როგორც წესი, ასტრონომებს მასშტაბურ ობიექტებთან აქვთ საქმე. ისინი გიგანტურ ციურ სხეულებს სწავლობენ და ამისთვის დიდი ტელესკოპებიც სჭირდებათ. თუმცა, ამჯერად ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ასტრონომიული ინსტრუმენტი ყუთის ზომის სატელიტი იქნება. მოწყობილობა ერთგვარი ხელოვნური ვარსკვლავია, რომელსაც ასტრონომები დედამიწიდან დააკვირდებიან და უფრო ზუსტად გაზომავენ კოსმოსური ობიექტების სიკაშკაშეს. მეტიც, ეს მკვლევრებს ბნელი ენერგიის შესწავლაშიც დაეხმარება.
NASA-მ ცოტა ხნის წინ ამისთვის 19.5 მილიონი დოლარის ღირებულების Landolt კოსმოსური მისია დაამტკიცა. ეს ყველაფერი აწ უკვე ხსენებული მინი თანამგზავრის დედამიწის ორბიტაზე გასაშვებად.
“ეს მართლაც გასაოცარი ტექნოლოგიაა. ამ სატელიტით ასტრონომები ბევრ სარგებელს ნახავენ”, — განუცხადა Business Insider-ს ტაილერ რიჩი-იოველმა, ლოუელის ობსერვატორიის მკვლევარმა.
რევოლუციური ახალი ინსტრუმენტი ასტრონომებისთვის
მინი თანამგზავრი, სახელად CubeSat, დედამიწის ორბიტაზე, ჩვენგან 35 785 კილომეტრის დაშორებით განთავსდება. მისი სიჩქარე დედამიწის ბრუნვის სიჩქარესთან იქნება თანხვედრაში. ეს ნიშნავს, რომ თანამგზავრი ცაზე სტატიკურად გამოჩნდება და ტელესკოპებით მისი შემჩნევა ადვილი იქნება.
შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელი იქნება, მაგრამ ტელესკოპიდან ის ვარსკვლავივით გამოჩნდება. ეს პირველი მსგავსი თანამგზავრია და მისი გაშვება 2029 წელს იგეგმება.
“ჩვენთვის ეს მართლაც ახალია. მალე ხელოვნური ვარსკვლავი გვექნება, რომელსაც შეგვეძლება დავაკვირდეთ და ბევრი მონაცემი მასთან თანხვედრაში მოვიყვანოთ”, — განუცხადა რიჩი-იოველმა BI-ს.
რა სძენს “ხელოვნურ ვარსკვლავს” სამეცნიერო ღირებულებას? ამაზე პასუხი გამოსხივებაშია — ასტრონომებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ რამდენ შუქს ასხივებს ობიექტი.
CubeSat გამოასხივებს ლაზერებს სინათლის ნაწილაკების მსგავსად. სწორედ ამის გამოყენება შეეძლებათ ასტრონომებს თავიანთი ტელესკოპების გასასწორებლად და სინათლის გასაზომად.
ამისთვის ახლა ასტრონომები რეალურ ვარსკვლავებს იყენებენ, თუმცა თანამგზავრის შემთხვევაში ამის გაკეთება ბევრად მარტივი და კომფორტული იქნება.
პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს გზა იმის გასარკვევად, თუ რამდენ სინათლეს ასხივებს რეალური ვარსკვლავი. რატომ? მიზეზი მარტივია, ჩვენ ვარსკვლავთან ზონდს ვერ ვგზავნით. გარდა ამისა, დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს უამრავ შუქს, რაც ასევე ახდენს გავლენას ასტრონომების დაკვირვებებზე.
“სწორედ ამიტომ არის ეს მისია ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ ზუსტად გვეცოდინება თუ რა მასშტაბის სინათლე მოდის ხელოვნური ვარსკვლავიდან და ამას სხვა ციური ობიექტებიდან მომავალ სინათლეს შევადარებთ. ამით უფრო დაზუსტებით გვეცოდინება თუ რა რაოდენობის სინათლე მოდის რეალური ვარსკვლავებიდან”, — თქვა რიჩი-იოველმა.
Live Science იტყობინება, რომ მისია ასტრონომებს ვარსკვლავებიდან მომდინარე სინათლის 10-ჯერ უფრო ზუსტ გაზომვაში დაეხმარება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”