close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

აღმოჩენილია მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც დღეში მზის მასის ოდენობის მატერიას შთანთქავს

თუ ფიქრობთ, რომ მგელივით მადა გაქვთ, ამ მხრივ ახლოსაც ვერ მიხვალთ ახლახან აღმოჩენილ სუპერმასიურ შავ ხვრელთან.

კვაზარი გალაქტიკის, სახელად J0529-4351-ის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი წარმოუდგენლად ბევრ მატერიას შთანთქავს — დღეში დაახლოებით მზის მასის ოდენობის მტვერსა და გაზს და შედეგად, უკვე აქვს 17 მილიარდი მზის მასა.

ის ყველაზე „მშიერი“ შავი ხვრელია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის და იმდენად სწრაფად იზრდება, რომ პრაქტიკულად იმყოფება მატერიის აკრეციის (მიერთების) მაქსიმალურ ლიმიტთან. კვლევას ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტიან ვულფი ხელმძღვანელობდა.

წარმოადგენს ბრწყინვალე ლაბორატორიას იმის შესასწავლად, თუ როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები ასე ექსტრემალურ მასშტაბებამდე.

სუპერმასიური შავი ხვრელები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ობიექტებია. მათში თავს იყრის მილიონობით და მილიარდობით მზის მასა და როგორც წესი, გალაქტიკების ცენტრში გვხვდება; სწორედ მათ გარშემო მოძრაობს გალაქტიკის ყველა სხვა დანარჩენი ობიექტი.

საქმე ის არის, რომ მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, როგორ იზრდებიან ისინი ასეთ უკიდურეს ზომებამდე. გაცილებით პატარა შავი ხვრელები, რომლებშიც რამდენიმე ათეული მზის მასა იყრის თავს, მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილისას, მათი ბირთვის პირდაპირი კოლაფსისას წარმოიქმნება, შემდეგ კი სხვა ასეთივე, ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებთან შეჯახების შედეგად იზრდებიან.

თუმცა, სუპერმასიური შავი ხვრელები იმდენად დიდებია, რომ ამ გზით ვერ გაჩნდებოდნენ, განსაკუთრებით სამყაროს ისტორიის ადრეულ ეტაპზე.

არსებობს ფორმაციის სხვა თეორიული არხებიც, მაგრამ ერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია უკეთესად შევისწავლოთ, თუ როგორ გახდნენ სუპერმასიური შავი ხვრელები ამ მასშტაბის, არის ზრდის პროცესში მყოფ შავ ხვრელთა შესწავლა. სწორედ აქ შემოდის სცენაზე J0529-4351-ის მსგავსი კვაზარები. ეს გახლავთ გალაქტიკები, რომელთა ცენტრშიც მატერიის აქტიურად შთანთქმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებია.

ასეთი შავი ხვრელი მდებარეობს მატერიის უზარმაზარი, მორევივით მბრუნავი მასის ცენტრში, რომელიც მასში ისე ჩაედინება, როგორც წყალი სადრენაჟო ჭაში.

ძლიერი ხახუნი და გრავიტაცია ამ მატერიას მილიარდობით და ტრილიონობით გრადუსამდე აცხელებს, რომელიც კოსმოსში ძლიერ კაშკაშებს სინათლის ყველა სპექტრში. ამ სინათლის შესწავლის საფუძველზე, მეცნიერებს შავი ხვრელის მახასიათებელთა შესწავლა შეუძლიათ.

კვაზარი J0529-4351 აღმოაჩინეს ე. წ. კოსმოსური შუადღის ეპოქაში, ანუ ეკუთვნის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1,5 მილიარდი წლის შემდეგ პერიოდს. ეს სამყაროს ისტორიის ძალიან ადრეული ეტაპია. მისმა სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად 12 მილიარდ წელიწადზე დიდხანს იარა და როგორც ირკვევა, ამ შავი ხვრელის მასა ჩვენი მზისას 17-19 მილიარდჯერ აღემატება; როგორ? სწორედ ამის ახსნაა საკმაოდ რთული.

თუმცა, მატერიის შთანთქმის მაჩვენებელმა შეიძლება გარკვეული ნათელი მოჰფინოს მის კოლოსალურ ზომებს. ვულფისა და მისი ჯგუფის გაანგარიშებით, ამ შავ ხვრელს წელიწადში დაახლოებით 370 მზის მასა ემატება. ანუ, გამოდის, რომ დღეში მზეზე ოდნავ მეტი მასის მატერიას სანსლავს.

ამ შავი ხვრელის მასიდან გამომდინარე, ის ძალიან ახლოს არის ლიმიტთან, რომელსაც ედინგტონის ზღვარს უწოდებენ. ეს გახლავთ ის მაქსიმალური სტაბილური მაჩვენებელი, რომლითაც შავ ხვრელს „კვება“ შეუძლია. შავმა ხვრელმა შეიძლება მოკლე პერიოდში გაიაროს სუპერ-ედინგტონის აკრეცია, მაგრამ ამ მაჩვენებლებზე, მატერია იმდენად ძლიერ კაშკაშს იწყებს, რომ რადიაციის წნევა შავი ხვრელის გარშემო მატერიას იქამდე გადასწევს, ვიდრე ის მის გრავიტაციულ წვდომას არ გასცდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკა J0529-4351-ის ცენტრალური შავი ხვრელი იმდენად სწრაფად იზრდება, რამდენადაც კი ეს შეუძლია. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრ კვაზარ გალაქტიკაშია ედინგტონის ზღვართან ახლოს მყოფი შავი ხვრელი. თუმცა, J0529-4351 მათ შორის გამორჩეულია — არის ყველაზე კაშკაშა და ხარბი სუპერმასიური შავი ხვრელი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

„სიკაშკაშის და ალბათ ზრდის მაჩვენებლის თვალსაზრისით, J0529-4351 არის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე კაშკაშა კვაზარი“, — წერენ მკვლევრები.

J0529-4351-ის შესახებ ჯერ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. უცნობია მისი ასეთი მასიური აკრეციის მექანიზმი; ჩილეში მდებარე ტელესკოპ ALMA-ს მონაცემებით შეიძლება გავიგოთ, როგორ მოძრაობს გაზი გალაქტიკაში და როგორ ბრუნავს ეს გალაქტიკა. მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ სივრცე-დროის ასეთ შორეულ მისადგომებში დამალულ სხვა ექსტრემალურ კვაზარებსაც იპოვის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ასტრონომებმა ყველაზე კაშკაშა კვაზარი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ყველაზე კაშკაშა და რეკორდულად სწრაფად მზარდი ობიექტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს კვაზარში J0529-4351-ია, რომელიც ფერმწერის თანავერსკვლავედში მდებარეობს.მას კვებავს შავი ხვრელი, რომლის მასაც მზისას 17 მილიარდჯერ აღემატება. მატერია, რომელსაც შავი ხვრელი იზიდავს, ძალიან ბევრ ენერგიას ასხივებს, რაც კვაზარს ჩვენს მზეზე 500 ტრილიონჯერ უფრო კაშკაშას ხდის.

პირველად J0529-4351 ჯერ კიდევ 1980 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ის კვაზარად მხოლოდ 2023 წელს აღიარებს და მრავალი წლის განმავლობაში ობიექტი პრაქტიკულად შეუსწავლელი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ადგილმდებარეობაა. კვაზარი ჩვენი პლანეტიდან 12 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზეა განლაგებული. ამასთან, ის არც ხილვად რადიოტალღებს ასხივებს, მისი სიკაშკაშის გამო კი ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ ირმის ნახტომის ერთ-ერთ ვარსკვლავს უყურებდნენ.

უახლოეს მომავალში მეცნიერები შავი ხვრელის მასის გაზომვარს და მისი ბრუნვის ტრაექტორიის შესწავლას გეგმავენ. ამის მეშვეობით ისინი შავი ხვრელების მასასა და ნათების სიკაშკაშეს შორის კავშირს დაადგენენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე ზონდთან კავშირი აღადგინა

იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ JAXA განაცხადა, რომ მისი მთვარის ზონდი SLIM, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე დაეშვა, ამუშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

„გასულ საღამოს კავშირი მოდულთან SLIM აღდგა, ვაგრძელებთ მუშაობას“, – ასეთი განცხადება გამოქვეყნდა JAXA-ს ანგარიშზე სოციალურ ქსელში X.

სააგენტოს ცნობით, კავშირის აღდგენის შემდეგ, სპეციალისტებმა მთვარის ზედაპირის შესწავლა დაიწყეს.
SLIM-ი მთვარის ზედაპირზე 19 იანვარს დაეშვა, თუმცა მას პრობლემები შეექმნა. იმის გამო, რომ მოდული ცხვირით მთვარის გრუნტში მოხვდა, მის ბატარეებს მზის სხივები ვერ ხვდებოდა. 3 საათის შემდეგ სპეციალისტებმა ის გამორთეს და მხოლოდ მაშინ ჩართეს, როდესაც ბატარეებს მზის სხივები ისევ მოხვდა.

იაპონია მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირზე აპარატის დასმა მოახერხა. მანამდე ეს მოახერხეს: საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა, ჩინეთმა და ინდოეთმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული ახალი ფოტოები გამოქვეყნდა

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ ახალი ფოტოები გადაიღო, რომლებზეც 19 სპირალური გალაქტიკაა აღბეჭდილი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გალაქტიკები ირმის ნახტომის მახლობლად მდებარეობს. ფოტოებზე დაახლოებით 100 ათასი ვარსკვლავთგროვა და მილიონობით, შესაძლოა მილიარდობით ცალკეული ვარსკვლავია ასახული.

„ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, რადგან ვარსკვლავთა ფორმირების ყველაზე ადრეულ ფაზაზე ახალ ხედვას გვთავაზობს“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტრონომმა ტომას უილიამსმა, რომელიც „ვებისგან“ მიღებული მონაცემების დამუშავებაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ მარსზე ტბის კვალი აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალმა Perseverance მარსზე ტბის კვალი აღმოაჩინა. შესაბამისი კვლევის შედეგები ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.

კალიფორნიისა და ოსლოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, დაასკვნეს, რომ მარსმავალის მიერ შეგროვილი მონაცემები ადასტურებს, რომ ეზეროს კრატერში ადრე წყალი იყო.

მარსმავალი წითელ პლანეტას რადარის RIMFAX მეშვეობით იკვლევდა, რის შედეგადაც მეცნიერებმა მარსის ერთი მონაკვეთის 20 მეტრის სიღრმის ორგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს. ფოტოებზე აღბეჭდილი ქანის ფენები მიუთითებს იმაზე, რომ კრატერში ადრე წყალი იყო. მეცნიერების ვარაუდით, ეს დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ მოხდა.

ახალი კვლევა ადასტურებს მეცნიერების ვარაუდს იმის შესახებ, რომ წარსულში მარსის ნაწილები წყლით იყო დაფარული, რომელშიც მიკრობები ბინადრობდნენ.

Perseverance-ი მარსის ზედაპირზე 2021 წლის თებერვალში დაეშვა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოჩენილია ლავის ოკეანით დაფარული პლანეტა, რომელიც ძლიერ ჰგავს ახალგაზრდა დედამიწას

ჩვენგან 73 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილი ეგზოპლანეტა არაჩვეულებრივ შანსს გვაძლევს, რათა თვალი შევავლოთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ახალშობილი დედამიწა, თუკი მზესთან ისიც ასე ახლო ორბიტაზე მოძრაობდა.

ამ ახლად დაბადებულ პლანეტას HD 63433 d უწოდეს და დედამიწაზე ოდნავ დიდია, გარს უვლის მზის მსგავს ვარსკვლავს. წარმოადგენს ჩვენ მიერ 500 მილიონზე ნაკლები ასაკის პლანეტათა შორის ყველაზე პატარას, რომელიც იშვიათ ფანჯარას გვთავაზობს დედამიწის მსგავს, მაგრამ არა ბოლომდე მისნაირი პლანეტების ფორმაციაში.

დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს. დედამიწის მსგავს პლანეტათა წარმოქმნისა და განვითარების განსხვავებული გზების შესწავლა, განსაკუთრებით კი მზის მსგავს ვარსკვლავებთან, მეცნიერებს იმ ინგრედიენტთა გარკვევაში ეხმარება, რომლებმაც სიცოცხლეს აღმოცენების საშუალება შეიძლება მისცეს სამყაროში სადმე.

HD 63433 დედამიწას თან ძალიან ჰგავს და თან ძლიერ განსხვავდება, რის გამოც, შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. დედამიწისგან ის საკმაოდ ამაღელვებელი, ექსტრემალური მახასიათებლებით განსხვავდება.

„გამოსადეგი პლანეტაა, რადგან შეიძლება ადრეულ დედამიწას ჰგავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავთან ძალიან ახლო ორბიტაზე მოძრაობს, შეგვიძლია მივყვეთ მონაცემებს, რათა ვიპოვოთ აირების გადინებისა და ატმოსფერული დანაკარგების მტკიცებულება, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კლდოვან პლანეტათა ჩამოყალიბების შესახებ წარმოდგენის შექმნაში. თუმცა, მსგავსებები სწორედ აქ მთავრდება და თანაც, დრამატულად“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მელინდა სოარეს-ფურტადო, რომელიც კვლევას ფლორიდის უნივერსიტეტის ასტრონომ ბენჟამინ კაპოსტრანტთან ერთად ავტორობს.

ეგზოპლანეტა NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის, TESS-ის გამოყენებით აღმოაჩინეს. ეს ტელესკოპი ვარსკვლავებს აკვირდება და მათ სინათლეში მცირე, რეგულარულ ჩაბნელებებს ეძებს, რაც მათ გარშემო ეგზოპლანეტების მოძრაობის ნიშანია. ვარსკვლავის სინათლეზე ეგზოპლანეტის სხვადასხვა ეფექტების გაზომვის შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ გამოთვალონ პლანეტის ზომა და მასა.

HD 63433 ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც ზომით, მასითა და ტემპერატურით ძლიერ ჰგავს ჩვენს მზეს. თუმცა, ის გაცილებით ახალგაზრდაა, სულ რაღაც 400 მილიონი წლის, მაშინ, როცა ჩვენი მზის ასაკი 4,5 მილიარდი წელია. ვარსკვლავური თვალსაზრისით, HD 63433 ჯერ ჩვილია; ასეთია მის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტებიც. სხვათა შორის, იქ უკვე სამი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი — HD 63433 d და ორი მინინეპტუნი, რომლებიც 2020 წელს იპოვეს.

ტრანზიტული მონაცემები, ანუ ორბიტაზე მოძრავი ობიექტით გამოწვეული ჩაბნელებები — აჩვენებს, რომ HD 63433-ს დედამიწაზე 1,1-ჯერ დიდი რადიუსი აქვს. მისი მასა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ასეთი ფიზიკური ზომა ძლიერ მიუთითებს კლდოვან შემადგენლობაზე, რომ ის დედამიწის, მარსისა და ვენერას მსგავსად კლდოვანი პლანეტა უნდა იყოს.

ეგზოპლანეტა ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს მოძრაობს, ყოველ 4,2 დღეში ერთხელ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის და თავის ვარსკვლავი ერთმანეთთან ძლიერ ახლოს არიან, იმდენად ახლოს, რომ HD 63433 d სავარაუდოდ მოქცევით (გრავიტაციულად) ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით. ვინაიდან ერთი მხარე მუდმივად უნდა იღებდეს ვარსკვლავის სითბოს, მის ზედაპირზე გამდნარი ქანების ზღვა უნდა იდგეს და იქ ტემპერატურა 1297 გრადუს ცელსიუსს აღწევდეს.

სავარაუდოდ, იქ ლავის უზარმაზარი ოკეანეა.

რა თქმა უნდა, დედამიწა არასოდეს ყოფილა მზესთან ასე ახლოს, მაგრამ ერთ დროს, მისი ტემპერატურა შეიძლება 2000 გრადუსამდე გაზრდილიყო, მარსის ზომის პლანეტასთან შეჯახების შემდეგ, რის შედეგადაც მთვარე წარმოიქმნა.

HD 63433 d-ის შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით; ჯგუფს იმედი აქვს, რომ შემდეგ კვლევებში მის შესახებ უფრო მეტს გაარკვევენ, მათ შორის, მასას. ამის საფუძველზე კი მეცნიერები გამოთვლიან სიმკვრივეს, რაც გვეტყვის, რისგან შედგება ეგზოპლანეტა. შეიძლება მისი ატმოსფეროს შემადგენლობის განსაზღვრაც კი შეძლონ.

HD 63433 d დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ეგზოპლანეტაა, რომელსაც აქვს მისი მსგავსი რადიუსი და ახალგაზრდა ვარსკვლავთან მოძრაობს. ამ პლანეტამ ნამდვილად ბევრი რამ შეიძლება გვასწავლოს.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის ზედაპირის ქვეშ ყინულის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა Mars Express მარსის ეკვატორის მიმდებარედ, ზედაპირის ქვეშ, დიდძალ ყინულს მიაგნო, რომელიც თხევად მდგომარეობაში 1.5-1.7 მეტრი სიღრმის ოკეანის წარმოსაქმნელად საკმარისია. მართალია, ამ რეგიონში ყინული აქამდეც გამოუვლენიათ, თუმცა ასეთი რაოდენობის — არა.

ზონდმა წითელი პლანეტის ორბიტიდან სწორედ ყინულის შესაბამისი კვალი დააფიქსირა, ისეთი, როგორიც მარსის პოლარულ ყინულოვან საფარებს ახასიათებს. ეკვატორზე ამ გრუნტქვეშა მასის სისქე დაახლოებით 3.7 კილომეტრია. ის გამყარებული მტვრისა და ფერფლის ქერქითაა დაფარული, რომელიც ათასობით მეტრზე ვრცელდება. უნდა ითქვას, რომ თავად ყინულიც მტვრითაა “დაბინძურებული” და ასეთი სიღრმის გამო მისი მოპოვება ძნელი იქნება.

ფოტო: CReSIS/KU/Smithsonian Institution

15 წლის წინ Mars Express-მა Medusae Fossae Formation-ის სახელით ცნობილი გეოლოგიური ფორმაციის მიმდებარედ უცნობი შემადგენლობის დანალექი დააფიქსირა. ეს ტერიტორია ბოლო 3 მილიარდ წელში ლავისაგან უნდა გაჩენილიყო და ვულკანურ მტვერს დაეფარა. დღეს მის თავზე მტვრის რამდენიმეკილომეტრიანი გროვებია, მაგრამ მხოლოდ ეს მატერია ავსებდა ამ ღრმა ხეობას, რომელიც მარსის ჩრდილოეთ მთიანეთისა და სამხრეთ დაბლობის შუაშია განლაგებული?

ზონდის ხელსაწყოს MARSIS მონაცემებით, ამ არეალში არსებული დანალექი ნაკლებად მკვრივია, ასევე გამჭვირვალეა, რაც სწორედ ყინულზე მიანიშნებს. თანაც, იქ რომ მხოლოდ მტვერი იყოს, საკუთარი მძიმე წონის გავლენით “დაიპრესებოდა” და ძალიან დიდ სიმკვრივეს მიაღწევდა. საინტერესო ისაა, როგორ აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ეკვატორის სიღრმეში ამ რაოდენობის ყინული.

გეოლოგიური ფორმაციის Medusae Fossae Formation ნაწილი.

ფოტო: Caltech/JPL Global CTX Mosaic of Mars/Smithsonian Institution

მარსის ეკვატორსა და მის მიმდებარე განედებზე სხვადასხვა მისიის ფარგლებში ყინულს არაერთხელ მიაგნეს. ეს მიუთითებს, რომ იქ ძველად აბსოლუტურად სხვანაირი კლიმატი იყო. შესაძლოა, ყინულის დალექვას პლანეტის ღერძის ცვალებადობასთან ჰქონდეს კავშირი. ახლა მისი დახრილობა 25 გრადუსია, მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი 10-დან 60 გრადუსამდე მერყეობდა. შედეგად, პოლუსები მზისკენ იყო მიბრუნებული, რაც ეკვატორის ზედაპირზე დიდი რაოდენობით ყინულის გაჩენას შეუწყობდა ხელს. ამ მარაგს მოგვიანებით მტვერი და ფერფლი დაფარავდა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Lettersგამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოაჩინეს პლანეტის ზომის ობიექტები, რომლებიც უცნაურ რადიოსიგნალებს ასხივებენ

მას შემდეგ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ზომის ათობით უცნაური ობიექტი აღმოაჩინა, მექსიკელმა ასტრონომებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ რა სიგნალს ასხივებენ ისინი.

ცნობისთვის, ობიექტები ვარსკვლავების გარშემო არ ბრუნავენ და ამან მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ეს ყველაფერი შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონომთა ჯგუფმა გამოქვეყნა სტატია, რომელშიც იუპიტერის მასის მქონე ობიექტებზე წერდნენ. მათ ობიექტებს JuMBO უწოდეს. ეს ობიექტები, რომლებიც ვების ტელესკოპის ინფრაწითელი შესაძლებლობების გამოყენებით აღმოაჩინეს, როგორც ჩანს, ორიონის ნისლეულში წყვილ-წყვილად მოძრაობენ.

Live Science-თან ინტერვიუში, მექსიკელმა ასტროფიზიკოსმა ლუის როდრიგესმა თქვა, რომ JuMBO-ების აღმოჩენის შემდეგ, სურდათ ენახათ, გამოსცემდნენ თუ არა ეს უჩვეულო ობიექტები რადიოტალღებს. შესაბამისად, მათ დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი წყვილი — სახელად JuMBO 24 — მართლაც გამოსცემდა სიგნალს.

თავად JuMBO-ები უკვე საკმარისად უცნაური ობიექტებია, თუმცა ეს ახლად აღმოჩენილი წყვილი კიდევ უფრო უცნაურია. როგორც The Astrophysics Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია ახსნილი, ეს ობიექტები ყველა სხვა წყვილზე მძიმეა და მათ შორის სივრცე ძალიან მჭიდროა.

უცნაური სიგნალი

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, როდრიგესმა განაცხადა, რომ რადიო ემისიები დაკავშირებულია JuMBO 24-თან. ეს არ არის ისეთი სპირალური ტალღები, რომლებსაც პლანეტები ჩვეულებრივ გამოსცემენ. ტალღები არის სტაბილური, რაც თავისთავად უცნაურია, რადგან რადიოტალღები სხვა მსგავსი ობიექტებიდან, იქნება ეს ყავისფერი ჯუჯები, პლანეტები თუ პულსარები, ზოგადად ბევრად უფრო ცვალებადია.

ეს ფაქტორი ტალღების ზუსტი წარმოშობის დადგენას ართულებს. თუმცა, მკვლევრები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ემისიები სწორედ JuMBO 24-დან მოდის.

მექსიკელმა ასტროფიზიკოსმა ისიც განმარტა, რომ ემისია უცხო ცივილიზაციასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ გამოსხივება ორი ობიექტისგან მოდის და ეს ბუნებრივ მექანიზმთან ნაკლებადაა დაკავშირებული.

ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული მრავალი სხვა აღმოჩენის მსგავსად, JuMBO 24-ის ტალღები გაცილებით მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ, რათა გაიგონ თუ რასთან გვაქვს საქმე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის გაშვება 1 წლით გადადო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის Artemis II-ს გაშვება 2025 წლის სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს,

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები გახდა. ამასთან, ასევე 1 წლით გადაიდო შემდეგი მისია Artemis III-ც, რომლის ფარგლებში 50-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, მთვარეზე ადამიანები უნდა დაესვათ.

ორივე მისია მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ მოდული „პერეგრინი“, რომელიც მთვარისკენ გაუშვეს, საწვავის დაკარგვის გამო თავის მისიას ვერ ასრულებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური ბეჭდისებრი სტრუქტურა აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური ბეჭდისებრი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც გალაქტიკების გროვებისგან შედგება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასტრონომებმა მას „დიდი ბეჭედი“ დაარქვეს. მათი თქმით, ბეჭედი იმდენად დიდია, რომ სამყაროს ჩვეულ აღქმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სტრუქტურის დიამეტრი 1,2 მილიარდი სინათლის წელიწადია და ის დედამიწიდან 9 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი პლანეტიდან მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია.

აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ პრინციპის თანახმად, მატერია სამყაროში თანაბრად არის განაწილებული, ამიტომ „დიდი ბეჭდის“ მსგავსი მსხვილი სტრუქტურები უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

თუმცა, მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. ყველაზე დიდი მათ შორის გალაქტიკების სუპერკლასტერი „ჰერკულეს-კორონა-ბორეალისის დიდი კედელია“, რომლის სიგანეც 10 მილიარდ სინათლის წელიწადს შეადგენს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 58
Page 6 of 58