close

დედამიწა

ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლია

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორაგულში აღმოაჩინეს მედუზას მსგავსი პარაზიტი, რომელსაც მიტოქონდრიალური გენომი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ სუნთქავს, ანუ შეუძლია ისეთ გარემოში ცხოვრობა, სადაც ჟანგბადი არ არის .

ჰენიგუია სალმინიკოლა (Henneguya salminicola) გახლავთ დღემდე აღმოჩენილი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიტოქონდრიალური გენომის გარეშე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უცნაური პარაზიტის აღმოჩენა არა მარტო ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ, არამედ ზეგავლენას ახდენს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნის პროცესზეც.

ჰენიგუია სალმინიკოლა ჰიდროიდია – ანუ განეკუთვნება ცოცხალი ორგანიზმების იმავე კატეგორიას,  რომელსაც განეკუთვნებიან მედუზები, ფრინტები და მარჯნები. აღსანიშნავია, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მეცნიერებმა ჰენიგუია სალმინიკოლა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზისა და ფლუორესცენტული მიკროსკოპიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას დაკარგული ჰქონდა მიტოქონდრული გენომი, აერობული სუნთქვის უნარი და ასევე ყველა ნუკლეარული გენი, რომელიც მიტოხონდრიის ტრანსკრიპციასა და რეპლიკაციაშია ჩართული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებობს სულ მცირე ერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში ყველაზე ღრმად ბინადარი თევზი გადაიღეს

იაპონიის სიახლოვეს, იძუ-ოგასავარას ღრმულში მეცნიერებმა ლოკოკინა თევზები რეკორდულ სიღრმეზე გადაიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა დასავლეთ ავსტრალიისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. მათ ოკეანეში ავტომატური კამერა ჩაუშვეს, რომელმაც თევზები 8 336 მეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. შედეგად, ზღვის ლოკოკინა გახდა თევზი, რომელიც ოკეანეში ყველაზე დიდ სიღრმეზეა გადაღებული.

მეცნიერებმა ახალი რეკორდსმენის დაჭერა ვერ მოახერხეს, თუმცა 8 022 მეტრის სიღრმეზე რამდენიმე თევზის მოპოვება შეძლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ზღვის ლოკოკინების სახეობა Pseudoliparis-ის წარმომადგენლები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეკორდსმენი თევზი აღმოაჩინეს სიღრმეზე, რომელიც მაქსიმუმია ნებისმიერი თევზის არსებობისთვის და თუ მომავალში ეს რეკორდი შეიცვლება, ეს მაქსიმუმ რამდენიმე მეტრით მოხდება.

აქამდე ეს რეკორდი ამავე ოჯახის წარმომადგენელ თევზს ეკუთვნოდა, რომელიც მარიანის ღრმულში, 8 178 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში უჩვეულო არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანის ქვეშ დამალული უჩვეულო არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინეს. მათ შორისაა უცნაური სახეობის ჭიები, ლოკოკინები და სიღრმეებში მცხოვრები რვაფეხები. ეკოსისტემა ჰიდროთერმული ხვრელების ქვეშ მდებარეობს.

მეცნიერების თქმით, ეს ჰიდროთერმულ ხვრელებში ეკოსისტემის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

„ახალი ეკოსისტემის ეს მართლაც შესანიშნავი აღმოჩენა, რომელიც იმალება სხვა ეკოსისტემის ქვეშ, გვაძლევს ახალ მტკიცებულებას, რომ სიცოცხლე წარმოუდგენელ ადგილებში არსებობს“.

მკვლევარებმა ჰიდროთერმული არხები 1977 წელს, წყნარი ოკეანის გამოკვლევისას აღმოაჩინეს. ექსტრემალური ტემპერატურის მიუხედავად, რომელიც 368 გრადუსს შეადგენს, მეცნიერებმა კვებითი ჯაჭვები აღმოაჩინეს.

მიუხედავად ამისა, არავის უფიქრია არხების ქვედა ტერიტორიის შესწავლა.

მისიის ფარგლებში, ოკეანის ფსკერის კვადრატის გასასუფთავებლად მეცნიერებმა რობოტული მკლავი გამოიყენეს.  შემდეგ კი ბადის ყუთები ნაპრალებში მოათავსეს. მოგვიანებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღრუს ქვეშ მცხოვრები ცხოველები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არსებები ნაპრალებიდან ჩამოვიდნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ერთ-ერთი რაიონის, სახელწოდებით კარიტონ-კლიპერტონის შესწავლისას, დაახლოებით 5000 სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ უც­ნა­ურ არ­სე­ბებს შო­რის არი­ან ჭი­ე­ბი, მარ­ჯნე­ბი და ჰო­ლო­თურიები(ანუ ზღვის კიტ­რი).

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

არსება ტვინის გარეშე და 720 სქესით

ერთუჯრედიანი არსება, რომელსაც 720 სქესი აქვს, მაგრამ ტვინი არ გააჩნია.

ექსპონანტს, რომელსაც „ბლობი“ უწოდეს, არ აქვს პირი, მუცელი და თვალები თუმცა საკვების აღმოჩენა და გადამუშავება შეუძლია.

„ბლობი“ სოკოს ჰგავს, მაგრამ ცხოველის მსგავსად მოქმედებს. იგი ფეხების გარეშე მოძრაობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უნცაური თვისება, რაც ამ არსებას გააჩნია არის ის, რომ ორ ნაწილად გაჭრის შემთხვევაში ორ წუთში სხეულს იხორცებს.

ზოოლოგები აცხადებენ, რომ „ბლობი“ ბუნების ერთ-ერთი ამოუცნობი და საიდუმლო არსებაა.

„ის გვაოცებს, არ აქვს ტვინი, მაგრამ აქვს გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი და თუ ორ „ბლობს“ გააერთიანებთ, ერთი მეორეს საკუთარ ცოდნას გადაცემს,“ – განაცხადა პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ბრუნო დევიდმა.

მეცნიერების განმარტებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ბლობი“ მცენარე არაა, თუმცა ძნელია იმის მტკიცება, რომ ის ცხოველი ან  სოკოა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად სოკოს ჰგავს, ამ უცნაურ არსებას ცხოველის თვისებები ახასიათებს – მას გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი აქვს.

წყარო : Reuters

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერები ვეშაპს მისსავე „ენაზე“ დაეკონტაქტნენ

რა საერთო აქვს ვეშაპების ექსპერტებს და არამიწიერ ცივილიზაციათა მძებნელებს? იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ.

ახალ კვლევაში ძალები გააერთიანეს დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტისა, ალასკის ვეშაპების ფონდის (Alaska Whale Foundation) და SETI-ს (გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა) მეცნიერებმა.

მიზანი ვეშაპებთან კომუნიკაციის დამყარება იყო. მათ ეს მოახერხეს.

საეტაპო ექსპერიმენტში, მკვლევართა ჯგუფი 20 წუთის განმავლობაში, საკუთარ ენაზე „ესაუბრა“ კუზიან ვეშაპს, სახელად ტუეინს.

რა თქმა უნდა, ტუეინს და მეცნიერებს ამინდზე ან თევზებს შორის მოარულ უახლეს ჭორებზე არ უსაუბრიათ — ამ დონემდე მისაღწევად ჯერ ძალიან ადრეა.

თუმცა, რაც მოხდა, ნამდვილად ღირსშესანიშნავია.

მეცნიერებმა ნავი ალასკის სანაპიროსთან გააჩერეს და ე. წ. საკონტაქტო ზარი გაუშვეს, რათა ენახათ, გამოეხმაურებოდა თუ არა რომელიმე ვეშაპი.

კვლევის ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ვეტერინარული სკოლის პროფესორის, ბერნდა მაკკოუანის განცხადებით, საკონტაქტო ზარები დაახლოებით ისეთია, როგორც ადამიანები კითხულობენ ერთმანეთს. ვეშაპები მას სხვა ვეშაპების დასაძახებლად ან მათი ადგილმდებარეობის გასაგებად იყენებენ.

„ისინი კუზიან ვეშაპთა სოციალურ რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიგნალებია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ალასკის ვეშაპების ფონდის მკვლევარი ფრედ შარპი.

მართლაც, ტუეინმა წყლიდან ამოყვინთა და ნავის გარშემო დაიწყო ცურვა. შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, მეცნიერებმა იგივე საკონტაქტო ზარი 36-ჯერ გაუშვეს დროის სხვადასხვა ინტერვალებით. ტუეინი ყოველ ზარს პასუხობდა, ახლო ინტერვალებში გაშვებულებსაც კი.

ტუეინი სიგნალებს 10 წამის შემდეგ ეპასუხებოდა; მაკკოუანის განცხადებით, ინტერვალების ამ ტიპის დამთხვევა იმას ნიშნავს, რომ ვეშაპი კომუნიკაციაში იყო ჩართული.

„ნამდვილად იგრძნობოდა, რომ ის ჩვენ გვისმენდა. იმედი გვაქვს, რომ გრძნობდა კიდეც. ეს გახლავთ პირველი ასეთი კომუნიკაცია ადამიანსა და კუზიან ვეშაპებს შორის, ვეშაპების ენაზე“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან?

კვლევის თანაავტორის, SETI ინსტიტუტის მკვლევრის, ლორენს დოილის განცხადებით, შესაძლოა, ტუეინის ქცევა ისეთი იყოს, როგორიც ადამიანის იქნებოდა არამიწიერი ცივილიზაციის კონტაქტის შემთხვევაში.

„გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში მნიშვნელოვანია მოსაზრება, რომ ისინი დაინტერესებული იქნებიან კონტაქტის დამყარებით, რისთვისაც მიზანში ჩვენს მიმღებებს ამოიღებენ, დაახლოებით ისე, როგორც ტუეინმა უპასუხა საკონტაქტო ზარს“, — წერენ მკვლევრები.

დოილი და მისი კოლეგები SETI-დან, ვეშაპებთან და სხვა ცხოველებთან მუშაობენ, რათა ინტელექტის ფილტრები შექმნან, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში.

თუკი არამიწიერ ცივილიზაციებს ნაპოვნი ვყავართ, სიგნალებს გვიგზავნიან და კომონიკაციას ცდილობენ, შეიძლება ვერც კი შევნიშნოთ, რადგან არ ვიცოდეთ, რას ვეძებთ.

ინტელექტის ამ ფილტრების სრულყოფით, მეცნიერებს მათი გამოყენება კოსმოსიდან მოსულ ხელოვნურ სიგნალთა იდენტიფიცირებაში დაეხმარება, არამიწიერ რასასთან პირველი კონტაქტის დამყარების მცდელობისას.

„ამ პლანეტაზე მრავალგვარი ინტელექტია და მათი შესწავლით, შეგვიძლია უკეთესად გავიგოთ, როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი ინტელექტი, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ის ზუსტად ჩვენნაირი არ იქნება“, — ამბობს მაკკოუანი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში

დედამიწის გარშემო მაგნიტური ველი მაგნიტოსფეროშია კონცენტრირებული. მას, მზის ქარის გავლენით, ერთ მხარეს წაგრძელებული სტრუქტურა აქვს, რომელსაც, ამგვარი ფორმის გამო, კუდს უწოდებენ. როგორც წესი, ამ რეგიონში მაგნიტური შტორმები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბოლო წლებში მეცნიერებმა იქ უცნაური რამ შენიშნეს.

საქმე ისაა, რომ სპეციალისტებმა ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროს კუდის მიმდებარედ ქვეშტორმის კვალი დააფიქსირეს, მაგრამ თავად შტორმს ვერა და ვერ მიაგნეს. ამ ფენომენს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისიის ფარგლებში იკვლევენ, რომელიც 4 ხელოვნურ თანამგზავრს აერთიანებს. ისინი რაკეტა Atlas V-ით 2015 წელს გაუშვეს.

თითოეული ეს ზონდი მაგნიტოპაუზას აკვირდება, რომელიც მაგნიტოსფეროსა და მისი გარემომცველი პლაზმის ერთგვარი მიჯნაა. ამ რეგიონში მაგნიტური ველის ხაზებია მოქცეული, რომლებიც ერთმანეთს შორდება და შემდეგ ისევ ერთიანდება. ეს სითბოსა და კინეტიკურ ენერგიას წარმოქმნის, რასაც ქვეშტორმები ეწოდება.

2017 წელს MMS-მა სწორედ ასეთი მოვლენებისთვის დამახასიათებელი მაგნიტური შეერთებები დააფიქსირა, მაგრამ შტორმი — ვერ. ისინი ძლიერი ელექტრული აქტივობითა და მაგნიტური ველის ცვლილებებით ვლინდება, მაგრამ მეცნიერებს ასეთი რამ არ შეუნიშნავთ.

“მაგნიტური ველის ხაზების გადაადგილებას გლობალური მასშტაბით არ დავკვირვებივართ. შესაბამისად, შესაძლოა, ეს უჩვეულო ქვეშტორმი ძალიან ლოკალიზებული ყოფილიყო…

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენს წარმოდგენას შეცვლის იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან კუდის ხელახალი შეერთებები და ქვეშტორმები”, — აცხადებენ მკვლევრები.

მომდევნო წელს MMS დედამიწის მაგნიტური ველის ხაზების ხელახალი შეერთებების შესახებ დამატებ ინფორმაციას მოიპოვებს. მეცნიერები პარალელურად სიმულაციებს შექმნიან, რომელთა დახმარებითაც მაგნიტოსფეროში მიმდინარე პროცესებს უკეთ გამოიკვლევენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი კვლავ დაიძრა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც როდ-აილენდის შტატზე დიდია, სამი ათწლეულის შემდეგ პირველად ისევ დაიძრა.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.

და აი ახლა, სატელიტური სურათებით ჩანს, რომ აისბერგი ისევ დაიძრა.

უედელის ზღვის აისბერგების უმეტესობის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება. საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა აისბერგი, ის დადნება.

აისბერგის მოულოდნელი გააქტიურების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“მე მინდოდა გამეგო თუ რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი, მაგრამ ზუსტი პასუხი არავის აქვს”, — თქვა ენდრიუ ფლემინგმა, დარგის ექსპერტმა.

სიტყვა აისბერგი მომდინარეობს ჰოლანდიური სიტყვიდან “ijsberg”, რაც ყინულის მთას ნიშნავს. ზოგადად, აისბერგი, რომელიც წარმოიქმნება ანტარქტიდაში, უფრო დიდი და ბრტყელი ფორმისაა. რაც შეეხება არქტიკას, იქ გაჩენილი აისბერგი უფრო პატარაა.

სტანდარტულად, აისბერგის მასის დაახლოებით 90 პროცენტი წყლის ზედაპირის ქვემოთაა.

ცნობისთვის, თავად A23a-ც კი მცირეა ყველა დროის უდიდეს აისბერგთან შედარებით. ყველა დროის უდიდესი აისბერგი 1956 წლის ნოემბერში გაჩნდა. თავიდან მისი მასშტაბები დაახლოებით ასეთი იყო: 335 კილომეტრი სიგრძეში და 97 კილომეტრი სიგანეში. მთლიანობაში, ფართობით 31 000 კვადრატული კილომეტრი. ეს სამჯერ აღემატება ჰავაის დიდ კუნძულს.

თუმცა, დღეს მოქმედი აისბერგებიდან ყველაზე დიდი A23a-ია.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწატექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ამინდის პროგნოზის ტრადიციულ მოდელებს სიზუსტეში პირველად აჯობა

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ამინდის პროგნოზის მოდელმა GraphCast პროგნოზების არსებულ მოდელებს სიზუსტეში პირველად აჯობა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, GraphCast-ი Google DeepMind-ის მეცნიერების არის შექმნილი. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ეს მოდელი ისტორიულ მონაცემებს სწავლობს და მათში არააშკარა კანონზომიერებების აღმოჩენა შეუძლია. ამის გამო, მისი პროგნოზები უფრო ზუსტია.

მსოფლიოში ამინდის პროგნოზირების ერთ-ერთ ყველაზე ზუსტად სისტემა High RESolution forecast (HRES) ითვლება, რომელსაც ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრი იყენებს. ეს სისტემა ე.წ. „რიცხობრივ პროგნოზს“ იყენებს, რაც სუპერკომპიუტერების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიური მონაცემების შემცველი განტოლებების ამოხსნას გულისხმობს.

თუმცა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოდელისგან განსხვავებით, HRES-ს დამოუკიდებლად „სწავლა“ არ შეუძლია, თანაც, სუპერკომპიუტერების გამოყენება ბევრ რესურსს მოითხოვს.

GraphCast კი მოწყობილობაზე Google Cloud TPU v4 10-დღიანი პროგნოზის შესადგენად 1 წუთზე ნაკლები სჭირდება – ანუ, ის ნაკლებ რესურსს ხარჯავს. საწყისი მონაცემებისთვის კი სისტემა დედამიწაზე ამინდის ორ ვითარებას იყენებს – მიმდინარეს და 6 საათის წინ არსებულს.

როდესაც მეცნიერებმა ამ ორი სისტემის პროგნოზები შეადარეს, აღმოჩნდა, რომ GraphCast-ი HRES-ზე ზუსტი 1380 პუნქტის 90,3%-ში აღმოჩნდა.

მეცნიერების აზრით, ეს გადამწყვეტი მომენტია ქარიშხლების, ციკლონებისა და ექსტრემალური ტემპერატურების პროგნოზირებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწის მანტიის ქვეშ უძველესი უცხოპლანეტური სტრუქტურის კვალი აღმოაჩინეს

მკვლევრები რახანია მიიჩნევენ, რომ მთვარე შემდეგნაირად შეიქმნა: 4.5 მილიარდი წლის წინ მარსის ზომის პროტოპლანეტა, სახელად თეია, თავდაპირველ დედამიწას შეეჯახა. შეჯახების შედეგად უამრავი ნამსხვრევი გაჩნდა, რომლებმაც თანდათანობით დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ფორმა მიიღო.

ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა. თავისთავად, მას ყველა მეცნიერი არ ეთანხმება.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა ახალი საინტერესო მტკიცებულება მოიპოვეს. მათი განცხადებით, მიგნება იმ თეორიას ამყარებს, რომ დედამიწის შიგნით, შესაძლოა, თეიას იმაზე დიდი ნატეხები ჩარჩენილიყო, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. სავარაუდოდ, ეს უძველესი კატასტროფის ნამდვილ ფიზიკურ მტკიცებულებას იძლევა.

გუნდმა მატერიის ორი უზარმაზარი ბურთულა, იგივე დიდი დაბალსიჩქარიანი პროვინციები (LLVP-ები) შეისწავლა. ისინი აფრიკის კონტინენტისა და წყნარი ოკეანის ქვეშაა ჩაფლული.

იმისათვის, რომ LLVP-ების შესაძლო წარმოშობისათვის მიეკვლიათ, მეცნიერებმა სითხის დინამიკის კომპლექსური სიმულაციები შექმნეს. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

სიმულაციის მიხედვით, დედამიწას თეიას ზომის ობიექტი რომ დასჯახებოდა, პროცესში საკმარისად ბევრი სითბო წარმოიქმნებოდა და დედამიწის შიგნეულობის ზედა ნაწილი სითხედ იქცეოდა. ამ შემთხვევაში თეიას დაახლოებით 10% დედამიწის სიღრმეებში ჩაიძირებოდა, დედამიწის ბირთვთან ახლოს.

ეს გამდნარი ნაწილები კონვექციური დინებების გამო აირეოდა და ზომაში მოიმატებდა, შედეგად კი ორი უზარმაზარი სტრუქტურა, ორი LLVP, წარმოიქმნებოდა.

წინა სიმულაციებით დაასკვნეს, რომ დედამიწის შიგნით დიდი ხნის წინ თეიას მხოლოდ მცირე კვალი დადნა. ახალ კვლევას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, მისი დაახლოებით 10% მოხვედრილიყო ჩვენს პლანეტაში — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა, დედამიწის მთლიანი მასის 2-3%.

ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ახალი თეორიის შესამოწმებლად შედარებით მარტივი გზა არსებობდეს.

კალტექის გეოფიზიკოსმა ციენ იუენმა, კვლევის ხელმძღვანელმა, ScienceAlert-თან საუბრისას ეს შემდეგნაირად ახსნა: მთვარის ფორმირებასთან დაკავშირებული სიმულაციების უმეტესობა იმაზე მიანიშნებს, რომ მთვარის მასალების დიდი ნაწილი იმ ობიექტისგან წამოვიდა, რომელიც დედამიწას შეეჯახა; შესაბამისად, სამომავლო მისიების ფარგლებში მეცნიერები მთვარის მანტიის ქვებსა და LLVP-ებს შეადარებენ ერთმანეთს, რათა გაიგონ, არის თუ არა ისინი საერთო წარმოშობის.

“თუკი მთვარის მანტიის ქვასა და LLVP-სთან დაკავშირებულ ბაზალტებს ერთი და იგივე ქიმიური ხელწერა აქვს, ორივე მათგანი თეიასგან უნდა იყოს წარმოშობილი”, — განაცხადა იუენმა The Guardian-თან საუბრისას.

უპასუხოდ კვლავაც ბევრი კითხვა რჩება. არც ყველა მეცნიერი ეთანხმება დასკვნას, რომ ორი LLVP უმთავრესად 4.5 მილიარდი წლის წინ მომხდარი შეჯახების ნარჩენებია.

სპეციალისტი რობინ კანუპი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ფიქრობს, რომ მკვლევართა მიგნებები ამაღელვებელი და პროვოკაციულია. მეორე მხრივ, იგი ხაზს უსვამს, რომ ჯერაც გაუგებარია, როგორ არ შეერეოდა თეიას ნამსხვრევები დედამიწის ქერქს მთელი 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მისი ჰომოგენიზაცია უნდა მომხდარიყო.

გეოდინამიკოსი მაქსიმ ბალმერი, რომელიც კვლევაში ჩართული ასევე არ ყოფილა, მიიჩნევს, რომ ობიექტი დედამიწას ბოლომდე არ შეერეოდა. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კვლევის ფარგლებში შერევის მასშტაბი სათანადოდ მაინც არაა შეფასებული.

არსებობს სხვა თეორიებიც. მათ თანახმად, დედამიწის მანტიის ქვედა ნაწილში არსებული გამდნარი მასალა ამ დროში ბუნებრივად წარმოშობდა სხვადასხვა სიმკვრივის ბურთულებს.

საბოლოო ჯამში, პლანეტის ისტორიაში გამორკვევა მართლაც ძალიან რთულია. პლანეტის ცენტრში ასე უბრალოდ ვერ ჩავაღწევთ. საკითხავია, რამდენად დაადასტურებს მთვარის ზედაპირზე მოპოვებული მტკიცებულებები მკვლევართა თეორიას.

ასეა თუ ისე, ისღა დაგვრჩენია, სამომავლო კვლევებს მივადევნოთ თვალი — ვინ იცის, რა იქნება შემდეგ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 35
Page 6 of 35