close

პოლიტიკა

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე სომხეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ნიკოლ ფაშინიანს მხარი არ დაუჭირეს. ფაშინიანს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგ გამოვიდა, 75-მა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

რამდენიმეთვიანი მასობრივი პროტესტისა და სამხედროების მხრიდან მოთხოვნის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი გადადგა 25 აპრილს, რათა გზა გაუხსნას ვადამდელ არჩევნებს, რისი საშუალებითაც უნდა განიმუხტოს ვითარება სახელმწიფოში, რომელიც უკავშირდება მთიანი ყარაბაღის ომს აზერბაიჯანთან და განცდილი მარცხით გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს. რადგანაც სომხური მხარე ომის შედეგს აღიქვამს, როგორც დამარცხებას.

კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგები იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განმარტებები წინასწარ გააკეთა, რომ გადადგომის შემდეგ მის კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენდა ფრაქცია ,,ჩემი ნაბიჯი“. როდესაც საკანონმდებლო ორგანო ორჯერ ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი დაიშლება და საკანონმდებლო ორგანოს დაშლისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნებიც შესრულდება. მეორე კენჭისყრა 10 მაისს ჩატარდება, თუკი ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას ვერც მეორე ჯერზე მოიპოვებს, პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს 20 ივნისს დანიშნავს.

ყარაბაღის ომში, რომელიც 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, დანაკარგი ორივე მხრიდან იყო.  ამ ყველაფერმა გაააქტიურა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მომხდარი  ,,ხავერდოვანი რევოლუციით“ მოვიდა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
პოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობისთვის ემზადებიან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მძიმე პერიოდისთვის მოემზადონ, რადგან ქვეყანას ეკონომიკური არასტაბილურობა და სურსათის მწვავე უკმარისობა აქვს.

პარტიულ კონფერენციაზე გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა ახლანდელი მდგომარეობა შეადარა 1990-იან წლებში არსებულ შიმშილს, რასაც სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის დაკარგვით.

ჩრდილოეთ კორეაში მდგომარეობის გაუარესება უკავშირდება პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს, ვაჭრობის სრულ გაჩერებას, საკვებისა და მედიკამენტების ჩათვლით, რასაც ემატება ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები. გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქტების ფასმა ერთი თვის ხელფასს გადააჭარბა, შესაბამისად, შიმშილით გარდაცვალებულთა რიცხვი გაიზარდა.

ამჟამად უცნობია შედის თუ არა რაიმე სახის დახმარება ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ არ მიიღო შეთავაზება საგარეო დახმარების შესახებ, მათ შორის გაეროს კვების პროგრამიდან(WFP).

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ქვეყანა ისევ აგრძელებს ახალი რაკეტების შექმნასა და ტესტირებას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებდა ეღიარებინა სომხების გენოციდი ოსმალეთის იმპერიის მხრიდან პირველი მსოფლიო ომის და შემდგომ პერიოდში, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი დაიღუპა.

აშშ-ის პრეზიდენტი ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში 1915 წელს განვითარებული მოვლენების მსხვერპლთ პატივს მიაგებს. 24 აპრილს, ჯო ბაიდენმა შემდეგი სიტყვებით გახსნა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ტექსტი – “ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც დაიღუპა ოსმალეთის ეპოქაში მომხდარი სომეხთა გენოციდის დროს და კვლავ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი სისასტიკის ოდესმე განმეორება”.

თურქეთში არაერთხელ განაცხადეს, რომ აღნიშნული განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაუარესებას გამოიწვევს, რადგანაც თურქეთი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს არ აღიარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან გენოციდის აღიარებას. მისი თქმით, აშშ-მა კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მისწრაფება, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და ღირებულებები.

წინა პრეზიდენტები ერიდებოდნენ აღნიშნული ტერმინის გამოყენებას გამომდინარე თურქეთის პოზიციიდან. ჯო ბაიდენის თქმით, მისი განცხადება არ ემსახურება რომელიმე მხარის დადანაშაულებას, არამედ უშუალოდ იმის უზრუნველყოფას, რომ მსგავსი რამ ისტორიაში აღარ განმეორდეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

რუსეთი იწყებს დამატებითი სამხედრო ძალის გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ 23 აპრილიდან დაიწყოს რუსული ჯარების გაყვანა, რომლებიც კრემლის გადაწყვეტილებით განთავსდა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სერგი შოიგუს განცხადებით, სამხედრო ძალები უნდა დაბრუნდნენ შესაბამის ბაზებზე, რადგანაც სამხედრო წვრთნამ უკვე მიაღწია დასახულ მიზნებს.  ევროკავშირის შეფასებით, 100000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი უკრაინის საზღვართან, ისევე როგორც ყირიმში, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, მიესალმება დეესკალაციის გადაწყვეტილებას.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ასევე ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ კვირაში დაიწყო, რასაც უკრაინის, ნატოს, ევროპისა და ამერიკის აღელვება მოჰყვა. ძალების თავმოყრას ასევე თან ახლდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მრავალჯერადი დარღვევა აღნიშნულ ტერიტორიაზე.

18 აპრილს, რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ მიტანილი იერიშის დროს “ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი წევრი, დავით შარტავა, დაიღუპა დონეცკის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

მოსკოვი კი შესაძლოა ჯარების განთავსებას იყენებდეს კიევის, ბრიუსელისა და განსაკუთრებით ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციისთვის სიგნალის გაგზავნის მიზნით, რომ რუსეთი არ არის სუსტი რგოლი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

დაპირისპირება იერუსალიმში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის

აღმოსავლეთ იერუსალიმში, დამასკოს კარიბჭესთან ებრაელ აქტივისტებს, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა.

დაპირისპირება დამასკოს კარიბჭესთან, იერუსალიმის ძველ უბანში მოხდა, სადაც პალესტინელები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ულტრამემარჯვენე ებრაელი აქტივისტი მართავდა მსვლელობას შემდეგი ფრაზით: „სიკვდილი არაბებს“, რასაც შეტაკება მოჰყვა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის.

პოლიციამ კი ბარიკადები, მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც კი გამოიყენა მოსახლეობის დასაშლელად, რასაც მომიტინგეების მხრიდან ქვებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. დაკავებულია 44 ადამიანი. წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მცირე 102 პალესტინელია დაშავებული, ხოლო მათგან 22 ჰოსპიტალიზებულია. შეტაკების დროს ასევე დაშავდა 20 სამართალდამცავი.

იერუსალიმში სიტუაცია რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც ასობით პალესტინელი შეიკრიბა დამასკოს კარიბჭესთან, რომ გაეპროტესტებინათ კარიბჭის წინ მდებარე ტერიტორიის დახურვა, რაც პალესტინელებისთვის პოპულარული ადგილია, განსაკუთრებით რამადანის განმავლობაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
პოლიტიკასაქართველო

შარლ მიშელის კომპრომისული დოკუმენტი – ,,სამომავლო გზა საქართველოსთვის”

50 დღის თავზე შეიძლება ითქვას, რომ დაასრულა მედიაციის მისია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მან 19 აპრილს მხარეებს დოკუმენტი შესთავაზა – ,,სამომავლო გზა საქართველოსთვის”.

19 აპრილს ქართულმა ოცნებამ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ,,სამომავლო გზა საქართველოსთვის”. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. დოკუმენტზე ხელის მოწერა ავტომატურად ნიშნავს პარლამენტში შესვლას, რადგან დოკუმენტი ითვალისწინებს ამ პირობას. შარლ მიშელი ხელის მოწერის პროცესს დისტანციურად ადევნებდა თვალს და მოგვიანებით ტვიტერზე დაწერა – „საქართველოს გაუმარჯოს! თქვენ პირველ ადგილზე ხალხის ინტერესი დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით!”

20 აპრილს, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხრიდან პირობების შესრულების შემთხვევაში აპირებს. ერთის მხრივ პარტიებს უნდა მოეწერათ ხელი საბოლოო შეთანხმებაზე და პარლამენტში უნდა შევიდნენ. სალომე ზურაბიშვილი კი განცხადებიდან 1 კვირის ვადაში ხელს მოაწერს შეწყალების აქტს.

უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო დოკუმენტს იდეალურად არცერთი პარტია აფასებს, მაგრამ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის შეთავაზებული ტექსტი ნამდვილად ,,კომპრომისულია” და კრიზისის მოგვარების ევროპული გზაა.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის საქართველოშია, რათა დამტკიცდეს, რომ  ევროკავშირის ერთგულება ჩვენი ქვეყნის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
პოლიტიკა

რა მოჰყვა საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას

ვლადიმერ პოზნერისა და თანმხლები პირების ჩამოსვლა საქართველოში უკავშირდებოდა პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას, პირველ აპრილს. რუს პროპაგანდისტთან ერთად თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით ასევე იმყოფებოდა მედიის 50-მდე წარმომადგენელი.

31 მარტს სასტუმრო ”რუმს ჰოტელს”  სამოქალაქო აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. აქცია ასევე სასტუმრო ”ინოტელთან“ გაიმართა, სადაც აქტივისტები სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ საქართველოში ვიზიტი გაეპროტესტებინათ ადამიანის, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისა და ანექსიის იდეას იზიარებს. მაგალითისთვის, აქტივისტებმა ელექტროენერგია გამორთეს სასტუმროში, სადაც პოზნერი იმყოფებოდა,

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირების ნაწილი, კერძოდ 32 ადამიანი დააჯარიმეს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, რის შესახებაც ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და აქვეყნებს ქვითრის ასლს. თუმცა, პოზნერმა რუსულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ თბილისში მყოფი პირებიდან არცერთი დაჯარიმებულა.

რუს პროპაგანდისტსა და თანმხლებ პირებს საქართველოს დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუწიათ და ჩარტერული რეისით ქვეყანა პირველ აპრილს დატოვეს.

კრემლი კი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს და პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეტის მოქალაქეებისთვის სახიფათოა.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა მამულის წინაშე  განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რომელიც რუსული მედიის განვითარებისთვის გასწია, სადაც პოზნერი რუსულ ნარატივებს ატარებდა. მას არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაშიც საქართველოს ადანაშაულებდა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
პოლიტიკასამხედრო

მიანმარის გადატრიალება: სისხლი თავისუფლების ფასად

27 მარტს მიანმარში სამხედროები „შეიარაღებული ძალების დღეს“ აღნიშნავდნენ, როდესაც მომიტინგეები ისევ სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, მათ შორის დაპირისპირებას კი 100 ადამიანი ემსხვერპლა. მიანმარში განვითარებულ მოვლენებზე ზუსტად საუბარი ძნელია, მაგრამ ყველაზე სისხლისმღვრელი დღის შემდეგ ადგილობრივებისა და მედიის განცხადებით, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს 40-ზე მეტ ადგილას, რასაც ათობით მომიტინგის სიცოცხლე შეეწირა.

მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც. 12 წლის გოგონას მშობელი ამბობს, რომ როდესაც შეიტყო სამხედროების მოსვლის შესახებ, სასწრაფოდ მივარდა კარის დასახურად, მაგრამ გვიანი იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ქალიშვილის სისხლით დასვრილი სხეული ეჭირა.

პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. უკან დახევას არცერთი მხარე არ აპირებს, არც სამხედროები და არც დემოკრატიული მოძრაობის წევრები. სამხედროების ლიდერის, მინ ან ჰლაინმის განცხადებით, ისინი ქვეყანაში დემოკრატის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ. მოძრაობას კი, რომელსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, გადაწყვეტილი აქვს მიანმარი სამუდამოდ გაათავისუფლოს სამხედრო დიქტატურისგან.

აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს, აქტივები გაუყინეს და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
პოლიტიკა

ახალი კანონით ვლადიმერ პუტინს კიდევ ორჯერ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება

რუსეთის დუმამ კანონი დაამტკიცა მესამე მოსმენით, რომელიც რუსეთის ახლანდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აძლევს შესაძლებლობას საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მიიღოს მონაწილეობა და ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით მოვიდეს.

პარლამენტის ქვედა პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორებული პუნქტის თანახმად, წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე გავრცელდება საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი ვლადიმერ პუტინზე, რომელიც 69 წლის არის.

კანონის თანახმად, ერთი და იგივე პიროვნება ვერ იქნება რუსეთის პრეზიდენტი ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას კონსტიტუციაში ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ამრიგად, აღნიშნული კანონი პუტინს საშუალებას აძლევს კიდევ ორჯერ გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი.

რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ასევე შეეხება დეპუტატებსაც, რომ პარლამენტის ქვედა პალატის წარმომადგენლები მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ რუსეთში. ასევე ფართოვდება სია, რის საფუძველზეც მოქალაქეს არ შეუძლია კენჭი იყაროს სახელმწიფო სათათბირო ორგანოში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
პოლიტიკა

რუსეთისა და ჩინეთის პასუხი დასავლეთის სანქციებზე

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა, აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთის ზოგიერთი მაღალჩინოსნის სახელი შავ სიაში შეიტანეს, რადგან ჩინეთმა დაარღვია მუსლიმი იუღურების უფლებები. მანამდე კი აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა სანქციები რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დევნისა და დაკავების გამო.

23 მარტს კი პეკინში გამართულ შეხვედრაზე ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ვან იმ და სერგეი ლავროვმა სცადეს ერთიანი პოზიციით დაპირისპირებოდნენ დასავლურ კრიტიკასა და სანქციებს, დაწესებულს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძლიერი სახელმწიფოები არ უნდა ჩაერიონ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა არ უნდა იყოს მათი მხრიდან გამოყენებული თავიანთი ძალაუფლების გაზრდის მიზნით.

ჩინეთში დაკავებულ იუღურებს, რომელთა ძირითადი ნაწილი მუსლიმია, ბანაკებში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში არაადამიანურად ეპყრობიან. ჩინეთი კი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას და ამბობს, რომ ბანაკები გადამზადებისთვის შეიქმნა და მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით გამოიყენება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 16
Page 2 of 16