close

სოფლის მეურნეობა

ისტორიასაქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველო – ხორბლისა და პურის სამშობლო?

  მკვლევრების ნაწილის მტკიცებით, საქართველო პურის სამშობლოა. ამის დასტურად კი ქვემო ქართლში, არუხლოს არქეოლოგიურ ძეგლზე, აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში კულტივირებული ხორბლის ნაშთები – კილიანები, მახა და ძველკოლხური ასლი, ერთმარცვალა და ორმარცვალა ასლი, სპელტა, შიშველმარცვლიანები: რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, შვრია და კულტურულ მცენარეთა თანმხლები სარეველები და ჭვავი – უნდა მოწმობდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს ხორბალი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს,შემდეგ კი -შულავერში, ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები.

მოკლედ რომ ითქვას, ხორბლის კულტურის პირველ ნიმუშებს საქართველოსთან მივყავართ.

პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება – ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყოს  10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოდ გადაშენებულია.

საქართველოში სხვადასხვა დროს აღწერილია და რეგისტრირებულია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა.

როგორც ცნობილია, ხორბლის ისეთი სახეობები, რომლებიც ევოლუციით სწორედ ველურ სახეობებთან დგას ძალიან ახლოს, დღემდე მხოლოდ საქართველოშია შემონახული.

პირველ ისტორიულ ცნობებს ხორბლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილის, სულხან-საბა-ორბელიანის და სხვადასხვა დროს საქართველოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებიდან ვკითხულობთ. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, ძველად საქართველოში ხორბალს ხვარბალად მოიხსენიებდნენ – ეს იყო ზოგადად, მარცვლეულის აღმნიშვნელი სიტყვა. მეგრულად მას ქობალს, ხოლო ჭანურად კი ქოვალს ეძახდნენ სხვათა შორის, დღეს სიტყვა ,,ქობალი” დღემდეა შენარჩუნებული მეგრულ ენაში და პურს ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, ძნელი დასამტკიცებელია,  რეალურად რამდენად დგას სიმართლესთან ახლოს ის ფაქტი, რომ პური პირველად საქართველოში გაჩნდა, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველო პურეული კულტურების მოშინაურების ერთ-ერთ უძველეს კერაა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიქმნა პურეული კულტურების მდიდარი ჯიშები და მასთან დაკავშირებულმა შრომის ორგანიზაციამ დახვეწილი ფორმა მიიღო, რაც ზოგადად ხელისშემწყობი გახდა იბერიის სახელმწიფოს აღმავლობისა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოსოფლის მეურნეობა

ქართულ კომპანია ,,Bubblestack-ს” მოსავალი მხოლოდ წყლის ნაკადით მოჰყავს

 ,,Bubblestack-ი“არის ,,სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც წარმატებით გაიარა ბიზნესისთვის ყველაზე რთული – საწყისი ეტაპი, შექმნა რეალური პროტოტიპი და უკვე მზადაა ბაზარზე აქტიურად შესასვლელად.  გუნდმა შექმნა ჰიდროფონიკული სისტემა, რომელიც გულისხმობს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყლის თხელ ნაკადში. ,,დოქტრინა“ დაინტერესდა საკითხით და გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს –  ნიკა ჩხიკვიშვილს.

,,Bubblestack-ს” სამი დამფუძნებელი ჰყავს – ნიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხულუზაური და დათო გოქაძე.  ნიკასა და დათოს სამუშაო სფერო ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მოიცავს, ხოლო ქეთის – ბიზნესგანათლება და გამოცდილება აქვს. ნიკამ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი ქიმიითაც იყო დაინტერესებული, რამაც დიდად შეუწყო მას ხელი აღნიშნულ საქმეში.

            იდეა საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ვინაიდან ჩვენს ბაზარზე ნაკლებადაა შესაძლებელი ახალდაკრეფილი  და პესტიციდებისგან თავისუფალი ხილ-ბოსტნეულის შეძენა, ,,ჩვენს აგრარულ სფეროს ძალიან სჭირება მაღალი ტექნოლოგიები – ძნელია, იმ ადამიანების ყურება, ვინც მთელი წელი შრომობს და ხუთწუთიანი სეტყვის გამო ყველაფერს კარგავს; შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში მუშაობა არავის უნდა, რადგან ეს არანორმალურ შრომასა და დაბალ შემოსავალთან ასოცირდება, არადა მსოფლიოს მოსახლეობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ 2050 წლისთვის საჭირო იქნება არსებული საკვების წარმოების გაორმაგება, იმისთვის რომ 9 მილიარდი ადამიანის საკვებზე მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს,“ -აღნიშნა ნიკამ.

საერთოდ, ჰიდროფონიკა ნიშნავს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყალში, რომელშიც  მცენარისათვის საჭირო მინერალებია გახსნილი. ამ მეთოდით მოსავალის მოყვანა შეიძლება ყველგან,  მთაშიც, უდაბნოშიც და კოსმოსშიც, თანაც წელიწადის ნებისმიერ დროს. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ყველაფერი, რისი მოყვანაც ჰიდროფონულად მომგებიანია ღია გრუნტზე ფაქტობრივად აღარ მოჰყავთ (სალათის ფურცელი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, მარწყვი და ასე შემდეგ), რადგან ამ მეთოდს 90%-ით ნაკლები წყალი, 10-ჯერ ნაკლები ფართობი სჭირდება და არ საჭიროებს პესტიციდებს. მაგალითად, ისრაელი, რომელიც ჩვენზე პატარა ქვეყანაა და, ფაქტობრივად, უნაყოფო ნიადაგით გამოირჩევა, ამ მეთოდის შედეგად არამხოლოდ საკუთარ ბაზარს, არამედ სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს.

როგორც ჩანს, ჰიდროფონიკული მეურნეობის მართვა ავტომატიზაციის გარეშე, ძალიან რთულია, რადგან ის ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის კარგ ცოდნას საჭიროებს და ორმოცამდე პარამეტრის, იქნება ეს მარილიანობა, მჟავიანობა, ჟანგვა-აღდგენის პოტენციალი, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და სხვა მრავალი,  უწყვეტ რეჟიმში მართვას მოითხოვს, ამასთანავე, მცენარის ზრდაც სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. ამიტომაც გუნდმა შექმნა ავტომატიზაცია, რომელიც მცენარის ჩარგვიდან მოსავლის აღებამდე მიმდინარე პროცესებს ავტომატურად მართავს და მისი დახმარებით ჰიდროფონიკული მეურნეობის მართვას შეძლებს ყველა, ისინიც კი, ვისაც სოფლის მეურნეობაში არავითარი გამოცდილება არ აქვთ.

აღნიშნული მეთოდი, ეკოლოგიურ უპირატესობებთან ერთად, მომგებიანიცაა, რადგან იდეალური პირობების გამო მცენარეები სწრაფად იზრდება და თან მთელი წლის განმავლობაშია მოსავლის აღება შესაძლებელი,  როგორც ნიკამ ხაზი გაუსვა, ამ მეთოდით, მაგალითად, სალათის ფურცლის მოსავალი წელიწადში 15-ჯერ მიიღება, რადგან 1 მოსავალს მხოოდ 21-24 დღე სჭირდება.

ამ ეტაპზე გუნდს აქვს ლაბორატორია, სადაც პროტოტიპი შეიქმნა და დაიტესტა, ახლა კი მის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, ,,ძალიან გვინდა ურბანული ფარმინგის განვითარება, რაც დიდ ქალაქებში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროფონიკული მეურნეობების შექმნას გულისხმობს, რათა უმაღლესი ხარისხის, პესტიციდების გარეშე მოყვანილი პროდუქტი მოკრეფვის დღესვე განთავსდეს სუპერმარკეტებში, რაც გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის“ -აღნიშნა ნიკამ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

აშშ-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა

აშშ-ის ქალაქებში – ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Boston Wine Expo, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

Boston Wine Expo წელს ოცდამეექვსედ ჩატარდა და მას ტრადიციულად ათასობით სტუმარი – ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი, სომელიე და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართულმა სტენდმა გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია „Marqenergie-ს” ერთობლივი ორგანიზებით, ნიუ-იორკში „ქართული ღვინის დღე“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 40 დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი დეგუსტაცია-სემინარი – პირველი ღვინის იმპორტიორებისა და მეორე – ღვინის დამფასებლებისა და მოყვარულებისათვის.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი სამანიშვილმა, შეხვედრები გამართა ადგილობრივ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სასტუმროების, ღვინის რესტორნებისა და მედიის წარმომადგენლებთან (Bloomberg, Food and Wine magazine). შეხვედრა გაიმართა საქართველოს საკონსულოში. ქართული დიპლომატიური უწყების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა მხარი დაუჭირონ და ჩაერთონ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

სამინისტროს ცნობით, გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, შეიქმნას ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის აშშ-ის ბაზარზე.

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 2016 წელს შეადგენდა 300 ათასამდე ბოთლს, რაც 19%-ით აღემატებოდა 2015 წლის ექსპორტს.

 

წყარო: http://georgianwine.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი -,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობა

ესპანეთიდან ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშები შემოვა

ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოვა, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე განთავსდება, სადაც  მათ შეისწავლიან და შემდგომ ფერმერულ მეურნეობებში გაავრცელებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და  ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან ,,La Encina-ს” შორის გაფორმდა.

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ესპანურ კომპანიასა და საქართველოს სანერგე მეურნეობებს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი სანერგეების შექმნა, ფერმერების ხარისხიანი ნერგით უზრუნველყოფა, ასევე, ქართველი სპეციალისტების სტაჟირება ესპანეთის სანერგე კომპანიებში და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

როგორც ესპანური კომპანიის ,,La Encina-ს” პრეზიდენტმა, ხაურეს ფერერიმ აღნიშნა, ესპანური მხარე დაინტერესებულია ქართული ბაზრით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობით.

,,საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ნერგები საქართველოში ვაწარმოოთ და შემდეგ მივაწოდოთ მომხმარებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში“, – აღნიშნა კომპანია ,,La Encina-ს” პრეზიდენტმა.

 

წყარო: www.moa.gov.ge

 მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვია ვაქცინირებული

საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვი უკვე ვაქცინირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვაქცინირებულია 200 ათასამდე პირუტყვი. მთლიანად 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს და აცხადებს, რომ პირუტყვის აღნიშნული დაავადება ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გასულ წელს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული დაავადების გამო სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა სასაზღვრო პერიმეტრზე, რითაც აღიკვეთა ნოდულარული დერმატიტის საქართველოში გავრცელება. პროფილაქტიკური და სავალდებულო აცრები დაავადების საწინააღმდეგოდ გრძელდება”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულ მედიაში გავრცელებილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლის შეტანაზე შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება.

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს.ბუნებრივ პირობებში დაავადება გრძელდება 2-დან 4 კვირამდე. მწვავე ფორმის დროს საწყის სტადიაში დაავადებას, როგორც ავღნიშნეთ, ახასიათებს ცხელება (ტემპერატურა ადის 40-41Oმდე), მადა უქვეითდება, აქვს ცრემლდენა, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, 48-72 საათის შემდეგ გამოვლინდება კვანძოვანი გამონაყარი – ბორცვები კანზე. დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს იძლევა 2-3 წელი. დაავადების წარმოშობის ადგილია აფრიკა.

 

წყარო: http://nfa.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველოსოფლის მეურნეობა

კოლხური ბზის გადარჩენისთვის მებრძოლი 16 წლის სანდრო ნარსია

სანდრო ნარსია  16 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ბუნების სიყვარულმა გადააწყვეტინა საცხოვრებლად ქალაქს სოფელი ერჩია და ამჟამად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში ცხოვრობს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა ახალგაზრდას, რომელსაც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ უჩვეულო გამოცდილება აქვს და მუდმივად ცდილობს იბრძოლოს ბუნების დამცველის დამსახურებული წოდებისათვის.

-სანდრო, საზოგადოებაში შენი სახელი გაჟღერდა მას შემდეგ, რაც კოლხური ბზა დარგე, საინტერესოა როდიდან დაინტერესდი მსგავსი საკითხებით?

-ბუნებისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ვამჟღავნებდი და ყოველთვის, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, ვცდილობდი ხისგან რაღაცები გამომეთალა, ასევე, მიყვარდა ხატვა და ძირითადად პეიზაჟებს, ხეებსა და ყვავილებით ბუნებრივად მოფენილ მინდვრებს ვხატავდი. ასევე ვუვლიდი ქოთნის ყვავილებს და დღესაც, კოლხური ბზასთან ერთად, ვარდის სანერგე მეურნეობაც მაქვს, დაკალმებული მაქვს რამოდენიმე ფერის ვარდის სახეობა და მინდა მომავალში ისინიც გავაჩუქო. ყოველთვის მქონდა საკუთარი ბოსტანი და მომყავდა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი, თავიდან, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოყვანილი პროდუქტის რაოდენობაც.

-საინტერესოა, რა წყაროებიდან ეცნობი მეურნეობის მოვლის საიდუმლოებებს?

-ძალიან ბევრი რამის შესახებ ვიგებ ინტერნეტით, ვკითხულობ სხვადასხვა სახელმძღვანელოს, ასევე ვეცნობი ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) სატყეო პორტალსა და  სხვადასხვა ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციასაც.

ორი წლის წინ, როდესაც გარდა ბზობის დღესასწაულზე მისი რელიგიური დატვრითვისა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა კოლხური ბზის შესახებ, CENN-ის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, მის კოორდინატორ ქ-ნ მაია კოდუასთან ერთად, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და ბევრი გარემოსდაცვითი ღონისძიების ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხეთის სკოლის მოსწავლეები ვიმყოფებოდით ურთის მთაზე, რათა შეგვეგროვებინა კოლხური ბზის ჯანსაღი თესლი მისი შემდეგი კონსერვაციისათვის, დღეს ჩენ მიერ შეგროვებული თესლი შენახულია საქართველოს ბოტანიკური ბაღის თესლის ბანკში.

– რას გვეტყვი კოლხური ბზის მახასიათებლების შესახებ?

-კოლხური  ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომლის სიმაღლეც 9-10, კარგ პირობებში კი 10-დან 18 მეტრს აღწევს. ზოგადად, მსოფლიოში ბზის 70-მდე სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 6 სახეობა კავკასიაში გვხვდება, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კავასიაში არსებული 2 სახეობა ბუნებრივადაა გავრცელებული, ესენია კოლხური და ჰირკანური ბზა, ხოლო დანარჩენი 4 სახეობა  ხელოვნურადა არის განაშენიანებული.

კოლხური ბზა არის კოლხური ტყეების ერთ-ერთ დომინანტი სახეობა და იგი უძვირფასეს სამერქნე მცენარედ ითვლება. საქართველოში ის ძირითადად სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთში, აჭარასა და გურიაშია გავრცელებული, თუმცა კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც გვხვდება მისი  ველური კორომები.

-რა საფრთხეების წინაშეა ამჟამად კოლხური ბზა?

-პირველ რიგში ესაა სოკოვანი დაავდება სახელწოდებით – ბზის სიდამწვრე. ამ დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გათვალისწინებით, 2013 წელს კოლხურ ბზა ,,წითელ წიგნში“ საფრთხესთან ახლოს მყოფთა კატეგორიიდან საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში გადაინაცვლა.

ასევე არის მეორე პრობლემაც, მავნებელი სახელად ბზის ალურა, რომელიც ამ მცენარისთვის ყველაზე მეტად ზიანის მომტანი მატლის სტადიაზეა, ის იკვებება მცენარის ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, იწოვს მცენარის წვენს და შეუძლია ერთ დღე-ღამეში გაანადგუროს 1 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ბზა.  საქართველოს ტერიტორიაზე ეს დაავადება ენგურის ნაპირებიდან დაახლოებით 2013 წლისთვის გავრცელდა და იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ურთის მთაზე ვიმყოფებოდით, 2015 წლის ზაფხულის მიწურულს, იქ არსებული ბზის კორომების დაახლოებით 60-65 % უკვე განადგურებული იყო.

– სანდრო, მოგვიყევი შენი მეურნეობის შესახებ.

-მე ვაკვირდებოდი ჩემს ეზოში არსებული კოლხური ბზის ბუჩქებსაც, რომელთაგან რამდენიმე ნაყოფმსხმოიარე აღმოჩნდა, შევინახე  ბზის ჯანსაღი თესლი და დაველოდე დაკალმების პერიოდს, ხოლო როდესაც დრო დადგა დაკალმებასთან ერთად, დავთესე კიდევაც ნერგები.

დღეისათვის ჩემს სანერგე მეურნეობაში არის 1500-მდე კოლხური ბზის გამოსაყვანი ნერგი და ვიმედოვნებ რომ მათი უმრავლესობა გაიხარებს. ვიტყვი იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა ძირი მაქვს  განსხვავებული მეთოდი დაკალმებული თუ დათესილი. ასევე გამოვიყენე განსხვავებული ნიადაგები, რაც მთავარია ყველანაირი ბიოლოგიური თუ ქიმიური პრეპარატის გარეშე, ვინაიდან მინდა ჩემი გამოცდილებით ვუთხრა ყველას, რომ მათი გამოყენები გარეშეც შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი.

– შენი რეჟიმიდან გამომდინარე, ხომ არ აწყდები დაბრკოლებებს მეურნეობის მოვლისას და როგორ ფიქრობ რა გაგრძელება ექნება შენს წამოწყებას?

-მიუხედავად იმისა რომ აქ მე და ბებო მარტო ვცხოვრობთ და საკმაოდ გადატვრთული გრაფიკი მაქვს, არ მიჭირს მეურნეობის მოვლა. რაც შეეხება კოლხური ბზის ნერგების მომავალს, მას შემდეგ რაც მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაპირებდი კოლხური ბზის ნერგების გაჩუქებას, წავაწყდი ბევრ გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ თუკი ნერგები უფასო იქნება ბევრი მსურველი გამოჩნდება, მაგრამ ცოტა იქნება მათ შორის ისეთი, ვისაც მართლა გულით უნდა მისი მოვლა და შესაბამისად მირჩიეს სიმბოლურ ფასად მაინც გამეყიდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ვაპირებ ფასის დადებით  შევურაცხყო კოლხური ბზა.

-სანდრო, როგორც ვიცი ამჟამად ოჯახისგან შორს, სამეგრელოში ცხოვრობ, რამ განაპრობა შენი ასეთი გადაწყვეტილება?

-ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, მაკლია მშობლების სითბო, მაგრამ ბებიები არ მაგრძნობინებენ იმას, რომ მშობლები სამასი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. ძალიან რთული იყო ჩემთვის იმაზე საუბარი, რომ არ ვაპირებდი თბილისში დარჩენას და მინდოდა ხეთაში დაბრუნება, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ უმაღლესი განათლება მივიღო და იმ ოთხი წლის განმავლობაში ვიცხოვრებ დედაქალაქში, რის შემდეგაც კვლავ ხეთაში დავბრუნდები და ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ.  მე ვთვლი, რომ ჭკვიანურია,  გსურდეს იცხოვრო იქ, სადაც მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერია, სადაც ჩიტების ჭიკჭიკი ისმის.

– გარდა იმისა რომ სწავლობ და მეურნეობასაც უვლი, საკმაოდ აქტურად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტში,  საინტერესოა, ამ ეტაპზე რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?

ძალიან მინდა ვიყო აქტიური მოქალაქე და ჩემი როლი შევასრულო  პირველ რიგში ჩემი სოფლის, რაიონის და შემდეგ უკვე ქვეყნის  განვითარებაში. ამჟამად ჩართული ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის პროექტში, რომელიც გულისხმობს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერას ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებაში, სადაც ვარ ხეთის ლიდერი და ამ პერიოდში ვახორციელებთ ადვოკატირების კამპანიას. ასევე, 29 ნოემბერს, CENN-მა საზოგადოებას წარუდგინა სამი ახალი პროდუქტი, ესენია – სასწავლო შემეცნებითი პორტალი, აპლიკაცია სახელად Greenwatch და მესამე, ძალიან სახალისო თამაში სახელწოდებით ,,დაახარისხე და გადაამუშავე“. აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული ვიყავი პრეზენტატორად და რა თქმა უნდა აქაც ვისაუბრე კოლხურ ბზაზე, მის წინაშე არსებულ პრობლემებსა და ჩემ პირად გამოცდილებაზე.

მინდა ასევე გითხრათ, რომ წელს წარდგენილი ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეკოლოგიაში“  და ჩემს მხარდამჭერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად შეუძლიათ საკუთარი არჩევანი დაფიქსირება, რაც ჩემთვის პირადად დიდი პატივი იქნება.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკონომიკასოფლის მეურნეობა

ევროკავშირმა საქართველოდან თაფლის ექსპორტი დაუშვა

ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

http://www.moa.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლის მეურნეობა

პირველი ტექნოლოგიური ფერმა და რობოტი ფერმერები

წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება მომავლის ფერმა: მეწველი და მკვებავი რობოტები, ვიდეო მეთვალყურეობა პლანშეტური კომპიუტერებით. ფრანგი რძის ფერმერი ჟან – პიერ დუფეი არის მაღალტექნოლოგიური ფერმერი. რძის პროდუქცია მისი ფერმიდან მთლიანად ავტომატიზირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გლეხი საწოლიდან დილით ადრე დგება ფერმის მისახედად, ჟან-პიერ დუფეის შეუძლია არ ადგეს და კარგად გამოიძინოს, რადგან მისი ფერმა მაღალტექნოლოგიური და სრულიად ავტომატიზირებულია. ყოველ 2 საათში დაახლოებით ავტომობილის ზომის წითელი რობოტები დადიან საბძელში და ძროხებს საკვებით ამარაგებენ.

 

დუფეის კი შეუძლია საკუთარ ფერმას სახლიდანვე, პლანშეტური კომპიუტერის დახმარებით  ადევნოს თვალი. ფერმაში დაყენებული ვიდეო კამერები ფერმაში მიმდინარე პროცესებს იღებენ და კადრები ფერმერს ავტომატურად ეგზავნება.

წლების განმავლობაში ძროხები ხელით იწველებოდა, მაგრამ ეხლა რძის ფერმერი დუფეი  თავის ელექტრონულ მეწველრობოტებს იყენებს. რძის შლანგები ეცმევა ძროხებს ცურებზე და რძეს ამით ექაჩებიან. ამის შემდეგ სენსორები ამოწმებენ რძის ხარისხს. თუკი რაიმე არ არის წესრიგში, მაშინ რობოტები გამაფრთხილებელ შეტყობინებას ფერმერს უგზავნიან. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი რიგზეა, რძეს პირდაპირ რძის კონტეინერში ტუმბავენ.

ფერმერ დუფეს 140 000 ევრო აქვს  ამ პროდუქციაში ინვესტირებული. ამასთანავე თითოეული ძროხა ზრდის პროდუქტიულობას. საშუალოდ, ფერმაში ძროხა დღეში 25ლიტრ რძეს იწველება, დუფეი კი საშუალოდ 35ლიტრს რძეს იღებს. კვების რობოტებს კი ადამიანებისაგან საპირისპიროდ, შეუძლიათ  24 საათის განმავლობაში საქმეში იყვნენ ჩართულები.

image-661802-galleryV9-bgjk

 

 

image-661803-galleryV9-sslt

 

image-661811-galleryV9-tckr

წყარო: spiegelმოამზადა: ნელი შავლაძემ

სრულად ნახვა
პოლიტიკასოფლის მეურნეობა

გურიაში ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა

გურიაში, აგროპროექტ ”დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები გააშენეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხსენებული კომპანიები პროგრამაში 2016 წელს ჩაერთნენ.
”ლურჯი ველისა“ და ”მოცვის“ მიერ გაშენებული ბაღების ფართობი 5-5 ჰექტარს შეადგენს. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის მათ 75 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. ორივე ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 66,096.16 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8,903.84 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
”გურიის რეგიონში აგროპროექტ ”დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 24 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის ”დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აგროპროექტ ”დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: – ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

წყარო: http://ibusiness.ge/
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6
Page 6 of 6