close

დედამიწა

დედამიწა

„ნასას“ სატელიტური ფოტოები ასახავს, როგორი სისწრაფით იცვლება დედამიწა

ყველამ ვიცით, რომ დედამიწა ყოველდღიურად დრამატულად იცვლება, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტის რეალური მდგომარეობა შევაფასოთ, ზოგჯერ „ფრინველის თვალი“ ან სატელიტური არხია საჭირო.

„ნასამ“ ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც ბოლო 40 წლის მანძილზე ტყეების ზომის, წყლების დონისა და ყინულის საფარის მკვეთრ ცვლილებას ასახავს.

ზოგიერთი სურათი ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგალითად, ირანში მდებარე ტბა ურმიას მკვეთრად დაბალი დონე, შემცირებული ზომა და შეცვლილი ფერი.

ურმიას ტბა, ირანი

 

ეს მკაფიო მწვანე / ყავისფერი კონტრასტი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა, ზაფხულის სიცხისა და წყალმცენარეებისა და ბაქტერიების რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული.

„ზოგიერთი ეს მოვლენა კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, ზოგიერთი – არა,“ – ნათქვამია „ნასას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეამოწმეთ დიდი მარილის ტბის (Great Salt Lake) ცვლილება 1985–2010 წლებში, რაც შემცირებული წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგადაა გამოწვეული:

დიდი მარილის ტბა, იუტას შტატი

აღნიშნულ პერიოდში შემცირდა კალიფორნიაში მდებარე ოუენსის ტბის დონეც, რაც წყლისა და შხამქიმიკატების მიმართულების შეცვლითაა გამოწვეული:

ოუენსის ტბა, კალიფორნია

„ნასას“ მიერ გავრცელებულ ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა სოფლებისა და ქალაქების გამრავლებამ ბუნებრივ ლანდშაფტზე.

ნიგერიაში მდებარე ბაჰან რაფის ტყის ფოტოები 1976–2007 წლების პერიოდში გამქრალ ტყის მასებს ასახავს:

ბაჰან რაფის ტყე

„ნასას“ ინფორმაციით, ამ ტყების უმრავლესობა გაჩეხეს და სასოფლო სამუეურნებო მიწებას გადააკეთეს– ქვეყნის მოსახლეობა ამ პერიოდში 40 პროცენტით გაიზარდა.

ურბანიზაციის ზეგავლენა ჩანს ინდოეთის ნიუ– დელის 1991–2016 წლების ფოტოებზე:

ნიუ–დელი, ინდოეთი

25 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 9.4 მილიონიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. გაეროს ექსპერტების შეფასებით, დელის მოსახლეობა 2030 წლისთვის 36 მილიონი გახება.

მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა გარდა სივრცის პრობლემისა, მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.

ნოემბერში ინდოეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ჰაერის დაბინძურებამ დედაქალაქში საგანგაშო დონეს მიაღწია.

გრენლანდიის ყინულის საფარი გაცილებით ადრე დნება, ვიდრე ოდესმე, რამაც 2014–2016 წლებში მისი მკვეთრი შემცირება გამოიწვია:

გრენლანდიის ყინულის საფარი

დამდნარი წყალი ყინულის ზედაპირის გამუქებას იწვევს და ყინულის საფარს მკვეთრ მზის სხივებზე მეტად ადნობს.

გრელანდიის სხვა ფოტოები ყინულ Helheim Glacier–ის ზომის მკვეთრ შემცირებას ასახავს, რაც ჰაერისა და ოკეანის გაზრდილი ტემპერატურისგანაა გამოწვეული.

Helheim Glacier, გრელანდია

„ნასას“ ცვლილებების ფოტოების (NASA’s Images of Change) კატალოგის ნახვა Google Earth–ის საშუალებითაა შესაძლებელი. 1984 წლიდან დღემდე გადაღებული 5 მილიონამდე ფოტოს ნახვა სასიამოვნო ნამდვილად არაა, მეტიც, ამ ფოტოებმა შესაძლოა, შეგაშინოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რეალურად რა ხდება ჩვენს პლანეტაზე.

 

 წყარო: http://uk.businessinsider.com/

 მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

გლობალური ტემპერატურა, ზედიზედ მესამე წელია, რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიო ტემპერატურა რეკორდულად მაღალ დონეს აღწევს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამთავრობო უწყებები ავრცელებენ.

2016 წელს გლობალური დათბობის შედეგებს შორის აღსანიშნავია  უპრეცედენტო სითბო ინდოეთში და ყინულის დნობა არქტიკაში.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, რომელსაც მხარს სხვა ორგანიზაციებიც უჭერენ, 2016 წელს ნიადაგისა და  ოკეანეების ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-20 საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე (13,9 გრადუსი ცელსიუსი) 0.94 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო.

თითქმის ანალოგიურ მონაცემებს ავრცელებს: ამერიკის ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო –  „ნასა“, ბრიტანეთის MET ოფისი და აღმოსავლეთ ანგლების უნივერსიტეტი.

მეცნიერების ინფორმაციით, ტემპერატურის მატება ნაწილობრივ ადამიანის ზეგავლენის, ნაწილობრივ კი ელ-ნინიოს შედეგად მოხდა.  ატმოსფერული მოვლენა ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მატებას იწვევს.

გლობალური ტემპერატურის მონაცემების დაფიქსირება 1880 წლიდან ხორციელდება. ელ-ნინიოს დასრულების გამო, მეცნიერები ტემპერატურის პიკს 2017 წელს არ ელოდებიან.

 

 წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა დედამიწის დაკარგული ელემენტი აღმოაჩინეს

იაპონელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ დედამიწის ბირთვში „დაკარგული ელემენტის“ იდენტიფიცირება მოახდინეს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ელემენტი სილიციუმია.

მეცნიერები, რომლებიც ამ ელემენტს ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ, მიიჩნევენ, რომ  რკინისა და ნიკელის შემდეგ, სილიციუმს ჩვენი პლანეტის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს დედამიწის ფორმირების პროცესის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

„გვჯერა, რომ სილიციუმი დედამიწის ბირთვის ძირითადი ელემენტია – დაახლოებით 5%,“ – განაცხადა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, წამყვანმა მკვლევარმა – ეიჯი ოჰტანიმ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის შიდანაწილი დაახლოებით 1,200კმ რადიუსის მყარი ბურთია. ის ძალიან ღრმაა იმისთვის, რომ პირდაპირ გამოიკვლიონ, ამიტომ მეცნიერები, მისი შემადგენლობის შესწავლის მიზნით, რეგიონის სეისმურ ტალღებს სწავლობენ.

დედამიწის შუაგული ძირითადად რკინისა (85%) და ნიკელისგან (10%) შედგება. დარეჩენილი 5 %-ის გამოსაკვლევად ეიჯი ოჰტანიმ და მისმა გუნდმა რკინისა და ნიკელის შენადნობს სილიკონი შეურიეს და დედამიწის შიდაბირთვში არსებულის მსგავს მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში მოათავსეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ნარევი შეესაბამებოდა იმას, რაც, სეისმური მონაცემების მიხედვით, დედამიწის ინტერიერში ჩანდა.

მიუხედავად ჩატარებული კვლევისა, წამყვანი ავტორი ოჰტანი აღნიშნავს, რომ სილიციუმის არსებობის დასადასტურებლად ჯერ კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო. მისი ინფორმაციით, დედამიწის ბირთვში სილიციუმის აღმოჩენა  იქ სხვა ელემენტების არსებობას არ გამორიცხავს.

„ეს რთული ექსპერიმენტები ნამდვილად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის შესაძლოა გახდეს ფანჯარა იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო დედამიწის ინტერიერი 4,5 მილიარდი წლის წინ ანუ მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა ფორმირდა და როცა ბირთვმა დედამიწის კლდოვანი ნაწილისგან განცალკავება დაიწყო. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ დედამიწის ბირთვის მნიშვნელოვან ნაწილს ჟანგბადი წარმოადგენს,“ – განაცხადა კვლევაზე კომენტირებისას  კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა – საიმონ რედფერნმა.

მისივე ინფორმაციით, დედამიწის ბირთვის შემადგენლობის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის უკეთ გასაგებად, თუ როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტა. „ამ მხრივ, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არა საბოლოო სიტყვა გახლავთ,“ – დასძინა მან.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი მოვლენა დედამიწაზე

 ,,დოქტრინა” გთავაზობთ მოკლე და ინფორმაციულ სტატიას ერთ-ერთ ყველაზე  ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენაზე – მიწისძვრაზე , ასევე მიწისძვრის ზონებზე, წყალქვეშა მიწისძვრებსა და  ზოგადად, მიწისძვრის შედეგებზე.

დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის მიწისძვრა:

მიწისძვრა, ეს არის დედამიწის რყევითი მოძრაობა. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის ანუ სეისმური ტალღები.  მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება . მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.

მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.  ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თუ არ იცით რა არის ,,მერკალის სკალა“  გაიგებთ ამ სტატიიდან:

დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და დაახლოებით ასეთია:

2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.

5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.

7 ბალი: ძალიან ძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.

8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.

10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.

12 ბალი: კატასტროფული ძალის რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.

სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილებს მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არცერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. ცეცხლოვანი რკალი  წყნარ ოკეანეში.

მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.

როდესაც მიწისძვრები ზღვაში ხდება, წარმოიქმნება დიდი ტალღა – ე. წ. ცუნამი. ოკეანის სიღრმეში ეს ტალღები ძნელად შესამჩნევია. ისინი ზღვაში 790 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ, როდესაც ნაპირს უახლოვდებიან, სიჩქარეს კარგავენ და სიმაღლეში იმატებენ, ზღვა უკან იხევს და უზარმაზარი ტალღების სერიებად იქცევა.

მცირე ზომის ყურეში შეღწევის დროს ცუნამის ტალღა სიგანეში იკუმშება და 20-მდე მეტრ სიმაღლეს აღწევს. ასეთი ცუნამი გზად ყველაფერს ანადგურებს. 1755 წელს, მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნნილმა 17-მეტრიანმა ცუნამიმ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონს გადაუარა. მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა გამოიწვიეს ნგრევა და ხანძარი. ლისაბონის შენობების სამი მეოთხედი დაინგრა, ნგრევამ 60 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ალასკისა და ციმბირის ქვეშ გამდნარი რკინის მდინარე აღმოაჩინეს

ალასკისა და ციმბირის ქვეშ, ზედაპირიდან 3000 კმ სიღრმეზე, გამდნარი რკინის მდინარე აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ამ მდინარის მოძრაობის სიჩქარე თანდათან იზრდება.


კოლოსალური ნაკადის სიგანე დაახლოებით 420 კმ-ია და ის ისეთივე ცხელია, როგორც მზის ზედაპირი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისი სიჩქარე თითქმის გასამმაგდა და ამჟამად, ნაკადი ევროპისკენ მიემართება.


„მზის შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე დედამიწის ბირთვის შესახებ. ამ ნაკადის აღმოჩენა ამაღელვებელი ნაბიჯია, რომელიც ჩვენი პლანეტის შიგნეულობის უკეთ შესწავლისკენ გადავდგით“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დანიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, კრის ფინლაი.


ფინლაიმ და მისმა გუნდმა ეს ნაკადი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამგზავრთა ტრიო Swarm-ის მონაცემთა დამუშავებისას აღმოაჩინა.


ამ თანამგზავრებმა, რომლებიც 2013 წელს, დედამიწის მაგნიტური ველის რყევების გასაზომად გაუშვეს, მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა შეექმნათ პლანეტის შიდა სტრუქტურის რენტგენის გამოსხივების მსგავსი პროექტი, რამაც გამოამჟღავნა მრავალი ისეთი კომპონენტი, რომელთა არსებობის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდით.


„ევროპის კოსმოსური სააგენტოს Swarm თანამგზავრების წყალობით, შევქმენით დედამიწის ბირთვის უმკვეთრესი რენტგენული სურათი. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ პირველად, ნათლად ვიხილეთ იქ არსებული ეს ნაკადი, არამედ ისიც გავარკვიეთ თუ რატომ არის ის იქ“, — ამბობს უფროსი მკვლევარი ლაივერმოური.


მიჩნეულია, რომ დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტის ბირთვში მიმდინარე აქტოვებების შედეგადაა წარმოქმნილი.


თავის მხრივ, ეს ბირთი სოლიდური მთლიანობაა, ზომით მთვარის ორი-მესამედი და ძირითადად შედგება რკინისგან. ბირთვში ტემპერატურა 5 400 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც თითქმის მზის ზედაპირის ტემპერატურის ტოლია (5 505 °C).


შიდა ბირთვს გარს აკრავს გარე ბირთვი — 2000 კმ სისქის ფენა, რომელიც ძირითადად თხევადი რკინისა და ნიკელისგან შედგება.


ამ ფენაში არსებული ტემპერატურული, შემადგენლობისა და წნევის სხვაობები, განაპირობებს თხევადი მეტალის მოძრაობასა და მორევებს, რაც დედამიწის ბრუნვასთან ერთად წარმოქმნის ელექტროდენს, რომელიც თავის მხრივ დედამიწის მაგნიტურ ველებს წარმოშობს.


როდესაც მეცნიერები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გარე ბირთვის თანამგზავრულ მონაცემებს იკვლევდნენ, ალასკისა და ციმბირის ქვეშ მათ მაგნიტური დინების უცნაური „წილები“ შენიშნეს.
მაგრამ ეს წილები მუდამ ერთ პოზიციაში არ აღმოჩნდა — ისინი ევროპის კონტინენტის მიმართულებით მოძრაობს; მეცნიერთა თქმით, მათ ბიძგს აძლევს გამდნარი რკინის ნაკადი.


„იმის გამო, რომ მათი მოძრაობა წარმოებს მხოლოდ გამდნარი რკინის ფიზიკური მოძრაობიდან, ეს წილები ერთგვარი მარკერებია, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ რკინის დინებას“, — წერს  New Scientist-ი.


ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ნაკადთა სიჩქარე 2000 წლიდან ასწრაფდა და ამჟამად, მაგნიტურ წილებს ალასკისა და ციმბირის ქვეშ სამჯერ სწრაფად უბიძგებს, ვიდრე გარე ბირთვის ჩვეული სიჩქარეა, დედამიწის ტექტონიკური ფილების სიჩქარეს კი ასობით ათასჯერ აღემატება.


„თხევადი რკინის ეს ნაკადი წელიწადში დაახლოებით 50 კილომეტრით გადაადგილდება“, — უთხრა  BBC News-ს ფინლაიმ.


„შესაძლოა ეს მაჩვენებელი დიდად სულაც არ ჟღერდეს, თუკი ეს მოძრაობა დედამიწის ზედაპირზე იქნებოდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გახლავთ ძალიან მკვრივი თხევადი მეტალი, რომლის გადაადგილებაც უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს; სავარაუდოდ, ეს ყველაზე სწრაფი მოძრაობაა მათ შორის, რაც კი დედამიწის ბირთვში ფიქსირდება“.


ამ ეტაპზე უცნობია თუ რატომ სწრაფდება ნაკადი, მაგრამ მეცნიერები ეჭვობენ, რომ ეს დედამიწის შიდა ციკლის ბუნებრივი ნაწილია, რაც მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს.


თუკი შევძლებთ განვსაზღვროთ ციკლის კონკრეტულად რომელ ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად, შეგვეძლება ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორ შეიცვლება დედამიწის მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში, მათ შორის უახლოეს საუკუნეებში.


ჯგუფის კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

წყარო: http://1tv.ge

სრულად ნახვა
დედამიწა

ლეოპარდი გადაშენების პირასაა

ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანებთან დაპირისპირების გამო ლეოპარდებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში მხოლოდ 7 100 ლეოპარდია დარჩენილი. მათი უმრავლესობა სამხრეთ აფიკაში ცხოვრობს, სულ რაღაც 50 ლეოპარდია დარჩენილი ირანში, ხოლო აზიაში ცხოველთა ეს სახეობა აღარ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ზიმბაბვეში ბოლო 16 წლის მანძილზე ლეოპარდების რიცხვი 1 200-დან 179-მდე შემცირდა.

კვლევის ავტორები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს (IUCN) მოუწოდებენ, მოახდინოდნ ლეოპარდების ხელახალი კატეგორიზაცია. ისინი აღნიშნავენ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ,,დაუცველი ჯიშის“ კატეგორიიდან „გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ“ კატეგორიაში გადაჯგუფება.

იმის გამო, რომ ლეოპარდები ერთ-ერთი ყველაზე ფართო სპექტრის მტაცებელი ცხოველები არიან, ისინი დაცული ტერიტორიების მიღმა ცხოვრობენ. ლეოპარდების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამო, რომ მათ ფერმერებთან შებრძოლება უწევთ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია გარეულ ცხოველებზე ნადირობაც.

კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ლეოპარდებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ, ლეოპარდის ლეკვებით უკანონო ვაჭრობაა. ლეოპარდის ნაშიერის ფასი შავ ბაზარზე დაახლოებით 10 000 აშშ დოლარია. ლეოპარდის დაცვის ფონდის ინფორმაციით, აფრიკიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში გაყიდვის მიზნით ლეოპარდის 1 200 ლეკვი გაიყვანეს, თუმცა დაახლოებით 85 პროცენტი მგზავრობისას დაიღუპა.

აღნიშნული კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიოფოტო

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი 10 სამეცნიერო ფოტო

 

2016 წელი, მომხდარი სამეცნიერო გარღვევების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ასევე  მნიშვნელოვანია სამეცნიერო ფოტოები, რომელიც წელს გავრცელდა.

ცხოველთა საყაროში შემავალი სხვადასხვა არსება დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნებით მოქმედებს – ეს არის უნარი, რომელიც მაგნეტორეცეპტორის სახელითაა ცნობილი. კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსის, ჯო კირსქვინკი ცდილობს გაარკვიოს, აკეთებენ თუ არა ადამიანები იგივეს. ფოტოზე აღბეჭდილია თუ როგორ ცდის კირსქვინგი  ელექროხვეულების მოწყობილობისგან გამომუშავებულ მაგნიტურ ველს, მისი ტვინის ტალღების ჩანაწერს კი ელექტროენცეფალოგრამა ახორციელებს.

 

ეს პატარა არსება – Solenodon “კუნძულელი მკვლელის“ ახლო ბიძაშვილია, რომელიც Nesophontes-ის გვარის სახელითაა ცნობილი. ისინი კარიბში მწერების მასშტაბური მკვლელები იყვნენ. მეცნიერები Nesophontes-ის გამოსაკვლევად განმარხებულ დნმ-ს იყენებენ. ისინი 5 საუკუნის წინ გადაშენდნენ.

ახალი 3D პრინტერის შესაძლებლობების დემონსტირების მიზნით მეცნიერების მიერ შექნილი ყური.

სანაპირო ნისლი წარმოადგენს მიმზიდველ ფონს კლიმატის ყველა მეცნიერებისთვის: თუ რა ზეგავლენას ახდენს ნისლისა და ღრუბლების ურთიერთქმედება გლობალურ დათბობაზე. აგვისტოში ნასას ხომალდმა ამ საიდულოს კვლევის მიზნით ნამიბიის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ბუნებრივი ატმოსფეროს ლაბორატორიის შეისწავლა დაიწყო, სადაც აფრიკის ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლის საფარია.

მაშინ, როცა ნიგერია პოლიოს დამარცხების შესახებ განაცხადის გაკეთებას აპირებდა, ქვეყანაში დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეცნიერებმა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში კატასტროფის მანქანა – „ქარის კედელი“ შექმნეს, რომელიც ისე უბერავს, როგორც მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი და რომელიც მეცნიერებს ზოგიერთი დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენის ფენომენის ახსნაში ეხმარება.

ადამიანები არ არიან ერთადერთი პრიმატები, რომლებსაც საკითხავი სათვალეები სჭირდებათ. ჩვენს უახლოეს ბიძაშვილებს, ბონობოსებსაც აქვთ ასაკში მხედველობის პრობლემა. ფოტოზე აღბეჭდილია მაიმუნების წყვილი, ერთ-ერთი მეორეს მხედველობას ისე უსინჯავს, თითქოს ოფთალმოლოგი იყოს.

ლიქენები უცნაური ფორმისაა. ეს არის სიმბიოზური პარტნიორობა სოკოსა და წყალმცენარეს შორის. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ მის საიდუმლოს.

ნეხვის ხოჭო, რომელიც ცნობილია ძროხის, სპილოსა და სხვა ცხოველების ნეხვის ჭამით, 115 მილიონი წლის წინ  დინოზავრის ნეხვით იკვებებოდა.

ნასამ მთვარის ბნელი მხარის ფოტო გაავრცელა, სადაც ბევრი სხვადასხვა ზომის კრატერი ჩანს.

 

წყარო: http://www.sciencemag.org/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწარელიგია და მეცნიერება

„2016 წელს დედამიწა 1000 წლით არსებობას შეწყვეტს“

შეთქმულების თეორეტიკოსი აცხადებს, რომ იესო დედამიწაზე ამ თვეში დაბრუნდება, თავის ხალხს ზეცაში აიყვანს და პლანეტას 1,000 წლის განმავლობაში სტერილურს გახდის.

ქრისტიანი პროგრამისტი ნორა როსის მტკიცებით, მან რთული გამოთვლები ჩაატარა, რომელიც ცხადყოფს, რომ აპოკალიფსი 2016 წლის ბოლოს მოხდება.  „დედამიწა ათასწლეულის განმავლობაში დაისვენებს,“ – აცხადებს როსი.

„2016 წლის შემოდგომაზე 6,000 წლიანი ცოდვა დასრულდება, მარადიული სიმართლე გამეფდება და იესო თავის ხალხს ზეცაში აიყვანს,“ -წერს როსი საკუთარ ვებსაიტ- MarkBeast-ზე.

ქალბატონი როსის გათვლები დანიელის ბიბლიის იმ ნაწილს ეფუძნება, სადაც ებრაელი ხალხის ბაბილონში გადაადგილებაზეა საუბარი. ბიბლიის მიხედვით გაბრიელი აცხადებს : „ცოდვების ბოლოს მოსაღებად სამოცდაათი შვიდეული გამოცხადდა.“

ნორა როსი აცხადებს, რომ შვიდეული არის საიუბილეო ციკლი, რომელიც დროის ერთეული გახლავთ.

ბიბლიაში წერია, რომ სამუშაო კვირა უნდა შედგებოდეს ქვსი დღისგან, ხოლო კვირა დღე დასვენების დღეა. ეს უფრო ფართო მასშტაბითაც ვრცელდება, როსი აცხადებს, რომ „უფალმა უთხრა ებრაელებს, რომ მოსავალი თავიანთ მიწებზე 6 წლის განმავლობაში მოეყვანათ, ხოლო მეშვიდე წელს მიწა დაესვენებინათ. საიუბილეო ციკლი შედგება შვიდი ერთეულისგან, რომელსაც შესვენების წელი (50 წელი) მოჰყვება. 70 იუბილე ქრისტეს შობამდე 1416 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა უფლის შვილები ქანაანში შევიდნენ და 3, 431 წლის შემდეგ ანუ ახალი წელთაღრიცხვით 2016 წელს დასრულდება.“

როსის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს გათვლები საკმარის მტკიცებულებებს არ შეიცავს და შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მათი განცხადებით, აქამდეც არაერთ თეორეტიკოსს უწინასწარმეტველებია სამყაროს აღსასრული, თუმცა, საბედნიეროდ, დედამიწა და მისი მოსახლეობა არსებობას განაგრძობს.

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

,,ადამიანის წინაპარი „ლუსი“ ხეზეც ცოცავდა და მიწაზეც დადიოდა”

მეცნიერებმა, რომლებმაც ავსტრალოპითეკ ლუსის განმარხებულ ძვლებზე დახვეწილი სკანირების ტექნოლოგია გამოიყენეს, დაადგინეს, რომ მას შეეძლო ხეებზე ცოცვა ისე, როგორც ფეხით სიარული, რაც, სავარაუდოდ, ლუსის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

ოთხშაბათს მკვლევარებმა ლუსის 3,18 მილიონი წლის ნაშთის ანალიზის შედეგების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის სახელითაა ცნობილი.

ლუსის მკლავის ძვლების სკანირებამ აჩვენა, რომ ისინი შიმპანზეს ძვლების მსგავსად იყვნენ აგებული, რაც იმაზე მეტყველებს რომ ამ სახეობის წევრები თავიანთი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ხეებზე ცოცვაში ატარებდნენ და ტოტებზე თავის ასაზიდად მკლავებს იყენებდნენ.

ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი მაიმუნისა და ადამიანის მსგავსი თვისებების კომბინაციას წარმოადგენდა. მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ მათი ტერფები თავდაყირა ორი ფეხით სიარულისთვის იყო ადაპტირებული, თუმცა აინტერესებდათ, ატარებდნენ თუ არა ისინი დროს ხეებზე, თავიანთი წინაპრების მსგავსად.

შიმპანზეები, რომლებიც ადამიანის ყველაზე უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან, ხეებზე დიდ დროს ატარებდნენ.

მკვლევარებმა ტეხასის უნივერსიტეტში ლუსის ნაშთზე მაღალი რეზოლუციის რენტგენის CT სკანირება მოახდინეს და შედეგები თანამედროვე ადამიანისა და შიმპანზეს ძვლების შესახებ არსებულ მონაცემებს შეადარეს.

„დებატები იმის შესახებ, ცოცავდა, თუ არა ლუსი ხეზე,  42 წელია მიმდინარეობს  ანუ მას შემდეგ, რაც მისი ნაშთი აღმოაჩინეს – ჩვენმა კვლევამ ამ დებატებს წერტილი დაუსვა“, -განაცხადა ტეხასის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ჯონ კაპელმანმა.

კაპელმანმა რამდენიმე თვის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რომ ლუსის გარდაცვალების მიზეზი ის დაზიანებები გახდა, რაც მან ხიდან ჩამოვარდნისგან მიიღო. მეცნიერი ამტკიცებს, რომ დაახლოებით 1.07 მეტრი სიმაღლის  ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი საკვებს მიწაზე მოიპოვებდა, ხოლო ღამით თავშესაფრად ხეებს იყენებდა.

,,ადრეული ჰომინინები მიწაზე ორი ფეხით დადიოდნენ, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვან დროს ხეზე ცოცვაში ატარებდენ,“ – განაცხადა კაპელანმა.

წყარო:  Reuters

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

,,ეს არის ყველაზე დიდი გაქრობა, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაში დაფიქსირებულა”

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის გარშემო მდებარე თბილმა ზღვებმა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მარჯნის 700 კმ-იანი მონაკვეთის ორი მესამედის სიკვდილი გამოიწვია.

ამის შესახებ მეცნიერებმა სამშაბათს განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი გაქრობა, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაში დაფიქსირებულა.

,,მარჯანი ძირითადად მოხარშულია,” განაცხადა ჯეიმს კუკის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერმა პროფესორმა ენდრიუ ბეირდმა.

მკვლევარების ინფორმაციით, გაუფერულება ხდება, როდესაც წყალი ძალიან თბილია, რის გამოც მარჯნიდან წყალმცენარეების განდევნა ხდება, იწვევს მარჯნის ჩაკირვასა და გათეთრებას.

მეცნიერები შიშობენ, რომ გლობალური დათბობისგან გამოწვეული ზღვის ტემპერატურის ზრდის შედეგად დაზიანება იმატებს და წყალქვეშა ეკოსისტემებს აღდგენის უნარი აღარ აქვთ.

მაისში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა ავსტრალიის მთავრობას რიფის დაცვის განახლებისკენ მოუწოდა.

კლიმატის მეცნიერები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ზრდა გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ავსტრალია ნახშირორჟანგის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, რადგან ქვეყანაში არსებული ჰესები ქვანახშირზე მუშაობენ.

„კლიმატის ცვლილება დიდ ბარიერულ რიფის კლავს“, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35
Page 33 of 35