მაინც უწევთ ადგილობრივი რესურსებით გაუმკლავდნენ ქარიშხლის შედეგებს.

პუერტო-რიკოში აცხადებენ, რომ ქარიშხლისგან მოყენებული ზიანის საპასუხოდ აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების ქმედებები, თავიდანვე არ იყო კონსტრუქტიული და საკმარისი და რომ დღემდე კრიტიკული ვითარებაა. თუმცა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი – დონალ ტრამპი აღნიშნავს, დახმარების დაგვიანება ან სიმცირე გამოიწვია იმან, რომ „პერტო-რიკო კუნძულია და ოკეანე მხარეებს შორის არის დიდი“ და რომ პუერტო-რიკოს ისედაც აქვს ძალიან დიდი ვალი.

გასულ კვირას, გართულებული მდგომარეობის საპასუხოდ, თეთრმა სახლმა დროებით აამოქმედა 97 წლის მანძლზე არსებული კანონი, რომლის მიხედვითად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ გემებს უფლება ეძლევათ სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირება მოახდინონ პუერტო-რიკოში და პირიქით.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ერთ-ერთი დაზარალებული ქალაქის, სან ხუანის მერმა, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ახლა მიწევს იმის გაკეთება, რასაც ვერასოდეს ვიფიქრებდი, გთხოვთ, გთხოვთ ყველას, ვისაც ჩემი ესმის, რომ გადაგვარჩინოთ დაღუპვისაგან. ჩვენ ვიხოცებით და ვოხოცებით თქვენი უმოქმედობითა და არაფექტიანობით.“

პუერტო-რიკოში აცხადებენ, რომ არსებული დახმარება არ არის საკმარისი და რომ დონალდ ტრამპმა უნდა სთხოვოს კონგრესს, შეიქმნას დახმარების პროგრამის ახალი პაკეტი, რომლითაც უფრო მეტი ფინანსური სახსრები გამოეყოფა კუნძულს. ასევე, საჭიროა უფრო მეტი სამხედრო რესურსი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი კვლავ დაკარგულია ან შველას საჭიროებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ძალებით გავაკეთოთ“- ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Telegraph, New York Times

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი: ,,30 წლის მანძილზე, დღეს, მსოფლიო ყველაზე დიდი საფრთხეშია”

 ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს საერთაშორისო საზოგადოება და მთელი მსოფლიო ძალიან დიდ საფრთხეშია.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ერთდროულად ვითარდება და მყარ საფუძველს ქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ესენია: ჩრდილოეთ კორეა და ბირთვული პროგრამა, გააქტიურებული ტერორიზმი და რუსეთის ხელისუფლება. არსებული საერთაშორისო კლიმატი, ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაფასა, როგროც „ყველაზე რთული, მისი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში.“

,,The Guardian-თან” მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა: „დღევანდელი მსოფლიო უფრო მეტადაა მოულოდნელობებით სავსე და ამავე დროს, არის უფრო რთულიც, რადგან ერთდროულად რამდენიმე კრიზისთან გვიწევს გამკლავება: ვერ ვაჩერებთ ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამას, იზრდება ტერორისტების აქტიურობა და ამას ემატება რუსეთის ფედერაცია, რომელიც სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება, რომ წამყვანი ძალაა.“  

აღნიშნული განცხადება ესტონეთში გაკეთდა, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი ბრიტანულ შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზას ესტუმრა.

რუსეთისადმი მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლებაა, სადაც, დაგეგმილია, რომ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, ჯარისკაცების რაოდენობა არ იქნებოდა 13 000-ზე მეტი.

 „რუსეთმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხედროების რაოდენობა არ იქნება 13 000-ზე მეტი. თუმცა, ჩვენ ვიცით და გვინახავს, რომ ის, რასაც რუსეთი ამბობს არ არის ყოველთვის მართალი. მაგალითად, „ზაპადის“ 2009 და 2013 წლის საბრძოლო წვრთნები, სადაც იმაზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა თავდაპირველად“.

ესტონეთში, ცივი ომის შემდეგ არსებულ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნისთვის ემზადებიან, რომელშიც მონაწილეობას რუსეთიც იღებს.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Independent

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

ჩრდილოეთ კორეა თავდაცვით ზომებს აძლიერებს

 ,,ჩრდილოეთ კორეა აღმოსავლეთ სანაპიროზე თავდაცვით ზომებს აძლიერებს”, ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“  სამხრეთ კორეულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდობით იუწყება.

ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა ომი გამოაცხადა და რომ კორეა აშშ-ს ბომბდამშენებს გაანადგურებდა.

„მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი გამოგვიცხადა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება წინააღმდეგობის გასაწევად, მათ შორის, ამერიკული ბომბდამშენების ჩამოგდების უფლებაც,“ – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა – სარა სანდერსმა აშშ-ს ხელისუფლების მიერ ომის გამოცხადება უარყო და და ჩრდილოეთ კორეის ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.

კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 სექტემბერს ჩრდილო კორეამ მეექვსე, ყველაზე ძლიერი ბირთვული ტესტი განახორციელა, მაგრამ რიტორიკამ ბოლო დღეებში ახალი დონე მიაღწია – ორივე მხარის ლიდერები ურთიერთ მუქარისა და შეურაცხმყოფის შემცველ განცხადებებს ავრცელებენ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

როგორ შეიცვალა გერმანიის პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

 გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, როგორც გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით ირკვევა, მე-4 ვადით აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მას მოუწევს ახალი კოალიციის შექმნა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რაც არ იქნება მარტივი, თუკი გავთვალისწინებთ, რომ ხმების თითქმის 13 % რადიკალურმა, მემარჯვენე ანტიიმიგრაციულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიპოვა და პირველად გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში, პოპულისტური პარტია მოხვდა პარლამენტში.

მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა კი ხმების მხოლოდ 33.2 % მიიღო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. არჩევნების შემდეგ მიმართვაში, ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანულ პოლიტიკაში უკვე 12 წელია მოღვაწეობს, განაცხადა, რომ ის „იმედოვნებდა უკეთეს შედეგებს“ და რომ მოუსმენს იმ ხალხის „წუხილის მიზეზს“, რომელთა საშუალებითაც რადიკალური მემარჯვენე პარტია ხელისუფლების ნაწილი ხდება.

რა შეიცვალა ამ არჩევნების შემდეგ?

მას შემდე, რაც არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა, ოპოზიციურმა „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთბს, რათა გერმანიის სახელმწიფო და მისი მოსახლეობა ანგელა მერკელს წაართვას. მოსახლეობის ხმების 13 %-ითა და 90 ადგილით ბუნდესთაგში, ანგელა მერკელს ძლიერი ოპოზიცია ეყოლება, რომელთანაც გამკლავება მოუწევს.

რატომ მოახერხა პოპულისტურმა პარტიამ პარლამენტში შესვლა?

უპირველესი მიზეზი  იყო მათი ფოკუსი გერმანიაში მიგრანტების გაზრდილ რაოდენობაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის მომხრეების:

  • 99% მიიჩნევდა, რომ ამ პარტიას უკეთ ესმის მოსახლეობის შიში, რომ ისინი აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ;
  • ასევე 99% ეთანხმება პარტიის მიზანს, რომ შეამციროს ისლამური ელემენტები გერმანიაში;
  • 96% ეთანხმება მიგრანტების შემოსვლის სასტიკად აკრძალვას გერმანიაში;

საფიქრებელია, რომ ახალი ინიციატივებიც სწორედ მიგრანტების საკითხთან იქნება დაკავშირებული.

ამასთან, არგუმენტი, რომ ეკონომიკური მიზეზებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე, ნაკლებად ვალიდურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში იზრდება, უმუშევრობის დონე დაბალია და ბიუჯეტშიც არ აღინიშნება დეფიციტი. საპირისპიროდ, ეს არის პირველი ფედერალური არჩევნები, მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელის ბრძანებით, 1,3 მილიონ მიგრანტს გერმანიის საზღვრის გადალახვის უფლება მიეცა 2015 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გააღიზიანა მოსახლეობა და პოპულისტური ტალღის აგორებასაც შეუწყო ხელი. ანგელა მერკელმა, უკმაყოფილების გაზრდასთან ერთად, გაამკაცრა პოლიტიკა და გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად დაიკლო გასული წლის განვალობაში.

საინტერესოა, როგორ მოახერხა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გამარჯვება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მიმართ?

ანგელა მერკელი – ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალი?

ანგელა მერკელი, როგორც ირკვევა, არ აპირებდა ფედერალურ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრების უმეტესობა ამას აუცილებლობად აღიქვამდა. მერკელმა საბოლოო გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მერკელი კი ცნობილია, რომ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებებს და მის მოწინააღმდეგედ გვევლინება. ამას თან დაემატა „ბრექსიტი“, კრიზისი ევროკავშირის შიგნით, პოპულისტური ტალღების გაძლიერება და რუსეთთან გართულებული ურთიერთობები. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მერკელი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც სტაბილურობის წყარო საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი რთულ სიტუაციებში. ბუნებრივია, რომ თავად გერმანიის მოსახლეობაც იგივე მიზეზით მიიჩნევს მას უსაფრთხოების უკეთეს გარანტად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 12 წლის განმავლობაში მერკელმა აჩვენა თავისი ხასიათის სიმტკივე და ურყევობა, რაც გერმანულ ელექტორატში ჯერ კიდევ პოპულარულია. 4 წლის წინ, წინა ფედერალურ არჩევნებზე, კითხვაზე, თუ რატომ უნდა აერჩიათ გერმანიის კანცლერად კვლავ ის, ანგელა მერკელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ თქვენ მე მიცნობთ“ და ამან, როგორც ვხედავთ, გაამართლა.

მიუხედავად ამისა, მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ანგელა მერკელის უკანასკნელი 4 წელია გერმანიის კანცლერის პოზიციაზე.

 

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარები:  BBC, The Guardian, Carnegieeurope

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში დატესტავს ბირთვულ იარაღს?

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი წყნარ ოკეანეში შეიძლება დატესტოს.

თუკი აღნიშნული განხორციელდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ათწლეულების მანძილზე, როდესაც ბირთვული იარაღის ატომური ნაწილაკები ატმოსფეროში გაიბნევა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ჩრდილოეთ კორეასა და დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-ს შორის. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურებითაც“ დაიმუქრა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.

საინტერესოა, როგორ აპირებს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის დატესტვას და რამდენად საფრთხისშემცველია ის?

რა ბირთვული პოტენციალი აქვს ჩრდილოეთ კორეას?

ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია მუშაობს ისეთი ბირთვული იარაღის განვითარების გეგმაზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მიაღწევს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს და მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს მათ. ამ მიზნის განხორციელება მცირე ზომის ბირთვული რაკეტებით იგეგმება. სულ 6 ბირთვული ტესტი ჩატარდა, რომელთაგან უკანასკნელი წარმატებული იყო, როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული მსგავსი ტიპის ბირთვული იარაღის არსებობა.

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა გეგმას განახორციელებს?

გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდა, ძალიან დიდი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზარალი. ბირთვული აფეთქება გაანადგურებს, უპირველეს ყოვლისა, ოკეანისქვეშა სამყაროს, რასაც გრძელვადიანი გავლენა ექნება სხვა ეკოლოგიურ მახასიათებლლებზეც: ტესტმა შესაძლოა გამოიწვიოს მიწისძვრები, ცუნამი და მეწყერიც კი. ამავე დროს, არსებობს ისტორიული მაგალითიც მარშალის კუნძულების სახით, სადაც, მე-20 საუკუნეში, აშშ-მ ბირთვული იარაღი დატესტა და დღესაც კი, რეგიონის მოსახლეობაში მაღალია კიბოს, ახალშობილებში ანომალიისა და თირეოდული დაავადებების მაჩვენებელი.

თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ზარალის ხარისხი შეიძლება შემცირდეს, თუკი ჩრდილოეთ კორეა შედარებით იზოლირებულ ადგილმდებარეობას აირჩევს ტესტის ჩასატარებლად. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის ანალიტიკოსის, მელისა ჰენჰამის მოსაზრებით, „ზარალის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აფეთქდება ბირთვული იარაღი და როგორი იქნება ამინდი იმ პერიოდში“.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ გადადგამს ან გაბედულ ნაბიჯს რიგი ტექნიკური და დიპლომატიური რისკების გამო. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ბუნდოვან კითხვაზე პასუხი მაშინ გვეცოდინება, როცა „მანათობელ ბირთვულ ცას“ დავინახავთ ჰორიზონტზე, რადგან პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.

 

წყარო: CNN, REUTERS

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

კვიპროსი რუს და უკრაინელ ოლიგარქებზე ევროკავშირის პასპორტს ყიდის

რამდენიმე დღის წინ The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კვიპროსის მიერ „ოქროს ვიზის“ მინიჭების რთულ მექანიზმზე, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას ანიჭებს რუს ოლიგარქებს.

კვიპროსის ხელისუფლებამ, 2013 წლიდან მოყოლებული, 4 მილიარდ ევროზე მეტი მოგება მიიღო გეგმით, რომლის მიხედვითაც, მდიდარ ადამიანებს ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ ენიჭებათ ევროკავშირში ცხოვრებისა და საქმიაობის უფლება. იმ ასობით ადამიანს შორის კი, ვინც აღნიშნული გეგმა გამოიყენა, უმეტესობა წარმოშობით რუსი ან უკრაინელი ოლიგარქია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით. მაგალითად: რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრები, უკრაინაში მოქმედი ყველაზე დიდი კომერციული ბანკის დამფუძნებლები და სხვა მილიარდერები. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გასულ წელს, კვიპროსის ხელისუფლებამ 400-მდე მსგავსი პასპორტი გასცა.

აღნიშნული შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს უსაფრთხოების საკითხებს: რამდენად იყო დაცული ყველა წესი და დირექტივა დოკუმენტის მინიჭების პროცესში? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კვიპროსის ეკონომიკური სექტორი იზრდება ინვესტიციების ხარჯზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს და ძირს უთხრის თავად მოქალაქეობის კონცეფციას. ევროკავშირის პარლამენტში პორტუგალიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ე.წ ოქროს ვიზის გაცემის ფაქტი არის ამორალური და მიუღებელი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ მიანიჭოს მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება მას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ქყვენის განვითარებაში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება ან თუნდაც ინვესტიციები, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს აპლიკაციის განხილვისა და არა ვაჭრობის საფუძველზე“.

კვიპროსმა აღნიშნული პროგრამა 2013 წელს დაიწყო. იგი პასპორტის მიღების მსურველს ავალდებულებს ჩადოს 2 მილიონი ევროს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 2,5 მილიონი ევრო კომპანიების აქტივებში. არ არის ენის ცოდნის, ან კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრების პრაქტიკის მოთხოვნა. მხოლოდ საჭიროა, რომ პიროვნება მოხვდეს კვიპროსში, 7 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. 

ამ სტრუქტურის ბუნდოვანება ვლინდება კონკრეტულ შემთხვევებშიც. მაგალითად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილი, რომელის დაჭერასაც აშშ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ, ამავე სქემის მიხედვით გახდა კვიპროსის მოქალაქე 2010 წელს. 

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Global Witness-ის განცხადებით,  „კვიპროსის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ინვესტიციების სურვილი არ ნიშნავს მთავარი ღირებულებებისა და ვალდებულებების დაკნინებას. ამ სქემით, შესაძლოა, დახმარების ხელს ვუწვდით კრიმინალებს “.

 თავად კვიპროსის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი იცავენ ყველა შესაძლოა დირექტივას და ამოწმებენ პოტენციურ ბენეფიციარებს, მათ შორის, ფულის გათეთრების პრაქტიკის გამორიცხვის მხრივაც. ამავე დროს, მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების სანაცვლოდ სხვა ქვეყნებშიც ხდება. ამიტომაც, არ არსებობს განგაშის საფუძველი.

ჯერ კიდევ უცნობია დაიწყება თუ არა ოფიციალური გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოპოლიტიკასოციოლოგია

მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი იზრდება

  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კლიმატის ცვლილება და კონფლიქტური ზონების მომატება ზრდის მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყსიდან მოყოლებული, წელს პირველად პროგრესირებს.

2016 წლის ბოლოსთვის ქრონიკულად მოშიმშილე ადამიანთა რიცხვა 815 მილიონს მიაღწია, რაც 38 მილიონით მეტია წინა მონაცემებთან შედარებით.

გაეროს 5 სააგენტოს მიერ მომზადებულ ერთობლივ ანგარიშში ამ რიცხვის ზრდა კონფლიქტის ზონებში ძალადობრივი ქმედებების გახშირებითა და კლიმატის ცვლილებითაა ახსნილი, რასაც თან ერთვის ეკონომიკური ზრდის შენელება, რის გამოც,  უფრო რთულად ხელმისაწვდომი ხდება საკვები ღარიბი მოსახლეობისათვის.

  აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 489 მილიონი ადამიანი ანუ ქრონიკულად მოშიმშილე ადამიანთა 60% სწორედ კონფლიქტით დაზიანებულ ზონებში ცხოვრობს: ,,გასული დეკადის განმავლობაში კონფლიქტების რაოდენობა გაიზარდა, გახდა უფრო კომპლექსური, რაც ართულებს მათი გადაჭრის შესაძლებლობას,“-აცხადებს გაერო.

აღნიშნული ანგარიში პირველია მას შემდეგ, რაც გაერომ მდგრადი განვითარების მიზნები შეიმუშავა, რომლის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია „დაასრულოს შიმშილი და ყველა ფორმის კვების უკმარისობა 2030 წლისთვის“.  პროგრესი ნათელი იყო გასულ წლამდე. 900 მილიონზე მეტი ადამიანის კვების ხარისხი გაუმჯობესდა. თუმცა, გასულ წელს, შიმშილმა „ექსტრემალურ მაჩვენებლს“ მიაღწია მსოფლიოს ბევრ კუთხეში, განსაკუთრებით კი – სამხრეთ სუდანში, იემენში, ნიგერიასა და სომალიში. 

 რეგიონების მიხედვით კი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა აფრიკაშია. მოსახლების 27,4 % შიმშილობს ან შიმშილის ზღვარზეა. მაჩვენებელი იზრდება ლათინურ ამერიკაშიც 4.7 %-დან 6,4%-მდე.

გაერო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თუკი სახელმწიფოთა ლიდერები ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ და არ იბრძოლებენ საერთო პრობლემის წინააღმდეგ, შიმშილის დონე კიდევ უფრო გაზირდება.

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ემანუელ მაკრონი: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენულობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“

 საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ფართო საზოგადოების წინაშე აცხადებს, რომ იბრძოლებს ევროკავშირის კვლავ გასაძლიერებლად: „ეროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენულობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“ .

საბერძნეთში, ათენში წარმოთქმულ სიტყვაში, მაკრონმა მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს უფრო გაეძლერებინათ თანამშრომლობა და გამოეხატათ სოლიდარობა, რათა ევროკავშირმა შეძლოს არსებულ და მომავალ კრიზისებთან გამკლავება. საფრანგეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირი უნდა მოდერნიზდეს, გახდეს მეტად დემოკრატიული და „არა უბრალოდ გაიხურონ სამუშაო შეხვედრის კარი ყოველი სამიტის შემდეგ“.

რას ითვალისწინებს მაკრონის გეგმა?

პრეზიდენტმა საზოგადოებას ევროკავშირის გაძლიერებისთვის ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზა, რომლის მთავარი ელემენტი სახელმწიფოთა უერთიერთშეთანხმებული ქმედებაა საერთო პრობლემების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორიზმისა და კლიმატის ცვლილების.

მაკრონი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან შემდგარ ინტეგრირებული ევროზონის შექმნას, რომელსაც ეყოლება ფინანსთა მინისტრი, პარლამენტი და ექნება საკუთარი ბიუჯეტი.

უფრო დეტალური გეგმის დასახვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან, შემდეგ თვეში, გერმანიაში არჩევნებია. სწორედ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად დაუჭერს მხარს მაკრონის იდეებს გერმანიის ახალი ხელისუფლება.

ემანუელ მაკრონი, როგორც ახალი ლიდერი?

ზოგიერთი მიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონი შესაძლოა გახდეს ევროკავშირში წამყვანი ფიგურა.

მეორე მხარის შეხედულებით კი, მსგავსი გამოსვლები ემსახურება მხოლოდ შიდაპოლიტიკურ მიზნებს, რადგან მაკრონის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და რომ შესაძლოა, მიზანი მხარდამჭერების მოზიდვა იყოს. ცნობილია, რომ მას სურს მოდიფიცირება გაუკეთოს საფრანგეთის ზოგიერთ კანონმდებლობას. (საპენსიო სისტემის შეცვლა, შრომითი კანონი), რაც უკმაყოფილებას იწვევს საფრანგეთის მოქალაქეებში, ფიქრობენ რა, რომ მაკრონი უფრო მეტად იჭერს მდიდარი ელიტის მხარეს, ვიდრე მოსახლეობის.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ მაკრონმა სწორედ საბერძნეთი, ათენი აირჩია მსგავსი მოწოდებისთვის, რადგან საბერძნეთი, ბევრი მახასიათებლით ევროკავშირის კრიზისის სიმბოლოდ გვევლინება.

საბერძნეთის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა განაცხადა: „ეს ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შორის გაღრმავდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თანამშრომლობაც და შეიცვლება ევროკავშირის პოლიტიკური დინამიკა, სადაც, უკვე წლებია, დომინანტურ როლს გერმანია თამაშობს.“

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian, The Washington Post

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

კატალონია ოქტომბერში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამართავს

 ესპანეთის ეროვნული ხელისუფლება ბრალს სდებს კატალონიის პარლამენტს კონსტიტუციური და დემოკრატიული თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ამ უკანასკნელმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოქტომბერში ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ახალი კანონმდებლობა ძალადაკარგულად გამოაცხადა ესპანეთის ხელისუფლებამ და განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ხერხს, რათა დაგეგმილი რეფერენდუმი გაუქმდეს.

ესპანეთის პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ კატალონიის პარლამენტის ზოგიერთ წევრს სასამართლოში უჩივლებენ, რადგან ისინი არ დაემორჩილნენ  სასამართლოს განაჩენს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი ქმედებების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მანამდე, 2017 წლის მარტში, კატალონიის ყოფილ  პრეზიდენტს, არტურ მასს, აეკრძალა გამოეყენებინა პრეზიდენტობის 2-წლიანი ვადა მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა ესპანეთის კონსტიტუციურ სასამართლოს და გამართა სიმბოლური დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს.

კატალონია ესპანეთის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. შესაბამისად, კატალონიელი სეპარატისტები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების აზრით კი, კატალონიის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, უარყოფენ რა ყველა შეთავაზებულ ალტერნატივას.

 რეფერენდუმში მხოლოდ ერთი კითხვა იქნება დასმული: „გსურთ თუ არამ რომ კატალონია იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, რესპუბლიკის სახით?“. სავარაუდო თარიღად 1-ლი ოქტომბერი დასახელდა.

კატალონიის პარლამენტი ითხოვს, რომ მომავალი რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივად სავალდებულო სტატუსი მიენიჭოს. თუკი წარმატებით განხორციელდება კამპანია, კატალონია 48 სთ-ის განმავლობაში გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და სუვერენული სახელმწიფო გახდება.

შეეძლება თუ არა დამოუკიდებელ კატალონიას ევროკავშირში დარჩენა?

ისევე, როგორც შოტლანიის რეფერენდუმის შემთხვევაში, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. თავად კატალონიის ხელისუფლების შეკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაყოვნოს ან საერთოდ დაბლოკოს კატალონიის წევრობის საკითხი, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს შოტლანდიამ, უფრო მეტად გაღვივდეს სეპარატისტული მისწრაფებები. ამავე დროს, გართულდება ესპანეთთან მოლაპარაკებები, რომელიც შოტლანდიის შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი ევროკავშირში წევრობის მომხრეებს კატალონიის პრობლემის გამო.

როგორ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი კატალონია?

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კრიზისის შექმნის საფრთხე იზრდება როგორც ესპანეთში, ასევე ევროკავშირის შიგნითაც.

რამდენიმე შესაძლო სცენარი, თუ როგორი გზა შეიძლება აირჩიოს კატალონიამ:

  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყანა, თუკი ესპანეთთან შეთანხმება მოხერხდება;
  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის გაერთიანების წევრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტატუსით. მიბაძოს ნორვეგიის, შვეიცარიის მაგალითს;
  • კატალონია შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის ზონიდან. ამ შემთხვევაში, ესპანეთი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, რომ მოახდინოს ქვეყნის საერთაშორისო ბლოკადა;

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი სცენარია უფრო რეალური. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, თუკი რეფერენდუმში მონაწილეობას მოსახლეობის 50% მიიღებს, დამოუკიდებლობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 72%-ს მიაღწევს.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვნაგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

კატალონია ოქტომბერში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამართავს

 ესპანეთის ეროვნული ხელისუფლება ბრალს სდებს კატალონიის პარლამენტს კონსტიტუციური და დემოკრატიული თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ამ უკანასკნელმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოქტომბერში ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ახალი კანონმდებლობა ძალადაკარგულად გამოაცხადა ესპანეთის ხელისუფლებამ და განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ხერხს, რათა დაგეგმილი რეფერენდუმი გაუქმდეს.

ესპანეთის პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ კატალონიის პარლამენტის ზოგიერთ წევრს სასამართლოში უჩივლებენ, რადგან ისინი არ დაემორჩილნენ  სასამართლოს განაჩენს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი ქმედებების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მანამდე, 2017 წლის მარტში, კატალონიის ყოფილ  პრეზიდენტს, არტურ მასს, აეკრძალა გამოეყენებინა პრეზიდენტობის 2-წლიანი ვადა მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა ესპანეთის კონსტიტუციურ სასამართლოს და გამართა სიმბოლური დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს.

კატალონია ესპანეთის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. შესაბამისად, კატალონიელი სეპარატისტები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების აზრით კი, კატალონიის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, უარყოფენ რა ყველა შეთავაზებულ ალტერნატივას.

 რეფერენდუმში მხოლოდ ერთი კითხვა იქნება დასმული: „გსურთ თუ არამ რომ კატალონია იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, რესპუბლიკის სახით?“. სავარაუდო თარიღად 1-ლი ოქტომბერი დასახელდა.

კატალონიის პარლამენტი ითხოვს, რომ მომავალი რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივად სავალდებულო სტატუსი მიენიჭოს. თუკი წარმატებით განხორციელდება კამპანია, კატალონია 48 სთ-ის განმავლობაში გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და სუვერენული სახელმწიფო გახდება.

შეეძლება თუ არა დამოუკიდებელ კატალონიას ევროკავშირში დარჩენა?

ისევე, როგორც შოტლანიის რეფერენდუმის შემთხვევაში, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. თავად კატალონიის ხელისუფლების შეკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაყოვნოს ან საერთოდ დაბლოკოს კატალონიის წევრობის საკითხი, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს შოტლანდიამ, უფრო მეტად გაღვივდეს სეპარატისტული მისწრაფებები. ამავე დროს, გართულდება ესპანეთთან მოლაპარაკებები, რომელიც შოტლანდიის შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი ევროკავშირში წევრობის მომხრეებს კატალონიის პრობლემის გამო.

როგორ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი კატალონია?

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კრიზისის შექმნის საფრთხე იზრდება როგორც ესპანეთში, ასევე ევროკავშირის შიგნითაც.

რამდენიმე შესაძლო სცენარი, თუ როგორი გზა შეიძლება აირჩიოს კატალონიამ:

  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყანა, თუკი ესპანეთთან შეთანხმება მოხერხდება;
  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის გაერთიანების წევრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტატუსით. მიბაძოს ნორვეგიის, შვეიცარიის მაგალითს;
  • კატალონია შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის ზონიდან. ამ შემთხვევაში, ესპანეთი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, რომ მოახდინოს ქვეყნის საერთაშორისო ბლოკადა;

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი სცენარია უფრო რეალური. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, თუკი რეფერენდუმში მონაწილეობას მოსახლეობის 50% მიიღებს, დამოუკიდებლობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 72%-ს მიაღწევს.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვნაგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 16
Page 10 of 16