close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ახალგაზრდა გამომგონებელი, რომელმაც ნასაში იმოგზაურა, საზოგადოებას ინოვაციურ ეტლს სთავაზობს

 კარლო ხუციშვილი წლის საუკეთესო ინოვატორი გამომგონებელია. მან ახლახან საზოგადოებას წარუდგინა ახალი გამოგონება, რომელზეც მეგობარ ნინო აბელაშვილთან ერთად მუშაობდა. ,,ნონსტოპი” არის ინოვაციური ეტლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუმსუბუქებს და გაუუმჯობესებს ცხოვრებას. იმისათვის, რომ სხვადასხვა დეტალი გაეთვალისწინებინათ, ახალგაზრდა გამომგონებლები შეხვდნენ შშმ პირებს, გაეცნენ ყველა ნიუანსს, რაც აწუხებთ ეტლით მოსარგებლეებს.

,,ეტლზე მაგრდება წამყვანი კონსტრუქცია, რომელშიც ჩამონტაჟებულია: ძრავი, სპეციალური სქემა, აკუმულატორი, სხვადასხვა სენსორი, ეს კი უფრო სწრაფსა და გარემოზე მორგებულს ხდის. როგორც წესი, ელექტროეტლები 38 კილოგრამს იწონის, ჩვენი ეტლი სულ 10 კილოგრამია, წამყვანი კონსტრუქცია – 12, მოგეხსენებათ, ურთულესია ტრანსპორტირება, ჩვენი გამოგონება კი სრულიად აგვარებს ამ პრობლემას. წამყვანი კონსტრუქცია და ეტლიც იკეცება, რაც ამარტივებს გადაადგილებას. ეტლს შეუძლია განავითაროს 50-დან 70 კმ/სთ სიჩქარე, ელემენტის ხანგრძლივობა კი 4 საათია,” – აღნიშნა კარლო ხუციშვილმა.

მუშაობის პროცესში გაჩნდა კიდევ ბევრი იდეა, მაგალითად, შეიქმნა ხელთათმანი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ხელის მტევნის პრობლემები და ვერ ახერხებენ ეტლის მართვას. ხელთათმანის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს მტევნის გაშლასა და მოკეცვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეტლის დამოუკიდებლად მართვას, ეტლი მოძრაობს იმ მიმართულებით, საითაც ხელი გადაიხრება.  ეტლი, აგრეთვე, მორგებულია უსინათლო და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე, დამონტაჟებულია სპეციალური სენსორები, რომელთა საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე იგებს დაბრკოლების შესახებ.

გამომგონებლის თქმით: ,,ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ეტლი უბრუნდება ან რაიმეს ეჯახება, ეს კი უმეტესად სხეულის დაზიანებებით სრულდება, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და უდიდეს სტრესზე. ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით. ინოვაციური დიზაინით შევქმენით ჩაფხუტი, მასში ჩამონტაჟებულია სენსორი, რომელიც აღიქვამს დაჯახებას, გადახრას, გადატრიალებას. ამ დროს ინფორმაცია მიეწოდება მთავარ სქემას, სქემა კი ხსნის კოლბას, რომელშიც ჰაერია ჩატუმბული, ჰაერის დიდი ნაკადი გამოიტყორცნება გარეთ და გაიშლება ჩაფხუტი, ამ მეთოდით დავიცავთ ეტლით მოსარგებლეს დაზიანებისგან. აგრეთვე, ბევრი ბავშვის ოცნებაა, რომ დამოუკიდებლად გავიდეს გარეთ, ნახოს მეგობრები, ისეირნოს. ამისთვის შევქმენით პროგრამა, მისი საშუალებით მშობელი შეძლებს სახლიდან აკონტროლოს შვილი და მართოს ეტლი საჭიროების შემთხვევაში.”

აღსანიშნავია, რომ კარლო ხუციშვილმა მეგობარ ირაკლი კაპანაძესთან ერთად გაიმარჯვა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში (Millennium Innovations Award – MIA). მათ მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში ნასას კოსმოსურ ცენტრში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა წარმოადგინეს პროექტი ,,მულტიკლიმატიზატორი”. მათი შექმნილი მოწყობილობით შესაძლებელია რამდენიმე დღით ადრე ლოკალური ამინდის პროგნოზირება, ტენიანობისა და ტემპერატურის ზუსტი გაზომვა. ხელსაწყო ეხმარება ფერმერებს, რომ წინასწარ გაიგონ მოსალოდნელი სეტყვისა თუ წვიმის შესახებ.

კიდევ ერთი გამოგონება, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ახალგაზრდა გამომგონებელს, Life Saver-ია. მასზე დასთან, ანა ხუციშვილთან ერთად მუშაობდა. ეს არის უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც აიპადით იმართება. შესაბამისი კოორდინატების მითითების შემდეგ, მოწყობილობა გაფრინდება და მონიშნავს იმ ადგილებს, სადაც ნაღმია განლაგებული. სპეციალური სისტემით შესაძლებელია ნაღმის გაუნებელყოფა. ეს გამოგონება უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

,,გულდასაწყვეტია, რომ სახელმწიფო დიდ ყურადღებას არ აქცევს მათ, ვისაც ტექნოლოგიური ნიჭი აქვთ და შეუძლიათ, რომ ქვეყნის სახელი მსოფლიოს მასშტაბით ღირსეულად წარმოადგინონ. მე, მაგალითად, მაქვს გამოგონებები, თუმცა ვერ ვახერხებ დაპატენტებას, რადგან დიდი თანხაა საჭირო, პირადი ხარჯებით ვცდილობ იდეების განხორციელებას, დღეს ყველაფერი პიარის დონეზე კეთდება. მე მოტივირებული ვარ და რამდენჯერმე გავიმარჯვე სხვადასხვა კონკურსში, სწორედ ამას ვურჩევდი ახალგაზრდებს, იბრძოლონ მიზნისთვის, რადგან შეუძლებელი მართლაც არაფერია. უმთავრესია პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება, მე ავიხდინე ოცნება და გავემგზავრე ნასაში,” – აღნიშნა კარლო ხუციშვილმა.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

GuzX-ი – ქართველი ახალგაზრდების აპლიკაცია – სახელმძღვანელოებს უფრო მიმზიდველს ხდის

ქართველმა ახალგაზრდებმა, ბოლო პერიოდში,  ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განახორციელეს, ერთ-ერთი მათგანია GuzXაპლიკაცია, რომლის ავტორიც სამი ახალგაზრდაა. მათ გადაწყვიტეს სასკოლო სწავლება უფრო მიმზიდველი გახდეს მოსწავლეებისთვის და ვიზუალურ მასალასთან ერთად უფრო ძირფესვიანად გაეცნონ ინფორმაციას. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა პროექტის ერთ-ერთ ავტორს,  ნიკა დევაშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა პროგრამის შესახებ.

გუნდი სამ ახალგაზრდას აერთიანებს, ესენია – ნიკოლოზ დევაშვილი, თედო მახარაძე და გიორგი ძავაშვილი. თავდაპირველად იდეა  ნიკას გაუჩნდა და პირველი პროტოტიპის კეთებაც თავადვე დაიწყო, მაგრამ მალევე გუნდში დაიმატა თედო და გიორგი. ნიკა 128-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, თედო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, გიორგი კი – ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკუტეტის სტუდენტია. გუნდის წევრები, როგორც ნიკამ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს და იცოდნენ ერთმანეთის გამოცდილების შესახებ, სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ როგორც გუნდი და უკვე ერთად მუშაობენ საგანმანათლებლო აპლიკაციაზე.

,,აპლიკაციის შექმნის სურვილი გაგვიჩნდა, იმიტომ რომ დღესდღეისობით მრავალ სკოლას საქართველოში და საერთოდ – მსოფლიოში არ აქვს შესაბამისი ინვენტარი (ლაბორატორიები, ადამიანის აგებულების მოდელები და ა.შ), რათა მოსწავლეებს აჩვენონ თუ როგორ გამოიყურება ქიმიური რეაქციები, როგორ მუშაობს ფიზიკის კანონები და ა.შ. სწორედ ეს იწვევს შემდგომში იმას, რომ ბავშვებს ქიმია, ფიზიკა და სხვა მსგავსი საგნების მიმართ ინტერესი უნელდებათ, სწორედ  ამიტომ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც ყველა ბავშვს სთავაზობს იმას, რომ Augmented Reality-ში შექმნას და ჩაატაროს ის ქიმიური ცდები, რომლებიც სკოლის წიგნში აქვს მოცემული, ნახოს, როგორ გამოიყურება მზის სისტემა და გაიგოს მის შესახებ თითქმის ყველანაირი ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს ისეთი დარგების პოპულარიზაციას, როგორებიცაა –  ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ასტრონომია და ა.შ“ – აღნიშნა ნიკამ.

აპლიკაცია შემდეგნაირად მუშაობს,  ბავშვი სახელმძღვანელოს მიუახლოებს კამერას შესაბამის სურათთან და აპლიკაციის მეშვეობით თვალს ადევნებს ქიმიური რეაქციის სივრცით გამოსახულებას, ადამიანის ანატომიურ გამოსახულებს, თუნდაც პლანეტათა განლაგებას და ა.შ. ამ ეტაპზე აპლიკაცია მხოლოდ ახალგაზრდა გამომგონებლების ბარათების მეშვეობით არის მუშა, თუმცა როგორც ნიკა ამბობს, თუ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითანამშრომლებს მათთან, მონაცემების თვითონ წიგნებშივე ჩამონტჟდება, რაც მათ ასევე საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტი ფუნქცია დაამატონ პროგრამას.

საინტერესოა თვითონ აპლიკაციის სახელწოდებაც,  “Guz“ ერთ-ერთი საზომი სისტემის ერთეულია უცხოეთში, რასაც ემატება X-ნიშანი, როგორც უარყოფა, საერთო მნიშვნელობა კი ამგვარია  -,, სწავლას საზღვარი არ აქვს“.

სამომავლოდ  გუნდი ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს ამ აპლიკაციის რეალიზაცია და სხვადასხვა სკოლამ უკვე დაიწყოს აპლიკაციის მოხმარება, რისთვისაც  როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელი და სასურველია, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობასაც მიაღწიონ.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ სადემონსტრაციო ვიდეოებს:

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

აბიტურიენტებისთვის დამხმარე აპლიკაცია – ,,NAPP-ი” – შეიქმნა

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს მობილური აპლიკაცია ,,NAPP-ი”, რომლის მეშვეობითაც აბიტურიენტებს შეუძლიათ უკეთ მოემზადონ საგამოცდო პროგრამებში, გაეცნონ  დამხმარე მასალებსა და გასულ წლებში გამოყენებული ტესტების ნიმუშებს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა პროექტის ერთ-ერთ ავტორს, დავით სოსელიას, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა წამოწყების შესახებ.

დავითი საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2015 წელს გაიცნო, როდესაც უნარების ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა აიღო,  ამჟამად  სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტია და თანაკურსელებთან  ერთად საზოგადოებას წარუდგინა აპლიკაცია, რომელიც სწორედ აბიტურიენტების დასახმარებლადაა შექმნილი. გუნდში მასთან ერთად არიან – ლუკა ლომთაძე, გიგა ვაშაკიძე, ანდრო გვივრაძე და ნიკა მინაშვილი.

როგორც ჩანს, სტუდენტებს არ დავიწყებიათ სირთულეები, რომლებსაც ალბათ ყველა აბიტურიენტი აწყდება და გადაწყვიტეს როგორღაც შეემსუბუქებინათ მათთვის ისედაც რთული პერიოდი, ,,მივიჩნევ, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარების წინაპირობა წინა წლების ტესტების კარგად დამუშავებაა. ამის გამო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადავწყვიტე გამემარტივებინა მოსწავლეებისათვის წინასაგამოცდო მომზადების პროცესი. გამოკითხვის შემდეგ პლატფორმად სმარტფონი ავირჩიეთ, რადგან აბიტურიენტებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო აპლიკაცია არ არსებობდა და სმარტფონის გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი (ტრანსპორტში, ლოდინისას). კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულად მოკლე ტესტების კეთება მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეს მასალის ათვისებაში,“ – აღნიშნა დავითმა.

რიგი მოლაპარაკებების შემდეგ ახალგაზრდებმა პროექტი  განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს -მაია მიმინოშვილს, წარუდგინეს და სწორედ Naec-ის დიდი მხარდაჭერითა და თანადგომით პროექტი დაინერგა. ამჟამად აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია და იხვეწება. მასში წარმოდგენილი ტესტები კი, რა თქმა უნდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატისაა. აპლიკაციისთვის მასალას გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს და ამ ეტაპისთვის უკვე მსგავსი სავარჯიშოები ყველა საგნისთვისაა მზად.

აპლიკაციის გადმოწერა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც Play Market-დან Android-ისთვის, ასევე App Store -დან Ios-ისთვის. აპლიკაციის  მოსაძებნად  მომხმარებელმა საძიებო ველში უნდა ჩაწეროს “NAPP–naec app”. მას უკვე ჰყავს რამდენიმე ათასი მომხმარებელი და უახლოეს მომავალში ავტორები კითხვათა ბაზების მნიშვნელოვნად გაზრდასა და სიახლეების ფუნქციის დამატებას გეგმავენ, რომელიც აბიტურიენტებს მათთან დაკავშირებულ სიახლეებს მიაწვდის.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაცია

,,BMW–მ” ინოვაცია დანერგა

ავტომობილების მწარმოებელ კომპანია ,,BMW–ს” ყოველთვის ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ თავის ავტომობილებში MP3ფლეიერი ახლად გამოსული iPod-ით შეცვალა. მძღოლებს საშუალება ჰქონდათ iPodi-ის, როგორც საჭზე ფიქსირებული პანელის, ასევე სტერეო სისტემის საშუალებით მანიპულირება.

ავტომობილების სხვა მწარმოებლებმა, Volvo–მ, Ferrari–მ და Honda–მ მიბაძეს BMW–ს. Ford–მა და GM–მა კი ბევრი იფიქრეს, მოეწონებოდა თუ არა მათ მომხმარებელს ეს ინოვაცია და შემდგომში, მოგვიანებით, გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის.

სიახლის დანერგვის ასეთი სხვაობა დროში, უპირველეს ყოვლისა, იმითაა განპირობებული, რომ იმპულსის არმქონე კომპანიები ყოველივე ახლის დანერგვისას სერიოზულ მარკეტინგულ კვლევას ატარებენ. ამ შემთხვევაში ისინი შემდეგ კითხვას დაუსვამენ მომხმარებელს: „გთხოვთ, შეაფასოთ ავტომობილში iPod-ის გამოყენების სარგებლიანობა 5–ბალიანი შკალის საშუალებით“. გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მალე და მარტივად მოხდებოდა, თუ ისინი დააკვირდებოდნენ მომხმარებლის ქცევას, რომლებიც ყურსასმენს მხოლოდ ავტომობილში ჩაჯდომისას თუ იხსნიდნენ.

 

წყარო: harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაცია

ინოვაციური ჟილეტი კოსმონავტებს რადიაციისგან დაიცავს

ებრაელმა გამომგონებლებმა სპეციალური ჟილეტი შექმნეს, რომელიც ასტრონავტებს ღრმა კოსმოსში მზის სასიკვდილო ნაწილაკებისგან დაიცავს.

,,AstroRad Radiation Shield-ი” თელ-ავივში დაფუძნებულმა კომპანიამ – ,,StemRad-მა” – შექმნა. შეგახსენებთ, აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის სპეციალური ქამრები, რომელიც მაშველებს ბირთვული კატასტროფების (ჩერნობილი, ფუკუშიმა) შედეგად წარმოქმნილი გამა სხივების რადიაციის ზემოქმედებისგან იცავს.

ჟილეტი დაიცავს  ადამიანის სასიცოცხლო ქსოვილებს, განსაკუთრებით ღეროვან უჯრედებს, რომელიც შესაძლოა ღრმა კოსმოსში ან მარსზე არსებული მეჩხერი ატმოსფეროს პირობებში მზის რადიაციამ გაანადგუროს.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო – „ნასა“ – 2030 წლისთვის მარსზე ასტრონავტების გაგზავნას აპირებს.

დამცავი ჟილეტი კონტურული რუკის მსგავსი საფენებისგან შედგება. ის ყველა ასტრონავტისთვის სპეციალური შეკვეთით დამზადდება. თითოეულ დამცავზე არალითონური დამცავი მასალა განთავსდება, რათა თითოეული ასტრონავტის სხეულის ორგანოები დაფაროს.

StemRad-ი აცხადებს, რომ კონცეფცია ლაბორატორიულად დამტკიცებულია, თუმცა ტესტირება ჩატარდება  კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც Lockheed Martin-ის, ნასასა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია.  „ორიონი“ ახალი თაობის კოსმოსური ტრანსპორტია, რომლის გამოყენებას ნასა მარსზე გასამგზავრებლად გეგმავს.

„ორიონს“ მზის ქარიშხლის ან მცხუნვარებისგან დასაცავად პატარა თავშესაფარი ექნება. მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ჟილეტი ასტრონავტებს საშუალებას მისცემს კოსმოსური ხომალდის დანარჩენ ნაწილშიც დაცულები იყვნენ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

სათამაშო ჟილეტი რეალური შეგრძნებებით – ქართველი ახალგაზრდების წარმატებული პროექტი

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მეშვეობით  საზოგადოებისთვის ბევრი ახალგაზრდის ინოვაციური პროექტი გახდა ცნობილი, ერთ-ერთი მათგანია Laser Combat-ი —  სამი  ახალგაზრდის მიერ შექმნილი  ჟილეტი, რომელიც მოთამაშეებს თამაშის რეალურად და უმტკივნეულად შეგრძნების საშუალებას აძლევს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს  – გივი ბერიძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა ამ პროექტის შესახებ.

          პროექტის ავტორები მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მე-3 კურსის სტუდენტები გივი ბერიძე, ნიკოლოზ სიხარულიძე,  თორნიკე ფარცახაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი მსხილაძე არიან. ჯგუფის წევრებს იდეა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ისინი მიიწვია ნუნისში გამართულ ,,ინოვაციების ბანაკში“, სწორედ ეს გახლდათ პირველი შესაძლებლობა, რომელმაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ იდეის პირველადი პროტოტიპი და წარედგინათ ის დუბაიდან მოწვეული ინვესტორების წინაშე.

ჟილეტის შექმნის იდეა ახალგაზრდებს ბავშვობის მოგონებებმა შთააგონა, როცა თუნდაც ხის ჯოხებით თამაშის დროს რეალიზმის შეგრძნება არ არსებობდა, შესაბამისად, გადაწყვიტეს, შეექმნათ ჟილეტი სახელად Laser Combat-ი, რომელიც შეგრძნებებს ტოვებს და, ამასთანავე, უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

Laser Combat-ი მთლიანადაა სენსორებით აღჭურვილი და როდესაც რომელიმე წერტილში ხვდება ლაზერის სხივი, სწორედ იმ წერტილში უჩნდება მოთამაშეს ვიბრაციის შედეგად გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება, რაც აგრძნობინებს, რომ ტყვია მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია მაქსიმალურადაა მიმსგავსებული უკვე არსებულ უბრალო ჟილეტებს, მაგრამ  სწორედ რეალიზმის შეგრძნებაა ის, რაც მას გამოარჩევს უკვე არსებული კონკურენტებისგან, მაგალითად, როგორიცაა – ,,Airsoft Paintball-ი“ და ა.შ.

,,ინოვაციების ბანაკში“ გამარჯვებასთან ერთად,  დუბაის ინვესტორი კომპანიები – “TURN8“ და “I360accelerator“ გამარჯვებული გუნდს ყოველთვიური გრანტის დაწესებით დაეხმარნენ იდეის ხორცშესხმაში. ამის შემდეგ, სტუდენტებმა საკუთარი იდეა  ,,MACS ლაბორატორიის“ ხელმძღვანელს, ზვიად სულაბერიძეს, გაუზიარეს და სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა სრულფასოვანი პროტოტიპი.

გამოცდილების არქონის გამო სტუდენტებს რთული გზის გავლა მოუწიათ, სანამ სერიოზული ინევსტიციის მოპოვებას შეძლებდნენ, ნელ-ნელა  მათ შეძლეს კომპანია Edison.ge-ს ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს სთავაზობს შექმნან ნებისმიერი სირთულის ტექნოლოგიური მოწყობილობა, Web, Mobile ან Desktopაპლიკაცია, თუნდაც 3D ან 2D ობიექტები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.

სწორედ ამის შემდეგ, ჟილეტის იდეა წარადგინეს ,,სტარტაპ საქართველოზე“, სადაც 20 მონაწილე პროექტიდან მე-5 ადგილზე გავიდა და ძალიან ბევრი ინვესტორის მოწონება დაიმსახურა, აღებული 100 000 ლარიანი ინვესტიციით კი უკვე შეძლეს პროექტის ბაზარზე გატანაც. ახლაგაზრდები, ამ ეტაპზე, საქართველოში ბევრ მოლაპარაკებას აწარმოებენ, რათა გახსნან პირველი სათამაშო კლუბი, სამომავლოდ კი ევროპის ბაზარზე გასვლაზეც ფიქრობენ.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების გამოგონება, რომელიც ნარჩენების გატანის ოპტიმალურ გეგმას გვთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მიერ  გამართული მეიქათონის „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი წარსდგა საზოგადოების წინაშე,  ეს არის “PAPU“ (,,ფაფუ“) – მცირე ზომის სენსორული მოწყობილობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს დანახარჯების შემცირებასა და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში დაეხმარება, ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს – მედეა ტლაშიძეს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო გამოგონების არსზე.

მედეას გარდა, პროექტის ავტორები არიან –  ელენე ბერიძე და ირაკლი ლონდარიძე,  გოგონები ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხეკურსელები არიან, ირაკლი კი პროფესიით ITსპეციალისტია. როგორც მედეამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტის იდეა ქალაქში ყველასთვის აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ,,პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ექმნებოდა თითოეულ ჩვენგანს არის – საცობები, რომელსაც ნაგავმზიდი მანქანები ქმნიან. შემდგომ დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ სტატსტიკურადაც ნაგავმზიდი მანქანების 70% ცარიელი ბრუნდება მარშრუტიდან, შესაბამისად, იხარჯება ზედმეტი რესურსებიც. ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვესწორებინა ეს და შეგვექმნა ქალაქში ნარჩენების გატანის ოპტიმალური გეგმა, ნაკლები დანახარჯებით.  ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ თანამედროვე ქალაქში და მიგვაჩნია, რომ  მსგავსი პრობლემების გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმისთვის,“-აღნიშნა მან.

“PAPU” არის მოწყობილობა, რომლის დამაგრებაც ყველა ტიპის ნაგვის ყუთზეა შესაძლებელი და GSMმოდულის საშუალებით ატყობინებს ნარჩენების დონეს ურნაში კონკრეტულ ობიექტზე, შემდგომ, პროგრამის საშუალებით, ნაგავმზიდებისთვის იხაზება ოპტიმალური მარშრუტი, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მიაკითხონ მათ. მოწყობილობა განსაზღვრავს ურნაში სამ დონეს –  სავსე, საშუალო და ცარიელი.  შესაბამისად, თუკი ეს გამოგონება ფეხს მოიკიდებს, ნაგავმზიდი მანქანები ნაკლებად გახდება  საცობის მიზეზი, მაშინ, როცა, რეალურად, ურნები ცარიელია და საწვავიც ზედმეტად იხარჯება.

ამ ეტაპზე ახალგაზრდები ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის და პრეაქსელერატორ ,,ZOOMOUT-ის” დახმარებით პროტოტიპირებაზე მუშაობენ.  21 თებერვალს მათ მიიღეს მონაწილეობა ,,Start up battle-ში” და უკრაინელი ინვესტორების წინაშე წარმატებით წარსდგნენ. ,,ფაფუმ“ ინვესტორების დაინტერესება შეძლო და ასევე მოხვდა ,,Wolves Summit-ზე”, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 350 სტარტაპიდან ხდებოდა შერჩევა. ღონისძიება პოლონეთში, ვარშავაში ჩატარდება და ჩვენი ახალგაზრდა გამოგონებლები უკვე მარტის ბოლოს გამეგზავრებიან ინვესტორებთან შესახვედრად, ,,დოქტრინა“ კი წარმატებებს უსურვებს  და ელის სასიამოვნო სიახლეებს მათგან!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი გოგონების გამოგონება, რომელიც სასურველი ნივთის ან ადგილის პოვნაში დაგვეხმარება

გასული წლის ნოემბერში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni)  ჩაატარა მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ. შემდეგ კი, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს. საერთო ჯამში სტარტაპში 19 საინტერესო პროექტი შეიქმნა, მათ შორის ,,კვარკი“ – ბურთი რომელიც ნავიგაციაში გვეხმარება.

პროექტის ავტორები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლანა რეხვიაშვილი და ანა ლომაშვილი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ეკატერინე დადიანი. გოგონებმა ერთმანეთი 2015 წლის ილიაუნის ჰაკათონზე გაიცნეს და მას შემდეგ არაერთ პროექტსა თუ კონკურსში მიუღიათ ერთად მონაწილეობა. მათ შორის აღსანიშნავია ,,ტედიბოტი“,  რომელიც შარშან საქართველოში 5 საუკეთესო კომპანიაში დაასახელეს SeedForum-ზე და საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზეც იქნა წარდგენილი.

,,კვარკის“ იდეა კი გოგონებს, როგორც ლანამ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, ხელოვნების სიყვარულმა შთააგონა, იდეა გაგვიჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გვიყვარს მუზეუმებში სიარული და ასეთი გიდის ყოლა ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდიდა ჩვენთვის ამ აქტივობას,“ –  აღნიშნავს იგი.

კვარკის ამჟამინდელი პროტოტიპს მცირე ზომის სამართავი პულტი აქვს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეჰყავს მისთვის სასურველი ნივთისა თუ ადგილის პარამეტრი. პულტი იღებს ბრძანებას და გადასცემს „კვარკს“, რომელიც ამ დროს დგას თავის პლატფორმაზე და იტენება. ბრძანების მიღებამდე „კვარკი“ ლურჯია, ბრძანების მიღების შემდეგ ფერს იცვლის და მწვანდება, ბრძანების შესრულების შემდეგ კი, როცა სასურველ ადგილს ან ნივთს მიაგნებს, წითლდება. კვარკი წითელია მანამ, სანამ მომხმარებელი არ მივა დანიშნულების ადგილას, შემდეგ კი უფერულდება. ფერის ცვლილება ამარტივებს მომხმარებელსა და „კვარკს“ შორის კომუნიკაციას.

საინტერესოა თვითონ სახელწოდებაც, რომელიც რა თქმა უნდა კვლავ ახალგაზრდა გამომგონებლების ინტერესის სფეროდან გამომდინარეობს, ზოგადად კვარკი არის ფუნდამენტური ნაწილაკი, რომელისგანაც სამყაროა შექმნილი, ,,კვარკი ერთერთი მცირე ზომის ელემენტალური ნაწილაკია და რადგან ჩვენი ბურთიც პატარა ზომისაა გადავწყვიტეთ  სწორედ ასე დაგვერქმია მისთვის -აღნიშნა ლანამ.

ამჟამად გოგონებს ტექნოპარკის დემოდღეზე ჰქონდათ ,,კვარკი“ წარდგენილი და გრანტის აპლიკაციის შევსებასაც გეგმავენ, რათა მომავალში განავითარონ მისი პროტოტიპი.  მათ ასევე სხვადასხვა აქსელერატორისგანაც მიიღეს შეთავაზებები, მაგრამ,  სტუდენტური დატვირთვიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობოთ თავს იკავებენ.

გთავაზობთ ,,კვარკის“ სადემონსტრაციო ვიდეოს:

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების გამოგონება, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარება

           ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni),  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის ნოემბერში ჩაატარა მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.

          პროექტის ავტორი ორი ქართველი ახალგაზრდა, ძმები – გიორგი და დიმიტრი ცხოვრებაძეები არიან.  19 წლის დიმიტრი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია, ხოლო გიორგის სულ მალე 18 წელი უსრულდება და  თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში (MACs) სწავლობს.

როგორც გიორგიმ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, ხელთათმანის შექმნის იდეა სწორედ იმ პერიოდში მოუვიდა, როდესაც მეიქათონი ტარდებოდა ილიაუნიში, შემდეგ ძმებმა ერთად დაამუშავეს იდეა, რომელმაც კოპეტენტური ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.

აღნიშნული ხელსაწყო შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციას საჭიროებენ. სტატისტიკურად, წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი, რის შემდეგაც პაციენტი, როგორც წესი, კარგავს კიდურების მოძრაობის უნარს და საჭიროებს ხელახლა აღიდგინოს მოძრაობის უნარი, რომელიც ქვეითდება ინსულტის დროს. მოძრაობის უნარის დაბრუნებას რამდენიმე თვე სჭირდება, რაც ასევე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (აღემატება 10 000 აშშ დოლარს). ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი ხელთათმანის თვითღირებულება კი 150 დოლარს არ გადააჭარბებს.

ხელთათმანის გამოყენება შემდეგნაირად ხდება – პაციენტი იკეთებს ხელთათმანს დაზიანებულ ხელზე და მეორე ხელით სიმულაციაში ასრულებს სახალისო დავალებებს. სენსორი აღიქვამს მოძრაობას და ცდილობს იგივე მოძრაობა გააკეთებინოს ხელთათმანსაც, შედეგად ხელთათმანი ეხმარება დაზიანებულ ხელს იგივე მოძრაობების გაკეთებაში. საბოლოო ჯამში პაციენტი ორივე  ხელს ერთნაირად ამოძრავებს, ხოლო ტვინი იწყებს კავშირების აღდგენას და მოძრაობის უნარიც უმჯობესდება.

გამარჯვებულები კომპანია ,,ბილაინმა“ უზრუნველყო 2017 წლის თებერვალში ესპანეთში გამართულ მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე დასწრების სრული დაფინანსებით. ,,გამარჯვების შემდეგ გავიარეთ აქსელერაცია და გავიმარჯვეთ დემო დღეზე ტექნოპარკში. თებერვლის ბოლოს კი მივემგზავრებით მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე, სადაც წარვადგენთ ხელთათმანს და შევხვდებით პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებს. ასევე, ახლახან დაგვასახელეს 10 საუკეთესო გუნდს შორის  ,,Jacobs International Startup Competition-ზე” და მარტის ბოლოს პროექტს წარვადგენთ გერმანიაშიც, სადაც ჩატარდება ფინალი, – აღნიშნა გიორგიმ.

ჯერჯერობით ხელთათმანის პროტოტიპი დამზადების პროცესშია, რის შემდეგაც რამდენიმე საავადმყოფოში, რომლებსაც უკვე აქვთ კონტაქტი ახალგაზრდებთან, მოხდება მათი გამოგონების უშუალოდ მკურნალობისას გამოყენება და დაკვირვება,  ,,დოქტრინა“ კი წარმატებებს უსურვებს მათ და ელის სასიამოვნო სიახლეებს მათგან!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

საქართველოში 14 ახალი ფაბლაბი გაიხსნა

პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისში“ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა.

აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ ფაბლაბებიდან, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა.

პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური). აღნიშნული ლაბორატორიები  საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრი გახდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების   კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის  უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ, საქართველოში, საერთო ჯამში, 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ, მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში,  ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით, მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.

 

წყარო: http://economy.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 33 34 35 36 37
Page 35 of 37