close

დედამიწა

გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიავიდეომსოფლიო

როგორ განადგურდა დედამიწა ბოლო 37 წელიწადში – Google Earth-ის ახალი ანიმაცია

Google Earth-ით საკუთარ ვებ-ბრაუზერშივე შეგიძლიათ იხილოთ თაიმლეფსის ტიპის ვიდეო 1984 წლიდან დღემდე – როგორ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ დედამიწა უკანასკნელ 37 წელიწადში.

კომპანია Google-მა რამდენიმე არეალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო. მაგალითად, ანიმაციაში ნაჩვენებია კოლუმბიის მყინვარი ალასკაში, რომელიც დროდადრო ზომაში იკლებს. ჩათჰემის (მასაჩუსეტსი) გარშემო არსებულ სანაპირო ხაზს თუ შეხედავთ, საკუთარი ლეპტოპიდანვე დაინახავთ, როგორ თვალის დახამხამებაში ქრება ტყეები.

იმისათვის, რომ თაიმლეფსის ფუნქცია გამოიყენოთ, დააკლიკეთ აქ. ძიების ველში ნებისმიერი ადგილის ჩაწერა შეგიძლიათ, ან შემოთავაზებული ხუთი კატეგორიიდან რომელიმე ამოარჩიოთ: ცვალებადი ტყეები, მოწყვლადი სილამაზე, გათბობის პროცესში მყოფი პლანეტა და ურბანული გაფართოება.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ Google-ს მიერ უკვე გამზადებული 800 პაკეტი ნახოთ, თუ აქ შეხვალთ. NASA-სგან, US Geological Survey-სგან, ევროკავშირისა და ESA-სგან აღებულ მონაცემებთან ერთად თაიმლეფსის ახალი ფუნქცია Google Earth-ის მიერ შეგროვებულ 24 მილიონ ფოტოს იყენებს.

კომპანიის თქმით, 20 პეტაბაიტის ფოტოებისგან შემდგარი 4,4 ტერაპიქსელის ზომის ვიდეო მოზაიკის მისაღებად ჯამურად 2 მილიონი საათი იყო საჭირო. ეს იგივეა, რაც 530 000 ვიდეო 4K გარჩევადობაში. ცხადია, Google-ს მონაცემთა ცენტრებში იმდენად მძლავრი კომპიუტერები აქვთ, რომ 2 მილიონი საათის ნაცვლად, რომელიც 228 წელიწადს შეადგენს, ბევრად უფრო ცოტა დრო დასჭირდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ის რაც მალდივის კუნძულების შესახებ არ იცით

მალდივის რესპუბლიკა ათასზე მეტ მცირე ზომის კუნძულ-ატოლს მოიცავს, რომელთა უმეტესობის ფართობი მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრია.
დასახლებულია დაახლოებით 200 კუნძული, რომელთა ზომა ფეხბურთის მოედნის სიდიდეს არ აღემატება. ძლივს მოხერხდა აეროდრომის მოწყობა კუნძულების მცირე ფართობის გამო, რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰულულზე, დედაქალაქ მალესთან ახლოს. რელიგიის მიხედვით მალდიველები სუნიტი მუსლიმები არიან.
მალდივის კუნძულებზე ქოქოსის პალმას უწოდებენ ”სიცოცხლის ხეს”. როდესაც მალდიველის ქონებაზეა საუბარი, ჩვენ შეიძლება მოვიაზრებდეთ ფულს, მაგრამ მალდივის რესპუბლიკაში ადამიანის სიმდიდრე განისაზღვრება ქოქოსის ხეების რაოდენობით. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანის გაცნობისას ხშირად სახელთან ერთად პალმის ხეების რაოდენობასაც ასახელებენ და შემდეგ სხვა დანარჩენს. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო კუნძულს ყიდის, რომელიც ნამდვილად საკმაოდ ბევრი აქვს, კუნძულის ფასი არა ფართობით, არამედ პალმის ხეების რაოდენობით განისაზღვრება.
მალდივის არქიპელაგში შემავალი კუნძულები ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარეობს. კუნძულების ნაწილი დროთა განმავლობაში წყლით დაიფარა, გლობალური დათბობის გამო კი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის შესაძლოა სრულად ჩაიძიროს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

უჩვეულო ყინვის გამო საფრანგეთში ვენახებს ცეცხლით ათბობენ

საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო, რომელიც ვაზს ემუქრება, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 2021 წლის მოსავლის მესამედი განადგურდება, რაც მეღვინეებს 2 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.
ფერმერებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს მოსავლის გადასარჩენად. ზოგიერთ რაიონში ვენახის 90% განადგურდა, დაზარალდა ასევე ხილის კულტურაც. ის ფერმერები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეციალური ტექნიკა ვენახის გასათბობად გადაწყვიტეს ვენახი ცეცხლით გაეთბოთ, ნაწილმა თივის ზვინები დაწვა ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსავლის გადასარჩენად შესაძლოა საკმარისი არც ეს გაწეული შრომა იყოს და დიდი რაოდენობით მოსავალი განადგურდეს. კვამლის გავრცელების და დაბინძურების გამო კი ახლომდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობამ ჩივილი დაიწყო.
30 წლის განმავლობაში მეღვინეები შესაძლოა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, უკანასკნელად ტემპერატურის მსგავსი დაცემა 1991 წელს მოხდა. ისინი აღნიშნულს ტრაგედიად აფასებენ, რადგანაც საფრანგეთის უდიდეს საექსპორტო ინდუსტრიას ემუქრება საფრთხე.
COVID19-ის გამო ღვინის ბაზრობამ მძიმე დარტყმა აქამდეც განიცადა და ღვინის დამოუკიდებელი მწარმოებლებიც დააზარალა, რამაც შესაბამისად საერთაშორისო ექსპორტზეც იქონია გავლენა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
დედამიწა

სუეცის არხის გახსნას და ბლოკირებული 400-მეტრიანი გემის გასწორებას ერთი კვირა დასჭირდება

უკვე მეორე დღეა, რაც სუეცის არხი 400-მეტრიან საკონტეინერო გემს – Ever Given-ს აქვს ბლოკირებული. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი როტერდამის პორტისკენ გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი შტორმის გამო კონტროლი დაკარგა, არხში გვერდულად გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა მთლიანად დაბლოკა.

სხვადასხვა შეფასებით, გემის გასწორების სამუშაოებზე შეიძლება ერთი კვირაც დაიხარჯოს.

ბლოკირებული საკონტეინერო გემის უკან 206 გემზე დიდი საცობია შექმნილი, რომლებიც აზიიდან ევროპაში მიემართებოდნენ, მათ შორის არიან სუპერტანკერები და სხვა კონტეინერმზიდები.

Lloyd-ის შეფასებით, სუეცის არხის გავლით, დასავლეთის მიმართულებით დღეში $5.1 მილიარდის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, აღმოსავლეთისკენ კი – $4.5 მილიარდის ღირებულების. შესაბამისად, არხის ჩაკეტვა მსოფლიო ეკონომიკას საათში $400 მილიონი დოლარი უჯდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ვულკანის ამოფრქვევას ისლანდიის დედაქალაქთან ახლოს მაყურებელი ჰყავდა

ვულკანი 19 მარტს ამოიფრქვა სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს და ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 მილის მანძილზე. ვულკანის ბოლო ამოფრქვევის შემდეგ 800 წელი გავიდა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში მიწისძვრები ხდებოდა ყოველდღე, რამაც ვულკანის გააქტიურება გამოიწვია.

მთის ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილების საშუალება შაბათამდე არ ჰქონდა, მაგრამ შაბათს, შუადღის შემდეგ ლაშქრობის საშუალება მიეცათ და ათასობით ადამიანი ეწვია ვულკანს.

ექსპერტების თქმით, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი ლავა გადმოიღვარა, მაგრამ ამ ეტაპზე ადგილობრივებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამოფრქვევა შედარებით მცირე იყო და კონტროლირებადი. თუმცა, ჰაერის მოსალოდნელი დაბინძურების პოტენციალის გამო მთის მიმდებარე ტერიტორია 22 მარტს ისევ იკეტება.

ექსპერტებს არ შეუძლიათ წინასწარ თქვან როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ვულკანური აქტივობა უკვე შემცირებულია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა კორპორაციამ საკურას ყვავილობის გრაფიკი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საკურას ყვავილობა ჩვეულებრივზე 11 დღით ადრე დაიწყო. ტოკიოში საკურას ყვავილობა პიკს 22 მარტს მიაღწევს.

ცნობისთვის, საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ, მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწა

დაკარგული კონტინენტი 375 წლის შემდეგ აღმოაჩინეს!

ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს რაღაც ცხადის გარკვევას. 

იმის აღმოჩენას, რაც მუდამ ჩვენ თვალწინ იყო, 375 წელი დასჭირდა. მსოფლიოს ენციკლოპედიები, რუკები და საძიებო სისტემები მტკიცედ გვარწმუნებდნენ მხოლოდ შვიდი კონტინენტის არსებობაში, 2017 წელს კი გეოლოგების ჯგუფმა ეს წარმოდგენა შეცვალა. როგორც ჩანს, დედამიწაზე სულ 8 კონტინენტია, თუმცა ამ უკანასკნელად აღმოჩენილის 94% წყალშია და მხოლოდ რამდენიმე კუნძულია წყალსზემოთ მოქცეული, მაგალითად, ახალი ზელანდია.

“ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს რაღაც ცხადის გარკვევას” – ამბობს გეოლოგი ენდი ტულოჩი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ ვერ შეძლეს მეცნიერებმა მისი აღმოჩენა აქამდე? სიმართლე ის არის, რომ ზელანდია ყოველთვის რთულად შესასწავლი იყო. მას შემდეგ, რაც ჰოლანდილემა მეზღვაურმა აბელ ტასმანმა 1642 წელს ახალი ზელანდია აღმოაჩინა, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ბრიტანელი მეზღვაური და კარტოგრაფი ჯეიმზ კუკი სამხრეთ ნახევარსფეროში გაგზავნეს, რათა დედამიწასა და მზეს შორის ვენერას გავლას დაკვირვებოდა. ეს იმის გარკვევას ემსახურებოდა, თუ რამდენად შორს იყო მზე ჩვენი პლანეტისგან. ამასთან ერთად, დაევალა საიდუმლო მისიის შესრულებაც – სამხრეთ კონტინენტის სრულად შესწავლა, თუმცა მან ახალ ზელანდიას ვერ მიაგნო.

ზელანდიის შესახებ რეალური ცნობები 1895 წელს, შოტლანდიელმა ნატურალისტმა სერ ჯეიმს ჰექტორმა მოიპოვა. მიუხედავად ამ ადრეული მიღწევებისა, ზელანდიის შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანი იყო და კვლევაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. “ამ საკითხში ყველაფერი ძალიან ნელა ხდება” – ამბობს გეოლოგი ნიკ მორტიმერი, რომელიც 2017 წელს კვლევას ხელმძღვანელობდა.

შემდეგ, 1960-იან წლებში კი გეოლოგები საბოლოოდ შეთანხმდნენ, თუ რა არის ეს კონტინენტი – გეოლოგიური არეალი, კლდეების მრავალფეროვნებით და სქელი ქერქით. ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმისა, რაც შემდგომ კვლევებს საჭიროებდა. მტკიცებულებების შეგროვების შედეგად კი მეცნიერები მერვე კონტინენტის აღმოჩენას შეძლებდნენ. 1995 წელს ამერიკელმა გეოფიზიკოსმა ბრიუს ლუენედიკმა კვლავ აღწერა ეს რეგიონი, როგორც პოტენციური კონტინენტი.

2017 წლის კვლევის ფარგლებში კი გაკეთებული ზღვის ფსკერის ნიმუშებიდან ირკვევა, რომ ზელანდია მსუბუქი კონტინენტური ქერქისგან შედგება და არა მუქი ვულკანური ქანებისგან. აღსანიშნავია, რომ მკვლევრებს აოცებთ ის ფაქტი, როგორ ინარჩუნებს ზელანდია სიმყარეს და არ იშლება, როცა ასეთი სუსტი ქერქი აქვს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზელანდია უძველეს სუპერკონტინეტ გონდოვანს 100 მილიონი წლის წინ ჩამოცილდა, რასაც მიწის დეფორმაცია მოჰყავს და ქერქის დიდი ნაწილი წყალქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ამასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა – ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ეს ნაწილი ყოველთვის ჩაძირული იყო.

ექსპედიციის ფარგლებში მეცნიერებმა დაახლოებით 8,000 ნამარხი აღმოაჩინეს. რამაც მათ ასეულობით სხვადასხვა სახეობის შესწავლის საშუალება მისცა. საინტერესოა ახალ ზელანდიაში დინოზავრების – საუროპოდის, ჰიპსილოფოდონტის და ანკილოზაურის აღმოჩენილი ნაშთები. ეს ფაქტი სწორედ ზემოთ აღნიშნულს ეხმიანება – როგორ იარსებებდნენ ხმელეთის ცხოველები ამ ტერიტორიაზე, თუ მუდამ ჩაძირული იყო? მთლიანობაში მეცნიერები თანხმდებიან, რომ აქ აღმოჩენილი ნაშთები ერთ დროს გონდოვანზე არსებული საერთო წინაპრებისგან განვითარდნენ. გარდა ფაუნის მრავალფეროვნებისა, საგულისხმოა, რომ აქ აღმოჩენილი ნიმუშები ყვავილის მტვრის არსებობასაც ადასტურებს.

კიდევ ერთი უჩვეულო რამ, რასაც ზელანდიაში ვაწყდებით, ასეთია – “ფირფიტის საზღვარი, რომელიც სამხრეთის კუნძულის გასწვრივ გადის და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს”. 

როგორც გეოლოგები აცხადებენ, კონტინენტი, სავარაუდოდ, ყველა საიდუმლოს უახლოეს მომავალში “არ გაგვანდობს”. “მართლაც რთულია ასეთი კონტინენტის სრულად შესწავლა. რეგიონების გამოკვლევისთვის ბევრი დრო, ფული და ძალისხმევაა საჭირო”.

სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს მერვე კონტინენტის არსებობა ნამდვილად ცხადყოფს, კონკრეტული ტერიტორიის მიგნებიდან 400 წლის შემდეგაც კვლავ ბევრი რამ რჩება აღმოსაჩენი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ვენეციაში არხები დაშრა

ვენეციის არხების მონაკვეთები თითქმის სულ დაშრა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყლის დონემ – 48 სმ-მდე დაიწია, რის გამოც ნავები და გონდოლები ტალახშია ჩაფლული.

დეკემბრის თვეში ვენეციაში წყალდიდობამ ცენტრალური მოედანი დაფარა, ხოლო მაღაზიებსა და სხვა ბიზნესებს კი დიდი ზარალი მიადგა. 2019 წლის ნოემბერში კი ვენეციაში, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა დაფიქსირდა და წყლის დონემ 187 სანტიმეტრს მიაღწია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ტეხასში ტემპერატურის დაცემას ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტეხასის შტატში დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა, ამას თან დაერთო მილიონობით ადამიანის, ტეხასის მოსახლეობის 46%-ის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტეხასის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ტვირთავენ ფოტოებს, თუ რამდენად მძიმე არის მდგომარეობა და რამდენად მოუმზადებლები არიან.

ტეხასში ამინდის გამო დაღუპული 11 წლის ბიჭის ოჯახმა საჩივარი შეიტანა ენერგოკომპანიების წინააღმდეგ, დაუდევრობასთან და უმოქმედობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ტემპერატურა დაეცა -12C-მდე, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე მილიონობით ადამიანი დარჩა.

სარჩელში ნათქვამია, რომ საშინელი ამინდის პროგნოზის მიუხედავად, რაც მინიმუმ ერთი კვირით ადრე იყო ცნობილი ენერგოკომპანიებისთვის, იცოდნენ, რომ სისტემა არ იყო გამართული და არ მოიმოქმედეს არაფერი კრიზისის თავიდან ასაცილებლად. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ოჯახი ორი დღის განმავლობაში იყო ელექტროენერგიის გარეშე, როცა ტემპერატურა კრიტიკულად დაბალი იყო.

ხუთშვილიანმა ოჯახმა თქვა, რომ იმ ღამით ყველანი ერთ ოთახში დარჩნენ, რომ გამთბარიყვნენ, 11 წლის ბიჭი კი დილით გარდაცვლილი დახვდათ. შემოწირულობებით შეგროვდა 86 000 აშშ დოლარზე მეტი, იმისათვის, რომ 11 წლის ბიჭის ცხედარი ჰონდურასში დააბრუნონ, რათა დაკრძალონ.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონადედამიწამსოფლიო

ბილ გეითსი ორი საფრთხის შესახებ საუბრობს, რომლის წინაშე კაცობრიობა პანდემიის შემდეგ დადგება

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება. ამის შესახებ ბილ გეითსმა YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფილანტროპის თქმით, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი საფრთხეა, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის.

„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

Microsoft-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა მეორე საფრთხეზე, რომლის წინაშე კაცობრიობა დადგება, კერძოდ, ბიოტერორიზმზე.

„ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 35
Page 17 of 35