close

მედიცინა

მედიცინა

რა სარგებლისა და ზიანის მომტანია დუკანის დიეტა ჯანმრთელობისთვის

 ბოლო პერიოდში სიმსუქნით  დაავადებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. როგორც წესი, ჭარბწონიანობის მიზეზი არაჯანსაღი კვება და უმოძრაობაა. აღნიშნულმა დაავადებამ, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), მაღალი არტერიული წნევა,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა (რომელიც უშვილობის წინაპირობაა), ფილტვების დაავადება და ა.შ. ბოლო დროს საქართველოში აქტუალური გახდა ფრანგი ნუტრიციოლოგის, პიერ დუკანის,  „ცილოვანი დიეტა“. დუკანის დიეტის მთავარი იარაღი შვრიის ქატოა, რომლის რაოდენობაც ეტაპების მიხედვით განისაზღვრება. დიეტა შედგება ოთხი ფაზისაგან:

  • შეტევის ფაზა – დროის ხანგრძლივობა დასაკლები წონის მიხედვით განისაზღვრება. ეს პერიოდი მერყეობს 1-10 დღემდე. რაციონი მრავალფეროვანია, თუმცა მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან საკვებს: ხორცს, ზღვისა და რძის პროდუქტებს. აუცილებელია 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
  • მონაცვლეობა – რაციონს ემატება ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. აუცილებელია 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
  • განმტკიცება – აღნიშნული ფაზა მიღწეული შედეგის განმტკიცებას გულისხმობს. ხანგრძლივობა დამოკიდებულია თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე (თითო კილოგრამზე განმტკიცებითვის 10 დღეა საჭირო). შეგიძლიათ მიირთვათ ყველა პროდუქტი, რომელიც დაშვებულია პირველ და მეორე ფაზაში, აგრეთვე, რაციონს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები და ხილი. აუცილებელია 2,5 სუფრის კოვზი ქატოს მიღება.
  • სტაბილიზაცია – შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კვირაში ერთი დღე უნდა მიიღოთ ცილები. აუცილებელია 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.

ყველა ეტაპზე აუცილებელია ყოველ დღე ფეხით სიარული არანაკლებ 20 წუთისა, აგრეთვე, მინიმუმ 2 ლიტრი სითხის მიღება.

დუკანის დიეტას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნის დიეტოლოგებისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტებისგან, მათი თქმით, დიეტა არაჯანსაღია, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგია, დამანგრევლად მოქმედებს თირკმელებზე, მით უმეტეს თუ უკვე აღინიშნება პრობლემა.

„დოქტრინა“ გაესაუბრა გიორგი მაღლაფერიძეს, რომელიც აქტიურად იცავს აღნიშნულ დიეტას და უკვე გარკვეული შედეგიც აქვს, მისი თქმით: „აუცილებელია გამოვიკვლიოთ ორგანიზმი, რათა დადგინდეს ჭარბი წონის მიზეზი. ცილის გადამუშავება მჟავიანობის მომატების ხარჯზე მიდის, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ასევე ზეგავლენა მოახდინოს  ნერვულ სისტემაზე. დიეტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია მოტივაცია და შინაგანი მზაობა. საკმაოდ გრძელი და რთული გზაა, რომლის ბოლოს ახალი ცხოვრება გელოდებათ. აუცილებლად გაეცანით დიეტას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყეთ ექიმთან ვიზიტით, რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა. ასევე საუბრობენ, რომ ცილოვანი დიეტა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ეს თავიდან, როდესაც საკვების ოდენობა იკლებს, თანხაც მცირდება. დღეისთვის მე დაახლოებით 7-10 ლარის პროდუქტები მჭირდება დღის განმავლობაში“.

,,დუკანის დიეტას” იცავს, აგრეთვე, სოფიკო ფუტკარაძე, რომელმაც 5 თვეში 38 კილოგრამი დაიკლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს მშვენივრად გრძნობს და ადამიანებს მოუწოდებს, რომ დაწყებამდე კარგად გაერკვნენ და სულიერად მოემზადონ დიეტისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზედმიწევნით შესრულებისას შედეგი გარდაუვალი იქნება.

ჩვენ გავესაუბრეთ ნინო კობალაძეს, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, პრიზი კი პიერ დუკანთან შეხვედრა იყო. მისი თქმით , ,,დუკანს ძალიან ახარებს ამდენი მიმდევარი რომ ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბედნიერია, რადგან ამდენ ადამიანს ეხმარება სასურველი წონის მიღწევაში. მან აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა, შეყვარებულია თავის პროფესიაზე და გვირჩევს, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღად”.

აღნიშნულ საკითხზე ნუტრიციოლოგმა, ნატა გაგუამ, აღნიშნა: „ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, როდესაც რაციონიდან ამოღებულია ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული), შეუზღუდავი რაოდენობით ხორცის, თევზის, კვერცხისა და რძის ნაწარმის მიღება დაუშვებელია. მოგეხსენებათ, ასეთი საკვები შეიცავს არა მარტო ცილებს, არამედ ცხიმებსაც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ამდენი ცილოვან-ცხიმოვანი საკვების სრულყოფილ გადამუშავებას, ამან კი შეიძლება ქოლესტერინის შემცველობა გაზარდოს სისხლში. შეიძლება ბოლომდე არ გადამუშავდეს ეს საკვები პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ადამიანს ჰქონდეს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მოთენთილობა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გულისრევა, მადის დაქვეითება. მკაცრი ცილოვანი დიეტა იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას – ყაბზობას. მისი უპირატესობა ისაა, რომ დიეტის პირველ დღეებში სწრაფად იკლებენ, თუმცა რის ხარჯზე? სითხისა და მადის დაკარგვის ხარჯზე. როდესაც პაციენტს ეუბნება ექიმი, რომ სიმსუქნის სამკურნალოდ საჭიროა სრული კურსის გავლა და პირდაპირი მოტივაცია, რასაკვირველია, არაპოპულარულად ჟღერს. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს „მარტივ“ გზას, მკაცრი და „ეფექტური“ დიეტები ბევრია სხვადასხვა საიტზე, მაგრამ ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე სწრაფად ვერ ვიკლებთ, უბრალოდ, ორგანიზმი კარგავს სითხეს და თუ ასეთი არასწორად შერჩეული დიეტა ხანგრძლივია, კუნთები განილევა ანუ კუნთის მასა მცირდება ორგანიზმში, რაც ცალსახად ცუდია“.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის დიეტოლოგები და აღნიშნავენ, რომ ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, შესაბამისად, აუცილებელია, რომ დაკლების სურვილით შეპყრობილებმა არ გადავამეტოთ. სიმსუქნე დაავადებაა, აუცილებელია ორგანიზმის გამოკვლევა და მასზე მორგებული რაციონის შემუშავება. რაციონის შედგენისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები, კერძოდ, სქესი, ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, კუნთოვანი ქსოვილების მასა და ხარისხი, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა და ა.შ. მათი აზრით, საკვები გაჯერებული და დაბალანსებული უნდა იყოს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. თუკი ადამიანი ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, უპირველეს ყოვლისა, მინიმალურ რაოდენობამდე უნდა დაიყვანოს ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, უარი  თქვას ტკბილეულობაზე, ასევე შეამციროს ცხიმიანი საკვები, მიიღოს მეტი ბოსტნეული და ხილი. ეს არის სწორი კვების რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ.

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია – არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი

  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მთელ საქართველოშია გავრცელებული.  იოდდეფიციტურ გარემოში პათოლოგიის სიხშირე გაცილებით მაღალია. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის განსაკუთრებულად აქტუალურია ეს პრობლემა. როგორც წესი, იოდის ნაკლებობის კომპენსაციის მიზნით, ფარისებრი ჯირკვლის ზომები იმატებს, ეს არის ორგანიზმის სარეგულაციო მექანიზმი, თუმცა შესაძლებელია, რომ ჯირკვალი არა მხოლოდ ზომაში გაიზარდოს, არამედ გაჩნდეს მრავალკვანძოვანი სტრუქტურა, რომელთა გადაგვარების დიდი საფრთხე არსებობს. მკვლევრები პათოლოგიის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. რა უწყობს ხელს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გახშირებას? მიზეზი უამრავია: რადიაციული დაბინძურება, ეკოლოგიური ფაქტორი, სტრესული ფონი, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები და ა.შ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში რამდენიმე წელია მიმდინარეობს „ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის მოლეკულური-ბიოლოგიური და მორფო ეპიდემიოლოგიური კვლევა მალიგნიზაციის პოტენციალის გათვალისწინებით (სიმსივნის ავთვისებიანად გარდაქმნა)“. „დოქტრინას“ ესაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლიანა გოგიაშვილი. მან აღნიშნა: საქართველოს რეგიონებში ცვლილებები შეინიშნება ფარისებრი ჯირკვლის კლინიკომორფოლოგიური და მოლეკულურბიოლოგიური პროფილის მხრივ, კონკრეტულად, დიფუზური/ტოქსიკური ჩიყვის სიხშირის კლების ფონზე, იმატა ჰიპოთირეოზის გამოვლენამ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.

რა არის ჰიპოთირეოზი? ჰიპოთირეოზის დროს ორგანიზმი თიროიდული ჰორმონების ნაკლებობას  განიცდის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია. რაც შეეხება ჰიპოთირეოზის კლინიკურ გამოვლინებას, მისთვის დამახასიათებელია: თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, საერთო სისუსტე, ემოციური ლაბილობა, ჩივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება – ქალებში – ორსულობის შეწყვეტა, დისფუნქციური სისხლდენები, ამენორეა, მამაკაცებში – სქესობრივი დისფუნქცია. იმატა ჰიპოთირეოზის ისეთმა გამოვლენამ, როგორიცაა, ჰაშიმოტოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, იგი გაცილებით უფრო ხშირია  ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები უზრუნველყოფს ნაყოფის განვითარებას, ძვლოვანი ქსოვილის მომწიფებას, აგრეთვე, გავლენას ახდენს ცილის სინთეზსა და უჯრედის ზრდაზე. ორსულთა ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს მკვდრად შობადობა ან იქცეს ნაყოფის განვითარების შეფერხების, სახელდობრ, მენტალური რეტარდაციის მიზეზი. ამდენად, აუცილებელია, რომ ორსულმა მიიღოს ჯანსაღი საკვები, მათ შორის იოდის საჭირო რაოდენობა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ჩამოყალიბებამდე ნაყოფი მთლიანად დამოკიდებულია დედის ჰორმონებზე. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა ხშირად თავს იჩენს ორსულებში, მით უმეტეს თუ ქალს ანამნეზში აღენიშნება ამ დაავადების ოჯახური ისტორია ან გენეტიკური განწყობა.

პროფესორ ლიანა გოგიაშვილის თქმით: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ მოიმატა ახალგაზრდებში, გვხვდება ავტოიმუნური თირეოდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ანთება), ჰიპერთირეოზი (კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით), ჰიპოთირეოზი (დაავადება, რომლის დროს ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია), აგრეთვე, სიმსივნურმა პროცესებმა, მათ შორის მიკროკარცინომებმა (ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც ზომით 1სმზე ნაკლებია). საქართველოში მოსახლების 57%- აღენიშნება სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი (სუბკლინიკური უსიმპტომოდ, კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეს ნიშნავს), ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ობიექტური ინსტრუმენტული გამოკვლევა, რათა დადგინდეს დიაგნოზი. სიზუსტისთვის  საჭიროა შემოწმდეს თირეოტროპული და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე. აქვე აღვნიშნავთ, რომ თირეომასტიმულაციებელი ჰორმონი გამომუშავდება ჰიპოფიზში და  აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

როგორ ავირიდოთ თავიდან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია? – პირდაპირი კავშირი რომელიმე კონკრეტულ ფაქტორთან არ ვლინდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, მოწესრიგებულ ძილს, ჯანსაღ დაბალანსებულ კვებას (როცა ოპტიმალური თანაფარდობითაა წარმოდგენილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები), აგრეთვე, ნერვული სისტემის მდგომარეობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია არის სწორედ ფსიქო-ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება – ავტოტრენინგი.

 

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერები: ,,თავის ტვინის დონორების რაოდენობა უნდა გაიზრდოს”

მეცნიერები აცხადებენ, რომ სიკვდილის შემდეგ თავიანთი ტვინების დონაცია რაც შეიძლებმა მეტმა ადამიანმა უნდა განახორციელოს და ამ გზით სამეცნიერო კვლევების ჩატარებას შეუწყოს ხელი.

მკვლევარებს ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარება სურთ. თუმცა აცხადებენ, რომ კვლევების ჩატარებისთვის დეპრესიითა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით დაავადებული ადამიანების ტვინების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ.

ადამიანის ტვინი არაჩვეულებრივია თავისი კომპლექსურობით.  ეს ორგანო ჩვენი ქცევისა და არსების ფიზიკური განსახიერებაა. ბოლო წლების განმავლობაში, მკვლევარები ტვინის ფორმასა და ფსიქიკურ და ნევროლოგიურ დარღვევებს შორის კავშირზე ალაპარაკდნენ.

ჰარვარდის მაკლინის ჰოსპიტალის ტვინის ქსოვილის რესურსცენტრში 3000-ზე მეტი ტვინი ინახება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტვინის ბანკია. ნიმუშების უმეტესობა ფსიქიკური ან ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებია.

ნიმუშები მეცნიერებს პარკინსონის, ალცჰაიმერისა და მთელი რიგი ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალო ახალი გზების მოძიებისთვის სჭირდებათ.

თუმცა მაკლინის ჰოსპიტალში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ტვინის ბანკებში, კვლევის ჩატარებისთვის საკმარისი ნიმუშები არ არის.

ჰოსპიტალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი  დოქტორი – ქერი რესლერი, აცხადებს, რომ ფსიქიკური და ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები სამეცნიერი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია, თუმცა მათი განვითარება ტვინის ნიმუშების სიმწირის გამო ფერხდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ განსაკუთრებით ისეთი ადამიანის ტვინების ნიმუშების დეფიციტი აქვთ, რომელთა დარღვევებს შეცდომით ახასიათებენ, როგორც ფსიქოლოგიურს და არა ნევროლოგიურს, როგორიც ის სინამდვილეშია.  ესენია: დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

„თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ იმ ადამიანების თავის ტვინებში, რომლებიც  დეპრესიას ან პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას განიცდიან, ცვლილებები არ ხდება, იგი მიიჩნევს, რომ თავის ტვინის დონაცია მეცნიერებს ვერაფერში დაეხმარება, ვინაიდან მასში არაფერია საპოვნელი,“ –  აცხადებს ჰარვარდის ტვინის ქსოვილის რესურს ცენტრის სამეცნიერო დირექტორი – საბინა ბერეტა.  ,,ეს კონცეფცია ბიოლოგიური თვალსაზრისით რადიკალურად არასწორია,“ – დასძენს ის.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების გამოგონება, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარება

           ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni),  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის ნოემბერში ჩაატარა მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.

          პროექტის ავტორი ორი ქართველი ახალგაზრდა, ძმები – გიორგი და დიმიტრი ცხოვრებაძეები არიან.  19 წლის დიმიტრი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია, ხოლო გიორგის სულ მალე 18 წელი უსრულდება და  თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში (MACs) სწავლობს.

როგორც გიორგიმ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, ხელთათმანის შექმნის იდეა სწორედ იმ პერიოდში მოუვიდა, როდესაც მეიქათონი ტარდებოდა ილიაუნიში, შემდეგ ძმებმა ერთად დაამუშავეს იდეა, რომელმაც კოპეტენტური ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.

აღნიშნული ხელსაწყო შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციას საჭიროებენ. სტატისტიკურად, წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი, რის შემდეგაც პაციენტი, როგორც წესი, კარგავს კიდურების მოძრაობის უნარს და საჭიროებს ხელახლა აღიდგინოს მოძრაობის უნარი, რომელიც ქვეითდება ინსულტის დროს. მოძრაობის უნარის დაბრუნებას რამდენიმე თვე სჭირდება, რაც ასევე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (აღემატება 10 000 აშშ დოლარს). ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი ხელთათმანის თვითღირებულება კი 150 დოლარს არ გადააჭარბებს.

ხელთათმანის გამოყენება შემდეგნაირად ხდება – პაციენტი იკეთებს ხელთათმანს დაზიანებულ ხელზე და მეორე ხელით სიმულაციაში ასრულებს სახალისო დავალებებს. სენსორი აღიქვამს მოძრაობას და ცდილობს იგივე მოძრაობა გააკეთებინოს ხელთათმანსაც, შედეგად ხელთათმანი ეხმარება დაზიანებულ ხელს იგივე მოძრაობების გაკეთებაში. საბოლოო ჯამში პაციენტი ორივე  ხელს ერთნაირად ამოძრავებს, ხოლო ტვინი იწყებს კავშირების აღდგენას და მოძრაობის უნარიც უმჯობესდება.

გამარჯვებულები კომპანია ,,ბილაინმა“ უზრუნველყო 2017 წლის თებერვალში ესპანეთში გამართულ მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე დასწრების სრული დაფინანსებით. ,,გამარჯვების შემდეგ გავიარეთ აქსელერაცია და გავიმარჯვეთ დემო დღეზე ტექნოპარკში. თებერვლის ბოლოს კი მივემგზავრებით მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე, სადაც წარვადგენთ ხელთათმანს და შევხვდებით პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებს. ასევე, ახლახან დაგვასახელეს 10 საუკეთესო გუნდს შორის  ,,Jacobs International Startup Competition-ზე” და მარტის ბოლოს პროექტს წარვადგენთ გერმანიაშიც, სადაც ჩატარდება ფინალი, – აღნიშნა გიორგიმ.

ჯერჯერობით ხელთათმანის პროტოტიპი დამზადების პროცესშია, რის შემდეგაც რამდენიმე საავადმყოფოში, რომლებსაც უკვე აქვთ კონტაქტი ახალგაზრდებთან, მოხდება მათი გამოგონების უშუალოდ მკურნალობისას გამოყენება და დაკვირვება,  ,,დოქტრინა“ კი წარმატებებს უსურვებს მათ და ელის სასიამოვნო სიახლეებს მათგან!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამედიცინა

ჰაერის დაბინძურებამ, ერთ წელიწადში, 4,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ჰაერის დაბინძურებამ 2015 წელს 4,2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეფექტების ინსტიტუტი (ჯეი)  (Health Effects Institute (HEI) ) ავრცელებს.

როგორც ამერიკული ორგანიზაცია იუწყება, ჰაერის დაბინძურება, რომელიც გლობალური მასშტაბით სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეხუთე ადგილზე დგას,  ჩინეთსა და ინდოეთში 2,2  ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 92 პროცენტი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც არაჯანსაღი ჰაერია.

ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა კიბო, ინსულტი, გულის და რესპირაციული დაავადებები, მათ შორის – ასთმა.

ჯანმრთელობის ეფექტების ინსტიტუტი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩინეთში, ისე ინდოეთში, მსოფლიოს ორ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, ჰაერის დაბინძურებამ მხოლოდ 2015 წელს დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყნების ხელისუფლებები პრობლემის სიმძიმეს სათანადოდ ვერ აფასებენ.

„ინდოეთს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. როგორც ჩანს, ქვეყანას ჯერ კიდევ hყავს ისეთი მინისტრები, რომლებიც, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებასა და სიკვდილიანობას შორის ძლიერი კავშირი არ არსებობს. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყანა აჭიანურებს ტოქსიკურ ნისლსა და კიბოს გახშირებულ შემთხვევებს შორის კავშირის აღიარებას,“ – აღნიშნულია ჯანმრთელობის ეფექტების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ 2016 წლის ოქტომბერში ქვეყნის გრძელვადიანი ჯანდაცვის გეგმა გამოქვეყნა, რომელიც ჯანმრთელობასა და დაბინძურებას შორის კავშირს აღიარებს და პრობლემის ზუსტ შეფასებასა და გარემოს მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

კომპიუტერთან მუშაობისას გასათვალისწინებელი წესები

კომპიუტერთან მუშაობისას დაიცავით მარტივი წესები:

 

1.ეკრანი თვალიდან უნდა იყოს დაშორებული 50-60 სმ-ით.

2.ეკრანი უნდა იყოს თვალის დონიდან 20 გრადუსით ქვევით.

3. ის დოკუმტენტი, რომელიდანაც თქვენ კრეფთ  ტექსტს, უნდა იყოს მონიტორზე დამაგრებული სპეციალური დამჭერის მეშვეობით თვალიდან იმავე ანძილზე, როგორც ეკრანი.

4.შეამცირეთ სიკაშკაშე ან გამორთეთ ჭერზე  ჩამოკიდებული ნათურები, განსაკუთებთ ლუმინესცენტური.

5.მხედველობის მოსადუნებლად ყოველი 15-20 წუთის შემდეგ მოარიდეთ თვალი ეკრანს და დააფოკუსირეთ მზერა შორეულ საგნებზე.

6.მაგიდის ლამპის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 60 ვატს და იგი უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ შუქი არ ეცემოდეს ეკრანსა და თვალებს.

7.ისარგებლეთ ეკრანის დამცავი ფილტრით.

 

მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

ლაზერი მედიკოსებს ტვინის სიმსივნის ამოკვეთაში დაეხმარება

ახალი კვლევის თანახმად, ლაზერების დახმარებით ტვინის სიმსივნეების სწრაფი ანალიზი და ამოკვეთაა შესაძლებელი. 

მედიკოსებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა მოცულობით ქსოვილი ამოკვეთონ – ზედმეტად მცირე ნაწილის ამოჭრამ შესაძლოა კიბოს „დაბრუნება“ გამოიწვიოს, ზედმეტად დიდმა კი – პაციენტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ქცევა.

SRSმიკროსკოპიის ტექნოლოგია მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასა და ჰარვარდის უნივერსიტეტში 360 პაციენტზე გამოსცადეს.

„ტვინის კიბო ღრუბელს ჰგავს, ცენტრის განსაზღვრა შესაძლებელია, მაგრამ კიდეების გარჩევა შეუძლებელია,“ – აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი – დანიელ ორინგერი.

სხვა კიბოს შემთხვევებში, მაგალითად, ნაწლავის კიბოს დროს, ექიმები მიმდებარე ქსოვილებსაც კვეთენ. თუმცა ტვინში უმნიშვნელო ქსოვილი არ არსებობს.

როგორ მუშაობს ტექნოლოგია?

ტვინის ქსოვილის ნაწილები ლაბორატორიაში გადააქვთ და ყინავენ, საღებავით ნიშნავენ და აანალიზებენ. პროცესს 30-40 წუთი სჭირდება.

ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც ,,Nature Biomedical Engineering-შია” აღწერილი, ტვინის ქსოვილზე დასხივებას ითვალისწინებს. ლაზერული სინათლე იმის მიხედვით იცვლება, თუ რაზეა ის მიმართული.

სიმსივნური უჯრედისა და ტვინის ნორმალური ქსოვილის განსხვავებული ქიმიური შედგენილობა მედიკოსებს ეხმარება სიმსივნის კიდეების დადგენაში.

მიუხედავად აღნიშნულისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად ზრდის ტექნოლოგია გადარჩენის პროცენტულობას. ამის დასადგენად გრძელვადიანი კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა სისხლის მარტივი ტესტით პარკინსონის დიაგნოზირება შეძლეს 

სისხლის ახალი ტესტის საშუალებით ექიმები პარკინსონის დაავადების სწრაფ და მარტივ დიაგნოსტირებას შეძლებენ.

აქამდე პაციენტებს ზურგის ტვინის სითხის ტესტის ჩატარება სჭირდებოდათ იმის დასადგენად, იყო თუ არა სიმპტომები პარკინსონისგან გამოწვეული.

შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების ზუსტი განმსაზღვრელი სიხლში ცილის კონცენტრაცია გახლავთ.

პარკინსონის დაავადება (კანკალა პარალიჩი) –  თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც პირველად აღწერილი იყო 1817 წელს ინგლისელი ექიმის ჯ. პარკინსონის მიერ. პარკინსონით დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების უნებლიე მოძრაობა (ტრემორი), კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება. ეს სიმპტომები ვითარდება 60 წლის შემდეგ, თუმცა ცნობილია შემთხვევები 50 წლის ქვემოთ ასაკშიც.

ჯერჯერობით არ არსებობს დავადების განკურნების, ან პროგრესირების შემაჩერებელი გზა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ პროგრესული ნერვული უჯრედები სიმპტომების გაჩენამდე გაცილებით ადრე ზიანდება.  ადრეული ტესტი კი შესაძლოა ექიმებს სიმპტომების შენელებაში დაეხმაროს.

„სისხლში ცილის კონცენტრაციით ამ დაავადებას ისევე ზუსტი დიაგნოზირებაა შესაძლებელი, როგორც ცილის ზურგის ტვინის სითხეში კონცენტრაციით,“ – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა – დოქტორმა ოსკარ ჰანსონმა.

მკვლევარებმა სისხლის ტესტი 504 ადამიანს ჩაუტარეს, მათ შორის, სრულიად ჯანმრთელებს და მათ, ვინც პარკინსონის დიაგნოზით ექვსი წელია ცხოვრობს.

აღმოჩნდა, რომ სისხლის ტესტით პარკინსონის ან სხვა ნერვოლოგიური დაავადების ისეთივე ზუსტი დიაგნოზირება ხდებოდა, როგორიც ზურგის ტვინის სითხის ტესტით.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

ვირტუალური რეალობის სათვალეს – ვერტიგოს – სამკურნალოდ გამოიყენებენ

კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მტკიცებით, ვირტუალური რეალობის სათვალე შესაძლოა ვიზუალური ვერტიგოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენონ.

ფსიქოლოგების გუნდი დაავადების დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციისთვის ვირტუალური გარემოს შექმნაზე მუშაობს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ მიდგომას ,,რეალური პოტენციალი” აქვს.

„ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ვიზუალურ ვერტიგოს, ამ დროისთვის არცთუ ისე ბევრი ეფექტური სარეაბილიტაციო თერაპიაა ხელმისაწვდომი. ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ამ ორი საკითხის გარკვევაა,“ – აცხადებს ფსიქოლოგიის სკოლის ფსიქოლოგი – ჯორჯინა პოველი.

მისი თქმით, ვერტიგო შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს ადამიანების ცხოვრებაზე. „პაციენტები ვერ ტოვებენ სახლებს, რადგან ვიზუალურ გარემოში სიარულისას გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება აქვთ. ისინი ვერ მუშაობენ,  უფუნქციო ხდებიან.“

მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ინფორმაციით, პაციენტებზე დაკვირვებისას მათ აღმოაჩინეს, რომ მათ განსხვავებული სიმპტომები აღენიშნებოდათ. „ ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით თითოეული პაციენტისთვის დაავადების ინდივიდუალურ მიზეზს დავადგენთ და შესაბამისად – ინდივიდუალურ თერაპიის კურსს შევიმუშავებთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.

რა არის ვერტიგო?

ვერტიგოს დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მის გარშემო ყველაფერი მოძრაობს ან ბრუნავს. ეს შეგრძნება შეიძლება იყოს სუსტი და ძლივს შესამჩნევი, ან შესაძლოა იყოს იმდენად მძიმე, რომ გაგიჭირდეთ ბალანსის შენარჩუნება და ყოველდღიური აქტივობების შესრულება.

ვერტიგოს შეტევა მოულოდნელად ვითარდება ხოლმე და გრძელდება რამდენიმე წამის, ან ზოგჯერ უფრო მეტი დროის განმავლობაში. მძიმე ვერტიგოს შემთხვევაში კი, სიმპტომები შეიძლება გახდეს მუდმივი და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ეს კი გაართულებს ცხოვრებას.

ვერტიგოსთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: წონასწორობის დაკარგვა, რაც გაართულებს დგომას ან სიარულს, გულისრევა ან პირღებინება, თავბრუსხვევა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები გვაფრთხილებენ: ,,ორსულებისთვის პლასტმასის ბოთლებიდან წყლის დალევა სახიფათოა!”

ახალი კვლევის თანახმად, ორსულ ქალბატონებს, რომლებიც პლასტმასის ბოთლებიდან სვამენ, დიდი ალბათობით, მსუქანი ბავშვები ეყოლებათ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქიმიური ბისფენოლი A (BPA) დაუბადებელი ბავშვის სიმსუქნის რისკთანაა დაკავშირებული.

ბისფენოლს მსოფლიოში პლასტმასისა და რეზინის დასამზადებლად იყენებენ. ეს ორივე მასალა კი საკვები პროდუქციის წარმოებაში კონსერვებისა და პლასტმასის ჭურჭლის დასამზადებლად გამოიყენება. ამ ქიმიური შენაერთების მავნე ზეგავლენა კი ძირითადად ადამიანის ორგანიზმში ჯირკვლებისა და ჰორმონების დისბალანსს იწვევს.

იმის დასადგენად, თუ როგორ იწვევს BPA სიმსუქნეს, მკვლევარებმა ორსული თაგვების საკვებში ბისფენოლი გაურიეს. მშობიარობისთანავე მათ ნაშიერებს სხვადასხვა ინტერვალით ლეპტინის ინექციას უკეთებდნენ, შემდეგ კი, ჰორმონების მიმართ რეაგირების გარკვევის მიზნით, მათი ტვინის ქსოვილებს იკვლევდნენ და სისხლს აანალიზს ატარებდნენ.  ლეპტინი ჩვენი ცხიმოვანი უჯრედების მიერ გამომუშავებული ერთ-ერთი ჰორმონია, რომელიც მადის გაკონტროლების პროცესშია ჩართული.

რამდენიმე თაგვის საკვებს არანაირ  არ ქიმიკატს ურევდნენ, ზოგიერთს კი მხოლოდ  დიეთილსტილბესტროლს – (diethylstilbestrol (DES)) ცნობილ ესტროგენს. შემდეგ კი მათ ნაშიერებს იმ თაგვების ნაშიერებს ადარებდენ, რომლებიც ორსულობისას ბისფენოლ A-ს მიიღებდნენ.

აღმოჩნდა, რომ იმ ახალშობილმა თაგვებმა, რომლებიც არც BPA-ს და არც  DES -ის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ,  გაცილებით მეტად დაიკლეს წონაში, ვიდრე დანარჩენებმა.

„აღნიშნული კვლევა გვეხმარება იმის უკეთ გაგებაში, თუ როგორ შეუძლია ბისფენოლს ენდოკრინული სისტემის მოშლა. მას შემდეგ რაც BPA სიმსუქნეს დაუკავშირდა, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გარემოფაქტორებმა შესაძლოა სიმსუქნისა და  კარდიომეტაბოლური დარღვევების მიმართ მგრძნობელობა გაზარდოს.

ენდოკრინოლოგიურ დარღვევებისგან გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადები კი გახლავთ: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD, აუტიზმი და IQ-ს დაკარგვა.

 

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 88 89 90 91 92 95
Page 90 of 95