close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოზე წარმატებული ექსპერიმენტი  ჩაატარეს

მეცნიერებმა ხელოვნური საშვილოსნოს გამოყენებით ნაადრევად დაბადებული ბატკნის გადარჩენა შეძლეს.

პლასტმასის ტომრის მსგავს „საშვილოსნოს“ ყველაფერი აქვს იმისთვის, რაც ნაყოფის ზრდისთვისაა საჭირო, მათ შორის, საკვები ნივთიერებებით მდიდარი სისხლის მარაგი და ამნიოტული სითხის დამცავი ტომარა.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს გადარჩენის უკეთეს შანსს მისცემს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ცდების ადამიანებზე ჩატარება რამდენიმე წელში გახდება შესაძლებელი. მანამდე კი იმის დასადგენად, თუ რამდენად უსაფრთხოა ეს გამოგონება, დამატებითი ტესტების ჩატარებაა საჭირო.

ამჟამად, ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს, რომლებიც გესტაციის დაახლოებით 23-ე კვირას ჩნდებიან, ინკუბატორებში ათავსებენ და ვენტილატორის საშუალებით სუნთქვაში ეხმარებიან, თუმცა ამან შესაძლოა მათი ფილტვის განვითარება შეაფერხოს.

პლასტიკური ,,ბიოპარკის” საშვილოსნო შეიცავს ამნისტიური სითხის მსგავს თბილი წყლისა და დანამატი მარილების ნარევს, რაც ნაყოფს იცავს.

ამ სითხეს ნაყოფი შეისუნთქავს და ყლაპავს. სითხეს ტომრიდან ყოველდღიურად ასხამენ, რათა ახალი სითხით უწყვეტად მომარაგება უზრუნველყონ.

პარკში მოთავსებული ბატკანი დედიდან პლაცენტის საშუალებით ჟანგბადსა და ნუტრიენტებს ვერ ღებულობდა. ამის ნაცვლად, ის ჭიპლარით სპეციალურ მოწყობილობაზეა მიერთებული.

ბატკნის გული ყველა სატუმბ სამუშაოს ასრულებს, ,,ძველ, გამოყენებულ” სისხლს აგზავნის მოწყობილობისკენ, რათა მანამ, სანამ სხეულს დაუბრუნდება, ხელახლა შეივსოს.

მთელი ეს სისტემა მიმსგავსებულია ბუნებრივს და ეხმარება ნადრევად დაბადებული ჩვილების ფილტვებისა და სხვა ორგანოების ჩამოყალიბებას.

მკვლევარი დოქტორ ემილი პატრიჯი აღნიშნავს, რომ ნაადრევად დაბადებული, 23 კვირაზე ნაკლები ნაყოფის გადარჩენის შანსი ნულია, 23 კვირის – 15 პროცენტი, 24 კვირის – 55 პროცენტი, ხოლო 25 კვირაზე მეტის – 80 პროცენტი.

ხელოვნური საშვილოსნოს საშუალებით  23 კვირის ადამიანის ახალშობილის ექვივალენტი ბატკნები პარკში ნორმალურად განვითარდნენ. გაახილეს თვალები, გაეზარდათ ბეწვი და პოლიეთილენის „სახლებში“ კომფორტულად ცხოვრობდნენ.

28 დღის შემდეგ, როდესაც მათი ფილტვები საკმარისად გაჯანსაღდა, ბატკნები გაათავისუფლეს და ჰაერის სუნთქვის საშუალება მისცეს. ამის შემდეგ ბატკნები დახოცეს, რათა მეცნიერებს მათი ტვინებისა და სხვა ორგანოები შეესწავლათ.

მოგვიანებით, ჩატარებული ექსპერიმენტებისას, რამდენიმე ბატკანს სიცოცხლის საშუალება მისცეს და ბოთლით კვებაზე გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატკნებზე ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რისი გადალახვაც მეცნიერებს მოუწევთ.

არსებობს ინფექციის დიდი რისკი, მიუხედავად იმისა, რომ ბიოპარკი სტერილური და დალუქულია. გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ჩვილების მხარდასაჭერად საკვებისა და ჰორმონების სწორი ნაზავის შერჩევაც.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ მეთოდის დასანერგად ჯერ კიდევ ბევრი პრეკლინიკური კვლევის ჩატარებაა საჭირო.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა შარდის მარტივი ტესტი შექმნეს, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

მეცნიერები აცხადებენ, რომ შარდის მარტივი ტესტი – Headstart-ი – ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.  

ინოვაციური ტექნოლოგია ორსულობის ტესტის მსგავსად მუშაობს, თუმცა ის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანებისთვისაა (ფქოდ) განკუთვნილი.

ტესტი დაავადებულებს ატყობინებს იმის შესახებ, მათი ქშინვა სასიკვდილო ,,ფილტვის შეტევისგანაა” გამოწვეული, თუ უბრალოდ მათი მდგომარეობის ნორმალური ნაწილია.

ასეთი შემთხვევების ზუსტად გამოვლენის საშუალებით, Headstart-ი პაციენტებს საშუალებას მისცემს ყველაზე ეფექტური მკურნალობა მოიძიონ. იგი ასევე ხელს უშლის მკურნალობისთვის მედიკამენტების ზედმეტად გამოწერას  და არასაჭირო ჰოსპიტალიზაციას – რაც საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვას ნიშნავს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ Headstart-ის საშუალებით პაციენტებს ტესტის ჩატარება თავიანთ სახლებში შეუძლიათ. მარტივი ტესტის წყალობით ისინი განსაზღვრავენ, მათი სიმპტომი, თუ სიმპტომები, მძიმე ფილტვის შეტევის დასაწყისია, თუ უბრალოდ სიმპტომების ვარიაციაა, რომელიც თანდათან უმჯობესდება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ Headstart-ს მომავალი 5 წლის განმავლობაში ფართოდ გამოიყენებენ.

მკვლევარები ბედფორდში დაფუძნებულ კომპანია Mologic-სა და მის თანადამფუძნებელ პაულ დევისთან ერთად მუშაობდნენ. პაულ დევისი ორსულობის Clear Blue ტესტის ერთ-ერთი შემქმნელია.

ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებებს – შემოკლებით ფქოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს მოსახლეობის ავადობის გამომწვევ მიზეზთა შორის. ის განსაკუთრებით გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში და მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი მოწევაა.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები აერთიანებს რამდენიმე დაავადებას: ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა.

ამ დაავადებების პროგრესირებასთან ერთად ჰაერგამტარი გზები შეუქცევადად ზიანდება, მათში ჰაერის ნაკადი ფერხდება, მცირდება ფილტვების მიერ ჟანგბადის შეთვისების უნარი. ეს, თავის მხრივ, იწვევს სასიცოცხლო ორგანოების ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას – ჰიპოქსიას, ანუ “ჟანგბადურ შიმშილს”.

სუნთქვის და ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობა ყველაზე მეტად გულს აზიანებს და დროთა განმავლობაში ყალიბდება ფქოდ-ის მძიმე გართულება – ფილტვ-გულის უკმარისობა, რომლის მკურნალობა მთელ მსოფლიოში დღესაც დიდი პრობლემაა.

ფილტვების ქრონიკული დაავადებების განკურნება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დროული და სწორი მკურნალობით შეიძლება ფქოდ-ს პროგრესირების შენელება და გამწვავებების თავიდან აცილება. საჭიროა ადრეულ ეტაპზე მიმართოთ ექიმს და ზუსტად შეასრულოთ მისი რჩევები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება მალე დამძიმდება.

 

წყარო:  http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობისათვის საშიშია

უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობისათვის საშიშია, თუმცა, მეცნიერები მისი მავნებლობის ზუსტ მიზეზებს ვერ ასახელებდნენ, ამერიკაში კი საბოლოოდ გადაწყვიტეს ეს საკითხი და დაადგინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები სხვა სასმელებზე ბევრად საშიშია, ამის მიზეზად კი კოფეინის ჭარბი დოზა სახელდება.

,,მათი სმის შედეგად,  შესაძლოა გულმა არანორმალური სიჩქარით დაიწყოს ძგერა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი  – ემილი ფლეტჩერი.

ექსპერიმენტი 18 ადამიანს ჩაუტარდა, ისინი 2 ჯგუფად დაყვეს, პირველი ჯგუფის ადამიანები 6 დღის განმავლობაში დღეში დაახლოებით 0,95 ლიტრ ენერგეტიკულ სასმელს სვამდნენ, რომელშიც 108 გრამი შაქარი და 320 მილიგრამი კოფეინი იყო, ხოლო მეორე ჯგუფი იმავე მოცულობის ენერგეტიკულ სასმელს სვამდა, ოღონდ 320 მილიგრამ კოფეინთან ერთად, 40 გრამ წვენს და 140 გრამ ალუბლის სიროფს – ამ ყველაფერს არეულს გაზიან წყალთან.

გულის ელექტრული აქტივობა იზომებოდა ელექტროკარდიოგრაფიით. პერიფერიული და ცენტრალური სისხლის წნევა ვლინდება მიღებიდან 1, 2, 4, 6 და 24 საათის შემდეგ.

ასე რომ, მეცნიერები გულთან მიმართებით არსებული პრობლემების შემთხვევაში, ენერგეტიკული სასმელების აკრძალვაზე მიგვითითებენ.

 

წყარო: nature

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

რა საფრთხეს ქმნის ბუზები?

 გაზაფხულსა და ზაფხულს სითბოს, მზის სხივებთან ერთად, ბუზებიც მოჰყვება, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ საკვებ პროდუქტებზე დასხდომას.

თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რეალურად რა საფრთხეს წარმოადგენს მიკრობებით სავსე ბუზები.

ბუზები საშუალოდ 200-ზე მეტი სახის მავნე ბაქტერიის მატარებლები არიან, რომლებსაც იმ საგნებიდან იღებენ, რომლებსაც ასხდებიან, მათ შორის მიწა, დამპალი საკვები და ფეკალური მასები.  შემდეგ კი კიდურებზე განლაგებული ათასობით წვრილი თმით იმ საკვებზე გადააქვთ, რომელსაც ასხდებიან.

„მათ მხოლოდ წამი სჭირდებათ იმისთვის, რომ მიკრობები თავიანთი სხეულიდან ადამიანების საკვებზე გადაიტანონ,“ – განაცხადა ბრიტანეთის მავნებლებთან ბრძოლის სამსახურის ენტომოლოგმა და ტექნიკური მომსახურების დირექტორმა რონ ჰარისონმა. „იმის გამო, რომ ბუზებს ისეთი სერიოზული, გადამდები დაავადებების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა : ქოლერა, დიზენტერია, და ტიფი, საუკეთესო გამოსავალია, უარი ვთქვათ იმ საკვების მიღებაზე, რომელზეც ბუზი იჯდა,“ – დასძინა მან.

რამდენად ამაზრზენადაც უნდა ჟღერდეს, ბუზი საკვებზე დაჯდომისთანავე ნაწლავებს ითავისუფლებს და აღებინებს, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ საკვების ის ნაწილი, რომელსაც ბუზი დააჯდა, მოვაცალოთ და გადავაგდოთ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

ბაბუაწვერას ფესვები სიმსივნის წინააღმდეგ გამოიყენება

სიმსივნე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მეცნიერები კი თავდაუზოგავად მუშაობენ მისი განკურნების გზების ძიებისთვის. 

როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევიდან ირკვევა, ბაბუაწვერას ფესვებს კიბოს უჯრედების განადგურება ქიმიოთერაპიაზე ბევრად უფრო ეფექტურად შეუძლია, თანაც, გვერდითი მოვლენების გარეშე.

ექსპერიმენტი კანადის უინძორის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის კათედრამ ჩაატარა. საქმე ისაა, რომ ბაბუაწვერა შეიცავს ვიტამინ B6, C-ს, რკინას, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს, მანგანუმსა და მაგნიუმს.

გარდა ამისა, ბაბუაწვერას ფესვების ნაყენიშარდმდენია, ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციის სტიმულირებას, წმენდს ღვიძლს, ამცირებს ქოლესტერინსა და ალერგიის ხარისხს.

შესაძლოა ამის შესახებ იცოდით კიდეც, მაგრამ კიდევ ერთ დადებით თვისებაზე უკვე აქტიურად მსჯელობენ მეცნიერები, იმაზე, რომ ბაბუაწვერა მთლიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს.

ექპერიმენტში მონაწილეობა, კიბოთი დაავადებულმა 72 წლის ჯონ კარლომ მიიღო, რომელიც 3 წლის განმავლობაში ინტენსიურ ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის ყოველდღიური მიღების შედეგად კი, მისმა დაავადებამ 4 თვეში რემისია განიცადა.

მკვლევარების ამბობენ, ექსპერიმენტით შეიძლება დავასკვათ, რომ რომ ბაბუაწვერას ფესვების ნაყენმა კიბოს უჯრედები 48 საათში გაანადგურა და ახლის წარმოქმნასაც ხელი შეუშალა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

გარემოს ძირითადი დამაბინძურებლები საქართველოში და მათი ზემოქმედება

გარემო გახლავთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ქიმიური ნივთიერები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხმაური, ვიბრაცია და ა.შ. უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს არაერთ პათოლოგიას. ,,დოქტრინა” გაესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელ ნია გიუაშვილს.

,,აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხი საქართველოში არის მსგავსი ევროპის ქვეყნებისა. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით იყენებენ მყარ საწვავს, შეშას, როგორც საკვების მოსამზადებლად, აგრეთვე, გასათბობად, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებისა. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მოგეხსენებათ, ავტომობილის სიძველესთან პირდაპირაა დაკავშირებული მავნე გამონაფრქვევის რაოდენობა, გარდა ამისა, ტრანსპორტი ტექნიკურად არ მოწმდება, შესაბამისად, რისკების ზუსტი შეფასებაც ძალიან რთულია, თუმცა ასაკისა და კონტროლის არარსებობის პირობებში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტოპარკის უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია,” – აღნიშნა ნია გიუაშვილმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ორი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით და ა.შ.

საქართველოში სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, რომელთა შორის გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარეა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, შესაბამისად, სიკვდილის მიზეზად ხშირად გვევლინება. აგრეთვე, მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება განსაკუთრებულად უწყობს ხელს სასუნთქი გზების დაავადებების განვითარებას. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით განპირობებული ხმაურის დონის განუხრელი ზრდა. ხმაური მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობასა და მთელ რიგ დაავადებებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებები, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება (იმისათვის, რომ კერძო ავტომობილების გამოყენება თანდათანობით შემცირდეს), ურბანული დაგეგმარება, გამწვანების გაუმჯობესება, სამშენებლო ინდუსტრიის უკეთესად დაგეგმვა, საწვავის ხარისხის მონიტორინგი და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ისეთი აქტივობების შესახებ, როგორიცაა -ველოსიპედით მგზავრობა და ფეხით სიარული, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს,” – აღნიშნა ნია გიუაშვილმა.

ალბათ, აღნიშვნად ღირს, რომ ატმოსფერული დაბინძურების მთავარი ,,შემოქმედნი” სწორედ ადამიანები არიან, დროის სვლასთან ერთად ირღვევა ჰარმონია გარემოსა და ადამიანს შორის. მაგალითად, ტყეების გაკაფვა გარდაქმნის ნიადაგს, ირღვევა ეკოსისტემები, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, ნადგურდება ქარსაცავი ზონები, ეს კი, როგორ წესი, წინაპირობაა არა მარტო სტიქიური უბედურებებისა, არამედ სხვა მრავალი უარყოფითი ფაქტორის გამოწვევისა, რომელიც ხშირად ადამიანის სიკვდილს იწვევს.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოპოლიტიკა

რომელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს სირიაში, რასაც 20 უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე შეეწირა?

ქიმიური იარაღის გამოყენებამ ჩრდილოეთ სირიაში 4 აპრილს 72 ადამიანის, მათ შორის 20 ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მონიტორინგის ჯგუფი – ,,Syrian Observatory for Human Rights-ი” – ავრცელებს.

რუსეთი ნიუ-იორკში გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოზე სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკეს. მოსკოვის ვარაუდები, რომ მოქალაქეები აჯანყებულების იარაღით მოიწამლნენ, საბჭომ კატეგორიულად უარყო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, აჯანყებულების მეთაური და იარაღების ექსპერტი ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა მტკიცებულება რუსეთის მოკავშირე სირიის მთავრობის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებს.

სამოცდაათი დონორი სახელმწიფო სირიის დახმარების საკითხს განიხილავს. გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი, სტივენ ო’ბრეინი, აცხადებს, რომ დახმარების დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

რა მოხდა?

გავრცელებულ კადრებში ჩანს შოკში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები,   პირებზე ქაფით.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ის კლინიკები, სადაც დაშავებულებს მკურნალობდნენ, საჰაერო დარტყმების ობიექტები გახდნენ. ზოგიერთი დაშავებული სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. „ჩვენ წინააღმდეგ გაზი გამოიყენეს. სუნთქვა მიჭირდა,“ – იხსენებს ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთ დაზარალებულს ნერვული აგენტების ზემოქმედების სიმპტომები აღენიშნებოდა. ამავე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო, დამოუკიდებელი სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია – „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Médecins Sans Frontières (MSF).

ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს. ნერვული აგენტით მოწამვლა იწვევს გუგების გაფართოებას, შეუპოვარ სალივაციას (ნერწყვის დენას), გულყრებს, უნებლიე შარდვასა და დეფეკაციას; სასუნთქი კუნთების მაინერვებელი ნერვების ბლოკირების გამო ის ასფიქსიას იწვევს და ადამიანი კვდება.

გაერომ ნერვული აგენტების ქიმიურ იარაღად კლასიფიცირება 1991 წლის აპრილში მოახდინა და მათი გამოყენება  ქიმიური იარაღის განხილვის კომისიის მიერ 1993 წელს აიკრძალა; კომისიის გადაწყვეტილება ძალაში 1997 წლის 29 აპრილს შევიდა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

ახალი პროგრამა კიბოს დიაგნოზს სიმტპომების გაჩენამდე სვამს 

მოწყობილობა, რომელსაც სისხლის ნიმუშში კიბოს აღმოჩენა მისი სიმპტომების გამოვლენამდე შეუძლია, ერთ წელში იქნება მზად.

ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავეს, რომელსაც სიმსივნური დნმ-ის აღმოჩენა და იმის დადგენა შეუძლია, თუ სხეულის რომელი ნაწილიდან მოდის ის.

ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი პროგრამა – CancerLocator – კიბოს დნმ-ში კონკრეტულ მოლეკულურ ნიმუშს ეძებს შემდეგ კი ამ ნიმუშებს სხვადასხვა ტიპის კიბოს შედეგად გამოწვეული გენეტიკური მოდიფიკაციების მონაცემთა ბაზას ადარებს.

,,კიბოს არაინვაზიური დიაგნოსტიკა ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან იგი კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას და შესაბამისად – განკურნების მეტ შანსს იძლევა. ჩვენ შევქმენით კომპიუტერული ტესტი, რომელსაც  სისხლის ნიმუშით არა მხოლოდ კიბოს აღმოჩენა, არამედ მისი ტიპის განსაზღვრაც შეუძლია,“- აცხადებენ მეცნიერები.

ახალი კომპიუტერული პროგრამის ტესტირება ორ სხვა პოპულარულ მოწყობილობასთან, Random Forest (RF) და Support Vector Machine (SVM), ერთად განახორციელეს.

სამივე მათგანი ტესტირება ღვიძლის კიბოთი დაავადებული 29 პაციენტის, ფილტვის კიბოთი დაავადებული 12 პაციენტისა და ძუძუს კიბოთი დაავადებული 5 პაციენტის . სისხლის ნიმუშებით განახორციელეს.

მკვლევარების გუნდმა თითოეული მეთოდის ცდომილების ხარისხი შეადარეს, აღმოჩნდა, რომ RF-სა და SVM-ის ცდომილება 0.646 და 0.604 იყო, ხოლო ახალი პროგრამის – 50 პროცენტით ნაკლები – 0.265.

პროგრამის საშუალებით ღვიძლის კიბოთი დაავადებული 29 პეციენტიდან 25 კიბოს ადრეული სტადიის დაუსვეს, პროგრამამ შემთხვევების 80 პროცენტის აღმოჩენა შეძლო.  ხოლო ფილტვის კიბოთი დაავადებული 12 პაციენტიდან 5 შემთხვევა გამოავლინა.

პროგრამის ავტორების განცხადებით, კვლევის ფარგლებში მხოლოდ სამი ტიპის კიბოს (ძუძუს, ღვიძლისა და ფილტვის) შეფასება მოხდა. „ზოგადად, რაც უფრო მაღალი იყო სიმსივნური დნმ-ის წილი სისხლში, მით უფრო ზუსტ დიაგნოზს სვამდა პროგრამა, რომელიც ხელმსისაწვდომი იქნება ერთი წლის ფარგლებში,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევარებმა კვლევის დასკვნები ჟურნალ ,,Genome Biology-ში” გამოაქვეყნეს.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა შექმნეს ქვიშის საათი, რომელიც სიკვდილის დროს აჩვენებს

 

ქვიშის საათს ჰგავს, აჩვენებს, რამდენი დარჩა ადამიანს სიცოცხლე –ლანკასტერის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმაენტა სტეფანოვსკამ და პიტერ მაკლინტოკმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კანის ზედაპირიდან იღებს კაპილარების ძირითადი შემადგენელი უჯრედების ანალიზს.

კაპილარებში მიმდინარე სისხლი – ორგანიზმის დაბერების პროცესის ძირითადი მაჩვენებელია. თუ მოწყობილობაზე ნიშანი “0″ გამოისახა, ეს სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო “100″ – ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას, სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს.

ლაზერი, რომელიც კაპილარებში სისხლის მიმოქცევის ტესტირებას აკეთებს, ასევე აჩვენებს ადამიანის ორგანიზმში დემენციისა და კიბოს უჯრედების რაოდენობას.

 

წყარო: The Daily mail

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ელექტრონული კანის დასამუხტად გრაფენი გამოიყენეს

მეცნიერებმა ექსპერიმენტული სახის ელექტრონული კანის მზის ენერგიის გამოყენებით დამუხტვის გზა გამონახეს. ეს კი შეხების შეგრძნების მქონე პროთეზებისა და რობოტების შექმნისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ ხელოვნური კანის  მოქნილი ვერსიების შექმნაზე, რომელსაც სხვადასხვა სახის სენსორული რეცეპტორის სიმულაციის საშუალებით შეგრძნების უნარი აქვს.

ასეთი სისტემის დამუხტვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმდა გლაზგოს უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის მეცნიერებმა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გრაფენის (ულტრათხელი ნახშირბადი) გამოყენების ხერხი განავითარეს.

გრაფენი, რომელიც მხოლოდ ერთი ატომის სისქისაა, ძლიერი, უაღრესად მოქნილი, ელექტრონულად გამტარი და გამჭვირვალე, რაც მას მზის ენერგიის შეგროვების გზით ელექტროენერგიის გამოსამუშავებელ იდეალურ საშუალებად აქცევს.

თუკი მენციერები შეძლებენ, რომ სმარტპროთეზის ხელებს, რომლებსაც ადამიანის კიდურების ბევრი მექანიკური თვისების აღდგენა შეუძლიათ, კანის შეხების მსგავსი გრძნობის უნარიც მიანიჭონ, ისინი ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდებიან.

შეხების მიმართ მგრძნობიარე ელექტრონული კანის  გამოყენება რობოტებშიცაა შესაძლებელი, რაც მანქანებს ადამიანებთან ურთიერთობის დროს პოტენციური საფრთხეების აღმოჩენაში დაეხმარება.

მეცნიერების შემდგომ მიზანს იმავე ტექნოლოგიის გამოყენებით პროთეზირებული ხელის მამოძრავებელი ძრავის დამუხტვა წარმოადგენს. „ამან კი შესაძლოა ენერგოდამოუკიდებელი პროთეზირებული კიდურის შექმნის შესაძლებლობა მოგვცეს,“– აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 87 88 89 90 91 95
Page 89 of 95