27 წლის გიორგი კურტანიძე პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერია. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მიკროელექტრონიკის სპეციალობით დაამთავრა და საყვარელ საქმეს უკვე წლებია პროფესიონალურ დონეზე ემსახურება.
ბავშვობის ადრეული წლებიდანვე იყო დაინტერესებული ყველაფრით, რაშიც კი ელექტროსადენი შედიოდა.
მართალია კომპიუტერები ფუფუნებად მიიჩნეოდა იმ დროს, თუმცა მონდომებულ გიორგის ამის გამოც არ დაუხევია უკან. საათობის კითხულობდა ბიბლიოთეკაში მისთვის საინტერესო თემატიკაზე წიგნებს, მართალია თავიდან არაფერი ესმოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ წიგნებიდან მიღებულმა ინფორმაციამ დიდი როლი შეასრულა მის კარიერულ ჩამოყალიბებასა და ინტერესების განსაზღვრაში.
როგორც თვითონ ამბობს, თვითნასწავლი ინჟინერია, ძალიან უყვარს ახალი გამოწვევები და საკმაოდ ჯიუტია, რაც იმაში გამოიხატება, რომ არასდროს ნებდება წინაღმდეგობებს და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს.
უკვე 13 წელია, რაც საყვარელ საქმეს აკეთებს, საკუთარ სიტყვას ამბობს ქართულ ელექტროინჟინერიაში, მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში საკუთარი სპეციალობით და თავისუფალ დროს სხვადასხვა ტიპის შეკვეთებსაც ასრულებს, რაც მისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ ძალიან კარგი განტვირთვაცაა.
საქმიანობაში არსებულ წინააღმდეგობებსა და საკუთარ მიღწევებზე, გიორგი doctrina-ს ესაუბრა:
–გამომგონებლობით და მეცნიერული საქმიანობით როდის დაინტერესდით და რამ განაპირობა ეს დაინტერესება?
-სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში სიტყვა გამოგონების მნიშვნელობა, ვფიქრობ, არასწორად ესმით, რადგან ძალიან ბევრ ისეთ მოწყობილობას მიანიჭეს გამოგონების სტატუსი, რაც უკვე არსებობს მსოფლიოში და ბევრი მათგანი თავისუფალ გაყიდვაშიცაა. არ ვიცი, რას მივაწერო ეს ტენდენცია, მაგრამ ასეა.
პირადად მე, ინჟინერიით უფრო ვარ დაინტერესებული, ანუ ვქმნი პროექტებს დაწყებული მოწყობილობის პრინციპიალური სქემიდან, დამთავრებული პროგრამულ უზრუნველყოფამდე. ამ საქმისადმი დაინტერესება გამიჩნდა ბავშვობიდანვე, მამა ინჟინერი მყავს და ალბათ ამანაც იმოქმედა.
–რომელიმე თქვენთვის გამორჩეულ გამოგონებაზე ან პროექტზე გვიამბეთ.
-ჩემთვის ყველა პროექტი გამორჩეულია. ე.წ ჭკვიანი სახლების თემა ძალიან აქტუალურია, მაქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებითაც და რამდენიმე პროექტიც.
ერთ-ერთი ჩემი პროექტი რომელიც, მივიჩნევ, რომ საკმაოდ დიდი პლატფორმაა, ესაა მოწყობილობა, რომელთანაც კავშირი აქვს სხვადასხა ტიპის სენსორსა და ქვემოწყობილობებს. ანუ ესაა უკაბელო ქსელი, ინტეგრირებული სახანძრო სისტემით, დაცვის სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, განათების მართვის სისტემით და ა.შ.
ასევე ხმოვანი ინფორმაციის დამუშავების მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ვახდენთ მთლიანი სისტემის მართვას. სისტემასთან გვაქვს ასევე მობილური აპლიკაციით კავშირი, რომელიც გვატყობინებს ნებისმიერი კვანძისა და სენსორის მდგომარეობის შესახებ, აპლიკაციის საშუალებით ვახდენთ სისტემის კონფიგურაციას.
–რა სირთულე ახლავს ზოგადად პროექტებისა და გამოგონების შექმნის პროცესს და რა არის ამ დროს ყველაზე მთავარი ?
-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ეს სფერო საქართველოში საერთოდ არაა განვითარებული და ძალიან ცოტა ყურადღება ექცევა. სირთულე გახლავთ პროტოტიპის ჩამოყალიბება და შექმნა. შორს რომ არ წავიდე, არაა ნორმალური ელექტრონიკის მაღაზია, სადაც შევძლებთ კომპონენტების შეძენას (თუ არ ჩავთვლით იმ მაღაზიებს, სადაც პროექტისთვის საჭირო კომპონენტების და მასალების 20%- საც ვერ შევიძენთ).
ასევე – არ გვაქვს განვითარებული ელექტრონული დაფების წარმოება.
მთავარია დიდი მონდომება. გამოგონების თუ ნებისმიერი პროექტის შექმნას ყოველთვის ახლავს სირთულეები. მოგეხსენებათ, პრაქტიკულად ყოველთვის ისე არაა, როგორც თეორიაში. გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მთავარია დიდი მონდომება და მუხლჩაუხრელი შრომა. მხოლოდ ამ პრინციპით მიიღწევა დიდი შედეგი.
–ამჟამად რამე პროექტზე ხომ არ მუშაობთ და რას გეგმავთ სამომავლოდ?
-ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. ერთ-ერთი გახლავთ, გათბობის სისტემის ინტეგრაცია ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობასთან.
–სხვა ინტერესები ან ჰობი ხომ არ გაქვთ, გვიამბეთ ამაზე.
-ძალიან მიტაცებს ავიაინჟინერია, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ ვიცლი, თუმცა მაქვს დიდი სურვილი მცირე ზომის თვითმფრინავის შექმნის.
ასევე – ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო, სპორტის სახეობიდან ე.წ ბოდიბილდინგითა და ცურვით ვარ დაინტერესებული სამოყვარულო დონეზე.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“