close

დედამიწა

დედამიწაეკოლოგია

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინესმიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ.

აქამდე აღმოჩენილ მიკროორგანიზმებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, რადგან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებს.

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

პლანეტის უდიდესი ტბა სწრაფად შრება – ექსპერტები შიშობენ, რომ ის ვერასდროს აღდგება

პლანეტის უდიდესი უდიდესი ტბა “კასპიის ზღვაა”, მისი დახვეული სანაპირო 4000 მილზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული და მას ხუთი ქვეყანა: ყაზახეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქმენეთი ესაზღვრება.

ეს ქვეყნები კასპიის ზღვაზე არაერთი მიმართულებით არიან დამოკიდებულები, მათ შორის, მეთევზეობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სასმელი წყლის, ასევე ნავთობისა და გაზის მარაგებით. კასპიის ზღვა ხელს უწყობს ამ მშრალი რეგიონის კლიმატის რეგულირებას, რაც უზრუნველყოფს ნალექსა და ტენიანობას ცენტრალურ აზიაში.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ამაღლებს გლობალურ ზღვის დონეს, ეს განსხვავებულად მოქმედებს ტბებზე: კასპიის ზღვა საზრდოობს მდინარეებიდან შემოდინებული წყლიდან. ეს ბალანსი კი გლობალურ დათბობასთან ერთად იცვლება, რაც ტბების დონის შემცირებას იწვევს და გამონაკლისი არც “კასპიის ზღვაა”.

ექსპერტებმა შენიშნეს, რომ “კასპიის ზღვის” კალაპოტი ყოველწლიურად, 7 სანტიმეტრით იკლებს და ეს ტენდენცია მზარდია. დაკვირვების თანახმად, ხუთ წელიწადში მისი დონე 40 სანტიმეტრით დაიკლებს, ხოლო 10 წელიწადში დანაკლისი 1 მეტრს მიაღწევს.

კასპიის ზღვაში 130 მდინარე შეედინება, თუმცა წყლის დაახლოებით 80% მხოლოდ ერთიდან, მდინარე “ვოლგიდან” შეედინება, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთში გაედინება. “კასპიის ზღვაში” წყლის ნაკლებობა ხელოვნური ჩარევებითაც არის გამოწვეული, რაც კაშხლების მშენებლობას უკავშირდება.

თეირანის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების ექსპერტის განმარტებით, რუსეთმა 40 კაშხალი ააშენა, მათგან კიდევ 18 დამუშავების პროცესშია, რაც “კასპიის ზღვაში” შემავალი წყლის ნაკადს საგრძნობლად ამცირებს.

კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის, შესაძლოა, “კასპიის ზღვის” დონემ 30 მეტრამდე დაიკლოს. თუ გლობალური დათბობის სცენარი უფრო ოპტიმისტური იქნება, ეს “კასპიის ზღვის” ზედაპირულ, ჩრდილოეთ ნაწილს მაინც ვერ გადაარჩენს და ის, ძირითადად ყაზახეთის გარშემო, მთლიანად გაქრება, რაც “კასპიის ზღვის” ქვეყნებისთვის სერიოზულ კრიზისს წარმოადგენს. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი ქარვა მიუთითებს, რომ ერთ დროს, სამხრეთ პოლუსთან ტროპიკული ტყე იზრდებოდა

წარმოიდგინეთ, გაქვთ დროის მანქანა, რომელიც დინოზავრების ეპოქაში დაგაბრუნებთ. უცბად აღმოაჩენთ, რომ მოხვდით გაუვალ, ჭაობიან ტყეში, სადაც ყვავილებს, გვიმრებსა და წიწვოვან მცენარეებს შორის აურაცხელი მწერი ბზუის.

გჯერათ თუ არა, თქვენ დასავლეთ ანტარქტიდაზე ხართ.

ახლახან, გერმანელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა იქ პირველად აღმოაჩინეს ქარვა — განმარხებული „სისხლი“ უძველესი წიწვოვანი ხეებისა, რომლებიც შორეულ წარსულში, დაახლოებით 83-92 მილიონი წლის წინ იზრდებოდნენ დედამიწის ყველაზე სამხრეთ კონტინენტზე.

ფესვების, ყვავილის მტვრისა და სპორების ნამარხებთან ერთად, ქარვის ეს ნატეხი ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ შუა ცარცულ პერიოდში, სამხრეთ პოლუსთან არსებობდა ჭაობიანი ტროპიკული ტყე და რომ ამ პრეისტორიულ გარემოში დომინირებდა ისეთი წიწვოვანები, როგორიც დღეს ახალი ზელანდიისა და პატაგონიის ტყეებში გვხვდება.

ანტარქტიდაზე ქარვის აღმოჩენა მეტყველებს, რომ ამჟამად გაყინული ეს კონტინენტი ერთ დროს იმდენად თბილი და ტენიანი იყო, რომ იქ ფისოვანი ხეებიც ხარობდა. შუა ცარცულ ეპოქაში, ამ ხეებს მოუწევდათ გადარჩება ზამთრის სრულიად წყვდიადით მოცულ თვეებში.

თუმცა, აშკარაა, რომ ისინი გადარჩენას ახერხებდნენ იმის მიუხედავად, რომ ალბათ დიდი ხნით უწევდათ მიძინებულ მდგომარეობაში ყოფნა.

ამ აღმოჩენამდე, ქარვის დეპოზიტები მეცნიერებს ყველაზე სამხრეთით ნაპოვნი ჰქონდათ ავსტრალიაში, ოტვეის აუზსა და ახალ ზელანდიაში, ტუპუანგის ფორმაციაზე.

„ძლიერ ამაღელვებელი იყო იმის გაცნობიერება, რომ ისტორიის რაღაც მომენტში, შვიდივე კონტინენტზე იყო ისეთი კლიმატური პირობები, რომ ფისოვანი ხეები გაზრდილიყო. ახლა ჩვენი მიზანია, მეტი შევიტყოთ ამ ტყის ეკოსისტემის შესახებ — შევძლებთ თუ არა ქარვის ამ ნატეხში სიცოცხლის კვალის პოვნას. ეს აღმოჩენა წარსულში მოგზაურობის კიდევ ერთ უფრო პირდაპირ გზას გვთავაზობს“, — ამბობს გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის საზღვაო გეოლოგი იოჰან კლაგსი.

განმარხებულ მერქნებსა და ფოთლებს მეცნიერები ანტარქტიდაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან პოულობენ, მაგრამ ამ აღმოჩენათაგან მრავალი, ასობით მილიონი წლის წინანდელია, იმ პერიოდის, როცა არსებობდა სამხრეთი სუპერკონტინენტი გონდვანა. მას შემდეგ, რაც ანტარქტიდა ავსტრალიას და სამხრეთ ამერიკას მოსწყდა და სამხრეთ პოლუსისკენ დაიძრა, უცნობია, რა დაემართა მის ტყეებს.

2017 წელს, დასავლეთ ანტარქტიდის სიახლოვეს მკვლევრებმა ზღვის ფსკერი გაბურღეს და ამ დიდი ხნის წინ დაკარგული ჰაბიტატების განსაკუთრებით კარგად შემონახული მტკიცებულება ამოიღეს.

რამდენიმეწლიანი ანალიზების შემდეგ, კლაგსმა და მისმა კოლეგებმა 2020 წელს განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს შუა ცარცული პერიოდის განმარხებული ფესვების ქსელი. მიკროსკოპით მათ ასევე გამოავლინეს ყვავილის მტვრისა და სპორების მტკიცებულება.

იგივე ნაბურღი ახლა კონკრეტულ მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ ანტარქტიდაზე ერთ დროს მართლაც იზრდებოდა ფისოვანი ხეები.

თიხის ქვის (არგილიტი) სამი მეტრის სიგრძის ფენაში, კლაგსმა და მისმა ახალმა ჯგუფმა ქარვის რამდენიმე ციცქნა ნაჭერი აღწერა, მათი ზომა სულ რაღაც 0,5 – 1 მმ იყო. თითოეული მათგანი მოყვითალო-მონარინჯისფრო იყო, ზედაპირზე მათთვის დამახასიათებელი ნამგლისებრი ბზარებით.

ეს კი ფისის დინების ნიშანია, რაც მაშინ ხდება, როცა ხიდან წვენი ჟონავს, რათა ხანძრის ან მწერების მიერ მიყენებული დაზიანებები ამოავსოს და დალუქოს.

ცარცული ეპოქა დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თბილი პერიოდი იყო. ანტარქტიდასა და ახლომდებარე კუნძულებზე აღმოჩენილი ვულკანური დანალექები გვთავაზობს მტკიცებულებას იმისა, რომ იმ პერიოდში ხშირი ყოფილა ტყის ხანძრები.

სავარაუდოდ, ქარვა იმიტომ შეინახა და განმარხდა, რომ აწეულმა წყლის დონემ სწრაფად დაფარა ხის ფისი და ამით ის ულტრაიისფერი სინათლისა და ოქსიდაციისგან დაიცვა.

სავარაუდოდ, ქარვა ხის ქერქის ციცქნა ნაჭრებსაც შეიცავს, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი ანალიზებია საჭირო.

ასე, მინიატურული ნაწილებით, მეცნიერები თანდათან ქმნიან სურათს იმისა, როგორ გამოიყურებოდა ანტარქტიდის ტყე ძლიერ შორეულ წარსულში, 90 მილიონი წლის წინ.

მომზადებულია awi.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწაზე, ჟანგბადის დონე მკვეთრად დაეცემა – მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ. იაპონელი მკვლევრების თქმით, მილიარდი წლის შემდეგ, ჩვენს პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. მათ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი მეთანით გაივსება. ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწა ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინათ,  როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა მოხდა.

მეცნიერების გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს. ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან. მკვლევრების თქმით, გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, ანუ ისინი, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგეოგრაფიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

თუ რაიმე მიზეზით დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდება, სავსებით შესაძლებელია, რომ ანტარქტიდის ტბის – ენიგმას „ბინადრები“ მის აღორძინებას შეძლებენ – მეცნიერების აღმოჩენა

მეცნიერებმა ანტარქტიდის ტბის – ენიგმას ყინულის ქვეშ უზარმაზარი წყლის ფენა აღმოაჩინეს, რომელშიც გარე სამყაროსგან იზოლირებული მიკროორგანიზმები ცოცხლობენ, – ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში, რომელიც Communications Earth & Environment-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერებმა გამოიყენეს სკანირების მეთოდი, რომელმაც აჩვენა, რომ იზოლირებული წყალსაცავის სიღრმე არა ნაკლებ 12 მეტრს შეადგენს, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს მისი მაქსიმუმი.

საშუალო ტემპერატურა აქ მინუს 14 გრადუსს აღწევს, მინიმალური კი – მინუს 40,7 გრადუსია, ამიტომ ყინული აქ მთელი წლის განმავლობაშია. ასეთი იზოლაციის პირობებში, წყლის შიგნით მთელი ეკოსისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად არსებობს.

აქ აღმოაჩინეს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორებიცაა: Bacteroidota, Actinobacteriota და Pseudomonadota. ასევე პრიმიტიული ბაქტერიები (Patescibacteria).

მეცნიერების თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდება, ამ ტბის „ბინადრები“ მის აღორძინებას შეძლებენ. მართალია, ამისთვის მილიონობით წელი იქნება საჭირო, თუმცა მეცნიერების აზრით, პლანეტას, როგორც ჩანს, გეგმა B აქვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწა

სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს

სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე 2024 წლის აპრილიდან შეინიშნება მეცნიერებში შეშფოთებას იწვევს. ის შეიძლება ვულკან Mount Spurr-ის გაღვიძების მომასწავებელი იყოს, რომელიც ქალაქ ანკორიჯიდან 123 კილომეტრში მდებარეობს. ამ ქალაქში 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, – წერს Dailymail-ი.

ბოლო ათი თვის განმავლობაში აქ სეისმურმა აქტივობამ ძლიერ მოიმატა. თუ აქამდე კვირაში 30 მიწისძვრა ფიქსირდებოდა, ახლა მათი რაოდენობა 125-მდე გაიზარდა.

39-წლიანი მიძინების შემდეგ ვულკან Mount Spurr-ის ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს დაფიქსირდა. ვულკანური ფერფლის გამო ანკორიჯის მოსახლეობა გარეთ ვერ გადიოდა, ან ნიღბებს ხმარობდა. იქამდე, სანამ ფერფლი არ გაიფანტა, აეროპორტები ვერ ახერხებდნენ მუშაობის გაგრძელებას.

„დიდი ვულკანის ფერფლის ღრუბელი იმოქმედებს ასევე იმ რეისებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკიდან აზიის მიმართულებით ხორციელდება ალასკის გავლით“, – განაცხადა აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელმა მეტ ჰეინმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

ბიოლოგებმა გაარკვიეს, რა ეხმარება გადარჩენაში ერთადერთ მწერს ანტარქტიდაში

ენდემური უფრთო კოღო Belgica antarctica ადაპტირდა ანტარქტიდის ცივი სამყაროს ექსტრემალურ პირობებთან და მეცნიერებს კრიოკონსერვაციის (უჯრედებისა და ქსოვილების გაყინვას და შემდეგ შენახვას თხევად აზოტში) მეთოდების უკეთ შესწავლაში დაეხმარა.

იაპონელმა მკვლევრებმა კოღოს ამ სახეობის ადაპტაციის უნიკალურ მექანიზმს მიაგნეს. კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მთელი მათი ორწლიანი სიცოცხლის ციკლის დროს, ერთ წელს სიმშვიდის რეჟიმში ატარებენ, მეორე კი – დიაპაუზაში (სვენების პერიოდი განვითარებაში, რასაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დაქვეითება).

სიმშვიდის რეჟიმი – დროებითი პაუზაა ორგანიზმის განვითარებაში არასასურველ პირობებში. როდესაც ტემპერატურა მატულობს, ის ზრდას განაგრძობს. დიაპაუზა კი უფრო რთული მექანიზმია და უმოქმედობის აუცილებელ პერიოდად ითვლება, აღნიშნავენ მეცნიერები.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ აუცილებელი დიაპაუზა ზამთარში დაბალი ტემპერატურის დასრულებისთანავე მთავრდება, ასე რომ კოღოს მატლები ერთდროულად იზრდებიან“, – განაცხადა პროფესორმა შინ გოტომ.

ეს კვლევა მეცნიერებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის მათ კრიოკონსერვაციის ახალი მეთოდების დადგენაში და ადაპტაციის მექანიზმების უკეთ გაგებაში დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანია დიდხნიანი კოსმოსური მისიების შესრულებისთვის და ბიოლოგიური ნიმუშების შენახვისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ

დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.

მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს – ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.

„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება – დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, – განაცხადა რაინჰარდმა.

ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.

კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, კაცობრიობას ერთი მილიარდი წელი აქვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის შიდა ბირთვმა სავარაუდოდ ფორმა შეიცვალა

მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბირთმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში სავარაუდოდ ფორმა შეიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯონ ვიდალის განმარტებით, ზოგადად მიჩნეულია, რომ შიდა ბირთვი სფერული ფორმისაა, მაგრამ მისი კიდეები შესაძლოა 100 მ ან მეტი სიმაღლით იყოს დეფორმირებული ზოგიერთ ადგილას.

დედამიწის ბირთვი ჩვენი პლანეტის გულია, რადგან ის ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც იცავს სიცოცხლეს მზის რადიაციისგან.

შიდა ბირთვი, თხევადი გარე ბირთვისა და პლანეტის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად ბრუნავს. ამ მოძრაობის გარეშე დედამიწა მოკვდებოდა და უნაყოფო მარსს დამსგავსებოდა, რომელმაც მაგნიტური ველი მილიარდობით წლის წინ დაკარგა.

მეცნიერების ინფორმაციით, ბირთვის ფორმის შეცვლა შეიძლება იქ ხდებოდეს, სადაც მყარი შიდა ბირთვის კიდე უკიდურესად ცხელ თხევად მეტალის გარე ბირთვს ეხება.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Nature Geoscience გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

თურქეთში აღმოჩენილი ნამარხი ადამიანის წარმოშობის თეორიას ეწინააღმდეგება

თურქეთში ადამიანის მსგავსი მაიმუნის გაქვავებული ნამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 8,7 მილიონი წლით დაათარიღეს და ის ბევრ საინტერესო შეკითხვას აჩენს. პირველ რიგში, ეს ადამიანის ევოლუციასა და შესაბამის თეორიებს ეხება.

Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ აფრიკელი მაიმუნებისა და ადამიანების წინაპრები ევროპაში განვითარდნენ. ეს მანამ, სანამ აფრიკაში გადავიდოდნენ.

დიახ, ევროპიდან აფრიკაში და არა პირიქით!

Anadoluvius turkae — ახალი ნამარხი

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰომინინები 5 მილიონი წლის განმავლობაში ევროპაში ვითარდებოდნენ”, — თქვა პროფესორმა დევიდ ბეგანმა ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტიდან.

ვინ არიან ჰომინინები? მარტივად რომ ავხსნათ, ჰომინინებში შედის აფრიკული მაიმუნები (შიმპანზეები, ბონობოები და გორილები), ადამიანების წინაპრები და მათი ნამარხები (მათ შორის ნეანდერტალელი და ჰომო ერექტუსი).

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰომინინებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გაიარეს და უკვე მოგვიანებით აფრიკაში მოხვდნენ. ბეგანი მიიჩნევს, რომ ეს გარემოს ცვალებადობითა და ჰაბიტატით იყო გამოწვეული.

ბეგანის ჯგუფმა Anadoluvius turkae კომპლექსურად გაანალიზა. ჰომინინის თავის ქალა კარგად იყო შემონახული, რომელიც შეიცავდა სახის სტრუქტურასა და თავის ტვინის შუბლის ნაწილს.

ფოტო: Ayla Sevim-Erol

“ნამარხის სისრულემ საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა უფრო ფართო და დეტალური ანალიზი, ვიდრე აქამდე”, — თქვა ბეგანმა.

Anadoluvius turkae, რომელიც დიდ შიმპანზესა და საშუალო ზომის გორილას ჰგავს, მშრალ ტყეში ბინადრობდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძირითად დროს ის სწორედ აქ ატარებდა.

მტკიცე ყბები და სქელი კბილები მიანიშნებს იმაზე, რომ არსება აფრიკაში მცხოვრები ადრეული ადამიანების მსგავსად იკვებებოდა.

ლომისმაგვარ მტაცებლებთან თანაარსებობა

კვლევა მიანიშნებს, რომ ჰომინინი თანამედროვე აფრიკის ბალახებსა და მშრალ ტყეებში ნაცნობ ცხოველებთან თანაარსებობდა. ესენი იყვნენ: ჟირაფები, გარეული ღორები, მარტორქები, ანტილოპები, ზებრები, სპილოები, გოჭები, ჰიენები და ლომისმაგვარი მტაცებლები.

ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის ეს ფორმები აფრიკაში დაახლოებით რვა მილიონი წლის წინ გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაიმუნები ამჟამად აფრიკასთან ასოცირდებიან, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი საერთო წინაპრები ევროპის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ.

მთლიანობაში, თურქეთში აღმოჩენილი ეს ნამარხი და მისი ბოლო კვლევა ადრეული ჰომინინების შესახებ ახალ შეკითხვებს აჩენს. ეს ადრეული ჰომინინებისა და მათი წარმოშობის შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას ითხოვს.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 36
Page 2 of 36