ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან მიმართებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი წერს.
როგორც ბახტაძემ განაცხადა, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა და ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.
„მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში, და ეს მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან მიმართებით. ის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები. გვჭირდება პრინციპულად და ხარისხობრივად ახალი წესები“, – განაცხადა ბახტაძემ.
სტატისტიკის სამსახურმა ლომბარდები დეტალურად ორჯერ – 2013 და 2017 წლებში გამოიკვლია. 2013 წელს რეგისტრირებული იყო 1031 ლომბარდი ანუ მათი რაოდენობა ოთხ წელიწადში 156-ით შემცირდა, თუმცა თითქმის გაორმაგდა ნასესხები ფულის მოცულობა – 209,9 მილიონიდან 405,8 მილიონამდე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”