close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიო

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე გენეტიკური ინჟინერიის კომპანია „გრეფექსის“ მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, რომელიც ცხოველებზე დასატესტად მზადაა.

თუმცა, ვაქცინის შექმნა, მისი გავრცელების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ვაქცინის დატესტვასა და წარმოებას დაახლოებით 18 თვიდან 2 წლამდე პერიოდი სჭირდება.

„გრეფექსის“ მეცნიერები აცხადებენ, რომ უსაფთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათ ვაქცინის შესაქმნელად კორონავირუსის არცერთი ფორმა – არც ცოცხალი და არც პასიური – გამოუყენებიათ.

როგორც ცნობილია, ვაქცინების უმეტესობა ვირუსის ცოცხალ, შესუსტებულ ან პასიურ ფორმას შეიცავს. თუმცა, კორონავირუსი იმდენად ცუდადაა შესწავლილი, ისე სწრაფად ვრცელდება და კლავს ადამიანებს, რომ „გრეფექსის“ მეცნიერებმა, ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნისას, ვერ გარისკეს და ადენოვირუსი ვერ გამოიყენეს.

ადენოვირუსები ვირუსული რესპირატორული ინფექციების დაავადებების ძირითად გამომწვევ მიზეზად ითვლება. ისინი ფართოდ გამოიყენება ვაქცინების შესაქმნელად.

ვაქცინა „გრეფექსის“ მეცნიერებმა „ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების“ მიერ გამოყოფილი 18.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ფარგლებში შექმნეს. ვაქცინა უკვე მზადაა და მისი ცხოველებზე დატესტვა შესაძლებელია. შემდეგ დაიწყება პირველი ფაზა  : კლინიკური ცდები ადამიანებზე და შემდგომ მეორე ფაზა – ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე, რის შემდეგაც მას „საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრაცია“ დაამტკიცებს.

ზოგიერთი ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინის უპირატესობა ისაა, რომ ის სწრაფად ხელმისაწვდომია. თუმცა, ყველაზე მცირე დრო, რაც ნებისმიერი ვაქცინის წარმოებას ჭირდება 1 წელია.

წყარო : dailymail.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

BBC: 5 რჩევა მათთვის, ვინც ეჭვობს, რომ კორონავირუსი აქვს და სახლში რჩება

BBC რჩევებს აძლევს მათ, ვინც ეჭვობს, რომ კორონავირუსი აქვს და დიაგნოზის დადასტურებამდე სახლში რჩება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როცა ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან ან ისეთ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ვირუსის შემთხვევები ფიქსირდება. BBC-ს სამედიცინო კორესპონდენტის, ფერგუს უოლშის თქმით, წარმატებული თვითიზოლაციისთვის 5 რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

1. თუ სახლში დარჩით, ნუ მიიღებთ სტუმრებსა და მნახველებს.

2. თუ ხველა ან ციება გაქვთ, ექიმთან კონსულტაცია ტელეფონით გაიარეთ. მისი რეკომენდაციის გარეშე საავადმყოფოში ნუ წახვალთ.

3. თუ მარტო არ ცხოვრობთ, ცალკე ოთახში იყავით, სადაც კარგი ვენტილაციაა. დახურეთ კარი. აბაზანა კი ბოლომ გამოიყენეთ.

4. ნაგავი და ნარჩენები ორმაგად შეფუთეთ. თუ კორონავირუსი დაგიდგინდათ, მათ ცალკე გადაყრიან.

5. თუ მარტო ცხოვრობთ, საჭირო ნივთები და პროდუქტები შეუკვეთეთ ან დახმარება მეგობრებს სთხოვეთ. მაგრამ პროდუქტები კართან უნდა დაგიტოვონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

კორონავირუსი სეზონური გრიპივით არ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“მსოფლიო ლიდერებმა არ უნდა ივარაუდონ ის, რომ COVID-19 სეზონური იქნება და გრიპივით გაქრება. ჯერ არ ვი­ცით, რა აქ­ტი­უ­რო­ბას და ქცე­ვას ავ­ლენს ვირუ­სი სხვა­დას­ხვა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს მომავალშიც ექნება გავრცელების შანსი. მცდარია იმის იმედი, რომ გრიპივით გაქრება“, – განაცხადა რაიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მანამდე განაცხადეს, რომ არსებობს ჰიპოტეზა, რომ კორონავირუსის გავრცელება ტემპერატურის მატებათან ერთად შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 3,398-ია, ხოლო 55,672 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას შიდსის ცენტრი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის  6125  მამაკაცია და 2079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1660 გარდაიცვალა.

31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.8 %   (3102) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 %  (3977) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 %  (923) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 %   (110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (39) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 %   (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3031 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1136; შემდეგ იმერეთში 986; აჭარაში 935; აფხაზეთში (525); კახეთში (404) ქვემო ქართლში (469); შიდა ქართლში (303); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.

წყარო  : www.primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოსაქართველო

ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის დღეიდან 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს საზღვრის კვეთისას დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით:- ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა, ან უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონავირუსით შეიძლება განმეორებით დაინფიცირდეთ

იაპონიაში, 40 წლის ქალი გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის შემდეგ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა. იაპონური მაუწყებლობის NHK-ის და საააგენტო Reuters-ს თანახმად, ის ოსაკაში ტურისტების გიდად მუშაობს.

აი, მოკლე ჩანაწერი მისი დაავადების ისტორიის შესახებ:

29 იანვარი: ვირუსზე პირველი პოზიტიური ტესტი. NHK-ს თქმით, ის ტურისტულ ავტობუსში იმყოფებოდა, სადაც COVID-19 პირველად აღმოაჩინეს.

1 თებერვალი: საავადმყოფოდან გამოწერა.

6 თებერვალი: ქალში ვირუსის არ არსებობის შესახებ განცხადება.

19 თებერვალი: ყელის და გულმკერდის ტკივილების ჩივილი საავადმყოფოში.

21, 22 და 25 თებერვალი: ექიმებთან სამი ვიზიტი იგივე ჩივილებით.

26 თებერვალი: მეორე პოზიტიური ტესტი ვირუსზე.

ოსაკას მთავრობის განცხადებით, 19-დან 26 თებერვლამდე ქალს ეკეთა ნიღაბი, სახლში იმყოფებოდა და სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს გაურბოდა. ახლა ის ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

რა განსხვავებაა კორონავირუსსა და გრიპს შორის

ინფექციონისტი რეზო მეჭურჭლიშვილი გრიპისა და კორონავირუსის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ხველა.

მისი თქმით, ვირუსი შესაძლოა ერთ დღეში უცბად გართულდეს.

„მთავარი განმასხვავებელი ის არის, რო მას აქვს მშრალი ხველა და არა ე.წ. პროდუქტიული ხველა. კორონავირუსს აქვს მაღალი ტემპერატურა, რთულ შემთხვევებში სუნთქვის უკმარისობა და ძალიან იშვიათად შეიძლება ჰქონდეს დიარეაც კი. ახასიათებს ნელი დასაწყისი. 5-6 დღე შეიძლება ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა პაციენტს, რომ ის იყოს შრომისუნარიანი. შეიძლება ჰქონდეს ყელის წვა, ოდნავ მშრალი ხველა. თავიდანვე ტემპერატურა შეიძლება არ იყოს მაღალი.

ერთი ცუდი განმასხვავებელი, რაც დაავადებას ახასიათებს არის ის, რომ შეიძლება უცბად გაუარესდეს“,- აღნიშნა რეზო მეჭურჭლიშვილმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 36 574-ს აღწევს.

ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული, აქედან : 26 – ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 – იაპონიაში, 2-2 – ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსით 83 045 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 78 824 ჩინეთში, დანარჩენი კი – მის ფარგლებს გარეთ.

დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნიგერიასა და ლიეტუვაში. ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი იტალიის მოქალაქეა, რომელიც ნიგერიაშია დასაქმებული და მილანიდან 25 თებერვალს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ლიეტუვას, კორონავირუსი ქალბატონს გამოუვლინდა, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონადან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. პაციენტს ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინა

ისრაელში ექიმებმა ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და ადგილზე დააბრუნეს

ისრაელში, „ბეილინსონის“ საავადმყოფოში, პირველად ჩატარდა ოპერაცია, რომლის მსგავსიც მსოფლიოში სულ რამდენჯერმეა ჩატარებული. ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და კვლავ ადგილზე დააბრუნეს.

ოპერაციის დროს პაციენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე იყო მიერთებული. აღნიშნული მეთოდი ორგანოს გადანერგვის და ქიმიო და რადიო თერაპიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

40 წლის პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, რომელმაც მარცხენა ფილტვის მთავარი ბრონქი დაბლოკა. თავდაპირველად ექიმებს დაზიანებული ფილტვის ამოჭრა უნდოდათ, თუმცა ეს პაციენტს საფრთხში ჩააყენებდა, ვიდრე დონორის ფილტვი არ შეირჩეოდა. „ფილტვი რომ ამოგვეჭრა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნიდით“, – განაცხადა იური პეისახოვიჩმა, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ექიმებმა გადაწყვიტეს ორგანიზმიდან ფილტვი ამოეღოთ და სიმსივნე მოეშორებინათ. მსოფლიოს მასშტაბით ამგვარი პროცედურა სულ რამდენჯერმე განხორციელდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩარევაა სამედიცინო სფეროში. ოპერაციის დროს პაციენტის სუნთქვა უზრუნველყოფილი იყო მარჯვენა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საშუალებით. ამოღებული ფილტვი სიმსივნისგან გაწმინდეს და ჰაერით გაბერეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შენარჩუნებული ნაწილი ფუნქციონალურია.

„გაბერვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ზედა წილი დაზიანებული არაა და გადავწყვიტეთ მისი ორგანიზმში დაბრუნება“, – აღნიშნა პეისახოვიჩმა. ფილტვების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებადი მეთოდის საშუალებით გაწმენდილი ფილტვი ძარღვებსა და ბრონქებს მიუერთეს, რის შემდეგაც გულმკერდის კვეთა ამოკერეს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

გამოქვეყნდა კორონავირუსის პირველი მსხვერპლის აუტოპსია

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-2019-ით პირველი დაღუპულის პათოლოგოანატომიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვირუსი უმთავრესად ფილტვებს აზიანებს, ნათქვამია ჩინელი ექსპერტების კვლევაში, რომელიც Journal of Forensic Medicine-ში გამოქვეყნდა.ამასთან, სპეციალისტების თქმით, იმის მტკიცებულებები, რომ ვირუსი ასევე ეხება ადამიანის სხვა ორგანოებს, ჯერჯერობით არასაკმარისია.

კორონავირუსი
© PHOTO: AFP 2019 / LUCA SOLA

COVID 2019-ით პირველი დაღუპული 85 წლის მამაკაცი იყო, რომელიც საავადმყოფოში ტვინის მრავალჯერადი ინფარქტით გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის დროს ავადმყოფს არ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სხვა სიმპტომები. საავადმყოფოში მოთავსებიდან მეათე დღეს პაციენტს ყელში დისკომფორტის შეგრძნება გაუჩნდა ქავილის სახით და სიცხემ აუწია. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ორივე ფილტვზე ინფექციის კერები გამოავლინა.

მე-13 დღეს პაციენტს COVID-2019-ის დიაგნოზი დაუდგინდა.

პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებიდან 28-ე დღეს გარდაიცვალა. მიზეზი — „ახალი  ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა“.

„გარდაცვლილის მანამდე აღებული ქსოვილის სინჯების ანალიზმა აჩვენა, რომ COVID-2019-ის პათოლოგიური პროცესი ძალიან ჰგავს ატიპიურ პნევმონიას (SARS-ი — მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS-ს (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი), თუმცა ანატომიური გაკვეთით დადგინდა, რომ ფიბროზი და ფილტვების ქსოვილის შესქელება COVID 2019-ის დროს ისეთი სერიოზული არ არის, როგორც SARS-ის შემთხვევაში, თუმცა ამასთან ექსუდაციური რეაქცია უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე SARS-ის დროს“, — ნათქვამია მოხსენებაში.

აზიანებს თუ არა ვირუსი ადამიანის სხვა ორგანოებს, როგორებიცაა თირკმელები და ნაღვლის ბუშტი, ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, ვინაიდან გარდაცვლილი მოხუცი იყო და მას არაერთი სხვა დაავადება ჰქონდა. გამომდინარე აქედან, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა შემდგომი კვლევა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 63 64 65 66 67 95
Page 65 of 95