close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

ინვ-იტრო განაყოფიერების იაფი და მარტივი ალტერნატივა, რომლის მეშვეობითაც ავსტრალიაში ბავშვი დაიბადა

ერთი კვირის ბონი ლუტასი პირველი ბავშვია ავსტრალიაში, რომელიც შედარებით ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიის დახმარებით ჩაისახა. ასე მსოფლიოში ათეულობით ბავშვია დაბადებული, მიდგომა კი თანდათანობით უფრო პოპულარული ხდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მეთოდს CAPA-IVM (capacitation in-vitro maturation) ეწოდება. იგი ამჟამად დამკვიდრებული ტექნიკის, ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF), უფრო მარტივი და იაფი ალტერნატივაა; CAPA-IVM-ის მიზანია, ისეთ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც დაფეხმძიმება უჭირთ.

„ამ ბავშვის დაბადებას ყველა მოუთმენლად ველოდით”, – აცხადებს ბილ ლეჯერი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტი ფერტილურობის კუთხით – “ქალების სამეფო საავადმყოფო მსოფლიოში სულ რაღაც ექვსიდან ერთ-ერთი ადგილია, რომელიც CAPA-IVM-ს უზრუნველყოფს და ეს ავსტრალიაში პირველი ბავშვია, რომელიც ამ მეთოდით ჩაისახა”.

ტრადიციული IVF მიდგომის ფარგლებში ქალს ორი კვირის განმავლობაში უკეთებენ ჰორმონულ ინიექციებს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, საკვერცხის ფოლიკულიდან ერთი ან მეტი კვერცხუჯრედი წარმოიქმნება. კვერცხუჯრედებს შემდეგ აგროვებენ და სხეულს გარეთ ანაყოფიერებენ სპერმატოზოიდებით.

IVF მეთოდით პირველი ადამიანი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში. მას შემდეგ ამ გზით უკვე 8 მილიონზე მეტი ბავშვია ჩასახული.

მიუხედავად პოპულარობისა, ამ ტრადიციულ მიდგომას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში, იგი საკმაოდ ძვირი და მოუხერხებელია. ამას გარდა, არსებობს საკვერცხეების გადამეტებული სტიმულირების რისკიც, რაც მათ შეშუპებასა და ტკივილს იწვევს. არც ისე ხშირად, თუმცა IVF-ის შედეგად სხვადასხვა დაავადების (თუნდაც საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის) მქონე ადამიანებს უფრო მაღალი რისკები აქვთ და ჰორმონულ მეთოდებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.

ნაცვლად ცალკეული კვერცხუჯრედებისა, IVM-ის ფარგლებში განუვითარებელი უჯრედების ჯგუფებს, ე.წ. კუმულუს-ოოციტურ კომპლექსებს, აგროვებენ. ესენი მოუმწიფებელ კვერცხუჯრედსა და მხარდამჭერ უჯრედებს აერთიანებს, კვერცხუჯრედს კი სხეულს გარეთ მომწიფების საშუალებას აძლევს. შედეგად საკვერცხეების სტიმულაციის საჭიროება იკლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად IVM ბოლომდე ახალი არ არის. პირველი ბავშვი, რომელიც გარეთ დამწიფებული კვერცხუჯრედისაგან ჩაისახა, დაახლოებით 30 წლის წინ დაიბადა. ამის შემდეგ ამ მეთოდით 1300-ამდე ბავშვი გაჩნდა.

მსოფლიოს მეცნიერებმა არაერთი მიდგომა განიხილეს, რათა პროცედურა დაეხვეწათ და ჩასახვის შანსები გაეზარდათ.

„პრობლემა ისაა, რომ, როდესაც კვერცხუჯრედს ადამიანის სხეულიდან ვიღებთ, იგი ძალიან სწრაფად მწიფდება მაშინაც კი, როცა ამისათვის შეიძლება სულაც არ იყოს მზად. მეორე მხრივ, CAPA მეთოდი კვერცხუჯრედის განვითარებას 24 საათით აჩერებს. შესაბამისად, იგი უფრო ნელა იზრდება და უფრო ჯანსაღად მწიფდება”, – განმარტავს ლეჯერი.

რაც უფრო ჯანსაღია კვერცხუჯრედი, მით უფრო მეტია ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი. ნაკლები ინიექცია ნაკლებ რისკსშექმნის, ხარჯებს შეამცირებს და პაციენტებსაც ნაკლებ ხანს მოუწევთ, გვერდითი მოვლენები აიტანონ – გულისრევა, თავის ტკივილი, წამოხურებები და სხვ.

ეს გვერდითი ეფექტები არც ისე სერიოზულად ჟღერს, თუმცა მრავალი ჰორმონული ინიექცია პაციენტებისთვის ზოგჯერ ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია.

ბონის მშობლებისთვის, ლიანა და თეო ლუტასებისთვის, ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ ჰორმონთა ცვალებადობის გაძლება აღარ მოუწიათ.

„IVF-ის ხელახლა მცდელობამდე შესვენებას ვაპირებდი, რადგან არ მინდოდა, მგზავრობისას ჰორმონების გვერდითი ეფექტები მქონოდა”, – იხსენებს ლიანა – “როცა CAPA-IVM შემომთავაზეს, სასიამოვნოდ გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ ინიექციები მხოლოდ ორი დღით დამჭირდებოდა. მთლიანი პროცესი გაცილებით ნაკლებად შიშის მომგვრელი აღმოჩნდა”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისტორიაში პირველად, კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ბრაზილიელმა მეცნიერებმა ახალი ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს. ვაქცინა კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ შეიმუშავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ცნობისთვის, ბრაზილია კოკაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყნაა.

ვაქცინას Calixcoca ჰქვია და მან ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მკვლევრების თქმით, ვაქცინა იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინს თავის ტვინამდე მიღწევაში ხელს უშლის. ეს ნარკოტიკზე დამოკიდებულებს ნივთიერებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოკაინზე დამოკიდებულები ნივთიერების ეფექტს ვეღარ იგრძნობენ.

„თუ მკურნალობა მარეგულირებელის დასტურს მიიღებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კოკაინზე დამოკიდებულების მკურნალობა ვაქცინით მოხდება”, – თქვა ფრედერიკო გარსიამ, მკვლევარმა და ვაქცინის შემქმნელმა.

 

 

გასულ კვირას პროექტმა 500 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა. ეს ლათინური ამერიკის მედიცინის ინოვაციების დაფინანსებაა, რომელსაც Euro Health განაგებს.

ვაქცინა იმუნურ სისტემას ანტისხეულებს აწარმოებინებს, რომელიც სისხლის მიმოქცევაში კოკაინის მოლეკულებს აფერხებს. ანუ, მათ ზომაში იმდენად ზრდის, რომ ისინი ტვინამდე ვეღარ აღწევს.

მსგავსი კვლევები აშშ-შიც ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ცდები აღარ გაგრძელდა, რადგან აღინიშნა, რომ კვლევამ შესაბამისი შედეგები არ გამოიღო.

თუმცა, Calixcoca ეფექტიანი აღმოჩნდა და ახლა მის გამოცდას ადამიანებზე გეგმავენ.

ვაქცინის შემქმნელების თქმით, ამჟამად კოკაინზე დამოკიდებულების მოხსნის რეგისტრირებული პრეპარატი არ არსებობს. სპეციალისტებს ძირითადად ფსიქოლოგიური კონსულტაციის, სოციალური დახმარებისა და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენება შეუძლიათ. ახლა ვაქცინას ამ მხრივ რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

ვაქცინა ლაბორატორიაში შექმნილი ქიმიური ნაერთებით მზადდება და არა ბიოლოგიური ინგრედიენტებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება ბევრად უფრო იაფი იქნება, ვიდრე სხვა ვაქცინების.

მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალი ვაქცინის მიმართ ინტერესი დიდია და მათ უკვე 3 000-მდე ადამიანი დაუკავშირდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

დაიღუპა ისტორიაში მეორე ადამიანი, რომელსაც ღორის გული ჰქონდა გადანერგილი

პროცედურიდან 6 კვირის შემდეგ დაიღუპა კაცი, რომელსაც მსოფლიოში მეორეს გადაუნერგეს ღორის გული. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იგი თავს მშვენივრად გრძნობდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

58 წლის ლოურენს ფაუეტს გულის განუკურნებელი დაავადება ჰქონდა. მას გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან გული 20 სექტემბერს გადაუნერგეს. პაციენტი 30 ოქტომბერს დაიღუპა.

„ვგლოვობთ მისტერ ფაუეტის დაკარგვას, შესანიშნავი პაციენტის, მეცნიერის, სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანისა და ოჯახის კაცის, რომელსაც უბრალოდ სურდა, თავის მოსიყვარულე ცოლთან, ვაჟებთან და ოჯახთან ცოტა მეტი დრო გაეტარებინა”, – აცხადებს ბარტლი გრიფიტი, ქირურგი, რომელმაც მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა.

ფაუეტი პენსიაზე გასვლამდე ლაბორატორიის ტექნიკოსად მუშაობდა ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში. ოპერაციის შემდეგ იგი ფიზიკურ თერაპიას გადიოდა, რათა სიარული ისევ შესძლებოდა.

ცნობისთვის, ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება. შესაძლოა, ამ მეთოდის წყალობით ორგანოების დეფიციტი აღმოიფხვრას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ აშშ-ში 100 ათასზე მეტი ადამიანი ელის ორგანოების გადანერგვას.

ქსენოტრანსპლანტაცია საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოს თავს ესხმის. მეცნიერები პრობლემის გვერდის ავლას გენმოდიფიცირებული ღორების ორგანოების გამოყენებით ცდილობენ.

პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს, 2022 წელს დაიღუპა პროცედურიდან 2 თვის შემდეგ. ექიმებმა ეს ღორის გულის მიუღებლობას დაუკავშირეს. ივარაუდეს ისიც, რომ გართულებების მაპროვოცირებელი ფაქტორი ღორის ვირუსიც იყო.

მიუხედავად ფატალური შედეგებისა, ორივე ოპერაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანოების გადანერგვის პრობლემა აღმოფხვრადია. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის მოხერხდება ტექნიკის იმგვარად გაუმჯობესება, რომ პაციენტებს მეტხანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ხანდაზმული და ახალგაზრდა თაგვების სიხლის შეერთებით თაგვების სიცოცხლე გაახანგრძლივეს

მეცნიერებმა ხანდაზმული თაგვების სიცოცხლე მათი სისხლძარღვების ახალგაზრდა თაგვების სისხლძარღვებთან შეერთებით გაახანგრძლივეს და ფიქრობენ, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, მედიკოსები ხანდაზმულ ადამიანებში სხეულის გაახალგაზრდავების ახალ თერაპიებამდე მიიყვანოს.
მკვლევარებმა, მათ შორის დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან, აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა და ხანდაზმული თაგვების სისხლის მიმოქცევის სისტემების ქირურგიული გზით შეერთების პროცესს შეუძლია შეანელოს დაბერება უჯრედულ დონეზე და გაზარდოს ხანდაზმული ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 პროცენტით.
დასკვნები, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Aging, მიანიშნებს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ სისხლში კომპონენტებისა და ქიმიკატების კოქტეილით, რაც ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობას.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს ფაქტორები პოტენციურად შეიძლება გამოყოფილ იქნას როგორც სწრაფი სამკურნალო თერაპია სხეულის გასაახალგაზრდაველად და ხანდაზმული ადამიანებისთვის სიცოცხლის წლების გასახანგრძლივებლად.
“ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ პროცესს, რომელსაც ჰეტეროქრონული პარაბიოზი ეწოდება, შეუძლია შეანელოს დაბერების ტემპი, რასაც თან ახლავს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივება“, – განაცხადა დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერმა, კვლევის უფროსმა ავტორმა ჯეიმს უაითმა.
კვლევა ცდილობდა დაედგინა ჰეტეროქრონული პარაბიოზის სარგებელი – რომელიც შესრულებულია ორი სხვადასხვა ასაკის ცხოველის ქირურგიული შერწყმით, რათა ხელი შეუწყოს საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემას – იყო ხანმოკლე თუ უფრო ხანგრძლივი.
კვლევაში მონაწილე ახალგაზრდა თაგვი ოთხი თვის იყო, ხოლო უფროსი – ორი წლის. მეცნიერებმა დაკვირვების დროს დაადგინეს, რომ ხანდაზმულ თაგვებს ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გაუუმჯობესდათ და 10 პროცენტით მეტხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე თაგვების, რომლებსაც ეს პროცედურა არ გაუვლიათ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ნარჩუნდება განცალკავებიდან ორი თვის შემდეგაც და ასევე დააფიქსირეს, რომ რაც უფრო დიდხანს იზიარებდნენ ცხოველები სისხლის მიმოქცევას, მით უფრო დიდხანს გრძელდებოდა დაბერების საწინააღმდეგო სარგებელი მას შემდეგ, რაც ეს ორი ერთმანეთთან აღარ იყო დაკავშირებული.
კვლევის თანახმად, უჯრედულ დონეზეც, პარაბიოზის პროცესი, როგორც ჩანს, მკვეთრად ამცირებს სისხლის ასაკის ქიმიურ ნიშნებს.
წარმატებული შედეგის მიუხედავად, მეცნიერები პარაბიოზის პროცესის გამოყენებით ადამიანების დაწყვილებას არ გეგმავენ, რადგან ეს არა მხოლოდ არაპრაქტიკული, არამედ არაეთიკურიცაა, რადგან ნიშნავს 50 და 18 წლის ადამიანების დაახლოებით რვა წლის განმავლობაში დაწყვილებას.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდის შემდგომ პერიოდში ტვინის დაბინდვა სისხლში თრომბებს უკავშირდება

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევა მიანიშნებს, ე.წ. “ხანგრძლივი კოვიდის” ზოგიერთი საერთო სიმპტომი, მათ შორის ტვინის დაბინდვა და გადაღლილობა შესაძლოა, სისხლში ან ფილტვებში სისხლის შენადედების, თრომბების წარმოქმნით აიხსნას.
მეცნიერების განცხადებით, კვლევაში მონაწილე 1 837 ადამიანიდან, რომლებიც “კოვიდის” გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სისხლის ორი ცილა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი თრომბებია.
ითვლება, რომ ასეთი პაციენტების 16%-ს უჭირს აზროვნება, კონცენტრაცია ან დამახსოვრება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
ოქსფორდისა და ლესტერის უნივერსიტეტების კვლევითი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მათი დასკვნები ეხება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, საჭიროა შემდგომი გამოკვლევა, სანამ შეძლებენ რაიმე პოტენციური მკურნალობის შეთავაზებას ან დატესტვას, ისინი აკვირდებოდნენ კოგნიტურ პრობლემებს მხოლოდ 6 და 12 თვეში და ტესტებისა და კითხვარების მეშვეობით.
კვლევის ავტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ ჰარისონმა განაცხადა, რომ მაჩვენებლებისა და შესაძლო მექანიზმების იდენტიფიცირება “საკვანძო ნაბიჯია” პოსტ-კოვიდური პეროდის ტვინის დაბინდვის ასახსნელად, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ხანგრძლივი “კოვიდის” მრავალი განსხვავებული მიზეზი.
“კოვიდ 19”-ის ჰოსპიტალიზაციის შემდგომი კვლევა, რომელიც Nature Medicine-ში გამოქვეყნდა, ტვინის დაბინდვაში ცილა ფიბრინოგენსა და ცილის ფრაგმენტ D-დიმერის მაღალ დონეს ადანაშაულებს.
კვლევის ავტორმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, დოქტორმა მაქს თაქეთმა განაცხადა, რომ „ფიბრინოგენიც და D-დიმერიც ჩართულია სისხლის შედედებაში და, შესაბამისად, შედეგები ამყარებს ჰიპოთეზას, რომ სისხლის შედედება არის პოსტ-კოვიდური პერიოდის კოგნიტური პრობლემების მიზეზი.
“ფიბრინოგენი შეიძლება პირდაპირ მოქმედებდეს ტვინზე და მის სისხლძარღვებზე, მაშინ როცა D-დიმერი ხშირად ასახავს თრომბებს ფილტვებში და ტვინში არსებული პრობლემების მიზეზი, შესაძლოა, ჟანგბადის ნაკლებობა იყოს”, -განაცხადა მაქს თაქეთმა.
D-დიმერის მაღალი დონის მქონე პირები ასევე: უჩიოდნენ ძლიერ დაღლილობას და ქოშინს და როგორც წესი, უჭირდათ სამუშაოს შესრულება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგები აჩვენა აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამაც.

წყარო : bbc.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სპეციალისტების განმარტებით, ეგზემის შესახებ ხუთი რამის ცოდნაა აუცილებელი

რა არის ეგზემა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? ეგზემა არის კანის ანთებითი მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის სიმშრალეს, ქავილს, გამონაყარს, ქერცლიან ლაქებს, ბუშტუკებს და კანის ინფექციებს.
მნიშვნელოვანია, ეგზემის შესახებ 5 მნიშვნელოვანი რამ ვიცოდეთ:
1. ის არ მოქმედებს მხოლოდ ბავშვებზე
გაერთიანებულ სამეფოში ატოპიური ეგზემა ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთს და ყოველი 10 ზრდასრულიდან ერთს აწუხებს. „მიუხედავად იმისა, რომ ეგზემა ხშირად განიხილება, როგორც ბავშვობის დაავადება, ის ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. მთავარია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექის, რათა გააკონტროლოთ ეგზემა და შეიმუშაოთ კანის მოვლის ეფექტური რუტინა“, – აცხადებს ბროტანეთის ეგზემის ეროვნული საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ პროქტორი.
2. ეგზემა გადამდები არ არის
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ ეგზემა გადამდებია, თუმცა, ატოპიური ეგზემა არ არის გადამდები.
3. გარემო დიდ როლს თამაშობს
გარემო ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ეგზემის გამწვავება ან გააუარესოს ის. გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია: სტრესი, ზედმეტი სიცხე/სიცივე ან ტემპერატურის უეცარი ცვლილება, საპონი, შამპუნი, სამრეცხაო და საწმენდი საშუალებები, სუნამოები, მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, სინთეზური ქსოვილი და სახლის მტვრის ტკიპები.
4. ძნელია, არ მოიქავო
„ერთ-ერთი ყველაზე გამაგიჟებელი რამ, რისი თქმაც შეიძლება ეგზემით დაავადებულისთვის არის : „შეწყვიტე ქავილი“. ეს არც ისე მარტივია! აუტანელი, დაუნდობელი ქავილი ამ მდგომარეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია და პაციენტები მას წამებას უწოდებენ”, – აცხადებს , ენდრიუ პროქტორი.
5. ეს არის გონებრივი და ფიზიკური ბრძოლა
ეგზემით ცხოვრება ფსიქიკურად დამღლელია. ასევე ხშირია იმედგაცრუება, როდესაც აკეთებ ყველაფერს, რაც გითხრეს და ეგზემა მაინც არ განებებს თავს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეგზემის დაძლევის გზებია კარგი კვება და დატენიანება, რეგულარული ვარჯიში, დასვენება.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში 9-16 სექტემბერს ეგზემის ეროვნულ კვირეულს აღნიშნავენ, რომლის მიზანი აღნიშნული დაავადების მიმართ ცნობიერების გაზრდაა.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კაცი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, თავს კარგად გრძნობს

ექიმების თქმით, კაცი, რომელსაც ერთი თვის წინ ღორის გული გადაუნერგეს თავს მშვენივრად გრძნობს. პაციენტს, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს უარყოფითი მაჩვენებლები არ აღენიშნება. ეს ნიშნავს, რომ მისმა ორგანიზმმა გადანერგილი ორგანო მიიღო.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ცნობისთვის, 58 წლის კაცი მეორე პაციენტია, რომელსაც ასეთი გენმოდიფიცირებული ორგანო გადაუნერგეს. ეს ორგანოების გადანერგვის მხრივ უმნიშვნელოვანესია.

ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება და მას ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია. მხოლოდ აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების გადანერგვის მოლოდინშია.

გადანერგვის ორივე ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს.

კაცს სისხლძარღვთა დაავადება და შიდა სისხლდენის გართულებები ჰქონდა. ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა.

ოპერაციის შემდეგ კაცმა თქვა, რომ მისი ერთადერთი იმედი ღორის მოდიფიცირებული გული იყო და ახლა როგორც ჩანს, ამან გაამართლა.

ქსენოტრანსპლანტაცია რთულია, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოს თავს ესხმის. მეცნიერები პრობლემის გვერდის ავლას გენმოდიფიცირებული ღორების ორგანოების გამოყენებით ცდილობენ.

თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მაგალითისთვის, პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს 2022 წელს 2 თვის შემდეგ დაიღუპა. მაშინ ექიმები ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, ღორის ვირუსი ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, ორივე ოპერაცია იმედებს აჩენს, რომ ორგანოების გადანერგვის პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას.

ღორის გული ვირჯინიაში დაფუძნებულმა კომპანია Revivicor-მა შეიმუშავა. ბიოტექნოლოგიური კომპანია გენმოდიფიცირებულ ღორებზე მუშაობს. ექსპერტების თქმით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ამით მსოფლიოში ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა რეალურია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რატომ არის საჭირო რამდენიმე კვირა, რომ ანტიდეპრესანტით მკურნალობისას თავი უკეთ ვიგრძნოთ

SSRI-ები, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტთა ერთ-ერთი ჯგუფია. ცნობილია, რომ მათ მოქმედებას კვირები სჭირდება, სანამ მკურნალობის დაწყების შემდეგ რაიმე გაუმჯობესებას ვიხილავდეთ.

თუკი ამის მიზეზს გავიგებთ, ექიმები მეტი დამაჯერებლობით დაარწმუნებენ პაციენტებს, რომ მკურნალობა განაგრძონ, ეს კი უამრავ ადამიანს დაეხმარება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტეს და ადამიანებზე ამ ტიპის პირველი კვლევა ჩაატარეს.

მკვლევართა გუნდმა ჯანმრთელ ზრდასრულებს SSRI მედიკამენტი მისცა და ამის შემდეგ სინაფსებში, ანუ ნეირონულ კავშირებში, ფიზიკური ცვლილებები შეაფასა. დადგინდა, რომ SSRI-ების მიმღებ პირებში ნეირონული კავშირები თანდათანობით მატულობს ტვინის ახალ ქერქსა და ჰიპოკამპუსში. სწორედ ამან შეიძლება ახსნას, რატომაა ეფექტის შესაგრძნობად კვირები საჭირო.

SSRI-ები ტვინში სეროტონინის, ერთ-ერთი ნეიროტრანსმიტერის, დონეების გაზრდით აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ეს მედიკამენტები ყველა ადამიანს მაინც არ ეხმარება, ხოლო მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა მექანიზმით მუშაობს ისინ.

არსებობს მოსაზრება, რომ SSRI-ები ადამიანის ტვინში სინაფსების პლასტიკურობას ზრდის. ეს ნეირონული კავშირების ერთგვარი უნარია, დროთა განმავლობაში გაძლიერდეს ან შესუსტდეს. მიჩნეულია, რომ სინაფსების პლასტიკურობა დასწავლის, მეხსიერებისა და განწყობის რეგულაციისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს 32 ზრდასრულზე, რომელთაც დეპრესიის ისტორია არ ჰქონიათ. ცდისპირთა ნაწილს 20 მილიგრამ ესციტალოპრამს (ერთ-ერთი SSRI) აძლევდნენ 5 კვირის განმავლობაში, ნაწილს კი — პლაცებოს, ანუ რეალური ეფექტის არმქონე ყალბ მედიკამენტს შედეგების შესადარებლად. ხორციელდებოდა ორმაგად ბრმა კონტროლი.

მკვლევრებმა შემდეგ სკანირების სპეციალური ტექნოლოგია გამოიყენეს და ტვინში ცილის, სახელად SV2A-ის, დონეები შეამოწმეს. ეს მაჩვენებელი ტვინში სინაფსების არსებობაზე მეტყველებს. რაც მეტია ეს ცილა კონკრეტულ ადგილას, მით მეტია აქ სინაფსებიც.

სკანირებით დადგინდა, რომ ჯგუფებს შორის სინაფსების პლასტიკურობის ზრდა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მათ, ვინც ესციტალოპრამს იღებდნენ, ტვინის ახალ ქერქსა და ჰიპოკამპუსში მეტი SV2A ჰქონდათ, ვიდრე პლაცებოს მიმღებ ადამიანებს.

ახალი ქერქი, იგივე ნეოკორტექსი, ტვინის მოცულობის დაახლოებით ნახევარს იკავებს და საკმაოდ რთულად გასაგები სტრუქტურაა. იგი არაერთ რთულ ფსიქიკურ პროცესშია ჩართული, მათ შორის ემოციებში, სენსორულ აღქმასა და შემეცნებაში. ესციტალოპრამის მიმღებ პირებს ჰიპოკამპუსში (ეს სტრუქტურა დამახსოვრებასა და დასწავლაში გვეხმარება) მცირედით ჰქონდათ SV2A-ის სიხშირე მომატებული.

შესაბამისად, SSRI-ები სინაფსების სიხშირეს ზრდის ტვინის იმ რეგიონებში, რომლებიც დეპრესიას უკავშირდება.

საგულისხმოა, რომ განსხვავებების გაჩენას გარკვეული დრო დასჭირდა. კონტექსტისთვის, საშუალოდ 29 დღის განმავლობაში ორ ჯგუფს შორის SV2A-ის კონცენტრაციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.

ანალიზის მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც ესციტალოპრამს უფრო დიდხანს იღებდნენ, სინაფსების სიხშირეც უფრო მეტად იყო გაზრდილი.

მაშასადამე, მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ სინაფსები კვირების განმავლობაში იმატებს. შესაბამისად, სწორედ ასე შეიძლება ახსნას, თუ რატომაა საჭირო დრო, რომ ანტიდეპრესანტების მოქმედების შედეგი ვიხილოთ. მკვლევრებს პლაცებოს მიმღებ პირებში არანაირი შედეგი არ უხილავთ.

ექსპერიმენტი ჯანმრთელ ადამიანებზე ჩატარდა, რათა კლინიკურ სიმპტომებს ან ტვინის რაიმე პათოლოგიას დაბრკოლებები არ შეექმნა და უკეთ შეეფასებინათ სინაფსების პლასტიკურობაზე SSRI-ების გავლენა. სწორედ ამიტომ, დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, დეპრესიის მქონე ადამიანებშიც ანალოგიურად ხდება თუ არა; ასევე, არის თუ არა ეს დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

ნაშრომის ავტორებმა კვლევა ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის ევროპული კოლეჯის კონფერენციაზე წარადგინეს. რეფერირებად ჟურნალში იგი მალე გამოქვეყნდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“ძალიან ბევრი ადამიანი სვამს წნევის მარეგულირებელ საშუალებებს და ეს არ იცის” – გიორგი ღოღობერიძე

“მაგარი რაღაც უნდა გასწავლო: ხელები გამოსწიე წინ და დააკვირდი, ხომ არ კრთის შენი თითები და გაიხსენე, უახლოეს პერიოდში ფეხის კუნთების სპაზმი ხომ არ გქონია?! ამას ძალიან ხშირად მაგნიუმის დეფიციტი იწვევს” – გიორგი ღოღობერიძის რჩევები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერების თქმით, ვეგეტარიანული დიეტა გულის დაავადებებისა და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის ეფექტურია

სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ვეგეტარიანული დიეტა გულის დაავადებების, დიაბეტისა და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის ეფექტიანად აღიარეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 22 წლის განმავლობაში ჩატარებული 20 რანდომიზებული კვლევის შედეგების მეტაანალიზი განახორციელეს. მთლიანობაში ამ კვლევებში თითქმის 200 ადამიანი მონაწილეობდა აშშ-დან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, ახალი ზელანდიიდან და ჩინეთიდან.

როგორც მკვლევრებმა შენიშნეს, ტრადიციული კვებისგან განსხვავებით, ვეგეტარიანული დიეტები მნიშვნელოვნად ამცირებდნენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) დონეს, რომელსაც ასევე „ცუდ ქოლესტერინს“ უწოდებენ.

გარდა ამისა, რაციონიდან ხორცის ამოღების შემდეგ, კვლევის მონაწილეებმა, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი ჰქონდათ, წონაში დაიკლეს. ამასთან, მეცნიერების თქმით, ვეგეტარიანელებს სისხლში გლუკოზის ჯანსაღი ნორმა ჰქონდათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 95
Page 13 of 95