close

პოლიტიკა

მსოფლიოპოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი: ,,რუსეთისთვის კარგი იქნება თუ NATO დაიშლება”

 

გასულ პარასკევს, ვლადიმერ პუტინმა, ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმზე, პირდაპირ ეთერში საუბრისას ღიად განაცხადა, რომ რუსეთისთვის კარგი  იქნება, თუკი NATO დაიშლება. თუმცა, იქვე დაამატა, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ბლოკის შიგნით ჯერ ვერ ამჩნევს.

რუსეთის პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის, დანიშნულების საკითხიც და გააკრიტიკა ევროპული სახელმწიფოები შეიარაღებისა და თავდაცვის სფეროში ბიუჯეტის გაზრდის გამო, „თუკი, მათ არ სურთ თავს დაესხან ვინმეს.“ ასევე, აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება და გვიახლოვდება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რაც რა თქმა უნდა რუსეთისთვის წუხილის საკითხია“

NATO, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ცივი ომის დასაწყისში შეიქმნა, როგორ საბჭოთა კავშირის დამბალანსებელი.

ეს განწყობა რუსეთში კვლავ არსებობს, ამიტომაც ვლადიმერ პუტინის ზემოთ აღნიშნული განცხადება დონდალ  ტრამპისადმი პასუხს წარმოადგენდა, რომელმაც გასულ კვირას, NATO-ს სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისადმი უკმაყოფილება გამოთქვა  კოლექტიური თავდაცვის შესახებ მუხლთან დაკავშირებით და მოუწოდა მათ გაეზარდათ სამხედრო ბიუჯეტი GDP-ის 2 %-მდე. (აშშ ყველაზე მეტს იხდის ალიანსის დაფინანსებისთვის ) დონალდ ტრამპი უფრო შორსაც წავიდა და ორგანიზაციის წევრებს მიანიშნა, რომ თუკი მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, NATO-მ შეიძლება დაკარგოს აშშ-ის მხარდაჭერა.

NATO-ს მე-5 მუხლის მიხედვით, კოლექტიური თავდაცვა გულისხმობს, რომ თუკი ალიანსის რომელიმე წევრის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება, დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას სამხედრო თუ სხვა საშუალებებით.

დიპლომატებისა და მკველვარების სხვადასხვა შეფასებებით, დონალდ ტრამპის მსგავს რეპლიკებს, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს რუსეთის დამოკიდებულებაზე ალიანსის მიმართ.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, გასულ კვირას საკმაოდ ხისტი განცხადებით გამოვიდა სადაც აღნიშნა: „დრო, როდესაც ჩვენ შეგვეძლო სრული ნდობა გამოგვეცხადებინა ჩვენი მოკავშირეებისთვის (იგულისხმება აშშ), უკვე დასრულდა“.

ვლადიმერ პუტინი, პირდაპირი ტრანსლიაციის დროს სანქციებსაც შეეხო, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ დაუწესდა ევროკავშირისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასაგან, რაც ერთგვარ დამსჯელობით ღონისძიებას წარმოადგენდა უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო. რუსეთის ეკონომიკა, სანქციებისა და ნავთობის ფასის დავარდნის გამო, 0.6 %-ით შემცირდა წინა წელს, 2015-ში კი თითქმის 4%-ით, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით.

როგორც ჩანს, ამ შედეგებით გაღიზიანებულია ვლადიმერ პუტინი. მან აშშ რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა და დაამატა, რომ „დღეს, ძალიან ცოტა სახელმწიფო თუ დარჩა, რომელსაც სრული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრივილეგია აქვს“.  დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის კავშირს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით, პუტინი „ჰისტერიას“ უწოდებს და ირონიულად კითხულობს, „არსებობს თუ არა რაიმე წამალი, რომ ეს ჰისტერია შეწყდეს?“

რაც შეეხება NATO-ს წევრებს შორის შესაძლო დაძაბულობას, საერთოევროპული განწყობა, რომ თითქმის 70 წლის ალიანსის არსებობა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, ფართოდ გაზიარებულია. ამასთან, ევროპული სახელმწიფოები კარგად აცნობიერებენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა მხოლოდ დროებითია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მისი რეიტინგი არც ისე მაღალია აშშ-ში.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოპოლიტიკა

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას ემიჯნება – მსოფლიო ლიდერები აღშფოთებას გამოთქვამენ

აშშ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა პარიზის 2015 წლის გლობალური შეთანხმების შესრულებაში მონაწილებაზე უარს აცხადებს.

პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით, პარიზის შეთანხმება ზიანს აყენებს აშშ-ის ეკონომიკას,  სამუშაო ადგილებს, ასუსტებს ამერიკის ეროვნულ სუვერენიტეტს.

 „ჩვენ გავდივართ. აღარ გვსურს სხვა ქვეყნებმა და მათმა ლიდერებმა დაგვცინონ და ვეღარც იზამენ ამას,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ ცერემონიალზე.

შეთანხმების მხარდამჭერები, მათ შორის რამდენიმე წამყვანმა ამერიკელი ბიზნეს ფიგურა, აცხადებენ, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიაყენა  საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც პლანეტას იმ საფრთხეებისგან დაიცავს, რაც მას გლობალური დათბობის შედეგად ემუქრება.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა – ბარაკ ობამამ, რომელიც აღნიშნული შეთანხმების აქტიური მხარდამჭერი იყო, ტრამპის გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

ტრამპი, რომელიც კლიმატის ცვლილებას თაღლითობას უწოდებს, აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მოლაპარაკებებს პარიზის შეთანხმების ცვლილებებზე, ან ახალ ხელშეკრულებაზე. საქმე ეხება იმ „ტერმინებს, რაც სამართლიანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მისი ბიზნესისთვის, მუშაკებითვის, ხალხისთვის და გადასახადის გადამხდელებისთვის”.

საერთაშორისო ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია გამოხატეს.

,,აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის, მიერ მიღებული გადაწყვეტილება კაცობრიობის გონიერების მიმართ ზურგის შექცევის ტოლფასია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ … მე ვარ გაბრაზებული”, – განაცხადა იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა, კოჩი იამამოტომ, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო გრინლიონმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ შეთანხმების განახლება შეუძლებელია და მოკავშირეებს მოუწოდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურონ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სამწუხაროა, ჩვენ კვლავ ინსპირირებული ვრჩებით კლიმატის ცვლილების წინააღმეგ ბრძოლის საკითხში,“ – განაცხადა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდოუმ.

ოფიციალური ჩინეთი ტრამპის გადაწყვეტილებას „გლობალურ რეგრესად“ აფასებს.

პარიზის შეთანხმება მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში.

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს:

კლიმატის ცვლილების  საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა.

ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის  და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების  უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას.

მხოლოდ ორი ქვეყანა არ იყო პარიზის შეთანხმების მონაწილე: სირია და ნიკარაგუა. სირიის შემთხვევაში ამის მიზეზი სამოქალაქო ომი გახდა, ნიკარაგუას ხელისუფლებამ კი მიიჩნია, რომ შეთანხმება რეალურად ვერ შეეწინააღმდეგებოდა კლიმატის ცვლილებას. ჩრდილოეთ კორეამაც კი მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება.

აშშ-მა დადო პირობა, რომ 2025 წლისთვის შეამცირებდა სასათბურე გაზის ნარჩენებს და დაიყვანდა მას 2005 წლის მაჩვენებლამდე. ასევე, ობამას ადმინისტრაციამ გამოყო 3 მილიარდი აშშ დოლარი გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაში სხვა ქვეყნების დასახმარებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა – გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ქ.ნიუ-იორკში მოაწერა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკა

უკრაინა  რუსულ სოციალურ ქსელებს ბლოკავს

2014 წლის მაიდანის რევოლუციის შემდეგ, უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს დასავლეთზე ორიენტირებული და რომ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროკავშირში გაერთიანება. მას შემდეგ, უკრაინამ გარკვეული სახის პროგრესი განიცადა კიდეც, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობისაგან გათავისუფლების კუთხით.

მაისის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ინტერნეტკომპანიები დაიბლოკებოდა. ამ კომპანიებს შორისაა ძალიან პოპულარული და ყველასათვის კარგად ნაცნობი VKontakte (VK) , Odnoklassniki,  Mail.ru და Yandex-ი.

ხელისუფლების მთავარი არგუმენტი გახლდათ შემდეგი: რუსეთთან დაპირისპირება თითქმის სამი წელია გრძელდება, ზემოთ აღნიშნული ქმედებები კი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა რუსეთის ხელისუფლებისათვის, რომ გამოიყენოს „რბილი ძალა“ და გაავრცელოს პროპაგანდული იდეები. ასევე, ზემოთ აღნიშნული კომპანიები, რუსულ სადაზვერვო სამსახურებს შესაძლებლობას აძლევს შეაგროვონ და მოპოვონ მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია და რომ „რუსეთთან ჰიბრიდული ომის გამოწვევები მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას“.

უკრაინის სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე დააზარალა 450 -მდე ბიზნესი და 1200-მდე ადამიანი, მათ შორის, ბევრი რუსული თავდაცვითი და საინფორმაციო სააგენტოა. არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოგვცეს, რადგან 10 მილიონამდე ადამიანს შეეხება ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელებზე დადებული ბანი.

უნდა აღნიშნოს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს, VK(VKontakte)  მნიშვნელოვანი იარაღი იყო ინფორმაციის მიმოცვლისათვის საბრძოლო პროცესის მიმდინარეობასა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ. ასევე, ციფრულმა მტკიცებულებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის ბრალეულობის დამტკიცების საქმეში.

ინტერნეტ პროვაიდერების აზრით, ამ კანონის მიღება საკმაოდ რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. თუმცა, როგორც კრიტიკოსები აფასებენ, პრეზიდენტ პოროშენკოსათვის ანტი რუსული რიტორიკა და მისი გავლენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული შედეგი, რადგან პატრიოტული გამოსვლები, თუნდაც არაეფექტიანი, მნიშვნლოვან გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე. ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი პოროშენკოს ქმედებებს აფასებეს, როგორც წინასწარგანსაზღვურლ ნაბიჯებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2019 წელს უნდა ჩატარდეს.  მთავარი ოპოზიციონერის, სერგი ლეშჩენკოს განცხადებით, „პოროშენკოს იდეა არის, რომ გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლიდან, ფსევდო პატრიოტიზმზე“

უარყოფითად აფასებს ამ ნაბიჯს ევროპული სახელმწიფოებიც. ევროპის კონსულის ხელმძღვანელის განცხადებით, „ეს ქმედება ეწინააღმდეგება თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის უფლების ევროპულ გაგებას“ და რომ ცენზურის მექანიზმი არ უნდა გამოიყენებოდეს ეროვნული უსაფრთხოების სახელით. ,,Human Rights Watch-ის” შეფასებით, ეს გადაწყვეილება არის „ცინიკური და წინასწარგათვლილი პოლიტიკური თავდასხმა, რათა გაკონტროლდეს მოსახლეობის ქმედებები. მისი ხელმძღვანელი საკმაოდ კრიტიკულად განცხადებაში ამატებს: „როდის მიხვდება უკრაინა, რომ რუსეთის ფედერაციის რეპრესიული ქმედებების მიბაძვით, ის ვერ შეძლებს თავისი თავი განასხვავოს რუსეთისაგან?“

 

წყარო: The Guardian

ავტორი: ცირა შვანგირაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაპოლიტიკა

რა ვიცით დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის არსებული კავშირის შესახებ?

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის, სამსახურეობრივი მოვალებიდან გათავისუფლებამ ახალი კითხვები წარმოშვა საზოგადოებაში იმასთან მიმართებით, თუ რა როლი ჰქონდა კრემლს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გახდომაში.

,,The Guardian-ი“ ამასთან მიმართებით სტატიას აქვეყნებს, სადაც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ცდილობს ნათელი მოჰფინოს ტრამპისა და პუტინის ურთიერთობებს.

ზემოთ ხსენებული ჯეიმს კონი, რომელიც თავად დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა სამსახურეობრივი მოვალეობის ვერშესრულების გამო, აქტიურად ცდილობდა გამოეძიებინა კავშირები დონალლდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის.

კომის გამოძიება გასაიდუმლოებულად დაიწყო 2016 წლის ივლისის ბოლოს. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ,,WikiLeaks-ზე“ საჯაროდ გამოქვეყნდა ჰაკერული გზით მოპოვებული დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის(DNC), ტრამპის ოპონენტი პარტიის ლიდერის, ჰილარი კლინტონის, ელექტრონული ფოსტის შინაარსი.

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის აგენტი, კრისტოფერ სტილი, ბრალს სდებსდა დონალდ ტრამპს, რომ მან და მისმა გუნდმა, რუსეთთან ერთად, მიზანმიმართულად დაგეგმა ზემოთ ხსენებული ჰაკერული შეტევა კონკურენტ პარტიაზე.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრალდებები დაახასიათა, როგორც „ყალბი ინფორმაცია“.

გამოძიება თავდაპირველად ძალიან ნელა მიმდინარეობდა, თუმცა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა  და მარტში, FBI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა უკვე ოფიციალურად განაცხადა გამოძიების მიმდინარეობისა და შინაარსის შესახებ. სენატის სასამართლო ქვეკომიტეტს კი შესაბამისი მტკიცებულებებიც წარუდგინა.

კომის განმარტებით, გამოძიების მთავარი მიზანი იყო, გამოევლინა ნებისმიერი შესაძლო კავშირი ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის, არსებობდა თუ არა მხარეების კოორდინირებული მოქმედებები და ეხმარებოდა თუ არა რუსეთი ჰაკერული შეტევის განხორციელებაში.

ფართო საზოგადოებისთვის, ამ ეტაპზე, უცნობია თუ რა სახის ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ფლობს FBI, თუმცა, როგორც ,,The Guardian-ი” იუწყება, შესაძლოა არსებობდეს საკმაოდ დამაჯერებელი და კონრეტული ფაქტები ზემოთ აღნიშნული კავშირის შესახებ ტრამპსა და რუსეთს შორის.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები თავიან ანგარიშებში უკვე ასკვნიან, რომ კრემლს მართლაც მიუძღვოდა დიდი წვლილი ჰაკერული შეტევის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მოხსენებებში გამოყოფილია ორი რუსული ჰაკერული ჯგუფი: „Fancy Bear“ და  „Cozy Bear“, რომლებიც ოფიციალურად მუშაობენ რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

როგორც ირკვევა, ეს ჯგუფები დამოუკიდებლად მუშაობდნენ. მათ დემოკრატების პარტიის წევრებს ბუნდოვანი შინაარსის ელექტრონული ფოსტები გაუგზავნეს, რომელიც შეიცავდნენ საიტის ლინკებს, რაც , ამ შემთხვევაში, იაფი და ეფექტიანი ხერხი გამოდგა. მათ მსხვერპლებს შორის არის ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამოპანიის მენეჯერი- ჯონ პედესტაც.

რა როლი აქვს ამ საქმეში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს?

ჯერ კიდევ 2015 წელს, დიდი ბრიტანეთის ზედამხედველობის სააგენტომ (GCHQ ) გააფრთხილა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ტრამპსა და რუსეთს შორის საეჭვო ურთიერთობების შესახებ. თუმცა, მაშინ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი არ იყო დასახელებული, ამიტომ, ინფორმაციაზე განსაკუთრებული ყურადღება არ გამახვილებულა. დიდ ბრიტანეთთან ერთად, იგივე ინფორმაცია გაუცვალეს აშშ-ს ზოგიერთმა ევროპულმა სააგენტოებმაც (გერმანია, ავსტრალია, ესტონეთი, პოლონეთი, შესაძლოა, საფრანგეთიცა და ჰოლანდიაც).

აშშ-სთვის მიწოდებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში ნახსენებია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მხარში ედგა და ეხმარებოდა დონალდ ტრამპს სხვადასხვა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმასა და განხორციელებაში თითქმის 5 წლის განმავობაში. პუტინის მიზანი იყო: „შეექმნა მტრული გარემო და წაეხალისებინა განხეთქილება დასავლეთის ქვეყნებს შორის“. ტრამპის ჯგუფი კრემლს აწვდიდა ინფორმაციას აშშ-ში რუსი ოლიგარქების საქმიანობის შესახებ, კრემლი კი ტრამპს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის შესახებ კომპრომატულ ფაქტებს უზიარებდა. ანუ, თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანი იყო, ერთი მიზნისთვის, რომ დაემარცხებინათ ჰილარი კლინტონი, რომელიც „პუტინს სძულდა“.

დღეისთვის არ არის ზუსტად ცნობილი თუ რა სახისა და ხარისხის ინფორმაციას ფლობს FBI  დონალ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1987 წლიდან იწყება. თუმცა, თავად გამოძიების დაწყება და ჯეიმს კომის სამსახურიდან გათავისუფლება მნიშვნელოვან პრობლემას  უნდა წარმოადგენდეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის.

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაპოლიტიკა

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი -შეფასება

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის გარკვეული ისტორია აქვს, რომელიც 1921 წლის 21 თებერვლიდან იწყება, თუმცა იმ პერიოდში, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გამო, მას რეალურად არ უფუნქციონირია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს, თუმცა რამდენიმეჯერ მისი რევიზია განხორციელდა, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია 2004 და 2010 წელს შესული მასშტაბური ცვლილებები, მიუხედავად რამდენჯერმე გადასინჯვისა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში, რიგი კონსტიტუციური საკითხების ცვლილება, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია 2017 წლის 21 იანვრიდან მუშაობდა, საბოლოო პროექტი კი 18 აპრილს წარმოადგინა, რომელსაც კომისიის უმრავლესობამ 22 აპრილს მხარი დაუჭირა.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტში, მე-5 მუხლის,  მე-4 პუნქტში გაჩნდა ცნება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები ღირსეული საცხოვრებლით, ასევე საარსებო მინიმუმით, რომლის უზრუნველყოფის პირობები კანონით განისაზღვრება.  ჩანს, რომ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა სკეპტიკოსების აზრით, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის დარეგულიება საკმაოდ რთული იქნება, რამაც შეიძლება იქამე მიგვიყვანოს, რომ აღნიშნული, პოზიტიური ჩანაწერი მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზე დარჩეს პრაქტიკული საქმიანობის პროცესში კი გარკვეული ხარვეზებს წავაწყდეთ.

კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლში, რომელიც ქორწინების უფლებას ეხება, გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მომდინარეობს, რომლებიც აცხადებენ, რომ პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობაც დადებითად არის განწყობილი ქორწინების უფლების მსგავსი ფორმულირების მიმართ, თუმცა ოპოზიცურად განწყობილი პირები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მხოლოდ მმართველი გუნდის პოპულისტურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რადგანაც მსგავსი სახის ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუიაში მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.

საკონსტიტუციო პროექტის მესამე თავის, რომელიც საქართველოს პარლამენტს ეხება, 37-ე მუხლში განსაზღვრულია პარლამენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ საკითხებს მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება და დაპირისპირება, ერთის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხოლო მეორეს მხრივ, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. პროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოიყენეს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, თუმცა ამის საპირწონედ ის პარტია, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას, ასევე დამატებით მიიღებს გაუნაწილებელ მანდატებს, ეს კი იმ პირობებში, როდესაც 5%-იანი ბარიერი ნარჩუნდება, საარჩევნო ბლოკების შექმნა კი იკრძალება. ამ შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ ,,წვრილი” პარტები, რომლებიც ბარიერის გადალახვის მიზნით ერთიანდებოდნენ ვეღარ მოახერხებენ არჩევნებში ერთად მონაწილეობას, ეს კი მათ შანსებს, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის გზაზე, მინიმუმამდე ამცირებს. მეორე მხრივ, ნათელი ხდება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის სათავეში არსებული ხელისუფლება კვლავაც მოახერხებს არჩევნებში გამარჯვებას, მიიღებს იმ ხმების მთლიან რაოდენობას, რომელიც იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოაგროვეს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. ამ შემთხვევაში ვაწყდებით პარადოქსს, რომლის თანახადაც, ხელისუფლება იღებს იმ ხმებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმეგეები მიიჩნევენ, რომ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი იმ პარტიების ხმები, რომლებიც ვერ მოახერხებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას, პროპორციულად გადანაწილდება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან. ბლოკების შექმნის ალრძალვის პირობებში კი 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება ცლასახად მაღალ თამასას აწესებს, სწორედ ამიტომ, ისინი ბარიერის დაწევასაც მოითხოვენ. მსგავსი სახის ცვლილებები, შესაძლებელია, გახდეს ხელისუფლების მხრიდან ისეთი პარტიების შექმნის წახალისების წინაპირობა, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან რადიკალური პოპულისტური მიდგომებით, იმისათვის, რათა მათ მოახერხონ დღესდღეობით არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ უარყოფითად, ამავდროულად რადიკალურად განწყობილი ადამიანების ხმების მოპოვა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება, შესაძლებელია, მივიღოთ სურათი, რომლის თანახმადაც მსგავსი სახის პოლიტიკური სუბიექტები, ხმათა გარკვეულ რაოდენობას მოაგროვებენ, თუმცა ბარიერის გადალახვას ვერ მოახერხებენ, რაც გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობას გაზრდის, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მანდატების რაოდენობას დაემატება.

      კონსტიტუციის პროექტის 42-ე მუხლის თანახად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის საჭირო იქნება პარლამენტის 50 წევრის თანხმობა, განსხვავებით აქამდე არსებული კანონისაგან, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ორგანოს 76 წარმომადგენლის თანხმობა იყო საჭირო, ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება, წელიწადში ერთხელ წარსდგეს საქართელოს პარლამენტის წინაშე. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ძლიერდება პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, რაც ცალსახად მისასალმებელია.

უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი საამომრჩევლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევა პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პირები. აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკის გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რაც კონსტიტუციონალიზმის იდეას არ ეწინააღმდეგება,  ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი იყოს ხელისუფლების დაბალანსების პირობებში, თუმცა, საკონსტიტუციო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მისი უფლებები მინიმუმამდე დადის, ამის საპირისპიროდ კი ძლიერდება პარლამეტი და  მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

პროექტში წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, 65-ე მუხლის თანახმად პროკურატურა გამოეყოფა აღმასრულებელ ხელისუფლებას და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სტრუქტურის დეპოლიტიზაციას, ეს კი ცალსახად მისასალმებელი ნაბიჯია.

      კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილ ბოლო, 78-ე მუხლში დაფიქსირებულია კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდიოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მსგავსი სახის ჩანაწერის გაჩენა საქართველოს კონსტიტუციაში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს დასავლეთისაკენ სწრაფვის გზაზე.

საკონსტიტუციო პროექტში ჩანს, რომ გარკვეული სახის პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად შეინიშნება, თუმცა, მეორეს მხრივ ვაწყდებით ისეთ საკითხებს, რომელსაც მხარს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი უჭერს, ამავდროულად ისინი არ ითვალისწინებენ იმ ინიციატივებს, რომლებსაც ოპზიციური პარტიების, არსამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები სთავაზობენ. ამიტომაც თუკი კონსტიტუცია იმავე სახით იქნება მიღებული, რომლითაც პროექტშია წარმოდგენილი, შესაძლებელია, მომავალში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კვლავაც დადგეს დღის წესრიგში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტის გადასინჯვა, რაც პოზიტიურ მიდგომად ნამდვილად ვერ შეფასდება, რადგანაც კონსტიტუცია უნდა წარმოადგენდეს ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა აშენდეს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება.  

მასალა მოამზადა:  გიორგი ქაფიანიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაპოლიტიკა

ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბირთვული თანამშრომლობა ძლიერდება

მაისის დასაწყისში ირანმა წყალქვეშა ნავის გამოყენებით ბირთვული რაკეტა დატესტა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, მათ ხელს არსებული მონაცემების მიხედვით, იარაღის დასატესტად საჭირო ტექნიკა ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის დიზაინს, რომელმაც 2010 წელს სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდი ჩაძირა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეის გავლენა ისლამურ რესპუბლიკაში სულ უფრო ძლიერდება.

ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გაძლიერებული ბირთვული თანამშრომლობის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა – რექს ტილერსონმ, გაეროს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება სცადა, რომ გაეძლიერებინათ სანქციები ჩრდილოეთ კორეაზე – გამართა რა შეხვედრები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან საკონსულტაციოდ.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ექსპერტები დიდი ხანია მიუთითებენ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის კავშირის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ექსპერტიზასა და ცოდნას უზიარებენ ბირთვულ საკითხებში.

„ირანის პირველი რაკეტები, რომლებიც ჩვენ შევნიშნეთ, პრაქტიკულად წარმოადგენდნენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტების ასლებს“- აღნიშნა ჯეფრი ლევისმა, ბირთვული გაუვრცელებლბის  ესქპერტმა  მიდლბურის ინსტიტუტიდან.  ირანმა ბალისტიკური ბირთვული იარაღი იანვრის ბოლოსაც დატესტა, პენტაგონმა მაშინაც მსგავსი განცხადებით უპასუხა. გასულ ზაფხულს, ირანმა კიდევ ერთი ბირთვული იარაღი დატესტა, რომელიც ძლიან ჰგავდა ჩრდილოეთ კორეის „Musudan-ს”- – ყველაზე განვითარებულ ბირთვულ იარაღს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით დატესტა.

წყალქვეშა გემი, რომელის გამოყენებას ირანი და ჩრდილოეთ კორეა გეგმავენ,  ენერგიის წყაროდ ინტეგრირებულ ბატარეებს იყენებს, რაც მის მოძრაობას ძალიან ჩუმსა და თითქმის შეუმჩნეველს ხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილი, სადაც ირანმა ახალი იარაღის დატესტვა სცადა, ჰორმუზის სრუტე, არის ძალიან ვიწრო და ამავე დროს, მოძრაობით გადატვირთული, რადგან  მსოფლიოში ცირკულირებული ნავთობის დიდმა ნაწილმა  სწორედ ეს ყურე უნდა გაიაროს.

ექსპერტები შიშობენ, რომ იარაღის წარმატების შემთხვევაში, ირანს მარტივად შეუძლია მისწვდეს აშშ-ის სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში, რაც არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

 

წყარო: Foxnews

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

 

სრულად ნახვა
პოლიტიკაფილოსოფია

რატომ წარმოიშვა სახელმწიფო?

,,თავიდან სახელმწიფო … მეფე, სასჯელი და დამსჯელი არ არსებობდა. ადამიანებს  მხოლოდ უფალი იცავდა. შემდეგ წარმოიშვა ცოდვები და ბოროტება. ადამიანებს გაუჩნდათ შური და სხვისი ქონების დაპატრონების სურვილი. მათ დაივიწყეს უძველესი წეს-ჩვეულებები და, მათ შორის, რწმენა.წარმოშვა დასჯის აუცილებლობაც. ადამიანები ხომ ჭეშმარიტ მიზნამდე დასჯის გზით მიდიან ანუ სასჯელი მართავს ყველაფერს და მეცნიერება მართვის შესახებ იგივეა, რაც მეცნიერება დასჯის შესახებ.”

ინდური ეპოსი ,,მაჰაბჰარატა”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

2017 წელს აშშ-ში აღარ არის ,,სრული დემოკრატია”- დემოკრატიის ინდექსის კვლევის შედეგები

ჟურნალ „ეკონომისტის“ დაზვერვის განყოფილების კვლევითი ჯგუფის 2016 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, აშშ, პირველად, აღარ არის ,,სრულყოფილი დემოკრატია”. იგი „არასრულად დემოკრატიულ“ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

რა არის დემოკრატიის ინდექსი?

დემოკრატიის ინდექსი მსოფლიოს 176 ქვეყანაში ზომავს დემოკრატიის დონეს, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა, ხოლო 165- გაეროს წევრი. ამ ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხი ფასდება ყოველწლიურად  5 ძირითადი კატეგორიის მიხედვით: პლურალიზმი და საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა და პოლიტიკური კულტურა. შესაბამისად, სახელმწიფოები 4 ტიპად კლასიფიცირდება: სრული დემოკრატიები, არასრული დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები.

აშშ-ის შედეგი

2015 წელს აშშ-ის დემოკრატიულობის მაჩვენებელი 10 ქულიდან 8.05 გახლდათ, 2016 წლის მონაცემებით კი 7.98, რაც არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა კლასიფიცირდეს, როგორც „სრულყოფილი დემოკრატია“ (ზღვარი 8-დან 10-მდეა) მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო- აშშ, თავისი მაჩვენებლით მოხვდა იტალიის გვერით, რომელიც ცნობილია პოლიტიკის ფრაგმენტაციით.

„არასრულ დემოკრატიად“ მოიხსენიებენ სახელმწიფოს, რომელშიც შენარჩუნებულია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, თუმცა მმართველობის სისტემა არის სუსტი, პოლიტიკური კულტურა ნაკლებგანვითარებული, სამოქალაქო ჩართულობა კი დაბალ დონეზეა. მაგალითისთვის,  ამ კატეგორიაში აშშ-სთან ერთად იაპონია, საფრანგეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ინდოეთია.

გამომწვევი მიზეზები

„ეკონომისტის“ ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის გაუარესებული მაჩვენებელი არ უნდა დავაბრალოთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას. „აშშ რამდენიმე წელი არასრულ დემოკრატიად გადაქცევის ზღვარზე იმყოფებოდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც რომ არ ყოფილიყო, მაჩვენებელი მაინც დაეცემოდა“. პასუხი უნდა ვეძიოთ ხელისუფლების, პარტიებისა და არჩეული წარმომადგენლებისადმი ნდობის შემცირებაში.-ნათქვამია მოხსენებაში.

რა სიტუაციაა მსოფლიოს სხვა რეგიონებში?

ანგარიშის მიხედვით, ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ტექნოკრატიულობის გაზრდილი როლი, საზოგადოების თავშეკავება პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაში და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის  გაზრდილი პრაქტიკა ზემოთ აღნიშნული პრობლემის მთავარი სიმპტომებია. 167 ქვეყნიდან, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, შეინიშნება დემოკრატიულობის ხარისხის შემცირება 2006-2016 წლებში.

ავტორიტარულ რეჟიმებად დასახელდა ჩრდილოეთ კორეა, სირია, ჩადი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

„სრულად დემოკრატიებს“ შორის პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. შემდეგ მოდის ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია, დანია, კანადა და ირლანდია. რაც შეეხება ბრიტანეთს, 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმით გამოწვეული მღელვარების ფონზე, იგი მე-16 ადგილზე გავიდა.

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი

კვლევის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის დონე 2006-2016 წლებში 4.9-დან 5,9-მდე გაიზარდა და ქვეყანა 78-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით ის ჰიბრიდულ რეჟიმად კლასიფიცირდება, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემა არ არის გამართული, პრობლემებია ხელისუფლების მუშაობასთან და სახელმწიფოში დემოკრატიისა და ავტოკრატიის ელემენტებია გაერთიანებული.

 

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაპოლიტიკა

როგორ შეცვალა საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროპული პოლიტიკა?

39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.  თავიდან, დამოუკიდებელმა ცენტრისტულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ გადაწყვიტა პროევროპული ღირებულებების პარტიის შექმნა,  ერთი წლის შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაება. ბევრი ფიქრობს, რომ რამდენიმე თვის წინ, მაკრონის გამარჯვება წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. თუმცა, როგორც შედეგები გვიჩვენებს, მაკრონს კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკა 2017 წელს. ევროკავშირში წევრობის, იმიგრაციისა და უამრავი ყალბი ინფორმაციის ფონზე, როდესაც სხვას შესაძლოა უკან დაეხია, ემანუელ მაკრონმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში კი ევროპული პოლიტიკის ბევრი მნიშვნელოვანი წესი შეცვალა.

პოლიტიკურ ასპარეზი დაიწყო ნულიდან

13 თვის წინ, როდესაც მაკრონმა ახალი პოლიტიკური პარტიის, ,,En Marche! -ის”, ჩამოყალიბება ამცნო საფრანგეთს, ბევრმა ცინიზმით შეხედა ფაქტს. ერთ-ერთმა ფრანგმა მინისტრმა სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა სიმღერა, სახელწოდებით, “Je marche seul” („მე ვსეირნობ მარტო“), ბევრმა აღნიშნა, რომ მაკრონი დამარცხებისთვის იყო განწირული და რომ ცენტრისტები არასოდეს ხდებიან საფრაგეთის პრეზიდენტები. დროთა განმავლობაში, რეიტინგის ზრდასთან ერთად, მაკრონს მოიხსენიებდნენ იდეოლოგიურად საპირისპირო მარი ლე პენის კონტექსტში, როგორც მის საპირისპირო პოლუსს. თუმცა, დღეს ევროპული პოლიტიკა აღარ არის მხოლოდ დაპირისპირება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის. მაკრონს კარგად ესმოდა, რომ გამარჯვებისთვის საჭირო იყო დებატებში მოქალაქეების იდენტობისა და ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა, რამაც გაამართლა. ახალმა პარტიამ კი, მას საშუალება მისცა სტრუქტურულად განსხვავებული კურსი აეღო, გამორჩეული ყოფილიყო იმ პოლიტიკური ძალებისაგან, რომლებიც წლებია საფრანგეთის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში მონაწილეობენ და წარმოეჩინა საფრანგეთი პოზიტიური კუთხით.

ატარებდა ცალსახად პროევროპულ პოლიტიკას

როგორც ირკვევა, მაკრონი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გამოხატულად პროევოპულ კურსს იჭერდა, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისაგან მთელი ევროპის მასშტაბით, რომლებიც ევროკავშირს ხედავდნენ, როგორც საშინაო პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზს. ისინიც კი, ვინც არ იყვნენ ევროსკეპტიკოსები, ერიდებოდნენ ევროკავშირის თემის წამოწევად თავიანთ დღის წესრიგში. ანგელა მერკელთან შეხვედრისას მაკრონმა განაცხადა: „თუკი თქვენ ხართ „მოკრძალებული“ ევროპელი, ეს უკვე ნიშნავს დამარცხებულ ევროპელობას“. ერთ-ერთი ფრანგული სატელევიზიო შოუს ჩაწერის დროს ლე პენმა მოითხოვა ევროკავშირის დროშის მოხსნა და მხოლოდ საფრანგეთის დროშის დატოვება, მაკრონი მომდევნო გამოსვლაში ევროკავშირის დროშით ხელში გამოჩნდა და აღნიშნა: „ ჩვენ ამ ვარსკვლავების ნაწილი ვართ, ევროკავშირამდე ჩვენს კონტიტენტზე ომი სუფევდა, არ დაგვავიწყდეს ეს.“ იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა ევროკავშირსა და ევროზონაში დარჩენის მომხრეა, მაკრონმა შეძლო ხაზი გაესვა, რომ ანტი-ევროპული გამოსვლები და პოპულისტური პარტიების მხარდაჭერა საფრანგეთს დააყენებდა ევროკავშირის დატოვების პრობლემის წინაშე.

კომუნიკაციას ამყარებდა უშუალოდ ამომრჩევლებთან

ევროპული საარჩევნო კამპანიების უმეტესობა წინასწარ გაწერილია და სტრუქტურულად განმეორებითი ხასიათი აქვს. თუმცა, პირველი რაუნდის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლე პენი დასახურად განწირულ ქარხანას ესტუმრა იმ რეგიონში, სადაც მაკრონი ატარებდა საარჩევნო კამპანიას. შეხვედრა დასრულდა „ლე პენი პრეზიდენტად“ გამოსვლებით. შემდეგ, მაკრონმა ერთ საათზე მეტი გაატარა მუშებთან ერთად გამოსავლისა და ალტერნატივის ძიების პროცესში. მცდელობამ შედეგი გამოიღო და მაკრონმა მუშებთან ხელის ჩამორთმევით დაასრულა შეხვედრა. გამოქვეყნდა შესაბამისი სტატიაც.

ღიად დაუპირისპირდა დეზინფორმაციის პრაქტიკას და გახადა ის კამპანიის ნაწილი

ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ევროპულ წინასაარჩევნო გარემოში. თუმცა, პოლიტიკოსთა რეაქცია, როგორც წესი იყო დაგვიანებული და უშედეგო. არჩევნებამდე 36 საათით ადრე მაკრონის პარტიაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა და წინასაარჩევნო ელ-ფოსტის შინაარსები ინტერნეტში გავრცელდა. ამ კონტექსტში, პრობლემები იყო რუსეთის პროპაგანდულ მედიასთანაც. მაკრონმა, საპასუხოდ, კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტები, „RT“  და  „Sputnik„ საერთოდ დაბლოკა მიზეზით, რომ „ისინი ცდილობდნენ სისტემატურად გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია.“

რუსულმა ტაბლოიდებმა საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი აღწერეს, როგორც ფსიქოპატი, რომელიც ზრუნავს მხოლოდ საკუთარ თავზე და სძულს საფრანგეთი, რომ „ეს ქვეყანა იმსახურებს მაკრონს, რომლის გამოც ფრანგ ხალხს მოუწევს ჯოჯოხეთის გავლა. ამ არჩევნით, საფრანგეთი არ არის იმ დემოკრატიის ღირსი, რომლის გამოც მილიონობით საბჭოთა კავშირის ჯარისკაცმა თავი გასწირა“.

გარდა ამისა, მარი ლე პენმა ბრალი დასდო მაკრონს ოფშორული საბანკო ანგარიშების ფლობაში ბაჰამებზე, რის საპასუხოდაც, მაკრონმა ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვა. შედეგად, ლე პენმა აღიარა, რომ არ ჰქონდა საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი.

რა თქმა უნდა, მაკრონის გამარჯვება არ წყვეტს ყველა პრობლემას, რაც საფრანგეთს აქვს, უმშევრობის გაზრდილი მაჩვენებლისა და სოციალური დაძაბულობის ჩათვლით. თუმცა, ფრანგმა ამომრჩევლებმა შესძლეს ევროპაში აგორებული პოპულისტური ტალღის შეჩერება. შემდეგ თვეში, მაკრონსა და მის პარტიას მნშვნელოვანი გამოცდა ელის საპარლამენტო არჩევნების სახით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი წერილით დონალდ ტრამპს მიმართავენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიურიურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისაღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასისშტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაცხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთანავე, კონგრესმენები მოუწოდებენ პრეზიდენტს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისაკენ და ამ მიზნითვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისაკენ. კონგრესმენები ასევემოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა.წერილში ხაზგასმულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ისმხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროება.

„25 წლის მანძილზე საქართველომ განაგრძო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. საქართველომ ინსტიტუტების გაძლიერების, რეგულაციების შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა დასაგადასახადო სისტემის გამარტივების გზით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარებისკუთხით. საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო დასაფასებელიარუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთის ჯარი 2008 წელს საქართველოშიშეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა. რუსეთის ჯარი განაგრძობსსაქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, და ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევეახორციელებსადამიანთა გატაცებას.“-აღნიშნულია წერილში.

„უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კერძოდ ტერორიზმისწინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. საქართველო აშშ-ის ერთგული და სანდო პარტნიორია, რაც ყველაზე უფრო ნათლად ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლაში აისახება. ავღანეთში მიმდინარესაერთაშორისო მისიაშისაქართველო შეიარაღებული ძალების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე უფრომსხვილი კონტრიბუტორია, რასაც მრავალი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოსსამხედრო დანახარჯები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება – ზღვარი, რომელსაცნატო-ს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა თუ აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის მხარდაჭერანატო-ში საქართველოს გასაწევრიანებლად“ – ნათქვამია კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტისსახელზე გაგზავნილ წერილში.

„საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნესგარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონითდაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ბოლო ათი წლის განმავლობაშიმნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებებისდაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროშიმიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროათავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად.ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“ – აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.

„25 წელზე მეტია, რაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიულიპარტნიორია. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზგასმით ასახელებს აშშ-ს როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს.2016 წლის სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ჯერალდ კონოლისა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 16
Page 13 of 16