close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციაგანათლებაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

კრიოელექტრონული  მიკროსკოპის ნოვატორი პიონერები ნობელის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ

შვეიცარიელი, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ტრიოს ქიმიის დარგში ნობელის 2017 წლის პრემია კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის მიენიჭა.

ჟაკ დუბოჩეტის, ჯოაკმიმ ფრანკისა და რიჩარდ ჰენდერსონის მიერ განვითარებული „ცივი მეთოდი“ ამარტივებს და აუმჯობესებს ბიომოლეკულების გამოსახულების მიღებას.

Royal Swedish Academy of Sciences-ი, რომელმაც 1,1 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი დააწესა, აცხადებს, რომ ტექნოლოგიამ ბიოქიმია ახალ ეპოქაში გადაიყვანა.

ბიომოლეკულების გაყინვით მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ ამოიცნონ აქამდე უხილავი პროცესები – ახალი მედიკამენტების პოტენციური განვითარების  მთავარი პროგრესი.  

შოტლანდიელმა მკვლევარმა ჰენდერსონმა გამოიყენა ელექტრონული მიკროსკოპი ატომურ რეზოლუციაზე ცილის სამ განზომილებიანი გამოსახულების მისაღებად. მანამდე ელექტრონული მიკროსკოპი განიხილებოდა, როგორც მხოლოდ მკვდარი მატერიის გამოსახვის საშუალება, რადგან ძლიერი ელექტრონული სხივი ანადგურებდა ბიოლოგიური მასალის ფორმას.

ჰენდერსონის გარღვევა შემდგომში ამერიკელმა მეცნიერმა ჯოაკშიმ ფრანკმა განავითარა, ხოლო შვეიცარიელმა ჟაკ დუბოჩეტმა ბიომამოლეკულის ბუნებრივი ფორმის შესანარჩუნებლად სწრაფად გაყინვადი წყალი გამოიყენა.

ფრანკი აცხადებს, რომ კრიო-ელექტრონულ მიკროსკოპიას, რომელიც უჯრედში მიმდინარე პროცესებზეა ორიენტირებული, სამედიცინო გამოკვლევისთვის “უზარმაზარი” პოტენციალი აქვს, მაგრამ მის ბოლომდე ათვისებას დრო სჭირდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველო

„Silkadvice-ი” – სტარტაპი, რომელიც ქართულ ბიზნესსექტორს პროდუქტის ჩინეთში რეალიზებაში ეხმარება

 „Silkadvice-ი“  არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს ქართულ და ჩინურ ბიზნესსექტორებსს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღვივებაში. კომპანიამ ძალიან მოკლე ხანში შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელთა შესახებაც  მისი ხელმძღვანელი – მარიამ ასათიანი გაგვესაუბრა.

-მარიამ, საინტერესოა, როდის გაჩნდა და ვის ეკუთვნის სტარტაპის იდეა? 

-კომპანია „Silkadvice-ი“ (სილქედვაისი) წარმოადგენს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომლის შექმნის იდეაც დაახლოებით ერთი წლის გაჩნდა და ჩვენი მთავარი მიზანი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაა. „სილქედვაისმა“ ოფიციალურად ოპერირება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო და ჩვენ უკვე ჩინეთის ორ ქალაქში – სიჩუანსა და შანხაიში ვაფუძნებთ წარმომადგენლობით ოფისებს, მონაწილეობა მივიღეთ ქ. სიამენში გამართულ მსოფლიოში უდიდეს საინვესტიციო გამოფენაზე.

-რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ჩინეთის ბაზარი ? რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით საქართველოსთვის?

-ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, სადაც ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი და ჩინელ სამთავრობო-ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები დღითი-დღე ვითარდება. ჩვენ ვართ რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეკორდულ დროში მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ახალი აბრეშუმის გზის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში – რომლის ინიციატორიც ჩინეთის პრეზიდენტია და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინებას ემსახურება. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას წელს თბილისში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში, რომლის სახელწოდება სწორედ „ერთი სარტყელი, ერთი გზაა“.

-კონკრეტულად რას სთავაზობთ ქართულ ბიზნესსექტორს?

-ჩინეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს სრულად აითვისოს თითქმის ორ მილიარდიანი ბაზარი, დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს ნატურალური პროდუქტის ექსპორტირებაში, სანდო მომწოდებლების და პარტნიორების მოძიებაში, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში. ვპარტნიორობთ ძლიერ ჩინურ იურიდიულ კომპანიასთან და შეგვიძლია შესაბამისი იურიდიული რჩევების მიცემა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართველ ბიზნესმენებს, ვისაც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურთ და მივცეთ მათ სწორი მიმართულებები. ასევე ვაკვალიანებთ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებსაც და სხვადასხვა მასშტაბის საინვესტიციო პროექტებზე ვმუშაობთ ლოჯისტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

-ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდი კომპანიის მიერ განვლილ გზას?

-ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ სტარტაპისთვის უკვე საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს, გავაფორმეთ მემორანდუმი უძრავი ქონების და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მე ასევე ამირჩიეს შანსის პროვინციის კულტურული გაცვლითი საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად. მომავალ კვირაში მონაწილეობას მივიღებთ შანის პროვინციაში გამართულ ფორუმზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს და სადაც სიტყვით გამოვალ. ოქტომბერში ველით პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ სასტუმროს აშენება.

-უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

-ჩვენ უფრო და უფრო ვაქტიურდებით და მალე მზად იქნება ყველა ის პლატფორმა, რაც საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

 

„დოქტრინა“ წარმატებებს უსურვებს სტარტაპს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი,  შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის Facebookგვერდს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და დაესწრება SIA- – ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი).

პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ:

  • Sign & Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.
  • Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიის მქონე მერხებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბრაილის შრიფტის შესწავლას.
  • Book AR – ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს. ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.

„წელს პროგრამა Social Impact Award-ი პირველად ჩავატარეთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო. საერთო ჯამში, 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს რეგიონებშიც გავიტანოთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, სამივე გამარჯვებული გუნდი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„ევროპის ფონდი მოხარულია, რომ Social Impact Award-ის პირველმა წელმა წარმატებით ჩაიარა. მისასალმებელია ახალგაზრდების გაზრდილი ინტერესი სოციალური მეწარმეობის მიმართ და მათ მიერ გაწეული ძალისხმევა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა გააქტიურდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც და შეეცდებიან სამეწარმეო მიდგომებით მოაგვარონ მათთვის აქტუალური საკითხები. ფონდი მომავალშიც განაგრძობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას და არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას შესთავაზებს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს.“ – აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ნანა გამყრელიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნას და განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა სტუდენტების სახით – მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA- პარტნიორია საქართველოს ბანკი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

დუბაიში საჰაერო ტაქსის საცდელი ფრენა განხორციელდა

დუბაიში ორშაბათს მფრინავი ტაქსი-დრონის საცდელი ფრენა განხორციელდა.

მფრინავი ტაქსი გერმანული დრონების ფირმა ,,Volocopter-ის” მიერაა შექმნილი და ის პატარა, ორადგილიან ვერტმფრენს ჰგავს.

ვოლოკოპტერის ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთია, მას უბედური შემთხვებისგან დასაცავი უამრავი საშუალება აქვს: სარეზერვო ბატარეები, როტორები და, უარესი სცენარის შემთხვევაში, რამდენიმე პარაშუტი.

ვოლოკოპტერი გახლავთ ათეულობით მაღალბიუჯეტიანი ევროპული და ამერიკული ფირმის კონკურენტი, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი სამეცნიერო ფანტასტიკით ინსპირირებული ხედვით ცდილობს, შექმნას ურბანული ტრანსპორტის ახალი ფორმა. ეს ფირმებია: Airbus-ი, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართვადი ტაქსების შექმნას 2020 წლისთვის, Kitty Hawk-ი, რომელსაც მხარს Google-ის თანადამფუძნებელი ლერი ფეიჯი უჭერს, და Uber-ი, რომელიც პარტნიორებთან საკუთარი მფრინავი ტაქსის სტრატეგიაზე მუშაობს.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სმარტფონების გამოყენებით თქვენს ახლოს მდებარე ვოლოპორტიდან ვოლოკოპტერის გამოძახებას შეძლებთ. რის შემდეგაც ის მოვა და და დანიშნულების ადგილამდე თქვენს წაყვანას შეძლებს, “ – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა –  ფლორიან როიტერმა.

ორშაბათის სატესტო ფრენის დროს, მოწყობილობა 200 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

საჰაერო ტაქსით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

Spectrum-ი – გუნდი, რომლის მიზანია, გაალამაზოს ,,ბეტონის უდაბნოები”  გრიფიტის საშუალებით

 Spectrum-ი – ასე ჰქვია გუნდს, რომელმაც კონკურსის, Social Impact Award-ის, ფარგლებში წარმოადგინა პროექტი, რათა ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცეთ განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა, ხოლო ქალაქი – ,,გაფერადდეს”.

გუნდში ოთხი წევრია: ლიზა ქართველიშვილი, ბუბა დავლიანიძე, კრისტი ნაჭყებია და თორნიკე პეტრიაშვილი. პროფესიის მიუხედავად, ოთხივეს დიდი ინტერესი და სიყვარული აკავშირებს ხელოვნებასთან, შესაბამისად, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათი პროექტის წარმატებისა და განვითარების.

,,თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ვხვდებით ბეტონის უდაბნოებივით გარეუბნებს, რომელთაც არანაირი ესთეტიკური ღირებულება არ აქვთ. სახელმწიფოს კი არ გააჩნია რესურსები ამ პრობლების მოსაგვარებლად. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის ცუდი ვიზუალი მოქმედებს ყველა ადამიანზე, ამასთანავე, ქმნის ბიზნესისთვის არამიმზიდველ გარემოს. ამის გამო კონცენტრირება გვხვდება ძირითადად ქალაქის ცენტრზე, გარეუბნები კი არ ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ, ეს პრობლემები დავუკავშიროთ და ერთმანეთის საშუალებით გამოვასწოროთ. კერძოდ, ვიპოვოთ მხატვრები, რომელთაც მოვამარაგებთ საღებავი რესურსებით, ვიშუამდგომლოთ მერიასთან მათი ნამუშევრების ლეგალიზაციასთან მიმართებით, ყველანაირად მივცეთ საშუალება საკუთარი თავის რეალიზებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ. მეორე მხრივ კი, ვიშუამდგომლოთ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასთან, რათა გავითვალისწინოთ მათი აზრი იმისთვის, რომ ოპტიმალურად დავარეგულიროთ ორივე მხარის მოთხოვნები საერთო კეთილდღეობის მისაღწევად” – აღნიშნავს გუნდის წევრი – თორნიკე პეტრიაშვილი.

გუნდმა ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით მიაღწია დასახულ მიზანს და მოხვდა შვიდ ფინალისტს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში არაერთი პრობლემა წარმოიშვა, მათ მოახერხეს მოლაპარაკება სხვადასხვა უწყებასთან კონკურსის ორგანიზატორების – ქეთევან ებანოიძისა და ელენე ჟვანიას – დახმარებით.

,,ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სტარტაპროექტებით. ზამთრის არდადეგებისას ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი Impact Hub-ის workshop-ების სერიას სოციალურ ბიზნესებზე, რამაც დამაინტერესა, რადგან მანამდე დეტალურ ინფორმაციას ვფლობდი მათზე. ვინაიდან უნივერსიტეტისგან ვისვენებდი და დროც მქონდა, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შანსი და სრულიად უფასოდ გამევლო ვორქშოფის სამდღიანი სერია, რამაც ნამდვილად გაამართლა. ბიზნესიდეა სწორედ აქ დამებადა Brainstorming-ის დროს. გამიმართლა, რომ ამავე Workshop-ზე სრულებით შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი მეგობარი -თორნიკე პეტრიაშვილი – რომელსაც მაშინვე გავანდე იდეა და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა მის დახვეწასა და ამუშავებაზე. Workshop-ზე მიღებული რჩევებით და ცოდნით შექმენით ბიზნესმოდელი, მაგრამ მივხვდით, რომ 2 ადამიანის სურვილი და მონდომება ვერ ეყოფოდა პროექტს, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა 2 ახალი წევრი – ცოტნე დავლიანიძე და ქრისტი ნაჭყებია”- აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – ლიზა ქართველიშვილი.

გუნდი ახლო მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელსაც სოციალური სახე ექნება. გუნდის წევრების მიზანია, რაც შეიძლება მეტ გრაფიტისტს დაუკავშირდნენ, მოიპოვონ დაფინანსება და საზოგადოების ინტერესი.

გუნდის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებამედიცინასაქართველოტექნოლოგიები

Ikids-ი – პირველი ვებგვერდი საქართველოში ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებისთვის

სტუდენტების გუნდმა შექმნა ვებგვერდი ,,Ikids-ი”, რომელიც ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს დაეხმარება სოციალიზაციასა და განვითარებაში. გუნდში სამი წევრია: სანდრო ალავერდაშვილი, საბა ჩხარტიშვილი და ნინო თინაშვილი. გვერდზე გამოქვეყნდება სხვადასხვა უნარის განმავითარებელი სავარჯიშოები, სარგებელს მიიღებენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, სპეციალური პედაგოგები და ა.შ. IkidS-ი საშუალებას მისცემს მათ, რომ ინტერესით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, განივითარონ და შეისწავლონ ესა თუ ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, იქნება ეს თვითმამსახურება, შემეცნება, კომუნიკაცია/მეტყველება თუ ქცევა. ვებგვერდზე განთავსდება აუდიო-ვიდეო სავარჯიშოები, რომლის შექმნაზეც იმუშავებენ გამოცდილი სპეც-პედაგოგები და ფსიქოლოგები.

ატიპიურ განვითარებაში იგულისხმება ბავშვის განვითარების ის თავისებურებები, რაც ტიპიური განვითარებისგან განასხვავებს, მაგალითად, არ შეესაბამება ასაკობრივი განვითარების სტანდარტებს. ეს შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ასაკისათვის დამახასიათებელი თვითმომსახურების, შემეცნებითი თუ სოციალური (მეტყველება/კომუნიკაცია) უნარების დაგვიანებით ან თავისებურად ჩამოყალიბება, ქცევითი დარღვევები და სხვ. ატიპიური განვითარება დამახასიათებელია დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტივობის სინდრომის, ასევე სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენისა თუ მეტყველების დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.

,,დღევანდელ ეპოქაში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები (კომპიუტერი, სმარტფონი), რაც ხელმისაწვდომი, სასურველი და სახალისოა ბავშვებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ადრეული ასაკის ბავშვებიც კი სარგებლობენ ამ ტექნიკით, თუმცა, როგორც წესი, მათთვის მიმზიდველი და განმავითარებელი ვებგვერდები არაქართულენოვანია, რაც ერთგვარად იწვევს მეტყველების განვითარების შეფერხებას. ამას ადასტურებენ ნეიროფსიქოლოგები. აგრეთვე, შესაძლოა, არც იყოს მათი განვითარებისთვის შესაბამისი და გასაგები… ამ საკითხმა დამაფიქრა, თუმცა მჭირდებოდა სტიმული იმისათვის, რომ იდეა, რომელიც მქონდა, მოქმედებაში მომეყვანა. პირველად როცა გავიგე „social impact award”-ის პროექტის შესახებ, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილება კონკურსში და გარკვეული წვლილი შემეტანა ამ საკმაოდ აქტუალური სოციალური პრობლემის ერთგვარად გადაჭრაში” – აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – სანდრო ალავერდაშვილი.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში დაბადებული ყოველი 68 ბავშვიდან ერთს აქვს აუტისტური სპექტრი. საკმაოდ საყურადღებოა სხვადასხვა ატიპიური განვითარების ბავშვების რაოდენობა და მდგომარეობაც. ბავშვებს სწორედ ადრეული ასაკიდან ესაჭიროებათ სპეციალისტების დახმარება, მშობლების განათლება და ა.შ. რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ადვილი ხელმისაწვდომი არ არის.

 ,,სახელმწიფოს დაფინანსება სპეციალურ სერვისებზეც არასაკმარისია. ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს კი სჭირდებათ სპეციალური პროგრამები, რომელიც მარტივად, მათთვის გასაგებად მიაწოდებს იმ სავარჯიშოებსა თუ აქტივობებს, რაც, როგორც აღვნიშნე, დაეხმარება მათ განვითარებასა და სოციუმში ინტეგრაციაში. ჩვენ ვგეგმავთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ და მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ბენეფიციარების მშობლებს, პედაგოგებს, სპეციალისტებს  ვებგვერდის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიხმარონ და რატომ არის ჩვენი Ikids-ი ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი” – აღნიშნავს სანდრო ალავერდაშვილი.

გუნდი სამომავლოდ არაერთ აქტივობას გეგმავს, კერძოდ, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას, დაფინანსების მოპოვებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, გვერდის განახლებას, განვითარებასა და ა.შ.

გუნდის მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში,  გადადით შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიქიმია

მინის ნაწილაკებისგან შექმნილი კბილის პასტა კარიესს ეფექტურად ებრძვის

მეცნიერებმა კარიესის საწინააღმდეგო მინის პატარა ნაწილაკებისგან დამზადებული კბილის პასტა შექმნეს.

BioMin C, კბილების ზედაპირზე ეწებება და გამოყოფს მინერალებს, რომელიც მინანქრიდან შაქრიანი საკვებითა და მჟავე სასმელებით გამოწვეული ნადებს აშორებს.

 მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც ადამიანის თმის ღერის დაახლოებით მეასედი ზომისაა, იმ მასალის მსგავსია, რომლისგანაც ფანჯრებს ამზადებენ. ის შეიცავს ქლორიდს, კალციუმსა და ფოსფატს – მინერალები, რომლებიც კბილების მინანქარის შესაქმნელადაა საჭირო.

ქლორიდი ცვლის ფტორს, რომელსაც, ჩვეულებრივ, კბილების რემინერალიზირებისთვის კბილის პასტებში გამოიყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ეფექტურია კბილების დაშლის თავიდან ასაცილებლად, ფტორის გადაჭარბებულ რაოდენობას შეუძლია კბილები ააჭრელოს (რასაც ქლორიდი არ აკეთებს).

კბილების BioMin C- ით გაწმენდისას, მინის ნაწილაკები კბილებზე იმ შემთხვევაშიც კი რჩება, როცა პასტას წყლით ჩამოიბანთ.

როგორც ნაწილაკები იშლებიან, ისინი კბილებზე კალიუმსა და ფოსფატს გამოყოფენ, რის შემდეგაც ისინი მინანქრის კრისტალებად გადაიქცევიან. კბილის პასტაში შემავალი ქლორიდი აღნიშნულ პროცესს აჩქარებს.

ეს კრისტალები უფრო დიდდება ცილის კოლაგენის დახმარებით, რაც კბილების სტრუქტურას აყალიბებს და კარიესისგან განადგურებულ ადგილებს აღადგენს.

ლაბორატორიული კვლევების დროს, BioMin C-ს ადამიანების კბილებზე 7 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ იყენებდნენ და შემდეგ კბილებს რენტგენს უღებდნენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ კბილის პასტა ორჯერ უფრო ეფექტურია კბილების დაცვის კუთხით, ვიდრე ნერწყვი (ნერწყვი იგივეს ბაქტერიების ჩამორეცხვით აკეთებს, ისიც ასევე შეიცავს მინერალებს).

ლონდონის Queen Mary University-ის მეცნიერები, რომლებმაც შიმუშავეს კბილის პასტა, აცხადებენ, რომ  BioMin C ასევე ამცირებს კბილების მგრძნობელობას.

BioMin C-ის ფასი დაახლოებით 7 დოლარი იქნება.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

ხელთათმანი, რომელიც ჟესტების ენას თარგმნის, ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს

 ქართველმა ახალგზარდებმა შექმნეს ინოვაციური ხელთათმანი, რომელიც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს დაეხმარება საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და ინტეგრაციაში. ეს არის პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, შესაბამისად, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, სპიკერი კი გაახმოვანებს წინადადებას.

გუნდში სამი წევრია: გიორგი ბესტავაშვილი, ბექა ბაბუნაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე.

„ჩვენ მეზობლად არის ერთადერთი სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. გავლისას ხშირად გვხვდებოდა თვალში, რომ ბავშვები მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ, რადგან ჟესტების ენა დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. აქედან გაჩნდა იდეა, გვინდოდა, გამოგვეგონებინა ისეთი მოწყობილობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ, დაეწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან და გადავწყვიტეთ, ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანები შეგვექმნა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათს ცხოვრებას. ხელთათმანი სენსორების საშუალებით აღიქვამს მომხმარებლის ხელის მოძრაობებს, თარგმნის და შემდეგ კი სპიკერი ახმოვანებს. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება და არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა საუბრისას. ხელთათმანი ძალიან მოსახერხებელი და ყველა სიტუაციაში გამოსადეგია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწთ და მაქსიმალურად კომფორტულსა და მოსახერხებელს გავხდით “ – აღნიშნავს ბექა ბაბუნაშვილი.

გიორგი ბესტავაშვილი და ბექა ბაბუნაშვილი

სმენის უქონლობა ხშირად შეიძლება იქცეს ინტელექტუალური განვითარების წინაღობად. გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანები ვერ ახერხებენ სოციალიზაციას, იმისათვის, რომ სმენადაქვეითებულმა  სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი, აუცილებელია, გარშემომყოფები დაეუფლონ ჟესტების ენას, ეს კი საკმაოდ რთულია. Sign&Sound-ი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი გამოგონებაა. სპეციალური ხელთათმანის განვითარების, დახვეწისა და დამკვიდრების შემდეგ, აღნიშნულ პრობლემა მოგვარდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

გიორგი ცხოვრებაძე

„ჩვენ უკვე სამი თვეა შეუჩერებლად ვმუშაობთ და საკმაოდ რთული იყო პირველი თვე, რადგან საქართველოში  სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ ექცევათ საკმარისი ყურადღება. მათ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, სოციალური ქსელები, დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, შესაბამისად, მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია რთულია. როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, ერთადერთი საშუალება მათთან კომუნიკაციისთვის არის ჟესტების ენა. მომავალში კი, იმედია, ჩვენი იდეა სრულად გამოასწორებს ამ მდგომარეობას“ – აღნიშნავს გიორგი ბესტავაშვილი.

გუნდის წევრებს ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპი აქვთ შექმნილი. სამომავლოდ ხელთათმანის საწარმოებლად დაფინანსების მოპოვებას გეგმავენ.

გუნდის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიასაქართველო

„ააწყვე და გააცოცხლე“ – ინოვაციური ფანქარი, რომელიც შეგიძლიათ „დათესოთ“

 სტარტაპი „ააწყვე და გააცოცხლე“ ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური გამოგონებაა, რომლის ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტები – თამარ წითელაშვილი და ანანო ხიზანიშვილი არიან. მათ ხის ფანქარს დაუმაგრეს კაფსულა, რომელშიც მოთავსებულია ყვავილის თესლი. სტარტაპის განსაკუთრებულობა კი სწორედ იმაშია, რომ ფანქრის გამოყენების შემდეგ ადამიანს შეუძლია ფანქარი „დათესოს“ კაფსულის მხრიდან და ქოთანში გაახაროს ყვავილი.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენი სტარტაპის იდეა უნივერსიტეტის ბუფეტში დაიბადა. ვფიქრობ, რომ იგი ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე და ნამდვილად არის საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი, როგორც ბუნების დაცვის კუთხით, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ჩვენი პროდუქტია უბრალო ხის ფანქარი, რომლის თავზეც დავამაგრეთ წყალში ხსნადი კაფსულა, კაფსულაში კი მოვათავსეთ მარტივად გასახარებელი მცენარის თესლი. ფანქრის გამოყენების შემდეგ მოზარდებს შეუძლიათ პირდაპირი მნიშვნელობით ფანქრის „დათესვა“, ამისათვის კი საჭიროა ფანქარი მოვათავსოთ მიწაში კაფსულის მხრიდან, დაველოდოთ მცენარის აღმოცენებას და მოვუაროთ, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს მოვუვლიდით. ჩვენი იდეის საშუალებით გვინდა, რომ ციფრული ტექნოლოგიების თაობას, რომელიც თავისი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, ვასწავლოთ მცენარეებთან ურთიერთობა, რადგანაც, ვფიქრობთ, რომ თუ კი ადამიანს ბავშვობიდანვე ვასწავლით ბუნების სიყვარულსა და მოვლას, ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და თვითშეგნებით მოეპყრობიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს“ – აღნიშნავს თამარ წითელაშვილი.

გუნდმა რესურსების სრულად ასათვისებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა. ფანქრის გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაგვის (იგულისხმება შეფუთვა) შესამცირებლად მათ შეფუთვაზე, რომელშიც ფანქრებია მოთავსებული, დაიტანეს იმ მცენარის ფაზლი (ყუთის წინა მხარეს) და აღწერილობა (ყუთის უკანა მხარეს), რომელიც კაფსულაშია მოთავსებული. შესაბამისად, ბავშვებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, რომ ააწყონ და აკინძონ წიგნი თავიანთი დათესილი მცენარეების შესახებ.

„თაკო საკმაოდ აქტიური სტუდენტია და მისი დახმარებით გავიგე Social Impact Award-ის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტია. იგი 18 ქვეყანაში საკმაოდ წარმატებით ხორციელდება, თუმცა საქართველო ამ ფერხულში მხოლოდ წელს ჩაერთო Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს უნდა წარგვედგინა სოციალური საწარმოს იდეები, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა, თუმცა კრიტერიუმებში აუცილებლად მოიაზრება, თუ რამდენად რეალისტურია იდეა განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი იდეა ყოფილიყო უბრალო, მარტივი და, ამასთანავე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, დიდი სარგებლის მომტანი” – აღნიშნავს ანანო ხიზანიშვილი.

„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ერთგვარად „დატესტონ“ თავიანთი სოციალური მეწარმეობის იდეები. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც რაიმე სიახლისა და კეთილდღეობის მომტანია საზოგადოებისთვის, საქართველოს ნამდვილად სჭირდება. SIA-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ დავესწარით 4-დღიან ვორქშოფებს, რომლებიც დაგვეხმარა ჩვენი იდეის უკეთ ჩამოყალიბებასა და სწორი გზით წარმართვაში, ასევე შევხვდით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, გავუზიარეთ მათ ჩვენი იდეის არსი და მივიღეთ რჩევები“ – აღნიშნავს თამარ წითელაშვილი.

ორი წევრისგან შემდგარ გუნდს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. როგორც „დოქტრინასთან“ საუბრისას აღნიშნეს, ისინი ცდილობენ, რომ რეალურად განახორციელონ პროექტი და დანერგონ თავიანთი პროდუქტი ქართულ ბაზარზე.

სტარტაპის მხარდასაჭერად  შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე – http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

Braille Reader-ი – ინოვაციური მოწყობილობა უსინათლოებისთვის ქართველი ახალგაზრდებისგან

საქართველოში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობა. არაადაპტირებულ გარემოში, საზოგადოებისგან იზოლირებულნი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას.

 სწორედ შშმ პირების დასახმარებლად სტუდენტების ექვსკაციანმა გუნდმა შექმნა Braille Reader-ი, მოწყობილობა, რომელიც უსინათლოებისთვის სწავლის პროცესს მეტად მარტივსა და კომფორტულს გახდის.

 მიხეილ თექთუმანიძე, ვახტანგ კოსტავა, იოანე მარგიანი და საბა ფოჩხუა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტები არიან, გურამ კაციაშვილი – აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო-ინჟინერიის სტუდენტი, ხოლო სანდრო მირიანაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამირების სტუდენტია. გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, უსინათლოებისთვის შეექმნათ სასკოლო მერხები, რომელიც ყველა სკოლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„რამდენიმე წლის წინ უსინათლოებისთვის შექმნილმა სმარტსაათმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოთხი ასო არაა საკმარისი ინფორმაციის მისაღებად. ზუსტად ეს საათი იყო ჩვენი შთაგონების წყარო. იგი ინოვაციური თავისი მინიატურულობის გამო იყო, თუმცა ფასმა 600$-ს გადააჭარბა, შესაბამისად, მისი შეძენა ყველას არ შეეძლო. ჩვენ სრულიად საპირისპირო სტრატეგია ავირჩიეთ: სასკოლო მერხი, რომელსაც შეუძლია დიდი და შედარებით მძიმე მოწყობილობის ჩატევა. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ მერხს ექნება ტექსტის რამდენიმე ხაზი, მანამდე ბრაილის ელექტრონულ ეკრანებს ტექსტის მხოლოდ ერთი ხაზი ჰქონდა, წარმოიდგინეთ, ფიზიკის ან მათემატიკის სწავლა წიგნიდან, რომლის თითო გვერდზე ამოცანის ერთი ხაზი წერია. ჩვენი მერხები სრულიად შეცვლის სწავლის პროცესს უსინათლოთა სკოლებში, თუკი მანამდე  ყველაფერი ვერბალურად ისწავლებოდა, ახლა თითოეულ მოსწავლეს წინ ჩვენი მერხი ექნება, რომელიც დაფის ფუნქციასაც შეითავსებს. მერხებში ჩაშენებულია უსინათლოებისთვის განკუთვნილი კლავიატურა. მოსწავლეების აკრეფილი ტექსტი მასწავლებელს კომპიუტერზე მოუვა,“ – აღნიშნავს პროექტის მენეჯერი – მიშო თექთუმანიძე.

ელექტრონული წიგნების წამკითხველი ნებისმიერ ტექსტს ეკრანზე გამოსახავს, მასწავლებლის აკრეფილი ტექსტი უსინათლოთა მერხებზე გამოჩნდება. აღნიშნულ მოწყობილობაზე საუბრისას აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ მის სიიაფეს, სიმარტივესა და კომფორტულობას.

„ბაზარზე არსებული ბრაილის ყველა ეკრანი იყენებს სპეციალურ კრისტალებს, რომლებიც დენის გატარების შედეგად ოდნავ იღუნება, ფორმას იცვლის. ეს კრისტალები საკმაოდ ძვირადღირებულია, ჩვენი მერხი მათი გამოყენებით რომ აგვეწყო, მისი ფასი 55000$-ს მიაღწევდა. ჩვენი გამოსავალი არის ელექტრომაგნიტი, იგი ძალიან იაფია, თუმცა მძიმე და დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ პროდუქტის სპეციფიკის გამო ეს არ წარმოადგენს პრობლემას. როგორც უკვე აღვნიშნე, Braille reader-ის უპირატესობა მდგომარეობს მის ხელმისაწვდომობასა და სწავლისთვის ადაპტირებულობაში,“ – აღნიშნავს მიშო თექთუმანიძე.

გუნდი მერხის ვერსიის დასრულების შემდეგ გეგმავს პორტატული მოწყობილობის შექმნას, რომელიც მობილურს დაუკავშირდება და ხმოვანი ასისტენტის საშუალებით შეძლებს მოწყობილობიდან უსინათლოთათვის საიტერესო წიგნების არჩევასა და წაკითხვას, აგრეთვე, მესიჯების მიღებასა და ა.შ.

გუნდი ამჟამად მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ კონკურსში, მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში, გადადით მოცემულ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/?fref=gc&dti=1876587065906876

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 27 28 29 30 31 37
Page 29 of 37