close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

“AI კაცობრიობას მოსპობს?” — ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული 3 ყველაზე დიდი შიში

“AI ისეთივე საშიშია, როგორიც ბირთვული ომი ან გლობალური პანდემია”, — ვკითხულობთ Center for AI Safety (CAIS)-ს უახლეს გაფრთხილებაში. მოსაზრებას მხარს უჭერენ ინდუსტრიის მოწინავე აქტორები, მათ შორის, სემ ალთმანი, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI-ს ხელმძღვანელი.

ამ თვეში უკვე არაერთი მსგავსი გაფრთხილება გამოქვეყნდა. ზოგიერთი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე კაცობრიობას გადაასწრებს, ზოგიერთი კი მის რეგულირებას ითხოვს.

ამ სტატიაში შეგიძლიათ, გაეცნოთ AI-სთან დაკავშირებულ 3 მთავარ შიშს და დაფიქრდეთ, რამდენად საფუძვლიანია თითოეული მათგანი.

1. AI კაცობრიობას მოსპობს

როცა საქმე ხელოვნური ინტელექტისადმი შიშს ეხება, ადამიანების უმრავლესობას პირველი სწორედ კაცობრიობის გადაშენების საკითხი აწუხებს.

ChatGPT-ს გამოშვებასთან ერთად, ინტერნეტ-მომხმარებლები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი AI სისტემები ცნობიერი არაა, ისინი იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის განცდა დაგვიტოვოს.

თუმცა, როცა ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების საკითხზე ვსაუბრობთ, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ თანამედროვე AI სისტემებმა ცნობიერების გარკვეულ დონეს უკვე მიაღწია.

ექსპერტები ხაზს უსვამენ კიდევ უფრო ახლო და საჭირბოროტო საკითხსაც, კერძოდ, AI-ს სამხედრო სფეროში გამოყენებას, რომელიც უკვე დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

დევიდ კრუგერის, AI-ს ექსპერტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აზრით, ავტონომიური იარაღებით გაწეულმა სამხედრო კონკურენციამ, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი შეიწიროს. მეტიც, თუკი AI მწყობრიდან გამოვა და ომის მეთაურები მასზე კონტროლს დაკარგავენ, შედეგი შეიძლება მთელი კაცობრიობის განადგურება აღმოჩნდეს.

2. AI მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს

მეორე ყველაზე პოპულარული შიში უმუშევრობას უკავშირდება.

ChatGPT-ს, Midjourney-სა და სხვა AI სისტემების ბაზარზე შემოსვლით, უკვე ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ დღესაც მათ სამუშაო ადგილს დაიკავებს.

აბჰიშეკ გუპტას, Montreal AI Ethics Institute-ის დამფუძნებლი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიზეზით სამუშაოს დაკარგვის პერსპექტივა ყველაზე “რეალისტური, დაუყოვნებელი და, შესაძლოა, მწვავე” ეგზისტენციალური საფრთხეა.

სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა უკვე დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის “დასაქმების” განხილვა. მაგალითად, IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია შეამცირებს იმ კადრების დაქირავებას, რომლებიც შეიძლება ჩანაცვლდეს AI-თ.

“ოთხი-ხუთი წლის წინ არავინ გააკეთებდა ამგვარ განცხადებას და, ასეც რომ ყოფილიყო, სერიოზულად ამას არავინ მიიღებდა”, — თქვა გუპტამ IBM-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაზე.

3. მიკერძოებული AI

ექსპერტებმა Insider-ს განუცხადეს, რომ თუკი ხელოვნური ინტელექტის სისტემები ფართო საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისტემურ მიკერძოებას.

გენერაციულ AI სისტემებში, მათ შორის, ChatGPT-ს წინა ვერსიაში, გამოვლინდა მიკერძოების მაგალითები. თუმცა კომპანია OpenAI-მ უკვე მიიღო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Insider-ის მიერ ჩატარებული ტესტებით დასტურდება, რომ გენერაციულ AI მოდელებს შეუძლია საზიანო სტერეოტიპების გავრცელება.

აქედან გამომდინარე, ექსპერტების აზრით, AI-ს საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებად ჩართვა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

AI სისტემების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება. ბაზარზე ChatGPT-ს მსგავსი “ჭკვიანი” ჩეთბოტის გამოჩენამ უკვე ბევრს გაუჩინა ზემოხსენებული შიშები, რაც, გარკვეულწილად, სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

აინშტაინის ყველაზე ცნობილმა თეორიამ უდიდესი ტესტი წარმატებით გაიარა

მათემატიკური გათვლები, რომლებიც ალბერტ აინშტაინმა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა ფიზიკური სამყაროს გრავიტაციული მოქმედების აღსაწერად, ჯერ კიდევ მტკიცე პოზიციებს ინარჩუნებს

ზოგადი ფარდობითობის ამ დრომდე ერთ-ერთ უდიდეს ტესტში, ასტრონომთა უზარმაზარმა ჯგუფმა აღწერა თითქმის ექვსი მილიონი გალაქტიკის გადანაწილება სამყაროს ისტორიის 11 მილიარდ წელიწადზე.

გზა, რომლითაც გრავიტაცია ამ გალაქტიკათა ჯგუფებს ერთად უყრის თავს კოსმოსური აბლაბუდის ძაფების გასწვრივ, თანაც სამყაროს გაფართოების გარეთ მიმართული წევის წინააღმდეგ და გზა, რომლითაც ეს აბლაბუდა დროთა განმავლობაში ვითარდება — ზუსტ შესაბამისობაშია აინშტაინის ცნობილი თეორიის პროგნოზებთან.

ალბათ ეს ზოგადი ფარდობითობის ყველაზე დიდი ტესტია ამ დრომდე ჩატარებულთა შორის, რომელმაც სამყაროს 13,8-მილიარდწლიანი ისტორიის უმეტესი ნაწილი მოიცვა — რაც იმას ნიშნავს, რომ თეორია მოქმედებს როგორც უდიდეს, ისე უმცირეს მასშტაბებზე.

კვლევის შედეგები პუბლიკაციად გამოქვეყნებისთვის საჭირო პროცედურებს გადის, რეცენზირებამდე კი ხელმისაწვდომია სამ დოკუმენტად სერვერზე arXiv.

„ზოგადი ფარდობითობა მზის სისტემის მასშტაბზე საკმაოდ კარგადაა დატესტილი, მაგრამ ასევე საჭირო იყო შეგვემოწმებინა, მუშაობს თუ არა ჩვენი შეხედულებები გაცილებით დიდ მასშტაბზეც. გალაქტიკების წარმოქმნის მაჩვენებლის შესწავლა ჩვენი თეორიების პირდაპირ დატესტვის საშუალებას გვაძლევს და მივადექით იმას, რასაც ზოგადი ფარდობითობა კოსმოლოგიურ მასშტაბებზე პროგნოზირებს“, — ამბობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის კოსმოლოგი პოლინ ზარუკი.

გრავიტაცია სამყაროს მუშაობის ფუნდამენტური გზაა. არ ვიცით, რა არის ის ან საერთოდ რატომ არსებობს; ვიცით მხოლოდ ის, რომ მასის მქონე ობიექტები სხვა ობიექტებს იზიდავენ; რომ მიზიდულობის სიმძლავრე მასის პირდაპირპროპორციულია; და რომ ის მასის გარშემო სივრცე-დროის გეომეტრიას ცვლის.

ის ასევე ერთგვარი წებოს როლს ასრულებს, რომელიც სამყაროს კრავს. ბნელი მატერიის მიერ გამომუშავებული გრავიტაციული ველების დიდი ფილამენტები მთელ სამყაროში აბლაბუდასავითაა დაქსელილი; სამყაროში მატერიის უმეტესი ნაწილი ამ კოსმოსური აბლაბუდის ძაფებისა და კვანძების გასწვრივაა გადანაწილებული.

გრავიტაცია პროგნოზირებადი და გაზომვადია, ამავე დროს, ძალიან კარგადაა აღწერილი და განსაზღვრული ფარდობითობის ზოგადი თეორიით. თუმცა, ამ თეორიაში ხარვეზების პოვნამ შეიძლება ზოგიერთი განსაკუთრებით მწვავე პრობლემა გადაგვაჭრევინოს, მაგალითად, შეურიგებელი განსხვავებები კვანტურ მექანიკასა და კლასიკურ ფიზიკას შორის. ამიტომ, მეცნიერები მას მუდამ ეჩიჩინებიან, რათა გაარკვიონ გამოიყურება თუ არა სამყაროს შიგთავსი ისე, როგორც ამას ზოგადი ფარდობითობა ბრძანებს, რომ ასე უნდა იყოს ყველა მასშტაბზე.

ამას მივყავართ ლოურენს-ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ბნელი ენერგიის ინსტრუმენტ DESI-სთან — უზარმაზარ საერთაშორისო თანამშრომლობასთან, რომელიც ამჟამად დაკვირვებადი სამყაროს რუკაზე დატანაზე მუშაობს; ამან კი უდიდეს საიდუმლოებს უნდა ახადოს ფარდა. ინსტრუმენტი 2019 წლიდან მუშაობს; ახალი შედეგები ეფუძნება ინსტრუმენტის მიერ მხოლოდ პირველ წელს შეგროვებულ მონაცემთა დეტალურ და ფართო ანალიზს.

DESI-ს კოლაბორაციამ ეს მონაცემები 5,7 მილიონი გალაქტიკისა და კვაზარის კატალოგიზაციისთვის გამოიყენა; აღრიცხეს მათი ზრდა, ევოლუცია და გადანაწილება კოსმოსურ აბლაბუდაში 11 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან დღემდე.

კოსმოსური აბლაბუდის ზრდისა და გადანაწილების პროგნოზირებისთვის მათ ფარდობითობის ზოგადი თეორია გამოიყენეს და დაადგინეს, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეპიკურ კოსმოსურ მასშტაბზე ისე იქცევა, როგორც ამას ფარდობითობა ამბობს. დაამატე ცოტა გრავიტაცია ან ცოტა მოაკელი და სამყარო იგივე აღარ იქნება.

შედეგები მიუყვება წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი აკუსტიკური ტალღების კოსმოსური ნარჩენების საფუძველზე გაზომეს; ეს ნარჩენები მაშინ გაიყინა, როცა ის ატომური ნისლი მოსუფთავდა, რომლითაც ადრეული სამყარო იყო სავსე. DESI-ს კოლაბორაციას იმედი აქვს, რომ ამჟამინდელი ძალისხმევა გაგრძელდება და ნათელს მოჰფენს სამყაროს ევოლუციას და თავის მხრივ, მის მმართველ იდუმალ ძალებს.

„პირველი შემთხვევაა, როცა DESI კოსმოსური სტრუქტურის ზრდას დააკვირდა. გამოვავლინეთ უზარმაზარი ახალი უნარი მოდიფიცირებული გრავიტაციის შესწავლისა და ბნელი ენერგიის მოდელებზე შეზღუდვების გაუმჯობესებისა. ეს ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ფიზიკოსი დრაგან ჰატერერი.

შედეგები ასევე აწესებს შეზღუდვებს ნეიტრინოს მასის ზედა ზღვარზე — ნაწილაკის, რომელიც იმდენად „აჩრდილისებრია“, რომ მისი ზუსტი მასის დადგენა არ შეგვიძლია.

კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. მეცნიერები ამჟამად DESI-ს მიერ პირველი სამი წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს სწავლობენ. მას შემდეგ, რაც ინსტრუმენტი ოპერირებას დაასრულებს, შეგროვებული ექნება მონაცემები 40 მილიონზე მეტი გალაქტიკისა და კვაზარის შესახებ.

ყველაზე დიდ იმედებს შორის არის ისიც, რომ გაირკვევა ბნელი მატერიის ბუნება — იდუმალი, უხილავი რაღაცის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს ჭარბ გრავიტაციაზე; და ასევე დაადგენს ბნელი ენერგიის ბუნებასაც — იდუმალი, უხილავი რაღაცის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს აჩქარებად გაფართოებაზე.

„ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, ბნელი ენერგია კი 70 პროცენტს და არ ვიცით, რეალურად რა არის ან ერთი და ან მეორე. იდეა, რომ შეგვიძლია სამყაროს სურათის შეკვრა და ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის პოვნა — უბრალოდ ამაღელვებელია“, — ამბობს ლოურენს-ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი მარკ მოსი.

ჯგუფის პუბლიკაციები ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია newscenter.lbl.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოთამაში შექმნა

 ონლაინ სივრცეში Minecraft-ის ტიპის ახალი ვიდეოთამაში გამოჩნდა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შექმნა. მას Oasis ეწოდება.

AI-ის მიერ გენერირებულ ვიდეოთამაშში მომხმარებელი სამგანზომილებიან გარემოში გადაადგილდება, რომელშიც ბლოკები, მოსაპოვებელი რესურსები და ობიექტების შესაქმნელი მასალებია თავმოყრილი. ფაქტობრივად, მოთამაშე Minecraft-ის მაგვარ სივრცეში ხვდება.

გამოსახულებაზე ნაჩვენები შორეული 3D ლანდშაფტი ცვალებადია და როცა ვუახლოვდებით, სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ხედებში გადაიზრდება. Oasis-ში რამდენიმე ტიპის გარემოა, რომელთაგანაც სასურველს თავად ირჩევ. ასევე, მომხმარებელს შეუძლია, საწყისი გამოსახულება ატვირთოს, მაგრამ ყველაფერი თამაშის მსვლელობისას, ქმედებების შესაბამისად, იცვლება.

 

 

ვიდეოთამაში Decart-სა და Etched-ის მიერაა შექმნილი. დასაწყისში ეკრანზე ეწერება: “ახლა უნიკალურ ვიდეო მოდელში შეხვალ, თამაშის პროგრამაში, რომელიც თამაშის პროცესის მილიონობით საათზეა გაწვრთნილი. შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ირგვლივ არსებული გარემოს რეალურ დროში შეცვლის”.

მოდელის სათანადოდ გაწვრთნამ თამაში დახვეწა და მასში ესა თუ ის ქმედება გახადა შესაძლებელი, როგორიცაა ახტომა, რაიმე ნივთის აღება, ბლოკების დამტვრევა და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ გამოსახულებები ცვალებადია და სხვა მოთამაშეთა გამოცდილებებს ეფუძნება, შესაძლოა, უცებ მომხმარებლის წინაშე რაიმე ობიექტი გაჩნდეს (როგორც იმ მომხმარებლების ეკრანზე ჩნდებოდა მსგავს გარემოში).

ამ მხრივ Oasis შედარებით გასაუმჯობესებელია, ვიდრე Minecraft და სხვა მსგავსი თამაშები, მაგრამ ცდად, თუნდაც მხოლოდ ინტერესის გამო, მაინც ღირს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, ვიდეოთამაშებში რევოლუცია მოახდინოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს

მეცნიერები ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ინტერფეისებზე აქტიურად მუშაობენ. ესაა ჩიპი, რომელიც ტვინში წარმოქმნილ ელექტრულ იმპულსებს აფიქსირებს და შიფრავს. მსგავსი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს და ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს.

სპეციალისტები ტვინის იმპლანტებს უკვე ადამიანებზე ცდიან. მათ შორისაა ილონ მასკის კომპანია Neuralink, რომლის პაციენტიც ლეპტოპში ჭადრაკსა და Mario Kart-ს “ტელეპათიურად” თამაშობს.

ეს ტექნოლოგია იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მეტყველება არ შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ფიქრის სიტყვებად გარდაქმნა მარტივი ნამდვილად არაა. პაციენტებმა უნდა წარმოიდგინონ, როგორ ამბობენ კონკრეტულ სიტყვას, რის შედეგადაც ტვინში სპეციფიკური სიგნალი წარმოიქმნება, რომელსაც სისტემა იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე მის იდენტიფიცირებას ახერხებს.

ჯერჯერობით 100%-იანი სიზუსტე მიღწეული არაა, მაგრამ ახალმა ინტერფეისმა იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. ის კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს და 2 პაციენტ კაცზე გამოცადეს, რომელთაც ოთხივე კიდურის დამბლა აქვთ. ერთი 33 წლისაა, მეორე კი — 39-ის.

სპეციალისტებმა მიკროელექტროდები მათ ტვინში ჩანერგეს, კერძოდ სომატოსენსორულ ქერქსა და სუპრამარგინალურ ხვეულში, რომელიც აქამდე მსგავს კვლევებში არ ჩაურთავთ. ინტერფეისი 6 სიტყვაზე გაწვრთნეს — “ფრონტი”, “კოვბოი”, “პითონი”, “კოვზი”, “ცურვა” და “ტელეფონი”. ასევე, 2 გამოგონილ სიტყვაზე, რომლებიც ინგლისურად ასე ჟღერს: ““nifzig” და “bindip”. მიზანი იმის გარკვევა იყო, საჭიროა თუ არა სიტყვას ჰქონდეს შინაარსი, რათა სისტემამ ეფექტიანად იმუშაოს.

ცდისპირებს თითოეულ სიტყვას ეკრანზე უჩვენებდნენ ან თავად უმეორებდნენ, შემდეგ კი სთხოვდნენ, 15 წამის განმავლობაში წარმოედგინათ, როგორ ამბობდნენ მას. შედეგად, მკვლევრებმა ინტერფეისის მეშვეობით რეალურ დროში სიტყვების გაშიფვრა შეძლეს. ერთი პაციენტის შემთხვევაში სიზუსტე 79% იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვოკალიზებული სიტყვების გაშიფვრის ცდებისას მცირედით ჩამოუვარდება. მეორე ინდივიდის შემთხვევაში 23%-იანი სიზუსტე დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის დასახვეწად საჭიროა, ის უფრო მეტ ადამიანზე გამოიცადოს და სიტყვების რაოდენობაც გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ამ კვლევამ ცხადყო, რომ სუპრამარგინალური ხვეული კარგი სამიზნე რეგიონია, რაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ჯეფრი ჰინტონი: უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანზე ჭკვიანი გახდეს

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანზე ჭკვიანი გახდეს, – აღნიშნული განცხადება ხელოვნური ინტელექტის ნათლიად წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა გააკეთა.

მან კომპანია „გუგლში“ დაკავებული თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით საქმიანობას ნანობს, რადგან ამჟამინდელი ჩათბოტები უკვე აშინებს.

ჰინტონის თქმით, ხელოვნური ინტელექტი მალე იმაზე მეტი ინფორმაციის გადამუშავებას შეძლებს, ვიდრე ეს ადამიანის ტვინს შეუძლია, რაც შესაძლოა, ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენონ.

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო

ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი ფიქრობს იმაზე, ვცხოვრობთ თუ არა სიმულირებულ სამყაროში. და, აი, ახლა პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერი მელვინ ვოპსონი თვლის, რომ მას ამის მტკიცებულებები აქვს.

მის მიერვე ჩამოყალიბებული ინფოდინამიკის მეორე კანონის გამოყენებით, ვოპსონი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში საინფორმაციო სისტემებში ენტროპიის შემცირებამ შეიძლება დაამტკიცოს, რომ სამყაროს “მონაცემთა ოპტიმიზაცია და შეკუმშვა” აქვს ჩაშენებული, ეს კი რეალობის ციფრულ ბუნებაზე მეტყველებს.

1999 წელს გადაღებულ ფილმში The Matrix, ტომას ანდერსონს (იგივე ნეო) “აღმოაჩენინებენ”, რომ მისი სამყარო სიმულაციაა. ნეოსგან განსხვავებით ვოპსონისთვის ეს არავის უთქვამს, ის აქამდე მეცნიერების გამოყენებით მისვლას ცდილობს.

“ფიზიკაში არსებობს კანონები, რომლებიც მართავს ყველაფერს, მაგალითად, როგორ მოძრაობენ ობიექტები, როგორ მიედინება ენერგია და ა.შ. ყველაფერი დაფუძნებულია ფიზიკის კანონებზე. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თერმოდინამიკის მეორე კანონია, რომლის მიხედვითაც ენტროპია მხოლოდ იზრდება, ან იგივე რჩება, მაგრამ არასდროს მცირდება”, — ამბობს ვოპსონი.

ამ ცნობილ კანონზე დაყრდნობით, ვოპსონი ელოდა, რომ ენტროპია საინფორმაციო სისტემებში — რომელიც მისმა წინა კვლევამ განსაზღვრა, როგორც “მატერიის მეხუთე მდგომარეობა” — ანალოგიურად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, ის რჩება მუდმივი, ან თუნდაც მცირდება მინიმალურ მნიშვნელობამდე. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, რომელმაც შთააგონა ვოპსონს მიეღო ინფორმაციის დინამიკის მეორე კანონი (ინფოდინამიკა).

“ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება სითბოს დაკარგვის ან მომატების გარეშე, რაც მოითხოვს სამყაროს მთლიანი ენტროპიის მუდმივობას. თუმცა, ჩვენ ასევე ვიცით თერმოდინამიკიდან, რომ ენტროპია ყოველთვის იზრდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უნდა არსებობდეს სხვა ენტროპია — ინფორმაციული ენტროპია ზრდის დასაბალანსებლად”, — აღნიშნა ვოპსონმა.

ვოპსონი ამტკიცებს, რომ ეს კანონი როლს თამაშობს ატომურ ფიზიკაში (ელექტრონების განლაგება), კოსმოლოგიაში და ბიოლოგიურ სისტემებში. ვოპსონი განსაკუთრებით ხაზს სწორედ ბიოლოგიაზე უსვამს. ჩარლზ დარვინის იდეის საწინააღმდეგოდ, რომ მუტაციები შემთხვევით ხდება, მუტაციები რეალურად ხდება ისე, რომ ინფორმაციის ენტროპია მინიმუმამდეა დაყვანილი. ვოპსონმა გააანალიზა SARS-CoV-2 ვირუსის მუტაცია და ამით უნიკალური კორელაცია აჩვენა ინფორმაციასა და გენეტიკური მუტაციების დინამიკას შორის.

სად მივყავართ ამ ყველაფერს? ვოსპონის შეფასებით, ინფოდინამიკის მეორე კანონი შეიძლება გამოვიყენოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ნამდვილად სიმულაციაში ვცხოვრობთ.

“თუ ჩვენი რთული სამყარო მართლაც სიმულაციაა, საჭირო იქნება მონაცემთა ჩაშენებული ოპტიმიზაცია და შეკუმშვა, რათა შემცირდეს გამოთვლითი სიმძლავრე და მონაცემთა შენახვის მოთხოვნები. სწორედ ეს ხდება ჩვენს გარშემო, მათ შორის ციფრულ მონაცემებში, ბიოლოგიურ სისტემებში, მათემატიკურ სიმეტრიებსა და მთელ სამყაროში”, — უთხრა ვოპსონმა The Conversation-ს.

ყველა ეს ვარაუდი, მათ შორის ვოპსონის ინფოდინამიკის კანონი შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს. ამ ეტაპზე ერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ ვოპსონის დაკვირვებები საინტერესოა და თუ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი ამას დრო გვიჩვენებს. . . ნეო, გაიღვიძე!

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს “ტელეპათიურად” ამოძრავებს

ჩინეთმა წარადგინა ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისი, რომელიც მაიმუნს ჩაუნერგეს. პეკინში ახლახან გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმზე ნაჩვენებ სადემონსტრაციო ვიდეოში აღბეჭდილი იყო, როგორ აკონტროლებს ეს ცხოველი მექანიკურ ხელს გონების ძალით, “ტელეპათიურად”.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალებამ Xinhua გაავრცელა. ადგილობრივი ნეიროტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ახალი ჩიპი შექმნა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი Beijing Xinzhida Neurotechnology-ა. მათ ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისს NeuCyber Array BMI ეწოდება.

ღონისძიებაზე ამ კომპანიისთვის მოწყობილ კუთხეში საზოგადოებას ახალი სისტემა წარუდგინეს. ეკრანზე ნაჩვენები იყო მაიმუნი, რომელიც ტვინში ჩანერგილი ელექტროდების დახმარებით ოდნავ მოშორებით დადგმულ მექანიკური ხელს დისტანციურად ამოძრავებს და მარწყვს იღებს.

ფოტო: Xinhua

დამთვალიერებლებს აღნიშნულ სივრცეში სწორედ ამ ექსპერიმენტული მოწყობილობის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად, იქ არა ნამდვილი მაიმუნი, არამედ სათამაშო იყო მოთავსებული.

ჩინეთში არსებულ ტვინის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ახალი ინტერფეისი ნეირონებში წარმოქმნილ ელექტრულ სიგნალებში უმნიშვნელო ცვლილებებს აფიქსირებს. ის შემდეგ ამ იმპულსებს შიფრავს და მათ რეალურ ქმედებად გარდაქმნის.

იმავე პრინციპით მუშაობს ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ჩიპიც, რომელიც ადამიანს ტვინში უკვე ჩაუნერგეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ეს პაციენტი კომპიუტერში ჭადრაკსა და Mario Kart-ს სწორედ ინტერფეისის მეშვეობით თამაშობს ისე, რომ ამისთვის ხელების გამოყენება არ სჭირდება.

ამგვარი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ამის მიუხედავად, იმ მაიმუნებისთვის, რომლებზეც Neuralink-მა საკუთარი ტექნოლოგია გამოცადა, ყველაფერი ასე კარგად არ დასრულებულა.

საქმე ისაა, რომ 2022 წლის მონაცემებით, ამ ექსპერიმენტებს 1500-ზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მაიმუნებიც, რომელთა 21%-იც მოწყობილობასთან შეუგუებლობას შეეწირა.

გაიზიარებს თუ არა მათ ბედს ჩინური კომპანიის ცდისპირი მაიმუნიც, მომავალი გვიჩვენებს.

წყარო : on.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

შექმნეს რობოტი, რომელსაც დანტისტის ჩანაცვლება შეუძლია

რობოტების მწარმოებელი კომპანია Perceptive აცხადებს, რომ მათმა რობოტმა სრულად ავტონომიური სტომატოლოგიური პროცედურა შეასრულა. ეს ასეთი პირველი შემთხვევაა, რაც სტომატოლოგიაში ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

Perceptive, რობოტის მიღმა მყოფი კომპანია, ამტკიცებს, რომ მის სისტემას შეუძლია რუტინული პროცედურებისთვის საჭირო დროის დაზოგვა. რობოტს, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, კბილის გვირგვინის შეცვლა სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია. ითვლება, რომ სტომატოლოგს ამისთვის ორი საათი სჭირდება.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, კომპანიამ მონაცემები სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (DFA) უნდა წარუდგინოს. Perceptive-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ პროცედურას მთლიანობაში ხუთი წელი დასჭირდება.

მიუხედავად ამისა, კომპანიაში ტესტირების შედეგებით კმაყოფილები არიან და მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.

“მოხარულები ვართ, რომ წარმატებით შევიმუშავეთ მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზირებული სტომატოლოგი რობოტი. ჩვენი რობოტი გაამარტივებს სტომატოლოგიურ პროცედურებს და შესაბამის ეფექტიანობას”, — აღნიშნულია პრესრელიზში.

რობოტული სისტემა იყენებს 3D სკანერს, რომელიც იღებს დეტალურ 3D სურათებს ღრძილების ქვეშ. უკვე ამის შემდეგ საქმეში ხელოვნური ინტელექტი ერთვება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს.

ცნობისთვის, Perceptive-მა მოიპოვა მნიშვნელოვანი, 30 მილიონი დოლარის დაფინანსება. კომპანიის დამფინანსებლებიდან ერთ-ერთი მარკ ზაკერბერგია.

რობოტულმა ქირურგიამ წლების განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და დარგის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნური ინტელექტი კომპლექსური ოპერაციების ჩატარებას შეძლებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ მკვლევრებმა ხელოვნურ ენა შექმნეს, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ხელოვნურ ენას ბაქტერიების აღმოჩენისთანავე მათი განადგურება შეუძლია.

ენა ქიმიურ სენსორებს იყენებს და აქედან თითოეული სენსორი განსხვავებულად რეაგირებს.

ყველა სენსორისგან მიღებული მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება დადგინდეს, თუ რა სახის ბაქტერიებთან გვაქვს საქმე.

ბაქტერიული ინფექციები სახიფათოა

ბაქტერიული ინფექციები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზია.

დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. სტომატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა კარიესი და პაროდონტიტი, ასევე მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და იწვევს სისტემურ დაავადებებს.

მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ბაქტერიების აღმოჩენისა და განადგურების გაადვილებაზე. ეს იმიტომ, რომ ბაქტერიების ტრადიციული გამოვლენის ტექნიკა კომპლექსურ კვლევებს საჭიროებს და შესაბამისად, რთულია.

როგორ მუშაობს ხელოვნური ენა

როდესაც სტომატოლოგი ფიქრობს, რომ ბაქტერია სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ღრუს ან ღრძილების დაავადება, უნდა გაირკვეს რომელი ბაქტერიაა დამნაშავე.

ეს ბაქტერიების ლაბორატორიაში დათესვას მოითხოვს. არის კიდევ ერთი საშუალება, რა დროსაც უშუალოდ პირის ღრუში იკვლევენ ბაქტერიების სპეციფიკურ ნიშნებს. თუმცა, არცერთია მარტივი, ამიტომ მკვლევრებს უფრო მარტივი გზის გამონახვა სურდათ.

მათ სურდათ შეექმნათ სენსორების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების ერთდროულად გამოვლენას შეძლებდა.

მკვლევრებმა ამისთვის პაწაწინა ნაწილაკები, ნანოზიმები გამოიყენეს. ნანოზიმი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფერმენტი. როდესაც ნანოზიმებს სპეციალური სითხე და ფერის შემცვლელი საღებავი დაამატეს, ნანოზიმებმა სითხე ლურჯად აქციეს.

თუმცა, თუ ბაქტერია ნანოზიმების დნმ-ს დაფარავდა, სითხე ლურჯი აღარ ხდებოდა. შესაბამისად, ნანოზიმების სხვადასხვა ტიპის დნმ-ით დაფარვამ ბაქტერიების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი. რაც მთავარია, სხვადასხვა ტიპის ბაქტერია განსხვავებულ ფერს იძლევა.

მკვლევრებმა ეს სისტემა პირის ღრუს 11 ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. კვლევამ წარმატებით ჩაიარა და მკვლევრებმა ბაქტერიების დაფიქსირებასთან ერთად, მათი ტიპებიც გაარჩიეს.

რაც შეეხება ბაქტერიების განადგურებას: მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ნანოზიმების ბაქტერიების შემცველ ხსნარებში დამატება სამი გავრცელებული ტიპის ბაქტერიას ანადგურებს.

როდესაც მკვლევრებმა ბაქტერიები მძლავრი მიკროსკოპის გამოყენებით შეისწავლეს, დაინახეს, რომ ნანოზიმებმა დააზიანა მათი გარე შრეები. ეს ნიშნავს, რომ ახლად შემუშავებული სისტემა გამოსადეგია როგორც ბაქტერიების მიერ გამოწვეული სტომატოლოგოიური პრობლემების აღმოსაჩენად, ისე ამ ბაქტერიების გასანადგურებლად.

ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ მოთავსდება ხელოვნური ენა პირის ღრუში, მაგრამ ამ ინოვაციას ბევრი პრობლემის გადაჭრის პოტენციალი აქვს.

კვლევა ჟურნალ ACS Applied Materials & Interfaces-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Science Advances: მეცნიერებმა ტერაქტების პროგნოზირების ალგორითმი შექმნეს

მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.

„ყოველწლიური ტერაქტების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცება. მხოლოდ ღია წვდომაში არსებული მონაცემების გამოყენებით ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელსაც ტერაქტების უმეტესობის წინასწარმეტყველება შეუძლია“, – აცხადებენ მეცნიერები.

ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანდრე პიტონი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც 2003-2016 წლებში სხვადასხვა დაჯგუფების მიერ მოწყობილ ტერაქტებს ეხებოდა. სხვადასხვა ალგორითმის საშუალებით ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად მათემატიკოსებმა სცადეს ეპოვათ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ტერორისტების მომდევნო თავდასხმების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი.

კვლევამ აჩვენა, რომ ალგორითმებს ნამდვილად შეუძლიათ მსგავსი პროგნოზების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ეხება ადგილმდებარეობას, სადაც ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ალგორითმები ტერაქტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყოველი მეორე თავდასხმის წინასწარმეტყველებას ახერხებენ.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ საკითხს, თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება ამა თუ იმ ვებგვერდების მომხმარებლების ხასიათისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

მაგალითად, ოთხი წლის წინ ამერიკელმა სოციოლოგებმა შექმნეს სისტემა, რომელიც წყვილის Facebook-პოსტების ანალიზის საფუძველზე განქორწინების ალბათობას ადგენს.

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 89
Page 3 of 89