close

ბიზნესი

ბიზნესისაქართველო

Europebet გარე რეკლამას აღარ განათავსებს და სატელევიზიო და „ონლაინ“ კომუნიკაციას შეცვლის – პასუხისმგებლიანი თამაში

კომპანია “ევროპაბეთი” უარს ამბობს გარე რეკლამაზე, სააათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ასევე ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად გაითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას.

2019 წლიდან „ევროპაბეთი“, ეტაპობრივად, აღარ გამოიყენებს ისეთ კომუნიკაციას, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. შესაბამისად, თბილისში გარე რეკლამების მოხსნა უკვე დაიწყო. დაზოგილ თანხებს კომპანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისკენ მიმართავს.

“პასუხისმგებლიანი თამაში” 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: პასუხისმგებლობა ბიზნეს პროცესებში, პასუხისმგებლობა მარკეტინგულ კომუნიკაციებში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.

ს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც „ევროპაბეთმა“ თავისი საქმიანობის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.

2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალი სტანდარტის დანერგვის საწყისი გახდება. ესენია:

  • რეალობის შემოწმების შეტყობინება
  • თვითშეფასების ტესტი
  • მოთამაშის რჩევები
  • მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7
  • პრობლემური მოთამაშეების თერაპია
  • გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია

ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას განცხადებით, საქართველოს სათამაშო ბიზნესი არის განვითარებადი და საჭიროებს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას.

“ევროპაბეთმა კომუნიკაციის ნაწილში პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით შარშან გადადგა, როდესაც გავაკეთეთ კამპანია “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის”, რისთვისაც ბრენდ ამბასადორად მოწვეული გვყავდა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. ჩვენი დღევანდელი ინიციატივა სწორედ იმ ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი, მისი მიზანია უკეთესი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესიც და საზოგადოებაც ჰარმონიაში იქნებიან ერთმანეთთან,” – ამბობს ლაშა გოგუა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რაში გვეხმარება ჩვენი ემოციების მართვა

ემოციური ინტელექტი არის უნარი გაიგო და მართო საკუთარი და სხვისი ემოციები. ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს ცხოვრებისეული მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ესმით ურთიერთობების ხელოვნება, სოციალური პერსპექტივები უფრო მეტად, ვიდრე დაბალი ემოციური ინტელექტის მქონეთ. შესაბამისად, მათი ცხოვრებისეული ხარისხი მეტად მაღალია. ემოციური ინტელექტი ეხმარება ადამიანებს მეტად გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს.

  • ხართ პოზიტიური – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ფოკუსირებას არ ახდენენ პრობლემებზე. ისინი არ უარყოფენ ნეგატივს, მაგრამ ცდილობენ პრობლემა მოაგვარონ.
  • ცდილობეთ ცხოვრება გახადოთ მხიარული – თუკი მარტივად ბრაზდებით, გწყინთ, გიფუჭდებათ განწყობილება, თქვენი ემოციური მდგომარეობა სხვებზეა დამოკიდებული, მაშინ თქვენ საერთოდ ვერ მართავთ საკუთარ ცხოვრებას. ეს დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია.
  • არ უფრთხით ცვლილებებს – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები არ უფრთხიან ცვლილებებს, პირიქით ელოდებიან და სიხარულით ხვდებიან, რადგან იციან, რომ ეს არის განვითარების ერთადერთი საშუალება.
  • გაინტერესებთ ადამიანები – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები დაინტერესებულები არიან სხვა ადამიანებით, აქვთ თანაგრძნობის უნარი. შესაბამისად ურთიერთობებსაც უკეთესად ამყარებენ გარშემომყოფებთან.
  • არ ისწრაფვით სრულყოფილებისაკენ – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არც ისწრაფიან მისკენ. ისინი წარმატებას ნაბიჯებად ყოფენ და თითოეული მიღწევით ტკბებიან. არასოდეს ავიწყდებათ, რომ ყველაფერი იმისთვის სჭირდებათ რომ ბედნიერი იყვნენ, ამიტომ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ბედნიერებაა.

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

ქარელის ხილ-ბოსტნეულის შემნახველი საწარმო პროდუქციას აშშ-ში გაიტანს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში 2018 წლიდან, ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო მოქმედებს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5,000,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22000. პროდუქციის რეალიზაცია დაგეგმილია საექსპორტო ბაზარზე. წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა; მომავალ წელს რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება.

ამასთანავე, კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს. ექსპორტზე გასატანად პროდუქციის მომზადების პროცესს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„სახელმწიფოს მხრიდან აგრარული დარგის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი ხორციელდება. სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ხელშესახები შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. შპს „გლენბერი“ მრავალ წარმატებულ ბენეფიციარს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნა და დღეს უკვე ქართული პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს“, – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 212 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა-ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო შეიქმნა.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ქართული კომპანია „Insource“ ოთხდღიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

ქართული საკონსულტაციო კომპანია „Insource“ ოთხდღიან სამუშაო რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

“გადავწყვიტეთ, დანიამ და „მაიკროსოფტმა“ რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი!
რა თქმა უნდა, დანიას და „მაიკროსოფტს“ სხვა რამეებშიც რომ მივბაძოთ. ძალიან გვინდა, მაგრამ უკვე მიმდინარე კვირიდან, პარასკევი უქმე დღეა ინსორსში!

დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პროდუქტიულობაც გაიზრდება, შედეგებიც გაუმჯობესდება და “სამსახურეობრივი ბედნიერების” მაჩვენებელიც მოგვეწონება.

დავგეგმეთ როგორ დავასრულოთ სამუშაოები ხუთშაბათს და ველით ინტერესით ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგს!

ვინ იქნება შემდეგი – არ ვიცით, შედეგებს გაგიზიარებთ და თქვენც მოგვყევით !

წარმატებებს გისურვებთ და ამ საინტერესო ექსპერიმენტის სურვილი თქვენც გადმოგედოთ”, – წერია პოსტში.

ცნობისთვის: „ინსორსი“ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ის ეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს ლიდერების მოძიებასა და ხალხის ეფექტურად მართვაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

დედოფლისწყაროში დაფასოებული მწვადისა და ლორის წარმოება დაიწყეს

კომპანია “ნაციონალურმა დელიკატესმა” დედოფლისწყაროში დაფასოებული მწვადისა და ლორის წარმოება დაიწყო. როგორც Bm.ge-ს კომპანიის დირექტრომა ოთარ სიმონიშვილმა განუცხადა, პროდუქტი სრულიად ნატურალურია და მისი შეძენა საქართველოში – გუდვილში, ფრესკოსა და ნიკორას ქსელებშია შესაძლებელი.

“კომპანია “ნაციონალური დელიკატესის” მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს… ეს არ არის ნახევარფაბრიკატი, ეს არის მზა საკვები”, – აცხადებს სიმონიშვილი.

მისივე განცხადებით, პროდუქტს შენახვის ორწლიანი ვადა აქვს.

ამ ეტაპზე კომპანია ბაზარს სთავაზობს შემდეგია: ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპ–ხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით .

ცნობისთვის, კომპანია “ნაციონალური დელიკატესი” უკვე ორი წელია ქართულ ჯარსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მშრალი ულუფის პროდუქციით ამარაგებს. კომპანიას ასევე აქვს 8 სახეობის დაფასოებული პროდუქტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

„ბარბარესთან“ მსოფლიოს Top 50 აღმოჩენათა შორის მოხვდა

რესტორანი „ბარბარესთან“, მსოფლიოს 50 საუკეთესო აღმოჩენათა სიაში მოხვდა – გამოცემა The World’s 50 Best Restaurants წერს, რომ ეს ტრადიციული საოჯახო რესტორანია, სადაც კერძებს, მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის ბარბარე ჯორჯაძის ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.

„ [რესტორანში] „ბარბარესთან“ ნამდვილად გაქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ დავიწყებული მაგრამ ავთენტური ქართული სამზარეულო, რომელიც შერწყმულია იმ პერიოდის ინტერიერთან. აქ ნახავთ ლამპის აბაჟურებს, მაქმანებიან სუფრებს და ვინტაჟურ ჭურჭელს. „ბარბარესთან“ გაქვთ საშუალება გასინჯოთ კურდღლის ხვეულები, გოგრის ღვეზელები და ალუბლის სუპი, პიტნით. და ეს ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი ინგრედიენტებით მზადდება. რესტორანში არის ქვევრის, ტრადიციული ქართული ღვინის ფართო არჩევანი“, – წერს გამოცემა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

იაპონიაში Microsoft-ის ოფისი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

Microsoft-ის იაპონური ოფისი ექსპერიმენტის ფარგლებში ერთი თვით 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ეს დადებითად აისახა არა მხოლოდ თანამშრომლებზე, არამედ კომპანიის შედეგებზეც. ამის შესახებ CNBC-ი იუწყება.

ექსპერიმენტი აგვისტოში ჩატარდა: 2300 თანამშრომელს დამატებითი დასვენების დღედ პარასკევი მისცეს. ამასთან, მათ ხელფასი არ შეუმცირდათ და ზედმეტი დასვენების დღე არც შვებულებაზე აისახა.

საბოლოოდ, 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, პროდუქტიულობა თითქმის 40%-ით გაიზარდა. ამასთან, კომპანიამ ელექტროენერგია და ქაღალდი დაზოგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართული სტარტაპის დიდი წარმატება – $1.2 მილიონი Pulsar AI-ს სილიკონის ველის ინვესტორებისგან

Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც 1,2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა “სილიკონის ველის” ინვესტორებისგან, რაც მას ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. დაფინანსების რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართული სტარტაპის ინვესტორები არიან ისეთი ცნობილი ე.წ. „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული ფონდები, როგორიცაა: Ridge Ventures, Great Oaks VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Ten Eighty Capital, და სხვა.

Pulsar AI – ი  2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. უკვე 1 წელიწადში, ისინი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცნენ საქართველოში.

ისინი ადგილობრივი ბაზრისთვის ქმნიდნენ ტექნოლოგიებს, რომელიც მანამდე არ არსებობდა; განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. Pulsar AI-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ნიუ-იორკელი ქართველის კომპანია საქართველოში, რომელიც 1000-მდე მძღოლის დასაქმებას გეგმავს

საქართველოში ტექნოლოგიური პლატფორმა „აქსელი“ დაფუძნდა. ახალი კომპანია ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა რიჩარდ ყურაშვილმა დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.

ახალ პლატფორმაზე BMG ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.

მისი განმარტებით, „აქსელი“ ტაქსის გამოძახების ჩვეულებრივი კომპანიაა, ოღონდ, უფრო ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებით.

„სერვისი ტექნიკურად უკვე გამართულია, ამ ეტაპზე დიზაინზე მუშაობენ, თვის ბოლოს კი ის ფუნქციონირებას დაიწყებს“, – განმარტავს აგლაძე.

ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “აქსელის“ აპლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

„მძღოლების მოზიდვას ვაპირებთ გადახდების მოქნილი სისტემით“, – აღნიშნავს აგლაძე გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში და დასძენს, რომ სატარიფო პოლიტიკა იქნება ინოვაციური და კონკურენტუნარიანი, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით. პირველ რიგში ის დაიწყებს გამოძახების სერვისზე მუშაობას. ამის მერე დაემატება ეტაპები და ჩაშენდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ღირსშესანიშნაობების ნახვა, საუკეთესო რესტორნებთან და კულტურულ პროგრამებთან წვდომა. ეს დამუშავების პროცესშია“,- ამბობს ზურაბ აგლაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა ვისწავლე  PR-ზე სტივ ჯობსისგან ,,ეფლში” 10-წლიანი მუშაობის შემდეგ?

,,ეფლისთვის” მუშაობა თავდაპირველად 1997 წელს, სიდნეიში მდებარე მის კონტრაქტორ PRსააგენტოში, ,,პორტერ ნოველიში” დავიწყე. სტივ ჯობსი ის-ის იყო დაბრუნებულიყო კომპანიაში და უცნაური დასახელების კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები და საინტერესო, თუმცა ჯერ კიდევ გამოსაგონებელი პერსონალური ციფრული ასისტენტი სახელად – „ნიუტონი“, პროდუქციის ხაზში დიდ ქაოსს ქმნიდა.

,,ეფლს” მძიმე პერსპექტივა ჰქონდა – მედიაკომპანიის აწმყოს წარსულის გადმონაშთად აფასებდა. მუდმივად ერთი და იმავე პათოსით გაჯერებული სტატიები  იბეჭდებოდა – „ძირამდე გამომპალი“, „ეფლში დიდი წმენდაა დაგეგმილი“ და „ეფლის გადარჩენის 101 გზა“.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომავალი 10 წლის უდიდესი კორპორაციული გადატრიალების ისტორიის ნაწილი გავხდებოდი. სიდნეიდან სინგაპურში გადავედი, სადაც ,,ეფლი”ს თანამშრომელი გავხდი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური კომუნიკაციების ხელმძღვანელობა ვიკისრე. საბოლოოდ, კალიფორნიაში, ,,ეფლის” მთავარ ოფისში დავფუძნდი, სადაც კომპანიის პროდუქციის PRგუნდს შევუერთდი.

ამ პერიოდის განმავლობაში ,,ეფლმა” დაამტკიცა, რომ ცინიკოსები ცდებოდნენ და მსოფლიო თავისი ყოვლისშემძვრელი ინოვაციებით, მარკეტინგის შედევრებით და დინების საწინააღმდეგო მიდგომით გააოგნა. მის წარმატებაში საზოგადოებასთან ურთერთობა უდიდეს როლს თამაშობდა. წარმოგიდგენთ ხუთ გაკვეთილს იმ დროდან, რომელმაც ჩემს კომუნიკაციებში მუშაობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა:

სიმარტივე: თუ ეფლის ნებისმიერ პრესრელიზის კითხვის დონის ტესტს ჩაატარებთ, ნახავთ, რომ ყველაფერი მეოთხე კლასელი ბავშვისთვისაც კი გასაგებ ენაზე წერია. რედაქტირებისას ტექსტიდან ნებისმიერი სახის ჟარგონს, კლიშესა თუ ტექნიკურ ტერმინს ვიღებდით. თუ ჩვენი ენა „უბრალო მოკვდავისთვის“ გაუგებარი იქნებოდა, ესე იგი, წარუმატებლად გვიმუშავია. კრახი კი დაუშვებელი იყო. სტივ ჯობსი ყოველ პრესრელიზს პირადად კითხულობდა და ამტკიცებდა.

თქვენს საკომუნიკაციო მასალას კითხვის ტესტი ჩაუტარეთ და 1-დან 100-მდე შკალაზე შეაფასეთ, თუ რამდენად რთულ ენას იყენებთ (ამგვარი ტესტით ინგლისურენოვანი ტექსტებისთვის შეგიძლიათ ამ უფასო ვებგვერდებზე ისარგებლოთ: Word Count Tools დაReadability Score). კარგი იქნება, თუ შეფასების შედეგად თქვენი კონტენტი 80-89 ქულას მიიღებს და 11 წლის ბავშვისთვისაც იქნება გასაგები. რაც უფრო მარტივია თქვენი კომუნიკაცია, მით მეტი მოცვა გექნებათ.

დააფასეთ რეპორტიორების დრო. პრესრელიზებსა და ღონისძიებებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და ეტაპებისთვის ვმართავდით. უამრავი პროდუქტი, პროგრამული განახლება და სხვა მნიშნველოვანი ცვლილება მცირე PR ძალისხმევით მიმდინარეობდა. ამგვარი სტრატეგია ჩვენი შიდა კლიენტების იმედგაცრუების მიზეზი იყო. თუმცა, ამ მიდგომის წყალობით ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მხოლოდ ღირებული ამბით ვუკავშირდებოდით.

ჟურნალისტებს მოზომილად და მხოლოდ საუკეთესო ამბით დაუკავშირდით. პრესრელიზებს მასობრივად ნუ გაავრცელებთ. კარგად გამოიკვლიეთ, თუ რა საკითხები აინტერესებს კონტრეტულ რეპორტიორს და თემები მისი ინტერესების შესაბამისად მიაწოდეთ.

ჩაერთეთ. სანამ რომელიმე ჟურნალისტს ტოპმენეჯმენტთან ინტერვიუს უფლებას მივცემდით ან პროდუქტის მიმოხილვას ვთხოვდით, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ყოველ ჟურნალისტსა თუ ანალიტიკოსს პროდუქტზე სრული წარმოდგენა შექმნოდა. დაწვრილებით ვუყვებოდით, თუ რატომ შევქმენით ასეთი დიზაინის ღილაკი, ან რატომ გადავწყვიტეთ პორტის უკან გადატანა და ისეთ ფუნქციებზეც მივუთითებდით, რომლებიც ჩვენი დახმარების გარეშე შესაძლოა ვერ შეენიშნათ. ინტერვიუს შემდეგ აუცილებლად ვამოწმებდით, ხომ არ ჰქონდათ დამატებითი კითხვები და სტატიის ფორმასაც ვადევნებდით თვალ-ყურს. საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის მარკეტინგის ან ტექნიკური მხარდაჭერის გუნდთან 24-საათიანი კავშირით ვუზრუნველყოფდით. თუ სტატია ჩვენი მესიჯისგან განსხვავებული მიმართულებით ვითარდებოდა, ყველა ღონეს ვხმარობდით მისი კურსის შესასწორებლად.

როგორც კი ჟურნალისტის ინტერესს დაიმსახურებთ, ბეჯითად მიჰყევით, თუმცა ნუ გადააჭარბებთ. თუ თქვენი პროდუქტის მიმოხილვას აკეთებენ, შესთავაზეთ პირადად გაუკეთოთ მისი მოკლე დემონსტრაცია. თუ თქვენს სერვისზე წერენ, მომხმარებლის მიმოხილვა ან სფეროს რეკომენდაციები მიაწოდეთ. ჰკითხეთ, ხომ არ სჭირდებათ დამატებითი ფოტოები ან გამოსახულებები. ხვდებიან თუ არა, რით არის კონკურენტული თქვენი პროდუქტი?

ფოკუსირდით. ჩვენი მისია საზოგადოებისთვის იმის მოყოლა იყო, თუ როგორ უწყობდა ხელს ჩვენი ინოვაციები მომხმარებლებს კრეატიულობის გამოვლენის და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობას. ყოველდღიურად გვთხოვდნენ სპიკერებს, რომლებიც ინდუსტრიულ ტენდენციებზე, პოლიტიკაზე, პერსონალსა, თუ უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრებდნენ. თუ მოთხოვნა ჩვენს მისიასთან თანხვედრაში არ მოდიოდა, ზრდილობიან უარს ვეუბნებოდით. ეს იყო მიდგომა, რაც ჩვენი დროითი რესურსის ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარებოდა.

თქვენს სფეროში ექსპერტად ჩამოყალიბდით. განსაზღვრეთ თქვენი მთავარი გზავნილები და მათი ერთგული დარჩით. თქვენი სოციალური მედია თემასთან დაუკავშირებელი გზავნილებით არ გადატვირთოთ. თქვენი სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებსა და ინდუსტრიის ანალიტიკოსებს მუდმივად შესთავაზეთ დახმარება, მაშინაც კი, თუ ამას თქვენთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს.

პრიორიტეტებად დაალაგეთ მედიის ავტორიტეტები. გრძელი მედიასიით არასოდეს გვიხელმძღვანელია. ამის ნაცვლად, რეპორტიორების იმ მცირე ჯგუფზე ვფოკუსირდებოდით, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენი უსმენდა. ასეთ ჟურნალისტებს ექსკლუზიურ ინტერვიუებს და პროდუქტის პირველ ფოტოებს ვთავაზობდით. მცირე სია ჩვენს ჩართულობას ადვილად სამართავს ხდიდა. მედიის ავტორიტეტების მხრიდან პირველადი მოცვის შემდეგ, რეგიონალურ რეპორტიორებსა და სავაჭრო პუბლიკაციებზე ვმუშაობდით.

მეტიაქცენტი თქვენი სფეროს ხუთ-ათ მედია ავტორიტეტთან ახლო ურთიერთობის დამყარებაზე გადაიტანეთ. თუმცა, ნუ გადატვირთავთ. მათ სტატიებზე თქვენი კოლეგებისა და ინდუსტრიული პარტნიორების გამოხმაურება მიაწოდეთ. LinkedIn-სა და Facebook-ზე მათ მიმოხილვის დისკუსიაში ჩაერთეთ. თუ განხადების გაკეთებას აპირებთ, მისი ექსკლუზიური კუთხით გაშუქება შესთავაზეთ.

რაც მთავარია, პატივი ეცით თქვენს ბრენდს. ეს ,,ეფლში” ნასწავლი ყველაზე დიდი გაკვეთილია. ეს თქვენი ყველაზე დიდი აქტივია და უნდა დაიცვათ. სანამ პროდუქტს დღის სინათლეზე გაუშვებთ, კარგად აწონ-დაწონეთ. დაფიქრდით, თუ რომელ სხვა ბრენდებთან ასოცირდებით. თქვენს მიდგომაზე განსხვავებულად იფიქრეთ და მიზნად გროვიდან გამორჩევა დაისახეთ.

შესაძლოა ყველა PR გუნდს არ აქვს სხვადასხვა მოთხოვნებზე უარის თქმის და რეპორტიორების შერჩევის ფუფუნება, თუმცა ამ გაკვეთილებს დღესაც ვაფასებ. ეჭვგარეშეა, რომ ეფლის დრამატულ შემობრუნებასა და დღევანდელ წარმატებას სწორედ ამ მიდგომამ შეუწყო ხელი.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 59
Page 14 of 59