close

მედიცინა

მედიცინასაქართველო

ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები

თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს. ვიმედოვნებ, თვითშეზღუდვები მაინც დარჩება თუნდაც შარშანდელი გამოცდილებით, თავად მოსახლეობაც აღარ იქნება ისეთი თამამი. ძირითადი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ისეთი შეზღუდვების მოხსნაზე, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის გახსნასთან და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან. მატება იქნება თუ მოსახლეობა ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უარს იტყვის რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე. შეზღუდვები შეიძლება მოვხსნათ, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ. გამოიკვეთა საგანგაშო სიგნალები. როცა შემთხვევები ბევრი იყო და გვიჭირდა, პირბადის ტარების პროცენტი იყო 72, ერთ კვირაში ჩამოვიდა – 62 პროცენტი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის -პირბადის ტარებაზე და რეკომენდაციებზე უარის თქმა. მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება. გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი – თმის ცვენა

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი თმაზე – ამასთან დაკავშირებით ექიმი-დერმატოლოგი ნინო ლორთქიფანიძე, „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.

„გამოჩნდა კავშირი თმის ცვენასა და კორონავირუსს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხალხს ეშინია კლინიკაში მისვლის, ამის ფონზე მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია“- ამბობს ექიმი ნინო ლორთქიფანიძე.

“თმის ცვენის ბევრი ფორმა არსებობს.კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით გამოვლენილია დაავადება, რომელსაც დიფუზური ალოპეცია ეწოდება, რომლის დროსაც ზრდის ფაზიდან ცვენის ფაზაში გადადის თმა. ან დროს იმატებს თმის ცვენა და ნელნელა თხელდება თმის საფარი.

ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორი არის: მძიმე ინფექციის გადატანა და სტრესი. კოვიდ გადატანილ პაციენტებს  2-4 თვეში უვითარდებათ აღნიშნული პრობლემა.

ექიმის განცხადებით მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ეს ყველაფერი ნორმააა. გადატანილი ინფექციიდან და მასთან დაკავშირებული სტრესიდან, 6-ს თვეში პროცესი უნდა ალაგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდების ჩატარება გახდება საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

Apple აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ტელეფონმა შეიძლება ხელი შეუშალოს სამედიცინო მოწყობილობების მუშაობას, მათ შორის, კარდიოსტიმულატორებს

iPhone-ის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება გამოქვეყნდა Apple-ის გვერდზე. კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ iPhone შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გამოსცემენ ელექტრომაგნიტურ ველებს, რაც ხელს უშლის სამედიცინო მოწყობილობების ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგალითად, კარდიოსტიმულატორებისა და დეფიბრილატორების.

შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ iPhone 12-ის ოთხივე მოდელი უფრო მეტ მაგნიტს შეიცავს, ვიდრე ადრეული მოდელები, თუმცა ისიც ნათქვამია, რომ უფრო დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობებისთვის, ვიდრე iPhone-ის დანარჩენი ვერსიები.

Apple აცხადებს, რომ სამედიცინო მოწყობილობები შეიძლება შეიცავდეს სენსორებს, რომლებიც რეაგირებს რადიოტალღებზე. კომპანია ასევე რეკომენდაციას იძლევა iPhone-სა და MagSafe-ის ტელეფონის აქსესუარები განსაზღვრული მანძილით შორს დავიჭიროთ, ტელეფონი 6 დიუმი(15 სმ.), MagSafe–ის უსადენო დამტენის გამოყენებისას 15 დიუმი(37.5 სმ.).

,,Heart Rhythm Journal”– მა ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ხალხს აფრთხილებს, რომ ტელეფონი არ მოათავსონ პერანგის ჯიბეში. ”მიმართეთ თქვენს ექიმს და სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელს ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, გჭირდებათ თუ არა თქვენ სამედიცინო აპარატსა და iPhone– ს თუ MagSafe– ის სხვა აქსესუარებს შორის უსაფრთხო მანძილის დაცვა”,- აცხადებს Apple.

წყარო: CNN

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ჯანმო-მ AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალებით ვაქცინაციის დაწყება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი და ასევე შესაძლებელია მისი ჩართვა Covax-ის პროგრამაში, რომლის მიზანი  ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებაა.

„ახლა ყველა პირობა გვაქვს ვაქცინის სწრაფად გავრცელებისთვის, თუმცა ამისთვის ჯერ წარმოების გაზრდაა საჭირო,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძლება გამოყენებული იყოს 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მისი მხოლოდ 65, ზოგი კი 55 წლის ქვემოთ ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. უწყების ინფორმაციით, ვაქცინის ორ დოზას შორის გარკვეული პერიოდის დაცვა, რაც გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ხდება, მეტად ეფექტურს ხდის მას.

წინააღმდეგობა გამოიწვია ახალი შტამების მიმართ ნაკლები ეფექტურობის საკითხმა და განსჯის საგნად იქცა ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება ასაკოვან მოსახლეობაში და რა ინტერვალით უნდა მოხდეს მეორე დოზის გაკეთება. დავის საფუძველი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს, უკვე აანალიზებს დროის ჭრილში ვაქცინის შედეგების და ეფექტურობის მტკიცებულებებს. მისი შუალედური რეკომენდაციები ცხადყოფს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი საერთო ჯამში 63 პროცენტია.

ოქსფორდის ვაქცინა შეფასებულია, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“ მისი დაბალი ფასის გამო, ასევე იმის გამო, რომ მისი განაწილება შედარებით ადვილია, ვინაიდან, ზოგიერთი კონკურენტისგან განსხვავებით, Oxford/AstraZeneca-ს შენახვა სტანდარტულ მაცივრებშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის ჯანმო-მ Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა.

წყარო : theguardian.com   , BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ჯანმო AstraZeneca-ს ვაქცინის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების რეკომენდაციას იძლევა

Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი აჭარბებს ყოველგვარ რისკს და აცრა რეკომენდებულია გამოყენებისთვის, მათ შორის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიამ განაცხადა.

“იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი“ შუალედურ რეკომენდაციებში აცხადებს, რომ ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორ დოზად, პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი კი დაახლოებით 8-12 კვირა უნდა იყოს.

მათივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა კითხვები ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცეს და შესაბამისად, კომისია ვაქცინით იმ ქვეყნების მოსახლეობის აცრის რეკომენდაციასაც იძლევა, რომლებიც კორონავირუსის ახალ ვარიანტებს ებრძვიან.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისთვის ასაკობრივი ზღვარი დააწესა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ვაქცინის მოქმედების შესახებ სრულყოფილი მონაცემები ჯერჯერობით ყველა ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით არ არსებობს. გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, ნორვეგიამ და პორტუგალიამ განაცხადეს, რომ ისინი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს აცრიან. პოლონეთი ამ ვაქცინის 60 წლამდე, ესპანეთი და იტალია კი – 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაპოლიტიკა

ისრაელში შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი 95%-ით ეფექტურია

თელ ავივში იჩილოვის საავადმყოფო ირწმუნება, რომ მათ შექმნეს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, რომელიც ვირუსს კურნავს. პრეპარატის წინასწარი კვლევის შედეგებმა 96% ეფექტურობა აჩვენა.

პრეპარატი, სახელწოდებით EXO-CD24 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიბოს სამკურნალოდ მუშავდებოდა. პროფესორმა ნადირ არბერმა განაცხადა, რომ საავადმყოფომ შეისწავლა მედიკამენტის ეფექტურობა Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე და საშუალო დონეზე მყოფ პაციენტებზე. 30 პაციენტიდან, რომლებმაც აღნიშნული პრეპარატი მიიღეს, 29-ის მდგომარეობა 2 დღეში გაუმჯობესდა, ერთ პაციენტს კი უფრო დიდი ხანი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. 

კვლევის დადებითი შედეგების გათვალისწინებით, საავადმყოფომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და სასამართლო პროცესის გახანგრძლივება სთხოვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ხელოვანი ექიმი და მისი წარმატების ფორმულა

ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე მყოფი ამ თეთრფორმიანი გმირების შესახებ ჩემამდეც ბევრი დაწერილა და ზუსტად ვიცი, ამის შემდეგაც ბევრი დაიწერება. უძლევეს პროფესიებს შორის ნამდვილად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სამედიცინო სფეროს და მის დაუღალავ მუშაკებს, რომლებიც საკუთარი ხელებით ებრძვიან სიკვდილს და უმეტეს შემთხვევაში მათზე გამარჯვებით სიცოცხლეს გვიხანგრძლივებენ . ექიმობა ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და არჩევადი პროფესიაა . ამაზე ციფრებიც მეტყველებენ, თუმცა ქართული რეალობა იმასაც ხშირად გვახვედრებს, როგორ შეიძლება ნეპოტიზმა და სხვა მანიკიერებებმა ნიჭიერი თეთრხალათიანების გარეშე დაგვტოვოს.

ის სწორედ იმის ნიმუშია, როგორ არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და ყველა გამოწვევა საქმის უზომოდ დიდი სიყვარულით დაძლიო. გურამ ხუციშვილი 24 წლისაა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაასრულა და ენერგიულად აგრძელებს პროფესიულ განვითარებას. ამ ეტაპზე ავერსის კლინიკაში  პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილებაში, ასისტენტ ქირურგად მუშაობს, თუმცა ბევრი მიზანი, კიდევ უფრო მეტი გეგმა და იდეა აქვს .

პატარა ასაკში გულში გაჩენილ ოცნებებს ფრთები შეასხა და დიდი მონდომებით, ადამიანების სიყვარულით და შრომისმოყვარეობით ახლა ზუსტად იმ სფეროშია, რომლის გარეშეც თავი ვერც კი წარმოუდგენია. ალბათ , გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამღლელი ოპერაციებისა და საქმიანი დღის შემდეგ დრო მუსიკისა და ტანგოს ცეკვისთვისაც რჩება. გარდა ამისა გურამი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ზრუნავს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე და აუდიტორიას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

ახალგაზრდა მედიცინის მუშაკი თბილისი თაიმსს ესაუბრა თავის გამოცდილებასა და პროფესიულ სირთულეებზე, ასევე ამ სფეროებით დაინტერესებულებს წარმატების ფორმულაც გაგვიზიარა :

„  ჩემს საქმეზე  როდესაც ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება პატარა გურამი, მაშინ ალბათ მე-4 მე-5 კლასში ვიქნებოდი, რომელსაც წარმოედგინა საკუთარი თავი თეთრ ხალათში გამოწყობილი, კისერზე ფონენდოსკოპით, როგორ მიაბიჯებდა დიდი საავადმყოფოს დერეფანში ამაყად. პირველად ეს მრავალი წლის შემდეგ გავაანალიზე, როდესაც რეალურად დავინახე საკუთარი თავი თეთრ ხალათში ფონენდოსკოპით და მაშინ მივხვდი, რომ ოცნება ამიხდა. არვიცი რატომ, მაგრამ ექიმობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ვგრძნობდი შინაგანად ამ მოწოდებას და ეს მოტივაციაც არასდროს განელებულა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ირგვლივ ექიმი არავინ მყოლია, როგორც ხდება ხოლმე, ოჯახში ექიმები არიან და შვილებიც ქვეცნობიერად თუ ცნობიერით აგრძელებენ მათ გზას. ჩემს შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულად მოხდა ყველაფერი, მგონი ერთადერთი ექიმი ვარ ჩემს სანათესაო და საახლობლო წრეში .

  იყო ექიმი, ეს პირველ რიგში ძალიან დიდი ჯილდო და პატივია, რომელსაც ყველაფრის ფასად უნდა გაუფრთხილდე. ექიმის ღირსება და პატიოსნება ყველა მატერიაზე მაღლა უნდა იდგეს. მეორეს მხრივ, ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელსაც ვფიქრობ ყველა ექიმი უნდა იყენებდეს პროფესიულ საქმიანობაში, ლათინურად ასე გამოითქმის primum non nocere, რომელიც ქართულად ნიშნავს – პირველ რიგში არ ავნო. აქედან გამომდინარე, პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც რომ იყოს, ექიმი ვალდებულია დახმარების აღმოჩენამდე დარწმუნდეს, რომ მისი ჩარევა არ ავნებს პაციენტს და სარგებელი უფრო მეტი იქნება. ექიმის კარიერაში წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, ალბათ ისევე, როგორც სხვა დარგებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში მაინც შემორჩენილია ის მახინჯი ტრადიციები, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია. ეს მედიცინაში საკმაოდ ხელშესახებად შევიგრძენი. მახსენდება ერთი შემთხვევა, მაშინ ალბათ მე-3 კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლინიკის საოპერაციოში ვესწრებოდი ოპერაციას. მინდა გითხრათ, მაშინ იმდენად დიდი იყო იმის სურვილი, რომ ოპერაციებზე დასწრების შანსი მქონოდა და ცალი თვალით მაინც დამენახა როგორ მუშაობდნენ ქირურგები, რომ საოპერაციოს სანიტრად დავიწყე მუშაობა. იქ მყოფ თანამშრომლების უმეტესობას უკვირდა ერთადერთი ბიჭი სანიტარი ვიყავი. ამ დროს ერთხელ შემამჩნია ერთმა ქირურგმა და მკითხა თუ მქონდა სურვილი რომ ოპერაციაზე მათ გვერდით ვმდგარიყავი, ისე გამიხარდა თავი ნამდვილი ქირურგი მეგონა, თუმცა ოპერაციის დასაწყისში როდესაც მთავარი ქირურგი შემოვიდა საოპერაციოში, დამინახა თუ არა, მისი პირველი კითხვა იყო – “ შენ ვისი ბიჭი ხარ?”. იმ დღის მერე მის ოპერაციებზე ისევ სანიტრის როლი მერგო. თუმცა ვთვლი, რომ დაუღალავი შრომით და დასახული მიზნისკენ მუხლჩაუხრელი სწრაფვით ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია არ გაჩერდე.

ამჟამად პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ვმუშაობ, დილა იწყება ოპერაციებით. დღეში რამდენიმე ოპერაცია გვაქვს. ხანდახან ხდება ისეც, რომ ოპერაცია 12-15 საათს გრძელდება და სახლში გვიან ღამით ვბრუნდები, რა თქმა უნდა უდიდესი კმაყოფილების გრძნობით. როგოც წესი, შუადღით ვამთავრებთ ოპერაციებს და როდესაც სახლში ვბრუნდები სწავლას და კითხვას ვუთმობ დარჩენილ დროს.

უნივერსისტეტში სწავლის დროს 3-4 წელი ვმუშაობდი ემერჯენსის განყოფილებაში. ეს იყო უდიდესი გამოცდილების და საექიმო უნარების გამომუშავების ღირებული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ემეჯენსულ სიტუაციებში მუშაობამ გამომიმუშავა ისეთი უნარები, როგორიცაა სწრაფად სწორი გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, პაციენტთან დამოკიდებულება და სხვა მრავალი. უამრავი პაციენტი, უძილო ღამეები, მძიმე შემთხვევები, ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, ბევრი მადლიერი პაციენტი, თუმცა პირველად ემერჯენსში ვნახე ასე ახლოს  სიკვდილიც. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს პირველად დავფიქრდი იმაზე, სწორად გავაკეთე თუ არა არჩევანი, გავმხდარიყავი ექიმი. იმდენად დიდი იყო სინანულის განცდა დაკარგული სიცოცხლის გამო. მთელი ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი, თუ რა დიდი ჯილდო და ასევე უზარმაზარი ტვირთია ექიმობა. თუმცა ასევე მახსოვს, მოხუცი პაციენტები, ღიმილიანი, სითბოთი სავსე თვალებით რომ მიმზერდნენ და ხელებს მიკოცნიდნენ. ეს ჩემთვის ყოველგვარ ჯილდოსა და ხელფასზე მეტია. ეს მარწმუნებდა ჩემი ცხოვრებისეული არჩევანის სისწორეში და ყოველდღიურად მმატებდა მოტივაციას.

პლასტიკური ქირურგობა ცოტა მოგვიანებით გადავწყვიტე. დღევანდელი დღესავით მახსოვს, მაშინ ემერჯენსში ვმუშაობდი მედძმად, შუაღამე იყო, როდესაც ჩვენთან მოიყვანეს პაციენტი მნიშვნელოვანი დაზიანებით ზედა კიდურზე, საჭირო გახდა პლასტიკური ქირურგის ჩარევა. იმ ღამეს პირველად დავესწარი პლასტიკურ ოპერაციას ასისტენტის ამპულაში. იმდენად დიდი იყო შთაბეჭდილებები და განცდილი ემოცია, რომ მივხვდი ეს ზუსტად ის საქმე იყო, რასაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გავაკეთებდი. ამისთვის კი უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგს თეიმურაზ გურჯიძეს, რომელმაც რეალურად მაზიარა პლასტიკურ ქირურგიას და ის ჩემს მასწავლებლად და დიდ მეგობრად დარჩება მთელი ცხოვრება. დღეს ეს დარგი უკვე საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება. მინდა ამ სფეროს ღირსეული წარმომადგენელი ვიყო და პლასტიკურ ქირურგიაში საკუთარი ხაზი მქონდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

სამედიცინო სფეროს გარდა ჩემი ინტერესის სფერო საკმაოდ ფართოა. ზოგადად ცხოვრებაში მიყვარს მრავალფეროვნება. ახალი იდეებისა და შესაძლებლობებისთვის ყოველთვის გახსნილი ვარ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიტნესს. საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია ჩემთვის და ვცდილობ ეს მოტივაცია სხვებსაც გავუღვივო. კვირაში 3-4 დღეს ვვარჯიშს ვუთმობ, რაც უკვე ცხოვრების წესას მექცა და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ასევე თავისუფალ დროს დიდი სიამოვნებით დავდივარ ტანგოს საღამოებზე და დამღლელი დღის შემდეგ ცეკვით ვახდენ განტვირთვას. ზოგადად ნათქვამია ექიმები ხელოვანი ხალხიაო და მგონი მართლაც ასეა. ძალიან მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ეს მეხმარება გადატვირთული დღის შემდეგ მოდუნებასა და აზრების დალაგებაში. ხშირად მეკითხებიან, ექიმობას როგორ ვუთავსებ ამდენ რამეს, თუმცა ჩემი აზრით მთავარია სურვილი და მონდომება და ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხელს მიწყობს უკეთ ვკონცენტრირდე საკუთარ საქმეზე და უფრო პროდუქტუნარიანი ვიყო.

ვფიქრობ წარმატებისთვის აუცილებელია დუღალავი შრომა, მდგრადი ფასეულობები და საკუთარი თავის რწმენა, მაშინაც კი, როდესაც სხვებს არ სწამთ შენი. საკუთარი თავი არასდროს არავის შეადაროთ. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს წარმატებისკენ. საკუთარი თავის მოტივატორი ყოველთვის თავად ვარ. ყოველდღიურად ვცდილობ არ შევწყვიტო განვითრება და მოძრაობაში ვიყო, სულ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯიც მნიშვნელოვანია, მთავარია არ გაჩერდე. ჩემს განვლილ გზას რაც შეეხება, ჯერ ადრეა უკან მიხედვა და ამის შეფასება. ვთვლი, ჯერ ყველაფერი წინაა  და ჩემს სათქმელს ამ რთულსა და საინტერესო სფეროში აუცილებლად ვიტყვი ! „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისრაელის მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი პრეპარატი კორონავირუსს ამარცხებს

ისრაელის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიაკვლიეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

მეცნიერების მტკიცებით, 30 კოვიდპაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24-ი მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. 30-ე პაციენტს კი სრულად განკურნებისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.

იჩილოვის კომპლექსური პროფილაქტიკის ცენტრის პროფესორის, ნადირ არბერის განმარტებით, პრეპარატი, რომელიც თავიდან კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა, გამდიდრებულ ეგზოსომებს შეიცავს. პრეპარატის შესუნთქვა ციტოკინების რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს. ციტოკინებს ორგანიზმი ინფექციებთან საბრძოლველად გამოიმუშაობს, თუმცა მათმა მოჭარბებამ შესაძლოა ჰიპერანთება გამოიწვიოს. პრეპარატის შესუნთქვა 5 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ არის საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

უნდა გაიკეთონ თუ არა კოვიდგადატანილმა პაციენტებმა ვაქცინის ორივე დოზა?

იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, შესაძლოა, Moderna-სა და Pfizer / BioNTech– ის ვაქცინების მხოლოდ ერთი დოზა დასჭირდეთ, – ამის შესახებ medRxiv– ზე გამოქვეყნებულ ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევების თანახმად, ამ ადამიანის ორგანიზმს, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ვირუსის ამოცნობის უნარის კუთხით  უპირატესობა გააჩნია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც ვირუსი არ გადაუტანიათ.

ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 59 მედიკოსი მონაწილებდა, აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი ჰქონდათ, ანტისხეულების უფრო მაღალი დონე აღმოაჩნდათ მათთან შედარებით, რომლებიც კოვიდ 19-ით დაინფიცირებული არასდროს ყოფილან და ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდათ. კიდევ ერთმა კვლევამ კი, რომელშიც 40-ზე მეტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მოხალისე მონაწილებდა, აჩვენა, რომ ამ ადამიანებმა ვაქცინის ერთი დოზის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში ანტისხეულების 10-20 ჯერ მაღალი დონა გამოიმუშავეს, ვიდრე ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ იმ მოხალისეებმა, რომლებიც მანამდე ინფიცირებულები არ ყოფილან.

”ანტისხეულების რეაქცია ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ იმ პირებში, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, თანაბარია ან ჭარბობს კიდეც იმ დონეს, რომელიც წარმოიქმნება ვაქცინის ორივე დოზის შემდეგ იმ ადამიანებში, რომლებიც მანამდე ინფიცირებულები არ ყოფილან,“- აცხადებენ კვლევების ავტორები.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ზემოთნახსენები არცერთი კვლევა დამოუკიდებელ ექსპერტებს ამ მიმოუხილავთ და არც სამეცნიერო ჟურნალშია დაბეჭდილი და მათი მხოლოდ ონლაინ ვერსია გამოქვეყნდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსი გადაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ. ”ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს,“ – აღნიშნა ფაუჩიმ.

წყარო : reuters.com , CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკა

რობოტი სოფია, შესაძლოა, კოვიდიფნიცირებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესში გამოიყენონ

ჩემს მსგავს სოციალურ რობოტებს ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლა შეუძლიათ, – ასე წარადგინა საკუთარი თავი ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ ჰონგ-კონგის ლაბორატორიაში.

Hanson Robotics-მა სოფია საზოგადოებას პირველად 2016 წელს წარუდგინა და კომპანია რობოტის მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს.

”კოვიდ-19-ის სამყაროს უფრო და უფრო მეტი ავტომატიზაცია დასჭირდება ადამიანების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰანსონმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში რობოტის ფუნქციები მხოლოდ ჯანდაცვის სისტემით არ შემოიფარგლება, მათ ასევე შეუძლიათ, მომხმარებელს მომსახურება გაუწიონ ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა და ავიაკომპანიები.

Hanson Robotics-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის განმავლობაში ათასობით რობოტის გაყიდვას აპირებენ.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 95
Page 50 of 95