close

სამართალი

მსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ამერიკელი კანონმდებლები ,,AT&T-ს” ,,Huawei-სთან” კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები ,,ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე” მოუწოდებენ AT & T Inc-ს, ქვეყნის მეორე უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას, ჩინეთის ტელეფონების მწარმოებელ Huawei Technologies- სთან კომერციული კავშირები გაწყვიტოს.

ამის შესახებ სააგენტო ,,როიტერსი” კონგრესმენების ორ ასისტენტზე დაყრდნობით იუწყება, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლები ასევე ეწინააღმდეგებიან ჩინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, China Mobile Ltd-ის გეგმას აშშ-ს ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ როგორც აშშ-ს კონგრესის წევრები, ასევე AT & T Inc- ის, Huawei Technologies-ისა და China Mobile-ის წარმომადგენლები.

ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები შიშობენ, რომ ,,Huawei-ის” აპარატის ნებისმიერი მონაცემები, მაგალითად, ტელეფონის მომხმარებლის ადგილმდებარეობა, ხელმისაწვდომი იქნება ჩინეთის მთავრობის დაზვერვის სამსახურისთვის.

2012 წელს, აშშ-ში ჩატარდა გამოძიება იმის დასადგენად, წარმოადგენდნენ თუ არა Huawei-სა და ZTE Corp -ის აღჭურვილობები ჯაშუშობის საშუალებას და უქმნიდნენ თუ არა აშშ-ს ინფრასტრუქტურას საფრთხეს.

,,უსადენო კომუნიკაციის შემდეგი ტალღას უზარმაზარი გავლენა აქვს ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩინეთის მონაწილეობა სტანდარტების შექმნასა და მოწყობილობების გაყიდვის პროცესში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს აყენებს, რომლებიც მოითხოვს მკაცრ და სწრაფ ყურადღებას”, – განაცხადა კონგრესის მიერ ჩამოყალიბებულმა აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის წევრმა მაიკლ უესელმა.

ამერიკელ კანინმდებლებს არ სურთ China Mobile -თვის აშშ-ში ბიზნესის კეთების ლიცენზიის მინიჭება .  China Mobile-ზე ლიცენზიაზე აპლიკაცია  2011 წელს წარადგინა და  ფედერალური კომუნიკაციების კომისიისგან პასუხი ჯერაც არ მიუღია.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთი: რუსეთი საფრთხეს უქმნის წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს

 დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი – მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რუსეთის მხრიდან წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, საკომუნიკაციო ხაზების დაცვა ბრიტანეთის და ნატოს პრიორიტეტად უნდა იქცეს.  პიჩი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წყალქვეშა კაბელები დაზიანდება ეს ,,მაშინვე და კატასტროფულად დააზარალებს ეკონომიკას.”

ორგანიზაცია Policy Exchange-ის მოხსნების თანახმად, მსოფლიო წყალქვეშა ქსელი მოიცავს 213 დამოუკიდებელ საკაბელო სისტემასა და 877,121 კმ ბოჭკოს. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, ფორმალური სახელმწიფო საკუთრების არარსებობა გულისხმობს იმას, რომ მას საერთაშორისო კანონმდებლობა სათანადოდ ვერ იცავს.

მიუხედავად ამისა, გლობალური კომუნიკაციების 97% და ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციებიდან 10 ტრილიონი დოლარი ოკეანქვეშა კაბელებით გადაიცემა.

,,რუსეთის ფლოტის მოდერნიზაციით (როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები და გემები) გამოწვეული საფრთხის საპასუხოდ ჩვენს ატლანტიკური მოკავშირეებთან ერთად პრიორიტეტად დავსახეთ ისეთი ამოცანები და მისიები, რომლებიც საზღვაო საკომუნიკაციო ხაზების დაცვას ემსახურება. წარმოიდგინეთ სცენარი, სადაც ეს კაბელები ზიანდება და ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრების სხვა გზებს კატასტროფულად აზიანებს” – განაცხადა სტიუარტ პიჩმა.

შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზებს გაანადგურებს, თანდათან იზრდება.

თავდაცვისა და დაზვერვის მეთაურების განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ წყალქვეშა მოქმედებებს ზრდის, არამედ სურს არატრადიციული ასიმეტრიული ომის გამოყენებაც.

ამ საფრთხის ფონზე მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და მისი ნატოელი მოკავშირეები ამგვარი თავდასხმისთვის არასათანადოდ მომზადებულები არიან. ის ერთადერთი სამხედრო მაღალჩინოსანი არააა, ვინც ამ საფრთხეზე ღიად საუბრობს.

ნატოს უმაღლესმა სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, ამერიკის საზღვაო ძალების გადამდგარმა ადმირალმა – ჯეიმს სტავრიდისმა ცოტა ხნის წინ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ,,ეს სასიცოცხლო ინფრასქტრუქტურა თანდათან უფრო დაუცველი ხდება.”

,,ეს არ არის თანამგზავრები ცაში, არამედ მილები ოკეანის ფსკერზე, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალს ქმნიან და ნატო მათ დასაცავამ მზად უნდა იყოს”, – განაცხადა მან.

ჯეიმს სტავრიდისის მტკიცებით, წყალქვეშა კაბელებს პოტენციური საფრთხე ემუქრებათ ჩინეთიდან და ირანიდანაც.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასამართალისაქართველო

,,ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს!“ – ესმა გუმბერიძე

ესმა გუმბერიძეს საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს – ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების უფლებებისთვისაც აქტიურად იბრძვის და მისი მომავალი გეგმები სცდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. უსინათლო გოგონამ განათლების მიღება, არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით მაინც შეძლო და თავის თანატოლებს ურჩევს, არასდროს შეწყვიტონ თვითრეალიზაციაზე ზრუნვა.

-ესმა, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ხართ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში –  ახლა რა ეტაპზეა შენი საქმიანობა?

ახლახან დავინიშნე ომბუსმენის შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალ საკონსულტაციო საბჭოს წევრად. ეს საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ და გასცემს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა საკითხები უნდა გადაიხედოს და შემოწმდეს – ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანია ინტერესთა კონფლიქტის შესწავლა. არსებობს შშმ პირთა საბჭოები, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან, მერიასთამ, თუმცა, საინტრესოა, რომ ეს საბჭოები როგორც  პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობენ, ასევე, ხშირად არიან იმავე სერვისის მიმწოდებლები და თავადვე ეწევიან შიდამონიტორინგს.

აუცილებელია, განვსაზღვროთ შშმ პირთა ორგანიზაცია რას ნიშნავს, იმიტომ რომ ხშირად ისეთი ორგანიზაციები იბრალებენ ამ სტატუსს, სადაც შშმ პირები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შენი დაკვირვებით, ახლა რა მდგომარეობაა შშმ პირთა უფლებების კუთხით?

-ზოგადად, თანდათანობით, შშმ პირთა შესახებ ცნობადობა იზრდება – ადამიანებმა დაიწყეს იმის გააზრება და დანახვა, რომ ისინი არსებობენ და საკმაოდ ბევრიც არიან. მედიასაშუალებებშიც აქტიურად მიდის საინფორმაციო კამპანია. მეორე საკითხია – რა მხრივ არის საზოგადოება ინფორმირებული და რა მესიჯები იგზავნება.

თვითონ თემშიც გვაქვს პრობლემები – ზოგი ისე ცდილობს შშმ პირთა საკითხების მიწოდებას, რომ ისინი ძალიან კარგები, თბილები არიან და სხვებზე უკეთესები. ზოგი მათ აიგივებს სოციალურად დაუცველებთან. რა თქმა უნდა, უმეტესად, მართლაც არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ შშმ პირობა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად ამ სტატუსს.

-რაც შეეხება განათლების საკითხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია – როგორი მოცემულობა გვაქვს?

როცა განათლებაზე ვსაუბრობთ, თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ შეზღუდვის ტიპი, გეოგრაფიული საცხოვრებელი, ოჯახის მდგომარეობა. არცერთი სმენადაქვეითებული პირი არ სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საკმაოდ ცოტა არიან უსანათლო და ეტლით მოსარგებლე პირებიც.  ძირითადად, განათლებას მსუბუქი შეზღუდულობის მქონე ხალხი იღებს. ასეთივე მდგომარეობაა სკოლებშიც.

მე  202-ე სპეცსკოლა დავამთავრე – იქ ხშრად მიჰყავთ ხოლმე დიდი ასაკის – 14-15 წლის ბავშები,  რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ განათლება – ესეც პრობლემაა.

ვიღაცები სწავლობენ პროფესიულ სასწავლებლებში, მაგრამ, სწავლის დასრულების შემდეგ, არ შეუძლიათ დასაქმება, იმიტომ რომ, მაგალითად, საჯარო სამსახურები ხშირად ითხოვენ უმაღლეს განათლებას იქ, სადაც ეს სულაც არაა საჭირო და აუცილებელი.

წარმოვიდგინოთ – ღონისძიებების ორგანიზატორის პოზიცია შეიძლება იყოს ვაკანტური  – არსებობს პროფესიული პროგრამა, რომელიც ამას ასწავლის, მაგრამ მუნიციპალიტეტი რატომღაც ითხოვს უმაღლეს განათლებას, რაც არაა სწორი. თუ პროფესიული განათლების წახალისებას ცდილობ – ხელიც უნდა შეუწყო, რომ ადამიანებმა შეძლონ ნამდვილად რეალიზება. ესეც შშმ პირთა  არაპირდაპირი დისკრიმინაციაა და, ზოგადადაც, ვაკანსიების 40%  მაინც მოითხოვს უმაღლეს განათლებას. ერთია, რომ განათლება მიიღო და მეორე – რაში შეიძლება ეს გამოგადგეს.

-უშუალოდ შენ რაც შეგეხება – რა პროცესი და ეტაპები გაიარე აქამდე?

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. სკოლის შემდეგ – ,,ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში 1 წელი ვიცხოვრე. უნივერსიტეტის პერიოდში ,,ერასმუსის“ პროგრამით 1 სემესტრი გერმანიასა და  1 რუმინეთში ვისწავლე.

 ვარ შმმ ქალთა საინიციატივო ჯგუფ –  ,,პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“  თანადამფუძნებელი და კოორდინატორი. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ორგანზიაციის დაფუძნებაზეც.

-არსებობს განსხვავება შშმ ქალთა და კაცთა უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით?

კი, მაგალითად, სკოლადამთავრებულთა რაოდენობები რომ შევადაროთ სქესის მიხედვით – ზოგადად, უფრო მეტი გოგონა ამთავრებს სკოლას, ვიდრე ბიჭი, მაგრამ შშმ პირთა შემთხვევაში პირიქით ხდება.  

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

-უპირველეს ყოვლისა, ოჯახების სტიგმა – ისინი ერიდებიან შშმ გოგონების გამოჩენას ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ – შშმ გოგონების შეზღუდული შესაძლებლობების წარმოჩენას. მიიჩნევენ, რომ ასეთ გოგონას ცოლად არავინ არ მოიყვანს და პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთ რეგიონში ერთი მცირედმხედველი, 16 წლის გოგონა გავიცანი. სკოლა მისთვის არაფერს უზრუნველყოფდა. როცა ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა შშმ პირის სტატუსი მიეღო – რითაც სწავლის დაფინანსების, სოციალური შემწეობის პაკეტს მიიღებდა  და ა.შ., ასე მითხრა – მამაჩემმა ასე თქვა – შშმ სტატუსი ჩემს შვილს არასდრს არ ექნებაო.

გოგონა მართლაც ცუდად ხედავს და ოჯახი ცდილობს ამის დამალვას. როდესაც, ბიჭის შემთხვევაში,  უფრო ნაკლებად ერიდებათ მისი გამოყვანა გარეთ, სტატუსის მინიჭებდა ა.შ.

-შენ რა ტიპის სირთულეები შეგხვედრია?

-ზოგადად, კონკურსები თითქმის არასდროს არ იყო ხოლმე სკოლის დროს ადაპტირებული, სახელმწიფო კონკურსების შემთხვევაში, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. უნდა ითქვას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უპრობლემოდ ჩავაბარე – გაორმაგებული დროითა და ადაპტირებული გარემოთი. რაც შეეხება უნივერსიტეტს –  ჩაბარებისას უამრავ პრობლემას შევეჩეხე – არ არსებობდა უსინათლოთა სწავლების გამოცდილება, გამოდიოდა, რომ მე, გამოუცდელს, უნდა მომეთხოვა ყველაფერი. მოვითხოვე, რომ მასალის წამკითხველები მყოლოდნენ, რომ კომპიუტერებით უნდა ჩამებარებინა გამოცდები და დამატებითი დრო მოეცათ ჩემთვის, რომ მოხალისე გ გამოეყოთ, რომელსაც უნდა ესწავლებინა აუდიტორიიდან აუდიტორიაში როგორ გადავაადგილებულიყავი. ეს ყველა მოთხოვნა უნივერსიტეტმა დამიკმაყოფილა.

-ახალ რა გეგმები გავქს?

-სამსახურის კუთხით აღმოვჩნდი სამწუხარო რეალობის პირისპირ. მიუხედავად ჩემი განათლებისა და გამოცდილებისა  – ღია შრომით ბაზარზე დასაქმება გამიჭირდა ანუ ისეთ სამსახურში, რომელიც არ არის შექმნილი სპეციალურად შშმ პირისთვის. 4 მცდელობა მქონდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავსაქმდი მოკლე ვადით, თუმცა, რეალიზებუალდ ვერ ვიგრძენი თავი. დანარჩენი სამ შემთხვევაში მივიღე უარი. აქედან 2-ში პირდაპირ მითხრეს უარი შეზღუდული შესაძლებლობს გამო. ერთ-ერთი შემთხვევა გავასაჩივრე კიდეც სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. რომც დაკმაყოფილებულიყო,  კერძო ორგანიზაციის შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის.

სამომავლოდ, ვაპირებ მაგისტრატურის უცხოეთში გაგრძელებას.

-შენ გარშემო რამდენად არიან შენნაირად აქტიური შშმ პირები?

-არიან, თუმცა ძალიან ცოტა – თითზე ჩამოსათვლელი. დაახლოებით, 160  000 შშმ პირი გვყავს ოფიციალურად, თუმცა, რაოდენობა ბევრად დიდია. წესით, დაახლოებით 370 000-380 000 მაინც. ამ რაოდენობიდან ძალიან ცოტაა რეალიზებული. ბევრი ახალგაზრდა ცდილობს სტაბილური სამუშაო იშოვოს და ნაკლებად აინტერესებთ უფლებების საკითხი.

 -რა ცვლილებებს ისურვებდი სამომავლოდ?

-უპირველეს ყოვლისა, ის, რომ სტიგმა – შშმ პირებმა მხოლოდ შშმ პირთა უფლებებზე უნდა იმუშავონ და სხვა ინტერესები არ ჰქონდეთ – მინდა შეიცვალოს – ეს არის ჩემი პირადი სატკივარი. თუ შშმ პირი იღებს განათლებას, მისთვის ღია დასაქმების ბაზარი დახურულია, სხვა აქტიოვებებიც არაა ადაპტირებული და მეგობრული, უმეტესწილად. ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს შშმ პირს, არის ის, რომ ისევ თავისი მიმართულებით იმუშავოს. ჯერჯერობით ასეთია საჭიროება, თუმცა, დიდი იმედი, მაქვს, ოდესმე აღმოიფხვრება.

მე იმავენაირად მაინტერესებს ქალთა უფლებების საკითხიც – ვწერ ბლოგებს, სხვადასხვა თემაზე ვესწრები ტრენინგებს, ასევე, მოხალისებრივად მიმყავს გადაცემა ონლაინრადიო ,,ჩემს ხმაში“.

-რას ურჩევდი საზოგადოებას, განსაკუთრებით, შენს თანატოლებს?

-ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს! – რაღაცის შეცვლა ყოველთვის დისკომფორტსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ესაა აუცილებელი! ჩვენთვისვეა უარესი, თუ არ გამოვალთ – ჩვენ თუ არ გამოვალთ, არავინ არ შემოგვიმტვრევს სახლის კარს. როგორც იტყვიან, ,,შეუცვლელი კადრი არ არსებობს“. აუცილებელია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ ინიციატივები. ეს მუდმივი პროცესია – მე ამას ნებისმიერ სხვა ადამიანსაც ვურჩევ, წარმატება და თვითრეალიზაცია განგრძობის მქონე პროცესია. ერთხელ თუ რაღაც გააკეთე, მისი შედეგი მალევე ქრება, თუ რაღაც ახალი არ მიუმატე.

ყველაფერი უფრო რთულად მოდის ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველგან მხვდება დაბრკოლება. საქმე საქმეზე როცა მიდგება და გადაწყვეტილებებია მისაღები, ძალიან უჭირთ ადამიანებს ჩვენი აზრის გათვალისწინება, იმის გაანალიზება, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს რაიმე აზრი.

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალი

რა ვალდებულება აქვს მედიას არასრულწლოვნის დანაშაულის გაშუქებისას?!

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, სამეცნიერო პორტალი ,,დოქტრინა” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახებს.

ამის პარალელურად, ქართულ მედიაში აქტიურად ვხვდებით არასრულწლოვანი ბრალდებულების მაიდენტიფიცირებელ მასალას. გაგაცნობთ მედიაეთიკის სტანდარტსა და მაუწყებელთა კოდექსს:

,,მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ანონიმურობა” (მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. მუხლი 44, პუნქტი 3).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკასამართალი

მონებით ვაჭრობა ლიბიაში: თანამედროვე „საკონცენტრაციო ბანაკი“

გასულ კვირას ასობით ადამიანი შეიკრიბა პარიზში, ლიბიის საელჩოს წინ, გზავნილით: „დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ მონობა და საკონცენტრაციო ბანაკები ლიბიაში“. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს: „საჭიროა მობილიზება, რადგან 21-ე საუკუნეში შეუძლებელია მონებით ვაჭრობდნენ“.

ლიბიაში დასავლეთ აფრიკიდან წამოსული მიგრანტებს ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან, როგორც მონებს. აფრიკულ ქვეყანაში ტრეფიკინგის, ექსპლუატაციისა და მონური შრომის შესახებ წინა წლებშიც მიმართეს დაზარალებულებმა გაეროს, თუმცა, როგორც მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, ადამიანებით ღიად ვაჭრობა დღეს უკვე ნორმალური ფაქტია, რაც რეაგირებას მოითხოვს.

დასავლეთ აფრიკელი მიგრანტები, რომლებიც ევროპაში მიგრაციას გეგმავენ და უწევთ ლიბიის გავლა, რათა ზღვის საშუალებით ევროპის კონტინენტზე მოხვდნენ, ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, რადგან მათ უმეტესობას არ აქვს საკმარისი თანხა და ოფიციალური დოკუმენტაცია. მსხვერლებს ათავსებენ ციხისმაგვარ დაწესებულებაში ლიბიაში და აიძულებენ იმუშაონ ანაზღაურების გარეშე. ხშირია შემთხვევა, როდესაც უკავშირდებიან მსხვერპლის ოჯახის წევრებს და ითხოვენ ფულად ანაზღაურებას ადამიანის თავისუფლების სანაცვლოდ. სანიტარული ნორმების დარღვევის, მძიმე შრომისა და შიმშილის გამო, ბევრი მიგრანტი იღუპება. იმ შემთხვევაში, თუკი მათი რაოდენობა ციხეში არასაკმარისი იქნება სამუშაოს შესასრულებლად, ეჭვმიტანილები დამატებით ყიდულობენ „მონების ბაზარზე“ ახალ მსხვერპლს.

მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში, მსგავსი 1500 შემთხვევა გამოვლინდა. თითქმის იგივე მაჩვენებელი იყო 2015 წელსაც. თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი მიგრანტი ვერ ახერხებს თავის დაღწევას და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას, სტატისტიკა ვალიდური არ არის და მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად დიდია.

ამ შემთხვევის შემდეგ, დაიწყო ოფიციალური გამოძიებაც გაეროსა და ადამიანების უფლებების აფრიკული კომისიის ინიციატივით. მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ლიბიაში 700 000-დან 1 000 000-მდე მიგრანტია და მათგან 2000 დაიღუპა მაშინ, როცა ევროპის კონტინენტამდე მისვლას ცდილობდნენ ზღვის გავლით. 20 000-მდე ადამიანი კი ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში ხვდება.

2011 წელს არაბული გაზაფხულისა და მუჰამედ კადაფის დიქტატორული რეჟიმის შემდეგ, ლიბია მოქმედების ერთ-ერთი მთავარი არეალი გახდა ტრეფიკინგისა და კონტრაბანდისტებისთვის, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ევროპაში მიგრაცია.

შემთხვევას საპასუხო რეაქცია მოჰყვა იტალიის სახელმწიფოსგანაც. თუმცა, ხელისუფლება კონცენტრირდა მიგრანტების შემოსვლის შემცირებაზე, ლიბიის სანაპირო ზოლის კონტროლირებით. მხოლოდ აგვისტოში, იტალიაში მიგრანტების შესვლის მაჩვენებელი 85 %-ით დაეცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ლიბიის კონტრაბანდისტებს. CNN-ის მონაცემებით, მონობით ვაჭრობის აუქციონზე, მიგრანტები საშუალოდ 400 აშშ $-ად იყიდებოდნენ.

საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, გაერო და აფრიკული გაერთიანების ასოციაცია აცხადებს, რომ დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები ლიბიის ხელისულებასთან, რათა გადაიდგას ის „პრაქტიკული ნაბიჯები“, რომელიც „შეეხება ლიბიაში მიგრანტების შედინებას.“

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი გამოიძიებენ აფროამერიკელი მიგრანტების საჩივრებს მონობით ვაჭრობასთან დაკავშირებით და შეეცდებიან სამართლიანობის აღდგენას. უშუალოდ ლიბიის მოსახლეობის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე კი -განსხვავებულია. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ევროპული სახელმწიფოების მცდელობა, შეაჩერონ ან შეამცირონ მიგრანტების შედინება (მოიაზრება, უპირველესად ი,ტალია), სიტუაციას მხოლოდ აუარესებს.

წყარო: CNN, Reuters, nytimes

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალისაქართველო

რა ვალდებულება აქვს მედიას სპეცოპერაციის გაშუქების დროს?

რა ვალდებულება აქვს მედიას სპეცოპერაციის გაშუქების დროს და რას გვეუბნება კანონი? –  საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 13: კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შეზღუდულია სატელევიზიო, სამაუწყებლო მობილური სადგურების ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეპორტიორთა ყოფნა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი.
აქვე, გთავაზობთ ჟურნალისტური ეთიკის განცხადებას:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას და შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს. 

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მათ დაკავშირებას, რადგან ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ამიტომაც მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის ჩვენებას, არამხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა კომენტარების შერჩევისას.

სპეცოპერაციის გაშუქებისას მედიამ, ერთი მხრივ, არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო- დაფოტოკადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას ავრცელებენ თვითმხილველი მოქალაქეები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსამართალი

აშშ-ში მასობრივი მკვლელობის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ბოლო მასობრივი მკვლელობა აშშ-ში, ტეხასში, ნოემბრის დასაწყისში იყო. დამნაშავემ ცეცხლი ეკლესიაში გახსნა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა კი – კლასიფიცირდა, როგორც მე-5 ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა აშშ-ის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 თვის მანძილზე აშშ-ში 3 ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა იყო, ბოლო 35 წლის განმავლობაში.

  • ლას ვეგასის შემთხვევა. 1-ლი ოქტომბერი, 2017 წ – დაიღუპა 58 ადამიანი;
  • ღამის კლუბ „ორლანდოში“ განხორციელებუული მასობრივი მკვლელობა. 12 ივნისი, 2017 წ. – დაიღუპა 49 ადამიანი;
  • ვირჯინიაში განხორრციელებული მასობრივი მკვლელობა. 16 აპრილი, 2007 წ. – დაიღუპა 32 ადამიანი;
  • სენდი ჰუკის სკოლაში განხორციელებული მასობრივი მკვლელობა. 14 დეკემბერი, 2012 წ. – დაიღუპა 27 ადამიანი;
  • ტეხასის ეკლესაში განხორციელებული მასოვბრივი მკვლელობა. 5 ნოემბერი, 2017 წ. – დაიღუპა 26 ადამიანი;

მსგავსი ძალადობრივი ქმედება საკმაოდ ხშირია აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში: მასობრივი მკვლელობები გახდა უფრო ხშირი და მომაკვდინებელი.

აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Mother Jones-ი“ ავრცელებს, რომელსაც შექმნილი აქვს სპეციალური მონაცემთა ბაზა, აქ შეყვანილია 1982 წლის შემდეგ მომხდარი ყველა მასობრივი მკვლელობა, რომელიც „დამნაშავემ განახორციელა საჯარო სივრცეში და გამოიწვია 3 ან მეტი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი“ .

სიკვდილიანობის მინიმალური მაჩვენებელი 2013 წლამდე 4 ადამიანი იყო. თუმცა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს,  მაჩვენებელი 3-მდე ჩამოვიდა.

სრული მონაცემთა ბაზის ნახვა შესაძლებელია აქ.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დღეს მასობრივი მკელობების შემთხვევებს შორის უფრო ნაკლები დროის შუალედია, გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა კი უფრო გაიზარდა. 1990-იან წლებში გარდაცვლილ ადამიანთა საშუალო მაჩვენებელი 159 იყო. 2000-იან წლებში ის 171-მდე გაიზარდა, დღეს კი მაჩვენებელი რეკორდულ 381-ს აღწევს.

ორგანიზაცია ,,Mother Jones-ის“ მიხედვით, არსებულ შემთხვევებს სულ უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა მედიის მხრიდანაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემთხვევები გახდა უფრო ხშირი. ტეხასის ეკლესიაში მომხდარ შემთხვევამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 47 წლის სკოტ ოსტერმა ,,Walmart-ის“ სუპერმარკეტში სასიკვდიოლოდ დაჭრა 2 კაცი და 1 ქალი.

აღსანიშნავია, რომ მასობრივი მკვლელობების შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლები უნდა განიხილებოდეს აშშ-ში ზოგადად გაზრდილი ძალადობრივი ქმედებების პარალელურად. ყოველწლიურად 33 000-მდე შემთხვევა ვლინდება, როდესაც მსხვერპლი სასიკვდილოდ დაშავდა ისეთ ძალადობრივ შემთხვევაში, რომელშიც სასროლი იარაღი იყო გამოყენებული. მასობრივი მკვლელობები კი ამ მაჩვენებლის მხოლოდ 1,5 %-ია.

 

წყაროები: The Guardian, Washington Post

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემსოფლიორელიგია და მეცნიერებასამართალი

საბერძნეთის ეკლესია, ახალი კანონმდებლობის პროტესტის ნიშნად, სამგლოვიარო ზარებს რეკავს

საბერძნეთში, ათენში, თითქმის ყველა ეკლესია სამგლოვიარო ზარებს დარეკავს შაბათამდე.

საბერძნეთის ეკლესია ახალ კანონმედებლობას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, 15 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოფიციალურად შეუძლიათ შეიცვალონ გენდერი ოპერაციის ან სტერილიზაციის გარეშე.

აღნიშნულმა კანონმდებლობამ მნშვნელოვანი დაძაბულობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. თუმცა, ყველაზე მეტად უკმაყოფილო ორთოდოქსული ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.

გარდა სამგლოვიარო ზარებისა, ეკლესიების კარზე გამოკრულია ბანერები წარწერით: „ქრისტიანული მორალი მოკლეს“ . ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადებით, ისინი შეეცდებიან საპროტესტო მოძრაობის ჩამოყალიბებას და შესაძლოა მრევლს მოუწოდონ კიდევაც აჯანყების მოწყობისაკენ, რადგან „ჰომოსექსუალობა მომაკვდინებელი ცოდვაა და რამდენიმე წუთში სქესის შეცვლა ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას“.

თუმცა, ახალ კანონმდებლობას ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტები და სამოქალაქო სექტორი მიესალმა. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, ეს საბერძნეთის მიერ წინგადადგმული ისტორიული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას.

 

წყარო: nbcnews

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალი

აშშ-ის 10 შტატში იარაღის ,,კამპუსში ტარების” კანონი დაშვებულია, 16 შტატი კანონს განიხილავს

 იუტა იყო პირველი შტატი, რომელმაც უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ტერიტორიებზე იარაღის შეტანის უფლება დაუშვა.

2000 წლამდე ეს კანონი არცერთ შტატს არ ჰქონია მიღებული. დღეს კანონი 10 შტატში მოქმედებს, მეთერთმეტემ, ჯორჯიამ, კანონი მარტში მიიღო და გუბერნატორის ხელმოწერის მოლოდინშია.

ე.წ. კამპუსის კანონი ზოგადად მხოლოდ საჯარო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს ეხება.

2007 წლის მასობრივმა მკვლელობამ ვირჯინიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, როცა სტუდენტმა 32 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, „კამპუსის ტარების კანონი“ დააჩქარა.

ამ ფაქტის შემდეგ  იარაღის ტარების არგუმენტები პოპულარული გახდა. ზოგიერთი აცხადებდა, რომ იარაღით სტუდენტები ფიზიკური და სექსუალური თავდასხმების მოგერიებას შეძლებდნენ, ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი კანომდებელი აცხადებდა, რომ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება გაზრდიდა აგრესიის, უხეშობის, თვითდაზიანების ფაქტებს და, შესაბამისად, გამანადგურებელ ზეგავლენას მოახდენდა სტუდენტების, ფაკულტეტისა და სტაფის უსაფრთხოებაზე.

თუმცა, ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი შტატი ღებულობს „კამპუსში ტარების“ კანონს. წელს კანონი 16 შტატმა წარადგინა განსახილველად. მათ შორისაა – ნიუ-იორკი.

 

წყარო: http://www.businessinsider.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7
Page 5 of 7