close

ტექნოლოგიები

კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.

ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.

შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.

მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.

ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.

ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი პარკინსონს სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე პროგნოზირებს – კვლევა

გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ინოვაციური სისხლის ტესტი და ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს. მათ ამით პარკინსონის დაავადების პროგნოზირება შეუძლიათ. მეთოდს დაავადების პროგნოზირება სიმპტომების გამოვლენამდე შვიდი წლით ადრე შეუძლია.

პარკინსონის დაავადება, ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომელიც ადამიანებს სულ უფრო ხშირად უვითარდებათ. მისი ადრეული დიაგნოსტიკა რთულია, მაგრამ ახალ კვლევას იმედის მომცემი შედეგები აქვს.

ამჟამად, პარკინსონის დიაგნოზი მოტორიკაზე დაკვირვებით ხდება. შესაბამისად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი უკვე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. თუმცა, ახალ მეთოდს ამ მხრივ რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს.

“დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ ტვინის უჯრედები სერიოზულად დაზიანდა, შემდგომში მათი აღდგენა ვეღარ ხერხდება”, — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი კევინ მილსი.

დაავადების ადრეული გამოვლენა ექიმებს ბევრად ადრე ჩარევის საშუალებას მისცემს.

Interesting Engineering-თან მილსმა განმარტა, რომ სისხლში ახალი ბიომარკერების აღმოჩენა შეძლეს. ეს მარკერები პარკინსონის განვითარებასთანაა დაკავშირებული. რაც მნიშვნელოვანია, პროგნოზირება 100-პროცენტიანი სიზუსტით მოხდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებსაც ძილის ქცევის დარღვევა (iRBD) აქვთ. iRBD პაციენტების დაახლოებით 75-80%-ს საბოლოოდ სინუკლეინოპათია უვითარდება, ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელსაც ალფა-სინუკლეინის ცილის დაგროვება ახასიათებს. ეს ცილა საბოლოოდ პარკინსონთანაა დაკავშირებული.

მკვლევრები პაციენტებს ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები გამართლდა, ჯგუფმა გამოავლინა 16 ადამიანი, რომლებსაც 7 წლის შემდეგ პარკინსონი განუვითარდათ.

“ეს ნიშნავს, რომ საკმურნალო თერაპია ადრეულ ეტაპზე ჩატარდება, რამაც შესაძლოა, შეანელოს დაავადების პროგრესირება ან სულაც, თავიდან აიცილოს მისი წარმოშობა”, — აღნიშნულია კვლევაში.

მილსის თქმით, იმისთვის, რომ ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, საჭიროა 18 თვიდან 5 წლამდე. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება დაფინანსებებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩატარდება შემდეგი კვლევები.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრი წარადგინეს

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.

თანამგზავრი, სახელწოდებით LignoSat, კიოტოს უნივერსიტეტისა და კომპანია Sumitomo Forestry-ის კოლაბორაციითა შექმნილი. მას კოსმოსში SpeceX-ის რაკეტით გაუშვებენ. წარმატების შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება.

“ჩვენ გვჭირდება თანამგზავრები, რომლებიც ლითონისგან დამზადებული არ იქნება”, — თქვა ასტრონავტმა და კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტაკაო დოიმ პრესკონფერენციაზე.

ფოტო: AFP via Getty

ჩვეულებრივი თანამგზავრები ძირითადად ლითონისგან (ალუმინი და პლასტმასა) შედგება.

ჩვენ ვიცით, რომ თანამგზავრები გარკვეული დროით მოქმედებს. მას შემდეგ რაც ისინი საჭირო აღარაა, აქტუალური საკითხი ხდება მათი უვნებლად განადგურება. ასეთ დროს თანამგზავრს დედამიწის ატმოსფეროში უშვებენ, რათა ის გზაში დაიწვას და განადგურდეს. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება ცუდი შედეგებიც მოჰყვეს. მეცნიერები შიშობენ, რომ ატმოსფეროში გამოთავისუფლებული ლითონის ნაწილაკები ალუმინისა და სხვა სატელიტური მასალების დაწვით ანადგურებს ატმოსფერულ ოზონს.

სწორედ აქ არის საჭირო LignoSat, რომელიც დამზადებულია გამძლე მაგნოლიის ხისგან. ეს თანამგზავრი ორბიტაზე ხელახლა შესვლისას მთლიანად დაიწვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

თუმცა, LignoSat ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და ის პირდაპირ ორბიტაზე არ გადის. SpaceX-ის რაკეტა სატელიტს პირველად იაპონიის ექსპერიმენტული კოსმოსური სააგენტოს მოდულზე გაიტანს.

“უკვე ამის შემდეგ შევამოწმებთ მონაცემებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ასე მივიღებთ”, — აღნიშნეს იაპონელმა ასტრონომებმა.

ცნობისთვის, ხის სატელიტზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პარტნიორობა პირველად 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის მარტში, გუნდმა იაპონიის საჰაერო კოსმოსური სააგენტოსთან (JAXA) ერთად გაგზავნა ხე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). მკვლევრებს ამით თითოეული ხის ტიპის გამძლეობის შემოწმება სურდათ.

როგორც ვხედავთ, მომავალი შეიძლება ხის თანამგზავრების იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ინტერნეტით სარგებლობა ხშირად სხვადასხვა კოგნიტიური პრობლემის მაპროვოცირებლად აღიქმება, რაც მეტწილად ნამდვილად ასეა. იმის გასაგებად, ვრცელდება თუ არა ეს დემენციაზე, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს.

მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ 50-65 წლის ინდივიდებში ინტერნეტის რეგულარულად ან საშუალო სიხშირით გამოყენება შესაძლოა, კოგნიტიურ ფუნქციებზე პირიქით, დადებითად მოქმედებდეს. ეს საინტერესოა, რადგან მსგავსი კვლევების უმეტესობა უარყოფით გავლენაზეა ფოკუსირებული.

სპეციალისტებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 20 000 ზრდასრული ამერიკელის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ავტორები კი შუახნის ასაკის ადამიანებზე კონცენტრირდნენ.

მათ 2002-2018 წლებში ყოველ 2 წელში ერთხელ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკითხვა უტარდებოდათ. პასუხები განსხვავდებოდა. მაგალითად, 65% ამბობდა, რომ ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობდა, ხოლო 21% აღნიშნავდა, რომ ეს დროთა განმავლობაში ცვალებადი იყო. ზოგიერთ მონაწილეს ამ დროში დემენცია ჩამოუყალიბდა, ზოგი კი დაიღუპა.

მეცნიერთა შეფასებით, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლეებში დემენციით დაავადების 1.54%-იანი რისკი იყო, ხოლო არამოსარგებლეებში – 10.45%. შესწავლილ ინდივიდებში დემენციის ჩამოყალიბების დროის გათვალისწინებით დადგინდა, რომ უკანასკნელ ჯგუფთან შედარებით, მათში, ვინც ინტერნეტს ხშირად იყენებდა, კოგნიტიური აშლილობის გამოვლენის შანსი მხოლოდ ნახევარი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი გავლენაც გამოიკვეთა: მეცნიერებმა დღეში 2-ზე მეტი საათით ინტერნეტის გამოყენება დემენციის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს.

აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ინტერნეტით სარგებლობა შუახნის ადამიანებში დემენციის რისკს ამცირებდეს, მაგრამ ყოველდღიურად ამის დიდი ხნით კეთება საფრთხეს შეიცავს.

„არაა გამორიცხული, ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობა გაზრდილ კოგნიტიურ სტიმულაციასთან და, შესაბამისად, დემენციის დაბალ რისკთან იყოს ასოცირებული ან შესაძლოა, დემენციის დაბალი რისკის მქონე ადამიანები ინტერნეტის ხშირი გამოყენებისკენ იყვნენ მიდრეკილნი”, — აცხადებენ სპეციალისტები.

ეს ნიშნავს, რომ გამოვლენილია გარკვეული კავშირი და არა მიზეზ-შედეგობრიობა, რაც უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Geriatrics Society გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიატექნოლოგიები

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია

ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპის მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს.

როგორც New York Times იუწყება, სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.

მკვლევრების მიზანია შექმნან გენების რედაქტირების ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო ეფექტური და ქმედუნარიანია, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სხვა პათოგენები.

სტარტაპი სახელად Profluent აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ერთი ასეთი ტექნოლოგია ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის უკვე გამოიყენა. საუბარია OpenCRISPR-1-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.

სტარტაპში ამბობენ, რომ “ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნულიდან შეიქმნა”.

“ეს ნიშნავს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ასეთ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რაც მედიცინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია”, — თქვასტარტაპის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალი მადანმა.

ექსპერტების თქმით, ის, რაც ნამდვილად აფერხებს გენის რედაქტირების სფეროს, არის პრეკლინიკური კვლევების სიმცირე. სწორედ უშუალო კვლევებით უნდა დადასტურდეს საბოლოოდ, არის თუ არა დნმ-ის ეს ცვლილებები უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად უამრავი ოპტიმიზმისა, მეცნიერები კვლავ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ საუბრობენ ადამიანის დნმ-ის რედაქტირების შესაძლო გვერდით ეფექტებზე.

სწორედ ამიტომ, ამ დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება კვლევების პროცესი დააჩქაროს. Profluent-ში სურთ თავიანთი მოდელი სხვა მკვლევრებსაც მიაწოდონ, რითაც სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება მოხდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

ახალ სისტემას შეუძლია, ენის ფოტოს მიხედვით ზუსტი დიაგნოზები დასვას

სამედიცინო მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელსაც ენის ფოტოს მიხედვით თითქმის უშეცდომოდ შეუძლია გაიგოს, რა აწუხებს პაციენტს.

ახალი სისტემა მანქანური დასწავლის გამოყენებით საშუალებას გვაძლევს, რომ ენით დიაგნოსტირების უძველესი სამედიცინო პრაქტიკა ავტომატურად განვახორციელოთ.

ალგორითმს დაავადებები ენის ფოტოებისა და შესაბამისი დიაგნოზების მიხედვით დაასწავლეს. მასალები მკვლევრებს შუა აღმოსავლეთის სასწავლო საავადმყოფოებმა მიაწოდეს. პაციენტებს, რომელთაც ენები ეკუთვნოდათ, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებდათ, იქნება ეს მომნელებელი სისტემის პრობლემები თუ COVID-19.

შემთხვევათა 98.71%-ში AI-მ ზუსტად დაადგინა, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა პაციენტს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მათი ენის ფერის მიხედვით გააკეთა.

სისტემის შესაქმნელად მეცნიერებმა მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმს მიაწოდეს ფოტოები და შესაბამისი დიაგნოზები, სულ 5 200 ფოტო. სურდათ გაეგოთ, რამდენად ზუსტად შეძლებდა ისინი “ენის ფერის პროგნოზირებას ნებისმიერი განათების პირობებში”. შეფასება ყველაზე არაზუსტმა სისტემამაც (naïve Bayes-ის მეთოდოლოგია) კი 91%-იანი სიზუსტით შეძლო, ხოლო ყველაზე ზუსტი XGBoost კარკასი აღმოჩნდა — მან შემთხვევათა 98.71%-ში შეძლო დიაგნოზის სწორად დასმა.

ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა (პროფესორის თანაშემწე ბაღდადის საშუალო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში), განაცხადა, რომ გუნდი ორიათასი წლის ჩინურმა სამედიცინო პრაქტიკამ შთააგონა, რომლის მეშვეობითაც დღესაც საკმაოდ ზუსტი დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი.

“ენის ფერმა, ფორმამ და სისქემ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეიძლება გამოავლინოს”, — განაცხადა ალ-ნაჯიმ.

რადგან სიზუსტე უკვე მიღწეულია, მკვლევრები სამომავლოდ ამ AI-ს მქონე მობილური აპლიკაციის შექმნას გეგმავენ, რომლითაც პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობას სახლის პირობებში შეაფასებენ.

ჯავაან ჩალის, კვლევის თანაავტორის, თქმით, “ენის კომპიუტერიზებული ანალიზი” არამხოლოდ უსაფრთხო და ეფექტიანია, არამედ “თანამედროვე მეთოდებს საუკუნეების წინანდელი პრაქტიკით უმაგრებს ზურგს”.

ნაშრომი ჟურნალ Technologies-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

ადამიანებზე კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან

იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, რომ კბილების ხელახლა გასაზრდელად მათ მიერ შემუშავებული თერაპია ადამიანებზე გამოცადონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, რეგენერაციისთვის საჭირო პრეპარატი 2030 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021 წელს კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომლითაც ვიგებთ, რომ თაგვებში USAG-1-ის სახელით ცნობილი ცილა კბილების ამოსვლას აფერხებს. ასევე, დადგინდა, რომ ამ ცილის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლებით მღრღნელებში კბილების რეგენერაცია შედგა.

იმავე გუნდმა სათანადო პრეპარატი შექმნა, რომელიც USAG-1-ის ფუნქციას ბლოკავს და თაგვებში ახალი კბილების გაზრდას უწყობს ხელს. იგივე შედეგი დაფიქსირდა ქრცვინებშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური მახასიათებლები აქვთ.

ავტორები ფიქრობენ, რომ ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შემდეგ, ახლა უკვე ადამიანთა ჯერია. კვლევის ახალი ეტაპის დაწყება 2024 წლის ივლისში იგეგმება.

„ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა დანტისტის ოცნებაა. ამაზე დამამთავრებელი კურსიდან მოყოლებულია, ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგს მივაღწევდი. იმედი გვაქვს, მედიკამენტის კლინიკურ გამოყენებამდე გზას გავკვალავთ”, – აცხადებს მეცნიერი კაცუ ტაკაჰაში.

ასაკის მატებასთან ერთად, კბილების დაკარგვის რისკი იზრდება და, სარძევე კბილებისგან განსხვავებით, მათ ახალი წყება აღარ ანაცვლებს. ზემოხსენებული თერაპიით კი შესაძლოა, ე.წ. მესამე თაობის რეგენერაციას მივაღწიოთ. შედეგები იმედის მომცემია და არაა გამორიცხული, პრეპარატი რამდენიმე წელში ფართო გამოყენებისთვის მზად იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირება შეუძლია

ბრისტოლის უნივერსიტეტმა შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებას.
ბრისტოლის ლაბორატორიის ჯგუფმა შეიმუშავა ხელის მსგავსი მოწყობილობა სენსორებით, რომელიც სარძევე ჯირკვლების შესამოწმებლად ადამიანის მსგავს ძალას იყენებს და სიმსივნეს უფრო დიდ სიღრმეზე აღმოაჩენს.
რობოტის შემქმნელი ჯგუფის თქმით, მათი პროექტის საბოლოო მიზანი იყო ის, რომ მოწყობილობას შეძლებოდა სიმსივნის ამოცნობა უფრო ზუსტად და უფრო ღრმა დონეზე, ვიდრე ეს შესაძლებელია ადამიანის შეხებით და ის კომბინირებული ყოფილიყო არსებულ ტექნიკასთან, როგორიცაა ულტრაბგერითი ტექნიკა.
რობოტი 3D ბეჭდვის გამოყენებით შეიქმნა.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ რობოტს შეუძლია ხელი შეუწყოს ქალებს ჩაიტარონ მკერდის ჯანმრთელობის მონიტორინგი უსაფრთხო და ზუსტი ელექტრონული გამოკვლევებით ადვილად მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა აფთიაქები და ჯანმრთელობის ცენტრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იქნება, სამაშველო მისიის შესასრულებლად 12 მარტს გაეშურება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ მარტის ბოლოსთვის იქნებოდა შესაძლებელი.

მისია Crew-10-ის ბორტზე ოთხი ასტრონავტი იქნება – ამერიკელი კოსმონავტები ენ მაკლეინი და ნიკოლ აიერსი, იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონისი და რუსი ასტრონავტი კირილ პესკოვი.

მას შემდეგ, რაც Crew-10 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწევს, Crew-9-ზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვიდეო ჩართვის დროს, სუნიტა უილიამსმა აღნიშნა, რომ მას დაავიწყდა სიარული, ჯდომა და წოლა.

„მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ. ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორია, როდესაც ფეხით დადიხარ. მე დიდი ხანია არ მივლია ფეხით, არ დავმჯდარვარ, არც კი დავწოლილვარ“, – განაცხადა უილიამსმა.

უილიამსი და უილმორი ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრნენ. მათი მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე ვეღარ დაბრუნდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ილონ მასკსა და SpaceX-ს, კოსმოსიდან ჩამოიყვანონ NASA-ს 2 ასტრონავტი, რომლებიც “ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში მიატოვა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი შიშობს, რომ ტერორისტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაიწყებენ

Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერიკ შმიდტი შიშობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ტერორისტები გამოიყენებენ იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ავნონ.

BBC-თან ინტერვიუში შმიდტმა აღნიშნა, რომ მათ ტექნოლოგიები შეიძლება ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის გამოიყენონ.

მაგალითისთვის, მან ბინ ლადენი მოიყვანა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.

„მე ყოველთვის ვნერვიულობ „ოსამა ბინ ლადენის“ სცენართან დაკავშირებით, როდესაც მართლა არსებობს ბოროტი ადამიანი, რომელიც ითვისებს ჩვენი თანამედროვე ცხოვრების რომელიმე ასპექტს და იყენებს მას იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ავნოს“, – განაცხადა შმიდტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს შორის უნდა იყოს უწყვეტი კავშირი და ეს სფერო უნდა მკაცრად რეგულირდებოდეს.

შმიდტმა აღნიშნა, რომ 15 წლის წინ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ესმოდათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის.

შმიდტი Google-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2001-2017 წლებში იკავებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 89
Page 1 of 89